იოზეფ ბლატერი საგურამოში

ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერის ვიზიტი საქართველოში საგურამოს ტექნიკური ცენტრის მონახულებით დაიწყო, რომელიც ფიფას პროექტ გოლის დაფინანსებით აშენდა.

პრეზიდენტი საგურამოს ფიფას პროგრამების ევროპის ქვეყნების კოორდინატორ ევა პასკიესთან, მედია-ოფიცერ ანდრეა ზოლინგერთან და თანაშემწე გი-ფილიპ მეტიუსთან ერთად ეწვია.

საპატიო სტუმრებს სფფის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა, გენერალურმა მდივანმა უჩა უგულავამ, ვიცე-პრეზიდენტებმა გოგი ქავთარაძემ, რევაზ არველაძემ და დიმიტრი რამიშვილმა უმასპინძლეს.

იოზეფ ბლატერმა საგურამოს ტექნიკური ცენტრი დაათვალიერა და ის ხელოვნურსაფარიანი მოედანიც ნახა, რომელიც ფიფას პროექტ გოლ 2ის სახსრებით დაიგო.

ჟურნალისტებთან საუბრისას ფიფას პრეზიდენტმა განაცხადა: „ნანახით აღფრთოვანებული ვარ! კარგია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასეთი ტექნიკური ცენტრი ექნება – ეს უდავოდ წაადგება ქართული ფეხბურთის განვითარებას. მეამაყება, რომ ფიფას თქვენი ქვეყნის საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მოკრძალებული წვლილი შეაქვს“.

საგურამოს ტექნიკური ცენტრის დათვალიერების შემდეგ ფიფას პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სასტუმრო თბილისი მერიოტში პრესკონფერენციაზე უმასპინძლა.

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 11 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian