კარიერა ფრაზებში #22: ვლადიმერ ბარქაია

1964 წლის 18 ნოემბერს ქართულმა ფეხბურთმა პირველი დიდი გამარჯვება იზეიმა – თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო!
იმ ბიჭებიდან, რომლებმაც საქართველოს საუკეთესო კლუბს პირველი ტიტული მოუტანეს, დღეს მხოლოდ სამია ცოცხალი: ტაშკენტის მატჩის გმირი, მოსკოვის ტორპედოელთა კარში ორი გოლის გამტანი ილია დათუნაშვილი; მაშინდელი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გიორგი სიჭინავა და თავდამსხმელი ვლადიმერ ბარქაია.
„ოქროს დინამოს“ ერთ-ერთ გამორჩეულ ფორვარდს, გულშემატკივართათვის „სიომად“ წოდებული ვლადიმერ ბარქაიას კარიერას ქართულ და საბჭოთა პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებით გავიხსენებთ.

…გაგრაში, ზღვის პირას დავიბადე და ფეხბურთის თამაშიც იქ დავიწყე. მშვენივრად მახსოვს 1945 წელი, როცა ინგლისმოვლილი მოსკოვის დინამო მოსამზადებლად ჩვენთან ჩამოვიდა. მაშინ პირველად ვნახე ლეგენდარული ფეხბურთელები კონსტანტინ ბესკოვი, ალექსეი ხომიჩი, ტროფიმოვი, კარცევი… მათმა ვაჯიშმა და თამაშმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა! იმ დროს უკვე გადაწყვეტილი მქონდა ფეხბურთელობა, მათი ნახვის შემდეგ კი სხვა რამეზე აღარც ვფიქრობდი.

…თბილისის დინამო სეზონის წინ ლესელიძეში ემზადებოდა ხოლმე. პატარა ბიჭები ჩვენი კერპების თითოეულ მოძრაობას აღტაცებით ვადევნებდით თვალს: ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, გრიგოლ გაგუა, გაიოზ ჯეჯელავა… რომელი ერთი ჩამოვთვალო? 14 წლისა, როცა უკვე გაგრის დინამოს მოზარდთა გუნდში ვთამაშობდი, მათ მხარდამხარ ასპარეზობაზე ვოცნებობდი.

…პირველად სკოლის საფეხბურთო სექციაში დავიწყე ვარჯიში. ჩვენი მწვრთნელი ცხონებული რევაზ შარტავა იყო. მერე სპორტსკოლაში გადავედი ალიოშა ბობოხიძესთან. სწორედ იქ გავიცანი გიორგი სიჭინავა და მას შემდეგ ვმეგობრობთ.

…დინამომდე უამრავი მატჩი და არაერთი გუნდი იყო: გაგრის დინამო, მერე აფხაზეთის ნაკრები, შემდეგ გაგრის ბურევესნიკი… ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გავხდი და საქართველოს ჩემპიონატის II ჯგუფშიც ვითამაშე. იქ წარმატებით ვიასპარეზეთ, I ჯგუფში მოსახვედრად კი ლანჩხუთის გურიასთან გველოდა გადამწყვეტი თამაში. ვიცოდით, რომ მატჩი ლანჩხუთში კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი დღით ადრე გვიხმეს, კარგი შემადგენლობა ვერ შევკრიბეთ და 1:3 წავაგეთ.

…საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის კლუბები სეზონისთვის მოსამზადებლად ხშირად სტუმრობდნენ აფხაზეთს. დროდადრო მათთან ამხანაგურად ვთამაშობდით. X კლასში ვიყავი, როცა კიევის დინამოს და ერევნის სპარტაკის მწვრთნელებს მოვეწონე, სახლშიც გვესტუმრნენ, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს, ჯერ პატარააო.

…1956 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით. ჩვენი მთავარი მწვრთნელი ანდრო ჟორდანია იყო, გუნდის კაპიტანს კი ცოტა თუ გამოიცნობს… ზურაბ სოტკილავა! ფინალში უკრაინას 2:0 მოვუგეთ.

…ზურა თბილისის დინამოშიც მოხვდა, მაგრამ მოსკოვის დინამოსთან ერთი მატჩის შემდეგ გუნდიდან გაუშვეს. იმ შეხვედრაში მოსკოველთა ფორვარდმა ურინმა ჯერ ჩვენი მარცხენა მცველი უსტაბაშიდი დატანჯა, მერე კი სოტკილავა. თამაშის შემდეგ გაიოზ ჯეჯელავამ ორივე დაითხოვა. წლების მერე ზურას, რომელიც უკვე სახელოვანი საოპერო მომღერალი გახლდათ, გაჭირვებაში მყოფი ურინი ხშირად აკითხავდა, დახმარებას სთხოვდა. ზურაც, რაც შეეძლო, ხელს უმართავდა.

…იმ დროს სირცხვილად ითვლებოდა ნოტებით, ან ოპერაში სიარული, ამიტომ ზურა კონსერვატორიაში ყველასგან მალულად სწავლობდა. ერთხელ, როცა სოტკილავა IV კურსზე იყო, მეგობართან დამპატიჟა. შუა ლხინის დროს მაგნიტოფონი ჩართეს და უცნობი საოპერო მომღერალი მომასმენინეს. ძალიან მომეწონა. მკითხეს, ხომ არ იცი, ვინ არისო? მხრები ავიჩეჩე, წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო. თურმე ზურას ჩანაწერი ჩაურთავთ!

…საიდან გაჩნდა ჩემი მეტსახელი? სიომა ჩემი ცხვირის ფორმის გამო გაგრაში შემარქვა მეზობელმა, ვოვა ლებედევმა. როცა თბილისში ჩამოვედი, უკვე ყველა ასე მიცნობდა. სიომას ფეხბურთთან კავშირი არ აქვს, აი მეორე მეტსახელი – „სტალიჩნი“, რომელსაც მხოლოდ მეგობრები და ძალიან ახლობლები მეძახდნენ, ფეხბურთთან პირდაპირ კავშირშია. მოსკოვში ყოველთვის კარგად ვთამაშობდი, გოლებიც ხშირად გამქონდა და… 1959 წლის 25 ივლისს მოსკოვში სპარტაკს 5:4 მოვუგეთ. მე ჰეთ-თრიქი შევასრულე! ჰოდა, სწორედ იმ თამაშის შემდეგ შემარქვეს თანაგუნდელებმა „სტალიჩნი“.

…თბილისში ანდრო ჟორდანიამ ჩამომიყვანა. მაშინ აფხაზეთში ბევრი რუსული სკოლა იყო და არაერთმა მეგობარმა რუსეთს მიაშურა, თუმცა მე თბილისში წამოვედი. ჟორდანია ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დირექტორი იყო და სტიპენდიის სახით 800 მანეთიც დამინიშნა. მალე, როცა კარგად ავთამაშდი, გაიოზ ჯეჯელავასთან მიშუამდგომლა და 1956 წლის შემოდგომით დინამოში მოვხვდი. პირველად ძირითად შემადგენლობაში მოსკოვის ტორპედოს წინააღმდეგ ვითამაშე და გოლიც გავიტანე.

თბილისის დინამო

თბილისის დინამო 1959 წლის საფეხბურთო სეზონში: გუნდის კაპიტანი ავთანდილ ღოღობერიძე, სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, გივი ჩოხელი, ზაურ კალოევი, ჯემალ ზეინკლიშვილი, შოთა იამანიძე, გივი ხოჭოლავა, თენგიზ მელაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი

…1957 წელს დინამოში ჩავირიცხე და ხელფასიც დამინიშნეს – 1 300 მანეთი! ახალწვეულებს მეკარე ვლადიმერ მარღანია გვპატრონობდა – პატარა ბიჭებს თან გვყვებოდა, საერთო საცხოვრებელში დღეში რამდენჯერმე გვაკითხავდა და ყველანაირად ცდილობდა გუნდში მყარად მოგვეკიდა ფეხი. ისიც აფხაზეთიდან იყო და ძალიან კარგად იცოდა, თუ რამდენი წინაღობის გადალახვა უწევთ პატარა ბიჭებს, სანამ დინამოში ადგილს დაიმკვიდრებენ.

…ჩემი კერპი ბასა ღოღობერიძე იყო! საქმის ასეთი ერთგული, ცოტა თუ მინახავს. 1958 წელს, როდესაც დინამოს ძალიან უჭირდა, ღოღობერიძემ, ფაქტიურად, მარტომ გადაარჩინა გუნდი ლიგიდან გავარდნას! მის ოსტატობაზე ბევრს არ ვისაუბრებ, ამის შესახებ არაერთხელ დაწერილა. იცით, ბასას საოცარი მეხსიერება ჰქონდა, დაწვრილებით ახსოვდა ყველა თანაგუნდელის დებიუტი. ერთხელ ჩემი ის გოლი გაიხსენა, რომელიც არ მახსოვდა – დაწვრილებით ამიღწერა, როგორ შევაგდე ბურთი.

…დიღომში, გუნდის ბაზაზე არცთუ კარგ პირობებში ვცხოვრობდით. მეტწილად წვნიანს და ბორშჩს გვაჭმევდნენ. ხორცი იშვიათობა იყო, რძის ნაწარმსაც კი უხარისხოს გვაწვდიდნენ. ერთი პერიოდი ჩვენი მთავარი მწვრთნელი მიხაილ იაკუშინი თავზე ადგა მზარეულებს, რომ წესიერი საჭმელი მოემზადებინათ. ვინც თბილისელი იყო, სახლში მიდიოდა ნორმალურად რომ ეჭამა, ჩამოსულებს კი მეგობრები გვაკითხავდნენ და სასადილოდ მივყავდით.

…ის ცნობილი ფოტო, ჩემი სახელობის პლიაჟი რომ უწოდეს, ბელგიის ლა განტუაზთან თბილისში ამხანაგური შეხვედრის დროსაა გადაღებული. მახსოვს რომ 2:1 მოვიგეთ, მაგრამ რა ფინტი გავაკეთე, ან როგორ დავაწვინე იმდენი მცველი, ახლა ნაღდად არ მაგონდება. ფეხბურთელები ხშირად ინტუიციით ვგრძნობთ რა გავაკეთოთ, არამგონია ვინმე წინასწარ გეგმავდეს ამა თუ იმ ფინტს.

…ახლა არავის სჯერა, მაგრამ 60-იანი წლების ბოლომდე ჩემპიონატის და თასის გათამაშების გამარჯვებულებს ლამის წინასწარ ადგენდნენ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელები, მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნით, მხოლოდ დედაქალაქის კლუბები უნდა ყოფილიყვნენ – ყველა სხვა გუნდს თასამდე მისასვლელი გზა წინასწარ „მოჭრილი“ ჰქონდა. 1960 წლამდე მხოლოდ ორმა არამოსკოვურმა კლუბმა მოიგო ეს ჯილდო და თუ გარკვეულ დეტალებს გავითვალისწინებთ, მივხვდებით რატომაც: 1944 წელს გათამაშებაში ლენინგრადის ზენიტმა გაიმარჯვა – საბჭოთა ფეხბურთის მესვეურებმა ასე მიულოცეს გერმანელების ბლოკადის გარღვევა ლენინგრადელებს; 1954 წელს კი, უკრაინის რუსეთთან შეერთების 300 წლის იუბილე აღინიშნა და ტურნირშიც კიევის დინამომ „გაიმარჯვა“.

…1960 წელს ჩვენმა დინამომ ფინალში მოსკოვის ტორპედოს წინააღმდეგ ითამაშა. მაშინდელი ტორპედო ძლიერი გუნდი იყო: ვალერი ვორონინი, გენადი შუსტიკოვი, ნიკოლოზ მანოშინი და რა თქმა უნდა, სლავა მეტრეველი – ის კლუბის ლიდერი იყო! ფინალის წინ მსაჯი შეცვალეს, ცაპოვეცკი დაგვინიშნეს, რომელმაც 25-ე წუთზე ჩვენს კარში საეჭვო პენალტი დანიშნა, სამაგიეროდ, შოთა იამანიძე რომ წააქციეს საჯარიმოში, ვითომც არაფერიო, თამაში გააგრძელა. რა თქმა უნდა, დამატებულ დროში დასანანი გოლი გავუშვით, მაგრამ მსაჯის არაობიექტურობამ უფრო ცუდად იმოქმედა. მას შემდეგ ცაპოვეცკის გვარს თბილისში მხოლოდ ცუდ კონტექსტში იხსენიებდნენ.

…1963 წელს, როცა სლავა მეტრეველი მოსკოვის ტორპედოდან ჩვენთან გადმოვიდა, გუნდმა ტაქტიკური განლაგება შეცვალა – 4-2-4-ით ავთამაშდით. მეტრეველი დინამოში ძმების, ოთარ და ირაკლი ლაზიშვილების ძალისხმევით მოვიდა. ლაზიშვილებს ძალიან უყვარდათ დინამო, შეძლებულებიც იყვნენ და ფეხბურთელებს დიდად გვეხმარებოდნენ. მათი მოლაპარაკება სლავასთან თითქმის ერთ წელიწადს გაგრძელდა.

…იცით როგორი ბუცები გვეცვა? „შიპები“ ლურსმნებით იყო ჩამაგრებული, რომელიც დროდადრო ტერფებში გვერჭობოდა! ახლანდელ ბუცებს ვერც შევადარებ იმას, რაც ჩვენ გვეცვა – როგორც ცა და დედამიწა, ასეთი სხვაობაა. ჩვენ დროს ბუცი რომ დასველდებოდა, ლამის ორ კილოგრამს იწონიდა! წვივსაფრებს არ იკითხავთ? ბამბუკისგან იყო დამზადებული, ბურთები კი, მტრისას, თუ წვიმაში თამაში გიწევდა – თავით რომ გეთამაშა, ტვინის შერყევა გამოწერილი გქონდა!

…მაყურებელთა რეაქცია ყოველთვის მოქმედებდა ჩემზე და ალბათ, მთლიანად გუნდზეც. იყო შემთხვევა, წაგების შემდეგ ტაშითაც გავუცილებივართ ქომაგებს, მაგრამ გვქონია მატჩები, როცა მოგებულები ვტოვებდით მინდორს, მაგრამ ხალხი სტვენით გვაცილებდა. ერთ ისტორიას მოგიყვებით: მორიგი თბილისური მატჩის შემდეგ, რომელშიც გივი ჩოხელმა არცთუ კარგად ითამაშა, მთხოვა მამაჩემი სახლში წაიყვანეო. ჩავისვი ბატონი დიმიტრი მანქანაში და ეს მოქეიფე, ორმეტრიანი კახელი კაცი გზაში მეუბნება: შენ ძმაკაცს უთხარი ფეხბურთს თავი დაანებოს! რატომ-მეთქი, ვკითხე. კაცო, ერთი ცოლი მყავს და დღეს მთელმა სტადიონმა გინებით ზედ გადაუარა, ამას მე ვერ ავიტანო.

…ვოინოვთან დაკავშირებული ამბავი? კი, იყო ასეთიც. ის წესიერი, ინტელიგენტი კაცი იყო და ჩინებულადაც თამაშობდა, არ იყო „ბინძური“ ფეხბურთელი, მაგრამ შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატიდან მცირე ხანში, როცა მინდორზე შევხვდით, ზედიზედ მომცელა. კორექტული მოთამაშე იყო, მისგან ასეთ რამეს არ ველოდი და ხუმრობით ვკითხე, რა გვარი ხარ, ადრე რომელ გუნდში თამაშობდი-მეთქი? იუმორს ვერ მიმიხვდა, ხასიათი წაუხდა და თანაგუნდელს, ყოფილ თბილისის დინამოელს იურა გრამატიკოპულს გასძახა: იურა, ბარქაია რა, ვერ მცნობს?! ამასობაში მსაჯიც მოვიდა და იმასაც ხუმრობით ვკითხე: თუ შეიძლება მითხარით, ეს ნომერი ხუთი ვინაა, შარშან სად გამოდიოდა-მეთქი? გაოცებული არბიტრი ისე დაიბნა, ჯარიმა ჩვენს საწინააღმდეგოდ დანიშნა. იმ მომენტის მერე ვოინოვი გონს ვერ მოეგო.

…საბჭოთა კავშირის ნაკრებში პირველად 1965 წელს, დანიასთან მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მიხმეს – ნიკოლაი მოროზოვმა თავდასხმაში მე, მიშა მესხი, სლავა მეტრეველი და მოსკოვის ტორპედოელი ვალენტინ ივანოვი დაგვაყენა. 6:0 მოვიგეთ, მე კი 2 გოლი გავიტანე! ამას გარდა, ვალერი ვორონინმა ჩემი პასით შეაგდო გოლი. კარგად ვითამაშე და მოროზოვმა გუნდში დამტოვა – ზუსტად ერთ კვირაში მოსკოვში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ბრაზილიის ნაკრებს ვხვდებოდით.

…1965 წელს ბრაზილიელებმა საუკეთესო შემადგენლობა ჩამოიყვანეს: ჯალმა სანტოსი, ჟერსონი, ჟაირი, გარინჩა და, რა თქმა უნდა პელე! ამ გუნდის დამარცხება, წარმოუდგენელი იყო – ჩვენ, ფეხბურთელები იმითაც ბედნიერები ვიყავით, რომ მათ წინააღმდეგ გავდიოდით მოედანზე, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, მოროზოვის „აზრი“ იყო: თამაშის წინ გვითხრა, ეს მატჩი არ უნდა მოვიგოთ, თორემ კრემლი საგაისოდ მსოფლიო თასის მოგებას-მომთხოვსო! როგორია?!

ბარქაიას პლაჟი

1959 წლის 22 მაისს, გივი კიკვაძის მიერ გადაღებულ ამ ულამაზეს ფოტოს გულშემატკივრებმა „ბარქაიას პლაჟი“ უწოდეს. იმ დღეს თბილისის დინამომ ამხანაგურ შეხვედრაში ბელგიის ლა განტუაზს უმასპინძლა და ზაურ კალოევის და თენგიზ მელაშვილის გოლების 2:1 გაიმარჯვა

…პელე? მისი გამჩერებელი არავინ იყო: იმ შეხვედრაში თავად ხომ შეაგდო, ერთიც ფლავიოს გაატანინა. ბრაზილიელებმა ის თამაში 3:0 მოიგეს. ჟორა სიჭინავა პელეს მეურვეობდა, პირველ ტაიმში კუდში დასდევდა და ამიტომ, არ ჩანდა. ვუყურე, ვუყურე და გავძახე: ჟორა, შეეშვი მაგ კაცს, მაინც ვერ დაიჭერ, შენ თამაშს მიხედე-მეთქი! დამიჯერა და მართლაც, ამის მერე უკეთ ათამაშდა, ორჯერ ძალიან სახიფათოდაც დაარტყა – ერთხელ მანგამ აუღო, მეორედ ხარიხას მოარტყა ბურთი.

…მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გავედი მინდვრიდან. იმ ცნობილ ფოტოზე, სადაც ყველა ქართველია პელესთან ერთად, სწორედ ამიტომ არ ვარ აღბეჭდილი.

…ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? პელე – ის შეუდარებელი იყო! სანამ მის თამაშს ცოცხლად, საკუთარი თვალით ვნახავდი, მეგონა რომ ფეხბურთის რამე გამეგებოდა, მაგრამ რაც მაშინ მოსკოვში, ლუჟნიკებზე ვიხილე, ამის აღწერა შეუძლებელია, პელე ზღაპრული იყო!

…ერთხელ ზაარბრიუკენში ვეტერანთა მატჩი გაიმართა. ერთ-ერთ გუნდს ალფრედო დი სტეფანო წვრთნიდა. მატჩის შემდეგ ბანკეტზე მიმიწვიეს და რამდენიმე წუთით დი სტეფანოს გავესაუბრე. მისეული მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთი იყო: გარინჩა, დიეგო მარადონა და პელე.

…ფეხბურთს თავი 1967 წელს დავანებე. იმ დროს მენისკიც მაწუხებდა და სანამ ტრიბუნები სტვენას დამიწყებდნენ, წასვლა გადავწყვიტე – 29 წლის ვიყავი. მაშინ დინამოს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა, რომელმაც ერთ-ერთ მწვრთნელად დამტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთიდან წასული ვიყავი, 1968 წელს, როცა გუნდი აზიურ ტურნეში წავიდა, 2 მატჩში მეც ვითამაშე და გოლებიც გავიტანე.

…კურიოზი? ბევრი იყო, მაგრამ ერთს გავიხსენებ – ბირმაში ვართ საერთაშორისო ტურნეში. ერთ-ერთ მატჩს ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრო და ისე მოეწონა ფეხბურთი, რომ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გუნდებს თამაშის გაგრძელება გვთხოვა. ძლივს გააგებინეს, რომ ასეთი რამ არ შეიძლებოდა.

…მესხთან და მეტრეველთან გამორჩეულად ვმეგობრობდი. ჩვენი ურთიერთობა დინამოს შემდეგაც გაგრძელდა. ხშირად, როცა თბილისში ჩამოვდიოდი, მიშას სახლში ვჩერდებოდი, მერე სლავაც მოდიოდა და იყო ერთი ქეიფი და დროსტარება! ცხადია, ფეხბურთზეც ვსაუბრობდით. დინამოდან ნაადრევად წასვლა ყველას გულს გვტკენდა, მაგრამ ყველაზე ძალიან ამაზე მაინც მიშა დარდობდა – ის ხომ უბრალოდ აიძულეს დინამოდან წასულიყო.

…მიშა გულიანი კაცი იყო, პირდაპირი. თავისებური იუმორი ახასიათებდა და ვიწრო წრეში უყვარდა მოლხენა. უცნაური ნიჭი ჰქონდა – ეგრევე ხვდებოდა, რა კაცთან ჰქონდა საქმე. თუ იტყოდა, ცუდი ადამიანიაო, მალე ყველა რწმუნდებოდა ამაში… სლავა გამორჩეულად უყვარდა! ხუმრობდა ხოლმე, სლავას სახინკლე აქვს, მაგრამ მაინც ჩემთან მოდის სასადილოდო.

…სლავა თავმდაბალი კაცი იყო, ალკოჰოლი არ უყვარდა და თუ შესვამდა, მხოლოდ ორ ჭიქას. უყვარდა თეატრი, ხშირად ესწრებოდა სპექტაკლებს. ერთი ხანობა მწვრთნელობა გადაწყვიტა, მაგრამ ვერ გაძლო და შეეშვა – ზედმეტად პატიოსანი და ალალი იყო ამ საქმისთვის. ერთი პერიოდი სასტუმრო აფხაზეთის დირექტორი იყო, მაგრამ მოხსნეს. წლების შემდეგ, როცა მატერიალურად გაუჭირდა, კახი ასათიანმა გაუწოდა დახმარების ხელი. სხვებიც ეხმარებოდნენ: კოტე სალია, ბენო ლაბარტყავა, ოთარ ცინცაძე. სლავას ცნობილი სახინკლე 90-ების დასაწყისში, თბილისის ომის დროს დაწვეს.

…მესხის გარდაცვალება სლავამ ვერ გადაიტანა და მალე ექიმებმა მასაც მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. სიცოცხლის ბოლო წლებში მეტრეველი გულგატეხილი იყო, საჭმლის ფული უჭირდა. მისმა ვაჟმა სერგეიმ თბილისში სამსახური ვერ იშოვა და სოჭში გადავიდა. გეცოდინებათ, სოჭის მთავარი სტადიონი დღეს სლავა მეტრეველის სახელობისაა.

…დინამოდან წასვლის შემდეგ გაგრაში გადავედი – იქ დავიბადე და გავიზარდე, ყოველთვის მინდოდა შინ დაბრუნება, წლების მანძილზე ალახაძეში დინამოს საწვრთნელი ბაზის დირექტორი ვიყავი.

…ზაფხულობით გაგრაში ხშირად ჩამოდიოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები. ლევ იაშინთან და ედუარდ სტრელცოვთან ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას ვმეგობრობდი და ეს ურთიერთობა არც შემდეგ წლებში შეგვიწყვეტია. ფეხის ამპუტაციის შემდეგ იაშინი პირველად რომ ჩამოვიდა გაგრაში, თავი ვერ შევიკავე, ცრემლი მომადგა: დავინახე ტრაპზე მეუღლის დახმარებით ჩამოდიოდა და ზურგი ვაქციე, მან კი იფიქრა, რომ ვერ ვიცანი და თავად გამომძახა, სიომა, რა იყო კაცო, ძველ მეგობარს ვერ ცნობო. არაფერი შევიმჩნიე, მაგრამ ძალიან დამწყდა გული. იაშინს თევზაობა განსაკუთრებით უყვარდა – ჟორა სიჭინავას და მე ხშირად დაგვყავდა ბზიფის ხეობაში და რიწის ტბაზე სათევზაოდ.

…1992 წლის 14 აგვისტოს თბილისში საქმეზე გადმოვფრინდი. ეგ იყო და ეგ – მას შემდეგ გაგრაში ფეხი არ დამიდგამს. ცოტა ხანში გავიგე, რომ ჩემს სახლში ვიღაც სილაგაძე შესულა. არ ვიცი ახლა რა დღეშია იქაურობა, ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო… მაგრამ არ გამომდის. როგორია, ერთ დღეში რომ დაკარგავ ორ სახლს სოხუმსა და გაგრაში?!

…საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საკავშიროს რომ გამოეყო, ჩემო აზრით, ეს სწორი ნაბიჯი იყო. ადრე თუ გვიან ასეც მოხდებოდა. სამწუხარო ის კი არაა, 1990 წლის დასაწყისში რომ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად სვლა, გულსატკენი ისაა, მას შემდეგ მეოთხედი საუკუნე რომ გავიდა და დღემდე კეთილმოწყობილი მოედნები რომ არ გვაქვს!

…წლების წინ გერმანიაში ვცხოვრობდი. იქ ვნახე, თუ როგორ აფასებდნენ ვეტერანებს: მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონებს ხშირად იწვევდნენ ტელეგადაცემებსა თუ რეკლამებში, სიცოცხლეშივე აფასებდნენ, სახელმწიფო მათ ყველანაირად მხარში ედგა… ამიტომაც იყო ის ხალხი დღეგრძელი, ჩვენთან კი? მიშას და სლავას ამბები არ კმარა ყველაფრის მისახვედრად? მერე გვიკვირს, რომ 1964 წლის გუნდიდან დღეს მხოლოდ სამნიღა ვართ ცოცხალი…

ვლადიმერ ბარქაია
დაიბადა 1937 წლის 29 ივლისს
1957-67 წლებში თბილისის დინამოს თავდამსხმელი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1964; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1959, 1962, 1967; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა: #2 – 1964; სსრკ სპორტის ოსტატი – 1964; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1969; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2014
სსრკ-ს ნაკრებში: 2 მატჩი, 2 გოლი (1965)

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian