ჯუდ ბელინგემი ჩინებულია, საუკეთესო კი ჯონ ჩარლზია

ამ სეზონის ორი მთავარი ვარსკვლავი ინგლისელია: ჯუდ ბელინგემი მადრიდის რეალში ბრწყინავს, ჰარი კეინი კი მიუნხენის ბაიერნში. პირველი ლა ლიგის ისტორიას წერს და ალფრედო დი სტეფანოს, კრიშტიანუ რონალდუს და სხვების რეკორდებს ამხობს, ხოლო მეორე ბუნდესლიგის უმაღლეს მიღწევებს უტევს.

მათი შემხედვარე FourFourTwo-მ დეკემბრის ნომრის მთავარ თემად უცხოეთში ჩინებულად მოთამაშე ბრიტანელები შეარჩია. ჟურნალის გარეკანს ჰარი კეინი ამშვენებს – მისი გერმანული თავგადასავალი თორმეტ გვერდზეა გაშლილი, ვეტერანი უელსელი დინ სონდერსი სტამბულსა და ლისაბონში გატარებულ პერიოდს იხსენებს, ქრის უოდლი კი 90-იანი წლების საუკეთესო ფრანგულ კლუბზე, მარსელის ოლიმპიკზე და იქაურ ამბებზე გვიყვება.

არანაკლებ საინტერესოა FourFourTwo-ს ვერსიით უცხოეთში მოთამაშე ყველა დროის საუკეთესო 30 ბრიტანელის სია, რომლის სათავეში ჩემი საყვარელი კლუბის უელსელი ლეგენდა დგას – ჯონ ჩარლზი. სხვათა შორის, ჩამონათვალში მხოლოდ ორი უელსელია და ორივე პირველ-მეორე ადგილზე. ჟურნალისტებმა ჩარლზის შემდეგ გარეთ ბეილი დაასახელეს, რეალში გატარებული ფენომენალური სეზონების, 15 ტიტულის და განსაკუთრებით ჩემპიონთა 5 თასის გამო.

რაც შეეხება ჯონ ჩარლზს, ის იუვენტუსს 1957 წლის ზაფხულში შეუერთდა. ტურინელებმა 65 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს ლიდს იუნაიტედს და ეს იმ დროისთვის ბრიტანული ფეხბურთის სარეკორდო გარიგება იყო.

მომდევნო ხუთ სეზონში ჩარლზმა 179-ჯერ მოირგო შავ-თეთრი მაისური, 105 გოლი გაიტანა და ჯამპიერო ბონიპერტისთან და ენრიკე ომარ სივორისთან ერთად თავდასხმის დიდებული ტრიო შექმნა, რომელსაც კალჩოს ისტორიკოსები დღეს „წმინდა სამკაპად“ მოიხსენიებენ.

სამი სკუდეტო, ორი კოპა იტალია, 1957-1958 წლების სერია ა-ს ბომბარდირის წოდება და მესამე ადგილი ფრანს ფუტბოლის 1959 წლის რეფერენდუმში – ასეთია გოლიათი უელსელის ტურინული მიღწევების ჩამონათვალი. ჩარლზი იმითაცაა ცნობილი, რომ თანაბრად ეფექტურად თამაშობდა როგორც თავდასხმაში, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

2004 წელს, უეფას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უელსის ფეხბურთის ასოციაციამ ჯონ ჩარლზი 1954-2003 წლების ნომერ პირველ მოთამაშედ აღიარა, FourFourTwo-ს რჩეული 30 ბრიტანელის სია კი ასეთია:

1.ჯონ ჩარლზი (უელსი)
2.გარეთ ბეილი (უელსი)
3.კევინ კიგანი (ინგლისი)
4.ქრის უოდლი (ინგლისი)
5.სტივ მაკმანამანი (ინგლისი)
6.გარი ლინეკერი (ინგლისი)
7.გლენ ჰოდლი (ინგლისი)
8.ჯუდ ბელინგემი (ინგლისი)
9.ოუენ ჰარგრივზი (ინგლისი)
10.დევიდ პლატი (ინგლისი)

* * *

11.დევიდ ბექემი (ინგლისი), 12.პოლ ლამბერტი (შოტლანდია), 13.ლორი კანინგემი (ინგლისი), 14.ტრევორ ფრენსისი (ინგლისი), 15.ჯეიდონ სანჩო (ინგლისი), 16.კიერან ტრიპიერი (ინგლისი), 17.ჯონ კოლინზი (შოტლანდია), 18.გრემ სუნესი (შოტლანდია), 19.პოლ ინსი (ინგლისი), 20.გერი ჰიჩენსი (ინგლისი), 21.ტონი ვუდკოკი (ინგლისი), 22.მარკ ჰეიტლი (ინგლისი), 23.ფიკაიო ტომორი (ინგლისი), 24.სტივ არჩიბალდი (შოტლანდია), 25.პოლ გესქოინი (ინგლისი), 26.რეი უილკინსი (ინგლისი), 27.ქრის სმოლინგი (ინგლისი), 28.ეშლი იანგი (ინგლისი), 29.ტამი აბრაჰამი (ინგლისი), 30.ბრედლი რაიტ-ფილიპსი (ინგლისი)

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 7 დეკემბერი
ფოტო:
JuventusFC

ka_GEGeorgian