ჟოზე მოურინიუ, ლორან ბლანი და სხვა ნუგეშისცემულები

კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციებით ჟოზე მოურინიუ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გამდიდრებული მწვრთნელია.
ინგლისში მას 3-ჯერ დაატოვებინეს თანამდებობა ხელშეკრულების ამოწურვამდე, სანაცვლოდ კი არც მეტი, არც ნაკლები – 48,8 მილიონი გირვანქით შეუვსეს საბანკო ანგარიში!
სულ ბოლო შემთხვევა კარგად გემახსოვრებათ: დეკემბერში, როცა მანჩესტერ იუნაიტედმა დაითხოვა, პორტუგალიელს 22,5 მილიონი გირვანქა გადაუხადა!

 

მოურინიო ერთადერთია, რომელმაც კომპენსაციის სახით 20 მილიონზე მეტი მიიღო. ყველაზე სარფიანად ნუგეშისცემულთა შორის კი მეორე ადგილზე… კვლავ პორტუგალიელია: 2007 წლის სექტემბერში, როცა ჩელსის მფლობელმა, რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა მოურინიუს ახირებები ვერ აიტანა და კონტრაქტი გაუწყვიტა, 18 მილიონი გირვანქაც გააყოლა!

ამ თანხასთან შედარებით სტემფორდ ბრიჯიდან მეორე აბარგებისას, 2015 წელს მიღებული კომპენსაცია – 8,3 მილიონი გირვანქა – სახსენებლადაც არ ღირს.

გუნდიდან ვადაზე ადრე წასვლით, მოურინიუს შემდეგ ყველაზე ძალიან ლორან ბლანმა იხეირა.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მცველს პარი სენ-ჟერმენმა 2012 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უხმო. 2016 წლის იანვარში, ზედიზედ მოგებული 3 საჩემპიონო ტიტულის შემდეგ, პსჟ-მ მწვრთნელს ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარუმატებლობის შემდეგ კარისკენ მიუთითა. ბლანს ბევრი არ უკამათია – პსჟ-მ ის 17 მილიონი გირვანქა სტერლინგით „დაამშვიდა“.

12,6 მილიონი გირვანქა – ამდენი გადაუხადა ჩელსიმ ბრაზილიელ ლუიშ ფელიპე სკოლარის. ლონდონელებმა ის 2009 წლის დასაწყისში დაითხოვეს, არადა 2008-ის ზაფხულში ანდეს გუნდი.

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის მომგებმა მწვრთნელმა ჩელსის შემდეგ უამრავ გუნდში იმუშავა, მათ შორის სელესაოში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისას, შარშან კი პალმეირასთან ერთად ბრაზილიის ჩემპიონატი მოიგო.

12 მილიონი გირვანქა მიიღო ჩელსიდან დათხოვნილმა მეორე პორტუგალიელმა ანდრე ვილიაშ-ბოაშმა.

ახალგაზრდა მწვრთნელმა ლონდონამდე დაახლოებით მოურინიოსავით იარა: 2011-ის გაზაფხულზე მისმა პორტუმ უეფას ევროპალიგა მოიგო და ჩელსიმაც უმალ მიიწვია. მხარეები 3 წლით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა 2012-ის გაზაფხულზე, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ვილიაშ-ბოაშს ჩელსი დაატოვებინეს.

ის კარგა ხანია „დროებით უმუშევარია“, თუმცა არ იწყენს: მაგალითად, ახლო წარსულში დაკარის რალიშიც მონაწილეობდა.

ხუთეულს ლეგენდარული იტალიელი ფაბიო კაპელო აგვირგვინებს. ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მსვლელობისას ის რუსეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა. გუნდმა შესარჩევი ცუდად დაიწყო და მოსკოვშიც დიდხანს არ უფიქრიათ – იტალიელი დაითხოვეს.

კაპელომ რუსეთის ნაკრებს წარმატებები უსურვა, საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელებს თანამშრომლობისთვის მადლობაც გადაუხადა და წავიდა.

მისი გათავისუფლება რუსებს 11 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ თანხის დიდი ნაწილი რსკ-მა რომან აბრამოვიჩის თანადგომით გაისტუმრა…

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 21 იანვარი)

ka_GEGeorgian