ჯვაროსნების მერვე უცხოელი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გუშინ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გვამცნო – 43 წლის ფრანგი ვილი სანიოლი.
ახლო წარსულში ის ფეხბურთელი გახლდათ, მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობაც სცადა, თუმცა ამ ასპარეზზე დიდად გამოცდილი ნამდვილად არ ეთქმის.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე თვენახევარია დარჩენილი და ამის გათვალისწინებით, კარგია რომ ნაკრები, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ ჩაიბარა. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია დიდი არჩევანის წინაშე არ მდგარა, ასე რომ…
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ ოფიციალურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს სტოკჰოლმში, შვედეთთან.
მართალია ფრანგი ჯერ თბილისშიც არ ჩამოსულა, მაგრამ მასთან დაკავშირებით ეროვნული გუნდის ისტორიიდან 5 ფაქტი მაინც მოვიძიე:
1: ვილი სანიოლი ჩვენი ეროვნული გუნდის მე8 უცხოელი მთავარი მწვრთნელია იოჰან ბოსკამპის (ნიდერლანდები), ივო შუშაკის (ხორვატია), ალენ ჟირესის (საფრანგეთი), კლაუს ტოპმიოლერის (გერმანია), პეტარ სეგრტის (ხორვატია), ექტორ რაულ კუპერის (არგენტინა) და ვლადიმირ ვაისის (სლოვაკეთი) შემდეგ.
2: სანიოლი ჯვაროსნების მე2 ფრანგი თავკაცია ალენ ჟირესის შემდეგ.
ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ევროპის 1984 წლის ჩემპიონი ჟირესი საქართველოს ნაკრებს 2004 წლის გაზაფხულიდან 2005 წლის ივლისამდე წვრთნიდა.
მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 10ჯერ ითამაშა: 2 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება, ბურთები – 11:18.
3: სანიოლი საქართველოს ნაკრების პირველი მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთელობისას თუნდაც ერთხელ დაუპირისპირდა ჩვენ გუნდს.
ევრო 2008ის საკვალიფიკაციო ტურნირში, 2006 წლის 2 სექტემბერს, მისმა საფრანგეთმა, რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი იყო, თბილისში 3:0 გაიმარჯვა.
სანიოლი 29 წლის გახლდათ და იმ დღეს 47ედ ითამაშა ნაკრებში.
4: იმ შემთხვევაში თუ სფფმ ამხანაგური თამაში არ დაგეგმა, ფრანგი სპეციალისტის დებიუტი ოფიციალურ მატჩში შედგება – 25 მარტს სტოკჰოლმში, შვედეთთან, კატარი 2022ის შესარჩევში.
ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორიაში მხოლოდ 4 მწვრთნელის დებიუტი დაემთხვა ოფიციალურ მატჩს.
იოჰან ბოსკამპის ხელმძღვანელობით საქართველო ევრო 2000ის საკვალიფიკაციო ტურნირში, 1999 წლის 30 მაისს ოსლოში 0:1 დამარცხდა ნორვეგიასთან.
ხორვატი ივო შუშაკის ხელმძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელებმა პირველივე მატჩი მოიგეს – 2003 წლის 30 აპრილს თბილისში, 1:0 რუსეთთან ევრო 2004ის შესარჩევში.
იმავე საკვალიფიკაციოში მერაბ ჟორდანიას ნაკრებში გამოჩენა გამარჯვებით დასრულდა – 3:0 ალბანეთთან თბილისში, 2003 წლის 6 სექტემბერს.
2005 წლის ზაფხულში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ალენ ჟირესი დაითხოვა და მის ნაცვლად ნაკრების სათავეში გაიოზ დარსაძე მოვიდა. დარსაძის ხელმძღვანელობით ნაკრებმა პირველივე თამაში მოიგო – მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაში 2005 წლის 17 აგვისტოს, ალმატიში ყაზახეთთან, 2:1.
5: ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით გამართული პირველივე მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში 250ე თამაში იქნება.
1990 წლიდან დღემდე ჩატარებული 249 შეხვედრიდან ჯვაროსნებმა 75 მოიგეს, 54ჯერ ფრედ ითამაშეს, 120 კი წააგეს. ბურთების შეფარდებაც უარყოფითია – 285:351.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 16 თებერვალი)