კარიერა ფრაზებში #33: რომან გიუტაშვილი
თუ მთა გიყვარს და გული მწვერვალებისკენ მიგიწევს, შეუძლებელია ერთ დღეს, სულ ერთი წამით მაინც არ დაფიქრდე ევერესტზე. ყველა ალპინისტს უოცნებია ამ ბუმბერაზზე.
რომან გიუტაშვილიც ოცნებობდა და მან გულისწადილი აისრულა კიდეც. მანამდე კი იყვნენ ჩინებული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთი დიდებული ასვლით დაგვამახსოვრეს თავი, მაგრამ მიზეზთა გამო ევერესტი არათუ ვერ დაიპყრეს, მასთან მიახლოებაც ვერ მოახერხეს…
1957 წელს, როცა ნეპალის მეფე რაჰენდრა საბჭოთა კავშირს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, სტუმარმა თბილისში, მაშინდელ კიროვის პარკში, საქართველოს ალპური კლუბიც მოინახულა. მასპინძელთა მორიდებულ თხოვნაზე, ევერესტზე ვოცნებობთო, მეფემ სიტყვიერი თანხმობა იქვე გასცა, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში ოფიციალური მიწვევაც მოვიდა – საქართველოს მთამსვლელთა ნაკრებს 1959 წელს საგარმატჰა (ნეპალელები ევერესტს ასე მოიხსენიებენ) გელითო.
ჯომოლუნგმაზე ასასვლელად უძლიერესი ქართველი მთამსვლელები ემზადებოდნენ: ზურაბ და ლევან ახვლედიანები, ჯოკია გუგავა, თეიმურაზ კუხიანიძე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, შოთა მირიანაშვილი, დიმიტრი ობოლაძე, რევაზ და ოთარ ხაზარაძეები, მიხეილ ხერგიანი, სოლიკო ხაბეიშვილი… საქართველოს ნაკრების ექსპედიცია ჩაიშალა: საბჭოეთის დედაქალაქში განაცხადეს, რომ ტიბეტში პოლიტიკური ვითარება ძალიან გამწვავდა (არადა, გუნდი ნეპალიდან აპირებდა ასვლას) და ასეთ დროს ლაშქრობა მიზანშეუწონელია. თავს ზევით ძალა არ იყო.
თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ კიდევ ერთი საბჭოთა ექსპედიცია დაიგეგმა. 1980 წელს ნაკრებში მესტიელი სერგო ბარლიანიც შეიყვანეს, მაგრამ გამგზავრება ორი წლით გადაიდო, 1982 წელს კი ბარლიანს განახლებულ გუნდში აღარ უხმეს.
იმ ნაკრებში ქართველი მაინც მოხვდა – თბილისელი აკაკი (ხუტა) ხერგიანი. ის შეკრებებზე მუდამ საუკეთესოთა შორის იყო, ჩინებულად ჩააბარა გამოცდები მეკლდეურობაში, ყინულზე ცოცვასა თუ კოსმონავტის ბაროკამერაში, მაგრამ ჯგუფის მეთაურმა ევგენი ტამმა ბოლო მომენტში მას მწვერვალზე ასვლის ნება არ დართო. ხერგიანი იმ ექსპედიციის კინოოპერატორი გახლდათ და მშვენიერი ფილმიც გადაიღო, რომელიც დღეს მოსკოვში, ცენტრალური ტელევიზიის არქივში ინახება.
1991 წლის 10 ოქტომბერს მოსახდენი მაინც მოხდა: იმ დღეს, ნეპალის დროით 17 საათზე, ჯომოლუნგმას მწვერვალზე მდგარმა ამერიკელმა დენიელ მაზურმა ქართველ მეწყვილეს, 54 წლის რომან გიუტაშვილს რამდენიმე ფოტო გადაუღო. მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალიდან ქართველმაც გადმოიხედა!
იმ დროისთვის რომან გიუტაშვილი ევერესტზე ასული მეორე უხუცესი იყო 55 წლის ნორვეგიელი რიჩარდ ბასის შემდეგ.
მსოფლიოს მწვერვალზე პირველამსვლელი ქართველის განვლილ გზას რამდენიმე წლის წინ გაზეთ სარბიელში გამოქვეყნებული ინტერვიუს და ინტერნეტში ამოკითხული მასალების დახმარებით გავიხსენებთ.
…15 წლის ვიქნებოდი, როცა პირველად წავედი მთაში. მას შემდეგ მთები ჩემი თანამდევია. მგონი, ცხოვრების ნახევარზე მეტი იქ გავატარე.
…როცა პირველად წავედი სალაშქროდ, ევერესტზე ნამდვილად არ მიფიქრია, უბრალოდ, ახალი ემოციების განცდა მსურდა. მერე ხომ იცით როგორც ხდება? ერთ მწვერვალს მეორე მოსდევს და უფრო მეტი გსურს, სულ უფრო მაღლა მიგიწევს გული. ზუსტად არ მახსოვს როდის დავფიქრდი მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობაზე. არა, როგორ არ მიფიქრია, მაგრამ სერიოზულ განზრახვას ვგულისხმობ… ალბათ, შუა აზიაში წარმატებული ლაშქრობების შემდეგ, პამირის და ტიან-შანის შვიდათასიანებზე ასვლის მერე.
…„დედამიწის სახურავს“ თითქმის მთელი მსოფლიო ევერესტის სახელით იცნობს, თუმცა ტიბეტელები მას ჯომოლუნგმას უწოდებენ. მთის ნეპალური სახელი საგარმატჰაა. ევერესტზე პირველამსვლელი ახალზელანდიელი ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენსინგ ნორგეი არიან. მათი სახელები ალპინიზმის ისტორიაში ოქროს ასოებითაა შესული.
…ჩვენ ყოველთვის გვყავდნენ ძლიერი მთამსვლელები… სამწუხაროა, რომ ისინი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ, თორემ დარწმუნებული ვარ, ჩემამდე გაცილებით ადრე შეუტევდნენ ევერესტს და თან, წარმატებით. 50-იანი წლების ბოლოს, როცა ნეპალის მეფე თბილისს ესტუმრა და ვერის პარკში ალპური კლუბი დაათვალიერა, მან ქართველები პირადად მიიწვია ევერესტზე, რაც უკიდურესად იშვიათად ხდებოდა. მოსკოვში ეს არ ესიამოვნათ, მალე კი ლაშქრობის გასაუქმებლად ოფიციალური საბაბიც მიეცათ: ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა. არადა ჯუმბერ მეძმარიაშვილი, ოთარ გიგინეიშვილი, შოთა მირიანაშვილი და მათი მეგობრები მონდომებით ემზადებოდნენ მწვერვალის დასალაშქრად.
…ჩემამდე ევერესტის მწვერვალთან ყველაზე ახლოს აკაკი ხერგიანი იყო. 1982 წლის ამბებს გიყვებით. მაშინ პირველი საბჭოთა ექსპედიცია მოეწყო და აკაკი იმდენად კარგ ფორმაში იყო, რომ საიერიშო ჯგუფშიც შეიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით ექსპედიციის ხელმძღვანელმა ევგენი ტამმა მისი პიკზე გაშვება გადაიფიქრა. რატომ მოხდა ასე, არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ ხერგიანი კინოკამერით ორჯერ ავიდა 8 ათას მეტრზე.
…ჩემ შესახებ რა გითხრათ? დღეს რომ ვფიქრობ იმ ამბებზე, ვხვდები, რომ ძალიან გამიმართლა. 1991 წელს საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციამ სოლიდური ჯგუფი შეკრიბა, ჰიმალაის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალ ანაპურნაზე გვსურდა ასვლა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო არ გაგვიშვეს. კარგ ფორმაში ვიყავი, არ მინდოდა შანსის ხელიდან გაშვება და ამიტომ, ნაცნობებს შევეხმიანე რუსეთში, რომლებიც ევერესტზე ლაშქრობისთვის ემზადებოდნენ. საერთოდ, მსგავსი თხოვნით მათ ბევრი აწუხებდა და რომ არ დაგიმალოთ, დადებითი პასუხის იმედი არც მქონდა. გაიხსნა თუ არა სეზონი, პამირის ალპურ ბანაკებში გავემგზავრე სამუშაოდ, რამდენიმე თვის შემდეგ კი, როცა სეზონი მთავრდებოდა, შემატყობინეს, რომ სანკტ-პეტერბურგელი ვლადიმირ ბალიბერდინის ჯგუფში ვიყავი ჩართული. მეც მწვერვალ პრეჟევალსკის საბაზო ბანაკიდან პირდაპირ მოსკოვში ჩავედი მათთან შესახვედრად. შევიკრიბეთ, დარჩენილი საკითხები ერთად მოვაგვარეთ და მოსკოვიდან ჯერ კატმანდუში გადავფრინდით, იქიდან კი ერთ კვირაში უკვე ლუკლაში ვიყავით.
…ლუკლა მაღალმთიანი სოფელია, საიდანაც ევერესტის სამხრეთი კალთებისკენ მიმავალი გზა იწყება. საბაზო ბანაკამდე მისასვლელად, 5 300 მეტრზე, დაახლოებით ერთი კვირა ფეხით ვიარეთ და ჭრელ-ჭრელი კარვების პატარა ქალაქში დავბინავდით. იქაურობა ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად ხვდება ამ ბუმბერაზი მთის ძირში.
…მთაში დაუწერელი კანონები მოქმედებს. ქალაქში, შესაძლოა, შეცდე ურთიერთობაში და მერე ათასი მიზეზით სცადო თავის მართლება, იქ, ზევით კი ეს გამორიცხულია! მთაში მთავარია პატიოსნება და ერთმანეთის გატანა, სხვა თუ არაფერი, ერთ თოკში ხართ ჩაბმულნი – მცირე შეცდომა და წინ და უკან მყოფსაც საფრთხე დაემუქრება.
…ურთიერთობის მხრივ ჯგუფში ძალიან გამიმართლა. ბალიბერდინმა ჯერ კიდევ 1982 წელს, პირველი საბჭოთა ექსპედიციის შემადგენლობაში დალაშქრა ევერესტი, ანატოლი ბუკრეევზე კი ახალი რა უნდა გითხრათ, მას მსოფლიოს საუკეთესო მთამსვლელად ყველა 8-ათასიანის დამლაშქრავი იტალიელი რაინჰოლდ მესნერი აღიარებს. ბალიბერდინთან და ბუკრეევთან ერთად იმ ექსპედიციაში კიდევ 4 ესპანელი იყო, მე კი მეწყვილედ ამერიკელი დენიელ მაზური მყავდა, რომელიც შემთხვევით გავიცანი კატმანდუში.
…მეწყვილეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ გვერდით მდგომს ელემენტარულად სიცოცხლეს ანდობ, ლაშქრობის წარმატებით დასრულება დიდწილად მასზეცაა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია მეწყვილესთან ფსიქოლოგიურად შეგუება, იქ, ზევით წვრილმანებსაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ მაზური ჩინებული ბიჭი გამოდგა.
…ჩვენ მხარდამხარ ევერესტზე სალაშქროდ 12 ექსპედიცია ემზადებოდა, მწვერვალს კი მხოლოდ ჩვენმა მიაღწია. დარწმუნებული ვარ წარმატება ჯგუფის შემადგენლობამ განაპირობა და კიდევ, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს… ჩვენმა ხელმოკლეობამ! ფინანსური პრობლემების გამო შერპები ვერ დავიქირავეთ, ვერც ახალი აღჭურვილობა შევიძინეთ, საკვებიც კი შეზღუდული გვქონდა. ამის გამო ყველა ნაბიჯს ვუფრთხილდებოდით და ექსპედიცია ზუსტად ერთ თვეში დავასრულეთ. ასეთ მოკლე დროში ასვლის მომზადება, შტურმი და დაშვება უკიდურესად იშვიათად ხდება.
…როცა ბალიბერდინის ჯგუფს შევუერთდი, მათ უკვე დაეგეგმათ სამხრეთის მარშრუტი. საერთოდ, ჩრდილოეთის და სამხრეთის კლასიკურ მარშრუტებს შორის დიდი სხვაობა არაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გზა ერთნაირია. მაგალითად, ჩრდილოეთის კალთები უფრო ცივია და ასასვლელი დღეებიც ნაკლებია, სამხრეთიდან კი რთული მყინვარია გასავლელი. ჩრდილოეთიდან, ანუ ტიბეტიდან საბაზო ბანაკი 6 400 მეტრზე მდებარეობს, სამხრეთიდან, ანუ ნეპალიდან კი 5 300-ზე, ანუ ჩრდილოეთიდან ამსვლელები თითქმის კილომეტრით ახლოს არიან მწვერვალთან. ისე, უნდა ითქვას, რომ ევერესტის სამხრეთის კალთები უფრო კარგადაა შესწავლილი.
…მწვერვალამდე ჩვენმა ჯგუფმა 4 საშუალედო ბანაკი გამართა. რადგან შერპები არ გვყავდა, თოკები თავად დავჭიმეთ და ტრასაც ჩვენი ხელით გავამზადეთ. წინ ბალიბერდინის ჯგუფი მიდიოდა, მე და მაზური კი მათ მივყვებოდით. რუსებს უჟანგბადოდ ასვლა სურდათ, ჩვენ კი ბალონებით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ესეც ცოტა გვქონდა.
…ბოლო, საიერიშო ბანაკი 8 ათას მეტრზე გავმართეთ – 2-ადგილიანი კარავი დავდგით. ეს იმას ნიშნავდა, რომ როცა იქიდან წყვილი მწვერვალზე გავიდოდა, მომდევნოები მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრებოდნენ.
…ყველაზე რთული მონაკვეთი უკანასკნელი ბანაკის შემდეგ იწყება: 8 ათასი მეტრის ზევით ჰაერი გაიშვიათებულია და ჟანგბადის ბალონებით გიწევს მოძრაობა. უამრავი რამ უნდა გათვალო, მათ შორის კარვიდან დროზე გასვლა, სვლის ტემპი და უკან დაბრუნება. ევერესტზე მალე ბნელდება და ესეც უნდა გაითვალისწინო.
…როცა მე და დენიელმა დავაპირეთ გასვლა, ძლიერი ქარი ქროდა, თან ყინავდა, თუმცა დაახლოებით დილის 6 საათისთვის მზე ამოვიდა და მივხვდით, რომ ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო. მშვერვალისკენ ნელა დავიძარით – ამ სიმაღლეზე ორივენი პირველად ვიყავით და ძალიან ფრთხილად მივიწევდით წინ. არც იმას დავმალავ, რომ გვიჭირდა. მწვერვალამდე რამდენიმე ასეული მეტრი იყო დარჩენილი, როცა დენიელს ძალა გამოელია. პირველად მაშინ დავდექით გზიდან მობრუნების საფრთხის წინაშე. ძალიან არ მსურდა ამის გაკეთება. ჩემ ასაკში არავინ იცის მექნებოდა თუ არა ევერესტის დაპყრობის მეორე შანსი, დენი კი 30 წლის იყო და ის კიდევ შეუტევდა მწვერვალს… იმ წამებში ჩემთვის ძალიან რთული იყო უკან მობრუნება, ამიტომ ცოტა შევისვენეთ. რამდენიმე წუთი ვესაუბრე და ბოლოს გზის გაგრძელებაზე დავითანხმე – ძალიან მინდოდა ორივენი ერთად ავსულიყავით მწვერვალზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიჭირდა, 1991 წლის 10 ოქტომბერს, იქაური დროით 17 საათზე პიკზე დავდექით.
…იქ რა ხდებოდა? ეგ არ მკითხოთ! როცა მწვერვალზე ავედი, პირველად საქართველოს დროშა გამახსენდა. ქარი ქროდა, მე კი დროშის წერაყინზე დამაგრება მსურდა, მაგრამ ვერ შევძელი. ბოლოს ხელში დავიჭირე, დენიმ კი 3 კადრის გადაღება მოასწრო და ფოტოაპარატიც გაიყინა.
…იმ დროშაზე ერთი საინტერესო ისტორია უნდა მოგიყვეთ. ჰიმალაებში ისე გავემგზავრე, შინდისფერი ქართული დროშა ნანახიც არ მქონდა. ვიფიქრე, თუ მოხდა და მწვერვალზე ავედი, კარგი იქნება ჩემი ქვეყნის სახელმწიფო დროშა ავაფრიალო-მეთქი, მაგრამ კატმანდუში საქართველოს დროშა საიდან უნდა მეშოვა? ისევ ჩვენი თანამემამულე, ქალბატონი თალიკო ყუბუსიძე დამეხმარა, რომელიც იქ ცხოვრობდა – მისი მეუღლე ნეპალის სამეფო ტელევიზიის ოპერატორი გახლდათ… ქალბატონმა თალიკომ საქართველოს დროშა ერთ ღამეში შეკერა და გამატანა…
…მთამსვლელობა მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით პრესტიჟულად კი ჰიმალაის მაღალმთიან ექსპედიციებში მონაწილეობა ითვლება. ახლა ვერ გეტყვით რისთვის დადიან მთაში, მაგრამ ჩემ დროს ორი მთავარი მიზანი გვქონდა: პირველი და უმთავრესი – საკუთარ თავზე გამარჯვება, მძიმე სიტუაციაში შესაძლებლობების გამოცდა, ნახვა იმისა, თუ სად გადის ჩვენი ზღვარი და მეორე – მწვერვალის დაპყრობა. საერთოდ, ყველა გამოცდილი მთამსვლელი გეტყვით, რომ მთის დალაშქვრაზე მნიშვნელოვანი მისკენ სავალი გზაა. საუკეთესოდ რომ იყო მზად, თუ რაღაც შეგეშალა, უკან დახევა დაიგვიანე და დაუფიქრებლად გარისკე, შეიძლება შეცდომა ძალიან ძვირად დაგიჯდეს, მათ შორის სიცოცხლის ფასად.
…როცა მთაში ხარ და მწვერვალისკენ მიიწევ, ათას რამეზე ფიქრობ: ოჯახზე, ცხოვრებაზე, საყვარელ ადამიანებზე… მე კი ხანდახან ადამიანის შესაძლებლობებზე ვფიქრობდი და ყოველთვის ერთ პასუხამდე მივდიოდი – არავინ იცის სად გადის ზღვარი. ალბათ, ადამიანი ვერასდროს ამოწურავს თავის შესაძლებლობებს – ვიდრე ცოცხალი ხარ, მოძრაობ, წინ მიიწევ, გგონია, რომ დასახულ მიზანს უახლოვდები, ამ დროს კი წერტილი, რომლისკენაც მიილტვოდი, კვლავ შორსაა და ახალი გამოწვევის წინაშე დგები. საკუთარ მაგალითს მოვიშველიებ: ევერესტზე 54 წლისა ავედი, მთაში პირველად წასვლიდან თითქმის 40 წლის შემდეგ. როგორია? და მისი დალაშქვრის შემდეგ, როცა ვფიქრობდი, მთავარ მიზანს მივაღწიე-მეთქი, ცხოვრებამ ახალ-ახალი გამოწვევები შემომთავაზა. მეც არ დამიხევია უკან, ამიტომ, ნურავინ იტყვის, სად გადის ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი. ამას ვერავინ დაადგენს.
რომან გიუტაშვილი
დაიბადა 1937 წლის 11 მაისს თბილისში
პირველი ქართველი მთამსვლელი, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტი დალაშქრა (1991 წლის 10 ოქტომბერს, სანკტ-პეტერბურგის ექსპედიციის შემადგენლობაში)
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი სასიმაღლო-ტექნიკურ კლასში (1979; ტაჯიკეთის უნივერსიტეტის პიკი); სსრკ ვიცე-ჩემპიონი სასიმაღლო-ტექნიკურ კლასში (1977; ევგენი აბალაკოვის პიკი); სსრკ სპორტის ოსტატი; თოვლის ჯიქი; სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2013
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge