იუვეს ქართული კოშმარი

სერია ა-ს საუკეთესო თავდასხმამ საუკეთესო დაცვა მიწასთან გაასწორა – ამას ვიტყოდი გუშინდელი ნაპოლი-იუვენტუსის თაობაზე. იტალიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა, რომელმაც ნეაპოლში სტუმრობამდე ზედიზედ რვა თამაში მოიგო გოლის გაუშვებლად და სტადიო დიეგო არმანდო მარადონას ჩვიდმეტ ტურში მიღებული შვიდი გოლით ესტუმრა, საათნახევარში ხუთჯერ გამოიტანა ბურთი კარიდან.

კალჩოს სტატისტიკოსებმა ლიდერების დაპირისპირების დასრულებისთანავე გვამცნეს, რომ იუვემ ჩემპიონატში ამდენი გოლი ბოლოს 1993 წლის 30 მაისის შემდეგ პირველად გაუშვა (1:5 პესკარასთან), ხოლო ნაპოლიმ სერია ა-ში შავ-თეთრების კარის ბადე ხუთჯერ 1988 წლის 20 ნოემბრის შემდეგ პირველად შეარხია.

ვოიცეხ შჩესნის კარში გასული ხუთი გოლიდან ჩვენმა ბიჭმა ერთი შეაგდო, კიდევ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და პირველ გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა. და ამ ყველაფრით, მჯერა, უდიდესი სიამოვნება მიანიჭა ტრიბუნებზე შეკრებილ ათიათასობით გულშემატკივარს და მათ შორის იმ ორას ქართველს, მის მხარდასაჭერად რომ ესტუმრნენ სტადიონს.

წუხანდელ მატჩს ძმაკაცებთან, იუვეს ტიფოზებთან ერთად ვუყურე. მატჩის წინ ვამბობდი პირადად ხვიჩას ვგულშემატკივრობ, ნაპოლის არა-მეთქი, მინდა კვარაცხელიამ კარგად ითამაშოს, მშრალი სერიაც დაასრულოს, ოღონდ იუვემ მოიგოს-მეთქი. ამის გამო გვარიანად შემახურეს, თუმცა ხვიჩას გუშინდელი ასპარეზობა მაინც ყველას გაგვეხარდა. სხვა საქმეა, რომ ანგარიშმა ნამეტანი გვატკინა გული.

დილიდან იტალიურ ჟურნალ-გაზეთებს და ინტერნეტ-გამოცემებს ვკითხულობ. იუვეს თავკაცი მასიმილიანო ალეგრი, რომელმაც ზემოხსენებულ 1993 წლის მატჩში უკანასკნელი, მეხუთე გოლი გაუტანა იუვეს, ამბობს, რომ მის გუნდს ენერგია არ ეყო, ჟურნალისტები კი სწორედ მას მიიჩნევენ კატასტროფის მთავარ მიზეზად. თვლიან, რომ მწვრთნელმა საშინელი შეცდომა დაუშვა, როცა სამმცველიანი განლაგება აირჩია და ფედერიკო კიეზას მარჯვენა ფლანგის კონტროლი დაავალა. სხვათა შორის, კიეზას ამ პოზიციაზე 2016 წელს ფიორენტინაში დებიუტის შემდეგ აღარ უთამაშია…

იუვენტუსის კაპიტანი დანილო, ერთ-ერთი ბრაზილიური სამეულიდან, აცხადებს, რომ განადგურების მიუხედავად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა და კლუბი კვლავაც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. მართლა ასეა თუ არა, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, ფაქტი კი ისაა, რომ XXI საუკუნეში იუვენტუსმა ერთ-ერთი საშინელი მატჩი გამართა.

ნაპოლიმ კი საპირისპიროდ, უმაღლესი, თითქმის უნაკლო დონის ფეხბურთი აჩვენა. სწორედ ამიტომაც, გაძეტა დელო სპორტმა მასპინძელთა თავკაცი ლუჩანო სპალეტი 8, ხოლო მისი განადგურებული კოლეგა 4 ქულით შეაფასა.

„დღეს ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. მე მყავს რამდენიმე მოთამაშე, რომელიც როცა სწორად თამაშობს, ნებისმიერ კლუბს უდიდეს პრობლემას შეუქმნის. ეს საოცარი საღამო იყო, რომელიც ნეაპოლელ ტიფოზებს არასდროს დაავიწყდებათ“, – განაცხადა სპალეტიმ თამაშის შემდეგ, აპენინური გამოცემები კი თვლიან, რომ ნაპოლის ზღაპრული გამარჯვება, პირველ რიგში, ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გამოძერწეს.

გაძეტა დელო სპორტი: ოსიმენი – 8,5; კვარაცხელია – 7,5
კორიერე დელო სპორტი: ოსიმენი – 9; კვარაცხელია – 8
ტუტოსპორტი: ოსიმენი – 8; კვარაცხელია – 7,5

ეს სამი ყველაზე პოპულარული იტალიური გამოცემის შეფასებებია და ზედმიწევნით ზუსტად მიგვანიშნებს გუშინდელი თამაშის მთავარ გმირებზე. ანგარიში ხვიჩას იმ ულამაზესი მაკრატელათი რომ გახსნილიყო, მგონი, ოდნავ სხვა სურათი გვექნებოდა, მაგრამ რაც არის, ისიც შთამბეჭდავია – გოლი, ორი საგოლე გადაცემა, დიდებული თამაში და ასეთი შეფასებები ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდთან ნებისმიერ ფეხბურთელს დააკმაყოფილებდა. შედარებისთვის: ტურინელთაგან მხოლოდ ანხელ დი მარიამ მიიღო 6 ქულაზე მეტი – გაძეტა დელო სპორტმა და კორიერე დელო სპორტმა მსოფლიოს ჩემპიონის თამაში 7, ხოლო ტურინში გამომავალმა ტუტოსპორტმა 6,5 ქულით შეაფასეს.

საინტერესოა ხსენებული გამოცემების პირველი გვერდები და თამაშისადმი მიძღვნილი წერილების სათაურები:

გაძეტა დელო სპორტი: იუვენტუსის ისტორიული ნოკაუტი – 1:5. ოსიმენმა და კვარამ ბიანკონერის დაცვა ნაკუწებად აქციეს.
კორიერე დელო სპორტი: რვა მატჩის მოგების შემდეგ იუვე განადგურებულია. ოსიმენი, კვარა, რაჰმანი და ელმასი გადატრიალებისთვის გვამზადებენ.
ტუტოსპორტი: სპექტაკლი ნეაპოლში – იუვეს მორიგი სირცხვილი. ოსიმენმა და კვარამ გაგვამხიარულეს.

ბოლო ორი გაზეთის პირველ გვერდზე ხვიჩას ფოტოა. მე მაინც ტუტოსპორტს გამოვარჩევ, რადგან ტურინული გაზეთისგან უკიდურესად იშვიათია ასეთი ნაბიჯი.

ჯადოსნური ღამე – ასე დაასათაურა ხვიჩამ საკუთარი ფოტო ინსტაგრამზე და იმ წუთისთვის, როცა ამ ტექსტს ვწერდი, მას 385 ათასზე მეტი მოწონება ჰქონდა. გუშინდელი სპექტაკლის შემდეგ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატისტიკა უბრალოდ საოცარია: 20 ოფიციალური მატჩი, 9 გოლი და 10 საგოლე გადაცემა, აქედან 7 ზუსტი დარტყმა და 7 პასი სერია ა-ში! ამ უკანასკნელი მაჩვენებლით კვარა იტალიის ჩემპიონატის ლიდერია ლაციოს სერბ გამთამაშებელ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად.

ერთ კვირაში, 21 იანვარს, ნაპოლი სალერნიტანასთან გასვლითი მატჩით პირველ წრეს დახურავს, მანამდე კი, 17 იანვარს, მესამე ტურნირში ჩაებმება – იტალიის თასის მერვედფინალში კრემონეზეს დაუხვდება.

 

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 14 იანვარი)
ფოტო:
Tuttosport

ka_GEGeorgian