კარიერა ფრაზებში #36: ალექსანდრე ჩივაძე

1984 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ინგლისს პირველად და უკანასკნელად მოუგო უემბლიზე – 2:0. იმ დღეს სტუმართა გუნდის კაპიტნის სამკლაური ალექსანდრე ჩივაძეს ეკეთა, მეორე დღეს კი ერთ-ერთი ლონდონური გაზეთის გარეკანზე მისი ფოტოს ქვეშ ეწერა: რუსების დაცვის გენერალი.
ეგებ ბრიტანელები ფიქრობდნენ, რომ საბჭოთა კავშირი და რუსეთი სინონიმებია და წითელი მაისურით მხოლოდ რუსები თამაშობენ. არ ვიცი. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ იმ ფოტოს წარწერაში ზუსტად იკითხება სტუმართა გუნდის კაპიტნის ოსტატობა, გნებავთ მაღალი კლასი, რის გამოც მას ხან „პროფესორს“ უწოდებდნენ, ხან კი „დაცვის გენერალს“.
საბჭოეთის პირველი გუნდის ისტორიაში კაპიტნის სამკლაური მხოლოდ ორმა ქართველმა მოირგო: 60-70 წლების შესაყარზე მურთაზ ხურცილავამ, 80-იანებში კი ალექსანდრე ჩივაძემ.
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელის კარიერას ქართულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული ურიცხვი ინტერვიუების და ჩანახატების დახმარებით გავიხსენებთ.

…ნაძალადევში გავიზარდე და დილიდან საღამომდე ეზოში ვთამაშობდით. 10 წლისა 35-ე საფეხბურთო სკოლაში მივედი, 13 წლისა კი უკვე ვოვა ელოშვილთან ვვარჯიშობდი. 1972 წელს ჩვენმა გუნდმა პირველ დიდ წარმატებას მიაღწია – ჭაბუკებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით! კარგი გუნდი გვყავდა: ვახტანგ კოპალეიშვილი, თემურ ჩხაიძე, ზურაბ გაგუა, ლევან მაყაშვილი, ოთარ გიგოლაშვილი, რევაზ შელია, რევაზ მამესწარაშვილი, გია კალაძე… სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ცოცხალი აღარაა.

…ბავშვობაში ვერც ვიფიქრებდი, რომ წლების შემდეგ დინამოს მაისურს მოვირგებდი – ეს ყველაფერი თავხედურ ოცნებად მიმაჩნდა. მაშინ მიშა მესხის, სლავა მეტრეველის, სერგო კოტრიკაძის, შოთა იამანიძის, მურთაზ ხურცილავას და სიომა ბარქაიას თამაშით ვტკბებოდი – ისინი ჩემი კერპები იყვნენ! ხომ წარმოგიდგენიათ, რას ვგრძნობდი, როცა 1973 წელს დინამოში მიმიწვიეს?!

…დინამოში მისვლის დღე გუშინდელივით მახსოვს: მაშინ ალიოშა კოტრიკაძე იყო მთავარი მწვრთნელი, სერგო კოტრიკაძე კი მეორე მწვრთნელად მუშაობდა. ნესტორ ჩხატარაშვილი გუნდის უფროსი იყო, დუბლებთან, ანუ ჩვენთან კი ანდრო ზაზროევი იყო მომაგრებული. სანამ დინამოში დაგვტოვებდნენ, მკაცრი კონკურსი გავიარე, ორმხრივ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა: მეორე შემადგენლობა ძირითადთან გვათამაშეს. ერთ მომენტში შევნიშნე, რომ მეტოქის მეკარე დავით გოგია კარიდან იყო გამოსული, მეც ავდექი და დაახლოებით 25 მეტრიდან ბურთი თავზე გადავუგდე – ლამაზი გოლი გამოვიდა! მატჩის მერე კახი ასათიანმა მითხრა, ასე თუ გააგრძელებ, დიდი ფეხბურთელი დადგებიო. მისი სიტყვები ჩემთვის, 18 წლის ბიჭისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა! მაშინ ჩემთან ერთად გოჩა და მანუჩარ მაჩაიძეებმა, ვლადიმერ გუცაევმა და ბესო მჭედლიშვილმაც ითამაშეს.

…ძირითადში სანამ მოვხვდებოდი, ძალიან ბევრი ვიშრომე. პირველი ორი წელი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვიმუშავე. მხოლოდ ნიჭი სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად საკმარისი არ იყო – გამძლეობა თუ არ გივარგოდა, მინდორს არავინ გაგაკარებდა.

…არავისთვისაა ახალი, რომ დინამოს აღზევება ნოდარ ახალკაცის მისვლის შემდეგ დაიწყო. პირველივე წელს დიდ წარმატებას მივაღწიეთ – საკავშირო ჩემპიონატში ორჯერ ბრინჯაოს მედლები მოვიგეთ და რაც მთავარია, ნანატრ თასს შევწვდით. მიმაჩნია, რომ ახალკაცის დინამოს პირველი, მართლა მაღალი დონის მატჩი თასის ნახევარფინალი იყო, დონეცკის შახტიორთან პაექრობას ვგულისხმობ.

…მაშინდელ და დღევანდელ რეჟიმს არც შევადარებ. იმ დროს პირველი გუნდის ფეხბურთელები წელიწადში, მაქსიმუმ 3 კვირა თუ ვისვენებდით, ახლა კი სხვა მიდგომებია. მაშინ პროფესიონალები არ გვერქვა, არადა მხოლოდ ფეხბურთით ვცხოვრობდით.

…პასუხისმგებლობა? დინამოს ფეხბურთელი თუ იყავი, გაცილებით მეტი მოგეთხოვებოდა, ვიდრე სხვა კლუბის მოთამაშეს – ჩვენ ხომ რესპუბლიკას წარვადგენდით ამხელა ქვეყანაში! ამას დაუმატეთ ისიც, რომ ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მოთამაშეები, მილიციის ოფიცრებად ვითვლებოდით. აბა გაებედა ვინმეს და რამე დაეშავებინა! იყო ასეთი ფეხბურთელი, ვაგიზ ხიდიატულინი, მოსკოვის სპარტაკში თამაშობდა – ერთხელ რაღაც შეეშალა და პირდაპირ ჯარში გაუშვეს, არადა კაცი ნაკრების წევრი იყო!

…თავდაპირველად ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, მაგრამ ცოტა ხანში ახალკაცმა დაცვაში გადამიყვანა. არ გამჭირვებია – აქეთ-იქით ფირუზ კანთელაძე და შოთა ხინჩაგაშვილი თამაშობდნენ. ორივე ძალიან მაღალი დონის მცველი იყო.

დინამო

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები: კახი ასათიანი, ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია

…მსაჯთან უსიამოვნება? კი, ხდებოდა ხოლმე. ერთხელ მოსკოვში ტორპედოს ვეთამაშებით, 5 წუთია დარჩენილი და ანგარიში 0:0-ია. უცბად მოსკოველებმა წესის უხეში დარღვევით გოლი გაგვიტანეს. ისეთი აბსურდული მომენტი იყო, მსაჯს გოლი არ უნდა ჩაეთვალა, მაგრამ მან ცენტრისკენ გაიშვირა ხელი. მეც თანაგუნდელს გავძახე, ბურთი გადმომიგდე-მეთქი! მსაჯმა თამაშის დაწყება რომ მანიშნა, გავაქანე და პირდაპირ მას გავარტყი! ამ ამბავს მოედანზე გაგრძელება არ მოჰყვა, მაგრამ თურმე შეხვედრას სპორტკომიტეტის მთელი მაშინდელი ხელმძღვანელობა ესწრებოდა და სამაგიერო იმით გადამიხადეს, რომ 33 საუკეთესოს შორის მეორე ნომრად დამასახელეს. არადა, მანამდე სულ პირველი ვიყავი! კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, თუმცა ამ ამბავს მსაჯთან უსიამოვნება ნაკლებად ეთქმის: ბაქოში მუშკოვეცმა მოგონილი პენალტი დაგვინიშნა. როგორც კაპიტანი, მივედი და ვეუბნები, ხვალ ამ ამბავს კოლოსკოვის კაბინეტში ერთად გავარჩევთ-მეთქი. კოლოსკოვი მაშინ საკავშირო ფედერაციის ხელმძღვანელი იყო. მუშკოვეცი დაიბნა, არ ელოდა და უცბად, ვითომ არაფერი მომხდარაო, მითხრა: ვინ გითხრა რომ პენალტია? პირიქით, თავისუფალი თქვენ უნდა შეასრულოთო. წამში შეცვალა გადაწყვეტილება!

…1979 წელს საქართველოს ნაკრები, რომელიც ფაქტიურად თბილისის დინამო იყო, სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ფინალში გავიდა და მხოლოდ მოსკოვის ნაკრებთან დამარცხდა, მალე კი დინამომ მეორედ მოიგო თასი – მოსკოვის დინამოს პენალტების სერიაში ვაჯობეთ. ამ ტურნირების გამო მოსკოვში თითქმის მთელი თვე დავყავით და ბოლოს ყველაფერი ყელში გვქონდა ამოსული. მახსოვს, ახალკაცის მეგობარი, მაშინდელი თერჯოლის რაიკომის პირველი მდივანი ანზორ ბურჯანაძე ჩამოვიდა და ქართული პროდუქტები ჩამოგვიტანა. ამ ამბავმა ცოტა ხასიათზე მოგვიყვანა, თორემ საშინელება იყო ამდენი ხანი მოსკოვში ყოფნა.

…1979 წელს, საკავშირო თასის ფინალს ლივერპულის მწვრთნელი ბობ პეისლიც დაესწრო. ვერ ვიტყვი, რომ მოსკოვის დინამოსთან ის მატჩი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო. იმ დროს ყველაფერი ყელში გვქონდა ამოსული და ამიტომაც მივიდა საქმე პენალტებამდე. გახსოვთ ალბათ, იქ ოთარ გაბელიამ გვიშველა – 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია!

…იმ წლების დინამო ნებისმიერი ამოცანის გადასაჭრელად მზად იყო: გამოცდილები ვიყავით, საკუთარი თავის გვჯეროდა, გვყავდა მართლა მაღალი დონის მწვრთნელი… იმ შემოდგომით, ჩემპიონთა თასზე 4 ურთულესი გამოცდა გავიარეთ – ლივერპულთან და ჰამბურგთან მატჩებს ვგულისხმობ. მივხვდით, რომ ძლიერ ევროპულ კლუბებს არაფრით ჩამოვუვარდებოდით.

…ლივერპულთან ის ორი ლეგენდარული დაპირისპირება ჩემთვის დაუვიწყარია – ჩვენ პირველად ვხვდებოდით მსოფლიოს საუკეთესო კლუბს, ლივერპული კი მაშინ სწორედ ასეთი იყო. უნდა გენახათ რა სიტუაცია დაგვხვდა ენფილდ როუდზე: სავსე, მოგუგუნე ტრიბუნები, თავზეხელაღებული ფანები… გულშემატკივრები ხელით გვიჩვენებდნენ, 10:0-ს მოგიგებთო… მეამაყება, რომ ასეთ თამაშში და ასეთ სტადიონზე გოლი გავიტანე: რეი კლემენსი შორეულ კუთხეში ელოდა დარტყმას, მე კი ახლოში დავურტყი. უნდა გენახათ რა მოხდა! გულშემატკივრები უცბად დადუმდნენ, რაღაცნაირი, შემზარავი სიჩუმე ჩამოწვა. მართალია მხოლოდ რამდენიმე წამით, მაგრამ მაინც.

…როცა მეტოქის კარს ვუახლოვდებოდი და დარტყმას დავაპირებდი, წამით პაუზას ვაკეთებდი და მერე, მეკარე რომ კუთხეს ირჩევდა, საპირისპირო მხარეს ვურტყამდი. კლემენსს სწორედ ასე გავუტანე და ბევრ სხვასაც, სხვათა შორის.

…რატომ იყო ის ლივერპული დიდი გუნდი? ჯერ ერთი, უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავდა: კენი დალგლიში, გრემ სუნესი, ალან ჰანსენი, რეი კლემენსი… და მწვრთნელი? ბობ პეისლი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ტაქტიკოსად მიმაჩნია – მისი გუნდი მოკლე პასებით თამაშობდა და ბურთს ძნელად თმობდა. ამას დაუმატეთ დიდებული წარსული, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად ენფილდ როუდზე იგრძნობოდა… თბილისში ლივერპულის კარისკენ პირველ ტაიმში არც დაგვირტყამს, თუმცა ეს უიღბლობის ბრალი არ იყო – ასეთი ტაქტიკა აირჩია მწვრთნელმა. შესვენების შემდეგ ჩვენი შემჩერებელი აღარავინ იყო – ერთიმეორეზე უკეთესი გოლები გავიტანეთ!

…ჰამბურგზე რა უნდა ვთქვა? მხოლოდ ის ფაქტი, რომ სწორედ ამ კლუბის მაისურით თამაშობდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, მგონი, ყველაფერზე მეტყველებს. კევინ კიგანი დიდებული იყო, მაგრამ სხვებიც ძალიან ძლიერნი იყვნენ: რუდი კარგუსი, მანფრედ კალცი, ივან ბულიანი… ორივე შეხვედრაში უმაღლეს დონეზე ითამაშეს, ჩვენ კი, გუნდმა, რომელსაც ზედიზედ 4 პრინციპული მატჩი არასდროს ჩაგვეტარებინა, ვერაფერი გავაკეთეთ. ამიტომაც დავმარცხდით.

სსრკ ნაკრები

სსრკ ნაკრების მაისურით ალექსანდრე ჩივაძემ არაერთი დიდი ფეხბურთელის წინააღმდეგ ითამაშა. ფოტოზე: ლოთარ მათეუსთან ორთაბრძოლისას

…როტერდამში, ფეიენოორდთან საპასუხო თამაშზე გასახდელშივე ვიგრძენი, რომ მსაჯები რაღაცას გვიმზადებდნენ. ასეთი რანგის მატჩების წინ ყოველთვის შემოდიოდნენ არბიტრები და ბუცებს გვიმოწმებდნენ, იქ კი მსგავსი არაფერი მომხდარა. მთავარი არბიტრი ავსტრიელი იყო, გვარად ვიორერი. რაც მან იმ დღეს იკადრა… არც ვიცი რა ვთქვა, ძალიან უნამუსოდ მოიქცა!

…თასების თასის ფინალის წინ, სანამ გერმანიაში გავემგზავრებოდით, საქართველოს მაშინდელმა პირველმა პირმა ედუარდ შევარდნაძემ გვიმასპინძლა. ფინალის წინ, ვარჯიშზე ცხვირში ბურთი მომხვდა და სისხლი წამსკდა, საღამოს კი სიცხემ 40 გრადუსამდე ამიწია. წამლის მიღება არ შეიძლებოდა და გუნდის ექიმმა, ცხონებულმა ზაქრო თელიამ მამაპაპური მეთოდით მიმკურნალა. ღამით ოფლში გავიწურე, სამაგიეროდ, დილით მშვენივრად ვიყავი.

…ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ დაემართა დინამოს ის, რაც 1982 წლის შემდეგ მოხდა. მიმაჩნია, რომ შემადგენლობის რადიკალური გადახალისება ნაადრევი იყო. ერთდროულად წავიდნენ დავით ყიფიანი, შოთა ხინჩაგაშვილი, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი, გიორგი ჭილაია და მათი ღირსეული შემცვლელები ვერ მოვიდნენ. როცა ასეთი ცვლილება ხდება, შედეგები, ბუნებრივია იცვლება. ცხადია, ჩვენზე ძალიან იმოქმედა ვიტალის ტრაგედიამაც.

…ყველა ხვდებოდა, რომ დათო ყიფიანი გრიშა ცაავას უნდა შეეცვალა. ყიფო უმაღლესი დონის მოთამაშე იყო, ცაავა კი უდავოდ ნიჭიერი, მაგრამ ჯერაც დამწყები ფეხბურთელი. ვფიქრობ, გრიშას კიდევ 2-3 სეზონი რომ ეთამაშა დათოს მხარდამხარ, მისთვისაც უკეთესი იქნებოდა და გუნდისთვისაც.

…საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1979 წლის მიწურულს მოვხვდი. ჩემი პირველი დიდი ტურნირი 1980 წელს მოსკოვში გამართული ოლიმპიური თამაშები იყო. იქ თენგიზ სულაქველიძესთან და რეზო ჩელებაძესთან ერთად ვითამაშე და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. მაშინ ჩვენგან ყველა ოქროს ელოდა, მაგრამ ნახევარფინალში მაშინდელ გდრ-ის ნაკრებთან დავმარცხდით.

…1981 წელს არგენტინაში მასპინძელთა ნაკრებს ამხანაგურად ვეთამაშეთ. სწორედ იმ შეხვედრაში გავუცვალე მაისური დიეგო მარადონას. მერე ეს ძვირფასი სუვენირი კაფე მსოფლიო სპორტს ვუსახსოვრე. არგენტინასთან იმ მატჩში ჩემ გარდა კიდევ 5-მა დინამოელმა ითამაშა: თენგიზ სულაქველიძემ, რამაზ შენგელიამ, ნოდარ ხიზანიშვილმა, ვიტალი დარასელიამ და დავით ყიფიანმა.

…მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის წინ საბჭოთა კავშირის ნაკრები ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო, საქმისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში ჩვენ მართლა შეგვეძლო ესპანეთში წარმატებით გამოსვლა, მაგრამ როცა 3 მწვრთნელი დაგვინიშნეს, მივხვდი, რომ საფეხბურთო კავშირში სხვანაირად ფიქრობდნენ. ახალკაცის, ბესკოვის და ლობანოვსკის ერთად დანიშვნა დიდი შეცდომა იყო და ეს ესპანეთში ნათლად გამოჩნდა: ბესკოვი სხვანაირად გვავარჯიშებდა, ლობანოვსკი სულ სხვას ითხოვდა ჩვენგან… მოკლედ, სამწვრთნელო შტაბში დიდი არეულობა იყო.

…ესპანეთში პირველივე შეხვედრაში ბრაზილიას ვეთამაშეთ. მანამდე შვედებთან ამხანაგურ მატჩში კუნთი დამეჭიმა, სრული დატვირთვით მხოლოდ ბრაზილიასთან თამაშის წინ ვივარჯიშე. კარგად დავიწყეთ, ვიგებდით კიდეც… მერე მსაჯმა რამაზ შენგელიას გოლი არ ჩაუთვალა და პენალტიც არ მოგვცა, სულ ბოლოს კი სოკრატესის და ედერის ზღაპრული გოლები იყო… მოკლედ, წავაგეთ – 1:2.

…შოტლანდიასთან მე და შენგელიამ გავიტანეთ გოლები. ხომ გახსოვთ, მეტოქემ პირველი ბურთი ჩემი უხეში შეცდომის შემდეგ შეაგდო. რომ წარმოვიდგინე რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე მეუღლეს, მშობლებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს, მივხვდი, რომ მომხდარი თავადვე უნდა გამომესწორებინა. შევედით გასახდელში და კაციშვილი ხმას არ იღებს, ვგრძნობ, რომ როგორც კაპიტანმა, რაღაც უნდა ვთქვა და დავიწყე: ბიჭებო, ასე საზიზღრად არასდროს მითამაშია, მაგრამ რადგან წინ მეორე ტაიმია, მენდეთ, ეს ჩემი თამაში იქნება და გეხვეწებით, ამყევით-მეთქი! ხმა არავის ამოუღია, ძალიან აღგზნებული ვიყავი… საბედნიეროდ, მეორე ტაიმში ყველაფერი კარგად წარიმართა.

…იცით, წლების შემდეგ თითქმის იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ოღონდ მწვრთნელის ამპლუაში, მაგრამ მაშინ, სამწუხაროდ, ბევრი არაფრის შეცვლა შემეძლო: 1996 წელს თბილისში ინგლისთან 0:2 წაგებულ მატჩს ვგულისხმობ. პირველი ტაიმის მერე ორი ბურთით ვაგებდით, შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, ნუ იფიქრებთ გაშვებულ გოლებზე, დამშვიდდით, თქვენი ფეხბურთი ითამაშეთ, გააქტიურდით-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი შეიცვალა – იმ ნაკრებში არ იყო ლიდერი, მოთამაშე, ვინც თანაგუნდელებს გაუძღვებოდა.

…მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული იტალიამ მოიპოვა, იმ ტურნირის საუკეთესო გუნდად მაინც ბრაზილია მიმაჩნია. არ დაგიმალავთ: სწორედ მათ ვგულშემატკივრობდი. დიდებული გახლდათ ფალკაო, მგონი, იმ ტურნირზე ის საუკეთესოც იყო. ფეხბურთელის ისეთი თამაში, როგორიც ფალკაომ იტალიასთან აჩვენა, იშვიათად მინახავს!

…როცა ნაკრების მწვრთნელად ედუარდ მალაფეევი დაინიშნა, მე და რამდენიმე ფეხბურთელი აგვითვალწუნა. საერთოდ, მას ყოველთვის უჭირდა ავტორიტეტებთან ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში ნაკრებში ჩემთან და ბლოხინთან მუდმივად პრობლემები ჰქონდა. შესაძლოა, არ ესიამოვნა, გუნდის სახელით რომ ვთხოვე, სამის ნაცვლად დღეში ორჯერ ვივარჯიშოთ-მეთქი. მალე მწვრთნელმა მე და ბლოხინი ნაკრებს მიღმა დაგვტოვა, მაგრამ არ გასულა დიდი ხანი და თვითონ მალაფეევი გვეხვეწებოდა, დაბრუნდითო.

ჩივაძე

ალექსანდრე ჩივაძე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებთან, პორტუგალიელ ეუსებიოსთან და ინგლისელ ბობი ჩარლტონთან

…1986 წელს კიდევ ერთხელ გავემგზავრე მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ იმის გამო, რომ მექსიკაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მივიღე, ჯგუფის ყველა შეხვედრა გამიცდა. 1/8-ფინალში, ბელგიასთან მატჩის წინ ვალერი ლობანოვსკიმ მიხმო და მითხრა, ამ შეხვედრაში უნდა გეთამაშა, მაგრამ მოდი ტრავმას ნუ გავირთულებთ, ბელგიას უშენოდაც მოვუგებთ და მერე შენი იმედი მექნებაო. გახსოვთ, როგორ დასრულდა ის შეხვედრა? ბელგიამ 4:3 მოიგო და ჩვენც მოსკოვში დავბრუნდით.

…ნაკრებს 1987 წელს გამოვეთხოვე ჩემივე სურვილით. თბილისში შვედეთთან ამხანაგურში 1:3 დავმარცხდით, რაშიც, გარკვეულწილად, მეც ვიყავი დამნაშავე. თამაშის შემდეგ ლობანოვსკისთან მივედი და ვთხოვე, ნაკრებში ნუღარ გამომიძახებ-მეთქი.

…იმ დროს უკვე ყველაფერი მობეზრებული მქონდა: დინამოს წარუმატებლობა, გაუთავებელი შეკრებები… უდიდესი სტრესის ქვეში ვიყავი, თანაც, ოჯახი უზომოდ მენატრებოდა. ეგეც არ იყოს, თითქმის ყოველი წაგების შემდეგ ცეკა-ში მეძახდნენ და ჭკუას მარიგებდნენ, მეც მომხდარის ახსნა და თავის მართლება მიწევდა. დავიღალე და მივხვდი, რომ მეტის მოთმენა არ შემეძლო. ისე, 1987 წლის შემოდგომით ბრემენის ვერდერი რომ გამოგვეგდო უეფას თასზე, ერთი სეზონი კიდევ დავრჩებოდი, მაგრამ ვერ შევძელით და მეც წავედი.

…1987 წელს დინამოს მთავარ მწვრთნელად გერმან ზონინი დანიშნეს. მაშინ დინამო ცხრილის ქვედა ნაწილში იყო. ერთ დღეს ბაზაზე კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი გვესტუმრა და როგორც კაპიტანს, მითხრა: იცოდე, თუ დინამო უმაღლესი ლიგიდან გავარდება, ჩემი პირადი მტერი იქნებიო. როგორია? ისღა დამრჩენოდა მოთამაშე-მწვრთნელი გავმხდარიყავი. საბედნიეროდ, დინამო ლიგიდან გავარდნას გადაურჩა.

…უცხოური კლუბებიდან რამდენჯერმე მივიღე მიწვევა. პირველად საბერძნეთის პანათინაიკოსი შემეხმიანა. ეს ვერდერთან პირველი თამაშის წინ მოხდა. კონტრაქტს მხოლოდ ჩემი ხელმოწერა აკლდა, მაგრამ უკვე მაშინ მქონდა ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვეტილი და აზრის შეცვლას არ ვაპირებდი.

…ბესკოვი თუ ლობანოვსკი? იცით, ორივე ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი იყო, მაგრამ უპირატესობას ვერცერთს მივანიჭებ. ბესკოვი ეგრეთ წოდებულ რომანტიულ ფეხბურთს ანიჭებდა უპირატესობას, ლობანოვსკი კი პირიქით, შედეგზე გათვლილს. პირადად მე ბესკოვთან უფრო კარგად ვგრძნობდი თავს.

…ოლეგ ბლოხინის დონის ფორვარდი საბჭოთა კავშირში კი არა, ევროპაშიც თითო-ოროლა იყო. ის დიდებული იყო, ნამდვილი გოლეადორი! მას რომ უცხოეთში ეთამაშა, გაცილებით სახელოვანი იქნებოდა და უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდა. პირველ რიგში ტიტულებს ვგულისხმობ.

…მიყვარს ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთელები. რა თქმა უნდა თავდამსხმელს დაცვაში თამაშს არ ვთხოვ, მაგრამ მეტოქის შეტევების ჩაშლას პირველი ის რომ ცდილობს, უკვე კარგია. ძალიან ლამაზი სანახავია, როცა მცველი შედეგიანად ერთვება შეტევაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დროის მსოფლიო ვარსკვლავებში ბევრი ასეთი მოთამაშე იყო: დანიელ პასარელა, გაეტანო შირეა, მარიუს ტრეზორი.

…მე და ჩემი მეუღლე ერთი უბნელები ვართ, ისიც ნაძალადეველია. 1981 წლის 3 იანვარს მოვაწერეთ ხელი – მზია მაშინ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო. 1982 წელს სანდრო შეგვეძინა, 1984 წელს გიორგი, 1992 წელს კი ანა.

…საქართველოს ნაკრების გაწვრთნა ნოდარ ახალკაცმა შემომთავაზა. დიდხანს ვისაუბრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება. ახალკაცი, ქალაქურად რომ ვთქვათ, „მოხარშულს“ მიცნობდა – ჩვენ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო და მისი ინიციატივით ჩავიბარე გუნდი, ჩემ საქმეში არასდროს ჩარეულა. ვსაუბრობდით ნაკრებზე, მაგრამ ეგ იყო და ეგ.

…იმ გუნდში ყველაზე ნიჭიერი გიორგი ქინქლაძე იყო და მგონი, ამაში ბევრი დამეთანხმება. ქინქლაძემ მანჩესტერ სიტიში დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი დონის მოთამაშე იყო. თუ რატომ ვერ მიაღწია მეტს, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ. მას აკლდა ის მიზანდასახულობა, რაც, მაგალითად, შოთა არველაძეს სხვებისგან გამოარჩევდა.

…გასახსენებელი ძალიან ბევრი მაქვს. დიდი სიხარულიც იყო და მწუხარებაც, მაგრამ მთავარი ჩემთვის ხალხის სიყვარულია – სადაც უნდა ჩავიდე, ვგრძნობ, რომ ჩემი დანახვა უხარიათ, ამაზე დიდი ბედნიერება კი არაფერია! შემეძლო თუ არა მეტის მიღწევა? ალბათ კი, მაგრამ არ ღირს ამაზე საუბარი – წარსულია ყველაფერი. ერთი ვიცი: ხალხს პირნათლად ვემსახურე და პასუხადაც მხოლოდ სიყვარულს ვხედავ.

ალექსანდრე ჩივაძე
დაიბადა 1955 წლის 8 აპრილს ქლუხორში
1974-87 წლებში თბილისის დინამოს მცველი, 1980-87 წლებში იყო თბილისის დინამოს და სსრკ ნაკრების კაპიტანი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981; სსრკ თასი – 1976, 1979; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979; უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი – 1981; ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) – 1980; ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1980 (მოსკოვი); სსრკ საუკეთესო ფეხბურთელი (გაზეთი ფუტბოლ-ხოკეი) – 1980; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 8-ჯერ მოხვდა: #1 – 1979, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1986; #2 – 1985; სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1980; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1981; უეფას ლალის ორდენის კავალერი – 2001; სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2011; ღირსების ორდენი
სსრკ ნაკრებში: 46 მატჩი, 3 გოლი (1980-87)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 6 მატჩი (1980)

*-საბჭოთა კავშირის ნაკრების მეორე ქართველი კაპიტანი მურთაზ ხურცილავას შემდეგ.

*-1981 წელს, ფრანს ფუტბოლის ორგანიზებულ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში მე-8 ადგილი დაიკავა.

*-1993-96 და 2001-03 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 34 მატჩიდან 13 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 17 წააგო. ბურთების შეფარდება: 43:51. ევრო 1996-ის და ფიფა 2002-ის შესარჩევ ტურნირებში ნაკრები მე-3 ადგილზე გავიდა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

*-1998 წელს, გაზეთ სარბიელის გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა.

*-2017 წლიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ასაკობრივი გუნდების (U19 და U17) საუკეთესო ფეხბურთელებს მისი სახელობის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადაეცემათ.

*-სხვადასხვა დროს იყო სფფ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ვიცე-პრეზიდენტი.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian