კაცი, რომელიც გულმა დაინახა
დღეს 3 თებერვალია, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის დაბადების დღე – 1915 წლის 3 თებერვალს, ფოთში, ქართული ფეხბურთის პირველი სუპერვარსკვლავი, ბორის პაიჭაძე დაიბადა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით, 2015 წლის თებერვალში ლეგენდარული თავდამსხმელის 100 წლის იუბილე თბილისსა და ფოთში არაერთი ღონისძიებით აღინიშნა: შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში მშვენიერი საღამო მიეძღვნა ამ დიდებულ მოთამაშეს, ქართული სპორტის მუზეუმმა მისი ოჯახის წევრებს და შთამომავლებს, ასევე ძველი თაობის ქომაგებს უმასპინძლა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კი ახლახანს 93 წლის ასაკში გარდაცვლილი ოთარ გაგუას წიგნი „ბორის პაიჭაძე“ კიდევ ერთხელ დასტამბა და გულშემატკივრებს უსახსოვრა.
მეამაყება, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქართული სპორტის მუზეუმის და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ იმ ღონისძიებებში მეც ვმონაწილეობდი.
ეს წერილიც 6 წლის წინ დავწერე თბილისის დინამოს ოფიციალური საკლუბო ჟურნალისთვის.
* * *
ძალიან მალე 3 თებერვალი გათენდება.
არ ვიცი როგორი დღე იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, კარგი გამოდგება ჩემთვისაც, თქვენთვისაც, საერთოდ ყველასთვის, ვინც გვიყვარს და ვისი დანახვაც გვიხარია.
მე ერთი ვიცი, რომ წლევანდელი 3 თებერვალი გამორჩეული იქნება – 2015 წლის 3 თებერვალს ზუსტად 100 წელი შესრულდება დიდი ქართველი ფეხბურთელის, ბორის პაიჭაძის დაბადებიდან.
ჩვენი დინამოს ისტორია ბორის პაიჭაძის გარეშე წარმოუდგენელია, ქართული ფეხბურთი კი დინამოს გარეშე.
აქედან მარტივი დასკვნაც: 2015 წლის 3 თებერვალი დიდი თარიღია.
ფეხბურთი პატარაობიდან მიყვარს. ლამის 20 წელიწადია მასზე ვწერ, ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო მოგონება კი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ ამ ლეგენდარულ ადამიანს, ბორის პაიჭაძეს უკავშირდება.
სამი დაუვიწყარი შეხვედრა
…80იანი წლების მიწურულს მამამ ნორჩი დინამოელის საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანა – 9 თუ 10 წლის ვიყავი. მე და ჩემს თანატოლებს მამის მეგობარი ფირუზ კანთელაძე გვავარჯიშებდა.
იქ რამდენიმე მოედანი იყო, ჩვენ გვერდით 12-13 წლის ბიჭები ემზადებოდნენ, სულ კიდეში, ლამის მუშტაიდის მატარებლის ლიანდაგთან კი დიდი მწვანე მოედანი მოეწყოთ. ყველა იქ თამაშზე ვოცნებობდით, მაგრამ როგორც წესი, მინდორზე შესასვლელ კარს არავინ გვიღებდა. თქვენთვის ჯერ ადრეაო – გვპასუხობდნენ.
ერთ მშვენიერ დღეს, მორიგი ვარჯიშის შემდეგ, ბიჭებმა ჩანთები მოვიკიდეთ, შავკოპლებიანი ბურთებიც ჩავიხუტეთ და სანამ მშობლები მოგვაკითხავდნენ, საოცნებო მოედნის ღობესთან გავიქეცით. იქ ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, რევაზ ჩელებაძე და კიდევ სხვები თამაშობდნენ, რომლებსაც ვეტერანებს კი ეძახდნენ, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილი ღმერთები იყვნენ!
მალე მათ რამდენიმე კაცი შეუერთდა, მათგან ყველაზე უფროსი კი იმიტომ დამამახსოვრდა, რომ გამორჩეული პატივისცემით ეპყრობოდნენ.
სოლომონოვიჩი – ეს სიტყვა სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში.
ვერ გეტყვით ვინ მოიხსენია ასე ის კაცი. მგონი, ჩვენი სკოლის რომელიღაც მწვრთნელმა.
ასე ვნახე პირველად ბორის პაიჭაძე.
…1989 წლის დეკემბრის პირველ დღეებში სპორტის სასახლეში მიხეილ მესხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა მინი-ფეხბურთში. უამრავი სტუმარი ეწვია თბილისს – გერმანელები, თურქები, ბალტიისპირელები, აზერბაიჯანელები, სომხები… ვეტერანების მატჩებამდე ჩვენ, პატარა ბიჭები ვეჯიბრებოდით ერთმანეთს: ნორჩი დინამოელი, ავაზა, 35ე საფეხბურთო სკოლა…
არ მახსოვს ვის ვხვდებოდით იმ დღეს, სამაგიეროდ, ვერაფერი დამავიწყებს წუთებს, როცა ჩვენი გასახდელის კარი გაიღო და სასაცილო შორტებში გამოწყობილ პატარა ბიჭებთან ბორის პაიჭაძე შემოვიდა! მოგვესალმა, მერე ყველას სათითაოდ ხელი ჩამოგვართვა, შეგვაქო, გამოგველაპარაკა, აბა თქვენ იცით შვილებოო და…
ხომ გსმენიათ, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავიო? ჰოდა, მეც ზუსტად ეს დამემართა: მეგონა, რომ ამ ლეგენდარულ ფეხბურთელს ყველაზე ძალიან ჩემი თამაში მოეწონა, ყველაზე მაგრად მე ჩამომართვა ხელი, სხვებთან შედარებით გამორჩეულად შემაქო…
მოკლედ, ფრთები შემესხა!
იმ დღეს ვეტერანთა ყველა თამაში ვნახეთ და შინ გვიან დავბრუნდით.
ასე შევხვდი მეორედ ბორის პაიჭაძეს.
…1990 წლის 30 მარტს საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა: სახელშეცვლილმა თბილისის დინამომ – იბერიამ, ფოთის კოლხეთი 1913ს უმასპინძლა.
მამაჩემი, ბიძაჩემი, ჩვენი ორი მეზობელი და მე, ამ შემადგენლობით წავედით ისტორიულ მატჩზე. მახსოვს, იმ შეხვედრის თეთრ-ვარდისფერ ბილეთს ეწერა, მისი მფლობელი 2000 წელს უფასოდ დაესწრება საქართველოს ჩემპიონატის გახსნასო…
კარგა ხნით ადრე მივედით სტადიონზე. გზაში ჯერ მამის მეგობარმა შეგვაჩერა, მერე ბიძაჩემის ნაცნობებმა, ჩემი 2-3 თანაგუნდელიც ვნახე…
პატარაობიდანვე მიყვარდა თამაშზე მისულ ფეხბურთელებზე დაკვირვება, მათი შეთვალიერება. იმ დღესაც მამას ვთხოვე და ტრიბუნაზე ასვლამდე გუნდების შესასვლელთან დავდექით.
სწორედ იქ ვნახე ბორის პაიჭაძე მესამედ, თუმცა კი არ ვნახე, დავინახე: დაცვასთან ერთად მისულ ზვიად გამსახურდიას შეეგება. მერე, თამაშის დაწყებამდე, მათ ერთად მიმართეს სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს და ჩვენმა ეროვნულმა ჩემპიონატმაც ათვლა დაიწყო.
* * *
ჩვენი, Vა კლასის დამრიგებელი, რუსული ენის მასწავლებელი ქალბატონი ნაზი ბორის პაიჭაძის ნათესავი და მოგვარე იყო.
გუშინდელივით მახსოვს: 1990 წლის 10 ოქტომბერს, ახალი გაკვეთილის ახსნის და საშინაო დავალების შემოწმების ნაცვლად, ქალბატონი ნაზი მთელი ორი გაკვეთილი მხოლოდ ბატონ ბორისზე გვესაუბრა.
ერთი დღით ადრე, 9 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საუკეთესო მოხეტიალე ფორვარდი
2001 წლის 28 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში რუმინეთს უმასპინძლა.
ორი დღით ადრე, 26 მარტს, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩვენი ფეხბურთის XX საუკუნე შეჯამდა: ჟიურიმ, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები შედიოდნენ, საუკეთესოები დააჯილდოვა.
რჩეულ მეკარედ სერგო კოტრიკაძე აღიარეს, მცველის ნომინაციაში მურთაზ ხურცილავამ გაიმარჯვა, ასწლეულის ნახევარმცველად დავით ყიფიანი დასახელდა, თავდამსხმელის პრიზი მიხეილ მესხის შვილს გადაეცა, საუკუნის კაპიტნად ალექსანდრე ჩივაძე მიიჩნიეს, მწვრთნელად – ნოდარ ახალკაცი…
და ბორის პაიჭაძე?
ის XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით უკვდავჰყვეს!
დღეს უფროსი თაობის გულშემატკივრებშიც კი სანთლით საძებარია ხალხი, ვისაც პაიჭაძის თამაში უხილავს. საბედნიეროდ, წლების წინ ორ მათგანს ვესაუბრე. იცით რა დამამახსოვრდა იმ შეხვედრებიდან ყველაზე მეტად?
როცა საყვარელ ფეხბურთელზე მიამბობდნენ, მას ყოველთვის აღმატებით ხარისხში მოიხსენიებდნენ. მაგალითად, არ თქვეს: „ბორისმა მოსკოვში კარგად ითამაშა“. ამის ნაცვლად: „ბორისი მოსკოვში ბრწყინვალე იყო“! ან „პაიჭაძემ ლამაზი ფინტებით მოატყუა მცველი“ – არა. ასე მითხრეს: „პაიჭაძე ულამაზესი ფინტებით გასცდა მცველებს“!
და, თითქოს პირი შეკრესო, საუბარი ორივემ ერთნაირად დაასრულა: „ბორისი დიდებული იყო, ასეთი ფეხბურთელები, ასეთი კაცები დღეს იშვიათია“!
თუმცა პაიჭაძის ნიჭით მხოლოდ ქომაგები არ იხიბლებოდნენ. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ სიყვითლეშეპარულ საფეხბურთო ჟურნალ-გაზეთებს და წიგნებს გადაფურცლავთ და ჟურნალისტების ან მწვრთნელების ნააზრევს გაეცნობით.
მაგალითად, ჩვენი ფეხბურთის და დინამოს სათავეებთან მდგარმა ანდრო ჟორდანიამ თავის დროზე თქვა: „1946 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ვთამაშობდით თოვლში და ამ დროს ჩვენ ცენტრალურ თავდამსხმელს, გუნდის ლიდერს, ბორის პაიჭაძეს 38 გრადუსი სიცხე ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან შესანიშნავად ჩაატარა ის შეხვედრა!
დიახ, პაიჭაძე ქართული ფეხბურთის სიამაყე იყო და ნურავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ის არანაკლებ დიდებას მოიმკიდა, ვიდრე დი სტეფანო ან პელე. მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო – ბორისი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ თითქმის არც უნახავთ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ირანსა და რუმინეთს, ქვეყნებს, რომლებიც საფეხბურთო ასპარეზზე დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ. ეს სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო“!
ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა საფეხბურთო ჟურნალისტი ლევ ფილატოვი დინამოს ყველა დროის გამორჩეულ მოთამაშისადმი მიძღვნილ წერილში წერდა: „სწორედ პაიჭაძის სახელთანაა დაკავშირებული ეგრეთ წოდებული მოხეტიალე ფორვარდის დაბადება. 30იანი წლების მიწურულს თითქმის ყველა გუნდი ცდილობდა კლასიკურ დუბლ-ვეს ტაქტიკურ განლაგებაზე გადასვლას, პაიჭაძემ კი ამ მონახაზში პირველმა დაიწყო გაუთავებელი მოძრაობა მთელ მოედანზე. მან საუკეთესოდ წარმოაჩინა, თუ რამხელა სიკეთის მოტანა შეუძლია ვერცხლისწყალივით მოძრავ თავდამსხმელს ფლანგებზე, შემტევების უკან, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ან მოედნის შუაგულში მონაცვლეობით გამოჩენით. ის მთელი 10 წლის მანძილზე იყო დინამოს კაპიტანი, მაგრამ მთავარი სხვა რამაა – მას არამარტო ეპყრა სამკლაური, ის თანაგუნდელთა იერიშების მთავარი წარმმართველი იყო, საუკეთესო მესაჭე“!
არანაკლებ ფასეულია ის სიტყვებიც, რომლითაც დახასიათებულია ბორის პაიჭაძე ეციკლოპედიაში „რუსული ფეხბურთის 100 წელი“. ხვდებით ალბათ, რუსული მეტწილად საბჭოთას მოიცავს: „ბორის პაიჭაძე – ფეხბურთის გამორჩეული ოსტატი. ომამდელი და ომისშემდგომი წლების თბილისის დინამოს წამყვანი მოთამაშე. სწრაფი, მსუბუქი, მობილური, ფლობდა ორიგინალურ დრიბლინგს, შესანიშნავად ეხერხებოდა მეტოქეთა გვერდის ავლა. მისი წყალობით თბილისის დინამომ მოხეტიალე ფორვარდით თამაში დაიწყო, რაც სიახლე გახლდათ, მეტოქეთათვის კი გადაუჭრელი პრობლემა. პაიჭაძე გამოკვეთილი ინდივიდუალისტი იყო. როგორც გუნდის კაპიტანი, კეთილშობილების განსახიერება გახლდათ და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა“.
„ის უსპეტაკესი, სიკეთისთვის გაჩენილი კაცია – ყველას პატრონი, ნაღდი მეგობარი… გაჭირვების ტალკვესიო, რომ იტყვიან, სწორედ ასეთია ბორის პაიჭაძე. ის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად“! – ეს უკვე ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ყველა ტიტულის მომგები გივი კარტოზიას სიტყვებია.
ბატონი ბორისი და ბატონი გივი ახლო მეგობრები იყვნენ.
* * *
ასეთი სიტყვების შემდეგ, როგორ ფიქრობთ, აუცილებელია მშრალი სტატისტიკის მოხმობა, რიცხვებისა, რომელიც ყველა მოთამაშის კარიერას ერთნაირად აჯამებს, ციფრებში გადაჰყავს, დაუვიწყარ მატჩებს ფერებს აცლის, ახუნებს, ლამაზ გოლებს კი მტვერს ადებს და მოგონებათა ცხრაკლიტულში კეტავს?
ალბათ არა.
ჩვენ ხომ ვიცით, რომ ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე სულგამოცლილი მშრალი წინადადებები, დაახლოებით ამის მსგავსი: ამა და ამ წლებში ჩაატარა ამდენი მატჩი, გაიტანა ამდენი გოლი, მოიგო ესა და ეს…
ფეხბურთელები, და გამორჩევით ბორის პაიჭაძის მსგავსი მოთამაშეები, რიცხვების გამო არ უყვართ.
მისნაირებთან მიმართებაში გოლებსა თუ მოგებულ თასებზე მაღლა სხვა რამ დგას.
რა? ამას ადვილად მიხვდებით, თუ ეს საოცარი თამაში გულით გიყვართ.
რადგან როგორც ერთმა პატარა, ოქროსქოჩორა ბიჭუნამ უთხრა უდაბნოში დაკარგულ პილოტს: მხოლოდ გული ხედავს კარგად. თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც არსებითია და მთავარი.
ბორის პაიჭაძე
დაიბადა 1915 წლის 3 თებერვალს ფოთში. გარდაიცვალა 1990 წლის 9 ოქტომბერს თბილისში
1936-51 წლებში თბილისის დინამოს თავდამსხმელი
ტიტულები: სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1939, 1940; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1936 (შემოდგომა), 1946, 1947, 1950; სსრკ ჩემპიონატის ბომბარდირი – 1937 (8 გოლი); სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1944; სსრკ ჩემპიონატის 55 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა – #5 (1938); სსრკ ღირსების ნიშნის ორდენი – 1941; სსრკ შრომის წითელი დროშის ორდენი – 1957
*-გრიგორი ფედოტოვის სახელობის ასიანთა კლუბის წევრი – 136 გოლი.
*-1991 წელს ეროვნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა. წლების მანძილზე სტადიონის ეზოში იდგა მისი ბიუსტი, მოგვიანებით კი მთავარ შესასვლელთან ძეგლი დაიდგა.
*-1998 წელს, გაზეთ სარბიელის გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა, ასევე #2 ფეხბურთელად მიხეილ მესხის შემდეგ.
*-2001 წლის 26 მარტს, სპეციალურმა კომისიამ (ფეხბურთის სპეციალისტები, ჟურნალისტები, ვეტერანები) თბილისის ფილარმონიაში გამართულ საზეიმო გალა-დაჯილდოებაზე ბორის პაიჭაძე საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
*-2015 წლის 3 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ინიციატივით, მისი საუკუნოვანი იუბილე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში აღინიშნა, 11 თებერვალს კი ფოთში.
*-2015 წლის ივლისში, დინამო არენის მთავარ შესასვლელთან მისი ძეგლი დაიდგა.
*-საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, 2015 წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბორის პაიჭაძის წლად გამოაცხადა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირისთვის მისი სახელობის ჯილდო დაწესდა, საქართველოს ფოსტამ კი მიმოქცევაში გამოუშვა 1,5 ლარის ღირებულების საფოსტო მარკა „ქართული ფეხბურთის ლეგენდა – ბორის პაიჭაძე“.
ლაშა გოდუაძე
დინამო თბილისის საკლუბო ჟურნალი ჩვენი დინამო (#3; 2015 წელი)
ფოტო: sport.gov.ge