კარიერა ფრაზებში #28: რევაზ ძოძუაშვილი

ქართული სპორტის ოქროს წიგნში ამ შესანიშნავი ფეხბურთელის შესახებ წერია:
„რევაზ ძოძუაშვილი დაუღალავი და საიმედო მცველი იყო, მაღალი ოსტატობით და იმით გამორჩეული, რომ ხშირად და სახიფათოდ ერთვებოდა იერიშებში. ამავე დროს, უბადლო გახლდათ პერსონალური მეურვეობისას – რაგინდ დიდი ვარსკვლავი ჩაებარებინათ, მეტოქეს რომ „ჩაეჭიდებოდა“, მისი მომცილებელი ძალა აღარ იყო. გაასწრებდი? მაინც წინ დაგხვდებოდა!
ძოძუაშვილზე რომ ლაპარაკობენ, აუცილებლად იხსენებენ საბჭოთა კავშირის და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების შეხვედრას, სადაც ქართველი ვარსკვლავი ლეგენდარულ ჯორჯ ბესტს დაუდგა და, ჩვენში რომ იტყვიან, ფეხი არ გაანძრევინა“.
თბილისის დინამოს და საბჭოთა კავშირის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მცველის, 90-იან წლებში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის (დავით ყიფიანთან ერთად) კარიერას სხვადასხვა დროს პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებით გავიხსენებთ.

…ქუთაისის ძველ და ლამაზ უბანში, ბალახვანში დავიბადე და გავიზარდე. ფეხბურთის თამაშიც იქვე დავიწყე: ჯერ ეზოში, შემდეგ ქუჩაში, რასაც სკოლის სტადიონი მოჰყვა. კარგი გუნდი გვყავდა, თითქმის სულ ვიგებდით, რამდენიმე კომბინაცია გვქონდა დამუშავებული, 6-7-სვლიანი და ამით გავდიოდით ფონს.

…პირველი მწვრთნელები ბუხუტი ჩირაძე, კარლო ხურციძე, გიორგი ბზიკაძე და უშანგი სალდაძე იყვნენ. ეს ის ხალხია, ქუთაისელ მწვრთნელთა ელიტას რომ მიეკუთვნებოდნენ. მათ ფეხბურთის კარგად თამაში მასწავლეს, თუმცა მთავარი ისაა, რომ მეომარი სულის ადამიანად გამზარდეს.

…16 თუ 17 წლის ვიყავი, როცა ქუთაისის რიონში მოვხვდი. კარგი გუნდი იყო. მერე ჩვენი მწვრთნელი ჯუმბერ რუსაძე მეორე კლუბში, იმერეთში გადავიდა და თან წამიყვანა. სხვათა შორის, ბატონი ჯუმბერი თავის დროზე თბილისის დინამოში თამაშობდა.

…სანამ საბოლოოდ ავირჩევდი ფეხბურთელობას, კრივშიც ვვარჯიშობდი. ჩემი ბიძაშვილი, ვიტალი ძოძუაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახლდათ და ხანდახან სპარინგ-პარტნიორობას ვუწევდი. არცთუ სუსტი მეტოქე ვიყავი. ერთხელ ჩვენი სკოლის სახელით ქუთაისის სპარტაკიადის ჩემპიონიც გავხდი კრივში, ჩემი მედლის წყალობით კი სკოლამ საერთო ჩათვლაში III ადგილი დაიკავა!

…ოჯახში კრივის ამბავი არ იცოდნენ. ვმალავდი. ფეხბურთისკენ რომ ვიბრუნე პირი, კრივის მწვრთნელმა შვილი გამოაგზავნა, რომელსაც ბებიაჩემი შეხვდა. ბებიამ სტუმარს მოუსმინა და… ჯოხით გამოეკიდა – მამაშენს უთხარი, სხვისი საცემი ბაღანა თავისთან მოიკითხოსო.

…დამამთავრებელ კლასებში საბოლოოდ მქონდა გადაწყვეტილი ფეხბურთელობა, მაგრამ სახლში ვერ ვამხელდი. ვიცოდი, მამა ამ აზრს აღფრთოვანებით არ შეხვდებოდა. ერთხელ ცუდი ნიშანი მივიღე, მამა გამიბრაზდა და მკითხა, გამაგებინე, რა აპირებ, ცუდად რომ სწავლობ მაინც და მაინც „საპოჟნიკობა“ გინდაო? არა მამა, ფეხბურთელობას ვაპირებ-მეთქი – ვუპასუხე… მას დიდი ხანი დასჭირდა, ჩემ გადაწყვეტილებას რომ შეგუებოდა.

…იმერეთში ჯერ ცენტრალური თავდამსხმელი ვიყავი, მერე უკან დამწიეს. სხვათა შორის, მე და სერგო კუტივაძე ერთად ვთამაშობდით… 1962 წელს მიხაილ იაკუშინმა თბილისის დინამოს სათადარიგო შემადგენლობაში მიმიწვია, თუმცა ერთი წლის შემდეგ ისევ ქუთაისში დავბრუნდი – ანდრო ჟორდანიამ მოითხოვა ჩემი თავი. არც ქუთაისში გავჩერებულვარ დიდხანს, მძაფრი კონკურენცია იყო და გამოცდილების მისაღებად სოხუმში წავედი იური გრამატიკოპულოსთან. დაცვაში პირველად სწორედ გრამატიკოპულომ მათამაშა. მას უკრაინული სკოლა ჰქონდა გავლილი კიევის დინამოში და იმ დროისთვის ძალიან ძლიერი მწვრთნელი იყო.

…1964-65 წლები სოხუმში გავატარე. ეს დაუვიწყარი დროა ჩემთვის! მერე ქუთაისში დავბრუნდი, სადაც გიგა ნორაკიძემ საბოლოოდ მიმიჩინა ადგილი – მარცხენა მცველის პოზიცია შემირჩია. 1967 წლის მიწურულს, ერთ-ერთ შეხვედრაში თბილისის დინამოს წინააღმდეგ ვითამაშე – სლავა მეტრეველი იყო ჩემი მეტოქე. ეტყობა, ცუდად არ ვიასპარეზე, რადგან მალე დინამოს თავკაცი ვიაჩესლავ სოლოვიოვი შემეხმიანა და თბილისში მიხმო.

…ის, რომ მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშე, ეს ორი დიდებული ადამიანის, ორი ბრწყინვალე მწვრთნელის იური გრამატიკოპულოს და მიხაილ იაკუშინის დამსახურებაა. თუ რამე გამეგება ფეხბურთში, მათი წყალობით. წლები ვითამაშე ამ დიდი ადამიანების ხელში და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ისინი თავის საქმის ნაღდი პროფესიონალები იყვნენ.

…საუკეთესო მატჩი? ბევრგან დაწერილა, ხშირად მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ – 1969 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ რომ ჩავატარე, ისაა საუკეთესო. ჯორჯ ბესტი იყო იმ შეხვედრაში ჩემი მეტოქე, მას კი ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება – ლეგენდარული მოთამაშე იყო! სხვათა შორის, მის წინააღმდეგ ჩემი გამწესება ბელფასტში გამგზავრების წინა დღეს გადაწყდა. მაშინ გავრილ კაჩალინი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. დამიბარა და მითხრა, ასე და ასე, ვიფიქრეთ და აბა, შენ იციო. იქვე გამაფრთხილა – თუ ამოცანას თავს ვერ გაართმევ, ნაკრების მაისურს ვეღარ ეღირსებიო. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩზე კი, მოსკოვში რომ იყო დანიშნული, ბესტი აღარ ჩამოვიდა. ჩვენ 2:0 მოვიგეთ. მეორე გოლი, თუ სწორად მახსოვს, გივი ნოდიამ გაიტანა.

რევაზ ძოძუაშვილი

1972 წელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში სსრკ ნაკრები გერმანიასთან 0:3 დამარცხდა, რევაზ ძოძუაშვილი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა

…ბესტის გარდა კიდევ ერთი დიდებული ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია: იუგოსლავიელ დრაგან ჯაიჩს ვგულისხმობ. ის 60-იანი წლების ვარსკვლავი გახლდათ. ალალად ვიტყვი: პირადად მე ბესტსაც და ჯაიჩსაც სლავა მეტრეველი და მიშა მესხი მირჩევნია! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: არც ბესტი და არც ჯაიჩი არ იყვნენ მეტრეველსა და მესხზე დიდი ფეხბურთელები! სხვა საქმეა, რომ ისინი ევროპაში თამაშობდნენ, ჩვენები კი საზღვრებჩაკეტილ საბჭოთა კავშირში.

…წლების შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში 5-ფუნტიანი ბანკნოტი გამოუშვეს ბესტის გამოსახულებით. ერთი მეც გამომიგზავნეს ბარათით: „ღირსეულ მოწინააღმდეგეს, რომელიც სუფთად ეთამაშა ბესტს და შეძლო მისი განეიტრალება“.

…1972 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით, ორჯერ ვითამაშე დასავლეთგერმანელების წინააღმდეგ: ჯერ მიუნხენის ოლიმპიაშტადიონის გახსნის მატჩში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ორივე ძალიან რთული შეხვედრა იყო. ხომ გახსოვთ რა დონის ნაკრები ჰყავდათ გერმანელებს? ბეკენბაუერი, მიულერი, ზეელერი, ბრაიტნერი, მაიერი, შვარცენბეკი, ჰიონესი… სტადიონის გახსნის მატჩში ჩემ წინააღმდეგ კრემერსმა ითამაშა. იმხანად ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. ფეხი არ გავანძრევინე!

…ევრო 72-ის შემდეგ, სადაც ფინალში დავმარცხდით, მე და მურთაზ ხურცილავა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაგვასახელეს! როგორია? ფინალი წავაგეთ, მაგრამ ცენტრალური მცველები სიმბოლურში მოვხვდით! იმ დროს როცა ვიხსენებ, გული სიამაყით მევსება.

…დინამოდან ალექსანდრე ჩივაძეს რომ უშვებდნენ და მე რომ გადავარჩინე, ეგ ამბავი თუ იცით? მოკლედ, ასე იყო: საშა, თემურ ჩხაიძე და ვახტანგ კოპალეიშვილი ალმა-ატაში ცუდად მოიქცნენ, თბილისში, გუნდის საერთო კრებაზე კი სასტიკი საყვედური გამოუცხადეს და გაშვება დაუპირეს. ასე თუ ისე, სიტყვა მეთქმოდა, წამოვდექი და: ახალგაზრდები არიან, ყველაფერი წინ აქვთ, მოდით ეს ერთი გადაცდომა ვაპატიოთ, დარწმუნებული ვარ ასეთი რამ აღარ განმეორდება-მეთქი. ატყდა ერთი ამბავი, ხელმძღვანელები თავისას არ იშლიან – ახალგაზრდებს ჭკუა უნდა ვასწავლოთ, ვერ ხვდებიან რა კლუბში თამაშობენო… ასე იყო თუ ისე, სამივე კლუბში დარჩა. საშა ჩივაძის დინამოდან წასვლა რამხელა შეცდომა იქნებოდა, ხომ ხვდებით?

…ფეხბურთელის კარიერამ უამრავი ტკბილი მოგონება დამიტოვა. ხუმრობა ხომ არაა, საბჭოთა კავშირის ნაკრებში 5 წელი ვითამაშე, თბილისის დინამოში – 8, ამას ქუთაისში გატარებული სეზონებიც რომ მივამატოთ, კი გამოვა კაი ხანი. ეგებ, დღევანდელი გადასახედიდან ეს არაა ბევრი, მაგრამ ჩვენ დროს 30 წლის მოთამაშე უკვე ვეტერანად ითვლებოდა და შანსს აღარ აძლევდნენ. რატომ იყო ასე, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით.

…19 წლის ვიყავი, ოჯახი რომ შევქმენი. ჩემი პირველი მეუღლე ჯანეტ გამგონეიშვილი იყო. ლაშა მასთან შემეძინა… 1967 წელს, დეკემბერში, როცა საბოლოოდ გადაწყდა თბილისის დინამოში ჩემი გადასვლა, ჯანეტი გარდაიცვალა. 26 წლის ვიყავი მაშინ, თავზარი დამეცა!

…ჯანეტის გარდაცვალებიდან 7-8 წლის განმავლობაში მარტო ვცხოვრობდი. მეორე მეუღლე ნონა ქუთაისელმა მეგობარმა ბადრი ჭეიშვილმა გამაცნო. მისი ოჯახი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო და შორიდან მიცნობდნენ კიდეც. ნონაც ქვრივი გახლდათ, ჩვენ თითო ვაჟი გვყავდა პირველი ქორწინებიდან… შევუღლდით და მერე შვილიც შეგვეძინა – მიშიკო. მიხარია, რომ ლაშას, კახას და მიშას კარგი ურთიერთობა აქვთ, ისეთი, ღვიძლ ძმებს რომ შეშურდებათ.

…კარიერის დასრულების შემდეგ უფეხბურთობას ვერ შევეგუე. მწვრთნელობა მსურდა, მაგრამ მსაჯობით დავიწყე. სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ავთანდილ ჭკუასელმა არჩევანი მომიწონა და ყოველთვის ხელს მიწყობდა. მისი დახმარებით საქართველოს I ლიგის მატჩებს ვემსახურებოდი და რამდენჯერმე უმაღლესი ლიგის თამაშიც მანდეს. ჩემი სამსაჯო კარიერა თითქმის ორი წელიწადი გაგრძელდა, მერე კი მწვრთნელობაზე გადავერთე და დღემდე ამ სფეროში ვარ.

…ერთ ისტორიას გავიხსენებ: სოხუმის დინამოს და ფოთის კოლხეთის მატჩზე მთავარი მსაჯი ვიყავი. მოგების შემთხვევაში ფოთელები II ადგილზე გადიოდნენ, სოხუმელები კი, მარცხის შემთხვევაში, ლიგიდან ვარდებოდნენ. იყო ერთი გაწევ-გამოწევა, ჩხუბიც მომიხდა, თუმცა დიდი არაფერი. შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამის შემდეგ ფოთის გუნდის ხელმძღვანელები თბილისში, რესპუბლიკის სპორტკომიტეტში მივიდნენ რამაზ გოგლიძესთან – ჩემზე ჩიოდნენ. გოგლიძემ ისინი გარეთ გაყარა: თქვენ ის ხალხი არ ხართ, ძოძუაშვილს მსაჯობა ასწავლოთო! ეტყობა ფოთელებმა წყენა გულში ჩაიდეს და ერთ-ერთ მომდევნო შეხვედრაში მაგრად მცემეს. თუმცა რაც იყო, იყო – მსაჯობამ ბევრი მასწავლა.

…ჩემი სამწვრთნელო დებიუტი თბილისის არმიის სპორტული კლუბის ხელმძღვანელის რანგში შედგა. მაშინ კლუბს ზაურ კალოევი ხელმძღვანელობდა, მე კი მისი თანაშემწე ვიყავი. საკავშირო ტურნირის წინ, რომელსაც „ვარუჟონკა“ ერქვა და სადაც ჯართან დაკავშირებული გუნდები მონაწილეობდნენ, კალოევი შეუძლოდ გახდა, ამიტომ ჩვენი გუნდი საასპარეზოდ მე წავიყვანე. ჩემპიონები გავხდით!

…ყველამ იცოდა, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელებს 25 წლამდე ცოლის მოყვანა ეკრძალებოდათ. ეს წესი განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის საწყის წლებში, როცა ბიჭები ადრეულ ასაკში ოჯახდებოდნენ. ადრეც მიმაჩნდა და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ ცოლშერთული ფეხბურთელი თამაშს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს და ამით გუნდი და ცხადია, პირველ რიგში, თავად ის ზარალდება. ახლაც ვფიქრობ, რომ ფეხბურთელმა ოჯახი კარიერის მიწურულს უნდა შექმნას.

…ამ აკრძალვასთან დაკავშირებით ერთი სასაცილო ისტორია გადამხდა. მაშინ თბილისის დინამოს ვწვრთნიდი. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს გავიგე, რომ შოთა არველაძე ცოლს ირთავს. გავგიჟდი, წინააღმდეგი ვიყავი, მივედი კლუბის პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან და ვუთხარი: მერაბ, უნდა მიშველო, ხომ იცნობ მამამისს, უთხარი შოთას გადააფიქრებინოს-მეთქი. გაგიჟდა ჟორდანია, კაცს ასეთი რამ როგორ ვუთხრა, რას მელაპარაკებიო. მეც ავდექი და პირდაპირ ვაჯახე: თუ ცოლის მოყვანაა, აგერაა რეზო და ცოლი იმან მოიყვანოს-მეთქი. ამ ისტორიას დღემდე ყველა სიცილით იხსენებს.

…საუკეთესო მწვრთნელი? უამრავ ძლიერ სპეციალისტთან ვიმუშავე: გავრილ კაჩალინი, ანდრო ჟორდანია, გიგა ნორაკიძე, კონსტანტინ ბესკოვი, მიხაილ იაკუშინი… ისინი ძალიან ძლიერი მწვრთნელები იყვნენ და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება. სხვათა შორის, მცირე ხნით ნოდარ ახალკაცთანაც ვმუშაობდი. მასზე მე რა უნდა ვთქვა? შედეგები ყველაფერზე მეტყველებს.


რევაზ ძოძუაშვილი
დაიბადა 1945 წლის 15 აპრილს ქუთაისში
1965 წელს სოხუმის დინამოს, 1966-67 წლებში ქუთაისის ტორპედოს, 1968-76 წლებში თბილისის დინამოს მცველი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1969, 1971, 1972, 1976 (გაზაფხული); ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი – 1972; ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1972 (მიუნხენი); სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 7-ჯერ მოხვდა: #1 – 1969, 1971, 1972, 1973; #2 – 1968, 1970; #3 – 1974; სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1972; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2015
სამწვრთნელო ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 1992 (თბილისის იბერია), 2002 (ქუთაისის ტორპედო), 2007 (რუსთავის ოლიმპი); საქართველოს თასი – 1992 (თბილისის იბერია), 2000 (თბილისის ლოკომოტივი), 2001 (ქუთაისის ტორპედო/დავით ყიფიანთან ერთად)
სსრკ ნაკრებში: 49 მატჩი (1969-74)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 4 მატჩი (1972)

*-სხვადასხვა დროს წვრთნიდა თბილისის დინამოს, ქუთაისის ტორპედოს, რუსთავის მეტალურგს, რიგის სკონტოს (ლატვია), ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიას (რუსეთი), ყარაგანდის შახტიორს (ყაზახეთი), თურანს (აზერბაიჯანი) და კიდევ არაერთ კლუბს.

*-1997-99 წლებში ლატვიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელი გახლდათ.

*-2000-01 წლებში დავით ყიფიანთან ერთად ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მათ ხელში გუნდმა 15 მატჩიდან 4 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 6 კი წააგო. ბურთების შეფარდება – 14:16.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian