კარიერა ფრაზებში #47: ვიტალი დარასელია

ვიტალი დარასელიას შესახებ ქართული სპორტის ოქროს წიგნში ამ სიტყვებს ამოიკითხავთ: „1981 წლის 13 მაისი, დიუსელდორფის რაინშტადიონი. ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალი: დინამო, თბილისი კარლ ცაისი, იენა. მატჩის 87- წუთი. ანგარიში – 1:1.
დავით ყიფიანის პასი, დარასელიას სოლო გარღვევა, მინდორზე მიმოფანტული მცველები და მოჭრილი დარტყმა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში – 2:1! თბილისის დინამო ევროპული თასის მფლობელია, ვიტალი დარასელიასაუკუნის გოლის ავტორი!
…17 წლისა მოვიდა დინამოში და უცებ იპოვა თავის ადგილისადებიუტო მატჩიდან მოყოლებული, გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა. გარდა თანდაყოლილი საფეხბურთო ნიჭიერებისა, მას აღმოაჩნდა საოცარი უნარი თავდადებული შრომისა და მთელი თავის პოტენციალის მობილიზებისა. მისი თამაშის სტილი სადა და ზედმიწევნით რაციონალური იყო. ვიტალი დარასელია მუდამ ბრძოლის ქარცეცხლში ტრიალებდა და ამ ბრძოლიდან, მეტწილად, გამარჯვებული გამოდიოდა.
ის სიცოცხლეშივე ქართული ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა!
ამ ისტორიას მარადჟამს გაჰყვება ლამაზი და მეტად სევდიანი ლეგენდა ფეხბურთის ნამდვილ ვარსკვლავზე, რომელმაც ქართველებს დაუვიწყარი სიხარული გვაჩუქა, მერე კი, სულ ცოტა ხანში, დაზაფრულები დაგვტოვა და ვარსკვლავეთს მიაშურა“.
25 წლის ასაკში ვიტალი დარასელიამ ბევრი მოასწრო: ყველა საკავშირო ტიტული მოიგო, საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებთან ერთად ორჯერ იმარჯვა ევროპირველობაზე, ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და რაც მთავარია, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.
მაგრამ სტატისტიკური მიღწევები იქით იყოს: ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გულიანი თამაშით და ადამიანური სილაღით ის ათასობით გულშემატკივრის გულში დარჩა.

…ოჩამჩირეში დავიბადე, იქ კი ყველა ბიჭი 5-6 წლის ასაკიდან იწყებს ბურთით თამაშს. ზღვისპირას ვცხოვრობდით, იქვე იყო მინდორი და სახლში რა გამაჩერებდა?! ხშირად უფროსების წინააღმდეგ ვთამაშობდი. იმიტომ არა, რომ ბიჭებს ვინმე აკლდებოდათ, არა, მართლა კარგი ვიყავი.

…ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, მაგრამ პირველად მძლეოსნობაში ვარჯიში დავიწყე – ოჩამჩირის ბავშვთა სპორტული სკოლის I კლასში ვსწავლობდი, როცა მძლეოსანთა სექციაში ჩავირიცხე. იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ფეხბურთში გადავინაცვლე – უბრალოდ სირბილს ბურთით რბენა მერჩივნა.

…ჩემი ყველაზე თავგამოდებული გულშემატკივარი მამა იყო. უფრო მეტიც, ის იყო ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული კაცი და საოცრად მტკივნეულად განიცდიდა წარმატებას თუ მარცხს. მამა ომიდან პირველი ჯგუფის ინვალიდი დაბრუნდა. ოცნებობდა, რომ მე და ჩემი უმცროსი და-ძმა ფიზიკურად და ზნეობრივად სრულყოფილი ადამიანები ვყოფილიყავით.

…ბონდო კაკუბავასთან 8 წლისა მოვხვდი. ძალიან მადლიერი ვარ მისი… 12 წლის ვიყავი ჩვენი ამირანი პირველად რომ გავიდა ტყავის ბურთის რესპუბლიკური თასის ფინალში. ამას კიდევ 3 ფინალი მოჰყვა… მწვრთნელი თითქმის ყველა შეხვედრაში მათამაშებდა. საინტერესო ტურნირი იყო.

…1974 წელს ოჩამჩირის ამირანის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატზე კარგად ვითამაშე – 23 შეხვედრაში 20 ბურთი შევაგდე და პირველობის დასრულების შემდეგ დასავლეთ საქართველოს ნაკრებში მოვხვდი. წლის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს ასეთ გუნდებში იწვევდნენ, მატჩებს კი თბილისის დინამოს და ქუთაისის ტორპედოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ სასურველი მოთამაშეების შესარჩევად.

…გამიმართლა, რომ დასავლეთ საქართველოს ნაკრების თამაშს დინამოს უფროსი მწვრთნელი მიხაილ იაკუშინიც დაესწრო. ცუდად არ მითამაშია, პირიქით, ყველაფერი კარგად გამომდიოდა, საერთოდ არ ვნერვიულობდი… ეტყობა მწვრთნელსაც მოვეწონე და დინამოში მიმიწვია. 1975 წლიდან უკვე თბილისში ვვარჯიშობდი.

…იმ წელს სეზონისწინა შეკრება ლესელიძეში გავიარეთ. ათამდე საწვრთნელი მატჩი ჩავატარეთ. ზუსტად მახსოვს, 8 გოლი შევაგდე, მაგრამ ჩემპიონატი მაინც სათადარიგოთა შორის დავიწყე.

…1975 წლის 11 მაისს პირველად ვითამაშე დინამოში – ტაშკენტის ფახთაქორს ვხვდებოდით. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ვლადიმერ გუცაევი დაშავდა და მწვრთნელმა ძირითადში დამაყენა. აი, მაშინ ვინერვიულე თუ ვინერვიულე! მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ყველაზე ძალიან ის მახარებდა, რომ არაფერი გავაფუჭე.

…დინამოში ახალმისული თავს შებოჭილად ვგრძნობდი. რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა… ვარჯიშებზე მათი მოტყუება მსურდა, მაგრამ ფინტების გაკეთება მიჭირდა, მერიდებოდა. იაკუშინი ზუსტად მიხვდა რაც მჭირდა და თავისთან მიხმო: თუ ვინმესი მოგერიდება, იცოდე ვერაფერს მიაღწევ! ითამაშე და მანახე ის, რაც იცი. სხვანაირად არაფერი გამოგივა! მწვრთნელის სიტყვების შემდეგ მორიდება გაქრა, უფრო თავდაჯერებული გავხდი და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყველაფერი არ გამომდიოდა, ნელ-ნელა სრულფასოვანი დინამოელი გავხდი.

…უცნაურია, მაგრამ დინამოელებიდან ჩემი კერპი არავინ ყოფილა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ პატივს არ ვცემდი. კი, მომწონდა სლავა მეტრეველის და ედუარდ სტრელცოვის თამაში, მაგრამ კერპი? არა, კერპი არ მყავდა. და საერთოდ, ეს სიტყვა ძალიან მაღიზიანებს… უცხოელებიდან? ეუსებიო იყო ჩემი საყვარელი მოთამაშე.

…ამირანში და დინამოში ჩატარებულ პირველ მატჩებშიც თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობდი. როცა ნოდარ ახალკაცი დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, ერთ-ერთ შეკრებაზე მითხრა, მგონი, მოედნის შუაში უფრო კარგად გამოგივა თამაშიო. ყოველთვის მიყვარდა სივრცე და ცოტა არ იყოს, შევშინდი, ნახევარდაცვაში რა უნდა ვაკეთო-მეთქი, მაგრამ ვცადეთ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მწვრთნელმა შეტევა არ ამიკრძალა, საჭიროების შემთხვევაში თავდამსხმელთა დახმარება თავისუფლად შემეძლო.

…1981 წლის სეზონი, რა თქმა უნდა საუკეთესო გახლდათ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 1979 წელი იყო. მაშინ საბოლოოდ ვირწმუნე, რომ უმაღლეს დონეზე სტაბილურად შემეძლო თამაში. თან, 79-ში დინამომ ევროპის ძალიან ძლიერ კლუბებთან თანაბრად ითამაშა და ბიჭები მივხვდით, რომ საუკეთესო გუნდებს არაფრით ჩამოვუვარდებოდით.

დინამო

1976 წლის გაზაფხულზე, საკავშირო თასის პირველად მოგებამდე: ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია და ვახტანგ კოპალეიშვილი

…წინათგრძნობა ნამდვილად მაქვს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი თასების მფლობელთა თასის ფინალია. მატჩამდე ერთი კვირით ადრე ვგრძნობდი, რომ გოლს გავიტანდი. ის გოლი ასე გავიდა: ბურთი ყიფიანისგან მივიღე და ვიგრძენი, რომ ბოლომდე უნდა გავსულიყავი, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო. პასზე არც მიფიქრია. მკვეთრად მოვბრუნდი ბურთიანად და ჰოპე მოვატყუე, სწორედ ის ჰოპე, გოლი რომ გაგვიტანა… შემდეგ შნუპჰაზე დავინახე, თუმცა ნუკრი კაკილაშვილი წამომეშველა და გადაეღობა… კარისკენ გამეხსნა გზა და წამში მეკარე გრაპენტინთან პირისპირ აღმოვჩნდი. დარტყმის გარდა არაფერი დამრჩენოდა, წამით რომ დამეგვიანა, შესაძლოა, ის გოლი ვერც გამეტანა… დავარტყი და ბურთიც შევაგდე!

…უზომო სიხარული იყო, უდიდესი! თვალებში დამიბნელდა, აღარც მახსოვს საით გავრბოდი. გონს რომ მოვედი, სერგო კუტივაძე მეხვეოდა. თავი მის მკერდში ჩავრგე და ორივენი ავტირდით. მერე ბიჭებიც მოცვივდნენ… მხოლოდ ეს მახსოვს იმ წამებიდან.

…იქ, დიუსელდორფში გვითხრეს, რომ 13 მაისის ღამით თბილისში სასწაული ხდებოდა. ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ ასეც იქნებოდა. ჩვენ 16 მაისს დავბრუნდით და რაც მაშინ ვნახე, ისიც სასწაული იყო: დინამოელები თვითმფრინავის ტრაპიდან აგვიტაცეს და ასე მიგვიყვანეს აეროპორტის შენობამდე, ხელიდან ხელში გადავდიოდით, ვიღაცები ფეხებზეც მკოცნიდნენ… ცოტა რომ ამოვისუნთქეთ, დავიმალეთ. რომ არ დავმალულიყავით, ალბათ, სიხარულის ემოციებს შევეწირებოდით.

…1981 წლის სეზონში საუკეთესო უდავოდ რამაზ შენგელია იყო. მან ძალიან გააუმჯობესა გუნდური თამაში და რაც მთავარია, გოლების გატანას უმატა.

…მსოფლიო ჩემპიონატს მოუთმენლად ველი. კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ვფიქრობ, უკეთესნი ვიქნებით, თუ ესპანეთში დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევიც გვეყოლება. ორივე ძალიან ძლიერია… ვნახოთ მწვრთნელები რას გადაწყვეტენ.

…საუკეთესო პარტნიორი? ის, ვინც მოედანზე აზროვნებს. საბედნიეროდ, დინამოში ასეთი ბევრია.

…მწვრთნელებში ყოველთვის მიმართლებდა: ჯერ იყო ბონდო კაკუბავა, რომელმაც იმედისმომცემ მოთამაშედ მაქცია… შემდეგ მიხაილ იაკუშინი – სწორედ მან მიმიწვია თბილისის დინამოში; მერე კი ნოდარ ახალკაცი, ადამიანი, რომელმაც ჩემში ნახევარმცველი აღმოაჩინა. სამივე მათგანი დიდი პიროვნებაა და სამივე სრულ თავისუფლებას მაძლევდა, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ინტერესებს გავითვალისწინებდი. მათი ძალიან მადლიერი ვარ.

…ფეხბურთში გოლი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ იცით, ჩემთვის მთავარი იყო მინდორზე გასვლა და თამაში. ჟურნალისტებმა რამდენჯერმე მკითხეს ფედოტოვის კლუბის შესახებ, არ გინდათ, რომ იქ მოხვდეთო, მაგრამ ეს ჩემი მიზანი არაა. შესაძლოა, კარიერის დასრულებამდე გავხდე კიდეც ამ კლუბის წევრი, თუმცა მთავარი, როგორც გითხარით, სტაბილური თამაშია. მინდა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ჩავატარო დინამოს მაისურით.

…მატჩის დღეს, როგორც  წესი, ცოტას ვსაუბრობ. თამაშის დაწყებამდე 4-5 საათით ადრე მარტო ვრჩები. ჩავრთავ ხოლმე მაგნიტოფონს და მუსიკას ვუსმენ.

…თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება, თუმცა როცა ბაზაზე არ ვარ, ვცდილობ შვილებთან ვიყო. მიყვარს ბავშვებთან თამაში, მგონი, ამ დროს ყველაზე უკეთ ვისვენებ. ასევე ძალიან მსიამოვნებს მუსიკის მოსმენა, წიგნისთვის კი მხოლოდ მგზავრობის დროს ვიცლი.

…32 ქვეყანა მოვიარე და იტალია ყველაზე ძალიან მომეწონა, ტემპერამენტიანი და სტუმართმოყვარე ხალხია. ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაცით ვგავართ ერთმანეთს.

…ყველაზე ძალიან წაგება მაღიზიანებს. მარცხის შემდეგ სახლიდან გასვლა არ მინდა, არ მსურს ხალხს დავენახო. ისინი უდიდეს იმედებს ამყარებენ ჩვენზე, ამ დროს კი, იმის ნაცვლად, რომ გავახაროთ, მოლოდინს ვუცრუებთ… წაგების შემდეგ საუკეთესო გამოსავალი, მგონი, შინ, ოჯახში ყოფნაა.

…დინამოს სიმბოლური გუნდის შედგენა რამდენჯერმე მთხოვეს, მაგრამ ყოველთვის ვიუარე. ბევრი ისეთი ფეხბურთელის თამაში არ მინახავს, ვინც დღეს ლეგენდად ითვლება. ამის გათვალისწინებით, ჩემი სიმბოლური  გუნდი ვერაფრით იქნება ობიექტური. უარის მიზეზი სწორედ ესაა.

…ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ პელეს ვთვლი. რაც შეეხება ჩემი ამპლუის ფეხბურთელებს, ძალიან მომწონს მიუნხენის ბაიერნის ლიდერი კარლ-ჰაინც რუმენიგე.

ვიტალი დარასელია
დაიბადა 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში. გარდაიცვალა 1982 წლის 13 დეკემბერს, სოფელ უბისასთან მომხდარ ავტოავარიაში
1973-74 წლებში ოჩამჩირის ამირანის, 1975-82 წლებში თბილისის დინამოს ნახევარმცველი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981; სსრკ თასი – 1976, 1979; უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი – 1981; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი – 1979; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული – 1980; ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის გამარჯვებული – 1976; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 5-ჯერ მოხვდა: #1 – 1981; #2 – 1978, 1979; #3 – 1980, 1982; სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1980; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1981; ღირსების ორდენი (გარდაცვალების შემდეგ) – 2018; სპორტის რაინდი (გარდაცვალების შემდეგ; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2011
სსრკ ნაკრებში: 22 მატჩი, 3 გოლი (1978-82)

*-1978 წლის 19 ნოემბერს, იაპონიაში მასპინძლებთან 4:1 მოგებულ შეხვედრაში ვიტალი დარასელიამ პირველად ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრებში და დებიუტი გოლით აღნიშნა.

*-1990 წლის 30 მარტს, საქართველოს I ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი თბილისის იბერიასა და ფოთის კოლხეთი 1913-ს შორის მისი ვაჟის, ვიტალი დარასელია უმცროსის სიმბოლური დარტყმით დაიწყო.

*-1998 წელს, გაზეთ სარბიელის გამოკითხვის შემდეგ, დარასელია საქართველოს XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა.

*-2007 წლის 4 ოქტომბერს, 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი თბილისის დინამოს ვეტერანებსა და ვიტალი დარასელიას მეგობართა გუნდს შორის. შეხვედრა ფრედ 5:5 დასრულდა.

*-2013 წლის 7 ივლისს, თბილისში, დიღომში, მისი სახელობის დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა.

*-2016 წლიდან დინამო თბილისი აკადემიაში ასაკობრივ გუნდებს შორის ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.

*-2018 წლის 22 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვიტალი დარასელიას ღვაწლი ღირსების ორდენით დააფასა. პრეზიდენტმა ჯილდო ფეხბურთელის შვილს ქრისტინა დარასელიას ფეხბურთის ფედერაციაში გადასცა.

*-2018 წლის 9 ოქტომბერს თბილისში, ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით მოეწყო.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდანკარიერა ფრაზებში; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian