კარიერა ფრაზებში #31: დავით ყიფიანი
„ფეხბურთელის ნიჭიერება, ოსტატობა და დამსახურება მხოლოდ მატჩებისა და გოლების რაოდენობით არ იზომება. გულშემატკივართა წარმოდგენაში დავით ყიფიანი ყველა ტიტულის და ჯილდოს მფლობელია. ჩვენი მეხსიერება სათუთად ინახავს ყველაფერ იმას, რაც გულით, სიყვარულით და ერთგულებით გაკეთებულა. ამიტომაც განსაკუთრებით ფასეული და ძვირფასია დავით ყიფიანის საფეხბურთო ცხოვრება, მისი ბიოგრაფიის თითოეული ფურცელი.
ყიფიანზე წერდნენ და ლაპარაკობდნენ, როგორც უბადლო ფეხბურთელსა და ნამდვილ ვირტუოზზე, გუნდის ლიდერსა და დირიჟორზე, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა: დრიბლინგი და ფინტი, მახვილგონივრული კომბინაცია და უზუსტესი პასი, უცაბედი შეტევა და ამ შეტევის გოლით დაგვირგვინება…
დავით ყიფიანი გონიერების, სხარტი საფეხბურთო აზროვნების და არტისტიზმის ცოცხალი განსახიერება იყო. მისმა თაობამ საქართველოს აჩუქა ყველაზე დიდი სიხარული, ქართულ ფეხბურთს კი არნახული გამარჯვება მოუტანა.
იმ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი დავით ყიფიანი იყო, რომლის თამაშმაც ასეთი სიტყვები ათქმევინა ჰელმუტ შონს, ბობი ჩარლტონს, არტემიო ფრანკის, ფრენკ ტეილორს:
„დინამომ მაყურებელს ვირტუოზული ნომრები უჩვენა. ყიფიანი შეუდარებელია“…
„ის, რაც ყიფიანს, ჩივაძეს და დარასელიას ბურთთან შეუძლიათ, ბუნდესლიგის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივი იქნებოდა“…
„ქართული გვარები ძნელი წარმოსათქმელია, მაგრამ ყიფიანი ყველას დაგვამახსოვრდა – ასეთი მოთამაშის დავიწყება შეუძლებელია“…
„თბილისელთა დიდი რეჟისორი მოედნის ბატონ-პატრონად მოგვევლინა. დღეს ევროპაში ასეთი მასშტაბის ოთხი-ხუთი ფეხბურთელი თუ მოიძებნება“…
საფეხბურთო სრულყოფილება მარტო ოსტატობა არ არის. ეს არც მარტოოდენ ბურთის ვირტუოზული ფლობაა და არც ზუსტი დარტყმა, თუმცა უამისოდ არ არსებობს სრულყოფილება. ეს არ არის მარტოოდენ კომბინაციები და გოლები, თუმცა უამისოდ არ არსებობს თავად ფეხბურთი. სრულყოფილება ფეხბურთის სილამაზის იდეისადმი ერთგულებაა. დავით ყიფიანი სიცოცხლის ბოლომდე ამ იდეის ერთგული დარჩა“.
დავით ყიფიანი შესახებ დაწერილ ამ სიტყვებს ქართული სპორტის ოქროს წიგნში ამოიკითხავთ.
ლეგენდარული ათიანის კარიერას ქართულ, რუსულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული უამრავი ინტერვიუდან ამოკრეფილი საინტერესო ფრაზებით გავიხსენებთ.
…ჯერ იყო ეზო, შემდეგ – 35-ე საფეხბურთო სკოლა. 16 წლის ვიყავი, როცა დინამოში მოვხვდი, მაგრამ ფეხის მძიმე ტრავმა მივიღე და ერთი წლით თბილისის მეორე კლუბში, ლოკომოტივში წავედი. შემდეგ დავბრუნდი და კარიერაც დინამოში დავასრულე.
…დინამოს დუბლშემადგენლობამდე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში ვთამაშობდი. 1968 წელს სოჭში იმედის თასი მოვიგეთ, ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა… ფინალის შემდეგ საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებს ვეთამაშეთ და 2:1 გავიმარჯვეთ. იმ მატჩის მერე საკავშირო იუნიორთა ნაკრებშიც მიმიწვიეს, პარალელურად კი დინამოს დუბლებშიც დავმკვიდრდი.
…ჩემი დებიუტი ტაშკენტის ფახთაქორთან შედგა. იმ დროს ჩვენი მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იყო… შეცვლაზე შევედი. მაინცდამაინც კარგად არ მითამაშია, 0:1 წავაგეთ.
…ნოდარ ახალკაცი პირველად ლოკომოტივში გავიცანი – დინამოდან წამოსულმა იქ დავიწყე თამაში და სწორედ მაშინ შევხვდი მას.
…როცა ვალერი ლობანოვსკიმ მონრეალის ოლიმპიადისთვის ნაკრებში შემიყვანა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ არ ველოდი თუ მწვრთნელი სათადარიგოთა შორის დამტოვებდა – კანადაში წუთიც არ მითამაშია. ცხადია მაინტერესებდა მიზეზი, მაგრამ მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ ფეხბურთელმა ასეთი კითხვა არ უნდა დასვას. მიმაჩნია რომ მონრეალში კარგ ფორმაში ვიყავი. 1976 წელს ქვეყნის მეორე ფეხბურთელად დამასახელეს, კანადაში კი თავის გამოჩენის შანსი არ მომეცა.
…ის ამბავი, რის შესახებ ევგენი ევტუშენკომ მოგვიანებით ლექსი დაწერა, მართლა მოხდა. კარდიფში ვითამაშეთ თასების თასზე – კარდიფ სიტისთან 0:1 წავაგეთ. მატჩის შემდეგ უელსური კლუბის პრეზიდენტი მოვიდა და თუ არ ვცდები, 20-ფუნტიანი კუპიურა გამომიწოდა, ვითომდა, ამაზე ღირებულად არ გითამაშიაო. ფული გამოვართვი, ხელი მოვუწერე და დავუბრუნე. იმ წუთებში ევტუშენკო გვერდით მედგა და მერე მითხრა, უკან რომ დაუბრუნე, გული სიამაყით ამევსოო.
…მსაჯებმა მხოლოდ 2-ჯერ მიჩვენეს წითელი ბარათი. პირველად თბილისში, ლენინგრადის ზენიტთან გამაძევეს – ეს ვალერი ბასკაკოვმა გააკეთა და არ დავმალავ, მართალი იყო. ერთმა ლენინგრადელმა დინამოელს დაარტყა და არც დავფიქრებულვარ, „ხურდა დავუბრუნე“. მეორედ ლაიპციგში გამაგდეს, გდრ-ის ნაკრებს ვეთამაშებოდით და ჩემი მეურვე 85 წუთი უმოწყალოდ მჩეხავდა და ფეხებში მირტყავდა… ბოლოს ვერ მოვითმინე და სილა გავარტყი. იქაც გასაძევებელი ვიყავი.
…ფეხბურთიდან 1982 წელს, 31 წლისა წავედი. ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე არ წამიყვანეს, ეს კი იმდენად მძიმე დარტყმა იყო, რომ კარიერის გაგრძელება საჭიროდ აღარ ჩავთვალე. 1981 წლის სექტემბერში მძიმე ტრავმა მივიღე, მაგრამ გამოვჯანმრთელდი და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ისე ვემზადებოდი, როგორც არასდროს. მერე ნაკრები სამხრეთ ამერიკაში წავიდა ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად, მეც გუნდში ვიყავი, მაგრამ ხეირიანად არ მითამაშია. გაზაფხულზე უკეთ ავთამაშდი, მინსკის დინამოსთან და კრასნოდარის ყუბანთან საუკეთესოდ დამასახელეს, მაგრამ როცა გუნდის გაფართოებული, 40-კაციანი შემადგენლობა გამოქვეყნდა და იქ ჩემი გვარი ვერ ვნახე, მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თუ არ ვცდები სექტემბერში, ნიკიტა სიმონიანმა მითხრა: „დათო, მგონი იჩქარე, ფეხბურთი იქამდე უნდა ითამაშო, სანამ მუხლი გიჭრისო“. გუნებაში კი ვეთანხმებოდი, მაგრამ მაშინ ამის აღიარება არ მინდოდა. ეგებ მართლა ადრე იყო წასვლა, მაგრამ გულახდილად ვამბობ: იმ დროს მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვოცნებობდი.
…ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, დინამოდან რატომ წახვედითო. მაშინაც ვუპასუხე და ამას ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი: დინამოდან არასდროს წავსულვარ და არც არასდროს წავალ. ეს კლუბი ჩემ გულშია!
…ვიტალის დაღუპვის ამბავი რომ გავიგე, ბორჯომში ვისვენებდი ოჯახთან ერთად. იქიდან პირდაპირ რიკოთის უღელტეხილზე გავვარდი, იმ სოფლისკენ, სადაც ავარია მოხდა. ვიტალის დაღუპვამ ყველას გული დაგვწყვიტა, ყველა საშინელ ხასიათზე ვიყავით, გულში რაღაც ჩაგვწყდა… საერთოდ, რიცხვი 13 ვიტალისთვის საბედისწერო იყო: 13 დეკემბერს დაიღუპა, 13 მაისს გაიტანა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი, მე-13 ნომრით ითამაშა ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე… და რამდენადაც რთული სათქმელი არ უნდა იყოს, მის ცხედარს 13 დღე ვეძებდით.
…ვთვლი, რომ ფეხბურთელობისას შესაძლებლობების დაახლოებით 75% გამოვიყენე. შეიძლება ოდნავ მეტი, ან ნაკლები. ნიჭის სრულად რეალიზებაში ყველაზე ძალიან ტრავმებმა შემიშალა ხელი, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულზე არ ვეხატებოდი და ყველანაირად ხელს მიშლიდნენ. თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა, არ მიყვარს პრობლემების სხვებისთვის გადაბრალება.
…1976-81 წლებში თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, ორჯერ აღმართა თასი, იყო ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი, ყველაფერი კი თასების მფლობელთა თასის მოგებით დააგვირგვინა. 5 წლის განმავლობაში ამდენი ტიტული, დამეთანხმებით, ცოტა არაა. რის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას? შრომა და დისციპლინა იყო წინაპირობა.
…უცხოეთის რამდენიმე კლუბი მთავაზობდა გადასვლას, კონტრაქტიც გამზადებული ჰქონდათ, მაგრამ ამაზე არც ვფიქრობდი. სხვა დრო იყო მაშინ, ზურგს უკან ოჯახი, ნათესავები, მეგობრები იდგნენ. გაპარვის შანსი როგორ არ იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ ან ნაბიჯს ჩვენი ახლობლებისთვის ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. საბჭოთა კავშირის დროს ერთადერთი, ვინც უცხოეთში გადავიდა, მგონი ზინჩენკო იყო, თუმცა როგორ მოახერხა ავსტრიაში გადასვლა, ვერ ვხვდები.
…მუდმივად სავსე სტადიონზე ვთამაშობდით, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, დინამოს ფინანსური პრობლემა არ შეექმნებოდა. ჩვენ დროს გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და როცა წლის დასაწყისში სამინისტროს ბიუჯეტი მტკიცდებოდა, იქ ჩვენი დაფინანსებაც გათვალისწინებული იყო. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 700-750 ათასი მანეთი იყო გამოყოფილი კლუბისთვის. ეს თანხა მგზავრობას, ხელფასებს, პრემიებს და სხვა ყოველდღიურ ხარჯს ფარავდა.
…საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგა ერთ-ერთი უძლიერესი იყო ევროპაში. ჩემი აზრით, საკავშირო პირველობა არაფრით ჩამოუვარდებოდა ბუნდესლიგას, სერია ა-ს და ინგლისის ჩემპიონატს.
…გუნდს, რომლისკენაც გული მიმიწევდა და სადაც დიდხანს გავჩერდებოდი, მადრიდის რეალი ჰქვია.
…საბჭოთა კავშირის ნაკრებში საკმაოდ ადრე, 1974 წელს მოვხვდი, მაგრამ მაინც ძალიან ცოტა მატჩი ჩავატარე. სხვადასხვა მწვრთნელთან ვთანამშრომლობდი: ნიკიტა სიმონიანი, კონსტანტინ ბესკოვი, ვალერი ლობანოვსკი…
…როცა თბილისის დინამოში საუკეთესო ფორმაში ვიყავი, ნაკრებს არცთუ კარგი პერიოდი ედგა. ევროპის 1976 და 1980 წლების ჩემპიონატზე ვერ მოვხვდით, ვერც მსოფლიოს 1978 წლის პირველობაზე გავედით.
…მიუხედავად იმისა, რომ თავს ყოველთვის პროფესიონალად ვთვლიდი, მუდამ ყურს ვუგდებდი სხვის რჩევას და კრიტიკას. მომწონს თუ არა, რჩევებიდან და კრიტიკიდან ყოველთვის კარგი დასკვნები გამომაქვს.
…ბევრი მწვრთნელი შემხვედრია, მაგრამ ყველაზე მეტად ნოდარ ახალკაცს ვემადლიერები. შეიძლება იდეალი არ იყო, მაგრამ… ნუ დაივიწყებს ქართველი გულშემატკივარი მის სახელს. ის დიდი ადამიანი გახლდათ თავის მინუსებით და პლუსებით. გული მტკივა, რომ დღეები და წლები გადის და თითქოს თანდათან ივიწყებენ მის ამაგს. ხშირად უნდა გავიხსენოთ ნოდარ ახალკაცის და ანდრო ჟორდანიას სახელები. ისინი უდიდესი პიროვნებები იყვნენ!
…აფხაზეთში ყოველთვის საუკეთესო მოსამზადებელი პირობები იყო: ქართულ კლუბებზე არაფერს ვამბობ, რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის უძლიერესი გუნდები ჩადიოდნენ სოხუმში, გაგრაში, ლესელიძეში და ძალიან კარგად ემზადებოდნენ. ის, რომ ახლა ეს კუთხე მიტოვებულია, ყველასთვის დიდი დანაკლისია. აფხაზეთში ისეთი საწვრთნელი პირობები იყო, ესპანეთს, თურქეთს, კვიპროსს და ისრაელს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
…კვიპროსში ჩემი დაკავების ამბავი მალე გავრცელდა მოსკოვსა და თბილისში. ისიც ითქვა, თითქოს რუსულ მაფიასთან ვთანამშრომლობდი. გეტყვით რაც მოხდა: რესტორანში, რომლის თანამფლობელიც ვიყავი, ორმა რუსმა ერთს სცემა. ისიც ადგა და იჩივლა, ფულს მძალავდნენო. საქმეში პოლიცია ჩაერია და რადგან რესტორნის თანამფლობელი ვიყავი, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ საქმეში მეც ვმონაწილეობდი. სახლში მომადგნენ, გამჩხრიკეს, ხელბორკილები დამადეს და დამაკავეს. შაბათ-კვირა დაემთხვა, ამიტომ ორი დღე წინასწარი დაკავების საკანში გავატარე. როცა გაიგეს ვინ ვიყავი, თვალები შუბლზე აუვიდათ, სულ ბოდიშებით გამათავისუფლეს. ნიქოზიის პოლიციის უფროსი მთხოვდა, საჩივარს ნუ შეიტანთო, კვიპროსის გენერალურმა პროკურორმა კი ოფიციალური წერილით მომიბოდიშა. მერე მითხრეს, გაზეთ იზვესტიას დაუბეჭდია ცნობა სათაურით „დავით ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში“. ავისმსურველებს მეტი რა უნდოდათ? ათასი ჭორი მომაწერეს.
…მე დავით ყიფიანი ვარ! ვამაყობ იმით, რომ რაღაც გამიკეთებია ქართული ფეხბურთისთვის და რაკიღა მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კვლავაც აქ დარჩენა გადავწყვიტე, ესე იგი, მაინტერესებს ქართული ფეხბურთის ბედ-იღბალი. კვიპროსზე ჩინებულად ვიყავი, არაფერი მაკლდა, მაგრამ მაინც დავბრუნდი, რადგან, სწორად გამიგეთ – მინდოდა რაღაცაში გამოვდგომოდი ჩვენ ფეხბურთს. როცა ჩვენ ფეხბურთში საქმე ცუდადაა, განა აქვს დავით ყიფიანს უფლება, ამ ყოველივეს შორიდან უცქიროს და ჩუმად იყოს?
…ბესკოვმა კარგად თქვა ერთხელ: ჩემმა გუნდმა იპოვა თამაში და უკვე რამდენიმე თვეა თავის ფეხბურთს თამაშობსო. გუნდის თამაში ისეთი რამეა, ხშირად შეიძლება „იპოვო“ და „დაკარგო“. ასე რომ, მწვრთნელი მუდამ ძიებაში უნდა იყო.
…არ ვიცი, ზუსტად რამდენგუნდიანი ჩემპიონატი უნდა იყოს საქართველოში. ალბათ რვა, ათი ან თორმეტი. ამ შემთხვევაში მოხდება საუკეთესო ფეხბურთელების და მწვრთნელების კონცენტრაცია, უფრო უკეთ მიეხედება თავად ჩემპიონატსაც, პირველ ჯგუფში თამაშიც პრესტიჟული გახდება.
…თუ გვინდა, რომ ძლიერი ჩემპიონატი გვქონდეს, უპირველეს ყოვლისა, 5-6 ძლიერი გუნდი უნდა შევქმნათ. 3-4 თუ იქნება, არც ესაა ურიგო. 10-გუნდიანი 4-წრიანი ჩემპიონატის შემთხვევაში გაცილებით გაიზრდება დაძაბულ შეხვედრათა რაოდენობა, რაც ძალიან წაადგება საქმეს, პირველ რიგში კი დინამოს.
…ძლიერი გუნდების შექმნის წინაპირობა ნიჭიერი ფეხბურთელების მოძებნა და მათი ხელშეწყობაა. განა ახლა გვყავს იმდენი ძლიერი მოთამაშე, ესოდენ მომძლავრებული მიგრაციის პირობებში, რომ 16 კლუბი დავაკომპლექტოთ? აღარ არიან ამდენნი, მით უმეტეს ნიჭიერნი.
…იმის დაუნახაობა როგორ იქნება, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, როცა საქართველოში არაფერი მუშაობდა, ფეხბურთის ფედერაციის გარჯის შედეგად ეროვნული ჩემპიონატი არ ჩაშლილა.
…როცა კვიპროსზე ოლიმპიაკოსს ვხელმძღვანელობდი და ჩემი გუნდი ფავორიტ ომონიას ან ანორთოსისს ხვდებოდა, დასაწყისში ვუგებდით, მაგრამ მერე ბიჭებს ფეხები უკანკალებდათ და აგებდნენ. მთელი ჩემი საქმიანობა იქითკენ მივმართე, რომ გუნდისთვის გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამომეყალიბებინა. თუ მოწინააღმდეგის გეშინია, ვერასოდეს გაიმარჯვებ!
…1996 წელს, როცა საქართველოს ნაკრები პერუჯაში იტალიასთან 0:1 დამარცხდა, ბევრს გაუხარდა ის წაგება. როგორ შეიძლება მარცხი გაგიხარდეს? იტალიასთან 0:1 წაგების ტრფიალნი უცუდეს სამსახურს გაუწევენ ქართულ ფეხბურთს! ობიექტურად, შეიძლება მართლა არ ვიყოთ მზად იტალიასთან მოსაგებად. ეს საკამათო თემაა, მაგრამ წაგება, ვისთანაც უნდა იყოს, არ უნდა აქციო კვეხნის საბაბად. „რა მაგრები ვართ, იტალიასთან 0:1 წავაგეთ“! წაგება მაგარი ვერ იქნება, კარგი წაგება არ არსებობს! წაგება ცუდია!
…ბოავიშტასთან რომ დავმარცხდით (1996 წელს უეფას თასზე 0:5), მივხვდი, რომ ჩვენი 5-6 ფეხბურთელი ეროვნული ჩემპიონატისთვის გადამწიფებული იყო. ვინ დარჩება და ვინ წავა, ამას დინამოს დირექტორატი გადაწყვეტს, მაგრამ ვიცი, რომ როცა ბიჭებს გაესაუბრნენ, მათ შეთავაზებული პირობები არც განუხილავთ. რა პირობებით უნდა მოხიბლო მოთამაშე, რომელიც ჩვენი ჩემპიონატისთვის გადაზრდილია და უცხოეთისკენ უჭირავს თვალი? ასეთი მოთამაშის ძალით შენარჩუნება დანაშაულია და მეტი არაფერი. 24-25 წლის ასაკში კაცს შეუძლია ცხოვრება მოიწყოს და მოდი და მას წინ გადაუდექი. არაკაცური საქციელია, მეც ხომ ფეხბურთელი ვიყავი.
…საქართველოში კარგი ჟურნალისტები არიან. კი, რა თქმა უნდა, იაფი სენსაციის მოყვარულებიც მოიძებნებიან, მაგრამ განა უცხოეთშიც ასე არ არის? მეტსაც გეტყვით, ქართველი ჟურნალისტები, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უკეთ მუშაობთ, ვიდრე უცხოელები. ყოფილა შემთხვევა, უაზროდ გავუკენწლივარ მავანს, საერთოდ არ ყოფილა კაცი ჩემი გუნდის თამაშზე და კრიტიკა არ დაუკლია. ამაზე დიდი კომედია თუ გინახავთ?
…პატიოსანი მსაჯებიც არიან და გამყიდველებიც, მაგრამ მათ ვერ განვსჯი, რადგან საკუთარი თვალით მინახავს, რა პირობებში მსაჯობენ ქართველი არბიტრები. აფერუმ მათ ვაჟკაცობას! ასეთი დაუცველები არიან და მაინც ასე მსაჯობენ. ვის რა უფლება აქვს მსაჯს სცემოს? არასოდეს ვიკადრებ ხელების შლას და ფეხბურთელების შეცდომის მსაჯისთვის გადაბრალებას.
…როცა დინამოში ვთქვათ, გურიის ან კახეთის ლიდერი მოდის, ეს არ ნიშნავს, რომ მას ძირითადში თამაში გარანტირებული ექნება. შესაძლოა, ბიჭებს სხვა კლუბებში თამაშის გაძღოლის უნარი აქვთ, მაგრამ ყველასთან დიდი ბოდიში – გურია და კახეთი ერთია, დინამო – სხვა! დინამოში ლიდერად ყოფნა კი, ხომ იცით, არაა იოლი. აქ ცოტა სხვა მოთხოვნებია.
…მე ანდრო ჟორდანია არ ვარ, 4-ჯერ მაინც უნდა ვნახო ფეხბურთელი, რომ მის ავ-კარგზე ვიმსჯელო. ბატონი ანდრო კი ერთხელ შეხედავდა და რასაც იტყოდა, წყალი არ გაუვიდოდა!
…უცხოურ კლუბში გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი წარმატებული იქნება. მაგალითად, საქართველო-ბულგარეთის მატჩს გავიხსენებ: 2:1 გავიმარჯვეთ და იმ 11 ფეხბურთელიდან, რომელმაც ძირითადში ითამაშა, 3 თბილისის დინამოელი იყო: ირაკლი ზოიძე, გოჩა ჯამარაული და კახი გოგიჩაიშვილი. და მინდა გითხრათ, რომ სამივე საუკეთესო იყო იმ თამაშში, ლეგიონერებს აშკარად სჯობდნენ.
…მგონია, რომ ქართველი გულშემატკივარი ზედმეტ ეიფორიაშია: სულ ჰგონია, თითქოს მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს, მწვრთნელები კი არ გვივარგა. მე კი პირიქით ვფიქრობ: საკმაოდ კარგი მწვრთნელები გვყავს და მაღალი კლასის მოთამაშეების ნაკლებობას განვიცდით.
…როდესაც რუსეთში, შინიკში წავედი სამუშაოდ, გაოცებული ვიყავი – ნახევარ საუკუნეს მიღწეული კაცი ვარ და ისეთი პატივისცემა და სიყვარული, რაც იქ, იაროსლავლში ვნახე, კარგა ხანია არსად მიგრძვნია. მაშინ კლუბი რუსეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადავარჩინე. მერეც მთხოვდნენ დახმარებას, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო, უარი შევუთვალე.
…პროფესიონალი მწვრთნელის პოზიცია ასეთია – უნდა ჰქონდეს ძალიან პატარა ჩანთა, მივიდეს, საქმე გააკეთოს, თუ ვერ შეძლებს ამას, აიღოს ის ჩანთა და შინ წავიდეს. ჩვენ მოღვაწეობას ყველა შედეგით აფასებს. რა კაციც უნდა იყო და როგორც არ უნდა უყვარდე ყველას, შედეგი მაინც ყველაფერს გადაწონის. ვისაც სურს ამ სფეროში მუშაობა და სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება, ეს უნდა გაითვალისწინოს. ეს უმადურობისთვის განწირული პროფესიაა – მოიგებ? კარგი ხარ, წააგებ და ვერავინ გიშველის.
…ქუთაისის ტორპედო რომ ჩავიბარე, ბევრმა თქვა, ყიფიანს ძალიან ბევრი გადაუხადეს, ყველაფერზე უარი თქვა და ქუთაისში წავიდაო. ეს არ არის სიმართლე. ადამიანი მარტო მატერიალური კეთილდღეობისთვის არ უნდა ცხოვრობდეს. არ დავმალავ: ტორპედოსთან დაკავშირებით ძალიან დიდი გავლენა იქონია ბატონი მიშას ავტორიტეტმა. მიხეილ ქორქია ისეთი პიროვნებაა ქართულ სპორტში, რომლის დავიწყებაც დაუშვებელია. ითქვა ისიც, ყიფიანი ამბიციური კაცია და თავის რენომეს დამტკიცება უნდაო. არც უამისობა იყო.
…ხშირად მეკითხებიან, თამაშის დროს რატომ არ ნერვიულობთო? ნერვები აღარ მაქვს და რით ვინერვიულო?
…როცა ბიჭები ისვენებდნენ და დიღმის ბაზაზე არავის ვუშვებდი, მეორე დღეს მაკრიტიკებდნენ. იოჰან ბოსკამპიც ასე იქცეოდა და იგივე ხალხი ამას დისციპლინას ეძახდა.
…თბილისი ურთიერთობის ქალაქია. დილით, სანამ სადარბაზოდან გავალ, 5-6 ნაცნობი მხვდება, ვესალმები, მოვიკითხავ… ქუჩაში მეგობრებს ვნახულობ – მათთან გასაუბრება ერთი სიამოვნებაა! როცა უცხოეთში ვმუშაობდი, ყველაზე ძალიან სწორედ ეს ურთიერთობები, ეს სალამი და მოკითხვები მაკლდა და ამას განვიცდიდი. არაერთხელ ვიყავი პარიზში და როცა ქართველ ემიგრანტებს ვხვდებოდი, მათ სახეზე უდიდეს ნაღველს და მონატრებას ვხედავდი. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი რა იყო იმ სევდის მიზეზი.
…ჩემთვის თბილისელია ის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და მისით ცხოვრობს და არა ის, ვინც მესამე, მეოთხე თაობის თბილისელია და დაბადების მოწმობით ამაყობს. თუ ოდესმე მეტყვიან, გვითხარით საუკეთესო თბილისელიო, გალაკტიონ ტაბიძეს დავასახელებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უდიდესი პოეტი თბილისში არ დაბადებულა. და მიუხედავად ამისა, თბილისის სიყვარული მასზე ძლიერად და ლამაზად არავის გამოუხატავს.
…რა მიყვარს ყველაზე ძალიან? სიმღერა, კარგი ქალაქური სიმღერა.
დავით ყიფიანი
დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს თბილისში. გარდაიცვალა 2001 წლის 17 სექტემბერს წეროვანთან მომხდარ ავტოავარიაში
1969, 1971-82 წლებში თბილისის დინამოს, 1970 წელს თბილისის ლოკომოტივის შემტევი ნახევარმცველი
ტიტულები: უეფას თასების მფლობელთა თასი – 1981; სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981; სსრკ თასი – 1976, 1979; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული – 1976; სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (გაზეთი ფუტბოლ-ხოკეი) – 1977; სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1976; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1981; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 8-ჯერ მოხვდა: #1 – 1977, 1978; #2 – 1976, 1980, 1981; #3 – 1973, 1975, 1979; ღირსების ორდენი; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2011 (გარდაცვალების შემდეგ)
სამწვრთნელო ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 1990, 1991, 1995, 1996, 1997, 2000, 2001 (რევაზ ძოძუაშვილთან ერთად); საქართველოს თასი – 1995, 1996, 1997, 2001 (რევაზ ძოძუაშვილთან ერთად); საქართველოს სუპერთასი – 1996, 1997
სსრკ ნაკრებში: 19 მატჩი, 7 გოლი (1974-81)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 2 მატჩი, 2 გოლი (1975)
*-1981 წლის 18 აგვისტოს უეფას ევროპის ნაკრებში ითამაშა ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0:4).
*-გრიგორი ფედოტოვის სახელობის „ასიანთა კლუბის“ წევრი – 115 გოლი.
*-1984-85, 1988, 1990-91, 1995-97 წლებში იყო თბილისის დინამოს (იბერია) მთავარი მწვრთნელი. სხვადასხვა დროს წვრთნიდა ნიქოზიის ოლიმპიაკოსს (კვიპროსი), მეხელენის რასინგს (ბელგია), იაროსლავლის შინიკს (რუსეთი) და ქუთაისის ტორპედოს.
*-1993 წელს გურჯანიის სტადიონს მისი სახელი მიენიჭა.
*-1997 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 7 მატჩიდან 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 2 წააგო. ბურთების შეფარდება – 14:6.
*-მისი სადებიუტო მატჩი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე – 1997 წლის 30 მარტს თბილისში სომხეთთან 7:0 – ნაკრების ისტორიაში დღემდე სარეკორდო გამარჯვებაა.
*-1998 წელს, გაზეთ სარბიელის გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა.
*-2000-01 წლებში რევაზ ძოძუაშვილთან ერთად წვრთნიდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მათი ხელმძღვანელობით გუნდმა 15 მატჩიდან 4 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 6 კი წააგო. ბურთების შეფარდება – 14:16.
*-2004 წელს, ფიფას საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფოსტამ გამოსცა 4-მარკიანი სერია. ერთ-ერთზე, 80 თეთრის ღირებულების მარკაზე დავით ყიფიანია გამოსახული.
*-საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2001 წლიდან ქვეყნის თასის გათამაშებას მისი სახელი მიენიჭა.
*-მისი უფროსი ვაჟი ლევანი 2012-15 წლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი იყო, წლების წინ კი სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა.
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge