ძიუდო: ქართველები მსოფლიოზე

6 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ოლიმპიადის წელს მსოფლიო პირველობა არ ტარდება, თუმცა იმის გამო, რომ ტოკიოს თამაშებმა ამ ზაფხულისთვის გადმოიწია, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კალენდარი აღარ შეცვალა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ბუდაპეშტისთვის გუნდი ასე დააკომპლექტა:
60კგ – თემურ ნოზაძე
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი
73კგ – ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი
81კგ – ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე
90კგ – ბექა ღვინიაშვილი
100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ – გელა ზაალიშვილი

გოგონათა შორის საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
52კგ – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი და მარიამ ჯანაშვილი
57კგ – ეთერ ლიპარტელიანი
70კგ – მარიამ ჭანტურია
+78კგ – სოფიო სომხიშვილი

2011 წლიდან დაწყებული ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მუდმივად იგებს მედალს/მედლებს, და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები არც ბუდაპეშტში გაგვაწბილებენ.

საინტერესოა ისიც, შეძლებს თუ არა ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მოგებას.

ქართველ ძიუდოისტთაგან ოლიმპიადა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი, ანუ სამი მთავარი შეჯიბრება ჯერ არავის მოუგია. გუჯეჯიანის გუნდიდან კი ამ უნიკალური ჰეთ-თრიქის შესრულების შანსი მხოლოდ ლაშას აქვს. აქვე ერთსაც დავაკონკრეტებ: 2013 წელს რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე გამარჯვებას ლაშას პირად მიღწევად ვერ ჩავუთვლი.

სხვათა შორის, ევროპირველობის ერთადერთი ინდივიდუალური ოქრო ლაშამ სწორედ ბუდაპეშტში მოიგო და იმედია უნგრეთის დედაქალაქში გაშლილ ტატამზე კვლავ წარმატებით იასპარეზებს.

1965 წელს რიო დე ჟანეიროში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან დაწყებული ქართველებმა ამ ტურნირზე 51 მედალი, მათ შორის 8 ოქრო, 14 ვერცხლი და 29 ბრინჯაო მოიგეს.

51 მსოფლიო მედლით ძიუდო ჩვენ სპორტში მხოლოდ თავისუფალ ჭიდაობას ჩამორჩება, რომლის წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონატებზე 72 მედალი მოიპოვეს. თუმცა სათქმელია რომ მოჭიდავეები გაცილებით ადრე ჩაერთვნენ მსოფლიო ჩემპიონატებში.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატებზე ქართველების ასპარეზობას და საინტერესო ამბებს, 8 ფაქტი გამოვარჩიე:

1: ქართველთაგან მსოფლიოს ჩემპიონი პირველად თემურ ხუბულური გახდა – მან 1979 წელს, პარიზში, 95კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. პარიზული ტრიუმფისთვის ხუბულური წლის მიწურულს ჟურნალისტებმა საქართველოს 1979 წლის ნომერ პირველ სპორტსმენად აღიარეს.
საერთო ჯამში ქართველებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 8 ოქროს მედალი მოიგეს, თუმცა ხუბულური ერთადერთია, რომელმაც ამ ტურნირზე ორჯერ გაიმარჯვა – 1981 წელს, მაასტრიხტში (ნიდერლანდები) კვლავ 95კგ წონით კატეგორიაში იპირველა.

2: ხუბულური საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობდა, აი საქართველოს სახელით კი მსოფლიოს ჩემპიონობა პირველად ირაკლი ცირეკიძემ იზეიმა – 2007 წელს, რიო დე ჟანეიროში, 90კგ წონაში მოიპოვა ოქროს მედალი.

3: 1989 წელს, ჯერ კიდევ ერთიანი იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ამირან ტოტიკაშვილმა (60კგ) და კობა კურტანიძემ (95კგ) გაიმარჯვეს.
ორი ოქროს მედალი ქართველებს მსოფლიო პირველობაზე არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მოუგიათ.

4: მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი – ბრინჯაო, ანზორ კიკნაძემ მოიგო 1965 წელს, რიო დე ჟანეიროში. ის აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ანზორ ქიბროწაშვილთან ერთად. ეს უკანასკნელი რიოში ფინალში გავიდა, მაგრამ დამარცხდა.

5: საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი გიორგი ვაზაგაშვილმა მოიგო – 1993 წელს, კანადის ქალაქ ჰემილტონში, 60კგ წონაში.

6: ქართველებმა მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, 4 მედალი 1989 წელს, ბელგრადში მოიგეს.
საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ჩემპიონობა იზეიმეს ამირან ტოტიკაშვილმა და კობა კურტანიძემ, აკაკი კიბორძალიძე (აბსოლუტური) ფინალში დამარცხდა, ხოლო გიორგი თენაძემ (71კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

7: 1993 წელს, ჰემილტონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე დავით ხახალეიშვილმა ორი მედალი მოიგო: +95კგ წონაში ფინალში დამარცხდა, აბსოლუტურში კი ბრინჯაოს დაეუფლა.
ხახალეიშვილი პირველი ძიუდოკა გახლდათ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატების სამი და ოთხი მედალი მოიპოვა.
მისი ეს შედეგი 2018 წელს ვარლამ ლიპარტელიანმა გააუმჯობესა, როცა მსოფლიო პირველობაზე რიგით მეხუთე მედალი – მესამე ვერცხლი მოიპოვა. ლიპარტელიანის აქტივშია ასევე ორი ბრინჯაო.

8: ლიპარტელიანი ერთადერთია ქართველებიდან, რომელმაც მსოფლიოს ზედიზედ 5 ჩემპიონატზე მოიპოვა მედალი: 2013 – ვერცხლი, 2014 – ბრინჯაო, 2015 – ბრინჯაო, 2017 – ვერცხლი, 2018 – ვერცხლი.
ოლიმპიადის წელსმსოფლიო პირველობა არ ტარდება (მიმდინარე სეზონი გამონაკლისია).
2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე ვარლამი მეორე იყო და შესაბამისად, ის ასევე ერთადერთია ქართული ძიუდოს ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 6 წლის განმავლობაში მოიგო მთავარ ტურნირზე მედალი.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 4 ივნისი)
ფოტო: sport.gov.ge

ka_GEGeorgian