კარიერა ფრაზებში #43: გელა კეტაშვილი

„გელა კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ხუთი რგოლით მორთული ოქროს მედალი რომ მოიპოვა.
კარიერის უმაღლესი მწვერვალი 23 წლისამ დაიპყრო, 25 წლისა კი სპორტს ჩამოშორდა. ბედმა მას, ერთი მხრივ, გაუღიმა – სპორტული დიდების მწვერვალზე აიყვანა, მეორე მხრივ კი, თავზე ხელი აღარ გადაუსვა და ურთულეს ეპოქას პირისპირ შეატოვა.
საოცრად სხარტ და ტექნიკურ მცველს გელა კეტაშვილს ფეხბურთის თამაში იმ ეპოქაში მოუხდა, როდესაც უზარმაზარი ქვეყანა, რომლის სახელითაც მან ოლიმპიური ოქრო მოიგო და რომლის ნაკრებსაც ნიჭი და ჯან-ღონე შეალია, ნაწილებად დაირღვა.
ქართული ფეხბურთი საბჭოურს გამოეყო. შედეგად, მივიღეთ სხვისგან დამოუკიდებელი, საკუთარი და ამით ნამდვილად საამაყო, მაგრამ აშკარად სუსტი ჩემპიონატი. და ასეთ დროს გელა კეტაშვილი გახლდათ უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავი, ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც წესით წინ კარიერის საუკეთესო წლები ელოდა. მას სწორედ ამ დროს სჭირდებოდა მაღალი დონის ჩემპიონატი, ძლიერი გუნდი, საერთაშორისო ასპარეზი…
ქართული ფეხბურთის სტაჟიან ქომაგს არასდროს დაავიწყდება ვერცხლისწყალივით სხარტი, მოქნილი, ძალიან ტექნიკური მცველის თამაში, რომელიც 25 წლისა წავიდა“.
ფეხბურთში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის შესახებ ნათქვამი ეს სიტყვები ქართული სპორტის ოქროს წიგნიდანაა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტნის კარიერას წლების წინ ქართულ თუ უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული ინტერვიუებით და ჩანახატებით გავიხსენებთ.

…მამა ოცნებობდა, რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მეც სხვა რა მინდოდა? ბურთით ვიძინებდი და ვიღვიძებდი! ერთ დღეს მამა მოვიდა და მითხრა, ნორჩი დინამოელი შენი ასაკის ბიჭების მიღებას იწყებს, წავიდეთო. თურმე ლელოში ნახა განცხადება.

…ნორჩ დინამოელში 1964-65 წლებში დაბადებული ბიჭების შერჩევას სერგო კოტრიკაძე ხელმძღვანელობდა. 200 თუ 300 ბავშვი მივედით სინჯებზე და საბოლოოდ 40-მდე ბიჭი დაგვტოვეს. მე, როგორც 1965 წელს დაბადებული, სერგო აპრესიანთან მოვხვდი. სანამ ცოცხალი ვარ, მის ამაგს ვერ დავივიწყებ – ბატონმა სერგომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.

…უცნაურია, მაგრამ ბავშვთა ტურნირებში როცა რაიმე ჯილდოს მაძლევდნენ, მხოლოდ ბომბარდირობის ან საუკეთესო თავდამსხმელობის გამო. რომ წამოვიზარდე, მწვრთნელებმა უკან დამწიეს – დაცვაში უკეთ თამაშობო.

…სკოლას ვამთავრებდი, როცა ქუთაისში წავედი – ცხონებულმა გიგა ნორაკიძემ შემომთავაზა ტორპედოში თამაში. ნორაკიძის თანაშემწის, ბატონი გივი ნოდიას ინიციატივით, იქვე დავიწყე მარჯვენა მცველად თამაში, თუმცა ტორპედოს მაისურით მარცხენა მცველადაც გავსულვარ მინდორზე და ნახევარმცველადაც. ჩემი დებიუტი ტორპედოს შემადგენლობაში მაშინ შედგა, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი – გიორგი გვაძაბია ავად გახდა და მისი ადგილიც მე მანდეს.

…1983 წლის მიწურულს თბილისის დინამოში გადმომიყვანეს. ნოდარ ახალკაცს რამდენჯერმე ვუნახივარ ტორპედოში და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მიუღია. როცა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მივედი, თავი სიზმარში მეგონა. დინამოში ჩემი ჩარიცხვა რომ გადაწყდა, დარწმუნებული ვიყავი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ დაიარებოდა!

…საოცნებო გუნდის მაისური პირველად 1984 წლის 22 თებერვალს მოვირგე – საკავშირო თასის 1/16-ფინალში კიევში არმიის სპორტულ კლუბს ვეთამაშეთ. მატჩი დინამოს სტადიონზე გაიმართა – ისეთი ცუდი პირობები იყო, კი არ ვთამაშობდით, ვწვალობდით, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი. თან, ხუმრობა ხომ არაა: სადებიუტო შეხვედრაში გოლი გავიტანე – 65-ე წუთზე! მალე რამაზ შენგელიამ შეაგდო პენალტი და 2:0 მოვიგეთ!

…სადებიუტო წლებში თამაზ კოსტავას მადარებდნენ. მეამაყებოდა, თან, მე ხომ თამაზის მხარდამხარ ვთამაშობდი ტორპედოში. გულშემატკივრებს მოსწონდათ, შეტევაში რომ ვერთვებოდი.

…1984 წელს დინამოში იშვიათად ვთამაშობდი, თუმცა ამის მიზეზი საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრები იყო – იქ ძირითადი მცველი ვიყავი და შეკრებას არ ვაცდენდი. იმ წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც გავედით, მაგრამ პენალტების სერიაში დავმარცხდით. ძალიან დამწყდა გული. დღემდე მჯერა, რომ ფინალში უნგრელებთან ტრავმა რომ არ მიმეღო, ოქროს მედლებს მოვიგებდით. სხვათა შორის, იმ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დამასახელეს.

…1985 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საბჭოთა კავშირში ჩატარდა. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა და ოქროს მედლების მთავარ კანდიდატებად ვითვლებოდით, მაგრამ არ გაგვიმართლა – ნახევარფინალი ესპანელებთან პენალტებში წავაგეთ, III ადგილისთვის მატჩში კი ნიგერიელებმა გვაჯობეს კვლავ პენალტებში. ნახევარფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოვტოვე, ნიგერიასთან კი პენალტი ვერ გავიტანე – ბურთი ხარიხას მოხვდა.

…სერგეი მოსიაგინი, ბორის იგნატიევი, ანატოლი ბიშოვეცი – ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში სწორედ მათი ხელმძღვანელობით ვთამაშობდი. სამივე ჩინებული მწვრთნელი იყო, თუმცა ყველაზე მეტად ბიშოვეცს ვემადლიერები – გარდა იმისა, რომ მაღალი დონის სპეციალისტი იყო, მისთვის მთავარი მოთამაშის წარმომავლობა კი არა, საფეხბურთო მონაცემები იყო. ამის მიხედვით არჩევდა ფეხბურთელებს. ვერ გეტყვით ნამდვილად ასე იყო თუ არა, მაგრამ მითხრეს, რომ სეულის ოლიმპიადის წინ საკავშირო ფეხბურთის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ნაკრების შემადგენლობიდან ამოვუშლივარ, მაგრამ ბიშოვეცის დაჟინებული მოთხოვნით, მაინც გავემგზავრე ოლიმპიადზე.

…მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან ოქროს მედლებს არ მოელოდნენ, ეგ კი არა, ბრინჯაოს თუ აიღებთ, ჩინებული იქნებაო, ვიცოდით – ჩვენი გამჩერებელი არავინ იყო. ბიშოვეცმა მართლა ძალიან კარგი შემადგენლობა შეკრიბა!

…ნახევარფინალში იტალიას დავუპირისპირდით: ჩირო ფერარა, მაურო ტასოტი, რუჯიერო რიციტელი… მე ამ უკანასკნელს ვმეურვეობდი. მატჩის მიწურულს, როცა ერთი ბურთით ვიგებდით, მეკარესთან პირისპირ გავარდა. აკრძალული ხერხით შევაჩერე და ვიფიქრე, მორჩა, ფინალი უჩემოდ ჩაივლის-მეთქი, მაგრამ მსაჯმა ყვითელი ბარათი მიჩვენა. რაც მე ის მსაჯი ვლოცე… 3:2 მოვიგეთ, მე კი იმ დღეს 23 წლის გავხდი!

…გადამწყვეტ მატჩში ჩვენი მეტოქე ბრაზილია იყო. ფინალის წინა დღეს ერთმა თანაგუნდელმა მითხრა, ბიშოვეცი გეძებს, თან, მგონი, დაბადების დღისთვის საჩუქარიც აქვსო. შევედი მწვრთნელთან და „მახარა“: ძირითადში გაყენებ და გილოცავ, რომარიოს პერსონალურად უნდა ეთამაშოო! ამაზე კარგი საჩუქარი გაგიგონიათ? სხვათა შორის, ოლიმპიური თამაშების განმავლობაში ჩვენ, ისევე, როგორც მთელი საბჭოთა დელეგაცია, გემზე ვცხოვრობდით. ჩვენთან ერთად საკავშირო სპორტის ხელმძღვანელები და ესტრადის ვარსკვლავებიც იყვნენ.

…ვის წინააღმდეგ არ მითამაშია, მაგრამ რომარიოს დონის ფორვარდი არ შემხვედრია. ხვლიკივით იყო – ვერცხლისწყალივით მოძრავი, საოცარი ტექნიკის მქონე, მოუღლელი… წამით მოდუნდებოდი და მორჩა, გათავებული იყო შენი ამბავი. მთელი შეხვედრის მანძილზე მხოლოდ მას დავდევდი… პირველი დამატებითი დრო რომ დასრულდა, მეგონა ფინალი მორჩა-მეთქი და ლამის ცეკვა დავიწყე. სანამ თანაგუნდელებმა არ მითხრეს, წინ კიდევ ერთი დამატებითი ტაიმიაო, მანამდე არ გავჩერებულვარ. ის 15 წუთი კი გამიჭირდა, მაგრამ რომარიოც კარგა გვარიანად იყო დაღლილი და საბოლოოდ, დუელიც მოვუგე – ჩემპიონები ხომ ჩვენ გავხდით! მსაჯის სასტვენი რომ გაისმა, ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი – გაათმაგებული ძალით დავხტოდი. ჩვენ დელეგაციაში ერთადერთი ქართველი ექიმი ზურაბ ორჯონიკიძე იყო. პირველად მას ჩავეხუტე და… ავტირდი.

…არ მეგონა ოლიმპიურ ჩემპიონებს თბილისში ამდენი ადამიანი თუ დაგვხვდებოდა: ოჯახის წევრებს და დინამოს მოთამაშეებს რომ თავი გავანებოთ, ლამის ყველა ნაცნობ-მეგობარი იქ იყო. ეგ კი არა, ჩემი სკოლის მასწავლებლებიც მოვიდნენ სკოლის დირექტორის, ქალბატონ სვეტა ჯერვალიძის ხელმძღვანელობით. დაუვიწყარი წამები იყო! ასეთ დახვედრებს ვერაფერი შეცვლის – სპორტსმენი სწორედ ასეთ დროს ხვდება რომ მთავარი მედალი და თასი კი არა, გულშემატკივრის სიყვარულია!

…დინამო? აბა რა ვთქვა, 80-იანი წლების მიწურულს მეტის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ ხშირად გვეცვლებოდა მწვრთნელი და ეს უარყოფით გავლენას ახდენდა ჩვენზე. ყველაზე ძალიან ბრემენის ვერდერთან წაგებაზე მწყდება გული – მიუხედავად იმისა, რომ იმ წელს ჩემპიონატში კარგი შედეგები არ გვქონდა, მათი დამარცხება შეგვეძლო. გახსოვთ რა მომენტები ვერ გამოიყენეს რამაზ შენგელიამ, ოთარ კორღალიძემ და თემურ ქეცბაიამ? რატომღაც მგონია, რომ ვერდერის ეტაპი რომ დაგვეძლია, 1988 წლიდან დინამოს საქმეები უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

…ჩემი დროის საუკეთესო ფორვარდები? ოლეგ პროტასოვი, ვლადიმერ ლიუტი, ალექსანდრ ზავაროვი… ერთი-ორჯერ ოლეგ ბლოხინის წინააღმდეგაც ვითამაშე და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკში იყო, უნდა ვთქვა – ბრწყინვალე ფეხბურთელი გახლდათ.

…საუკეთესო თანაგუნდელად გრიგოლ ცაავას დავასახელებ – შესანიშნავი მოთამაშე იყო დიდებული პასებით. სხვათა შორის, როცა ოდესაში, ჩერნომორეცთან მატჩში ფეხი მოტეხეს, მის ნაცვლად მე ვიძიე შური – ის ჯარიმა გოლად ვაქციე!

…ვალერი ლობანოვსკისთან მხოლოდ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვითამაშე. ჩემი დებიუტი 1989 წლის 10 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში თურქეთის წინააღმდეგ შედგა. იმ დროს ნაკრების ძირითადის წევრად განვიხილებოდი, მშვიდობა რომ ყოფილიყო, ალბათ, მსოფლიო ჩემპიონატზეც გავემგზავრებოდი, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. წარსულზე საუბარს არ ვაპირებ, ეგაა მხოლოდ, რომ რაღაცებზე გული მწყდება.

გელა კეტაშვილი

გელა კეტაშვილი და სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ოლიმპიური გუნდის წევრები

…1990 წლის სეზონისთვის ლესელიძეში ვემზადებოდით. როცა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობაზე ალაპარაკდნენ, ლობანოვსკის სატელეფონო ზარებმაც იმატა. ვიცოდი, რომ ის ნაკრების ძირითად მცველად მომიაზრებდა, თან სურდა კიევის დინამოში გადავსულიყავი. ლამის ყოველ დღე მირეკავდა – ოჯახს ხელი მოკიდე და კიევში ჩამოდი, აქ ბინაც გექნება და ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნებიო. მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი, ამ ყველაფერს კი ოჯახური ტრაგედიაც დაერთო: მამა, რომელიც ჩემი ყველაზე ერთული მეგობარი იყო, ბაბუასთან ერთად დავასაფლავე. თან, მალე ხმა გავრცელდა, კეტაშვილი თუ სადმე წავა, მოღალატედ გამოვაცხადებთო… ერთი სიტყვით, თბილისში დავრჩი და იტალია 90-იც უჩემოდ ჩატარდა.

…სწორი იყო თუ არა ის ნაბიჯი? პირდაპირ გეუბნებით – არა. უნდა წავსულიყავი კიევში. ამით მხოლოდ მოვიგებდი და რაც მთავარია, ქართული ფეხბურთიც მოიგებდა. პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს არასდროს უნდა აყვე – მათი სმენა არაფრისმომტანია, მეტიც – დამღუპველია.

…საქართველოს ჩემპიონატში პირველ გოლი მე გავიტანე, ოღონდ… საკუთარ კარში. ჩვენ, იბერიად მონათლული დინამოელები ფოთის კოლხეთი 1913-თან 0:1 დავმარცხდით, მატჩის შემდეგ კი, გასახდელში ერთმა თანაგუნდელმა მწვრთნელთან დაიჩივლა – რა უნდა ქნა, როცა შენიანი გიტანს გოლსო… სხვათა შორის, იმ თანაგუნდელმა ვერც ის გადაიტანა, დინამოს კაპიტნად რომ ამირჩიეს… ძალიან გაბრაზებული ვიყავი: ცალკე ოჯახის ამბავი, იქით კიევში ვერწასვლა… ეს ავტოგოლი.

…დასამალი რაა – დინამოში ინტრიგები ყოველთვის იყო. ჩემდამი ცუდ დამოკიდებულებას განსაკუთრებით ოლიმპიადის მოგების შემდეგ ვგრძნობდი. არაერთს შურდა, რომ ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ვიყავი. ფეხის დადებაც იყო, როგორ არა. გული მწყდება ასე რომ მექცეოდნენ.

…იბერიიდან მალე წავედი – ფოთელებთან მატჩის შემდეგ 5 თუ 6 შეხვედრა ჩავატარე და მწვრთნელს ვუთხარი, რომ თამაში აღარ მსურდა. იცით რამდენი წლის ვიყავი მაშინ? 25-ის! ამ ასაკში მოთამაშემ საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოს, მე კი ფეხბურთის თამაში აღარ მსურდა… მერე, ცოტა ხნით ლანჩხუთის გურიაში წავედი, ბოლოს მე და გრიშა ცაავა გია ყარყარაშვილს დავუდექით გვერდში – მის შექმნილ თეთრ არწივში ვითამაშეთ ცოტა ხანი და კარიერაც დავასრულე.

…თუმცა ვცდები: 1995 წელს, როცა სერგო კუტივაძე დაინიშნა თბილისის დინამოს მწვრთნელად, დაბრუნება შემომთავაზა. მეც მივედი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემ მატარებელს უკვე ჩაეარა და მალე საბოლოოდ წავედი. კუტივაძის დინამოში ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი.

…კარიერის ბოლო წლებიდან ერთადერთი რამ მახსენდება ტკბილად – საქართველოს ნაკრებს პირველ საერთაშორისო მატჩში მე ვუკაპიტნე! 1990 წლის 27 მაისს თბილისში ლიეტუველებს ვუმასპინძელთ. 2:2 დასრულდა ის თამაში.

…აფხაზეთის ომის დღეებში გამოცხადდა, რომ იქმნებოდა საქველმოქმედო „ოქროს ფონდი“, რომელიც მთელ სახსრებს ომით დაზარალებულ მოსახლეობას მოახმარდა. რა უფლება მქონდა გვერდზე გავმდგარიყავი? ავდექი და სეულში მოგებული ოქროს მედალი იმ ფონდში მივიტანე – ალალი გულით მსურდა გაჭირვებაში მყოფი ხალხის დახმარება. მალე დავრწმუნდი, რომ ზოგ-ზოგიერთებს არცთუ კარგი სურვილები ამოძრავებდათ – ჩემი ოქროს მედალი თურქეთში გასაყიდად გაჰქონდა ვიღაცას. დინამოელი ვახტანგ ქორიძე იმხანად სარფის საბაჟოზე მუშაობდა და სწორედ მან აღმოაჩინა თურქეთში გასატანად გამზადებული ჩემი ჯილდო… ის მედალი დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმშია გამოფენილი.

…მქონდა თუ არა მიწვევა? ჩემთან არავინ მოსულა, მაგრამ საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელებისგან ვიცოდი, რომ 1989 წელს ბორდო მაკვირდებოდა.

…მწვრთნელობა? არა, ეს საქმე არასდროს მიზიდავდა და ამაზე არც მიფიქრია.

…მსურდა ჩემი ვაჟიც ფეხბურთელი ყოფილიყო, მაგრამ მან ნაადრევად დაასრულა კარიერა. ოჯახში პატარა ლევანი გვეზრდება და ძალიან გამიხარდება, თუ ის ჩემ გზას გააგრძელებს.

გელა კეტაშვილი
დაიბადა 1965 წლის 27 სექტემბერს თბილისში
1981-83 წლებში ქუთაისის ტორპედოს, 1984-90 და 1995 წლებში თბილისის იბერია/დინამოს, 1991 წელს ლანჩხუთის გურიის, 1993-94 წლებში თბილისის თეთრი არწივის მცველი
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი – 1988 (სეული); სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1988; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 2-ჯერ მოხვდა: #2 – 1989; #3 – 1988; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2016; ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი – 2003; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი – 2018; ღირსების ორდენი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი – 2003; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი – 1999
საქართველოს ნაკრებში: 1 მატჩი (1990)
სსრკ ნაკრებში: 3 მატჩი (1989)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 11 მატჩი (1986-88)

*-ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში.

*-საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გოლის (და ავტოგოლის) ავტორი. 1990 წლის 30 მარტს, ჩემპიონატის გახსნის მატჩში თბილისის იბერია შინ ფოთის კოლხეთი 1913-თან 0:1 დამარცხდა. გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა ბურთი.

*-საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი (1990 წლის 27 მაისს თბილისში, ლიეტუვასთან – 2:2).

*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ილია ბაბუნაშვილის წიგნი „გელა კეტაშვილი“.

*-2015 წლის 27 ივლისს გელა კეტაშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონებთან, ნინო სალუქვაძესთან და ზურაბ ზვიადაურთან, ასევე გინესის რეკორდსმენ თემურ დადიანთან ერთად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა: მან ჩირადღდანი თემურ დადიანს გადაულოცა, რომელმაც თავის მხრივ ის ნინო სალუქვაძეს გადააბარა. ესტაფეტა ზურაბ ზვიადაურმა დაასრულა.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian