კარიერა ფრაზებში #18: ოთარ გაბელია

საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარის წოდება მხოლოდ ორმა ქართველმა მოიპოვა: 1962 წელს სერგო კოტრიკაძემ, 17 წლის შემდეგ კი ოთარ გაბელიამ.
სერგო კოტრიკაძე ოთარ გაბელიას კერპი იყო, 1979 წელს, მოსკოვის დინამოსთან საკავშირო თასის ფინალის შემდეგ კი უკვე გაბელია გახდა სხვების კერპი – გადამწყვეტი მატჩის 11-მეტრიანების სერიაში თბილისელთა მეკარემ 3 პენალტი მოიგერია – ჯერ ალექსანდრ მახოვიკოვს არ გაატანინა, შემდეგ ალექსეი პეტრუშინის დარტყმა მოიგერია, სულ ბოლოს კი ვალერი გაზაევი გააწბილა!
ოთარ გაბელია ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების უშუალო მონაწილეა – იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი, 1981 წლის 13 მაისს კი, თასების თასის ფინალში იენის კარლ ცაისის  წინააღმდეგ, დინამოს კარში იდგა.
ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მეკარის კარიერას სხვადასხვა დროს ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ.

…ფეხბურთამდე ცეკვა იყო, რამდენიმე წლის განმავლობაში კი სპორტშიც ვვარჯიშობდი და ცეკვაშიც. სხვათა შორის, ანსამბლი, რომელშიც ვირიცხებოდი, რამდენჯერმე რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატიც გახდა.

…ოჯახში ფეხბურთის ბუმი იყო, თუმცა ასე არ იყო მაშინ მთელ საქართველოში? ჩაის მეურნეობაში ვცხოვრობდით, რომლის დირექტორი მამა იყო. იმ დროს ტელევიზორი ყველა ოჯახს არ ჰქონდა და როცა დინამოს მატჩებს გადმოსცემდნენ, ჩვენთან ყოველთვის 20-25 კაცი იკრიბებოდა.

…გუშინდელი დღესავით მახსოვს: ერთ დღეს მამა მოვიდა, ჟურნალი ოგონიოკი მოიტანა, რომლის გარეკანზე სერგო კოტრიკაძის ფოტო იყო და მითხრა: ა კაცი, რო დასდევ მაგ ბურთს, ისე უნდა ითამაშო, შენც ჟურნალებში გამოგჭიმონ! 9 წლის ვიყავი და მამაჩემის სიტყვები გულში ჩამწვდა. მგონი, საბოლოოდ სწორედ მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა.

…ჩვენს გუნდში სომეხი და რუსი ბავშვებიც თამაშობდნენ, მე კი თავდამსხმელი ვიყავი. მაგრამ ოგონიოკის ამბის შემდეგ, კარში ჩადგომა დავიწყე. ჩემი სკოლის გუნდი მალე ქალაქის ჩემპიონი გახდა, ფოთში, დასავლეთ ზონის ტურნირზე კი საუკეთესო მეკარე გავხდი! X კლასში რომ გადავედი, ზუგდიდის დინამომ მიმიწვია. იქ ორი წელი გავჩერდი, მერე კი სოხუმში გადავედი.

…სოხუმის დინამოში გატარებული წლები დაუვიწყარია! არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ფეხბურთელობის გემო პირველად სწორედ იქ შევიცანი. იური გრამატიკოპულო და გიგა ნორაკიძე მავარჯიშებდნენ – ორივე ძლიერი სპეციალისტი იყო, თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი.

…ვიტალი დარასელიაც სოხუმში გავიცანი. 1972 წელს ერევნის არარატთან ამხანაგური თამაშისთვის ვემზადებოდით და იმ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნო ჩვენმა მწვრთნელმა გრამატიკოპულომ. არარატის წინააღმდეგ დარასელიამ ბოლო 15 წუთს ითამაშა და ვიტალის ეყო ეს დრო, რომ გუნდში დარჩენილიყო. ეს ის არარატი იყო, რომელიც ერთი წლის შემდეგ საკავშირო თასის მფლობელი და ჩემპიონი გახდა. ჩვენ მათ 3:2 მოვუგეთ!

…დინამოში ნოდარ ახალკაცმა მიმიწვია, მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ მიხაილ იაკუშინი მაკვირდებოდა. თუმცა, მარტო მე არა – მის სიაში რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე და თამაზ კოსტავაც იყვნენ. ნოდარ ახალკაცის შემოთავაზება ცხონებულმა გიგა ნორაკიძემ გადმომცა ჩემსავე ქორწილში – იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო!

…დინამოში პირველად 1977 წლის თებერვალში ვითამაშე. ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად თბილისს ლუბლიანის ოლიმპია ეწვია და ახალკაცმაც ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. ანგარიში ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დიდი სხვაობით მოვიგეთ. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩს, 1977 წლის 22 მაისი იყო, ბაქოს ნეფთჩისთან  4:1 გავიმარჯვეთ. ბაქოელებმა ერთადერთი გოლი პენალტით გამიტანეს, თუ არ ვცდები აბასოვმა დაარტყა 11-მეტმეტრიანი.

ოთარ გაბელია

თბილისის დინამოს შეტევების სული და გული დავით ყიფიანი, კარის მცველი ოთარ გაბელია და დაცვის გენერალი ალექსანდრე ჩივაძე

…1979 წლის საკავშირო თასის ფინალის წინ ვიცოდი, რომ ძირითად შემადგენლობაში დავით გოგიას უნდა ეთამაშა. მატჩის წინა ღამეა, ბიჭები ჩემთან არიან ოთახში, დომინოს ვთამაშობთ. ტელეფონმა დარეკა და შემატყობინეს – ნოდარ ახალკაცის გადაწყვეტილებით, მოსკოვის დინამოსთან შენ ითამაშებო. თურმე დათოს ფეხი უტკენია. ავღელდი. ბიჭები ეგრევე ოთახიდან გავყარე – ვერ მიხვდნენ რა მოხდა და არც მე მითქვამს. ისე ავღელდი, კარგა ხანს ვერ დავიძინე.

…იმ პენალტების სერიაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, სჯობს სხვებმა ილაპარაკონ. საერთოდ, მეკარე დარტყმას არ ელოდება – წინასწარ ირჩევს კუთხეს. გაზაევის პენალტის წინ მეც კუთხე ავირჩიე და ისე მოხდა, რომ, გამოვიცანი. თამაშის მერე რეზო ჩელებაძე ამბობდა, მე ვურჩიე ოთარს საით გადამხტარიყოო, მაგრამ ეგრე არ არის და საერთოდ, ჩელეს ხუმრობა ძალიან უყვარს.

…1979 წელს ჟურნალმა ოგონიოკმა საუკეთესო მეკარედ დამასახელა – სერგო კოტრიკაძის შემდეგ მეორე ქართველი გავხდი, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა! აღიარება, ალბათ, თასის ფინალში მოგერიებულმა პენალტებმაც განაპირობა.

…საბჭოთა კავშირის პირველი მეკარე რინატ დასაევი იყო. ძლიერი გახლდათ, შესანიშნავი მონაცემები ჰქონდა, მაგრამ ერთი სუსტი წერტილი მაინც ვუპოვე – როცა კონკურენტს შენიშნავდა, ნერვიულობდა და შეცდომებს უშვებდა. დასაევის ფსიქოლოგიური პრობლემის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკოვმა კარგად იცოდა და ამიტომ, ჩემს ნაცვლად შეკრებაზე პილგუის იწვევდა – იცოდა, რომ მას პირველობაზე პრეტენზია არ ჰქონდა და დასაევიც მშვიდად იქნებოდა. თან, დასაევი მოსკოვის სპარტაკში თამაშობდა და მისთვის ნაკრების კარი უფრო ადვილად იღებოდა, ვიდრე სხვა კლუბების მეკარეებისთვის. ქვეყნის პირველ გუნდში ერთადერთხელ ვითამაშე, 1979 წელს თბილისში, დასალვეთ გერმანელების წინააღმდეგ, თუმცა სანაკრებო შეკრებაზე რამდენჯერმე ვყოფილვარ.

…1981 წლის 13 მაისს შიში არ ვიცოდით რა იყო. საერთოდ, ყველა მატჩში მოსაგებად გავდიოდით. ერთნი ვიყავით, ერთმანეთის იმედად და ერთმანეთის თანადგომისთვის მზად. ფინალი ერთი თამაშია: მცირე შეცდომა, ემოციებს აყოლა და ყველაფერი წყალშია ჩაყრილი. სწორედ ამისთვის მოგვამზადა ცხონებულმა ახალკაცმა, სხვა დანარჩენი – ფიზიკური მზადყოფნა, ტაქტიკა, მართალია ძალზე მნიშვნელოვანი, თუმცა მეორეხარისხოვანი იყო. ხშირად მეძალებოდა ემოციები, მაგრამ 13 მაისს ყველაფერს მოვერიე. ეს არ იყო მხოლოდ ფინალი, რა თქმა უნდა, არც ჩემპიონატის პრინციპული თამაში. ეს იყო ისტორიული მატჩი არა მხოლოდ დინამოსთვის, არამედ საქართველოსთვის. და ამის შემდეგ გეკითხებით, მქონდა თუ არა უფლება ემოციებს ავყოლოდი?!

…თასების თასის ფინალის წინ ფორმა დავკარგე. აეროპორტში მომხდარი იმ ამბის შესახებ ლამის ყველგან დაიწერა… ვერავის დავადანაშაულებ – ხდება ასეთი გაუგებრობები. ადიდასის წარმომადგენლებმა მეორე დღესვე მომიტანეს ახალი ფორმა, ბუცები კი საშა ჩივაძემ დამითმო – ორი წყვილი ჰქონდა წამოღებული.

…კარლ ცაისი მაღალი დონის გუნდი იყო. ახლა ჩაკარგულია სადღაც ქვედა ლიგაში, მაგრამ მაშინ ვალენსია და რომა გამოთიშა გათამაშებას. ათლეტური ფეხბურთელები იყვნენ, უნაკლოდ მომზადებულები, მაგრამ ჩვენი გოლები ხომ გახსოვთ? სწორედ ტექნიკური თამაშით ვაჯობეთ. ჰოპეს გოლს რაც შეეხება, ამან უფრო გაგვახელა, ვიდრე გაგვტეხა.

…ფინალის დასასრული და შემდგომი წუთები არასდროს დამავიწყდება – თავი სიზმარში მეგონა! ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი შოთა გორგოძე გახლდათ და მისი დახმარებით ბიჭები ოჯახებს დავუკავშირდით. სიხარულისგან ყველა ტიროდა!

თბილისის დინამო

1979 წლის საკავშირო თასის ფინალში, მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ ოთარ გაბელიამ 3 პენალტი მოიგერია! დგანან (მარცხნიდან): ვიტალი დარასელია, თენგიზ სულაქველიძე, მანუჩარ მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, შოთა ხინჩაგაშვილი, ოთარ გაბელია. პირველ რიგში: ნუკრი კაკილაშვილი, რამაზ შენგელია, ვლადიმერ გუცაევი, გოჩა მაჩაიძე

…1982 წლის მიწურულს მწვრთნელებმა გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტეს და დინამოდან წავედი. ქუთაისის ტორპედომ მიმიწვია, მაგრამ იქ თითქმის არ მითამაშია. 1984 წელს დინამო დავით ყიფიანმა ჩაიბარა და დამეხმარეო, მთხოვა – მეორე წრიდან უნდა მეთამაშა. დნეპროპეტროვსკის დნეპრთან მატჩის წინ ვეტერანებს გავყევი კასპში ამხანაგურ მატჩზე. ერთ-ერთი შეტევის მოგერიებისას, მხრით შევასკდი ძელს და აღმოჩნდა, რომ ლავიწის ძვალი გავიტეხე. ამის გამო იმ ჩემპიონატში საერთოდ არ მითამაშია – ყიფიანი კინაღამ გაგიჟდა!

…80-იანი წლების დინამოში კარგი ბიჭები თამაშობდნენ. პირველ რიგში უმცროს მიხეილ მესხს და გრიგოლ ცაავას გამოვყოფ – ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები იყვნენ. არც სხვები ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ როგორც გუნდი, მოვიკოჭლებდით. ვეტერანები – მე, სულაქველიძე, გუცაევი და შენგელია ყველანაირად ვცდილობდით სიტუაციის შეცვლას, შედეგების გაუმჯობესებას, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა – ძალიან სუსტად ვამთავრებდით ჩემპიონატს. რატომ ხდებოდა ასე, ახლა ამაზე საუბარი ადვილია – ათას მიზეზს გამოვძებნით. გულდასაწყვეტი ისაა, რომ მომხდარს ვერ შევცვლით. დინამო იმ შედეგებს ნაღდად არ იმსახურებდა.

…რომ მითხრან 80-იანი წლებიდან ნათელი წერტილი გაიხსენეო, 1987 წლის შემოდგომით უეფას თასზე ბრემენის ვერდერთან მატჩებს დავასახელებ. მართალია ორი თამაშის ჯამში დინამომ 2:3 წააგო, მაგრამ ალალად ვამბობ: იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ გერმანელების დამარცხებაც შეგვეძლო! უიღბლობა – აი, ეს იყო ჩვენი წაგების მიზეზი. არადა, 1/4-ფინალში რომ გავსულიყავით, დარწმუნებული ვარ დინამოში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ჩვენამდე ვერდერმა მოსკოვის სპარტაკი 6:2 გაანადგურა, ეს გუნდი კი საკავშირო პირველობის ლიდერთა შორის იყო. მახსოვს, ამბობდნენ, ვერდერმა სპარტაკი თუ მიწასთან გაასწორა, დასუსტებული დინამოსგან ქვას ქვაზე არ დატოვებსო…

…საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყება რომ გადაწყდა, ზუგდიდიდან შემეხმიანნენ – ჩამოდი, კლუბი ჩაიბარეო. არადა, მანამდე მწვრთნელი არასდროს ვყოფილვარ. ასე არ გამოვა-მეთქი, მივწერე. იქიდან მიტინგებით დამემუქრნენ, არ მომასვენეს, მოკლედ, უშენოდ არაფერი გამოვაო. ისე, მიტინგები ძალიან მოდაში კი იყო – თუ ვინმე რამეს აპროტესტებდა, ეგრევე გამოსვლებით იმუქრებოდა… მოკლედ, შევედი ახალკაცთან, იმ დროს ფედერაციის პრეზიდენტი იყო და, ასე და ასეა ჩემი საქმე, თქვენი კონსპექტები მათხოვეთ-თქო. მწვრთნელობის გადაწყვეტილებაზე გაეცინა და რატომღაც რუსულად მითხრა: პრავილნა პასტუპაეშ, პაცან. დამითმო თავის რვეულები და მირჩია, გუნდი მუხურში მოამზადე, კარგი პირობებიაო. ჩხოროწყუსთან ახლოს, მუხურში ბანაკი იყო შესანიშნავი მინდვრით. გუნდი რომ ჩავიყვანე, საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ახალკაცმა ჩემზე, იქაურ კაცზე უკეთ იცოდა სად რა დონის სპორტული ბაზა იყო. რაც შეეხება ოდიშს, ჩემპიონატი ცუდად არ დაგვიწყია – საწყის ტურებში ლიდერთა შორისაც ვიყავით…

…ახალკაცი დიპლომატი იყო. ხშირად მიფიქრია, მას რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე ემუშავა, დიდ წარმატებას მიაღწევდა. თუ რამე უყვარდა, პირველ რიგში დისციპლინა. რასაც მიაღწია, სწორედ წესრიგის სიყვარულით.

…ჩემი მემკვიდრე? აკაკი დევაძის თამაში მომწონდა. მას რამდენიმე კარგი სეზონი ჰქონდა, საქართველოს ნაკრებშიც ადვილად დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ მისი მონაცემების პატრონს, მეტი შეეძლო.

…მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მანუელ ნოიერს და ჯანლუიჯი ბუფონს მივიჩნევ. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ნოიერის საქციელი მთელ რიგ ეპიზოდებში, როცა ლამის ცენტრალური მცველის ფუნქციებს ასრულებს, ჩემთვის მიუღებელია. რაც შეეხება ბუფონს, ის უდიდესი პროფესიონალია და სწორედ ამის წყალობით ინარჩუნებს ფანტასტიკურ ფორმას.

…ცრურწმენა? ყველა ფეხბურთელი თავისებურია და გამონაკლისი არც მე ვიყავი: მინდორზე მარცხენა ფეხით შესვლას ვცდილობდი და შესვენების შემდეგ მინდოდა ჩემი გუნდი მეტოქეზე ადრე გასულიყო მოედანზე, ამიტომ ბიჭებს ხშირად ვაჩქარებდი.

ოთარ გაბელია
დაიბადა 1953 წლის 24 მარტს ზუგდიდში
1971-73 წლებში სოხუმის დინამოს, 1974-76, 1983-84 წლებში ქუთაისის ტორპედოს, 1977-82, 1985-90 წლებში თბილისის დინამოს მეკარე
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1981; სსრკ თასი – 1979; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979; სსრკ საუკეთესო მეკარე (ჟურნალი ოგონიოკი) – 1979; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა – #2 (1979); სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1981; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო) – 2011; ღირსების ორდენი
სსრკ ნაკრებში: 1 მატჩი (1979)

 

*-ლევ იაშინის სახელობის კლუბის წევრი – 133 მატჩი გოლის გაუშვებლად (სსრკ ჩემპიონატი – 102; სსრკ თასი – 16; უეფას ევროპის საკლუბო ტურნირები – 12; სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, სსრკ ფეხბურთის ფედერაციის თასი, სეზონის თასი – 3)

*-1979 წელს, საბჭოთა კავშირის თასის ფინალში მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ, მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში 3 11-მეტრიანი მოიგერია.

*-1990 წელს, საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში მშობლიური ზუგდიდის ოდიშს წვრთნიდა. სხვადასხვა დროს იყო გურჯაანის ალაზანის, თბილისის მერანის 1991-ის, ბოლნისის სიონის და ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელი.

*-2009-11 წლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“ (2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian