კარიერა ფრაზებში #23: გრიგოლ ცაავა

1976-ში დაწყებული და 1981 წელს თასების თასის მოგებით დასრულებული დაუვიწყარი 5 წლის შემდეგ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები დიდი იმედებით ხვდებოდნენ 80-იან წლებს.
დინამოში კარგი ბიჭები მივიდნენ, ნოდარ ახალკაცმა ძირითად შემადგენლობაში ნელ-ნელა დააწინაურა ზაურ სვანაძე, ნუკრი კაკილაშვილი, ვაჟა ჟვანია, გრიგოლ ცაავა, მაგრამ 1982 წლის მიწურულს და 1983 წლის დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა ბედის ჩარხი უკუღმა დაატრიალა: ჯერ იყო და ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა დავით ყიფიანმა, წლის მიწურულს, დეკემბრის იმ ავადსახსენებელ დღეს კი დინამოს მთავარი საყრდენი ვიტალი დარასელია გამოეცალა, ის, ვისზეც შენდებოდა ახალი გუნდი.
80-იანი წლების დინამოს ერთ-ერთი ლიდერი უნდა ყოფილიყო გრიგოლ ცაავა, რომლის შესახებ ნაპოლის დიდებული ნიდერლანდელი მცველის რუდი კროლის ნათქვამი, „ეს ბიჭი დროზე ათამაშეთ ნაკრებში, თორემ გახდება ჩემხელა და არაფრის თავი აღარ ექნებაო“, დღეს ყველა გულშემატკივარმა ზეპირად იცის.
ცაავას დინამო დიდი ტკივილია. ისევე როგორც ცაავა, ტექნიკური და ლამაზი ფეხბურთელი. გულდასაწყვეტია, რომ აფხაზეთიდან წამოსული კიდევ ერთი ნიჭიერი კაცის კარიერა ქართული ფეხბურთის დაღმასვლას დაემთხვა.

…მე-3 კლასში ვიყავი ვარჯიში რომ დავიწყე, თორემ ეზოში ფეხბურთს 5 წლიდან ვთამაშობდი. პირველად მშობლიურ სოხუმში, ნორჩ დინამოელში მივედი, მწვრთნელი გიორგი იოლჩიდი იყო… 4 წელიწადში, მეშვიდეკლასელი, უკვე რესპუბლიკის მოსწავლეთა ნაკრებში ვთამაშობდი. იქ თენგიზ კუბლაშვილი და გივი მუმლაძე მავარჯიშებდნენ. ის გუნდი უზბეკეთში, ტაშკენტში დაგეგმილი მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადისთვის შეიქმნა. მაშინ, 1976 წლის ზაფხულში, ცუდად არ გვითამაშია, III ადგილი დავიკავეთ.

…1978 წელს დინამოს სტადიონზე ოთხთა ტურნირი გაიმართა. იმ დროს უკვე თბილისში, 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდში ვთამაშობდი. ჩვენთან ერთად საქართველოს ჭაბუკთა, ვეტერანთა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები ასპარეზობდნენ. ტურნირის საუკეთესო მცველად დამასახელეს. წლების მერე შევიტყვე, რომ სწორედ მაშინ შემამჩნია ნოდარ ახალკაცმა, 16 წლის ვიყავი.

…საუკეთესო მცველიო, რომ ვახსენე, არ გაგიკვირდეთ, თავიდან მცველი ვიყავი, ეს მერე შემიცვალა ამპლუა ახალკაცმა. სხვათა შორის, ცხონებულ ფარსადანოვიჩთან მცველად არასდროს მითამაშია – სულ წინ მაყენებდა, ჯერ თავდამსხმელად, მერე კი ცენტრში, ფორვარდების უკან.

…როცა გივი მუმლაძემ მითხრა, ახალკაცი ბაზაზე გიბარებსო, ვერ დავიჯერე, ძალიან ავღელდი. დიღომში რომ მივედი, უარესი დამემართა – ბაზის კარი შევაღე და… უცებ წარმოვიდგინე, რომ იმ ხალხთან ერთად უნდა მევარჯიშა, მზე და მთვარე რომ ამომდიოდა! 1979 წლის 5 იანვარი იდგა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი დინამო ტუნისში იყო სეზონისწინა შეკრებაზე და იმ დღეს მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს მოვკარი თვალი. ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ კარი გამომეხურა და უკან დავბრუნებულიყავი. ეს ნამდვილად არ იყო შიში, მაგრამ ის გრძნობა მაინც ვერ დავძლიე.

…დინამოს მაისური პირველად ლესელიძეში, საკონტროლო შეხვედრებში მოვირგე. ჩემთან ერთად უმცროსი მიშა მესხი, ვაჟა ჟვანია, ტარიელ დურდიაძე, გოჩა ჯოხაძე, ნუკრი კაკილაშვილი, დიმიტრი მეშკოვი, გია გურული, კობა ჟორჟიკაშვილი და მერაბ ჟორდანია თამაშობდნენ, გუნდს კი გივი ნოდია და სერგო კუტივაძე ხელმძღვანელობდნენ. კარგი ბიჭები იყვნენ, მაგრამ მესხისთანა ნიჭიერი – არცერთი!

…პირველ გუნდამდე დუბლშემადგენლობა იყო. ჩემი დებიუტი დიდ ფეხბურთში, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ დუბლებში შედგა – თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე დონეცკის შახტიორს 4:1 მოვუგეთ. იმ შეხვედრაში ვახტანგ კოპალეიშვილმა 2 გოლი ჩემი პასებით გაიტანა. ამპლუა ამ თამაშის შემდეგ შევიცვალე – მატჩის მერე ახალკაცმა მითხრა, პასები კარგად გამოგდის და მოდი, წინ თამაში ვცადოთო.

…ვინ იყო იმ დინამოს ავტორიტეტი? რა თქმა უნდა ახალკაცი! პირველად რომ შევხვდი, მცირე ხანს, მაგრამ თბილად მელაპარაკა. პრინციპში, ყოველთვის ასე მექცეოდა. მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი.

…ახალკაცი ფეხბურთელებთან დისტანციას ინარჩუნებდა. მე თუ მკითხავთ, ეს აუცილებელია. ნებისმიერ კლუბში უნდა არსებობდეს ვარსკვლავსა და ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის ზღვარი – შენ რომ კერპს პატივი არ სცე, მერე დიდი შანსია, შენც აღარ გცენ პატივი ახალბედებმა და სიტუაცია აირევა. ფარსადანოვიჩს კარგად ჰქონდა საქმე დაყენებული და თვითონ ფეხბურთელებმაც იცოდნენ თავის თავისა და ფეხბურთელობის ფასი.

…ზევიდან ყურება ან მსგავსი რამ ჩვენთან არ ყოფილა, პირიქით, ვეტერანებისგან მხოლოდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. მანუჩარ მაჩაიძე კაპიტანი და ლიდერი იყო: სულ კითხულობდა ან ჭადრაკს თამაშობდა; ვოვა გუცაევი უმცროსებს თან გვათამამებდა, თან გვაშაყირებდა; დათო ყიფიანი ახალ-ახალ ამბებს გვიყვებოდა… მოკლედ, ძალიან შეკრული და მეგობრული იყო ის დინამო.

…პირველ გუნდში დებიუტი გუშინდელივით მახსოვს: 1979 წელს თბილისში მოსკოვის ცსკა-ს ვხვდებოდით და ახალკაცმა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შემიშვა. ერთადერთხელ მივიღე ბურთი, ის თამაში კი, თუ არ ვცდები, 4:1 მოვიგეთ.

თბილისის დინამო 1982

თბილისის დინამო 1982 წელს უკანასკნელად მოხვდა საკავშირო ჩემპიონატის პირველ ხუთეულში. გრიგოლ ცაავა რამაზ შენგელიასა და ვიტალი დარასელიას შორის

…ძირითად შემადგენლობაში პირველად თბილისში, დონეცკის შახტიორთან 3:0 მოგებულ მატჩში გამოვჩნდი. დუბლშემადგენლობა ერთი დღით ადრე თამაშობდა, ამიტომ, როცა განაცხადში ჩემი თავი ვერ ვიპოვე, ძალიან გამიკვირდა. უცბად ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მერე კი ცხონებულმა გივი ნოდიამ მითხრა, პირველ გუნდს კრება აქვს, იქ მოდიო. ახალკაცმა ძირითად შემადგენლობაში დამასახელა, ბურთი კი თამაშში მე და დათო ყიფიანმა შევიყვანეთ! დაუვიწყარი წუთები იყო, სრულიად განსაკუთრებული, ჯერ არ განცდილი ემოცია! სამივე გოლი ცხონებულმა რამაზ შენგელიამ შეაგდო, თუმცა დანარჩენებმაც ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ალბათ, ეს იყო ჩემი პირველი კარგი გამოსვლა დინამოში.

…1980 წელს დუბლების ჩემპიონატში 24 გოლი გავიტანე და ბომბარდირი გავხდი. ეს იყო ჩემი პირველი წარმატება იყო დინამოში.

…1981 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიხმეს, მანამდე კი ჭაბუკთა გუნდი იყო. სამწუხაროდ, ვერცერთი გამოდგა წარმატებული – საკვალიფიკაციო ეტაპზე ვმარცხდებოდით. ერთხელ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდულ ნაკრებს ვძლიეთ 4:1. იმ მატჩში პატარა მიშამაც ითამაშა და დათო პაიკიძემაც – სამნი ვიყავით დინამოდან. ის შეხვედრა წლების მერე გაიხსენა რალფ მინგემ, რომელიც ჩვენ ეროვნულ ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერის თანაშემწე იყო, მე კი ფედერაციაში ვმუშაობდი. თურმე მეტოქეები ვყოფილვართ…

…სულ მინდოდა დათო ყიფიანივით მეთამაშა. ერთხელ, მორიგი თამაშის შემდეგ, ყიფო ავტოგრაფებს არიგებდა. კაი ხანს ვუცქერდი, მერე მივედი და ვუთხარი, დავიდიჩ, მეც მინდა შენნაირი მოთამაშე გავხდე, ავტოგრაფები დავარიგო-მეთქი. მომიტრიალდა და მითხრა: ძალიან კარგი ასე რომ ფიქრობ, ეცადე და გამოგივაო… გარდა იმისა, რომ დათო ბრწყინვალე მოთამაშე იყო, კარგი კაციც გახლდათ.

…1981 წლის სექტემბერში მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის ტურნირში ვითამაშეთ. ნახევარფინალი რეალთან 2:4 წავაგეთ, მერე მიუნხენის ბაიერნს 2:1 ვაჯობეთ და III ადგილი დავიკავეთ. თასიც გადმოგვცეს. გუნდში ყველაზე უმცროსი ვიყავი და ახალკაცმა ჯილდო მე ჩამაბარა, მიხედეო. ესპანეთიდან თბილისამდე თავს დავკანკალებდი – რამე არ მოუვიდეს, არ გატყდეს, არ გაფუჭდეს… ჩამოვედით თბილისში და იცით რამდენი პატრონი გამოუჩნდა  თასს? ყველას საშა ჩივაძემ აჯობა, კაპიტანი იყო მაინც… სტაცა ხელი, შემართა და ასე გავიდა ტრაპზე.

…ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ სანტიაგო ბერნაბეუს დონის არენა არ მინახავს, ზღაპარი იყო! ისეთი ბალახი ვნახე, ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი მინდორზე!

…მადრიდში დინამოს და ბაიერნის ფეხბურთელები ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. სულ იმას ვფიქრობდი, ნეტა სადმე რუმენიგე შემხვდეს-მეთქი. მაშინ ის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული. ერთხელაც ლიფტით ჩავდივარ, კარი იღება და იქ არ დგას ეს შენი რუმენიგე?! ახლა წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: პატარა ბიჭი ვარ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ლიფტში რუმენიგესთან ერთად ვდგავარ! გამოლაპარაკება, ხელის ჩამორთმევა და ასეთი რამე ტყუილია, არ ვარ ამის გამკეთებელი… დაუვიწყარი წამები იყო!

…1982 წლის სეზონში ძირითადის უცვლელი წევრი ვიყავი: 32 შეხვედრაში 9 გოლი შევაგდე და სეზონის ბოლოს 33 საუკეთესოს სიაშიც დამასახელეს. რამაზ შენგელიამ საკავშირო პირველობებზე მე-100 გოლი სწორედ იმ ჩემპიონატში გაიტანა  და ეს ჩემი პასით გააკეთა. ამით დღემდე ვტრაბახობ!

…დასაევის კარში გატანილ გოლს რა დამავიწყებს?! ის შეხვედრა მანეჟში ჩავატარეთ, იქ კი სპარტაკი უძლეველი იყო. 0:2-ზე ჩივაძემ დამიგორა ბურთი, მეც ბევრი არ მიფიქრია და პირდაპირ დავარტყი. ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და მერე შევარდა კარში, მართლა ეფექტური გოლი გამოვიდა! თამაშის შემდეგ, გასახდელისკენ რომ მივდიოდი, მხარზე ხელის მოთათუნება ვიგრძენი. ავხედე და დასაევი იყო, გაკვირვებული მაკვირდებოდა. მერე ხელები გადაატრიალ-გადმოატრიალა და გასახდელში გაუჩინარდა.

გრიგოლ ცაავა

მათ დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ… დიღომში, დინამოს საწვრთნელ ბაზაზე: მიხეილ მესხი უმცროსი და გრიგოლ ცაავა

…ყველაზე ცუდი მოგონება? ოდესის ჩერნომორეცთან გასვლით შეხვედრაში ერიომინმა რომ ფეხი მომტეხა, აი, ისაა ჩემი კოშმარი. მაშინ ასეთი წესი იყო: ფეხის მოტეხვის შემთხვევაში საქმე სასამართლოში უნდა გარჩეულიყო და დამნაშავეს დაზარალებულისთვის ოპერაციის და სხვა ხარჯები უნდა აენაზღაურებინა. ერიომინის დედისგან წერილიც მივიღე, ჩემ ამბავს კითხულობდა… სასამართლოზე უარი ვთქვი, არაფერი მინდა, თავი გამანებეთ-მეთქი. ისე, ერიომინი არ იყო ძვლისმკვნეტელი, ასე ვთქვათ „კასტალომი“. ასეთები უფრო მოსკოველები ნიკულინი და ნოვიკოვი იყვნენ – პირველივე წუთიდან ფეხში გირტყამდნენ. თუ ვგრძნობდი, რომ მჩაგრავდნენ, დასახმარებლად სულაქველიძესთან და ჩელებაძესთან გავრბოდი – ისინი იყვნენ ასეთების „წამალი“.

…იმ ტრავმის შემდეგ 5 თვე ვერ ვითამაშე. როცა გუნდში დავბრუნდი, დინამოს უკვე დათო ყიფიანი წვრთნიდა. ტრავმამოშუშებულმა პირველად კიევის დინამოს წინააღმდეგ ვითამაშე – ფეხბურთს დანატრებული ვიყავი და ბევრს „ვმატაობდი“. თუ არ ვცდები, ის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, ერთი გოლი კი თემურ ქეცბაიამ ჩემი ჩაწოდებული კუთხურიდან გაიტანა.

…უხერხული მოწინააღმდეგე, ვისთანაც თამაში მიჭირდა, ნამდვილად არ მახსენდება, მაგრამ ერთი კია, რომ ხარკოვის მეტალისტთან ასპარეზობა არ მიყვარდა. ეს იყო გუნდი, რომელსაც წესიერად თამაში არ შეეძლო და არც თავად გაძლევდა ამის საშუალებას. მოკლედ, ხარკოველებთან 90 წუთი წვალება იყო.

…არაერთ ინტერვიუში მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: გოლზე დიდ სიამოვნებას საგოლე პასი მანიჭებდა. და სხვათა შორის, პატარაობიდანვე ასე ვიყავი.

…როცა გაირკვა, რომ დათო ფეხბურთიდან მიდიოდა, ყველა ალაპარაკდა, ყიფიანი ცაავამ უნდა შეცვალოსო. არ დავმალავ: გუნდში მაგრძნობინებდნენ, რომ მოედანზე მის ადგილას უნდა მეთამაშა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და არაფერს ვიშურებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. რატომ? არ ვიცი რის ბრალია, ალბათ, პირველ რიგში, სიზარმაცემ გამოიწვია ყველაფერი: არასაკმარისმა შინაგანმა რეჟიმმა, შეიძლება მორცხვობამაც, ეგებ არეულ-დარეულმა დრომ, ტრავმასაც ნუ გამოვრიცხავთ… მოკლედ, მიზეზების ჯაჭვია.

…ხშირად უთქვამთ, რომ მარცხენა ფეხით უკეთ ვთამაშობდი. მწვრთნელებსაც მიუთითებიათ, თანაგუნდელებსაც, რომ მარჯვენისთვის მეტი ძალა დამეტანებინა, მაგრამ რა ვქნა, ვერაფერი მოვახერხე. იმას კი არ ვამბობ, რომ ვზარმაცობდი, უბრალოდ, ბოლომდე ცაციად დავრჩი.

…საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში ვითამაშე. პირველი სეზონი იბერიად წოდებულ დინამოში, მერე კი სოხუმის ცხუმშიც. აფხაზეთის ომის პერიოდში გია ყარყარაშვილმა თეთრი არწივი ჩამოაყალიბა და იქაც ვიყავი, ჩვენ I ლიგაში გამოვდიოდით.

…ვისთვის ვთამაშობდი? არ იფიქროთ, რომ ვპოზიორობ, მაგრამ ქართველი ხალხისთვის და სამშობლოსთვის. ბუნებრივია, საკუთარი სიამოვნებისთვისაც, ჩემი სოხუმელებისთვის, ახლობლებისთვის, ყველასთვის, ვინც მიყვარდა და ვისაც პატივს ვცემდი.

…აფხაზეთის ომზე საუბარი არ მიყვარს და ყოველთვის თავს ვარიდებ ამ თემას. იცით, სოხუმში მე ჩემ სახლში ვიყავი, მიყვარს აფხაზები და მინდა, რომ ეს პრობლემა უმტკივნეულოდ გადაწყდეს. ეს არის ორი ძმის პრობლემა და ჩემი აზრია, რომ ის მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ ქართველების და აფხაზების პირისპირ საუბრით. მესამე ძალა ამ საქმეში ზედმეტია.

…იმის მიუხედავად, რომ დასახულ სიმაღლეებს ვერ შევწვდი, საქართველოდან წასვლა არც მიფიქრია. ვიცი, რომ სხვაგან ვერ გავძლებ. აქ ჩემი ხალხია, აქ გავიზარდე, კაცად ვიქეცი და მინდა, რომ ბოლომდე ამ ქვეყნისთვის დავიხარჯო. ეგებ სხვაგან უფრო კომფორტულად ვყოფილიყავი, მაგრამ მხოლოდ ფუფუნება ხომ არაა ეს ცხოვრება? სოხუმიდან ვარ, უამრავ კეთილ სოხუმელს ვიცნობ, რომლებსაც სახლი და ქონება წაართვეს, მაგრამ მთავარი – ღირსება და მომავლის რწმენა, ვერა. სწორედ ასეთი ადამიანების შემხედვარე ვარ სამშობლოში.

გრიგოლ ცაავა
გრიგოლ ცაავა
დაიბადა 1962 წლის 5 იანვარს
1979-87 (პირველი ნახევარი), 1988 (მეორე ნახევარი)-90 წლებში თბილისის დინამოს ნახევარმცველი და თავდამსხმელი. თამაშობდა ლანჩხუთის გურიაში (1987-88), სოხუმის ცხუმში (1990-91) და თბილისის თეთრ არწივში (1992-93)
ტიტულები: სსრკ-ს ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა: #3 – 1982; სპორტის ოსტატი

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian