კარიერა ფრაზებში #27: მიხაელ შუმახერი
რბოლა ცხოვრებაა, ცხოვრება კი რისკია – ეს სიტყვები ყველა დროის საუკეთესო ავტომრბოლს მიხაელ შუმახერს ეკუთვნის.
2013 წლის 29 დეკემბრის შემდეგ გერმანელი სუპერვარსკვლავი მძიმე მდგომარეობაშია – საფრანგეთის ალპებში, კურორტ მერიბელში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ის საწოლსაა მიჯაჭვული და მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
2019 წელს, როცა მიხაელი 50 წლის გახდა, ფერარიმ ლეგენდარულ პილოტს სპეციალური გამოფენა მიუძღვნა.
„მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში ოჯახის გვერდით დგას: ექიმებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, ფერარის დიდ ოჯახს და პილოტებს. ვიცი, რომ მიხაელი ბოლომდე იბრძოლებს და ადრე თუ გვიან აუცილებლად ფეხზე დადგება“, – ეს სიტყვები შუმახერის მეუღლე კორინამ ჟურნალისტებს გამოფენის გახსნაზე განუცხადა.
„მთელი ცხოვრება ვიბრძვი. მაშინაც კი, როცა გამარჯვების სულ მცირე შანსია. სხვანაირად არ შემიძლია“, – ესეც მიხაელის სიტყვებია, წლების წინ რომ უთხრა ერთ-ერთ სპორტულ გამოცემას.
ფორმულა 1-ის ლეგენდის, „წითელი ბარონის“ ცხოვრებას მის უამრავ ინტერვიუებში ამოკითხული ფრაზებით გავიხსენებთ.
…მე და რალფს მშობლები პატარაობიდანვე თავისუფლებას გვაჩვევდნენ. როცა სხვები შვილებს ცელქობის გამო ტუქსავდნენ, ჩვენ ერთ-ორ სიტყვას გვეტყოდნენ და ამით მთავრდებოდა ყველაფერი. ამისთვის მათი მადლობელი ვარ.
…ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი, რომ მარტოს გადამეწყვიტა სად წავსულიყავი. უცნაურია, მაგრამ ოცნება ამიხდა.
…ხანდახან მგონია, რომ ძარღვებში სისხლის ნაცვლად ბენზინი მიდუღს. მამაჩემი კიოლნის მახლობლად, კარტოდრომზე მუშაობდა და თუ სწორად მახსოვს, 4 წლის ვიყავი, როცა პირველად დამსვა კარტის საჭესთან. ალბათ, მაშინვე მიხვდა, რომ რბოლა ყველაზე უკეთ მეხერხებოდა.
…როცა პირველად გამოვიმუშავე ფული, პასუხისმგებლობა ვიგრძენი. და სწორედ ამის გამო, ჩემი პირველი ჰონორარი, გნებავთ ხელფასი, რაც გსურთ ის დაარქვით, დედაჩემს ჩავაბარე. იმას, რასაც იმ წუთებში განვიცდიდი, ბედნიერება ნაღდად არ ერქვა, მაგრამ სასიამოვნო კი ნამდვილად იყო.
…მუდმივად მახსოვდა და ახლაც ასეა – ოჯახი უმთავრესია! როცა ამას ვამბობ, ცხადია, პროფესიასაც არ ვივიწყებ – სპორტს გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩემ ცხოვრებაში. მოდი ასე ვთქვათ: დედამიწას ხომ ორი პოლუსი აქვს, ასეა ჩემ შემთხვევაშიც – ოჯახი და სპორტი. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
…ყველაზე მთავარი, რაც შვილებს შეგვიძლია მივცეთ, ეს მათთან გატარებული წუთებია. მათ, პირველ რიგში, სწორედ მშობლებთან ურთიერთობა სჭირდებათ.
…ყოველთვის მიყვარდა გუნდური მუშაობა, ფერარიში კი ამ მხრივ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო.
…როცა ვინმესთან ან რამესთან 14 წლის მანძილზე გაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, ეს შენზე მოქმედებს. ფერარიში ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე და დანამდვილებით ვიცი, ჩემი გულის დიდი ნაწილი სწორედ ფერარის ფერია – წითელი!
…თავისი წარსულით და აწმყოთი ფერარი მხოლოდ გამარჯვებას იმსახურებს. როცა ამ გუნდში ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი მათი ნდობა გამემართლებინა. მგონი, ამას ვახერხებდი კიდეც.
…ფერარიმ ბევრი რამ შემძინა, პირველ რიგში კი ფასდაუდებელი გამოცდილება, რის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის, რაც ვარ.
…ხშირად „დამიჭერია“ საკუთარი თავი, რომ იტალიელივით ვიქცევი ან ვფიქრობ. ფერარიში გატარებულმა წლებმა ნამდვილად არ ჩაიარა უკვალოდ, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ნაღდი გერმანელი ვარ, რომელსაც უყვარს წესრიგი, დისციპლინა და შრომა.
…ფორმულა 1 მეტოქეებთან კი არა, საკუთარ თავთან ბრძოლაა. დავუშვათ მოიგე ერთი რბოლა. ეს ძალიან კარგია, მაგარია, მაგრამ მომდევნო ეტაპის წინ ისევ კითხვის ნიშანს ხედავ – შეძლებ გამარჯვებას? ამიტომაც მიზიდავს სპორტის ეს სახეობა – რბოლიდან რბოლამდე, სტარტიდან ფინიშამდე უნდა დაამტკიცო, რომ საუკეთესო ხარ.
…უამრავი რეკორდი დამიმყარებია, მაგრამ ეს ჩემი მიზანი არ ყოფილა. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: რეკორდები იმისთვისაა, რომ გაუმჯობესდეს.
…ფორმულა 1-ში მხოლოდ ის პილოტები აწყდებიან პრობლემებს, რომლებსაც ქვედა საფეხურები არ გაუვლიათ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ 800 ცხენის ძალის კონტროლი მხოლოდ საჭის ღილაკებზე თითების დროული დაჭერითაა შესაძლებელი, ძალიან ცდება.
…არასდროს მიფიქრია სტატისტიკაზე, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი პირველი მივსულიყავი ფინიშთან. ციფრები და რიცხვები რბოლის თანამდევია, მეტი არაფერი.
…ყველა სპორტსმენს განუცდია აღმაფრენა და იმედგაცრუება. დაცემაში არაფერია ტრაგიკული, მთავარია ბრძოლა განაგრძო. აი, ხომ ხდება ერთ დღეს შესანიშნავ ხასიათზე იღვიძებთ, მეორე დილით კი არაფერი გიხარიათ? და ამის გამო თავს ხომ არ იკლავთ? ასეა სპორტშიც.
…როცა აირტონ სენა დაიღუპა, დაკრძალვას არ დავესწარი. დიდხანს ვიფიქრე, სწორად ვიქცეოდი თუ არა და მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო, მე კი არ მსურდა მენახა, როგორ დაასაფლავებდნენ.
…ერთი ასეთი წესი მაქვს: თუ ჭრილობა მოვირჩინე, მას აღარ ვიხსენებ.
…რა არის ფორმულა 1? როგორ გითხრათ, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სპორტის ერთი კონკრეტული სახეობა. აქ მუდმივად რაღაც ახალს აღმოაჩენთ, ყოველთვის იცვლება წესები, მაგრამ ერთი რამ უცვლელია – გრან პრის მოგებით გამოწვეული ემოცია. ამას სიტყვებით ვერ აღწერ, ის შეუდარებელია!
…თუ მაქსიმალურად დაიხარჯები და გამარჯვებისთვის ყველაფერს გასცემ, მერწმუნეთ, ეს ბედნიერების მეტს არაფერს მოგიტანთ.
…ზეწოლა? ყველა სპორტსმენი განიცდის ზეწოლას! ვიღაც უმკლავდება, სხვა – ვერ. ყოველთვის ვიცოდი რა მსურდა სპორტში, როგორ მიმეღწია მიზნისთვის და ამიტომ, ზეწოლა ჩემთვის პრობლემა არასდროს ყოფილა. პირიქით, ხშირად მეხმარებოდა კიდეც წარმატების მიღწევაში.
…ყოველთვის ვცდილობდი ემოცია ნაკლებად, ან საერთოდ არ გამომეხატა. ისევე, როგორც სისუსტე. რატომღაც ვფიქრობ, რომ ყველა სპორტსმენი ასე იქცევა.
…ადრენალინს არაფერი აქვს საერთო რბოლასთან. ავტოსპორტში მხოლოდ ისინი არიან წარმატებულნი, რომლებიც სტარტიდან ფინიშამდე მშვიდად და ცივი გონებით მართავენ საჭეს.
…თუ მეგობარი გამარჯვებულია და შენ ბრაზობ, უნდა მიხვდე, რომ ასეთი მეგობრობა მოჩვენებითია.
…რბოლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ავტომობილის ყურადღებით და ფრთხილად მართვა უფრო მსიამოვნებს.
…ჩვეულებრივი მანქანით ქალაქგარეთ სიარული გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ფორმულა 1-ის ბოლიდის მართვა.
…რატომ წავედი ფორმულიდან? რბოლის სიყვარული გამინელდა, მოტივაცია დავკარგე, ვიგრძენი, რომ ჩემი თავი ამოვწურე.
…საყვარელი წიგნი? იცით, როცა ფორმულა 1-ში ვიყავი, მხოლოდ ერთი წიგნი წავიკითხე, თუმცა ვინ იყო ავტორი ან რა ერქვა ნაწარმოებს, ნაღდად არ მახსოვს. სამაგიეროდ, დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო საყვარელ ავტომობილზე – ფერარი F430 სკუდერია ნამდვილი სრულყოფილებაა!
…ჭორები? ხშირად მსმენია ამბები, რომელიც არ გადამხდენია, რასთანაც არასდროს მქონია შეხება, მაგრამ მაინც, ჩემთან დაუკავშირებიათ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ წამიკითხავს ინტერვიუ, რომელიც არ მიმიცია. სიმართლე გითხრათ, ასეთ ამბებს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას.
…როგორი დამოკიდებულება მაქვს ჟურნალისტებთან? აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ… მახსოვს წლების წინ, როცა დედაჩემი გარდაიცვალა, ისინი ჭიშკართან იცდიდნენ იმ იმედით, რომ კომენტარს გავაკეთებდი. რა უნდა მეთქვა იმ დროს, იმ წუთებში? რეპორტიორების საქციელმა ძალიან გამაღიზიანა…
…ხშირად მივსულვარ იმ დასკვნამდე, რომ ჩემში ჟურნალისტები იმაზე მეტს ეძებენ, ვიდრე არის.
…ხშირად მიგრძვნია გარშემომყოფების აღფრთოვანება და შემიმჩნევია, რომ ხალხი, რომელიც სიახლოვეს ტრიალებს, იცვლება, არაბუნებრივად იქცევა. ერთი წამითაც არ ჩამითვლია, რომ ვინმესგან განვსხვავდები ან სხვაზე მეტი ვარ. და თუ მაინცდამაინც სხვაობაშია საქმე, ვთვლი, რომ მხოლოდ იმით ვარ გამორჩეული, ტრასაზე ბოლიდის სხვებზე უკეთ მართვა რომ შემიძლია.
…ვხვდები, რომ პოპულარული და სახელგანთქმული ადამიანი ვარ, მაგრამ მინდა, რომ ხალხი აღმიქვავდეს არა როგორც სუპერგმირს ან ლეგენდას, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეს, კაცს, რომელიც მათგან არაფრით გამოირჩევა.
…თუ ადამიანი გონიერია, პოპულარობას შესანიშნავად გამოიყენებს. ასეთ კაცს შეუძლია ხალხის ყურადღება ისეთ საკითხზე გაამახვილოს, რომელსაც მის გარეშე ყურადღებას ნაკლებად მიაქცევდნენ. პოპულარობა ცუდი არაა, მთავარია სახელმა და იმ ძალაუფლებამ, რაც მას მოაქვს, აზროვნება არ დაგაკარგვინოს.
…ყველაზე ცუდი, რასაც ადამიანი საკუთარ თავს გაუკეთებს, ეს სხვასთან შედარებაა.
…მუდმივად მჭირდება თანამგზავრი. მინდა, რომ საყვარელი ადამიანი ყოველთვის გვერდით იყოს. რბოლის დროსაც კი, როცა მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ, ხშირად მახსენდება მეუღლე. კორინა ჩემთვის ყველაფერია!
…მე და კორინა ყოველთვის ვცდილობდით შვილებს განსაკუთრებულ ადამიანებად არ ეგრძნოთ თავი. მიხარია, რომ ეს მოვახერხეთ. სახელგანთქმული მშობელი ბევრი ბავშვისთვის პრობლემად იქცა და ძალიან არ მინდა ჩემებიც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
…რამდენჯერმე წავიკითხე ჩემი შემოსავლების შესახებ და… საკუთარი თავის შემშურდა! დამიჯერეთ, ის, რაც ჩემი ქონების შესახებ იწერება, ძალიან გადაჭარბებულია.
…მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ არასდროს დავრჩე მარტო.
…რის მეშინია? ბრბოსი.
…სირბილი იმაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე გარშემომყოფებს წარმოუდგენიათ.
…7 ჩემი საყვარელი ციფრია.
…ავტომობილის 300-ით ტარება საშიში არაა. სახიფათო ისაა, ასეთ დროს რაიმე სისულელე არ გაიფიქრო.
…ამბობენ, რომ გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული. ასე არაა – დავიბადე იმისთვის, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოლო.
…მთელი ცხოვრება ვიბრძვი. მაშინაც კი, როცა გამარჯვების სულ მცირე შანსია. სხვანაირად არ შემიძლია.
…მეცინება, როცა ხალხი ცხოვრებისეულ კანონებზე საუბრობს. სინამდვილეში ცხოვრებას არავითარი კანონები არ აქვს.
…რბოლა ცხოვრებაა, ცხოვრება კი რისკია.
მიხაელ შუმახერი
დაიბადა 1969 წლის 3 იანვარს გერმანიის ქალაქ ჰიურტში
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი – 1994 (ბენეტონ-ფორდი), 1995 (ბენეტონ-რენო), 2000, 2001, 2002, 2003, 2004 (ყველა ფერარი); მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – 1998, 2006 (ფერარი), მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი – 1992 (ბენეტონ-ფორდი), 1996, 2005 (ფერარი)
მიხაელ შუმახერის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდები
5 – ზედიზედ მოგებული საჩემპიონო ტიტული
7 – ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული
8 – ყველაზე მეტი გრან-პრი ერთ ქვეყანაში (საფრანგეთი)
15 – ყველაზე მეტი სეზონი მინიმუმ ერთი გრან-პრით
72 – ყველაზე მეტი გრან-პრი ერთ გუნდში (ფერარი)
91 – ყველაზე მეტი გრან-პრი
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)