კარიერა ფრაზებში #46: მიხეილ ქორქია

ქართული სპორტის ოქროს წიგნში, 2013 წელს რომ გამოიცა, მის შესახებ ამ სიტყვებს ამოიკითხავთ: „კალათბურთის ძველი გულშემატკივრები, ისინი, ვისაც სხვადასხვა თაობის ქართული გუნდების მატჩები უნახავთ, ერთხმად ადასტურებენ, რომ ბრძოლის ჟინით და სპორტული აზარტით ის ყველას აღემატებოდა. ის იყო ლიდერი, მოედანზე ცეცხლის დამნთები, თანაგუნდელთა და გულშემატკივართა ამყოლიებელი, შეტევის ორგანიზატორი და დამაგვირგვინებელი. და ამ დაუოკებელ ჟინსა და იშვიათ თავგამოდებას საფუძვლად ედო მაღალი ოსტატობა, სამაგალითო ტექნიკა და შეუმცდარი სათამაშო ინტუიცია. მან თითქმის 15 წელი ითამაშა თბილისის დინამოში და გუნდში მისვლის პირველივე დღეებიდან შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. სწორედ ეს თვისებები განაპირობებდა მის განსაკუთრებულ პოპულარობას საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამის გამო აღიარეს ის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კალათბურთელად“.
მიხეილ ქორქია ერთ-ერთია იმ ორი ქართველი კალათბურთელიდან, უმაღლესი სპორტული ჯილდო – ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალი რომ მოუგია. მეორე ზურაბ საკანდელიძე გახლავთ, ყველაზე ტიტულიანი ქართველი მოთამაშე. ყველა სპორტსმენისთვის სანუკვარ ოქროს მედალს ისინი 1972 წელს, მიუნხენში დაეუფლნენ.
განუყრელი მეგობრები საკალათბურთო ფიცარნაგზე და ცხოვრებაში ამ ქვეყნიდანაც ერთად წავიდნენ: 2004 წლის 25 იანვარს ზურაბ საკანდელიძე გარდაიცვალა, რამდენიმე დღეში, 8 თებერვალს კი მიხეილ ქორქია.
ლეგენდარული კალათბურთელის კარიერას სხვადასხვა დროს ქართულ და რუსულ პრესაში დაბეჭდილი ინტერვიუებით და მის შესახებ გამოქვეყნებული ჩანახატებით გავიხსენებთ.

…ბავშვობაში კარგად ვხატავდი, ვცეკვავდი და დაკვრაც მეხერხებოდა. მშობლები სამივე საგანში მამზადებდნენ, ჩემი მათემატიკის მასწავლებელი კი ხუმრობდა: რად უნდა ამას მათემატიკა, ფანქარი მიეცით რომ ხატოსო. რამდენიმე დღის შემდეგ იტყოდა: რად უნდა მიშას მათემატიკა, დასვით პიანინოსთანო. გავიდოდა კიდევ რამდენიმე დღე და ისევ შეცვლიდა „ჩვენებას“: რად უნდა ამას მათემატიკა, გაუშვით, იცეკვოსო.

…ქუთაისის რუსულ სკოლაში დავდიოდი. „საბოლოო არჩევანი“ ბებიამ, სოფიო ტკეციშვილმა გააკეთა – ის რუსული ენის სპეციალისტი იყო, რუსულ სკოლაში ასწავლიდა და დედაჩემსაც მოსთხოვა: ბავშვმა რუსულ სკოლაში უნდა იაროს, მას აუცილებლად მე უნდა ვასწავლოო! როგორც ჩანს, კამათს აზრი არ ჰქონდა და მეც რუსულ სკოლაში მიმაბარეს.

…ფეხბურთი ხომ ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ქუთაისში კალათბურთსაც დიდი გატაცებით თამაშობდნენ, სულიკო თორთლაძის სახელი კი ყველამ, დიდმა თუ პატარამ, ჩინებულად იცოდა. სულიკო არა მარტო ქუთაისური, ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ამაღორძინებელი გახლდათ! მამა სულიკოს კარგად იცნობდა, ჩვენთანაც ხშირად მოსულა სტუმრად.

…სულიკო თორთლაძის გარდა ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ ზურაბ საკანდელიძეზე. ზურა ჩემზე 3 წლით უფროსი იყო, თუმცა პატარაობიდანვე ძალიან კარგად თამაშობდა და რომ იტყვიან, კოჭებშივე ეტყობოდა დიდი კალათბურთელი რომ გახდებოდა.

…კალათბურთს მამაც თამაშობდა, მაგრამ ბიძის, ოთარის სიმაღლეებს ვერ შეწვდა. მამას ხშირად დავყავდი ქუთაისის ლითოფონის ქარხანაში საქალაქო პირველობების მატჩებზე.

…მამისგან ხშირად მესმოდა სულიკო თორთლაძის დარბაზის შესახებ… ვფიქრობდი, რომ ეს იყო რაღაც გრანდიოზული ნაგებობა, შუქით გაჩახჩახებული… ხშირად ვოცნებობდი იქ თამაშზე, მაყურებლის ტაშზე… როცა პირველად მივედი იმ დარბაზში, რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა: ეს იყო ერთი ბეწო, შუაზე გაყოფილი დარბაზი. მეორე ნახევარზე მოკრივეები ვარჯიშობდნენ.

…ბიძის შემხედვარე ნელ-ნელა კალათბურთით დავინტერესდი. თავდაპირველად მამა არ აპროტესტებდა, მაგრამ როცა შემატყო, რომ კალათბურთზე სიარული ძალიან მინდოდა, მითხრა: ოთარი დიდი სპორტსმენია, თავის გზა ნახა ცხოვრებაში, შენ კი ერთი ღლაპი ხარ, სად უნდა გაგიშვა, დროს ტყუილად დაკარგავ და სწავლასაც მოწყდებიო. შოთა ომგამოვლილი კაცი იყო, თვლიდა, რომ ქვეყანას სპორტსმენზე უფრო მეცნიერი, სწავლული სჭირდებოდა. საბოლოოდ სულიკო თორთლაძესთან დედაჩემმა მიმიყვანა. მეხუთე კლასში ვიყავი მაშინ.

…მამამ რომ გაიგო, გაბრაზდა, თუმცა ოთარის სიტყვების მერე – გაუშვი, კარგი ბიჭი ჩანს, თამაში ეხერხება და თუ ივარჯიშებს, შეიძლება დიდი კალათბურთელი გახდესო – ცოტა დაწყნარდა. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერს მეუბნებოდა. თან, ნელ-ნელა მართლა კარგად ავთამაშდი, თორთლაძის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოწაფე გავხდი. სხვა თუ არაფერი, გვარიც ხელს მიწყობდა.

…პირველი ჩანახატი ჩემზე გაზეთ ქუთაისში გამოქვეყნდა. თუ არ ვცდები, ეს 1965 წელს მოხდა, მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადის შემდეგ. მერე სავეცკი სპორტშიც დაიბეჭდა სტატია და წავიდა და წავიდა: რაც უფრო მეტს ვთამაშობდი, მით მეტი იწერებოდა ჩემზე. მშობლებს ეს ამბავი, ცხადია, სიამოვნებდათ – დედა ინახავდა ხოლმე გაზეთებს.

…ბიძაჩემი 192 სანტიმეტრი სიმაღლის იყო. 50-60 წლებში ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტანმაღალი კალათბურთელი, საკავშირო ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი გახლდათ, საბჭოეთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, მე კი, 17 წლის ვიყავი, როცა ოთარს 4 სანტიმეტრით გავუსწარი – 196 ვიყავი!

…გაზეთებში გამოქვეყნებულმა წერილებმა, მწვრთნელების და გულშემატკივრების ქებამ, ცუდად იმოქმედა – თავი ჩამოყალიბებულ კალათბურთელად მივიჩნიე და დასამალი რაა, ცოტა არ იყოს, თავშიც ამივარდა. სკოლაში, ფიზკულტურის გაკვეთილზე გული ავიცრუე და ამის გამო მასწავლებელს ერთხელ არცთუ ზრდილობიანად მივმართე. მეორე თუ მესამე დღეს თორთლაძის დარბაზში მივედით, 20-25 ბიჭი ვიყავით გასახდელში და ვარჯიშისთვის ვემზადებოდით, მწვრთნელი კი არ ჩანდა. ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო – სულიკო არასდროს იგვიანებდა! რაღაცაზე ვლაზღანდარობდით, როცა ბატონი სულიკო თავზე წამოგვადგა. არც მანამდე და არც მას შემდეგ ის ასეთი გაალმასებული არ მინახავს. მაშინვე ფეხზე წამოვხტით და გავიჯგიმეთ, მან კი შემომხედა და მითხრა: შენ, ბიჭო, ანჩისხატივით რომ დაყუდებულხარ, მოდი აქ! მივედი, მაგრამ ვაი იმ მისვლას… რა მოხდა სულიკო მას-მეთქი – აკანკალებული ხმით ვკითხე. ახლა გაჩვენებ რაც მოხდაო და თავისი უზარმაზარი ტორით სახეში გამარტყა. ის ხმა და ტკივილი დღემდე მახსოვს! შენ როგორ გაბედე და ფიზკულტურის მასწავლებელს შეაგინე! კაცმა რეკომენდაცია გაგიწია, სპორტსკოლაში წამოსვლის ნება დაგრთო და ასე უფასებ?! ხვალ მეც ხომ ამას მიზამ! და კიდევ გამაწნა სილა… ის ამბავი ცხოვრების ბოლომდე გველის ნაკბენივით მემახსოვრება.

საკალათბურთო დინამო

თბილისის დინამოს შემადგენლობაში მიხეილ ქორქიამ (#10) ერთხელ საკავშირო ჩემპიონატი მოიგო, ერთხელაც ქვეყნის თასი

…ქუთაისელი ბიჭები სოსო ხარაბაძის, ოთარ სულაბერიძის და ოთარ მამფორიას მაგალითზე ვიზრდებოდით. მაგრამ მე უფრო დიდი ავტორიტეტიც მყავდა – ღვიძლი ბიძა, ოთარ ქორქია, საქვეყნოდ ცნობილი კალათბურთელი!

…ბუნებრივია, როგორც ყველა ქალაქში, უბნებს შორის ჩხუბი და შეხლა-შემოხლა ქუთაისშიც ხდებოდა, მაგალითად ბალახვნელებს, საფიჩხიელებს, ქალაქის ცენტრში მცხოვრებლებსა და სხვაუბნებელს შორის, მაგრამ ამ დროს არავის ღირსება არ იბღალებოდა – დაუწერელი კანონებით ვცხოვრობდით ბიჭები.

…1965 წლის ზაფხულში თბილისის დინამოში ამიყვანეს. იმ დროს მთავარი მწვრთნელი ბიძაჩემი იყო, თან გუნდის გაახალგაზრდავება იწყებოდა… მიუხედავად ამისა, დინამოს ნაცვლად საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ამოვყავი თავი – გუნდი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და რადგან მოსწავლეთა სპარტაკიადაზე კარგად ვითამაშე, მწვრთნელმა სერგეი ბაშკინმა თავისთან მიხმო. ევროპის ჩემპიონატი იტალიაში ჩატარდა. ჩვენ I ადგილი დავიკავეთ, მე კი, როგორც საუკეთესო თავდამსხმელი, მცირე ოქროს მედლით დამაჯილდოვეს.

…ჩემი დებიუტი თბილისის სპორტის სასახლეში 1968 წლის 8 თებერვალს, კაუნასის ჟალგირისთან შედგა. დინამოს მთავარი მწვრთნელი იმ დროს უკვე ლევან ინწკირველი იყო. მეორე ტაიმი იწყებოდა, როცა მითხრა, მოემზადეო. თავი სიზმარში მეგონა! მატჩი ჩვენ მოვიგეთ, მე კი 18 ქულა დავაგროვე! მეორე მატჩი ჟალგირისთან 2 ქულით წავაგეთ, მე 24 ქულა ჩავაგდე.

…იმ წელს, 14-წლიანი შესვენების შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით! თან, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე! მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ საკანდელიძე გვაკლდა – ის მეხიკოს ოლიმპიადისთვის მთელი წელი ნაკრების შემადგენლობაში ემზადებოდა, მაინც კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით საშინაო შეხვედრებში.

…1969 წელს ჩემპიონატში II ადგილი დავიკავეთ – მოსკოვის ცსკა-მ გვაჯობა, თასების მფლობელთა თასის ფინალში კი პრაღის სლავიასთან 6 ქულით წავაგეთ – 74:80. იმ მატჩში ამირან სხიერელი და ვალერი ალთაბაევი გვაკლდნენ, ეს დიდი დანაკლისი იყო ჩვენთვის. მიუხედავად ამისა, მთელი შეხვედრა ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ მოკლე სათადარიგო სკამმა მაინც თავისი ქნა და მეტოქემაც ბოლო წამებში გაილაღა.

…მიუხედავად იმისა, რომ საკავშირო ჩემპიონატში წარმატებით ვთამაშობდი და დინამოს ერთ-ერთ ლიდერადაც ვითვლებოდი, ნაკრებში ვერაფრით ვხვდებოდი. 1968 წლის ოლიმპიური თამაშების წინ მწვრთნელებმა მითხრეს, ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ, შენთვის ჯერ ადრეაო და გუნდს მიღმა დამტოვეს. ერთი წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის წინ, სულ ბოლო მომენტში ამომშალეს სიიდან. 1971 წელს, ევროპის მორიგი პირველობის წინ, კვლავ კანდიდატთა შორის ვიყავი და როცა საბოლოო სიაში ჩემი შეყვანა-არშეყვანის საკითხი წყდებოდა, ზურაბ საკანდელიძემ დამიცვა. მწვრთნელებთან შესულა და უთქვამს, თუ მიშას გუნდს მიღმა დატოვებთ, ჩემოდანს ჩავალაგებ და მეც თბილისში დავბრუნდებიო. ეტყობა, მისმა მუქარამ გაჭრა – მწვრთნელებმა ნაკრებში ჩამრთეს. იმ წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მეთერთმეტედ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული ზურაბმა მეოთხედ, მე კი პირველად!

…ევროჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ზურიკო შემიჩნდა: გერმანიაში ვართ, ბავარიული ლუდი არ გავსინჯოთო?! ლუდზე გიჟდებოდა! ვუთხარი, რას ამბობ, ძლივს ნაკრებში მოვხვდი, ახლა კიდევ ეს მინდა, რომ გაიგონ, ნაკრებიდან გამაგდებენ-მეთქი. ნუ გეშინია, აქ არ ვარო, – დამამშვიდა. ავდექით და ერთ-ერთ ბარში შევიძურწეთ. ლუდით ვტკბებოდით, მაგრამ ვგრძნობდი, ეს ამბავი მშვიდობიანად არ დასრულდებოდა. უცბად გაიღო კარი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სპორტკომიტეტის თავმჯდომარე და გუნდის ექიმი არ შემოდიან? არ მახსოვს ვინ, ერთ-ერთმა მათგანმა ჩაილაპარაკა: აი, ასე ემზადებიან ქართველები ევროპის ჩემპიონატისთვის… საბედნიეროდ, გადავრჩით: ჩვენი არ იყოს, ისინიც გამოპარულიყვნენ ლუდის დასალევად.

…მიუნხენის ოლიმპიადაზე ჩემი თამაში თბილისში გამართული იური გაგარინის III მემორიალის შემდეგ გადაწყდა. ეს შეჯიბრი ზუსტად თამაშების წინ გაიმართა. მაშინ გუნდს ვლადიმერ კონდრაშინი წვრთნიდა. თბილისში მართლა ძალიან კარგად ვითამაშე, საკანდელიძეც ჩვეულად ბრწყინვალე იყო და მწვრთნელმაც ორივე განაცხადში შეგვიყვანა.

…ოლიმპიადაზე ცხრავე შეხვედრა მოვიგეთ! ყველაზე მეტი ქულა – 13 – ფილიპინელებთან ჩავაგდე, უქულოდ კი ორ თამაშში დავრჩი – ჯგუფში იტალიელების და ნახევარფინალში კუბელების წინააღმდეგ.

…ფინალში ჩვენი მეტოქეები ამერიკელები იყვნენ. ერთ მომენტში, დუაიტ ჯონსთან ორთაბრძოლისას, ბურთი ვერ გავიყავით. ამერიკელი მეუხეშა და არც მე დამიკლია, მსაჯებმა კი ორივე გაგვაგდეს. სათადარიგოთა სკამისკენ რომ მივდიოდი, მწვრთნელს თვალს ვერ ვუსწორებდი, ვფიქრობდი, მორჩა, ნაკრებში ჩემი კარიერა დასრულდა-მეთქი. მაგრამ კონდრაშინი თვითონ მოვიდა, თამაშისთვის მადლობა გადამიხადა, ბეჭზე ხელი მომითათუნა და მითხრა: იცი შენ ვინ გააგდე? ფინალი როგორც დასრულდა, გემახსოვრებათ: საკანდელიძის „ოქროს ფოლი“, ივან ედეშკოს „ოქროს პასი“ და სერგეი ბელოვის „ოქროს 2 ქულა“. საბჭოთა კავშირის ნაკრები პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!

…მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ ნაკრებთან ერთად რამდენიმე დიდ ტურნირზე ვითამაშე, 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალში დავმარცხდით, 1976 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაო ავიღეთ… გულახდილად რომ ვთქვა, მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ გუნდში კრიზისი დაიწყო – არაერთი ლიდერი წავიდა, ახლების დამკვიდრებას კი საკმაო დრო დასჭირდა. მეც წლები მემატებოდა, ძველებურად ვეღარ ვთამაშობდი, მაგრამ მწვრთნელების მხარდაჭერა და სიტყვები ძალას მმატებდა. თუმცა, 70-იანი წლების მიწურულს ვარჯიში სულ უფრო მიჭირდა – ცალკე კლუბი, იქით ნაკრები… თან, რაც დრო გადიოდა, ოჯახი სულ უფრო დიდ ადგილს იკავებდა… ეგეც არ იყოს, ზურგის ტრავმაც მტანჯავდა – ტკივილი სულ უფრო ძლიერდებოდა.

მიხეილ ქორქია

ოლიმპიური ჩემპიონი დიდი კალათბურთიდან დინამოელთა ახალმა თაობამ 1980 წელს გააცილა

…1980 წლის იანვარში ჩემპიონატის I წრის ტურს რიგამ უმასპინძლა. იმ დროს უკვე ვფიქრობდი წასვლაზე – არ მინდოდა გულშემატკივრის სტვენის შემდეგ დამემთავრებინა ყველაფერი და ამიტომ, რიგაში რამდენიმე თამაშის შემდეგ, კარიერა დავასრულე. დროული გადაწყვეტილება იყო. მეგობრები მეუბნებიან, კიდევ ითამაშებდი 2-3 სეზონსო, მაგრამ ხომ იცით, წასვლის მომენტი არ უნდა გამოგეპაროს. მგონი, მე დრო ზუსტად შევარჩიე.

…დიდი კალათბურთიდან 1981 წლის 27 სექტემბერს გამაცილეს. მეორე დღეს გაზეთები ჩემ შესახებ წერდნენ… რა თქმა უნდა, გაცილებას დიდი სევდაც თან ახლდა, მაგრამ სხვანაირად ვერც იქნებოდა – ჩემი ცხოვრება ხომ კალათბურთი იყო!

…მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მცირე ხანს მწვრთნელი ვიყავი. ჯერ თბილისის ბურევესნიკს ვხელმძღვანელობდი, მერე დინამო იყო… დინამოს მაშინ კარგი დრო არ ედგა – უმაღლესიდან გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა პატარა სასწაული მოვახდინეთ და ლიგაში დავრჩით. დინამოს გაწვრთნა გუგული დანელიამ მთხოვა – ის მაშინ ჩვენ კალათბურთს კურირებდა. თავიდან არ მინდოდა, მაგრამ ზურა საკანდელიძეც გვერდით დამიდგა და უარი ვერ ვთქვი.

…დინამოდან ჩვენი ნებით წავედით. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მე და ზურამ საკუთარი სურვილით დავტოვეთ დინამო. შეგვჭამეს: ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ჩვენ საქმეში ყოფდა ცხვირს. თან, საინტერესო ისაა, რომ იმ მაღალჩინოსნების აბსოლუტურ უმრავლესობას ისეთივე კავშირი ჰქონდა კალათბურთთან, როგორიც მე, ვთქვათ, ბალეტთან. ცოტა ხანს ვითმინეთ, მერე კი ყველაფერი ყელში ამოგვივიდა და გუნდიც დავტოვეთ.

…როცა დამიჭირეს, სამაგალითოდ დასჯას მიპირებდნენ – 96-ე პრიმა მუხლით მასამართლებდნენ, ეს კი 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა. შემდეგ ცოტა „გონს მოეგნენ“ და 45-ე მუხლი შემიფარდეს, ანუ 5 წელი მომისაჯეს. იმ მოვლენების შესახებ BBC-მ, ამერიკის ხმამ და სხვა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებმაც დაწერეს – საბჭოთა კავშირში უკვე ოლიმპიურ ჩემპიონებს იჭერენო… ათასი ჭორი ითქვა იმ ამბების შესახებ, მათი არც გახსენება მსურს და არც ძიება. საშინელი დღეები გამოვიარე! ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ თბილისის სპორტის სასახლეში მე და ზურას სახელობითი სავარძელი გამოგვიყვეს – სკამებს ჩვენი გვარები ეწერა. დაპატიმრებული რომ ვიყავი, ვიღაც ნაძირალამ ჩემი გვარი წაშალა… ეგ კი არა, მერე მითხრეს, ქუთაისის საკალათბურთო დარბაზში ჩემი დიდი ფოტოც ჩამოუხევიათ.

…იცით ღმერთი როდის ვიწამე? ჩემს უკან ციხის კარი რომ დაიხურა და ჩემი პატარა გოგონა დავინახე. 1987 წლამდე მეც მეგონა, რომ ის წუთები, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო, მაგრამ ვინ იცის, ბედი რას გიმზადებს?! 1987 წელს ციხიდან გამოსვლის წუთები ოლიმპიურ 3 წამზე ღირებული აღმოჩნდა.

…ამბობენ, შეცდომებზე სწავლობენო. ძალიან მინდა ჩემმა მწარე გამოცდილებამ ჩააფიქროს დღევანდელი სპორტსმენები. მინდა, რომ ხელმძღვანელობამ იმ სპორტსმენების მოგონებით კი არ დაიმშვიდოს თავი, ვისი წყალობითაც უჭირავს საუფროსო სავარძელი, არამედ მანამდე დაეხმაროს, სანამ იმ სპორტსმენებს კრიტიკული მომენტი დაუდგებათ. აი, ეს იქნება ადამიანობა!

…როცა ნიკოლოზ დერიუგინმა, 80-იანი წლების თბილისის დინამოს ლიდერმა ერთ-ერთ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაციის გაკეთება უცხოელმა სპეციალისტებმა ითავეს. თანხა არ იყო ასტრონომიული, მაგრამ კლუბს ეს ფული არ აღმოაჩნდა. იმ დროს კოლია ოცდაათს უკაკუნებდა. ფუნქციონერებმა, რომლებსაც სპორტსმენზე ზრუნვა ევალებოდათ, არაფერი იღონეს, ასე თქვეს, მალე მაინც წავა სპორტიდან და ოპერაციას რა აზრი აქვსო. სანამ სპორტსმენების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება არ შეიცვლება, მანამდე არაფერი გვეშველება.

…ჩემი ქუთაისი ახლა მხოლოდ მოგონებებშია. ნაღდი ქუთაისელი თუ იყავი, ბაღის კიდეზე გავლა უნდა შეგძლებოდა, იქ დგომის უფლება უნდა გქონოდა! ის ბაღი კიდე სალონი იყო ერთგვარი: გნებავთ ლიტერატურული, გნებავთ მუსიკალური… იმ ხალხის წასვლის შემდეგ დაკარგა ქუთაისმა პეწი – 50-იან წლებში მოხდა ქუთაისური არისტოკრატიის მასობრივი ექსპანსია თბილისში და გახშირდა „იქინე-აქინე“… ის კი, ნამდვილი, ალალი ქართულით მოსაუბრე და ბაფთიანი გიტარებით სავსე ქუთაისი, დაიკარგა, გაქრა… წაიღო წარსულმა!

…ქუთაისიდან რომ მოვდიოდი, არავის გავუცილებივარ. ის კი არა, მოლარეს შეცდომით ერთ ადგილზე 2 ბილეთი გაეყიდა. შაბათი იყო, გაჭედილ ვაგონში თავისუფალი საწოლი ვერ მოვძებნე, ჩემს ადგილზე მოხუცი ქალბატონი იწვა, ასე რომ, მთელი ღამე დერეფანში, ზეზეურად გავატარე. 3 წლის შემდეგ კი, როცა ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებული დავბრუნდი, სადგურში ყვავილების თაიგულებით ხელდამშვენებული ნათესავები და მეგობრები დამხვდნენ, ფოტოგრაფიც მოეყვანათ… ევროპაში ნაყიდი ჯინსი მეცვა, დავაჟკაცებული ვიყავი და ვიპრანჭებოდი. ახლობლებმა შუაში ჩამიყენეს და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ ვაგონის წინ. იქვე, მინდორში, არყით გაბრუებული რუსი იწვა და იმ პაპანაქებაში მღეროდა ეხ, მაროზ, მაროზ, ნე მაროზ მინია… ახლაც მაქვს ის ფოტო. ვაგონზე წარწერა მოჩანს: თბილისი-ქუთაისი, ზკვჟდ… ნეტო 15ტ… ახლაც, იმ ფოტოს რომ დავხედავ, ზაფხულის ის შორეული მზიანი დილა და ის „ეხ მაროზ, მაროზ“ მახსენდება.

მიხეილ ქორქია
დაიბადა 1948 წლის 10 სექტემბერს ქუთაისში. გარდაიცვალა 2004 წლის 8 თებერვალს თბილისში
1965-80 წლებში თბილისის დინამოს, 1971-77 წლებში სსრკ ნაკრების კალათბურთელი
ტიტულები: XX ოლიმპიადის ჩემპიონი – 1972 (მიუნხენი); XXI ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1976 (მონრეალი); ევროპის ჩემპიონი – 1971 (გფრ); ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 1975 (იუგოსლავია), 1977 (ბელგია); სსრკ ჩემპიონი – 1968; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1969; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1977; სსრკ თასი – 1969; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1972; ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი – 2003; ღირსების ორდენი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი – 2003; მედალი შრომითი წარმატებისთვის (სსრკ)

*-კალათბურთს თამაშობდა მიხეილ ქორქიას მამაც, თუმცა უდიდეს წარმატებებს ბიძამ, ოთარ ქორქიამ მიაღწია: 1952 წელს, ჰელსინკში ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიგო, 1947, 1951 და 1953 წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა, თბილისის დინამოსთან ერთად კი 3-ჯერ მოიგო საკავშირო ჩემპიონატი, 2 თასი, ხოლო 1962 წელს, მთავარი მწვრთნელის რანგში დინამოს ევროპის ჩემპიონთა თასი მოაგებინა.

*-ქართველი კალათბურთელებიდან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე ფლობენ.

*-1981 წლის 27 სექტემბერს მიხეილ ქორქია დიდი კალათბურთიდან გააცილეს.

*-2006 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს ოლიმპიური ჩემპიონების მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ტურნირს.

*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „მიხეილ ქორქია“.

*-2017 წელს გადაღებულ რუსულ მხატვრულ ფილმში „3 წამი“ (რეჟისორი ანტონ მეგერდიჩევი), რომელიც საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრების მიუნხენის ოლიმპიადაზე გამარჯვებას ეძღვნება, მიხეილ ქორქიას როლი ოთარ ლორთქიფანიძემ შეასრულა.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian