ხოსე ანტონიო რეიესი – 1983-2019

დილით, სევილიასთან მომხდარ ავტოავარიას ახლო წარსულის ერთ-ერთი საუკეთესო ესპანელი ნახევარმცველი ხოსე ანტონიო რეიესი შეეწირა.

პოლიციის ინფორმაციით ავტომობილი გზიდან გადავარდა, დაიმტვრა და დაიწვა. ხოსე ანტონიო რეიესი 35 წლის გახლდათ. მასთან ერთად დაიღუპნენ მისი ბიძაშვილები ხონათან რეიესი და ხუან მანუელ კალდერონი.

„უარეს ამბავს ვერც გამცნობდით: ხოსე ანტონიო რეიესი აღარ არის“ – საფეხბურთო კლუბ სევილიის მიერ გავრცელებული ეს წინადადება ყველა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას და რეიესის ყოფილ კლუბებს, მათ შორის სევილიას, მადრიდის რეალს, ატლეტიკოს და ლონდონის არსენალს მთელი მსოფლიო უთანაგრძნობს.

უეფამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთელის ოჯახს მიუსამძიმრა და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე დაადასტურა, რომ ტოტენჰემ ჰოთსფურის და ლივერპულის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება.

ხოსე ანტონიო რეიესი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო და ამიტომაც შეძლო 16 წლის ასაკში სევილიის პირველ გუნდში თამაში. ეს 1999 წელს მოხდა.

2004 წლის იანვარში, ზამთრის სატრანსფერო სეზონში ლონდონის არსენალმა 17 მილიონი გირვანქა გადაუხადა სევილიას და 20 წლის ნახევარმცველი თავისთან წაიყვანა. არსენ ვენგერის გუნდმა ის ჩემპიონატი წაუგებლად მოიგო, რეიესი კი პრემიერლიგის პირველი ესპანელი გამარჯვებული გახდა. რამდენიმე თვეში მან ინგლისის სუპერთასიც აღმართა.

2006-07 წლების სეზონი რეიესმა მადრიდის რეალში გაატარა, სადაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ კი მადრიდის ატლეტიკოში გადაინაცვლა და 2010 და 2012 წლებში უეფას ევროპალიგის თასები აღმართა.

2012 წლის ზაფხულში, სევილიაში გადასულმა მომდევნო წლებში კიდევ 3-ჯერ ჩაიბარა ეს ჯილდო და ტურნირის ისტორიაშიც შეაბიჯა – პირველი და დღემდე ერთადერთია, რომელმაც უეფას თასი/ევროპალიგა 5-ჯერ მოიგო.

2015 წლის აგვისტოში თბილისშიც ითამაშა ევროპის სუპერთასისთვის. მისი სევილია ბარსელონასთან 4:5 დამარცხდა, რეიესმა კი, ვინც იმ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი გახლდათ, 57-ე წუთზე გოლი გაიტანა.

იანვარში სეგუნდადივიზიონის ესტრემადურაში გამოჩნდა რამდენიმე შეხვედრაში, რამდენიმე დღის წინ ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობით კი ივლისიდან უნაი ემერის ერთ-ერთი თანაშემწე უნდა გამხდარიყო არსენალში.

ხოსე ანტონიო რეიესს მეუღლე და 3 შვილი დარჩა.

წელს ეს უკვე მეორე ტრაგედიაა, რომელმაც ფეხბურთის მოყვარულები შეძრა: 21 იანვარს ავიაკატასტროფას შეეწირა 28 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ემილიანო სალა, რომლის თვითმფრინავი ინგლისის ნაპირებთან ჩაიძირა. საფრანგეთის ნანტის ფორვარდი ბრიტანეთში კარდიფ სიტისთან კონტრაქტის გასაფორმებლად მიდიოდა…

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 1 ივნისი)

ka_GEGeorgian