კარიერა ფრაზებში #39: გურამ მინაშვილი

„გუშინ გაიმართა აქ შეჯიბრი კალათბურთელების, ქართველების და ესპანელების, პირველობისთვის ევროპაში. გაგებული გექნება: გაიმარჯვეს ქართველებმა, შვიდი პუნქტით გაუსწრეს ესპანელებს (90:83)… ქართველები თამაშობდნენ აუღელვებლად, შეწყობილად, მეტოდიურად – აქ, სჩანდა უთუოდ ხელი მათი ხელმძღვანელის ოთარ ქორქიასი… მე ძალიან ვღელავდი. გასაგებია: სისხლი! ეს გამარჯვება ქართველების დიდად მნიშვნელოვანია. დავინახე ყამირთაგან ამოხეთქილი ძალა ქართული: მაგარი“!
ეს სიტყვები ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის წერილიდანაა, რომელიც მან დას, ლიდა რობაქიძეს მიწერა 1962 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალის შემდეგ.
ევროპაში გადახვეწილი გრიგოლ რობაქიძე იმავე წელს, 19 ნოემბერს გარდაიცვალა.
1962 წლის 29 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში თბილისის დინამომ მადრიდის რეალს სძლია და ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო თასი მოიგო! იმ დინამოს კაპიტანი გურამ მინაშვილი გახლდათ, 50-60-იანი წლების შესაყარის ქართული კალათბურთის მშვენება და დინამოს, ასევე საბჭოთა კავშირის ნაკრების გამთამაშებელი.
ბატონი გურამის კარიერას ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებით, ასევე ავტობიოგრაფიის – „40 წუთი და მთელი ცხოვრება – ბურთს კალათისკენ ჩემი გულიც მიჰყვებოდა“ – დახმარებით გავიხსენებთ.

…მამა ვარლამ მინაშვილი ვანის რაიონის სოფელ შუამთიდან იყო, დედა კი ლამაზ იმერულ სოფელში, ბაშში დაიბადა. მშობლები ჩემ კალათბურთელობას დადებითად უყურებდნენ, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. მამამ უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა და გარდაცვალებამდე სპეციალობით მუშაობდა, დედა კი დიასახლისი იყო. მყავდა 3 წლით უმცროსი ძმა ზურაბი. მას იმდენად ვაჟკაცური თვისებები ჰქონდა, რომ ჩემი გაცნობისას ამბობდნენ – შენ ზურას ძმა ხარ და არა პირიქითო. 1993 წელს, როცა საქართველოში ყველაფერი აირია, ზურაბი ავტოავარიას შეეწირა.

…ვაკეში, VI სკოლაში ვსწავლობდი, დღევანდელ 55-ში. ბედი არ გინდა? სკოლაში რომ შევედი, გოგონები და ვაჟები გააცალკევეს, ხოლო რომ დავამთავრე, კლასები კვლავ გააერთიანეს. სკოლის პერიოდში გოგონებთან ნაკლები ურთიერთობა მქონდა, ძალიან მორცხვი ვიყავი და დალაპარაკებისთანავე ვწითლდებოდი.

…სამამულო ომის დროს, საწყის ოთხ კლასში, პირველ სემესტრებს სოფელში გავდიოდი. ერთ დღეს სკოლის ფანჯრიდან გადმოვხტი და შუშაზე დავხტი. ნამსხვრევი ღრმად ჩამესო ტერფში – სისხლი მომეწამლა! სოფლის ამბულატორიაში წამიყვანეს, იქ კი დედას ურჩიეს, თბილისში წადითო. მაშინ მატარებელში მოხვედრა ძალიან ჭირდა. გადავწყვიტეთ საღამოს სამტრედიაში წავსულიყავით, იქ იყო უახლოესი სადგური. ამასობაში ფეხი ძალიან დამისივდა… სამტრედიისკენ მიმავლებს, ას წელს მიტანებული თანასოფლელი, თეთრწვეროსანი სინო ბახტაძე შეგვხვდა. ჩემი ამბავი რომ გაიგო, დედას ურჩია: ჭრილობაზე კომპრესის სახით უმარილო ჭყინტი ყველი დაადეთ, უებარი წამალიაო. დედამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მოხუცმა დაარიგა. დილით რომ გავიღვიძე, ფეხი მთლიანად დამცხრალი მქონდა. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ერთ კვირაში უკვე დავრბოდი.

…VII კლასში რომ გადავედი, ფიზკულტურის მასწავლებლად ცნობილი ტანმოვარჯიშე, მხატვარი და ყველა სფეროში გამორჩეული კაცი ვახტანგ მარსაგიშვილი მოვიდა. ის გარეგნულადაც სიმპათიური იყო და მთელ სკოლას უცებ შეაყვარა თავი. მარსაგიშვილი თითოეულ მოსწავლეს შესაბამის სპორტის სახეობას ურჩევდა და სასწავლო წლის ბოლოს იშვიათად ნახავდით ბავშვს, რომელიმე სპორტულ სექციაში რომ არ ყოფილიყო ჩართული.

…ერთ-ერთ კლასელს, შაინოვს, ცნობილი სპეციალისტი ლუკა იოაკიმიდი ავარჯიშებდა ცურვაში. ერთ დღესაც ნორჩი დინამოელის თასზე თბილისის პირველობა იმართებოდა და შაინოვის რჩევით, თავისუფალი სტილით 100 მეტრზე გავცურე. III ადგილზე გავედი!  მეორე დღეს ბატონი ლუკა სახლში გვესტუმრა, მშობლებს არწმუნებდა, გურამი ცურვაზე შემოიყვანეთ, მისგან დიდ ჩემპიონს გავზრდიო. ცოტა ხანს ვიარე, მაგრამ მომწყინდა, ცურვაში ნაკლები აზარტი იყო.

…როგორ მოვხვდი კალათბურთში? ბატონი ვახტანგის რჩევით. ერთ დღეს მითხრა, აი, ეს წერილი შალვა დიასამიძეს წაუღე, უნივერსიტეტის ფიზკულტურის კათედრაზე მუშაობს და ბავშვებს სასწავლებლის ეზოში ავარჯიშებსო. სარეკომენდაციო წერილი გამატანა. იმხანად ზუსტად უნივერსიტეტის წინ ვცხოვრობდი და მანამდეც დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ბატონი შალვას ვარჯიშებს. ასე დავუკავშირდი კალათბურთს. ერთხელ ჩვენი მწვრთნელი ავად გახდა და მეგობრებმა შინ მივაკითხეთ. მასთან უამრავი უცხოური წიგნი ვნახეთ კალათბურთის შესახებ. იმ დღის შემდეგ კალათბურთელობა საბოლოოდ გადავწყვიტე!

…მეათეკლასელი თბილისის ტონო-ში მოვხვდი, რომელსაც კალათბურთის შესანიშნავი მცოდნე და სპორტზე უზომოდ შეყვარებული მიხეილ კეკელიძე წვრთნიდა. გეცოდინებათ, ტონო სახალხო განათლების თბილისის განყოფილების რუსული სახელწოდების აბრევიატურაა. ტონო-ს შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გავხდი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ძაუჯიყაუში, ახლანდელ ვლადიკავკაზში წავედით. სამწუხაროდ იმ ტურნირზე ვერ ვითამაშე: 1936 წელს ვიყავი დაბადებული, შეჯიბრის დაწყების წინ კი ახალი წესი მიიღეს – მხოლოდ 1935 წელს ან მანამდე დაბადებულებმა უნდა ითამაშონო.

…მომდევნო წელს საკავშირო ჩემპიონატი უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში ჩატარდა. ეს იყო ჩემი პირველი გასვლა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ოქროს მედლები ესტონელებმა მოიგეს, რომელთაც 205სმ სიმაღლის ცენტრი მარტინ ლაგა ჰყავდათ. ის იყო პირველი საბჭოთა კალათბურთელი, რომელიც ბურთს ტენიდა.

…დაახლოებით იმავე პერიოდში გავიცანი ანდრო ჟორდანია, თბილისის დინამოს ფეხბურთელთა გუნდის ლეგენდარული მწვრთნელი. იმ დროს კლუბში მეკარის პრობლემა იყო და ბატონმა ანდრომ თავისთან მიმიწვია, მშვენივრად ხტები, კარგი რეაქცია გაქვს და გამოგცდიო. ეს ამბავი ჩემი მეგობრისგან, ლევან ჭაჭიაშვილისგან შევიტყვე. დინამოს ბაზაზე კი მივედი, მაგრამ ჩემგან მეკარე მაინც არ დადგა.

…1953 წლიდან უკვე დინამოს მაისურით ვთამაშობდი თბილისის, საქართველოს თუ საკავშირო პირველობებში, არადა, იმ დროს ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. თუმცა, იოლი არ იყო ვარჯიშების და სწავლის შეთავსება. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დრო ფაქტიურად არ მქონდა, სასწავლებელი მაინც ოქროს მედალზე დავასრულე! სხვათა შორის, უნივერსიტეტიც წარჩინებით დავასრულე. დიპლომის აღების შემდეგ მცირე ხანს ენგურის კაშხლის მშენებლობაზეც ვიმუშავე – ბეტონის ხარისხს ვამოწმებდი.

მინაშვილი

1962 წლის 29 ივნისს თბილისის დინამომ ჩემპიონთა თასი მოიგო! გურამ მინაშვილი და რეალის კაპიტანი ფინალის შემდეგ

…მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ავალიშვილმა ნოდარ ჯორჯიკიასთან გამანაწილა ორადგილიან ნომერში – ჩვენ ერთი ამპლუის მოთამაშეები ვიყავით. ბატონი ნოდარი იმ დინამოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი იყო. ის თამაშის ნიუანსებს მიხსნიდა და ცხოვრებისეულ ამბებსაც მიამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას კიდევ შეეძლო რამდენიმე წელი უმაღლეს დონეზე თამაში, ცოტა ხანში კარიერა დაასრულა. იგრძნო, რომ ღირსეულად შევცვლიდი და გზა დამითმო. თუმცა, იმ დინამოში მხოლოდ მე არ ვიყავი ახალგაზრდა: ვაჟა ჟღენტის, გივი აბაშიძის, ოთარ ქორქიას, ნოდარ ჯორჯიკიას, ლევან ინწკირველის და შოთა ქორქაშვილის მხარდამხარ მე, გურამ კუჭავა, გურამ აბაშიძე, ილო მირიანაშვილი, მამია კვაჭანტირაძე და ვაჟა გვანცელაძე ვთამაშობდით.

…ოთარ ქორქია ლეგენდარული კალათბურთელი იყო! მას მხოლოდ დინამოში კი არა, საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც უდიდეს პატივს სცემდნენ! სხვათა შორის, ძალიან უყვარდა ბორჯომი, მატჩის შემდეგ რამდენიმე ბოთლს მიირთმევდა ხოლმე… ნაკრების ხელმძღვანელებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ და უცხოეთში ვიზიტისას სპეციალურად მისთვის ერთი ყუთი ბორჯომი მიჰქონდათ.

…1981 წელს მოსკოვში საბჭოთა კალათბურთის 75 წლის იუბილე აღნიშნეს. საზეიმო ცერემონიის დროს ყველა დროის ნომერ პირველი კალათბურთელიც დასახელდა. და როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვა? ოთარ ქორქიამ! მიუხედავად იმისა, რომ ის 190სმ სიმაღლისა იყო, სანამ კალათბურთს თამაშობდა არათუ საბჭოეთში, ევროპაშიც საუკეთესო ცენტრი გახლდათ!

…1958 წელს დინამოს კაპიტნად ამირჩიეს. იმ დროს ჩვენ თამაშებზე ტევა არ იყო, ბილეთის შოვნა წარმოუდგენელი გახლდათ. ცხადია, ბევრი ახლობელიც მთხოვდა დახმარებას… მოთამაშეთა ოჯახის წევრებისთვის სპორტის სასახლეში მე-5 და მე-11 სექტორები იყო გამოყოფილი. მე-5 სათადარიგოთა სკამთან ახლოს იყო, მე-11 კი სამთავრობო ლოჟის ზევით, მეორე იარუსზე. ასე რომ, თბილისში გამართული ყოველი ტური 20-25 მანეთი მიჯდებოდა. მაშინ ეს თანხა სულაც არ იყო სახუმარო: დინამოში ჩემი ხელფასი 80 მანეთი იყო, მოგვიანებით 180 მანეთამდე გამიზარდეს. თითქმის ყველა საბჭოთა კლუბში ასეთი ხელფასები იყო.

…1959, 1960 და 1961 წლებში საბჭოთა კავშირის პირველობაზე ვერცხლის მედლები მოვიგეთ. ვერ ვიტყვი, რომ ამა თუ იმ შეჯიბრის საბოლოო შედეგზე მსაჯობამ დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ ეს ის თემაა, რომელსაც კალათბურთში გვერდს ვერ აუვლი – მსაჯები ხშირად გვამწარებდნენ. განსაკუთრებით შუააზიელები და ერთი ესტონელი, გვარად კიაბი, რომელიც სისხლს გვიშრობდა.

…1960 წელს თბილისის დინამო პირველად გამოჩნდა ევროპის ჩემპიონთა თასზე – მეორე წრიდან ჩავებით გათამაშებაში. საწყის ეტაპზე რუმინეთის სტიაუა დავამარცხეთ, 1/4-ფინალში ბულგარეთის აკადემიკს ვაჯობეთ, წინა ორი გათამაშების ფინალისტს და ბულგარეთის ნაკრების საბაზო გუნდს, ნახევარფინალში კი პოლონეთის პოლონია დავამარცხეთ, რომელმაც წინა ეტაპზე ბარსელონას სძლია. ფინალში ჩვენი ძველი ნაცნობი რიგის არმიის სპორტული კლუბი გველოდა. პირველ ფინალში 10 ქულის სხვაობით დავმარცხდით – 51:61, მეორე კი 62:69 წავაგეთ. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ტიტულამდე ერთი ნაბიჯი გაკლდება, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ხომ პირველად ვითამაშეთ საერთაშორისო არენაზე?

…1962 წლის ჩემპიონთა თასის გათამაშებაშიც მეორე ეტაპიდან ჩავერთეთ. პირველად კვლავ რუმინელებს, ბუქარესტის კკას ვაჯობეთ, 1/4-ფინალში კი კიდევ უფრო დიდი უპირატესობით დავამარცხეთ თურქეთის დარუშაფაკა – 80:67 სტამბოლში და 84:49 თბილისში. ნახევარფინალში საკალათბურთო კლასიკა გაიმართა – თბილისის დინამო მოსკოვის ცსკას წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, ფაქტიურად, იმ წლების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, ყველაფერი ვიღონეთ და ცსკა მისსავე მოედანზე დავამარცხეთ – 75:71. მიუხედავად ამისა, ვიცოდით: ფინალის საგზურის მოსაპოვებლად თბილისშიც ბოლომდე უნდა გვებრძოლა, რადგან მეტოქეს საპასუხო შეხვედრის მოგება თავისუფლად ხელეწიფებოდა. თბილისშიც გავიმარჯვეთ – 77:66 – და ჩემპიონთა თასის ფინალში გავედით.

…ფინალში მადრიდის რეალი გველოდა. პირველი პრობლემა გადამწყვეტ თამაშამდე შეიქმნა: ესპანეთს და საბჭოთა კავშირს რთული პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდათ, ამიტომ ესპანეთმა ვიზაზე უარი გვითხრა. თავის მხრივ, არც მოსკოვში სურდათ რეალის ხილვა. გამოსავალი ფიბამ მოძებნა: ორი ფინალური შეხვედრის ნაცვლად, ერთის გამართვა გადაწყდა, ისიც ნეიტრალურ მოედანზე. მასპინძლად შვეიცარიის ქალაქი ჟენევა შეირჩა, თარიღად – 29 ივნისი.

…მატჩის დღეს ჟენევაში გავისეირნეთ. ერთ-ერთ ხიდზე გადასვლისას გამურული კაცი შემხვდა, ეტყობა ბუხრის მწმენდავი იყო. მსმენოდა, ამ პროფესიის ადამიანს თუ შეხვდები, დღე კარგად ჩაივლისო. ამიტომაც იმ კაცთან შეხვედრა კარგად მენიშნა.

…ფინალს ჟენევის პატინუარ დუ ვერტენსმა უმასპინძლა. მთელი დარბაზი გადათეთრებული იყო, ათასობით ესპანელს შორის კი დინამოს მხოლოდ 4 ქომაგი იყო, მაგრამ რა გულშემატკივრები! საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სპირიდონ კედიას ქალიშვილი დიკა კედია ფრანგ მეუღლესთან ერთად; შალვა დადიანის პირველი მეუღლე ნინო ჩხეიძე; გალაქტიონის მუზა მერი შერვაშიძე და ქართული პროზის პატრიარქი გრიგოლ რობაქიძე!

…რა შეიძლება ითქვას ფინალზე? ეს იყო თამაში, რომელშიც კარგი ინდივიდუალისტებით დაკომპლექტებული ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. საბედნიეროდ, ჩვენ ყველაფერი უკეთ გამოგვივიდა და გავიმარჯვეთ – 90:83! საოცარი შეგრძნება იყო, მეცხრე ცაზე ვიყავით სულიერადაც და ფიზიკურადაც!

…ფინალის შემდეგ, ბანკეტზე, შუა ლხენისას, ქალბატონი დიკა კედია მოვიდა და მითხრა: გურამ, ბატონ გრიგოლს უნდა თქვენი ნახვა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ვესტუმროთ, ძალიან გავახარებთო. იმ მომენტში უჭკუობა გამოვიჩინე, დღევანდელი გადასახედიდან ძალიან ცუდად მოვიქეცი და უარი ვთქვი. შემეშინდა ვინმეს ჩემი არყოფნა რომ შეემჩნია და ნაკრებში პრობლემები არ შეექმნა… ვინ იცის რის თქმა სურდა გრიგოლ რობაქიძეს? ის მალევე გარდაიცვალა ჟენევაში.

…თბილისში დაბრუნებულებს გულშემატკივრებმა საოცარი დახვედრა მოგვიწყვეს – აეროპორტიდან ქომაგთა არმია მოგვაცილებდა და რაც უფრო ვუახლოვდებოდით ცენტრალურ უბნებს, მათი რიცხვიც იზრდებოდა! მსგავსი დახვედრა მეორედ მხოლოდ 1981 წლის მაისში ვნახე, როცა ფეხბურთელებმა თასების თასი მოიგეს.

…ჩემპიონთა თასი – მოვერცხლილი კალათა – ვასილ მჟავანაძეს მივართვით. სამწუხაროა, რომ იმ ჯილდოს ასლი არ დამზადებულა… ბატონმა ვასილმა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, გივი ჯავახიშვილს იქვე დაავალა ჩვენი პრემიებით წახალისება. თავდაპირველად 15 ათასი მანეთი ითქვა. ერთ თვეში შეგვატყობინეს, მხოლოდ 10 ათასს გადმოგცემთო. გავიდა კიდევ ორი თვე და სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი სიხარულიძემ მოგვიბოდიშა, ძალიან გვიჭირს და თქვენი პრემია 5 ათასამდე შევამცირეთო. საბოლოოდ კი გამოგვიწერეს ის თანხა, მაგრამ მხოლოდ 3 500 მანეთი შეგვხვდა – 1 500 საფეხბურთო დინამოს წევრებს დაურიგეს.

…1957 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ პირველად მოვხვდი საკავშირო ნაკრებში – მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ტიხონოვმა მიხმო. იმ დროს მწვრთნელი პირადად არ ურეკავდა კალათბურთელს. მას შემდეგ, რაც ნაკრების შემადგენლობა გამოცხადდებოდა, საქართველოს სპორტკომიტეტში მოსკოვიდან აგზავნიდნენ ოფიციალურ წერილს კანდიდატების სიით… საწვრთნელი შეკრების შემდეგ ბულგარეთში, ევროპის ჩემპიონატზე წავედით. იმ დროს გუნდს უკვე სტეპან სპანდარიანი წვრთნიდა, რომელმაც ტიხონოვი შეცვალა. სხვათა შორის, ეს იყო ევროპის პირველი ჩემპიონატი 1947 წლის შემდეგ, რომელიც ნაკრებმა ოთარ ქორქიას გარეშე ჩაატარა.

…მთელი შეჯიბრი ერთი ამოსუნთქვით ჩავატარეთ და ფინალში გავედით. სოფიაში, ლევსკის საფეხბურთო სტადიონზე მოწყობილ მოედანზე მასპინძელ ბულგარელებს გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოვუგეთ – 60:57.

…1959 წელს ევროპირველობას თურქეთმა უმასპინძლა. გადამწყვეტ შეხვედრაში ამჯერად ფრანგებს შევხვდით. ფინალი კვლავ ღია ცის ქვეშ, საფეხბურთო სტადიონზე იყო დანიშნული, თუმცა გაწვიმდა და დარბაზში გადაიტანეს. ფრანგებს დაცვაში კარგი თამაშით მოვუგეთ, მათ ლიდერს ჟან-კლოდ ლეფევრს გასაქანი არ მივეცით და მეც მეორედ გავხდი ევროპის ჩემპიონი!

…იმავე წლის მიწურულს საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში სამი კვირით ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმოგზაურე. ნიუ იორკი, კანზას სიტი, კლივლენდი, პეორია, დენვერი და სიეტლი – ამ ქალაქებში ვითამაშეთ. სიეტლში თამაშის წინ, როცა ტურნეს საერთო ანგარიში 2:3 იყო, საბჭოთა საელჩოს წარმომადგენელი გვესტუმრა და გვითხრა, თუ ბოლო მატჩს მოიგებთ და ტურნეს 3:3 დაასრულებთ, პრემიის სახით თითოეულს 60 დოლარს გამოგიწერთო. წავაგეთ.

გურამ მინაშვილი და ოთარ ქორქია

ჩვენი კალათბურთის ვარსკვლავები: ოთარ ქორქია და გურამ მინაშვილი. პირველი 1962 წელს თბილისის დინამოს მწვრთნელი გახლდათ, მეორე – კაპიტანი

…1959 წელს ჩილეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელებთან რთული მატჩი მოვიგეთ – 73:64. გასახდელში რომ შევედი, ვხედავ გურამ აბაშიძე ოლეგ კუტუზოვს სცემს. თურმე რა მომხდარა: ეს უკანასკნელი დაბოღმილა, რომ მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში მათამაშებდა და ბრაზილიასთან მატჩის დაწყებამდე ჩემთვის შეუგინებია. მე ვერ გავიგე, მაგრამ გვერდით მჯდარ გურამს დაუმახსოვრებია და ამიტომაც სცემა კუტუზოვს. მწვრთნელებმა არ გაგვამტყუნეს…

…მორიგი ვარჯიშის დროს დარბაზში კანადელები შემოვიდნენ. თურმე ერთს უნახავს ბურთს როგორ ვტენიდი და თანაგუნდელისთვის უთქვამს, საბჭოთა კავშირის ნაკრების ყველაზე დაბალი მოთამაშე ბურთს ტენისო. 186სმ სიმაღლის ვარ, კალათბურთისთვის კი ეს დიდი არაფერია… მოკლედ, ნაძლევი იმას მოვაგებინე, ვინც ჩემზე დებდა ფსონს. ისე, ჩემი სიმაღლის კალათბურთელისგან ბურთის ჩატენვა 50-იან წლებში იყო გასაკვირი, თორემ 80-იან წლებში ატლანტა ჰოქსში ერთი 170სმ სიმაღლის გამთამაშებელი თამაშობდა, სპად ვები, რომელმაც NBA-ის ჩატენვების კონკურსიც მოიგო…

…ბრაზილიასთან გამარჯვების შემდეგ ბულგარეთს ვძლიეთ, შემდეგ ჩილე დავამარცხეთ, ბოლოს კი ამერიკის ნაკრები – 62:37. ამხელა სხვაობა გაგაკვირვებთ და გეტყვით რაც მოხდა: ამერიკელები იმდენად იყვნენ გამარჯვებაში დარწმუნებულნი, რომ ჩილეში მოყვარულები გამოგზავნეს. ამიტომაც მოვიგეთ 25 ქულის სხვაობით. ამერიკელებს ბრაზილიელებმაც მოუგეს.

…უკანასკნელი მატჩი ტაივანთან გველოდა. ეს ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჩინეთის ნაწილად განიხილავდა, მსოფლიო ჩემპიონტში ფორმოზას სახელწოდებით მონაწილეობდა. სხვათა შორის, იმის შიშით, რომ ადრე თუ გვიან ტაივანს შევხვდებოდით, საბჭოთა სპორტის ხელმძღვანელები ერთი პირობა საერთოდ არ გვიშვებდნენ ჩილეში. მწვრთნელები დიდხანს არწმუნებდნენ ჩინოვნიკებს, ტაივანს ძალიან სუსტი გუნდი ჰყავს, გამორიცხულია ფინალურ ეტაპზე გავიდესო, მაგრამ ჩილეში მათ საოცრება მოახდინეს – სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი არგენტინა დაამარცხეს და აშშ-ის ნაკრებთან ერთად ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. ჩვენ მათთან თამაში აკრძალული გვქონდა. სპადარიანი და მისი თანაშემწე ალექსანდრ გომელსკი დიდხანს სთხოვდნენ მოსკოვს ტაივანთან თამაშის უფლებას, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. საბოლოოდ, ჩვენ და ბულგარეთი დისკვალიფიკაციით დავისაჯეთ და მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც თითქმის მოგებული გვქონდა, მე-6-7 ადგილზე დავასრულეთ.

…შემძულდა პოლიტიკა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობის შანსი წამართვა! ასეთი მომენტი შეიძლება ერთხელ დადგეს ადამიანის ცხოვრებაში. ჩილეში ჩვენ ამერიკის ნაკრები დავამარცხეთ, მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადებულ ბრაზილიასაც ვძლიეთ, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა წავაგეთ ჩინეთს იქით მდებარე პატარა კუნძულთან!

…საბჭოთა ხელისუფლებამ საქციელი „მოგვიწონა“. მოსკოვში დაბრუნებულებს ტრაპზე ისე დაგვხვდნენ, როგორც მსოფლიოს ჩემპიონებს! სპეციალურად ჩვენთვის ოქროს მედლებიც ჩამოასხეს, მაგრამ მე ის, ნამდვილი, ჩილეში დამზადებული მედალი მერჩივნა.

…მოსკოვში ჩამოსხმულ ჯილდოზე უფრო ძვირფასი ის შავი ჯინსები იყო, რომელიც სანტიაგოდან ჩამოვიტანე. მაშინ ჯინსი მოდაში ახალი შემოსული იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იმ შარვლით დიდხანს ვიწონებდი თავს!

…მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი კრახის შემდეგ ამერიკელებმა 1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე ძლიერი გუნდი ჩაიყვანეს, მათ შორის ლეგენდარული ჯერი უესტი და ოსკარ რობერტსონი. მთელი ნაკრები ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობდა, მხოლოდ რობერტსონი დააბინავეს ცალკე, მეგობარ გოგონასთან ერთად მდიდრულ სასტუმროში. რობერტსონის NBA-ში გადასვლა გადაწყვეტილი იყო და ამიტომაც სარგებლობდა ასეთი შეღავათით… უესტიც და რობერტსონიც ძალიან ძლიერები იყვნენ, ამერიკელებმა ოლიმპიური ოქრო რომ მოიგეს, დიდწილად მათი დამსახურებაა.

…იმ ოლიმპიადიდან ორი სახალისო ამბავი მახსენდება. პირველი ასეთია: ჯგუფურ ეტაპზე, იტალიასთან მატჩის მსვლელობისას (78:70 მოვიგეთ), მაყურებლებმა ხურდა დაგვიშინეს. სათადარიგოთა სკამზე გვერდით მჯდომ ვლადიმერ უგრეხელიძეს ვუთხარი: პწიცა, ფული მოაგროვე, ხვალ დაგვჭირდება-მეთქი. დარბაზის ადმინისტრაციას პარკეტის გასუფთავებაში ჩვენც „დავეხმარეთ“, მეორე დღეს კი იმ ფულით რამდენიმე პოპულარული იტალიელი მომღერლის ფირფიტა შევიძინეთ. რაც შეეხება მეორე ამბავს: მე და იურა კორნეევი ოლიმპიურ სოფელში რამდენიმე მზარეულს დავუახლოვდით, რომლებიც გემრიელი წითელი ღვინით გვიმასპინძლდებოდნენ. კალათბურთელთა ტურნირის დასრულების შემდეგ, სასადილოში, მათ ყავის ჭიქებით ვაკითხავდით და ისინიც ღვინოს გვისხამდნენ. მწვრთნელებს კი უკვირდათ 4-5 ფინჯან „ყავას“ რომ მივირთმევდით, მაგრამ რადგან მატჩები აღარ გვქონდა, არაფერს გვეუბნებოდნენ.

…1961 წლის ევროპის ჩემპიონატზე არ მითამაშია, მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოვხვდი, 1963 წელს, პოლონეთში კი მესამედ გავხდი ოქროს მედლის მფლობელი. სხვათა შორის, იმ ჩემპიონატზე მე-4 ნომრით ვითამაშე, არადა, ამ ნომრით მხოლოდ ორ ტურნირზე ვიასპარეზე: პოლონეთის გარდა ნომერი 4 ვიყავი იმავე წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე. თბილისის დინამოში ყოველთვის მე-6 ნომერი გახლდით.

…ევროპის ჩემპიონის 3 ოქროს მედლით ყოველთვის ვიამაყებ, მაგრამ მათზე უფრო მარიანოს მედალი მიყვარს. ალდო მარიანო იტალიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ, მისი სახელობის თასი კი ლუწ წლებში თამაშდებოდა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო 3 გუნდსა და იტალიის ნაკრებს შორის, ძალიან პრესტიჟული ტურნირი იყო. 1958 წელს, ბოლონიაში, მეც ვითამაშე და გარდა იმისა, რომ ჩემპიონი გავხდი, საუკეთესო მოთამაშის პრიზიც გადმომცეს. და რატომ მიყვარს ეს მედალი ასე ძალიან? იმიტომ, რომ იმ ტურნირის მსვლელობისას, იტალიაში გატარებულ დღეებში,  ერთი რამ აღმოვაჩინე: თურმე ნამდვილი, დაწყობილი ცხოვრებაც არსებობს; რომ არის ქვეყანა, სადაც ადამიანი, პიროვნებაა მთავარი და ყველაფერი მისთვის კეთდება! ამის გაცნობიერებამ უცნაური აღმაფრენა შემძინა და აგერ, ამდენი წლის შემდეგაც, როცა იმ დღეებს ვიხსენებ, ცხოვრების საოცარი ხალისი მეუფლება! იტალიამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე! ამიტომაც მიყვარს მარიანოს მედალი ყველაზე ძალიან.

…დინამოდან და დიდი კალათბურთიდან 1967 წელს წავედი, თუმცა კიდევ შემეძლო 3-4 წელი თამაში. მიზეზი? მოტივაციის ნაკლებობა. რაც საბჭოთა კავშირში მოთამაშე სპორტსმენს შეეძლო, თითქმის ყველაფერი მოგებული მქონდა: პირველობა, ევროპის ჩემპიონთა თასი, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატის მედალი, ოლიმპიური ვერცხლითაც ვიწონებდი თავს… თანაც, კარგად მახსოვდა ნოდარ ჯორჯიკიას მაგალითი – როგორ დამითმო გზა და მეც იგივე ნაბიჯი გადავდგი, დინამოში ახალი თაობა მოდიოდა და მათთვის გზის დათმობა ვამჯობინე. ერთი პერიოდი ბავშვებს ვავარჯიშებდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ მწვრთნელობა ჩემი საქმე არ იყო და შევეშვი.

…XX საუკუნის 50-60-იანი წლები ქართული კალათბურთის ოქროს ხანაა. ევროპის ჩემპიონთა თასი სწორედ იმ პერიოდში ჩამოვიტანეთ თბილისში!

…საქართველოს ყველა დროის ხუთეული? სწრაფი, შემტევი, ტექნიკური კალათბურთი მიყვარს, ამიტომ ხუთეულში ამ სტილის მოთამაშეებს შევიყვან. სუბიექტურობაში ნუ ჩამომართმევთ და გამთამაშებლად ჩემ თავს დავასახელებ; მეორე ნომრად – ზურაბ საკანდელიძეს, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ კალათბურთელს; ნომერი 3, ფლანგის ფორვარდი ვლადიმერ უგრეხელიძე იქნება, მრავალმხრივი მოთამაშე, სწრაფი და ზუსტად მტყორცნელი; წინა ცენტრად, ანუ როგორც დღეს ამბობენ მძიმე ფორვარდად მიხეილ ქორქიას ვამჯობინებ. რაც შეეხება ცენტრს, ოთარ ქორქია უკონკურენტოა, ის ჩემთვის ყოველთვის პირველ ნომრად დარჩება!

გურამ მინაშვილიგურამ მინაშვილი
დაიბადა 1936 წლის 25 ნოემბერს თბილისში. გარდაიცვალა 2015 წლის 1 მარტს თბილისში
1953-67 წლებში თბილისის დინამოს, 1968-71 წლებში თბილისის სინათლის, 1957-64 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრების გამთამაშებელი
ტიტულები: ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი – 1960 (რომი); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1963 (ბრაზილია); ევროპის ჩემპიონი – 1957 (ბულგარეთი), 1959 (თურქეთი), 1963 (პოლონეთი); ევროპის ჩემპიონთა თასი – 1962; სსრკ ჩემპიონი – 1953, 1954; სსრც ვიცე-ჩემპიონი – 1960, 1961; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1965; სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1959; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1965; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2011; ღირსების ორდენი; ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ)

*
-1958 წელს ბოლონიაში (იტალია) ალდო მარიანოს სახელობის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ის გათამაშება საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მოიგო.

*-1960 წელს რომის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრების ყველა, რვავე შეხვედრაში ითამაშა.

*-1962 წლის 29 ივნისს ჟენევაში (შვეიცარია), თბილისის დინამომ ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის რეალს სძლია და ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო თასი მოიგო. იმ დინამოს კაპიტანი გურამ მინაშვილი გახლდათ.

*-2015 წელს გამოიცა გურამ მინაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი „40 წუთი და მთელი ცხოვრება – ბურთს კალათისკენ ჩემი გულიც მიჰყვებოდა“. ლიტერატურული ჩანაწერის ავტორი ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილია. წიგნი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოსცა.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian