კარიერა ფრაზებში #44: დავით ციმაკურიძე
ქართველმა სპორტსმენებმა 39-ჯერ მოახერხეს უმაღლესი სპორტული ჯილდოს – ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მოგება.
39 ოქროს მედალი 36 ათლეტმა მოიგო. ჯერჯერობით ბოლო, 36-ე ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილია, რომელიც რიო დე ჟანეიროში შედგა ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.
და ვინ არის პირველი?
ის დიდებული მოჭიდავე, ამურად წოდებული დავით ციმაკურიძე გახლავთ, რომელმაც 1952 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის სტატუსით მოიგო ოქროს მედალი.
პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის კარიერას ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებით და ჩანახატებით შეგახსენებთ.
…მეტსახელი ამური ბავშვობაში შემარქვეს. პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი შევაწუხე, როგორ გავჩნდი-მეთქი. ერთხელ დედამ მითხრა, სიყვარულის ღმერთებმა, ამურებმა გადმოიფრინეს და ერთ-ერთი დავიჭირე, ის ერთი სწორედ შენ ხარო. ასე გავხდი ამური.
…მამაჩემი, მიშიკო ციმაკურიძე, ფოთში დაბადებული და გაზრდილი ვაჟკაცი, ძალიან ძლიერი მოჭიდავე იყო, თუმცა ყველგან მიშიკო მაჩაბელად იცნობდნენ. საქმე ის იყო, რომ როცა ბაბუაჩემმა ფოთიდან ქუთაისში გააგზავნა სასწავლებლად, იქაც განაგრძო ჭიდაობა და ისეთ წარმატებებს მიაღწია, მალე ფოთამდეც ჩააღწია ამბავმა. ბაბუაჩემი ძალიან გაბრაზდა, ჩავიდა ქუთაისში და მამა დატუქსა, აქ სასწავლებლად გამოგიშვი, საჭიდაოდ არაო და მოსთხოვა სპორტისთვის თავი დაენებებინა. იმხანად ქუთაისის გუბერნატორი მაჩაბელი იყო, მამას დიდი ქომაგი. ეს ამბავი რომ გაიგო, უთხრა, შენ ჭიდაობა გააგრძელე და თუ გინდა ჩემი გვარით იასპარეზეო. მამაც ასე იქცეოდა და ყველგან მიშიკო მაჩაბელის სახელით გადიოდა.
…ზესტაფონში, ეზოში რამდენიმე თანატოლი ცხოვრობდა. ჭიდაობა ყველას გვიყვარდა და საჭიდაო მოედანიც მოვაწყვეთ, მამამ ნახერხიც მოგვიტანა და იყო ერთი ჟივილ-ხივილი! მეგობრებს ცნობილი ფალავნების სახელი „ერქვათ“: ერთი ნესტორ ესებუა იყო, მეორე – სანდრო კანდელაკი, მესამე – კოსტა მაისურაძე… რადგან მამაჩემი ცნობილი მოჭიდავე იყო, მისი სახელით „გამოვდიოდი“ – მიშიკო მაჩაბელი „ვიყავი“.
…სანამ ჭიდაობაზე შევიდოდი, ლამის ყველა სპორტში ვცადე ბედი: ველოსპორტი, ცურვა, სირბილი, ტანვარჯიში… სხვათა შორის, ფოთში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვითვლებოდი. კრივშიც ვვარჯიშობდი – სანია გოლდშტეინი იყო ჩემი მწვრთნელი და ცოტა ხნით სახელგანთქმული ანდრო ნავასარდოვის სპარინგ-პარტნიორიც ვიყავი. ძალოსნობაში კი სპორტსაზოგადოება ბოლშევიკის საკავშირო ჩემპიონატზე III ადგილი დავიკავე!
…ჭიდაობაში ვარჯიში რომ დავიწყე, უკვე თბილისში ვცხოვრობდით, ობოლაძის ქუჩაზე. მაშინდელ ორჯონიკიძის ქუჩაზე, მოჭიდავეთა სამჭედლოდ წოდებულ პეტრე იორდანიშვილის დარბაზში რომ მივედი, პირველი სამი შეხვედრა სუფთად წავაგე. მახსოვს, მსაჯი ირაკლი ყიფიანი იყო. მითხრა, მამაშენის შვილს როგორ არ გრცხვენია, ასე რატომ იქცევიო. ისე მომეშალა ნერვები, თითქმის ორი თვე ხალიჩას აღარ გავეკარე. რამდენიმე დღეში თავად პეტრე იორდანიშვილი გვესტუმრა და მითხრა, ჭიდაობისთვის თავის დანებება გამოსავალი არაა, სჯობს დარბაზში დაბრუნდე და მათ, ვინც გაჯობა, სამაგიერო გადაუხადოო. მისი სიტყვები ჭკუაში დამიჯდა და მეც ვარჯიშს დავუბრუნდი.
…1942 წელს, 17 წლისამ, პირველი დიდი გამარჯვება მოვიპოვე: ბათუმში საქართველოს ჩემპიონი გავხდი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში! ისე, საქართველოს პირველობა ერქვა, თორემ ძლიერი რუსი და უკრაინელი სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ. მახსოვს, ისინი ბათუმში ორი გემით ჩამოვიდნენ – ერთს კრასნი კრიმი ერქვა, მეორეს კრასნი კავკაზი. ისე, ბათუმური ჩემპიონობის შემდეგ კლასიკურში საქართველოს პირველობა კიდევ 8-ჯერ მოვიგე!
…თავისუფალი ჭიდაობა ჩვენში შედარებით გვიან, 40-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. 1945 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველად ვიასპარეზე საკავშირო ჩემპიონატში, რომელიც ლენინგრადში გაიმართა. ჩვენი გუნდი კარგად გამოვიდა: ჩემთან ერთად ჩემპიონები გახდნენ ილურიძე, მაჩკალიანი და მეკოკიშვილი.
…ჩემ დროს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები არ ტარდებოდა და მეც მხოლოდ საკავშირო ჩემპიონატზე და საერთაშორისო ტურნირებზე გამოვდიოდი. ყველაზე დიდი შეჯიბრება, რა თქმა უნდა ოლიმპიადა იყო. 7-ჯერ გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სხვადასხვა ტიტულები კი, სიმართლე გითხრათ, არასდროს დამითვლია.
…ჭიდაობა ისე მიყვარდა, რომ ცოტა ხნით თავისუფალშიც ვჭიდაობდი და ბერძნულ-რომაულშიც. 1947 წელს თავისუფალში საკავშირო ჩემპიონი გავხდი, ბერძნულ-რომაულში კი II ადგილზე გავედი. ერთი წლის შემდეგ თავისუფალში ბრინჯაო მოვიგე, კლასიკურში კი ისევ ვერცხლი. სხვათა შორის, 1948 წელს, როსტოვში, ბერძნულ-რომაულში ყველას ვაჯობე, მაგრამ ფინალის შედეგი გააუქმეს და მეც ვერცხლის მედალი „მისახსოვრეს“. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ თურმე ფინალის წაგების გამო მოსკოვის ნაკრები გუნდურ I ადგილს კარგავდა.
…საბჭოელ სპორტსმენებს ჯერ კიდევ 1948 წელს უნდა გვეასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ ლონდონში არ გაგვიშვეს. და იცით რატომ? მაშინ სახელმწიფო პოლიტიკა ითხოვდა, რომ ოლიმპიადიდან გუნდური I ადგილით დავბრუნებულიყავით, ამის გარანტიას კი ვერავინ იძლეოდა, რადგან მაგალითად, მძლეოსნების და მოცურავეთა შედეგები კონკურენტებისას ძალიან ჩამოუვარდებოდა. ამიტომაც, პირადად სტალინის ბრძანებით არ გაგვიშვეს და 4 წელი გვალოდინეს.
…ჰელსინკიში, ოლიმპიურ თამაშებზე ჩასული ძალიან ვნერვიულობდი. ვერც მაშინ დავწყნარდი, როცა ოლიმპიურ სოფელში – ბოტანიემში დავბინავდი. სპორტკომპლექს მესუჰალიში გამოვდიოდით და იქაურობა საერთოდ მანადგურებდა. ვერ გეტყვით რატომ ვნერვიულობდი ასე, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ დიდ შეჯიბრზე მანამდე არასდროს გავსულვარ და ოლიმპიადაზე მხოლოდ ვოცნებობდი.
…პირველი მეტოქე შვედი ბენგტ ლინგბლატი იყო. კარგად დავიწყე, 2 ქულაც მოვიპოვე, მაგრამ მერე ნორვეგიელმა და ფრანგმა მსაჯებმა შეცდომით მეტოქეს ჩაუთვალეს ქულები და წამაგებინეს. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობამ არბიტრების გადაწყვეტილება იქვე გააპროტესტა და თანხაც გადაიხადა აპელაციისთვის. სანამ საკითხს განიხილავდნენ, ეგვიპტის ჩემპიონს, მოჰამედ აბდულ რამადა ჰუსეინს და ამერიკელ დენ ჰოჯს ვძლიე და ფინალში ასპარეზობის უფლება მოვიპოვე, ის ლინგბლატი კი საერთოდ გავარდა.
…ფინალში ორი მეტოქე მყავდა: უნგრელი დიორდ გირიჩი და ირანელი გოლამრეზა ტახტი. პირველად გირიჩს დავეჭიდე. საწყის წუთებში ორჯერ დავატრიალე და ქულები ავიღე, მერე კი აღარ გავრისკე – ძალებს ვზოგავდი. საბოლოოდ ქულებით 7:0 მოვიგე და იმ დროს, როცა დასასვენებლად ვემზადებოდი – მეორე შეხვედრაში გირიჩს ტახტთან უნდა ეჭიდავა – ისევ ხალიჩაზე მიხმეს. უნგრელმა, ფეხი მტკივა, ცოტა უნდა დავისვენოო და… ახლაც არ ვიცი, მართლა ტკიოდა გირიჩს ფეხი, თუ იცრუა.
…გოლამრეზა ტახტი ირანის შაჰის საყვარელი ფალავანი იყო, მაგრამ ისე მინდოდა გამარჯვება, საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ მედგა წინ. არადა, ის ძალიან გამოცდილი მოჭიდავე იყო, ძლიერი მკლავები ჰქონდა და უამრავ ილეთს იდეალურად ფლობდა. თან, ჩემზე მაღალიც იყო… საწყის წუთებში ჩემი საყვარელი ფანდი გავუკეთე – ფეხით ავწიე და „ხიდზე“ დავაყენე, მერე ორჯერ ჩოქმბჯენიდან დავატრიალე და ქულებიც მოვიპოვე… დაწინაურების შემდეგ ინიციატივა აღარ დავუთმე. საბოლოოდ 9:2 გავიმარჯვე და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი საქართველოდან!
…შეხვედრის წინ ტახტი მუხლებზე დაემხო და ლოცვა-კურთხევა შესთხოვა ალაჰს. ვიფიქრე, ამას ჩემი ეშინია-მეთქი და უფრო თამამად გავედი საჭიდაოდ. ჩავლებისთანავე მივხვდი, როგორ ძლიერ მეტოქესთან მქონდა საქმე. შევუტიე. მოპოვებულ ქულებს მერე ვერაფერი წავუმატე, მაგრამ თავიდან არც არაფერი დამითმია და… კვარცხლბეკზე რომ ვიდექი, მთელი საქართველო თვალწინ დამიდგა და ცრემლიც მომადგა.
…წლების შემდეგ შევიტყვე, რომ ტახტი ირანის შაჰის ბრძანებით მოუკლავთ. ცხადია, დანამდვილებით არავინ იცის, ასე იყო თუ არა, მაგრამ ირანში რამდენჯერმე მოვკარი ყური ამ ვერსიას. სამშობლოში ეს მოჭიდავე ძალიან უყვარდათ და დიდ პატივს სცემდნენ – აღმერთებდნენ! მისი არაერთი ძეგლი და ბიუსტი მინახავს, სხვადასხვა ქალაქებში კი ტახტის სახელობის უამრავი ქუჩაა… ისე, მან 1956 წელს მელბურნშიც იასპარეზა და ჩემპიონიც გახდა, თუმცა უკვე სხვა წონაში.
…ჰელსინკში ჩასვლამდე სპორტსმენებს გამოგვიცხადეს, რომ ვინც ოქროს მედალს მოიგებდა, 25 ათასი მანეთით დააჯილდოვებდნენ. მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო! იქ, მესუჰალიში მხოლოდ მედალი და სიგელი გადმომცეს და იმედიანად ვიყავი, ვფიქრობდი, მოსკოვში მაინც მივიღებ პრემიას-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! საბოლოოდ 5 ათასი მანეთით დამასაჩუქრეს: ათას-ათასი ჩემმა სპორტულმა საზოგადოებამ და საქართველოს სპორტკომიტეტმა მომცა, 3 ათასი კი რესპუბლიკის ხელისუფლებამ. იმ ზაფხულს მე, რაფაელ ჩიმიშკიანი და გივი კარტოზია ოჯახებით წავედით სოხუმში დასასვენებლად… კარგი დრო იყო!
…ჰელსინკიდან მოსკოვში რომ დავბრუნდით, სტალინის ბრძანებით მოჭიდავეებისთვის საგანგებო მიღება გამართეს კრემლში, გეორგიევსკის დარბაზში. თამადა მოლოტოვი იყო, სტალინის მარჯვენა ხელი, თუმცა მან, სტალინმა და ცენტრალური კომიტეტის სხვა მაღალჩინოსნებმა ცოტა დალიეს და მალევე დაგვტოვეს. სხვათა შორის, პირველად სტალინი ადღეგრძელეს – მაშინ ასეთი წესი იყო… მერე, მხოლოდ მოჭიდავეები რომ დავრჩით, გულით მოვილხინეთ – შუაღამეს წამოვედით, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც საქართველოში შემოსვლისას ვიგრძენი – გახარებული ხალხი ლამის ყველა გაჩერებაზე გვეხუტებოდა და გვლოცავდა!
…უმაღლესი რანგის ტურნირებზე სულ რამდენჯერმე დავმარცხდი, მაგრამ დიდად არც მიდარდია – ვიცოდი, საბოლოოდ ჩემპიონი მაინც მე გავხდებოდი. მაშინ სხვა სისტემა იყო – ერთი წაგების მიუხედავად ოქროს მედლის მოპოვების შანსი მაინც გქონდა.
…კარიერა 1954 წელს დავასრულე. თბილისის ცირკში იაპონიის ნაკრებს ვუმასპინძლეთ. 6:2 მოვიგეთ, მე კი მათ საუკეთესო ფალავანს, კაცურამოტოს ვაჯობე. ეს ჩემი უკანასკნელი ჭიდაობა და მოგება იყო.
…ოლიმპიურ თამაშებზე 4 წლის შემდეგაც გავემგზავრე, თუმცა მწვრთნელის რაგში. საბედნიეროდ, ჩვენმა გუნდმა მაშინაც გუნდური I ადგილი დაიკავა და მეც ამ წარმატებისთვის მომანიჭეს საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის ტიტული.
…იცით, სწორედ მელბურნში „მოვინათლე“ ჟურნალისტად. სანამ ავსტრალიაში გავემგზავრებოდი, ლელოს მაშინდელმა მთავარმა რედაქტორმა ირაკლი უგულავამ მითხრა, თამაშებს ხომ ესწრები და რა მოხდება რეპორტაჟები რომ გამოგვიგზავნოო? ცხადია, თავიდან უარზე ვიყავი, წერა რა ჩემი საქმეა-მეთქი, მაგრამ დამიყოლიეს. დაიწყეს ჩემი „წვრთნა“: ნოდარ გუგუშვილი წერის ტექნიკას მასწავლიდა, „პროფესორა“ მიშა ზარგარიანი კი ფოტოების გადაღებას. მოკლედ, მელბურნში დამწყებ ჟურნალისტად ჩავედი და მალე ჩემი წერილებიც დაიბეჭდა ლელოში.
…მელბურნის ოლიმპიადისთვის ტაშკენტში ვემზადებოდით თითქმის 4 თვე. ნაკრების მწვრთნელები, ძირითადი შემადგენლობა და კანდიდატები ერთად ვიყავით. ეს ის დროა, როცა სტალინის კულტს ებრძვიან – ყველა თავყრილობაზე ლანძღავენ და ათახსირებენ მკვდარ კაცს. ერთ მშვენიერ დღეს დიდ დარბაზში გვიხმეს და ნაკრების პარტკომმაც, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვორობიოვმა მოხსენება წაიკითხა – ქვა ქვაზე არ დატოვა სტალინისგან. ტრიბუნიდან რომ ჩამოდიოდა, ლეგენდარული არსენ მეკოკიშვილი დახვდა, ნამდვილი გოლიათი, მთა კაცი! გაუქანა და სახეში არ თხლიშა მუშტი?! მაგრამ ეს ამბავი ამით არ დასრულდა: ბაზაზე ლენინის ბიუსტი იდგა, დილით კი დალეწილი ნახეს. ფაქტზე ვერავინ დაიჭირეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ მეკოკიშვილის გაკეთებული იქნებოდა და დასაჯეს: მელბურნში მის ნაცვლად ივან ვიხროსტოევი წაიყვანეს. მაშინ როცა მეკოკიშვილს ოქრო უნდა მოეგო, მისი შემცვლელი ათეულში ძლივს მოხვდა.
…90-იანი წლების დასაწყისში ძალიან გამიჭირდა. ხომ გახსოვთ, რა დრო იყო? სამსახური არ მქონდა, ოჯახში პურის ფულიც ვერ მიმქონდა… ოლიმპიური ოქროს გაყიდვა სწორედ მაშინ ვიფიქრე, ერთ-ერთ სახელოვან სპორტსმენთან ერთად რამდენიმე გაზეთის რედაქციაშიც მივედით, განცხადება დავტოვეთ… მედალს არც მაშინ გავყიდდი, უარეს დღეში რომ ჩავვარდნილიყავი, უბრალოდ, მსურდა იქ, „ზევით“, ხელისუფლებაში ვინმეს მაინც ეფიქრა, რომ ჩვენი ასეთ დღეში ჩაგდება არ შეიძლება – იმ წლებში ჩემი, როგორც ოლიმპიადის გამარჯვებულის პენსია… 12 ლარი იყო და იმასაც თვეობით ვერ ვიღებდი! რამდენიმე წლის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ 65 წელს გადაცილებულ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს 70-ლარიანი დახმარება დაგვინიშნა. მახსოვს, სია გივი კარტოზიამ შეადგინა. 2-ჯერ მივიღეთ ფული, მერე კი ისევ დაგვივიწყეს.
…უცნაურია, მაგრამ ჯერ ხასავიურტის საპატიო მოქალაქე გავხდი და შემდეგ თბილისის. ხასავიურტში რომ ჩავედი საზეიმო ცერემონიაზე, მასპინძლებმა, ჩემმა მეგობრებმა 14-გრამიანი ოქროს მედალი მისახსოვრეს. საერთოდ, მათ მხარდაჭერას და პატივისცემას ყოველთვის ვგრძნობდი.
…უიმედობის პერიოდი ჩემთვის მას შემდეგ დასრულდა, რაც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ბადრი პატარკაციშვილი აირჩიეს. მან ძველი გამარჯვებები დაგვიფასა.
…ვარ თუ არა ბედნიერი? აი, მისმინეთ: სპორტში რაც მსურდა, მივაღწიე. ოჯახშიც ბედნიერი ვარ: საყვარელი მეუღლე მყავდა… მყავს ვაჟები, შვილიშვილები და შვილთაშვილიც, აი, ისეთი, გულით რომ მიხარია. ხალხის და გულშემატკივრების სიყვარულს ხომ ყოველთვის ვგრძნობდი და განა ბედნიერება სხვა რამეა?
დავით ციმაკურიძე
დაიბადა 1925 წლის 26 მარტს ფოთში. გარდაიცვალა 2006 წლის 9 მაისს თბილისში
თავისუფალი ჭიდაობა (79კგ)
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი – 1952 (79კგ; ჰელსინკი); სსრკ ჩემპიონი – 1945 (79კგ; ლენინგრადი), 1946 (79კგ; თბილისი), 1947 (79კგ; ტალინი), 1949 (79კგ; ბაქო), 1950 (79კგ; ტულა), 1951 (79კგ; თბილისი), 1952 (79კგ; ბაქო); სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1954 (79კგ; ლენინგრადი); სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1948 (79კგ; მოსკოვი); ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1947 (79კგ; მოსკოვი), 1948 (79კგ; როსტოვი); ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი – 1942; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1951; საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი – 1956; სსრკ დამსახურებული მწვრთნელი – 1956; ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი – 2002; ღირსების ორდენი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი – 2002; ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ორდენი; ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ) – 1957
*-დავით ციმაკურიძის შედეგები 1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადაზე:
I წრე: ბენგტ ლინგბლატი (შვედეთი) – წაგება
II წრე: დენ ჰოჯი (აშშ) – მოგება
III წრე: მოჰამედ აბდულ რამადა ჰუსეინი (ეგვიპტე) – მოგება
IV წრე: თავისუფალი იყო*
ფინალური ჯგუფი, V წრე: დიორდ გურიჩი (უნგრეთი) – მოგება
ფინალური ჯგუფი, VI წრე: გოლამრეზა ტახტი (ირანი) – მოგება
*-მაშინდელი წესებით, ფინალურ ჯგუფში ის ფალავნები გადიოდნენ, რომლებმაც საწყის ეტაპებზე ნაკლები საჯარიმო ქულები მიიღეს.
*-პირველი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოდან.
*-პირველი ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირიდან.
*-1954 წელს თბილისის ცირკში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში იაპონიის ნაკრებს 6:2 სძლია. დავით ციმაკურიძემ მეტოქეს, კაცურამოტოს მოუგო და კარიერა გამარჯვებით დაასრულა.
*-2003 წელს დავით ციმაკურიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა პაატა ნაცვლიშვილის წიგნი „დავით ციმაკურიძე“.
*-დავით ციმაკურიძის ოლიმპიური ოქროს მედალი ქართული სპორტის მუზეუმში ინახება.
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge
გამოყენებული ლიტერატურა
წიგნი:
დავით ციმაკურიძე (პაატა ნაცვლიშვილი; 2011)
საგაზეთო წერილები:
პირველი (ლევან ჯავახიშვილი; გაზეთი სარბიელი, 1997.09.27)
ჰელსინკი სატახტო ქალაქია (ირაკლი თავაძე; გაზეთი სარბიელი, 2000.04.22)
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების მეკვლე (გია ბურდული; გაზეთი სპორტი, 2002.10.15)
დავით ციმაკურიძე და რიცხვი პირველი (დავით ჭელიძე; ჟურნალი ომეგა, #12, 2002)
შუაკაურით რომ წამოვიღე… (ირაკლი თავაძე; გაზეთი სპორტი, 2005.03.26)
პირველი ჩემპიონი (ოთარ მაღლაკელიძე; გაზეთი სარბიელი, 2005.03.30)