კარიერა ფრაზებში #4: ლეილა მესხი

ქართული ჩოგბურთის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის.
ჩვენში სპორტის ამ ლამაზი სახეობის განვითარება დასაბამს იღებს XIX საუკუნის დამლევიდან, როცა ინგლისის ფირმა Forward & Salinas-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურელებს ახალი თამაში გააცნო.
გამოჩენილი ჩოგბურთელის და პედაგოგის იან ჰომერის გადმოცემით, საჩოგბურთო სანახაობას ჭიათურაში ოჯახის წევრებთან ერთად აკაკი წერეთელიც დაესწრო. ზემოიმერეთიდან ჩოგბურთი ჯერ თბილისსა და ბათუმში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, 1910 წელს კი დედაქალაქში ჩოგბურთის პირველი საზოგადოება და კლუბი დაფუძნდა, რომელიც ახლანდელ ჩიტაძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ მდებარეობდა.
ქართული ჩოგბურთის ისტორიას არაერთი ცნობილი ოსტატის სახელი ამშვენებს, მათ შორის კი გამორჩეული ადგილი უკავია ლეილა მესხს, ყველა დროის უძლიერეს ქართველ ქალ ჩოგბურთელს.

ქართული ჩოგბურთი

პირველი ნაბიჯები – თბილისი, XX საუკუნის 70-იანი წლები (ლეილა მესხი მარცხნიდან მეორე)

…სვანეთის უბანში დავიბადე. ბედნიერი ბავშვობა მქონდა: ხეხილიანი ეზო და თავისუფლება, გარშემომყოფთაგან კი უდიდესი სიყვარული! ენერგიული ბავშვი ვიყავი, ხეებზე აძრომა მიყვარდა… სანამ გავჩნდებოდი, მამაჩემი ამბობდა: თუ ბიჭი იქნება, ფეხბურთზე შევიყვან, თუ გოგო – ჩოგბურთზეო. ფეხბურთი გასაგებია – გვარი მიწყობდა ხელს, რაც შეეხება ჩოგბურთს, მამას უყვარდა და კარგად ესმოდა. ჩემთვისაც არაერთხელ მოუცია რჩევა.

…თავის დროზე მამა ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ ზარმაცობდა. ბოლოს კიევის არმიის სპორტულ კლუბში თამაშობდა… დედაჩემი – გალინა ლუბენკო, სწორედ უკრაინაში გაიცნო. მალევე დაქორწინდნენ და ცოტა ხანში საქართველოში დაბრუნდნენ.

…ერთ მშვენიერ დღეს მამამ მე და ჩემი უფროსი და მარჯანიშვილის კორტებზე, ბატონ გურამ თოხაძესთან მიგვიყვანა. მამამ ჯერ ჩემი და, ნანა შეიყვანა მწვრთნელთან, ჩოგბურთის თამაში მინდა რომ ასწავლოთო. ცოტა ხანს ისაუბრეს, ბოლოს კი ბატონმა გურამმა ჩემზე ჰკითხა, ამ პატარა გოგოს არ უნდა ვარჯიშიო. ჯერ პატარააო, უპასუხა მამაჩემმა. 8 წლის ვიყავი მაშინ. არაუშავს, მშვენიერი ასაკია ჩოგბურთის შესასწავლადო, უპასუხა ბატონმა გურამმა. ასე მოვხვდი ამ მშვენიერ სამყაროში.

…ერთი წლის შემდეგ ნანამ ჩოგბურთს თავის დაანება – სწავლაზე გადაერთო, მე კი შესამჩნევად მოვუმატე და ჩემს ასაკში დიდ წარმატებებსაც მივაღწიე. მამა ყველანაირად ხელს მიწყობდა.

…სახლის წინ მშვენიერი ბაღი გვქონდა – დედაჩემი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ყვავილებს და ხეხილს. ერთ მშვენიერ დღეს, შინ დაბრუნებულმა, საკუთარი ეზო ვეღარ იცნო – მამამ ყველაფერი ამოძირკვა და ჩემთვის ასფალტის პატარა საჩოგბურთო მოედანი მოაწყო. ცხადია, დედას ძალიან არ ესიამოვნა ეს ამბავი, მაგრამ მამამ დაარწმუნა ამ ნაბიჯის აუცილებლობაში.

…ვარჯიშის დაწყებიდან 3-4 წლის თავზე ჩემი ასაკის უპირობო ლიდერი ვიყავი. ეგ კი არა, რამდენიმე წლით უფროსებსაც თანასწორად ვეთამაშებოდი. დიდი ჩოგბურთის თამაში რომ შემეძლო, ამაში 1982 წელს, თელავში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ დავრწმუნდი. 14 წლის ვიყავი მაშინ და ამის მიუხედავად, ნაკრების ლიდერებს თანაბრად ვეთამაშებოდი. განსაკუთრებით ძლიერები იყვნენ დები მალაციძეები. მახსოვს, ნახევარფინალში ერთ-ერთ მათგანს, ირინას ვაჯობე, ფინალში კი ჩემზე ბევრად უფროსი ნინიკო თუხარელი დავამარცხე. ჩვენმა საჩოგბურთო სამყარომ სწორედ მაშინ მაღიარა.

ლეილა მესხი

1986 წელი: 18 წლის ლეილა მესხი უიმბლდონზე

…საქართველოს შემდეგ საკავშირო ასპარეზზე გავედი, მანამდე კი ვარჯიშს უფრო მოვუმატე. ამის წყალობით შედეგებიც გავაუმჯობესე. ნელ-ნელა საბჭოთა კავშირშიც მივეჩვიე გამარჯვებებს და იუნიორებში ნომერ პირველი გავხდი.

…იმ პერიოდში მოსკოვშიც გავდიოდი შეკრებებს უძლიერეს სპორტსმენებთან ერთად. გურამ თოხაძის შემდეგ ბატონი თეიმურაზ კაკულია მავარჯიშებდა, მოსკოვში კი სერგეი ანდრეევი იყო ჩემი მწვრთნელი. ის დიდებული პიროვნება და ძალიან კარგი სპეციალისტი გახლდათ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მოსკოვში 3-4 თვით ჩავდიოდი. საცხოვრებლად იქ გადასვლა აუცილებელი არ იყო და ოჯახსაც თავი არ გამოუდია.

…1983 წელს ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე გავედი, რომელიც საფრანგეთში გაიმართა. იქ მესამე ადგილი დავიკავე – ნახევარფინალში ქალთა ჩოგბურთის მომავალ ლეგენდა შტეფი გრაფთან წავაგე. იმ დროს უცხოეთში მე არავინ მიცნობდა, შტეფი კი ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, იმ დროისთვის წამყვან სპორტულ კომპანიებთან რამდენიმე კონტრაქტიც აკავშირებდა. ხვდებით რატომ გიყვებით ამას? საბჭოთა და დასავლეთის საჩოგბურთო ცხოვრებაზე რომ შეგექმნათ შთაბეჭდილება. იქ იუნიორები პროფესიონალებად ყალიბდებოდნენ, ჩვენთან კი ელემენტარულისთვის გვიწევდა ბრძოლა.

…1987 წელს პირველი დიდი საერთაშორისო გამარჯვება ვიზეიმე: იუგოსლავიაში მსოფლიო უნივერსიადა მოვიგე ერთეულთა და წყვილთა შორის. ამ შეჯიბრებაში მართლა ძალიან ძლიერი სპორტსმენები იყრიდნენ თავს და უზომოდ გამიხარდა ჩემპიონობა. ერთეულთა ფინალში მასპინძელი მონიკა გოლეში დავამარცხე. თუ სწორად მახსოვს, იმ დროისთვის ჩემი მეტოქე მსოფლიო რეიტინგში 42-ე საფეხურზე იდგა. გარშემომყოფებმა უნივერსიადის მოგება კი მომილოცეს, მაგრამ იქვე დაამატეს, წარმატება კარგია, მაგრამ ჩათვალე არაფრისთვის მიგიღწევია, ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოო. ეს რჩევა არასდროს დამვიწყებია. მალე ტალინში საკავშირო ჩემპიონატი ჩატარდა. იქ ფინალში გავედი, თუმცა ნატალია ზვერევასთან დავმარცხდი.

…80-იან წლებში საჩოგბურთო სამყარო დიდ ნაბიჯებს დგამდა კომერციალიზაციისკენ, საკავშირო სპორტკომიტეტი კი ამ მხრივ ძალიან გვზღუდავდა. მიუხედავად ამისა ნატალია ზვერევამ, ლარისა სავჩენკო-ნეილანდმა და მე მაინც გავაფორმეთ კომერციული კონტრაქტები უცხოურ კომპანიებთან და თუ შეიძლება ასე ითქვას, მატერიალური კუთხით ცხოვრება გავიუმჯობესეთ. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ პირველი საბჭოთა პროფესიონალი ქალი-ჩოგბურთელები ვიყავით.

…ჩვენგან, სპორტსმენებისგან, ასეთ თამამ ნაბიჯს ბევრი არ ელოდა. სპორტის მესვეურები შიშობდნენ, რომ ამ კონტრაქტების გამო მოსკოვიდან დავისჯებოდით, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ეგ კი არა, ჩვენი შემხედვარე ბევრმა სპორტსმენმა თავადაც გააფორმა კონტრაქტი. ამ თამამი ნაბიჯის მთავარი პლუსი იყო ის, რომ ტურნირებზე გამომუშავებულ თანხას სრულად ვიღებდით – საკავშირო სპორტკომიტეტი ეგრეთ წოდებულ წილში ვეღარ „გვიჯდებოდა“.

ჩოგბურთელი

კარიერის მანძილზე ლეილა მესხმა WTA-ს 5 ტურნირი მოიგო

…1990 წელს საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე – როლან გაროზე ვითამაშე. 1/16 ფინალში მონიკა სელეშს შევხვდი. ჩვენი დაპირისპირება ტელევიზიით გადაიცა და ამ რეპორტაჟის წყალობით უცნაური ისტორია გადამხდა. პარიზში მცხოვრებმა ქალბატონმა ნათელა ნიკოლაძე-ღამბაშიძემ შემთხვევით ნახა ჩემი გვარი ტელევიზორში. იმ წუთშივე როლან გაროს კორტებისკენ წამოვიდა და მალე გასახდელში მოგვაკითხა მე და ჩემს გუნდს. ცრემლმორეული გვესაუბრა. აღმოჩნდა, რომ დედამისს 1937 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოუგია ჩოგბურთში. ქალბატონმა ნათელამ დედის ჯილდო – „ვერცხლის ფოთოლი“ მისახსოვრა. უცნაურია, მაგრამ იქამდე რამდენიმე წლით ადრე ზუსტად ასეთივე პრიზი გადმომცა იან ჰომერმა, საქართველოს პირველმა ჩემპიონმა ვაჟთა შორის. დღეს ორივე „ვერცხლის ფოთოლი“ ჩემთან ინახება.

…კარიერის განმავლობაში უამრავ ძლიერ მეტოქესთან მითამაშია, რამდენიმე მათგანისთვის მომიგია კიდეც, ყველაზე ტკბილად კი 1991 წელს მარტინა ნავრატილოვასთან გამარჯვება მაგონდება. ქალთა ჩოგბურთის ლეგენდა ამერიკაში, ჰილტონ ჰედის ტურნირზე დავამარცხე. გამარჯვებული მესამე სეტს უნდა გაერკვია. 5:4-ს რომ ვიგებდი, თავსხმა წვიმა წამოვიდა და მატჩის დასრულება ერთი დღით გადაიდო. ძალიან დაძაბული გეიმი გამოვიდა – დაახლოებით 15 წუთი ვითამაშეთ. მარტინამ რამდენიმე ბრეიკი ვერ გამოიყენა, მეც გავანიავე მატჩ-პოინტები, თუმცა მეხუთე გამოვიყენე და გავიმარჯვე! სხვათა შორის, იმავე შეჯიბრებაზე ათეულის კიდევ ორ წევრს ვძლიე: ჯენიფერ კაპრიატის და ნატალია ზვერევას. იქ ფინალამდე მივედი, მაგრამ გაბრიელა საბატინისთან დავმარცხდი.

…1991 წელი ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა: სტაბილურად კარგად ვთამაშობდი და რეიტინგში საუკეთესო შედეგი – მე-11 ადგილი სწორედ იმ წლის აგვისტოში ვაჩვენე. მერე ყველაფერი დაღმა წავიდა: ქვეყანა აირია, სავარჯიშო პირობები აღარ მქონდა, ამას ტრავმაც დაერთო და… მოკლედ, წმინდა სპორტული პრობლემების გარდა, უამრავი სხვა თავსატეხიც გამიჩნდა და რამდენიმე წელიწადში ჩოგბურთიდანაც წავედი, არადა, 28 წლის ვიყავი.

…1992 წელს, ბარსელონაში გამართული ოლიმპიური თამაშები ჩემი ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრება იყო. იქ წყვილში ვითამაშე ზვერევასთან ერთად. ნატალია ჩემზე გამოცდილი მეწყვილე იყო, რეიტინში პირველ-მეორე ადგილებზე იმყოფებოდა, თუმცა ოლიმპიადას არცთუ კარგ ფორმაში შეხვდა. მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა მოვუმატეთ და ნახევარფინალში გავედით. იქ დებ ფერნანდესებთან ძალიან დაძაბული შეხვედრა წავაგეთ – 6:7, 6:7. საბოლოოდ მესამე ადგილზე გავედით და ბრინჯაოს მედლები ავიღეთ.

…სეულის ოლიმპიურ თამაშებზე საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის სახელით გავედი. იქ მეორე წრეში წავაგე მომავალ ჩემპიონ შტეფი გრაფთან. 4 წლის შემდეგ, ბარსელონაში უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გაერთიანებული გუნდის წევრი ვიყავი. ძალიან მინდოდა მესამე ოლიმპიადაზე, 1996 წელს ატლანტაში, საქართველოს გუნდში მეასპარეზა, მაგრამ ჩემი ტრავმით ეს გამორიცხული იყო – ქუსლის მყესები მქონდა გაწყვეტილი. რამდენიმე ქირურგს მივმართე, მაგრამ ოპერაციისგან ყველამ თავი შეიკავა.

…კარიერის დასრულების შემდეგ საჩოგბურთო აკადემიაში გადავინაცვლე, რომელსაც მე და ჩემმა მეუღლემ რამდენიმე წლით ადრე ჩავუყარეთ საფუძველი. გახსოვთ ალბათ, 90-იანი წლების ნახევარში, სახელმწიფომ ქონების პრივატიზაცია რომ გამოაცხადა, პირველად სწორედ მარჯანიშვილზე მდებარე კორტები შევიძინე. მძიმე პერიოდებიც გამოვიარეთ, მაგრამ დადებითი მეტი იყო. ახლა რომ ვამბობ, მეცინება, მაგრამ იყო დრო, როცა ჩვენი ცენტრი ელექტროენერგიას მეტროსადგურ მარჯანიშვილიდან იღებდა. იმ ძნელბედობის ჟამს ერთი ვარჯიშიც არ ჩაგვიგდია – ბავშვებს ყველანაირად ხელს ვუწყობდით. ახალ საქმეს დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებოდი – მსურდა დამწყები ჩოგბურთელებისთვის მაქსიმალურად გამეადვილებინა თამაში, მომეხსნა ის უაზრო პრობლემები, რომელიც მე მაწუხებდა.

…საჩოგბურთო სამყაროში ორ ერთნაირ სპორტსმენს ვერ ნახავთ – ყველა განსხვავებულია. ორთან განსაკუთრებით ვმეგობრობდი – არგენტინელ გაბრიელა საბატინისთან და ესპანელ არანჩა სანჩეს-ვიკარიოსთან. შტეფი გრაფი ჩაკეტილი გოგო იყო, გასახდელში არავის ეკონტაქტებოდა… ასევე თბილად მახსენდებიან ბულგარელი დები მალეევები.

ლეილა მესხი

ლეილა მესხი – საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი

…საბატინისთან დაკავშირებით ერთ ისტორიას გავიხსენებ. კარიერის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მეუღლესთან ერთად ამერიკაში ვიყავი ტურნირზე. ვხედავ გაბრიელა გვიახლოვდება. პავლე იცნო, გადაეხვია, მოიკითხა და უცბად ჰკითხა, ლეილა სად არის, აქ არ მინახავსო. პავლემ ჩემზე მიუთითა. ის კინაღამ გაგიჟდა, ვერ გიცანი, ძალიან შეცვლილხარო. ეტყობა ახალმა ვარცხნილობამ დააბნია – სანამ სპორტსმენი ვიყავი, თმას მოკლედ ვიჭრიდი.

…1999 წელს პირველად ამირჩიეს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. ამ თანამდებობაზე 14 წლის განმავლობაში ვიმუშავე. არ გადავაჭარბებ – თითქმის ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. უამრავი პრობლემა მოვაგვარეთ, ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ, საჩოგბურთო ცხოვრება გამოვაცოცხლეთ, ვაჟთა და ქალთა საერთაშორისო ტურნირებს ჩავუყარეთ საფუძველი… მოგვიანებით, როცა პირველი ეტაპი გავიარეთ, საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნით, მოთამაშეთა ლიცენზირება დავიწყეთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორი წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით! ისიც კი ითქვა, მესხმა ფედერაციაში ფულის კეთება დაიწყოო, არადა ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ისევ ფედერაციას მოხმარდებოდა – წელიწადში მოთამაშეს 30 ლარის გადახდა უწევდა. სულ ორასმა ჩოგბურთელმა მიიღო ლიცენზია.

…ჩვენი მუშაობა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას შეუმჩნეველი არ დარჩენია და წარმატებისთვის რამდენჯერმე დაგვაჯილდოვა. 2004 წელს კიდევ ერთი ვადით ამირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანიდან დამიკავშირდნენ და ჩოგბურთის განვითარებაში დახმარება მთხოვეს. გავიკვირვე და ვკითხე, რატომ ჩვენ და არა, ვთქვათ, რუსები, ისინი ხომ ქართველებზე გაცილებით გამოცდილები არიან-მეთქი. მიპასუხეს: ჩვენ შევისწავლეთ საკითხი, მივიჩნიეთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ქართულმა ჩოგბურთმა მშვენიერი პროექტები განახორციელა და ამიტომ დაგიკავშირდითო. მგონი, აზერბაიჯანელთა ყურადღება ჩვენს სწორ და კარგ მუშაობაზე მიუთითებდა.

ლეილა მესხი
დაიბადა 1968 წლის 5 იანვარს თბილისში
1986-96 წლებში პროფესიონალი ჩოგბურთელი
საუკეთესო შედეგი რეიტინგში: 11 (აგვისტო, 1991)
ტიტულები: ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი – 1992 (ბარსელონა; ქალთა წყვილები); მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი – 1987 (ერთეულები და წყვილები); მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი – 1987 (შერეული წყვილები); სსრკ ჩემპიონი – 1986 (დარბაზი), 1989
WTA-ს ტურნირები: 1989 (ნეშვილი, აშშ), 1990 (ოკლენდი, ახალი ზელანდია), 1990 (მოსკოვი, საბჭოთა კავშირი), 1991 (ველინგტონი, ახალი ზელანდია), 1995 (ჰობარტი, ავსტრალია)

*-დიდი სლემის 23 ტურნირის მონაწილე (33 მოგება, 23 მარცხი).
*-საუკეთესო შედეგები დიდ სლემზე: ავსტრალიის ღია პირველობა – 1/4-ფინალი (1995); როლან გარო – 1/4-ფინალი (1994); უიმბლდონი – II წრე (1988, 1990-94); ამერიკის ღია პირველობა – 1/2-ფინალი (1991).

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian