ქარიმ აბდულ-ჯაბარის ჩანახატი: ლებრონ ჯეიმსი დროს ეთამაშება

NBA-ის არაერთი დიდებული მოთამაშე ახსოვს, თუმცა მეფედ ერთია აღიარებული – მაიკლ ჯორდანი, ჩიკაგო ბულსის ლეგენდა, ლიგის 6-გზის ტრიუმფატორი, უამრავი რეკორდის მომხვეჭი და უბრალოდ ადამიანი-კალათბურთი.
ბოლო დროს ხშირად საუბრობენ მის მემკვიდრეზე. ძნელი მისახვედრი არაა ვის გულისხმობენ – ლებრონ ჯეიმსს, კლივლენდ კეველიერსის და მაიამი ჰითის სუპერვარსკვლავს, ვინც 34 წლის ასაკში ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბ ლოს ანჯელეს ლეიკერსში გადაბარგდა და როგორც ჩანს, იქვე დაასრულებს კარიერას.
ჯორდანის მსგავსად ჯეიმსიც უთვალავი რეკორდის მფლობელია და ისეთ ჯანზეა, თუ ტრავმამ არ დააღალატა, შესაძლოა,
NBA-ის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელიც გახდეს.
ლიგის ბომბარდირი ქარიმ აბდულ ჯაბარი გახლავთ, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე და 71 წლის ქარიზმატული ვეტერანი. კარიერის დასრულების შემდეგ ის ჟურნალისტი გახდა, 19 წიგნი გამოსცა და საავტორო სვეტებით დროდადრო ეხმაურება მნიშვნელოვან მოვლენებს და თავის გულისნადებს ანდობს სპეციალისტებსა თუ გულშემატკივრებს.
ჯაბარის 20-წლიანმა კარიერამ უამრავი დაუვიწყარი ეპიზოდი დაიტია, კალათბურთელს კი 6 საჩემპიონო ბეჭედი მოუტანა.
ვინ არის ყველაზე დიდი მოთამაშე? და არის თუ არა ლებრონ ჯეიმსი ასეთი? ჯაბარს ამ საკითხზე თავის აზრი აქვს და ის პოპულარულ გამოცემა
Newsweek-ში შემოგვთავაზა.

ყველა ეპოქას სჭირდება უბერებელი გმირები, თუმცა მათი დასახელება არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან შემდგომში სწორედ ისინი ხდებიან იმ ღირებულებების განმსაზღვრელები, რომლითაც ფასდება დროის კონკრეტული მონაკვეთი.

ლებრონ ჯეიმსი საუკეთესო თანამედროვე მოთამაშეა. თუმცა, ის არაა თინეიჯერთა მორიგი კერპი ან პოპულარული იუტუბერი.

34 წლის ასაკში ჯემსს 16-წლიანი კარიერა უმაგრებს ზურგს, რომელიც 3 კლუბს გადაწვდა: კლივლენ კეველიერსს (ორჯერ), მაიამი ჰითსს და ახლა უკვე ლოს ანჯელეს ლეიკერსს.

დღეს ის მამაა, მეუღლე და ამის მიუხედავად, კვლავ ძველებური შემართებით თამაშობს, ისევ ფორმის პიკზეა, მიუხედავად იმისა, რომ შორს აღარაა ის დრო, როცა პარკეტიდან კიდეზე, სავარძელში გადაინაცვლებს და კალათბურთზე საკუთარ აზრს შემოგვთავაზებს.

ლეგენდის სტატუსი მან წლიდან წლამდე შრომითა და გამარჯვებებით მოიპოვა. ეს ყველამ იცის და ამაზე არავინ დაობს.

და მაინც, რატომ მხოლოდ ის, როცა გარშემო ამდენი მშვენიერი და პოპულარული მოთამაშეა?

მაგალითად, სტეფ კარის მეტს უხდიან და ის იდეალური რომ არ იყოს, 37 მილიონს ვერ გამოიმუშავებდა. თანაც, კარი ყველაზე „გაყიდვადი“ მოთამაშეა – არავის მაისური საღდება ისე, როგორც სტეფისა.

ან კევინ დურანტი ავიღოთ, ვინც ჯეიმსზე უკეთესად ისვრის 3-ქულიანებს და პროცენტულად უფრო ზუსტიცაა.

მაგრამ ხალხს ჯეიმსი უფრო აინტერესებს. სხვა თუ არაფერი, სოციალურ მედიაში მას 104,3 მილიონი გამომწერი ჰყავს, კარის კი „მხოლოდ“ 42.

ლებრონმა საყოველთაო ყურადღება თითქმის უნაკლო კარიერით დაიმსახურა!

წლების შემდეგ კარიმ და დურანტმა, შესაძლოა, უკეთესი სტატისტიკა დადონ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ 16 სეზონის ისეთივე სტაბილურად გავლა, როგორც ეს ჯეიმსმა მოახერხა.

სწორედ დროში გაშლილი უმაღლესი დონის კალათბურთია ის მიზეზი, რის გამოც ჯეიმსი NBA-ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა.

მისი ელვარე კარიერა 3 საჩემპიონო ბეჭედს, MVP-ის 4 ტიტულს, ყველა ვარსკვლავის 15 მატჩს და კიდევ უამრავ რეკორდს თუ მიღწევას ითვლის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ხალხს ის საუკეთესოდ მიაჩნია, სხვაა: სპორტს ილუსტრეიტედმა ჯეიმსი ზედიზედ 6-ჯერ დაასახელა ლიგის ნომერ პირველ მოთამაშედ და ეს ზუსტად რომ უმაღლეს დონეზე სტაბილური ასპარეზობითაა განპირობებული.

არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშება და ვისთან ერთად, ლებრონი თავისას აკეთებს და გუნდს, ხშირად არცთუ მაღალი დონის თანაგუნდელებით დაკომპლექტებულს, სუპერფინალში მიუძღვის. ეს ძალიან რთულია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი პირადი სტატისტიკა არ იცვლება – კვლავაც შთამბეჭდავია.

ჩვენ ხომ 20 წლის ბიჭზე არ ვსაუბრობთ? ჯეიმსი 28 წლის ასაკშიც და ახლაც, 34 წლისა ყველაზე შედეგიანია თავის გუნდში და დაცვაშიც საუკეთესოა. მისი მაჩვენებლები მხოლოდ შთამბეჭდავი არაა. ისინი მომნუსხველია!

სათამაშო კლასის გარდა ის სხვა მხრივაც გამორჩეულია – ჯეიმსი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის სამაგალითოა და როცა ამას ვამბობ, ცხადია, არ ვგულისხმობ 3-ქულიანებს, ზუსტ პასებს და მოხსნებს. ის მისაბაძია თვითდისციპლინით, თითოეულ ვარჯიშზე გამოვლენილი პროფესიონალიზმით, რაც არის კიდეც მისი ხანგრძლივი და ბრწყინვალე კარიერის საიდუმლოს გასაღები. ყველამ იცის, რომ ლებრონი სეზონის მსვლელობისას ყოველ დღე ვარჯიშობს, შესვენებისას კი კვირაში 5 დღეს უთმობს წვრთნას. და მხოლოდ ჯიმს ან სირბილს არ ვგულისხმობ: დიეტა, პრესი, ნახტომი, სროლები…

მონოტონურია? მოსაბეზრებელია? სხვანაირად 16 წელი მწვერვალზე ვერ გაჩერდები!

ნურავინ იფიქრებს, რომ მხოლოდ ნიჭია საკმარისი. ტალანტი 2-3 სეზონს გაწვდება და თუ მომქანცველი ვარჯიში არ მიაშველე, ჩაქრება. ლებრონ ჯეიმსი სწორედ ამას გვიმტკიცებს აგერ უკვე 16 წელიწადია.

მის სიდიადეს ურყევი ერთგულება და მიზანდასახულობა დამატებით ელფერს სძენს. ცნობილია, რომ ის წელიწადში მილიონზე მეტს ხარჯავს სასურველი ფორმის შესანარჩუნებლად და ამაში პროფესიონალი მეზღვაური, ყოფილი სამხედრო ეხმარება.

როგორ ფიქრობთ, არ შეუძლია როცა უნდა მაშინ დაასრულოს კარიერა და თავაწეული წავიდეს? ვინმე დაუშლის? განვლილ გზას დაუწუნებენ?

ცხადია არა, თუმცა ის მაინც რჩება და თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ზურგის ტრავმა დროდადრო თავს ახსენებს. ეს კალათბურთის სიყვარულზე მიუთითებს და კიდევ იმ მიზნებზე, რაზეც ჯეიმსი ხმამაღლა არასდროს საუბრობს, მაგრამ რაც, სავარაუდოდ, თამაშში დარჩენას აიძულებს.

მას უამრავი მეტოქე ჰყავს ლიგაში, მაგრამ დღეს ძალიან ცოტანი არიან ისინი, ვისთან ერთადაც ჯეიმსი თამაშს იწყებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგე კალათბურთელები კი არა, დროა.

ისინი, ვინც დროის გამოწვევას იღებენ, ძალზე ცოტანი არიან. ლებრონი მათ შორისაა და ბოლო სუპერფინალში, გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ მარცხის მიუხედავად დაამტკიცა, რომ დროსთან მებრძოლებს შორისაა – როცა 34 წლისა სუპერფინალში სამმაგ დუბლებს დებ, ვერავინ ვერაფერს დაგიწუნებს.

ქარიმ აბდულ-ჯაბარი

ქარიმ აბდულ-ჯაბარი NBA-ის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელია, ლებრონ ჯეიმსი კი მხოლოდ მას და კარლ მელოუნს ჩამორჩება

ყველა დროის დიადთა შორის დასამკვიდრებლად მხოლოდ ბრწყინვალე თამაში არაა საკმარისი, მოედანს მიღმაც სათანადო დონეზე უნდა იდგე. ჯეიმსმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მხოლოდ ნიჭიერი კალათბურთელი არ არის.

მახსენდება რა პასუხი გასცა ლორა ინგრემის რეპლიკას: კაცისგან, რომელიც მხოლოდ ბურთს თამაშობს და ამაში წელიწადში 100 მილიონ დოლარს იღებს, პოლიტიკაზე საუბარი გონივრული არააო. იმ გადაცემაში ინგრემმა ჯეიმსს მოკეტვაც ურჩია, რაც, გულახდილად რომ ვთქვა, არცთუ ლამაზი მოსასმენი იყო.

იმის ნაცვლად, რომ სოციალური ქსელით გაეცა პასუხი ან, ვთქვათ, პოლემიკაში შესულიყო, ლებრონმა ოპონენტს მოკლემეტრაჟიანი ფილმებით უპასუხა – თვალნათლივ დაანახა, რომ სპორტსმენის როლი თანამედროვე სამყაროში დიდია და ხშირ შემთხვევაში, გაცილებით ეფექტური, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსისა.

სტერეოტიპს, რომელიც სპორტსმენის უტვინობაზეა აგებული, მეც ხშირად შევჯახებივარ. ზოგიერთი პოლიტიკოსი და, ალბათ, სხვა სფეროს წარმომადგენელიც, ფიქრობს, რომ ათლეტს, რომელიც ჩვენ შემთხვევაში კალათბურთს უძღვნის თავს, ჭკუა არ მოეკითხება. მითუმეტეს, თუ ის შავკანიანია. თითქოს არ ვიცით რა არის რასიზმი, არ გვაწუხებს ეს და სხვა სოციალური პრობლემები ან თანამედროვე გამოწვევები.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ჟურნალისტი გავხდი და ხშირად ვაქვეყნებდი ჩემ მოსაზრებებს, არადროს დამზარებია ჭკუისკოლოფების წინააღმდეგ გალაშქრება. ვთვლიდი და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ პოპულარულ სპორტსმენს იმაზე მეტი ადამიანი უსმენს, პოლიტიკოსებს რომ არ დაესიზმრებათ. და მიხარია, რომ ამას ლებრონიც ხვდება და იგივეს ცდილობს. მის სიდიადეს მაღალი საზოგადოებრივი შეგნება და გამოწვევებთან ბრძოლის სითამამე დამატებით შტრიხს სძენს. ამაზე ნუ ვიკამათებთ.

ჩემ დროს, 60-70-იან წლებში, ძალიან ცოტანი ვიყავით, ვისაც ნაფიქრის საჯაროდ თქმისა არ გვეშინოდა: მუჰამედ ალი, ჯიმ ბრაუნი, ტომი სმიტი, ჯონ კარლოსი… ბევრს უკვირდა რომ ჩვენ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას, სიტყვის თავისუფლებას ვიყენებდით და თანასწორუფლებიანობისთვის ხმამაღლა ვიბრძოდით.

მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა და ძალიან ცოტა რამ შეიცვალა. ეს გულს მტკენს.

მეორე მხრივ, იმასაც ვხვდები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ რომ თავის დროზე არაფერი გვეთქვა, ახალ თაობას მოუწევდა იმ გზის გავლა, ისინი კი ახლა სხვა პრობლემებზე მსჯელობენ.

და ეს ჩინებულია.

კარგია, რომ ჯეიმსის გარდა კოლინ კეპერნიკიც აქტიურია, ენდრიუ ჰოკინსი, სერენა და ვინუს უილიამსები, ერიკ რიდი…

ისინი პოპულარული და წარმატებულები არიან და სამართლიანობისთვის ილაშქრებენ. ეს დასაფასებელია.

პოლიტიკური აქტიურობის გარდა ლებრონ ჯეიმსი საზოგადოებრივი საქმიანობითაცაა დაკავებული. ყველამ იცის, რომ  რამდენიმე წლის წინ მან აკრონში, ოჰაიოში, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის სპეციალური სასწავლებლები გახსნა. ამას არ უნდა ვამბობდე, თუმცა მიწევს შეხსენება, რადგან ადამიანს, ვინც ასეთ საქმეებს იწყებს, დროდადრო ტალახს ესვრიან. მე კი მიმაჩნია, რომ ქველმოქმედს დაცვა სჭირდება. გახსოვთ ჩარლზ ბარკლის სიტყვები? ის უსამართლოდ მოექცა ლებრონს.

ბარკლისთვის გაცემული პასუხიდან ეს სიტყვები დამამახსოვრდა: „არასდროს მითამაშია კალათბურთი მხოლოდ ფულისთვის, არასდროს მითქვამს, რომ სამაგალითო ვარ“.

მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯეიმსის მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია, კალათბურთის სიყვარული და თამაშით ტკბობა.

ჩემი თავი გამახსენდა.

წლების წინ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ვიყავი, პოპულარული და მაღალანაზღაურებადი, თუმცა წამიც კი არ ყოფილა ჩემ კარიერაში, როცა თამაშით სიამოვნებაზე უფრო ფულზე მიფიქრია.

წლები გავა და ჯეიმსი კიდევ ბევრ მიღწევას დაამხობს. შესაძლოა, ჩემი შედეგიანობის რეკორდიც გააუმჯობესოს.

და თუ ამას მოახერხებს, აუცილებლად მივულოცავ, ერთი წამითაც არ დამწყდება გული.

რეკორდი ხომ იმისთვისაა, რომ გაუმჯობესდეს. ამას მხოლოდ ღირსეული თუ მოახერხებს. შემთხვევით – ვერავინ!

ხოლო კითხვას, თუ ვინ არის ყველა დროის უდიადესი კალათბურთელი, ჩემი აზრით პასუხი არ აქვს. უტოპიურია და იმიტომ.

თამაში ის აღარაა, რაც ადრე იყო – ძალიან შეიცვალა და განვითარდა. ეს ბუნებრივია. ჩემ დროს ერთი იყო, 90-იან წლებში – სხვა, ახლა კი ძველთან შედარებაც არ შეიძლება.

ყველა ეპოქას თავის გამორჩეული მოთამაშეები ჰყავდა, ჰყავს და ეყოლება, თუმცა ლებრონ ჯეიმსი ყველა დროის რჩეულთა შორისაა.

მან დიდი ხანია აჯობა მეტოქეებს.

ის დროს ეთამაშება.

ამას ერთეულები ახერხებენ.

ქარიმ აბდულ-ჯაბარი, ჟურნალი Newsweek
თარგმნა ლაშა გოდუაძემ (2020 წლის 10 ივლისი)

ka_GEGeorgian