კარიერა ფრაზებში #26: გიორგი ნემსაძე

1997 წლის 24 სექტემბერს, საფრანგეთი 98-ის შესარჩევში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიშინიოვში მოლდოვა 1:0 დაამარცხა. გიორგი ნემსაძემ იმ დღეს პირველად მოირგო ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის კაპიტნის სამკლაური.
იმ თამაშის შემდეგ გიორგიმ კიდევ უამრავჯერ ითამაშა ნაკრებში, უკანასკნელი 69-ე მატჩის შემდეგ კი ის ეროვნულის რეკორდსმენი გახდა ჩატარებული თამაშების მიხედვით.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მან არაერთი კლუბის მაისური მოირგო, ითამაშა გერმანიაში, თურქეთში, შვეიცარიაში, იტალიასა და შოტლანდიაში, 2004 წლის შემოდგომით კი თბილისის დინამოს უეფას თასის ჯგუფურ ტურნირში კაპიტნად შეუძღვა და მალე კარიერაც დაასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის კარიერას გაზეთ ლელოში, სარბიელში და სხვა ქართულ სპორტულ გამოცემებში გამოქვეყნებული მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ.

…მამაჩემი, ვაჟა ნემსაძე თბილისის დინამოს დუბლებში თამაშობდა. ამბობენ ნიჭიერი ფეხბურთელი იყოო, მაგრამ ამაზე არაფერს ვიტყვი. კარიერა 22 წლისამ დაასრულა – მენისკის ოპერაცია გაიკეთა და მისი ფეხბურთიც მაშინ დამთავრდა.

…ფეხბურთზე შეყვანა სწორედ მას ვთხოვე. 1977 წელს ნაძალადევში, ცნობილ „ტრიკოტაჟკას“ სტადიონზე ერთი წლით უფროსმა ბიჭებმა დაიწყეს ვარჯიში. მეც ძალიან მინდოდა და მამას შევუჩნდი. თავიდან იუარა, მაგრამ მერე ჩემი გავიტანე. პირველი მწვრთნელები ჟანი ლეჟავა და ვანო შუდრა იყვნენ.

…მამა თამაშებს არასდროს აცდენდა. დილიდან საღამომდე დამდევდა, გადაყოლილი იყო კაცი! ეგ კი არა, ლანჩხუთში რომ გადავედი – გურიაში, ცდილობდა იქაური მატჩებიც არ გამოეტოვებინა.

…მოგვიანებით ნორჩ დინამოელში მივედი რევაზ გაგუასთან. ის ძალიან ძლიერი სპეციალისტი იყო, ჩემთან ერთად კი კაკო დევაძე, გოჩა გუჯაბიძე, დათო ყიზილაშვილი, გოგა ხურცილავა, სოსო ბარამიძე და ანდრო ნინიადისიც თამაშობდნენ. მოგვიანებით ანდრო საბერძნეთში წავიდა და ნაკრებშიც მოხვდა… ჩვენმა ნორჩმა დინამოელმა ერთხელ გერმანიის ქალაქ ჰომბურგში დიდი საერთაშორისო ტურნირი მოიგო: აიაქსს, ბაიერნს და ფეიენოორდს ვაჯობეთ, ფინალში კი ჩეხოსლოვაკიის 17-წლამდელთა ნაკრები დავამარცხეთ.

…იმ ტურნირზე გუნდს ნოდარ აკობია და შოთა ჭეიშვილიც ახლდნენ, რომლებიც თბილისის დინამოს დუბლშემადგენლობისთვის ბიჭებს არჩევდნენ. როცა შევიტყვე, რომ დინამო მიწვევდა, თავი სიზმარში მეგონა! მალე ცხონებულმა დავით ყიფიანმა პირველ გუნდში მიმიწვია, ეს საერთოდ ფანტასტიკა იყო!

…საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რამდენჯერმე ვითამაშე, 1989 წლის 23 სექტემბერს, ერევნის არარატთან თბილისურ მატჩში კი გოლიც გავიტანე! 16 წლის ვიყავი, იმ გოლის მერე ლამის ფრენა დავიწყე!

…1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია ოჯახს პირდაპირ შეეხო – ბიძაშვილი, ეკა ბეჟანიშვილი იმ მიტინგის დარბევას შეეწირა.

…საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი, მთავარი მწვრთნელი გენადი კოსტილევი კი ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა. ერთხელ ევროშესარჩევში ჰოლანდიას 3:0 მოვუგეთ, რამდენიმე დღეში კვიპროსთან უნდა გვეთამაშა, მე კი თბილისისკენ მიმიწევდა გული – დინამო ისრაელში მიდიოდა ტურნეში და ბიჭებთან ერთად მინდოდა ყოფნა. მწვრთნელმა მითხრა, თუ კვიპროსთან ხუთიანზე ითამაშებ, სახლში გაგიშვებო. კვიპროსს 3:0 მოვუგეთ, გოლიც გავიტანე, კოსტილევმა კი მითხრა: მაპატიე, ვერ გაგიშვებ, ჯერ ერთი ოთხიანზე პლუსით ითამაშე, თან, საპასუხო მატჩში ორი ფეხბურთელი მაკლდება და ვერ შეგელევიო. თბილისში მაინც წავედი. ის დღე იყო და კოსტილევს ნაკრებში აღარ მივუწვევივარ, მალე კი საბჭოთა კავშირიც დაიშალა.

…საქართველოს I ჩემპიონატს თბილისის იბერიას ფეხბურთელად შევხვდი. 18 წლის ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რა ეტაპი იწყებოდა. სხვათა შორის, პირველი სეზონის ბოლოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დამასახელეს, პრიზი ნოდარ ახალკაცმა გადმომცა.

…იბერიაში ხშირად ვერ ვთამაშობდი და ამას ვერ ვეგუებოდი. იმავე პერიოდში გურია დაინტერესდა ჩემით და მეც წავედი. თან, შემადგენლობით ლანჩხუთელები იბერიას არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. მალე იბერიას 2:1 მოვუგეთ და ერთი გოლი მე გავიტანე.

…ერთი პერიოდი ამბობდნენ, თითქოს მოსკოვის დინამოში გადავდიოდი. შეიძლება მოსკოველებს სურდათ კიდეც ჩემი შეძენა, მაგრამ კონტრაქტამდე საქმე არ მისულა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები

ევრო 2004-ის შესარჩევ ტურნირში, 2003 წლის 30 აპრილს საქართველომ რუსეთის ნაკრებს 1:0 მოუგო. ამ ისტორიულ შეხვედრაში ეროვნული გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე გახლდათ. დგანან (მარცხნიდან): ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, კახა კალაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ლომაია. პირველ რიგში: მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე, ლადო ბურდული, მიხეილ აშვეთია, გიორგი ნემსაძე

…1991 წლის გვიან შემოდგომით ნაფარეულში, ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის თასის ნახევარფინალში ეროვნულმა ნაკრებმა 5:4 დაამარცხა ახალგაზრდული ნაკრები. იმ შეხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, ძალიან მაგრად ვითამაშე. ჩვენმა მწვრთნელმა ნიკა ამირეჯიბმა შემაქო – ყოველთვის ასე უნდა ითამაშოო… იმ ახალგაზრდულში ირაკლი ზოიძე, კაკო დევაძე, გოჩა ჯამარაული, ნუგზარ ლობჟანიძე, დავით ჯანაშია და ბადრი კვარაცხელიაც თამაშობდნენ.

…გურიას მერე თბილისის შევარდენი 1906 იყო. იქ მურთაზ ხურცილავა გვწვრთნიდა. მისნაირი შრომისმოყვარე, თავდადებული და გამტანი კაცი იშვიათად მინახავს! პატიება არ იცოდა, შენგანაც თავდაუზოგავ შრომას ითხოვდა. საქართველოში სადაც მივიდა, ყველგან ძლიერი გუნდი შეკრა.

…რატომ წავაგეთ ტიროლთან 1:5? ეჰ, ბევრი ნიუანსი იყო. დავიწყოთ იმით, რომ მურთაზ შელია არ გვყავდა, მცველი მარტო ნუგზარ ლობჟანიძე იყო. ფლანგებზე მე და ზაზა რევიშვილი ვთამაშობდით. აბა, მე რა მცველი ვარ, მთელი ცხოვრება საყრდენ ნახევარმცველად ვთამაშობდი… მოკლედ, უმცველობამ დაგვღუპა.

…1994 წლის ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატამდე, ნიგერიაში მასპინძლებს ამხანაგურად ვეთამაშეთ. 1:5 წავაგეთ. არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ვყოფილვარ ისეთ დღეში, როგორც იმ შეხვედრის მეორე ტაიმში. ნიგერიელები პირველად ასპარეზობდნენ მსოფლიოზე და გამალებული ემზადებოდნენ, თან, ისეთი სიცხე იყო, ვერ აღვწერ. რასაც ჩვენ მეორე ტაიმში ვაკეთებდით, იმას ფეხბურთი კი არა, სირბილიც არ ერქვა – დავლასლასებდით. იმ წაგების მერე მსოფლიოზე ნიგერიას ვგულშემატკივრობდი. ისე, კარგი გუნდი კი ჰყავდათ.

…იმავე წლის ნოემბერში, საქართველო-უელსის მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს მათი პასი ჩავჭერი, ერთი უელსელი მოვატყუე და გიო ქინქლაძეს მივაწოდე ბურთი, რასაც გოლი მოჰყვა. ძალიან გამიხარდა, გიოსკენ მუხლებით გავსრიალდი, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც გადამიტრიალდა. ვერ წამოვდექი, რადგან ბიჭები დაგვახტნენ, მერე კი, როცა შემოგვეცალნენ, მუხლი საშინელად ამტკივდა! სამი დღე საწოლიდან ვერ ვდგებოდი, თან, ამას ბოტკინიც დაემატა, ამის გამო კი კიდევ ერთი თვე გამიცდა.

…1995 წელს დინამო მოსკოვში, თანამეგობრობის თასის ტურნირზე ფინალში გავიდა. გუნდს ტრავმის გამო ვერ გავყევი. ძალიან მინდოდა იმ თამაშის ნახვა და ფინალის დღეს სამეგობროში და სამეზობლოში გენერატორს ვეძებდი ტელევიზორი რომ ჩამერთო. დენი ჩვენთან კი არა, მგონი, მთელ თბილისში არ იყო.

…1996 წლის შემოდგომით თბილისში ინგლისთან დავმარცხდით. მოგება ყველას ძალიან გვინდოდა, გულშემატკივრებიც წარმატებას ელოდნენ, მაგრამ მგონი, ზედმეტმა მონდომებამ დაგვღუპა და ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ. ვნერვიულობდით თუ არა? მეტოქის სახელი ნაღდად არ გვაშინებდა, ტვირთად უფრო ის გვაწვა, რომ აუცილებლად უნდა აგვეღო 3 ქულა.

…იმ მატჩის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძეზე გადატყდა ჯოხი, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არავითარი ტაქტიკური შეცდომა მას არ დაუშვია. თუ გუნდი მოგებაზე ფიქრობდა, სწორედ იმ განლაგებით უნდა ეთამაშა, რომლითაც იმ დღეს გავედით მინდორზე, ანუ 3-5-2-ით. მატჩის წინ ჩივაძე რამდენიმე საათი გვესაუბრებოდა ბიჭებს, ინგლისელთა თამაშს გვირჩევდა… ის წაგება მწვრთნელის კი არა, ჩვენი, ბიჭების ბრალია. ინგლისელებმა გვაჯობეს და მორჩა.

…თუ სერიოზულად ფიქრობ დიდ ფეხბურთზე, შესაბამის ქვეყანაში უნდა წახვიდე. კარიერის დასაწყისში გერმანიაში ან იტალიაში თამაში მსურდა. საზღვარგარეთ წასვლა კიდევ იმიტომ მინდოდა, რომ აქ მხოლოდ ფეხბურთზე ვერ ვფიქრობდი – უამრავი სხვა საკითხიც მემატებოდა, მე კი ვგრძნობდი, რომ კონცენტრირებული ვერ ვიყავი. ეს დისკომფორტს მიქმნიდა.

…1997 წლის გაზაფხულზე, როცა ბათუმში მოლდოვის ნაკრებს 2:0 მოვუგეთ, მატჩის შემდეგ სასტუმროში ლონდონის არსენალის წარმომადგენელს შევხვდი. მცირე ხანს ვისაუბრეთ, მითხრა არსენ ვენგერი დაინტერესდა თქვენითო. გამიკვირდა, მაგრამ იმ ამბის შემდეგ აღარავინ შემხმიანებია. არსენალის ინტერესის შესახებ მოგვიანებით კიდევ ერთხელ შევიტყვე, თუმცა იმ დროს უკვე ციურიხში, გრასჰოპერში ვთამაშობდი. კლუბის გენერალური დირექტორი ერიკ ფოგელი ვენგერთან მეგობრობდა და მაშინ მითხრა, შენი შეძენა არსენალს სურსო. სამწუხაროდ, საოცნებო ტრანსფერი არ შედგა.

…გრასჰოპერამდე გერმანია და თურქეთი იყო. გერმანიაში ნახევრადპროფესიულ კლუბ ჰომბურგში ვთამაშობდი. ეს გუნდი რეგიონალლიგაში ასპარეზობდა, მაგრამ ჩემთვის იქ გატარებული პერიოდი მაინც ტკბილად მოსაგონარია. თუნდაც იმიტომ, რომ სუფთა საფეხბურთო გარემოში ვიყავი – იმდროინდელ საქართველოსთან შედარებაც არ შეიძლება. ამას გარდა, დამოუკიდებლად ცხოვრებას მივეჩვიე – თბილისში თუ ჩემები მეხმარებოდნენ, გერმანიაში მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო ვიყავი და ჩვენით გაგვქონდა თავი.

თბილისის დინამო

2004 წელს თბილისის დინამომ პირველად ითამაშა ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე: 21 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საფრანგეთის სოშოსთან მატჩის წინ. დგანან (მარცხნიდან): ლაშა სალუქვაძე, დავით ჭიჭვეიშვილი, გიორგი შაშიაშვილი, ლადო ახალაია, ზურაბ მამალაძე, გიორგი ნემსაძე. პირველ რიგში: ილია კანდელაკი, სეზარ რომერო, შოთა კაშია, ლევან მელქაძე, მიხეილ კაკალაძე

…ჰომბურგამდე თურქეთში, ტრაბზონსფორში აღმოვჩნდი. იქ გადასვლა შოთის და აჩის დამსახურებაა – ტყუპები ავტორიტეტით სარგებლობდნენ. გულახდილად გეტყვით: დიდი ფეხბურთის გემო პირველად სწორედ ტრაბზონში გავიგე – ჯერ ერთი, ყველა საშინაო თამაში სავსე ტრიბუნების წინ ტარდებოდა, თან, ძლიერი შემადგენლობა გვყავდა. ჯერ მარტო შენოლ გიუნეში რად ღირს – ეს კაცი იქაური ფეხბურთის ლეგენდაა, 2002 წელს თურქებმა მსოფლიოზე მისი ხელმძღვანელობით მოიგეს ბრინჯაო.

…თურქეთში კარგად ვითამაშე და იტალიის სერია ა-ში აღზევებული ლეჩეც  შემეხმიანა – ორკვირიან სინჯებზე მიმიწვიეს. მაშინ გუნდს ჩეზარე პრანდელი წვრთნიდა. საცდელი ვადის დასრულების მერე მწვრთნელმა კონტრაქტი შემომთავაზა. იმ პერიოდში მიშა ყაველაშვილმაც დამირეკა – გრასჰოპერის გენერალურ დირექტორ, ოდესელ ებრაელ ილია კეცინგთან დამაკავშირა. კეცინგი დამპირდა, რომ იტალიელების შეთავაზებულ ხელფასზე მეტს გადამიხდიდა. ვიფიქრე, რომ ჩემი ოჯახი შვეიცარიაში უკეთ იქნებოდა და ლეჩეში გადასვლა ვიუარე. ახლა რომ ვფიქრობ, შევცდი – სერია ა სულ სხვა დონის ჩემპიონატი იყო.

…შოტლანდიაში კარიერის მიწურულს გადავედი. დანდიში 4 წელიწადი გავატარე და ხანდახან მგონია, რომ მთელი ცხოვრება იქ ვიყავი. იცით იქ როგორი დამოკიდებულებაა ფეხბურთთან? საოცარი! ბრიტანეთში თამაში ყველას ოცნება უნდა იყოს! ჯერ ტრიბუნებზე რა ატმოსფეროა? გულშემატკივრები ყველა პირობას გიქმნიან, რომ არ ინერვიულო, შეძახილებით გამხნევებენ, მოიგებ – ზეიმია, წააგებ – გვერდში გიდგანან და მაინც ზეიმობენ! დასრულდა თამაში და ფანები უკვე მომდევნო მატჩისთვის ემზადებიან… ეს დაუსრულებელი პროცესია, დღესასწაული, რომელსაც ბოლო არ უჩანს!

…გლაზგოს სელტიკი მაშინ დამიკავშირდა, როცა დანდის კაპიტანი ვიყავი. იმ დროს გლაზგოელებს მარტინ ონილი წვრთნიდა. შეთანხმება ასეთი იყო: თუ სელტიკი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებოდა, ჩემთან კონტრაქტს გააფორმებდნენ. ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში სელტიკმა შვეიცარიის ბაზელთან 3:1 მოიგო. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოულოდნელობა არ მოხდებოდა, მაგრამ საპასუხოში ონილის გუნდი 0:2 დამარცხდა და… იმ წაგებამ ძალიან დამწყვიტა გული, სელტიკში გადასვლა გულით მინდოდა.

…2003 წლის 30 აპრილი ჩემთვის გამორჩეული დღეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება – თბილისში რუსებს 1:0 მოვუგეთ, არადა, ჩვენ გამარჯვებას ბევრი არ ელოდა. კარგად მახსენდება იტალიასთან პერუჯაში მატჩი და სოფიაში ბულგარელებთან პაექრობაც – ორივე შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, რუსებთან ხსენებული პაექრობა კი იმიტომაა ნომერ პირველი, რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

…კარიერა თბილისის დინამოში დავასრულე. იმ შემადგენლობაში ყველაზე ასაკოვანი ვიყავი. არ დავმალავ: ვამაყობ, რომ დავბრუნდი და გამოცდილება ბიჭებს გავუზიარე. გამიხარდა ისიც, რომ უეფას თასის ჯგუფურ ტურნირში მოვხვდით – ასეთი რამ ვერც მანამდე შეძლო რომლიმე ქართულმა კლუბმა და სამწუხაროდ, ვერც მას შემდეგ. საერთოდ, დინამო ჩემთვის სხვა თემაა – მიმაჩნია, რომ სწორედ აქ უნდა დაასრულოს კარიერა ყველა იმ ფეხბურთელმა, ვინც ევროპაში დინამოდან წავიდა.

…იდეალური პარტნიორები? მიშა ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული და, რა თქმა უნდა გიო ქინქლაძე!

…2007 წლის 13 მაისს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს იშვიათად ვიხსენებ, იმ ამბებმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. გულწრფელად ვამბობ: მთავარი ის კი არ არის როგორ მოექცნენ გიორგი ნემსაძეს, არამედ ის, თუ რა უქნეს ქვეყანას და ჩვენ ფეხბურთს. ეს იყო ქართულ ფეხბურთში ყველაზე არასწორი და უაზრო ჩარევა. მომხდარი არც თამაშზე ზრუნვით იყო განპირობებული – გარკვეულ ძალას თავის კანდიდატის გაყვანა სურდა და ასეც გააკეთა. ბოდიში და სულ ფეხებზე დაიკიდეს, ხალხი რას იტყოდა.

…რა მოხდებოდა, რომ არ გადავმდგარიყავი? თუ დამიჭერდნენ? უხეში ჩარევის შემდეგ მივხვდი – მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი! შესაძლოა, მე არც შემხებოდნენ, მაგრამ საკუთარ თავს ვინ ჩივის? ახლობლებზე, მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე ვფიქრობდი და ამიტომაც, წასვლა ვარჩიე.

…ერთხელ დაწერეს, მოვლენების ასეთი განვითარებისთვის წინასწარ მზად რატომ არ იყოო. ამაზე სიმწრით მეცინება: გეგულებათ ადამიანი, ვინც 2007 წლის 13 მაისს წინასწარ წარმოიდგენდა, რომ ხელისუფლება არჩეულ პრეზიდენტს გადადგომას მოსთხოვდა?

…ჯერ კიდევ ვთამაშობდი, სოფლის მეურნეობაში ფული რომ დავაბანდე. კახეთში ხშირად დავდიოდი და იქაურობა მიყვარდა, თანაც, იქ საკმაოდ დიდი მიწები გვქონდა. მეურნეობის გაკეთება კი ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, როცა შვეიცარიაში ვთამაშობდი. თან, პატრიარქიც სულ ამას ქადაგებს, პატარა მიწა მაინც დაამუშავეთო. ჩანაფიქრი მამაჩემს გავუმხილე, მომიწონა და საქმეს შევუდექით. ხალხი დავასაქმეთ და ვთვლი, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ.


გიორგი ნემსაძე
დაიბადა 1972 წლის 10 მაისს თბილისში
1989-91 წლებში თბილისის დინამოს და იბერიას, 1991-92 წლებში ლანჩხუთის გურიის, 1992-93 წლებში თბილისის შევარდენი 1906-ის, 1993-95 წლებში თბილისის დინამოს, 1995-96 წლებში ჰომბურგის (გერმანია), 1996-97 წლებში ტრაბზონსფორის (ტრაბზონი, თურქეთი), 1997-99 წლებში გრასჰოპერის (ციურიხი, შვეიცარია), 1999-2000 წლებში რეჯანას (რეჯო ემილია, იტალია), 2000 წელს თბილისის ლოკომოტივის და დინამოს, 2000-04 წლებში დანდის (შოტლანდია), 2004-05 წლებში თბილისის დინამოს საყრდენი ნახევარმცველი
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 1990, 1991, 1994, 1995, 2005; შვეიცარიის ჩემპიონი – 1998; საქართველოს თასი – 1994, 1995, 2000, 2004; საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ფეხბურთის ფედერაცია) – 1990
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: 69 მატჩი (1992-2004)

*-საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში.

*-2007 წლის 13 მაისს გაიმარჯვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა რამდენიმე საათში თანამდებობა დატოვა.

*-2010 წლიდან დანდის დიდების დარბაზის წევრია.

*-2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian