კარიერა ფრაზებში #40: თენგიზ სულაქველიძე

ჭომა უბანია ქუთაისში. თბილისის დინამოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელს, უნივერსალ თენგიზ სულაქველიძეს გულშემატკივრები სწორედ ამ მეტსახელით იცნობდნენ.
ჭომა ყველაზე დიდი დინამოს გამორჩეული ფეხბურთელი და საიმედო დასაყრდენი იყო: 1978 წელს მისული, 10 წელი ერთგულად ემსახურა კლუბს და რამდენიმე დიდებული გამარჯვებაც იზეიმა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, იენის კარლ ცაისის წინააღმდეგ.
80-იან წლებში სულაქველიძე საბჭოთა კავშირის ნაკრების სრულუფლებიანი წევრიც გახლდათ. ის ბოლო ქართველია, რომელმაც დიდ საერთაშორისო ტურნირზე მედალი მოიგო – 1988 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჭომას კარიერას მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ.

…ფეხბურთამდე ნიჩბოსნობა იყო. ქუთაისში, ჩემს უბანში – ჭომაში ნიჩბოსანთა სექცია იყო და 4 წელი იქ ვვარჯიშობდი. ფეხბურთზე მე-7 კლასში შევედი.

…როცა ვფიქრობ, ვისთან ვემზადებოდი, ვხვდები, რომ მწვრთნელებში ძალიან გამიმართლა. ფეხბურთის თამაში ქუთაისში მიხეილ ლოსაბერიძესთან დავიწყე. მერე კარლო ხურციძე იყო, 1974 წელს კი გიგა ნორაკიძემ ქუთაისის ტორპედოში მიმიწვია. დიდებული ადამიანები იყვნენ, ღმერთმა გაანათლოს მათი სული! მათგან კარგად თამაშის გარდა ადამიანობაც ვისწავლე – თავმდაბალი, ჯიგარი ხალხი იყო! მერე, თბილისში ნოდარ ახალკაცის ხელში ვთამაშობდი. ნოდარზე ახალი აბა რა უნდა ვთქვა? თავის საქმის პროფესორი გახლდათ! ამიტომაც ვამბობ, მწვრთნელებში გამიმართლა-მეთქი!

…ის ტორპედო, სადაც კარიერას ვიწყებდი, ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი იყო. ფეხბურთელებიც ერთი-მეორეზე უკეთესები გვყავდა: ხერხაძე, ოქროპირაშვილი, ჩახუნაშვილი, აბზიანიძე… ერთი პერიოდი ჩვენთან მურთაზ ხურცილავაც თამაშობდა და ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვიყავი მის მხარდამხარ რომ გავდიოდი მინდორზე! მერე ჩვენი თაობა წამოვიდა: ოთარ გაბელია, რამაზ შენგელია, ზაურ სვანაძე, თამაზ კოსტავა, რეზო ბურკაძე, გოგი გაბიჩვაძე… დასამალი რაა, მიუხედავად იმისა, რომ ტორპედო ძალიან მიყვარდა, გულის სიღრმეში მაინც თბილისისკენ მომიწევდა გული – დინამო ჩვენთვის საოცნებო იყო!

…თბილისის დინამოში 1978 წლის მეორე ნახევარში მივედი. ვხვდებოდი, რომ ძალიან მძაფრი კონკურენცია მელოდა, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მქონდა. უფრო კი ის მოსალოდნელი ტრაგედია მაშინებდა, რაც ჩემთვის დინამოში ვერმოხვედრა იქნებოდა.

…ქუთაისში წლების მანძილზე მცველად ვთამაშობდი, დიღმის ბაზაზე რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ კი ახალკაცმა კაბინეტში დამიბარა და მითხრა, მალე ნახევარმცველად გათამაშებ, გამოგცდიო. თან დასძინა: შენი მონაცემების პატრონს, არ გაგიჭირდებაო. ასე ვიქეცი საყრდენ ნახევარმცველად, თუმცა დროდადრო დაცვაშიც ვთამაშობდი. ახალკაცმა სპეციალური პროგრამაც შეიმუშავა, ტექნიკური წუნი რომ გამომესწორებინა… ის დიდებული ადამიანი იყო, მის ამაგს არასდროს დავივიწყებ!

…დინამოში დებიუტი დაუვიწყარია: 1978 წლის 10 აგვისტო იყო, როცა ბაქოში, მეორე ტაიმში შემიშვა ნოდარ ახალკაცმა. ის თამაში ფრედ 3:3 დასრულდა. მას მერე ძირითადის წევრი ვიყავი… უკანასკნელი თამაშიც მახსოვს, ისიც ფრედ დავასრულეთ – 1988 წელს თბილისში კიევის დინამოსთან, 1:1.

…პერსონალურად თამაში ახალკაცმა დამაწყებინა. ამპლუის შეცვლის შემდეგ ერთი-ორჯერ მათამაშა კონკრეტულ მოწინააღმდეგესთან და 1979 წლიდან დაწყებული, ხშირად მამაგრებდა რომელიმე მეტოქეს. ამის ფუფუნება იმდროინდელ დინამოში ნამდვილად იყო: დაცვაში ჩივაძის გარდა შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავდა: შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი… ახალკაცს ხშირად უთქვამს, დაცვას დაეხმარები და როგორც კი შანსი გექნება, შეუტიეო. მეც ჯანი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ წინ და უკან მერბინა.

…ჩემ დროს საუკეთესო „პერსონალები“ იტალიელი კლაუდიო ჯენტილე და გერმანელი ჰანს-პეტერ ბრიგელი იყვნენ. პირადად მე ჯენტილე უფრო მომწონდა – გასაქანს არ აძლევდა მოწინააღმდეგეს, ფაქტიურად, მასთან ფეხბურთელი უშანსოდ იყო! და არც ისე უხეში იყო, როგორც ამბობდნენ – ჯალათი და ძვლისმკვნეტელი ნაღდად არ ყოფილა. რაც შეეხება ბრიგელს, ცხადია ისიც დიდებული იყო: მაგალითად, შეტევაში ჯენტილეზე უკეთ ერთვებოდა.

…1979 წელს, საკავშირო თასის ფინალში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. იქამდე პენალტი ოფიციალურ მატჩში არასდროს დამირტყამს, მაგრამ გუნდი გამოუვალ სიტუაციაში იყო და მივხვდი, რომ ვალი უნდა მომეხადა. ვნერვიულობდი? აბა რა, თან, ჩვენმა „პენალტისტებმა“ – დათო ყიფიანმა და ვოვა გუცაევმა ვერ გაიტანეს… მივედი ნიშნულთან და ვერაფერზე ვფიქრობ დარტყმის გარდა… ერთ კუთხეს მივაშტერდი, ერთი სული მაქვს მსაჯმა ჩასტვინოს… გამოვიქეცი და მეკარე გონტარი საპირისპირო კუთხეში გადამხტარი რომ დავინახე, შვებით ამოვისუნთქე… თასის მოგება დიდებული იყო!

თენგიზ სულაქველიძე

მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე, ესპანეთში, სოკრატესის ბრაზილიის წინააღმდეგ. ის თამაში სამხრეთამერიკელებმა 2:1 მოიგეს

…ერთადერთხელ გამაძევეს. ერევანში არარატს ვხვდებოდით და მსაჯმა სტუპარმა უწყინარ სიტუაციაში დამაჯარიმა – ყვითელი ბარათი მიჩვენა. გავბრაზდი და ტაში დავუკარი. ეგრევე წითელი ამიფრიალა! საბედნიეროდ, ის თამაში 4:1 მოვიგეთ! მატჩის შემდეგ ახალკაცს გავეხუმრე, თურმე ხელს გიშლიდით-მეთქი.

…დინამოში საუკეთესო მატჩი 1981 წლის აპრილში, თასების თასის ნახევარფინალში, როტერდამის ფეიენოორდის წინააღმდეგ ჩავატარე. 3:0 გავიმარჯვეთ, მე კი 2 გოლი გავიტანე! ასეთ შთამბეჭდავ მოგებას ბევრი არ ელოდა, მაგრამ საბედნიეროდ, შევძელით და უმაღლესი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ.

…რამ გამოიწვია დინამოს კრიზისი? ამის შესახებ სხვადასხვა აზრი მოვისმინე: ზოგი ამბობს ფეხბურთელების ბრალიაო, სხვა ახალკაცისკენ იშვერს ხელს… ყველაფრის მარტო მწვრთნელებზე გადაბრალება არასწორი მგონია – კი, შეიძლებოდა ფარსადანოვიჩს ძირითადი შემადგენლობა ასე უცბად არ გაეშვა, მაგრამ ისიც ხომ ნათელი იყო, რომ ნიჭიერი თაობა არ მოდიოდა? კი, იყვნენ კარგი ბიჭები: გრიშა ცაავა, ვაჟა ჟვანია, ნუკრი კაკილაშვილი, მაგრამ როგორც ასეთი გუნდი ვერ ჩამოყალიბდა… თანაც, დათო ყიფიანი წავიდა, ამას ვიტალის ტრაგედიაც თან დაერთო და…

…1986 თუ 1987 წელი იყო, ზუსტად არ მახსოვს. მორიგ ტურში დიდი ანგარიშით წავაგეთ, მგონი როსტოვში. თბილისში დაბრუნებულებს, ბაზაზე ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი გვესტუმრა – მაშინ წესი იყო… შუა შეხვედრის დროს ბაზაზე პატარა მიშა მესხი შემოვიდა უცხოური მანქანით. პატიაშვილს გაუკვირდა და ჰკითხა, რატომ გყავს ეს მანქანაო? მიშა ენამოსწრებული კაცი იყო, აცხონოს ღმერთმა, არც დაფიქრებულა უპასუხა: რა, ზაპოროჟეცი რო მყავდეს, ვითომ უკეთესად ვითამაშებდიო?!..

…არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ რამაზ შენგელია უდიდესი მოვლენა იყო ქართულ ფეხბურთში – შესაშური ნიჭით დაჯილდოებული თავდამსხმელი, რომელიც მსოფლიოს ყველა კლუბს დაამშვენებდა! ბრწყინვალე ფორვარდი იყო, შეუდარებელი თანაგუნდელი, მაგრამ ჩემთვის რამაზი პირველ რიგში დიდებული ადამიანი იყო, გულიანი, ალალი კაცი, რომელთან ურთიერთობას არაფერი სჯობდა!

…ჩვენ ერთად დავიწყეთ ფეხბურთის თამაში. ქუთაისში მაშინ ძალიან კარგი თაობა წამოვიდა, მართლა ნიჭიერი ბიჭები ვიყავით, შედეგებიც კარგი გვქონდა და ამიტომაც გვაკვირდებოდნენ დინამოდან. მე და რამაზი ტორპედოს პირველ გუნდამდე ერთად მივედით – ჩვენ შემადგენლობას „პრიმასტერებს“ ეძახდნენ.

…ცხონებული ახალკაცი დიდხანს გვაკვირდებოდა. სანამ შენგელიას და კოსტავას მიიწვევდა, სამჯერ თუ ოთხჯერ ჩამოვიდა ქუთაისში. მე ცოტა გვიან მივედი დინამოში და როცა თბილისში ჩემი დარჩენა გადაწყდა, დიღმის ბაზაზე რამაზის ოთახში გამიშვეს. მას შემდეგ კარიერის დამთავრებამდე მე და რამაზი სულ ერთად ვიყავით დინამოშიც და ნაკრებშიც. შვედეთშიც ერთად წავედით… თან, ხომ იცით მაშინ როგორი რეჟიმი გვქონდა: მოსამზადებელი ეტაპი, საწვრთნელი შეკრება, თამაში, მერე ყველაფერი თავიდან… ფაქტიურად, ბაზაზე უფრო მეტ დროს ვატარებდით, ვიდრე ოჯახში. მოკლედ, ძმებივით ვიყავით!

…მე თუ მკითხავთ, რამაზის კოზირი ბრწყინვალე ფიზიკური მომზადება იყო, აი, ჯანიანიაო, რომ იტყვიან, ზუსტად ეგ – გამორიცხული იყო დაღლილიყო ან თამაში ვერ დაესრულებინა. მახსოვს, ვარჯიშებზე ყველაზე ძალიან არ მიყვარდა, როცა ახალკაცი მის „აყვანას“, ასე ვთქვათ „დაჭერას“ მავალებდა. არ ჩერდებოდა, მოძრაობდა და ამით „კლავდა“ მეურვეს. მეც არ მაყენებდა კარგ დღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ვარჯიშებზე ხდებოდა.

…საგოლე ალღო? რა თქმა უნდა, ესეც მისი პლუსი იყო – წამის მეასედი ყოფნიდა, გამოხტებოდა და ბრახ – გოლია! სხვადასხვა სტილის ფორვარდების წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე რთული სწორედ რამაზისნაირი თავდამსხმელების შეჩერებაა – მუდმივად ყურადღებით უნდა იყო, თუ მოდუნდი, დაგასწრებს და მერე შალე ხელები და იყავი, რა აზრი აქვს? ისე, ბევრ მწვრთნელს მაგალითად მოუყვანია შენგელიას საგოლე ალღო, მაგრამ იმასაც დასძენდნენ, ეს არ ისწავლება, გოლს შენგელიასავით უნდა გრძნობდეო.

სულაქველიძე

თენგიზ სულაქველიძემ კარიერა 1989 წელს დაასრულა შვედეთში, სადაც რამაზ შენგელიასთან ერთად გაემგზავრა

…არასდროს მომბეზრდება იმის თქმა, თუ რა ალალი და თავმდაბალი კაცი იყო რამაზი. ის 2-ჯერ აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად! იცით ეს რამხელა მიღწევაა? ასე იოლად არ მოდიოდა მსგავსი პრიზები, რამაზის შემხედვარე კი ვერც იფიქრებდი, რომ ქვეყნის 2-გზის საუკეთესო მოთამაშეს ელაპარაკებოდი! ზედმეტს არავის არაფერს ეტყოდა, ჩუმი იყო, ხუმრობა უყვარდა, თუმცა ზომიერების ფარგლებში… გამორიცხული იყო რამე ისეთი ექნა, ვინმეს ყურადღება მიეპყრო, ვთქვათ არიქა, მე ვარ, შენგელია, დინამოს ბომბარდირი – ეს მას არ ახასიათებდა!

…ვინმემ საქართველოს ყველა დროის ნაკრები რომ შეადგინოს, ჩემი აზრით რამაზ შენგელია უპრობლემოდ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში. ის ხომ გოლისთვის იყო დაბადებული?! პირადად მე რამაზი ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ფორვარდად მიმაჩნია!

…შვედეთში გატარებული პერიოდი ძალიან კარგად მაგონდება. იქ, ფაქტიურად, კარგად დავისვენეთ. აი, დინამოში 10 წელი ვითამაშეთ, ძალიან მძიმე რეჟიმს გავუძელით, შვედეთში კი, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ვერთობოდით, ყველაფრისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებდით. აქ თუ დღეში ორჯერ, ხანდახან სამჯერ ვვარჯიშობდით, იქ კვირაში 3 თუ 4 წვრთნა გვქონდა, დანარჩენ დროს ტყეში ვსეირნობდით და ქალაქებს ვათვალიერებდით.

…შვედეთში ახალი ჩასულები ვართ და კლუბის ხელმძღვანელმა მიგვიპატიჟა, შვილს დაბადების დღე აქვსო და… მოკლედ, ჩვენებურად „ვიშიმშილეთ“ მთელი დღე იმის იმედით, რომ საღამოს კარგად მოვილხენდით. მივადექით ამ პატიოსან კაცს კოსტიუმ-შარვლებში გამოწყობილები. ჯერ, შევედით თუ არა სახლში, ფეხსაცმელი გაგვახდევინეს და ვიჯექით ასე შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხში… ჩუსტებით! მერე, რომ ველოდით რამე გემრიელს, ვთქვათ მწვადის მაგვარს ან ღვინოს, მოიტანეს ზუსტად იმდენი ნაჭერი ნამცხვარი, რამდენიც ვიყავით და ფინჯანი ყავა. ერთი სიტყვით, კინაღამ მოგვკლეს! წამოვედით თუ არა, სუპერმარკეტში გავიარეთ, დავიტვირთეთ საჭმლით და იმ საღამოს მაგრად მოვულხინეთ!

…ჩემი და რამაზის ურთიერთობაზე ძალიან ბევრს ჰყვებიან – ჩვენ ხომ ძმებივით ვიყავით! ცხონებულს ძალიან უყვარდა ხუმრობა და ხშირად მაშაყირებდა, თუმცა ამას ისე აკეთებდა, რომ მეც ვხარხარებდი ხოლმე. საერთოდ, ვცდილობდი ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც რამაზი. ვბაძავდი რა! ამაზე გამახსენდა: დინამომ წეროვანში ფეხბურთელებს ნაკვეთები დაგვირიგა. დაიწყო რამაზმა სახლის მშენებლობა და ზუსტად ისეთივე ავაშენე მე. მერე რაღაც შეცვალა და მეც შევცვალე. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და აივანი მიაშენა. ავდექი და მეც მივაშენე. ჰოდა, რაღაც დროის მერე ცხონებულმა კიდევ რაღაცის მშენებლობა რომ დაიწყო, მივედი და ვუთხარი, იცოდე, რამეს თუ შეცვლი, ხელებს მოგაჭრი-მეთქი!

…საერთოდ, რამაზისნაირ ადამიანებს მეტი მოფერება სჭირდებათ, დაფასება, ეს კი მას აშკარად აკლდა. ახლა იოლია ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ, ხალხის უყურადღებობაც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე ადრე წავიდა ჩვენგან. მაშინ დინამოდან თუ მიდიოდი, ან შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა წასულიყავი, ან უსაქმოდ რჩებოდი. რამაზი ორგანოებში წამსვლელი არ იყო, ეს, მისი ხასიათიდან გამომდინარე, არ მოხდებოდა, უსაქმოდ ყოფნამ კი ბოლო ხანებში ძალიან გული ატკინა. ისე, უნდა ითქვას, რომ ერთადერთი, ვინც დინამოელებს დიდ ყურადღებას აქცევდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, დინამოს კურატორი შოთა გორგოძე იყო… წლების შემდეგ, როცა ვეტერანების თამაშებზე დავდიოდით ბიჭები, ალალად გული გვწყდებოდა, როცა ჩვენი უკრაინელი ან რუსი თანატოლების მდგომარეობას ჩვენსას ვადარებდით – მათ არც დაფასება აკლდათ და არც ფული, საქართველოში კი ამ მხრივ ყოველთვის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით.

…სხვა რა ვთქვა? რამაზის წასვლით ძმა დავკარგე. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ მის ოჯახს, შვილებს მოვეფერო და საფლავზე ჭიქა წავუქციო. დროდადრო ამას ვაკეთებ კიდეც.

…1980 წელს ოლიმპიური თამაშები მოსკოვში გაიმართა. ჩვენგან, ფეხბურთელებისგან ყველა გამარჯვებას ელოდა და არ მოგატყუებთ, ჩვენც გვჯეროდა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ზედმეტმა თვითრწმენამ დაგვღუპა – III ადგილზე გავედით. კომკავშირული თუ პარტიული ხაზით საყვედურს არ გვაკლებდნენ, მაგრამ ამას კიდევ არაუშავდა, დაპატიმრებითაც გვემუქრებოდნენ, როგორ თუ ოლიმპიადა ვერ მოიგეთო?!

…1980 წელს პირველად ვითამაშე მარაკანაზე. ეს ჩემთვის გაუხუნარი მოგონებაა! როგორია, მატჩამდე 3 საათით ადრე სტადიონი რომ ივსება?! გადაჭედილ არენებზე მანამდეც მითამაშია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი დინამო სულ სავსე ტრიბუნების წინ არ თამაშობდა?! მაგრამ მარაკანა სხვა განზომილება იყო, თან, მეტოქესაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ტელე სანტანას ბრაზილია ძალიან ლამაზი და ძლიერი გუნდი იყო! სოკრატესი, ზიკო, ედერი, ჟუნიორი, ფალკაო… რომელი ერთი ჩამოვთვალო? მოთელვაზე რომ გავედით მინდორზე, 130 ათასი კაცი გუგუნებდა! მე და საშა ჩივაძე მონუსხულები ვუყურებდით ტრიბუნებს, პირველ ტაიმში კი მთელი ნაკრები წესიერ პასს ვერ ვაკეთებდით… თავიდან ბრაზილიამ გაიტანა და ვიფიქრე, გადაგვივლიან-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა გონს მოვეგეთ, მერე, ზიკომ რომ პენალტი ვერ გაიტანა, ცოტა გავთამამდით და საბოლოოდ 2:1 გავიმარჯვეთ! დიდებული საღამო იყო!

დინამო 1981

ქართული ფეხბურთის უდიდესი ტრიუმფი: დიუსელდორფში მოგებული თასების მფლობელთა თასი!

…მარაკანა თუ უემბლი? ბედნიერი ვარ ამ ორ სტადიონზე რომ ვითამაშე. ჩემთვის მარაკანა უფრო შთამბეჭდავი იყო. როგორ გითხრათ, ტევადობას რომ თავი დავანებოთ, საფეხბურთო აურა ბრაზილიაში უფრო იგრძნობოდა – ფეხბურთი ბრაზილიაში ნამდვილი რელიგიაა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ინგლისელებს ნაკლებად უყვართ თამაში. უემბლი მხოლოდ ერთი რამით სჯობდა მარაკანას – ეს მინდვრის საფარია.

…1982 წელს პირველად და უკანასკნელად ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან ბედნიერი ვიყავი ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში რომ მოვხვდი, დღეებს ვითვლიდი ტურნირის დაწყებამდე! მიმაჩნდა და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ საბჭოთა კავშირის ის ნაკრები მართლა კარგი გუნდი იყო და მწვრთნელებს ვოვა გუცაევი და დათო ყიფიანიც რომ წაეყვანათ ესპანეთში, საერთოდ ზღაპრული შემადგენლობა გვეყოლებოდა! თუმცა რაც იყო იყო, ერთი იმაზე მწყდება გული, რომ მეტი ვერ შევძელით. არადა, შანსი ნაღდად გვქონდა.

…იმ ჩემპიონატისთვის ძალიან დიდხანს ვემზადებოდით, რაც, ჩემი აზრით, შეცდომა იყო. 2-ჯერ ვიყავით ესპანეთში შეკრებაზე: ზამთარში და მერე გაზაფხულზე. დღეში 2-ჯერ, ხანდახან 3-ჯერაც გვავარჯიშებდნენ, შუაში კი კომერციულ მატჩებს ვატარებდით ადგილობრივ კლუბებთან. არასწორად დაგეგმილმა შეკრებებმა უარყოფითი შედეგი გამოიღო – ბევრი მოთამაშე ჩემპიონატამდე „გადაიწვა“.

…კარიერის განმავლობაში უამრავი ვარსკვლავის წინააღმდეგ გავსულვარ მინდორზე: ზიკო, ფალკაო, კიგანი… საბჭოთა კავშირში ძალიან მაგრები იყვნენ ბლოხინი, გავრილოვი, ოჰანესიანი, როდიონოვი, პროტასოვი… ნუ, მარადონაზე აღარაფერს ვამბობ – ის ფენომენი იყო!

…დიეგოს ჩემი დახასიათება არ სჭირდება: ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა დონის მოთამაშე იყო. ის ძალიან დიდი იყო და ამაში ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი. მის წინააღმდეგ 2-ჯერ არგენტინაში ვითამაშე, ერთხელ კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საერთაშორისო ტურნირზე. ულევი ჯანის პატრონი გახლდათ, წამით მოადუნებდი ყურადღებას და მორჩა, დამთავრებული იყო ყველაფერი – ან ვინმეს გაიყვანდა მეკარესთან პირისპირ, ანაც კარისკენ გაისროდა!

…მიმაჩნია, რომ მარადონას თამაშიდან გამოთიშვა გამორიცხული იყო. მაქსიმუმი, რაც მეტოქეს შეეძლო, მათ შორის საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, მისთვის ხელის შეშლა იყო. მარდონას ვერაფერს დააკლებდი. თქვენ გინახავთ ვინმეს მიერ გაჩერებული მარადონა? მე – არა.

…ელკიაერ-ლარსენი? ჰოოო, მის გამო 1986 წელს მექსიკაში, ჩემთვის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვითამაშე, თუმცა ეს უფრო ნაკრების მწვრთნელის ედუარდ მალაფეევის ბრალი იყო, ვიდრე ლარსენის. დანიასთან წაგებული თამაშის შემდეგ მან ყველაფერი მე დამაბრალა, ასე განაცხადა, თითქოს ელკიაერთან პერსონალურად უნდა მეთამაშა, არადა დაცვის ოთხეულს ზონაში თამაში დაგვავალა. მოკლედ, დანიამ გადაგვიარა, წაგებაში კი მალაფეევი პირადად მე მადანაშაულებდა. პირში ვუთხარი, არასწორად ლაპარაკობ-მეთქი. ამის გამო დამსაჯა – გუნდს ჩამომაშორა! სხვათა შორის, სანაკრებო გარჩევაზე ოლეგ ბლოხინმა და რინატ დასაევმა მე დამიჭირეს მხარი.

…ვალერი ლობანოვსკის ძალიან მადლიერი ვარ! მიმაჩნია, რომ ის მსოფლიო დონის მწვრთნელი იყო. დამსახურებას არავის უკარგავდა. თუნდაც ჩემი შემთხვევა გავიხსენოთ – ლამის ფეხბურთიდან ვაპირებდი წასვლას, მან კი დაინახა, რომ კარგად ვთამაშობდი, ძველებურად ბოლომდე ვიხარჯებოდი და 1988 წელს ევროპის ჩემპიონატზე წამიყვანა, სადაც ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. ხომ გითხარით, მწვრთნელების მხრივ თითქმის ყოველთვის მიმართლებდა-მეთქი.

…მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე დავიწყე ფიქრი. თავიდან ამის საშუალება არ იყო – კი გახსოვთ 90-ების დასაწყისში რაც ხდებოდა. საბედნიეროდ, მერე შევძელი და მეგობრების დახმარებით ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. 2000 წლიდან ვავარჯიშებთ ბავშვებს. მიხარია, რომ ჩემი აკადემიის რამდენიმე აღზრდილმა სხვადასხვა ნაკრებში ითამაშა.

…ოცნება? მინდა, რომ ჩემი აკადემიის თუნდაც ერთმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. ესაა და ეს.

სულაქველიძე

ჩვენი ფეხბურთის ვეტერანები საქველმოქმედო მატჩის წინ (მარცხნიდან): ვლადიმერ ელოშვილი, თენგიზ სულაქველიძე და ბესარიონ მჭედლიშვილი

თენგიზ სულაქველიძე
დაიბადა 1956 წლის 23 ივლისს
1974-78 წლებში ქუთაისის ტორპედოს, 1978-88 წლებში თბილისის დინამოს, 1989 წელს ჰოლმსუნდის (შვედეთი) მცველი და ნახევარმცველი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1979; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1981; სსრკ თასი – 1979; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979; უეფას თასების მფლობელთა თასი – 1981; ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 1988; ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1980 (მოსკოვი); სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 4-ჯერ მოხვდა: #1 – 1980, 1981, 1984; #2 – 1986; სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1980; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1981; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2011
სსრკ ნაკრებში: 49 მატჩი, 2 გოლი (1980-88)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 6 მატჩი (1980)
სსრკ უმაღლეს ლიგაში: 279 მატჩი, 21 გოლი (1978-88)
სსრკ I ლიგაში: 138 მატჩი, 2 გოლი (1974-78)
ევროთასებზე: 31 მატჩი, 6 გოლი (1978-87)
შვედეთის II ლიგაში: 14 მატჩი, 1 გოლი (1989)

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian