კარიერა ფრაზებში #38: ილია დათუნაშვილი
1964 წელს თბილისის დინამოს ფეხბურთელთა გუნდი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 18 ნოემბერს, დამატებით თამაშში, ტაშკენტის ფახთაქორის სტადიონზე ქართველებმა მოსკოვის ტორპედო 4:1 დაამარცხეს.
ის შეხვედრა გულშემატკივრებმა „ოქროს მატჩად“ მონათლეს, 1964 წლის დინამო – „ოქროს გუნდად“, ფეხბურთელები კი „ოქროს ბიჭებად“.
„ოქროს მატჩში“ „ოქროს ბიჭბმა“ ილია დათუნაშვილმა 2 გოლი გაიტანა, მათ შორის პირველი პირდაპირ კუთხურიდან!
„ოქროს მატჩის“ გმირის კარიერას ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებით გავიხსენებთ.
…თამაში ბათუმში დავიწყე. მაშინდელ პიონერთა პარკში პატარა სტადიონი იყო და ნიჭიერი ბიჭები იქ შეგვკრიბა ცნობილმა ფეხბურთელმა ბორის ფროლოვმა. იმ გუნდში ჩემთან ერთად ვარჯიშობდა ანზორ კავაზაშვილიც. წლების შემდეგ ის საბჭოთა კავშირის ნაკრების პირველი მეკარე გახდა და მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა.
…მე-9 კლასში ვიყავი ოჯახი ლანჩხუთში რომ გადავიდა. სკოლა სოფელ ჩიბათში დავამთავრე… ადგილობრივებმა თქვეს, არიქა, ქალაქელი ჩამოვიდაო და ეგრევე საფეხბურთო კლუბში ჩამრიცხეს. მალე ლანჩხუთის რაიონის საუკეთესო კლუბში მოვხვდი, გუნდს კოლმეურნე ერქვა. იცით ვინ ხელმძღვანელობდა კოლმეურნეს? ადგილობრივი გაზეთის მთავარი რედაქტორი… ევგრაფი შევარდნაძე, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული კაცი! წლების შემდეგ მან იმდენი ქნა, რომ ლანჩხუთის გურია საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა!
…50-იან წლებში, ყოველი სეზონის ბოლოს, ტრადიციულად იმართებოდა მატჩები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს პერსპექტიულ ფეხბურთელებს შორის. ეს ერთგვარი შესარჩევი ეტაპი იყო. სწორედ ასეთ მატჩში მნახა ცხონებულმა ანდრო ჟორდანიამ და ქუთაისის ტორპედოში მიმიწვია. მერე ჟორდანია თბილისის დინამოში გადაიყვანეს და მეც თან წამიყვანა.
…ანდრო ჟორდანია უდიდესი მწვრთნელი და ძალიან ძლიერი სელექციონერი იყო. დინამოში რამდენჯერმე იმუშავა, წარმატებითაც, მაგრამ დიდხანს არასდროს გაჩერებულა. მლიქვნელობა არ შეეძლო და თან, თავის საქმეში ცხვირს არავის აყოფინებდა, ხელმძღვანელი ამხანაგები კიდევ ხელქვეითის ურჩობას ვერ იტანდნენ.
…1964 წელს თბილისის დინამომ და მოსკოვის ტორპედომ ჩემპიონატში თანაბარი ქულები დავაგროვეთ, არადა, შეგვეძლო ერთი ქულით გადაგვესწრო. 2 ტურით ადრე ქუთაისში გვქონდა თამაში. თბილისში ყველას ეგონა, რომ ქუთაისლები მოგვაგებინებდნენ, მაგრამ იმერლებმა თავი შეგვაკლეს – თვითონ ვარდებოდნენ და სულ არ აინტერესებდათ, დინამო ჩემპიონი გახდებოდა თუ არა.
…ტაშკენტის მატჩისთვის 2 კვირით ადრე დავიწყეთ მზადება. სხვათა შორის, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში დაგვაბინავეს, სავარჯიშოდ კი სპეციალური ავტობუსით სტადიონზე დავყავდით. უზბეკეთში 14 ნოემბერს გავფრინდით – ლამის მთელმა თბილისმა გაგვაცილა! მაშინ ტაშკენტში დღეში ერთი რეისი სრულდებოდა – ასკაციანი ტუ-104 დაფრინავდა, მაგრამ იმ დღეებში იმდენი გულშემატკივარი გამოგვყვა, რომ რამდენიმე დღით დღეში 5 რეისი დაუშვეს!
…ტორპედოს კარში გატანილი გოლები არასდროს დამავიწყდება! პირველად ბურთი ახლო ძელთან ჩავაწოდე, მაგრამ მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მეორედაც იგივე გავაკეთე. კვლავ კუთხური. მესამედ შორეულ ძელთან ჩავახვიე: მეკარე მარცხენა ძელთან ელოდა ბურთს და როცა მიხვდა რომ შეცდა, გოლი უკვე გასული იყო! დამატებით დროში მეორე ბურთიც გავიტანე: მიშა მესხი საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი დამიგორა, თითქმის ცარიელი კარის წინ აღმოვჩნდი და ზუსტადაც დავარტყი.
…წლების მერე „ოქროს მატჩის“ არბიტრმა მიკელის რუბენისმა გვითხრა, თამაშის მერე მსაჯთა ოთახში საკავშირო ფედერაციის თავმჯდომარე მოშკარკინი შემოვიდა და მოსკოველთა არჩათვლილი გოლის და თქვენ სასარგებლოდ დანიშნული პენალტის გამო ტყავი გამაძროო.
…„ოქროს მატჩის“ დასრულებისთანავე სტადიონიდან პირდაპირ ფახთაქორის ბაზაზე წავედით – ტორპედოსთან მატჩამდე იქ ვცხოვრობდით. ჩემპიონობა არ გვიზეიმია, ბარგი ჩავალაგეთ და აეროპორტში გავემგზავრეთ. იქ, მოსაცდელ დარბაზში იმდენი ქართველი დაგვხვდა, თავი თბილისში მეგონა! დინამოელები სპეცრეისით მოვფრინავდით და ყველას ჩვენთან ერთად სურდა წამოსვლა. მახსოვს, მოსაცდელი დარბაზის რესტორანში რომ შევედით, იქაურობა ქართველებით იყო სავსე – ჩვენ სადღეგრძელოს ხალხი 11 ჭიქით სვამდა! მე არ დამილევია, მაგრამ ჯემალ ზეინკლიშვილი ვერ გავაჩერეთ – გაგვეპარა და რამდენიმე ჭიქის გამოცლა მოასწრო!
…1966 წელს ერევნის არარატთან 23 წუთში 5 გოლი გავიტანე. მეექვსე ბურთის შეგდებაც შემეძლო, მაგრამ ალექსი ილიადმა არ მაცალა და ბურთი ძელს მოარტყა. ვუსაყვედურე, ეს რა გააკეთე-მეთქი, ის კი გაბრაზებული მომიტრიალდა და მითხრა: აბა, მარტო შენ უნდა გაიტანოო?
…ამ 5 გოლის შემდეგ გულშემატკივრები ათასნაირად ხუმრობდნენ. მახსოვს, ჩემი ძმაკაცები თბილისელი სომხების ოჯახებში რეკავდნენ და აშაყირებდნენ: უკაცრავად, დათუნაშვილის ბინააო? რამდენიმე მეგობარმა მითხრა, ერევანში ჭირვეულ ბავშვებს შენით აშინებდნენ: დაიძინე, თორემ დათუნაშვილი მოვაო.
…ერთმა მითხრა შენი ფოტო ერევნის ტირში ვნახეო. არ დავიჯერე, ტყუილია-მეთქი, მაგრამ მალე ჩემი მეზობელი ჩამოვიდა ჯარიდან, ლენინაკანში მსახურობდა და მითხრა: ეგრეა, მეც შევესწარი როგორ „დაგხვრიტესო“.
…არარატთან ის მატჩი რომ დამთავრდა, გასახდელში დინამოს საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ დიდიძე შემოვიდა, ჩაიცვი, მინისტრი გელოდებაო, მითხრა. გადავიცვი და გარეთ გავედი: შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, მისი მოადგილე ვარლამ შადური და ქალაქის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი კონსტანტინე კეთილაძე დამხვდნენ. მცირე ხანს ვისაუბრეთ, ბოლოს კი შევარდნაძემ ხელქვეითებს სიცილით უთხრა: რამდენიმე დღით დათუნაშვილის სახლთან დაცვა დააყენეთ, სომხებმა არაფერი უყონო.
…ერთხელ რიგაში, დაუგავასთან მატჩში მიხეილ მესხის ნაცვლად ვითამაშე მარცხენა ფლანგზე, რამდენიმე კარგი მომენტი მქონდა და ერთი გოლიც გავიტანე. თბილისში რომ დავბრუნდი, მეგობრებმა მკითხეს, რატომ არ გათამაშესო? გამიკვირდა, რას ქვია არ მათამაშეს, გოლიც შევაგდე-მეთქი! თურმე რადიოს კომენტატორს, ცხონებულ ეროსი მანჯგალაძეს ერთხელაც არ ვუხსენებივარ, სულ „მესხი, მესხი“-ს გაიძახოდა, ჩემი გოლიც მიშას „გაატანინა“! ეროსი მიშას დიდი მეგობარი და გულშემატკივარი იყო, ნაღდი „მესხისტი“ და ვერ აიტანა 9 ნომერზე სხვამ რომ ითამაშა. ამის გამო წლების მანძილზე ვშაყირობდით მე და ეროსი. მას ისე უყვარდა მიშა, რომ მესხის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, მალე თავადაც შეეშვა საფეხბურთო რეპორტაჟებს.
…მიუხედავად იმისა, რომ 1964 წლის საკავშირო ჩემპიონატი დინამომ კარგად დაიწყო – ზედიზედ მოვიგეთ მნიშვნელოვანი თამაშები – ჩვენი მთავარი მწვრთნელი მიხაილ იაკუშინი მაინც დაითხოვეს. მის ნაცვლად გუნდი გავრილ კაჩალინს ჩააბარეს. მაშინ ითქვა, რომ იაკუშინი ალკოჰოლისადმი გადაჭარბებული სიყვარულის გამო დაითხოვეს, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი სიხარულიძემ მწვრთნელს ურჩობა არ აპატია. მიხეის – მწვრთნელს ასე ვეძახდით – არაყი და ღვინო მართლა ძალიან უყვარდა, მაგრამ მან რამდენჯერმე სიხარულიძის ბრძანება არ შეასრულა და აღარ მოუთმინეს.
…ჩემპიონატის ოქროს მედლები რომ მოვიგეთ, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ მიგვიღო. მანამდე გავრილ კაჩალინს ვუთხარი, ცოლის მოყვანას ვაპირებ-მეთქი და მწვრთნელმაც ვასილ პავლოვიჩს სთხოვა, ბიჭი დაოჯახებას გეგმავს და იქნებ ბინა ურიგოთ გამოუყოთო. მჟავანაძეს გაეცინა და დათანხმდა. პირველმა მდივანმა კი მომცა ბინა, მაგრამ მაშინდელი ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე გაჯიუტდა – ერთი კაცისთვის ამხელა ბინა ჯერ არასდროს მიგვიციაო. მოკლედ, სამოთახიან ბინაზე ძალიან მაწვალეს.
…დიდი ფეხბურთიდან 1967 წელს წავედი, 30 წლისა მოხუცად ჩამთვალეს. რა დავარქვა არც ვიცი, მოდა იყო თუ რა, მაგრამ 30-ს მიტანებული, უკვე ასაკოვნად ითვლებოდი და გუნდიდან წასვლას გაიძულებდნენ. ჩემი თაობა ყველა ამ ასაკში წავიდა, ზოგი უფრო ადრეც. მაშინ აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებდნენ. ჩემს მერე კიდევ რამდენიმე მოთამაშე გაუშვეს. მიშა მესხს რა უქნეს, ხომ გახსოვთ?
…მე თუ მკითხავთ, თბილისის დინამოს 1964 და 1981 წლების შემადგენლობა, საქართველოს სახელით რომ ეთამაშა, თავისუფლად მოიპოვებდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს. არ ვტრაბახობ: ჩვენი გუნდიც ძალიან ძლიერი იყო და 70-იანი წლების მიწურულის დინამოც. თუმცა, ჩემი ტრაბახი რა საჭიროა, ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს.
…დღეს შეგნებულად არ დავდივარ სტადიონზე. რამდენჯერმე ვიყავი და ტრიბუნებზე 200-300 კაცი რომ დავინახე, მივხვდი – საქმე ძალიან ცუდად იყო. ჩვენ დროს დინამოს საშინაო მატჩებზე სტადიონი სავსე იყო!
…ბევრმა არ იცის: ჩემი ნამდვილი გვარი დათუნაიშვილია, მაგრამ ლანჩხუთში ეს, რატომღაც არ მოიწონეს და „ი“ ამოაგდეს. ქუთაისშიც და შემდეგ თბილისშიც, უკვე დათუნაშვილად გადავედი.
ილია დათუნაშვილი
დაიბადა 1937 წლის 1 სექტემბერს ბათუმში
1954-56 წლებში ლანჩხუთის კოლმეურნეს, 1957-58 წლებში ქუთაისის ლოკომოტივის, 1959-68 წლებში თბილისის დინამოს თავდამსხმელი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1964; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1959, 1962, 1967; სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1966 (20 გოლი); სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 2-ჯერ მოხვდა: #2 – 1964, 1966; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2014
*-1966 წლის 22 სექტემბერს, თბილისში, საკავშირო პირველობის მატჩში ერევნის არარატს 23 წუთში 5 გოლი გაუტანა. ეს ჩემპიონატის რეკორდია.
*-1998 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი იყო.
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge