კარიერა ფრაზებში #12: შოთა ხინჩაგაშვილი
წლების წინ გაზეთ სარბიელში წერილების სერია გამოქვეყნდა იმ ქართველზე, რომლებმაც საბჭოთა კავშირის მთავარი საფეხბურთი გუნდის მაისური მოირგეს.
სარბიელის მესვეტე გიო ახვლედიანმა შოთა ხინჩაგაშვილს საოცრად თბილი და საინტერესო ჩანახატი მიუძღვნა, რომელსაც „ოფიცერი“ ერქვა.
წერილის დასასრულს ავტორი წერდა: „თუკი ოდესმე შეიქმნებოდა თბილისის დინამოს საფეხბურთო ენციკლოპედია, რომელშიც მოკლედ დაახასიათებდნენ ყოველ დინამოელს, მე ასე დავახასიათებდი შოთა ხინჩაგაშვილს: მცველი. კარიერაში ერთადერთხელ გაიტანა გოლი და ისიც ლევ იაშინის კარში. თუკი ოდესმე თბილისის დინამო იპოვის მცველს, რომელსაც ბოლომდე და დაუნანებლად მიანდობს საკუთარი საჯარიმოს კლიტეებს, ეს კაცი ხინჩაგაშვილს უნდა ჰგავდეს. ის ყოველთვის თამაშობდა – ნატკენი ფეხით, გახეთქილი შუბლით… მას შეეძლო საჯარიმოდან თავურით გამოეტანა საშინელი კუთხური, აწეულიყო ორმეტრიან თავდამსხმელებზე მაღლა. მას შეეძლო არ წამოგებოდა სწრაფ და გრძელფეხება მოწინააღმდეგეთა მოძრაობებს და შეეძლო დაევიწყებინა მოედანი, თამაში და უბრალო შეჯიბრი, როცა აფეთქდებოდა ხოლმე. ის იყო ზურგი, სიმტკიცე და კედელი – ფეხბურთისთვის შობილი კაცი, რომელიც საკუთარ ნახევარს განაგებდა“.
დიდი დინამოს ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს ქართულ და რუსულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან მოშველიებული ამონარიდებით გავიხსენებთ.
…რუსთავში გავიზარდე. იმ ადგილს ინტერნატებს ეძახდნენ. ისეთი უბანი იყო, ტაქსისტებიც ერიდებოდნენ იქ წასვლას. მთელი ჩემი სამეზობლო ფეხბურთზე დადიოდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეზოში მათზე კარგად ვთამაშობდი, ვარჯიშისგან თავს ვიკავებდი. ფეხბურთზე მოგვიანებით შევედი, მიშა თაროზაშვილი იყო ჩემი პირველი მწვრთნელი.
…პირველ მატჩს რა დამავიწყებს?! თავდამსხმელად დამაყენეს. 2:0 მოვიგეთ და ორივე გოლი მე გავიტანე! თავი სიზმარში მეგონა, მატჩის მერე კი მწვრთნელმა მითხრა, ამიერიდან დაცვაში ითამაშებო. წარმოიდგინეთ რა დღეში ვიქნებოდი, თუმცა დრომ დაგვანახა, რომ ის მართალი იყო. საერთოდ, ბატონი მიშა ალღოიანი კაცი გახლდათ.
…მალე თბილისის ერთ-ერთ გუნდს შევხვდით, იმ თამაშს დედაქალაქიდან ჩამოსული მწვრთნელებიც დაესწრნენ. ბატონმა მიშამ სტუმრებთან დაიქადნა, დაცვაში ისეთი ბიჭი მყავს, გოლს ვერ გაგვიტანთო. მართლაც, გოლგაუშვებლად მოვიგეთ. სწორედ იმ თამაშის შემდეგ დაინტერესდნენ ჩემით თბილისელები, მაგრამ დედას ფეხბურთის გაგონებაც არ სურდა – მამა ახალი გარდაცვლილი იყო და… ბატონი მიშა სამჯერ მოვიდა ჩვენთან, ბოლოს დედამ უთხრა, ჯანდაბამდე გზა გქონიათო და გამიშვა. ასე გადავედი თბილისში.
…გლდანის სპორტსკოლის დამთავრებამდე რუსთავის მეტალურგში ვთამაშობდი. კარგი გუნდი გვყავდა, ბევრი ჩინებული ფეხბურთელი თამაშობდა ჩვენთან: თემურ ჩლაიძე, ვოვა ინასარიძე, გია აფციაური… რომელი ერთი დავასახელო?!
…1968 წლის 4 იანვარი გუშინდელივით მახსოვს: კედელზე დინამოში მიწვეულების სია გამოაკრეს. ჩამონათვალში მეც ვიყავი, არადა, იმ სიაში ბევრი ისეთი მოთამაშე ვერ მოხვდა, რომელიც წარმატებაში დარწმუნებული იყო. რასაც მაშინ განვიცდიდი, იმას სიხარული კი არა, სხვა რაღაც ერქვა – როგორია, 17 წლის ბიჭს დინამო მიწვევდა! მაგრამ ჩვენმა მწვრთნელმა ალიოშა კოტრიკაძემ მთხოვა, დინამოში გურამ ცხოვრებოვი და რეზო ჭოხონელიძე თამაშობენ, ძირითადში მოხვედრა გაგიჭირდება, სკამზე ჯდომას კი სჯობს ცოტა მოიცადო, ჩვენთან მეტი ითამაშო და მერე უკეთ მომზადებული წახვიდეო. დავუჯერე და არც წამიგია.
…დინამოში 1970 წელს აღმოვჩნდი: ყველა ქართველი ფეხბურთელის საოცნებო გუნდში მხოლოდ სამნი აგვიყვანეს: მე, ცხონებული დათო ყიფიანი და უნიჭიერესი ნოდარ კვანტალიანი. მალე იტალიაში წავედით შეკრებაზე, მერე კი ლესელიძეში ვიყავით ორი თუ სამი კვირა. დინამოს მაისური პირველად სწორედ იქ მოვირგე, საწვრთნელი თამაში იყო. მერე ჩემპიონატიც დაიწყო და მეც დინამოელად „მოვინათლე“.
…15 მარტს ჩემპიონატი დაიწყო. საწყის ტურში მოსკოვის ტორპედო გვეწვია. წინა დღეს დუბლების თამაში გაიმართა – 2:4 წავაგეთ. გულგატეხილი ვიყავი, ვიფიქრე, მორჩა, პირველ გუნდს ვერასდროს ვეღირსები-მეთქი, მაგრამ ბაზაზე ძირითადი შემადგენლობა რომ ვნახე, თვალებს არ დავუჯერე – მათ შორის ვიყავი! ტორპედოს 3:0 მოვუგეთ – შეუცვლელად ვითამაშე. იმ დღეს დაცვაში ჩემთან ერთად რეზო ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა და ვახტანგ ჭელიძე იდგნენ.
…ერთი კვირის შემდეგ კიევის დინამო გვესტუმრა. ჩვენი მთავარი მწვრთნელი გივი ჩოხელი იყო. მან კვლავ ძირითადში დამაყენა. ისევ მოვიგეთ. შემდეგ მოსკოვის სპარტაკი და მინსკის დინამოც დავამარცხეთ… ჩემპიონატი ზედიზედ 4 მოგებით დავიწყეთ! ახლა რომ ვუფიქრდები, ჩემთვის ის ეტაპი გადამწყვეტი იყო – თავდაჯერებული გავხდი.
…დინამოს შემადგენლობაში სამასამდე 300-მდე ოფიციალური მატჩი ჩავატარე, გოლი კი ერთადერთხელ გავიტანე. ეს სადებიუტო წელს, 1970-ში, საკავშირო თასის ფინალში მოხდა მოსკოვის დინამოსთან. ის მატჩი მოსკოვში, ლუჟნიკებზე გაიმართა 8 აგვისტოს – 100 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა ორი დინამოს სანახავად. მოსკოველთა კარში ლევ იაშინი იდგა, მე თუ მკითხავთ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. 67-ე წუთზე გავუტანე – გურამ პეტრიაშვილი ფლანგზე გაიჭრა, ჩააწოდა და მეც ვარდნაში შევაგდე. მანამდე 0:2-ს ვაგებდით, მაგრამ ანგარიში ვეღარ გავათანაბრეთ.
…სხვათა შორის, მოსკოვის დინამოსთან არ უნდა მეთამაშა – მწვრთნელი გურამ ცხოვრებოვს ამზადებდა ძირითადისთვის, მაგრამ მას მატჩის წინ კუნთი დაეჭიმა და შევცვალე. იმ თამაშიდან კიდევ ორი ამბავი მახსენდება: სლავა მეტრეველს მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ მაინც ძალიან შთამბეჭდავად ითამაშა. ჩემთვის ეს მაგალითი იყო და კიდევ: მეორე ტაიმის წინ, სანამ გვირაბიდან მოედანზე გავიდოდით, ვხედავ, ლევ იაშინი სიგარეტს აბოლებს! თვალები შუბლზე ამივიდა – ამ სამაგალითო კაცისგან ასეთ რამეს არ ველოდი.
…საწყის წლებში ბევრი მატჩი გამიცდა. მიზეზი ტრავმებია. გაუთავებელი პრობლემები ახალგაზრდული ასაკის ბრალიც იყო – ვიტკენდი რამეს და ხეირიანად არც ვმკურნალობდი – როგორც კი ფეხზე დავდგებოდი, მწვრთნელს ვეუბნებოდი ვითამაშებ-მეთქი და… 1974-1975 წლებში, როცა დინამოს გაუჭირდა, ორ ჩემპიონატში სულ 20 თუ 21 მატჩი ჩავატარე. ცხადია, გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ მაშინ ვერ ვფიქრობდი ამდენს, მეგონა, კიდევ 10-15 წელი ვითამაშებდი.
…დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ნაკრებში უფრო მეტი შეხვედრა უნდა ჩამეტარებინა. მწვრთნელებმა პირველად 1976 წელს მიმიწვიეს – გუნდი სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა და ჩემი დებიუტიც მაშინ შედგა, 1976 წლის 28 ნოემბერს არგენტინაში. თამაში ფრედ 0:0 დასრულდა. ოთხი დღის შემდეგ ბრაზილიელების წინააღმდეგ ვითამაშე – 0:2 წავაგეთ… ის ტურნე არასაფეხბურთო შთაბეჭდილებებით უფრო მახსოვს – სამხრეთ ამერიკაში ადვილად ვერ მოხვდები და მეც თვალებგაფართოებული ვუქცერდი ხალხს, ვათვალიერებდი ქვეყნებს, რომელთა შესახებ მხოლოდ წიგნებსა და ჟურნალებში წამეკითხა.
…მსაჯებთან ტკბილი ურთიერთობა არასდროს მქონია, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ უსამართლობას ვერ ვიტანდი და საკუთარ აზრს ყოველთვის დაუფარავად გამოვხატავდი. თასების თასის ფინალიც სწორედ ამიტომ გამიცდა – როტერდამში, ფეიენოორდთან საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთ-ერთი ჰოლანდიელი წაქცეულ გაბელიას ეუხეშა და მეც „ხურდა დავუბრუნე“. მსაჯმა, ცხადია, ყვითელი ამიფრიალა. ის ბარათი საბედისწერო გამოდგა ჩემთვის.
…ყველაზე რთული მატჩი? თასების თასის ნახევარფინალი როტერდამში, ფეიენოორდთან! ისეთი ტენდენციური მსაჯობა, რაც იმ შეხვედრაში იყო, არასდროს მინახავს – არბიტრი ყველაფერს აკეთებდა დინამოს დასაღუპად. იმ თამაშის მერე ბევრჯერ დავფიქრდი: როგორ გავძელით და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჰოლანდიელები ჩვენმა გაუტეხელმა ჟინმა დათრგუნა! მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთადერთი გოლი სჭირდებოდათ ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გასათანაბრებლად, მაინც გავძელით! მსაჯმა 2 გოლი არ ჩაგვითვალა და 3 პენალტი არ მოგვცა! არ გავტყდით! აი, ასე ვაჯობეთ მეტოქეს!
…რაც ჩემ გაფრთხილებას და იმ ყვითელ ბარათს მოჰყვა და რაც მაშინ გადავიტანე, მტერს არ ვუსურვებ! „შოთამ გუნდი დააღალატა“… „შოთა საბჭოთა მოქალაქისთვის შეუფერებლად მოიქცა“… რას არ წაიკითხავდით ჩემზე! ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ჭკუას მარიგებდა და მაკრიტიკებდა. თან, მნიშვნელობა არ ჰქონდა, იცოდნენ თუ არა ფეხბურთი, ერკვეოდნენ თუ არა საკითხში! ბევრი უარყოფითი წავიკითხე მაშინ. ამას ისიც დაერთო, რომ დიუსელდორფში არ წამიყვანეს. ასეთი რამ ახლა, ცხადია, არ ხდება – თამაშობს თუ არა ფეხბურთელი, ის გუნდთან ერთადაა, მაგრამ მაშინ სხვანაირად ფიქრობდნენ და მეც თბილისში დამტოვეს.
…ფინალს შინ, მეუღლესთან ერთად ვუყურე. ძალიან ვნერვიულობდი, მეუღლე მამშვიდებდა, რამე არ მოგივიდესო… გოლი რომ გაგვიტანეს, მართლა ცუდად გავხდი, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი დიდებულად დასრულდა. დინამოს დასახვედრად თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათით ადრე წავედი, მეგონა პირველი ვიქნებოდი, მაგრამ ბიჭებამდე ვერც მივედი – ზღვა ხალხი იყო მისული გუნდის დასახვედრად!
…პოპულარობა? გულშემატკივართა სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი, მათი სითბო და მხარდაჭერა არასდროს მაკლდა. როცა ბავშვები სასეირნოდ გამყავდა, ხან ვინ გადამეხვეოდა და ხან ვინ. შვილები მეკითხებოდნენ, მამა, ვინ არის ეს კაციო, მე კი უბრალოდ ვპასუხობდი, მათ ფეხბურთი უყვართ-მეთქი.
…ბავშვობაში, სანამ დინამოში მოვხვდებოდი, მესხის და მეტრეველის გულშემატკივარი ვიყავი, მერე კი, როცა მცველი გავხდი, ყველაზე ძალიან მურთაზ ხურცილავას თამაში მომწონდა.
…მსურდა ჩემი ვაჟიც ფეხბურთელი ყოფილიყო, ყველანაირად ვუწყობდი ხელს, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია. არ მინანია. მთავარია, წარმატებული ადამიანი იყოს და რა გზას დაადგება, თავად გადაწყვიტოს.
…ცხოვრება ჩქარ მატარებელს ჰგავს, ბევრი შეხტომასაც ვერ ახერხებს, მაგრამ მგონი, ამ ორომტრიალში ჩემი ადგილი ზუსტად ვიპოვე.
…ამბობენ, გული არ ბერდებაო. რომ ვუკვირდები, მართლაც ასეა.
შოთა ხინჩაგაშვილი
დაიბადა 1951 წლის 10 დეკემბერს დუშეთში
1968-69 წლებში რუსთავის მეტალურგის, 1970-82 წლებში თბილისის დინამოს მცველი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981; სსრკ თასი – 1976, 1979; უეფას თასების მფლობელთა თასი – 1981; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 5-ჯერ მოხვდა: #1 – 1976, 1977; #2 – 1981; #3 – 1979, 1980; სსრკ სპორტის ოსტატი – 1970; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1981; სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2011
სსრკ ნაკრებში: 11 მატჩი (1976-79)
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge