კარიერა ფრაზებში #5: ფირუზ კანთელაძე

1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის დინამომ პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის თასი. ქართველმა ფეხბურთელებმა ფინალში ერევნის არარატს 3:0 სძლიეს. არარატი თასის მფლობელი და იმ წლების ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო.
მატჩის გადამწყვეტ მომენტად 64-ე წუთი იქცა, როცა ერევნელებმა ვლადიმერ გუცაევი საჯარიმოში წააქციეს, მოსკოველმა არბიტრმა კაზაკოვმა კი 11-მეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა.
პენალტი ფირუზ კანთელაძემ შეასრულა, დინამოელთა ტანმაღალმა მცველმა, რომელსაც მანამდე არასდროს დაერტყა 11-მეტრიანი. კანთელაძე ზუსტი იყო, დინამო 2:0 დაწინაურდა, მალე კი მესამე გოლიც გაიტანა ერევნელთა კარში. ეს რევაზ ჩელებაძემ შეძლო.

ფირუზ კანთელაძე

საბჭოთა კავშირის თასის 1976 წლის გათამაშების ფინალში დინამოს გოლების ავტორები: რევაზ ჩელებაძე, დავით ყიფიანი და ფირუზ კანთელაძე

…ჩემი პირველი გუნდი ნორჩი დინამოელი იყო. ბურევესნიკში, დღევანდელ ლოკომოტივში იქიდან გადავედი. ბურევესნიკში გოგი მამალაძე და ოთარ კინწურაშვილი მავარჯიშებდნენ. რამდენიმე წელიწადში ახალგაზრდების საფეხბურთო სკოლიდან, როგორც მაშინ ამბობდნენ ფშმ-დან შემეხმიანნენ – ვლადიმერ ელოშვილი მაკვირდებოდა და მიმიწვია კიდეც თავისთან. მის გარდა გიორგი ბაქანიძე და ომარ უთქმელიძეც გვწვრთნიდნენ. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა და ჭაბუკებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიც მოვიგეთ.

…1966 წელს თბილისის დინამოში მიხმეს. 16 წლის ვიყავი მაშინ. იმ გუნდს ალიოშა კოტრიკაძე წვრთნიდა, ძირითად შემადგენლობაში კი მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი და ბორის სიჭინავები, ვლადიმერ ბარქაია, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, ილია დათუნაშვილი და რამაზ ურუშაძე ბრწყინავდნენ. მათთან ერთად რომ გავდიოდი სავარჯიშოდ, თავი სიზმარში მეგონა.

…1967 წელს საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გავხდი. იმ ნაკრებში კიდევ ორი ქართველი თამაშობდა: ლევან ნოდია და რეზო ჭოხონელიძე. წლების შემდეგ რეზო საფეხბურთო აგენტი გახდა და კახი კალაძის კიევის დინამოდან მილანში ტრანსფერში ძალიან დიდი როლი ითამაშა.

…1968 წლიდან უფრო ხშირად ვვარჯიშობდი პირველ გუნდში. მაშინ დინამოს სოლოვიოვი წვრთნიდა და ნელ-ნელა მაჩვევდა უფროსებს შორის თამაშს. იმ დინამოში კიდევ ხუთი ცენტრალური მცველი იყო: მურთაზ ხურცილავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მალხაზ შერგელაშვილი და ზორბეგ ებრალიძე. მოგვიანებით ებრალიძემ, მეკარის გარდა, ლამის ყველა პოზიციაზე ითამაშა. ხურცილავაზე არაფერს ვიტყვი – დიდებული, უმაღლესი დონის მოთამაშე იყო, დანარჩენებიდან კი ვახტანგ ჭელიძეს გამოვარჩევდი – უნიჭიერესი ფეხბურთელი გახლდათ, რომელსაც გაცილებით მეტისთვის უნდა მიეღწია. ახლა რომ ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ ჭელიძე დინამოდან ადრე წავიდა.

…1969 წელს მთავარ მწვრთნელად გივი ჩოხელი დაინიშნა. ის ბოლომდე მენდობოდა და ორი სეზონი თითქმის შეუცვლელად ვითამაშე, მაგრამ როცა გავრილ კაჩალინმა შეცვალა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – სკამზე დამსვეს. მაშინდელ ამბებზე საუბარი ახლა არ მსურს, ყველაფერი გუნდის „შიდა სამზარეულოდან“ მოდიოდა… იმ პერიოდში ლვოვის კარპატი მიწვევდა და ამიტომ, სპორტკომიტეტის მაშინდელ ხელმძღვანელ გიორგი სიხარულიძესთან მივედი, გამიშვით-მეთქი. იმ დროს სპორტკომიტეტში წყვეტდნენ სპორტსმენის ბედს. მკაცრად მიპასუხეს: დინამოელი ხარ, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი და ვალდებული ხარ ზემდგომთა ბრძანებას და გადაწყვეტილებას დაემორჩილოო… დასამალი რაა, სიხარულიძის პასუხმა გული მატკინა, 23 წლისა ფეხბურთიდან წასვლაზე ვფიქრობდი.

…როცა კაჩალინის ნაცვლად კვლავ ალიოშა კოტრიკაძემ ჩაიბარა დინამო, სიტუაციაც შეიცვალა – ისევ ძირითადში დამაბრუნეს. ეს ის პერიოდია, როცა დინამო უეფას თასის 1/8-ფინალში გავიდა: ჯერ ბულგარეთის სლავიას მოვუგეთ, მერე იუგოსლავიის ოფკ-ს, შემდეგ კი ინგლისის ტოტენჰემ ჰოთსფურს შევხვდით, ძალიან ძლიერ გუნდს.

…არც მიხაილ იაკუშინი მწყალობდა. საბედნიეროდ, ის დიდხანს არ გაჩერებულა დინამოში, თან, იმ დროს მისი საუკეთესო წლები უკვე ჩავლილი იყო. თანაც, მიხაი ძალიან გაშინაურებული იყო ალკოჰოლთან, რამაც საბოლოოდ დაღუპა კიდეც.

…70-იანი წლების შუაში, ანუ როცა ჩემი თაობა გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაწინაურდა, ვეტერანები იმედისმომცემმა უკანახაზელებმა შეცვალეს: შოთა ხინჩაგაშვილი, ნოდარ ხიზანიშვილი… ალექსანდრე ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძე შედარებით გვიან შემოგვიერთდნენ.

დინამო

თბილისის დინამო 1973 წელს, უელვაში, კოლუმბის თასზე. დგანან (მარცხნიდან): კახი ასათიანი, დავით გოგია, მანუჩარ მაჩაიძე, ფირუზ კანთელაძე, ვახტანგ ჭელიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, რევაზ ძოძუაშვილი. პირველ რიგში: ზორბეგ ებრალიძე, ლევან ნოდია, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი

…ქართულ ფეხბურთს მაღალი დონის მცველები არასდროს აკლდა. თუნდაც გელა კეტაშვილი რად ღირს? მიუხედავად იმისა, რომ 80-იან წლებში დინამოს ძალიან უჭირდა, გელა კრიზისში მყოფი კლუბიდან მაინც გამოირჩეოდა, ტყუილად ხომ არ წაიყვანდნენ ოლიმპიურ ნაკრებში?! ან კახი ცხადაძე ავიღოთ – საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში დამკვიდრდა. მერე ზაზა რევიშვილი და მურთაზ შელია გამოჩნდნენ, კახი კალაძეზე კი ახალი რა უნდა ვთქვა?! მსოფლიო დონის მოთამაშე დადგა!

…ჩვენ დროს ერთი ცენტრალური მცველი შედარებით წინ თამაშობდა, მეორე – მის უკან. რა თქმა უნდა, ფეხბურთი განვითარდა და ბევრი რამ შეიცვალა… მიმაჩნია, რომ ხაზზე თამაში უფრო რთულია – ამ შემთხვევაში ოთხივე მცველი სინქრონულად უნდა მოქმედებდეს, ეს კი ძალიან ძნელია, მოთამაშეებისგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. ჩემ დროს ხაზზე თამაში ნაკლებ პოპულარული იყო.

…ყველაზე ძალიან ოლეგ ბლოხინის წინააღმდეგ მიჭირდა. ის იმდენად მაღალი კლასისა გახლდათ, რომ ჩვენ კი არა, ევროპის წამყვანი კლუბების მცველებს აწამებდა. კიეველებთან მატჩის წინ ნოდარ ახალკაცი ბლოხინთან მჭიდროდ თამაშს გვთხოვდა, ეცადეთ ბურთი არ მიაღებინოთ და თუ მიიღებს, კარისკენ არ შემოატრიალოთო. ხან ვასრულებდით მწვრთნელის დავალებას, იშვიათად – ვერ. დონეცკის შახტიორის თავდამსხმელს ვიტალი სტარუხინსაც გამოვარჩევდი. ჩემზე ბევრად დაბალი, მაგრამ მოუხელთებელი გახლდათ, ჩინებულად თამაშობდა თავით.

…საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა, კომერციულ შეჯიბრებებს ვგულისხმობ, ფეხბურთელებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იყო, თუმცა ჩვენ მიზერულ თანხას ვიღებდით. მაგალითად, 1973 წელს, როცა ესპანეთში კოლუმბის კარაველა მოვიგეთ, 100-100 დოლარი მოგვცეს, არადა, იმ ტურნირზე ჯერ მადრიდის ატლეტიკოს ვაჯობეთ, ფინალში კი ლისაბონის ბენფიკას. ერთი წლით ადრე ინდონეზიაში ვითამაშეთ დიდ საერთაშორისო ტურნირში. ჯერ დანიურ კლუბს მოვუგეთ, შემდეგ ინდონეზიის ნაკრებს, ფინალში კი ბრაზილიის კრუზეიროს შევხვდით. ვიცოდით, რომ გამარჯვებულს 120 ათასი დოლარი ელოდა, დამარცხებულს – 70 ათასი. ძლიერი გუნდი იყო კრუზეირო, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი ტოსტაოც თამაშობდა… 1:3 დავმარცხდით… გვითხრეს, რომ დაახლოებით 2-2 ათას დოლარს მივიღებდით, მაგრამ გუნდთან ერთად მყოფმა სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელმა თანხის დიდი ნაწილი მოსკოვში, საკავშირო ფედერაციაში გააქანა, ჩვენ კი, თუ სწორად მახსოვს, 100-100 დოლარი დაგვირიგეს.

…1976 წელს დინამო კიდევ ერთხელ გავიდა საკავშირო თასის ფინალში. მეტოქე ერევნის არარატი იყო, იმ წლების ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა გუნდი, თან თასის მფლობელი. დინამოს და არარატის დაპირისპირება ისედაც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო, სტატუსმა კი თამაშს დამატებითი ინტერესი შესძინა. მოტივაციას არ ვუჩიოდით, თუმცა ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე გაგონილმა ძალიან გაგვაბრაზა და ალბათ, სწორედ მაშინ გადაწყდა კიდეც ფინალის ბედი. ვიღაცამ გვიამბო, თასის მოგების შემთხვევაში არარატი ადლერში ჩაფრინდება და იქიდან ავტობუსით ჩავა ერევანშიო, ანუ, მათ თასით მთელი საქართველო უნდა გაევლოთ. არ ვიცი მართლა ასე აპირებდნენ თუ არა, მაგრამ ჩვენ რომ ძალიან გავბრაზდით, ამას ვადასტურებ.

…მიუხედავად იმისა, რომ 3:0 მოვიგეთ, თამაში მეტოქის იერიშებით დაიწყო. ერთი სახიფათო ფორვარდი ჰყავდათ, ნაზარ პეტროსიანი. მატჩის დასაწყისში ჯერ ძელს მოარტყა ბურთი, მერე კი სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ჩივაძემ გვიხსნა. ცუდი დასაწყისის შემდეგ თამაში დავალაგეთ და ნელ-ნელა ჩვენი გავიტანეთ, არარატის განადგურება დათო ყიფიანის ულამაზესი თავურით დავიწყეთ.

…დაწინაურების მიუხედავად, მაინც ვნერვიულობდით. დინამოს არასდროს მოეგო თასი და ძალიან გვინდოდა ნავსი ჩვენ გაგვეტეხა. პენალტი რომ დაინიშნა, ბურთი რატომღაც ჩემთან მოგორდა. გავიხედე ნიშნულისკენ და ვხედავ, ვინც უნდა დაარტყას არ ჩქარობს, მეტიც – ნერვიულობს. ავიღე ბურთი და დასარტყმელად მოვემზადე, არადა ოფიციალურ მატჩში მანამდე არასდროს შემესრულებინა პენალტი. უცბად ყიფოს ხმა მომესმა: მიდი ფირუზ, არ შეგეშინდესო… გამოვექანე და შევაგდე!

…მას შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია, რა მოხდებოდა ის პენალტი რომ არ გამეტანა? როგორია, ფინალს 1:0-ს იგებ, ამ დროს კი შენ, რომელსაც არასდროს დაგირტყამს 11-მეტრიანი, ამხელა პასუხისმგებლობას იღებ? რომ არ გამეტანა, ალბათ, საქართველოს დავტოვებდი. თუმცა იმ წამებში, როცა ბურთთან ვიდექი, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი.

…თასის მოგებისთანავე თბილისში გვსურდა დაბრუნება, ვიცოდით ზღაპრული მიღება გველოდა, მაგრამ ვინ გვაცალა? თამაშის შემდეგ მოსკოვთან ახლოს, ნოვოგორსკის ბაზაზე გავემგზავრეთ საკავშირო ჩემპიონატის მორიგი თამაშისთვის.

…1978 წლის „ოქროს სეზონი“ კიევის დინამოსთან და მოსკოვის სპარტაკთან მოგებით დავიწყეთ. იმ ორ თამაშში ვიგრძენით, რომ საუკეთესონი უნდა ვყოფილიყავით. კიეველები და დონეცკის შახტიორი მთელი სეზონი მოგვსდევდნენ, მაგრამ ჩვენც სტაბილურად ვთამაშობდით და დაწევის საშუალება არ მიგვიცია. იმასაც აღვნიშნავ, რომ იღბლიანი სეზონი გამოგვივიდა – სერიოზული ტრავმა არ მიგვიღია, ერთი ეგაა, ვიტალი დარასელია ავადმყოფობდა დროგამოშვებით.

თბილისის დინამო

1976 წელს დინამოელებმა პირველად მოიგეს საკავშირო თასი – ფინალში ერევნის არარატი 3:0 დაამარცხეს

…საბჭოთა კავშირის ჩემპიონები მოსკოვში, ლოკომოტივთან მატჩის შემდეგ გავხდით. ოქროს მედლების მოსაგებად ფრეც ხელს გვაძლევდა და ჩვენც თავი არ გამოგვიდია. ვიცოდით მეტოქე ვერ მოგვიგებდა და დასახული მიზანი ზედმიწევნით ზუსტად შევასრულეთ. იმ სეზონში მხოლოდ ორი შეხვედრა გამოვტოვე, ისიც დისკვალიფიკაციის გამო.

…ნოდარ ახალკაცმა ძალიან დიდი წვილი შეიტანა ჩემპიონობაში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დინამოს ყველა პოზიციაზე ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავდა. იგივე დათო გოგია ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო; დაცვაზე არ ვისაუბრებ; ნახევარდაცვაში მანუჩარ მაჩაიძის დონის ლიდერს ყველა კლუბი ინატრებდა; თავდასხმაში რამაზ შენგელიას და რეზო ჩელებაძის კონკურენციაზე მთელ ქვეყანაში საუბრობდნენ, ერთ კლუბში ორი ასეთი დონის ფორვარდი იმდროინდელ საბჭოთა კავშირში იშვიათობა იყო.

…ფეხბურთიდან წასვლა 1979 წელს გადავწყვიტე. ერთ-ერთ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მივიღე და მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო. ეგეც არ იყოს, „დინამოში“ კონკურენცია გამძაფრდა და ახალგაზრდებთან ბრძოლა არ მინდოდა. რომ მოვშუშდი, სამტრედიის ლოკომოტივში წავედი, იქ ნახევარი წელი გავჩერდი და კარიერაც დავასრულე.

…რამდენი გვქონდა ხელფასი? ძირითადი შემადგენლობის წევრებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, 300-400 მანეთი, პლუს დანამატი წოდების გათვალისწინებით: სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კლასის ოსტატი, დამსახურებული ოსტატი… საკავშირო ჩემპიონატში თითო მოგებაზე პრემიას გვიწერდნენ – 200 მანეთს გვიწერდნენ… რომ ვთქვა გვიჭირდა-მეთქი, ტყუილი იქნება. 78-ში, როცა ჩემპიონები გავხდით, პატივისცემის ნიშნად მანქანები ურიგოდ გვაყიდინეს.

…ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ლამის ყველა დინამოელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებაში დასაქმდა, მაგრამ მე ამის სურვილი არ მქონია. შესაძლებლობა როგორ არ იყო, მაგრამ იქით არც გამიხედავს. ამის ნაცვლად ვაჭრობის სისტემაში დავსაქმდი, თუმცა უფეხბურთოდ დიდხანს ვერ გავძელი და 1997 წელს ნორჩ დინამოელში მივედი, ანუ იქ, სადაც დაიწყო კიდეც ჩემი კარიერა.

…ნორჩ დინამოელში ვახტანგ კოპალეიშვილს ვეხმარებოდი. კარგი ბიჭები გვყავდნენ: ზურაბ ხიზანიშვილი, მათე ღვინიანიძე, შოთა გრიგალაშვილი… ათ წელზე მეტი ვემსახურე ბავშვთა ფეხბურთს, მერე კი წავედი. ცოტა გვიან, მაგრამ მივხვდი, რომ მწვრთნელობა ჩემი საქმე არ იყო. საერთოდ, ბავშვებთან სხვანაირი მიდგომაა საჭირო – მეტისმეტად მკაცრი, მომთხოვნი უნდა იყო, ეს კი არ შემიძლია.

…ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე იშვიათად დავდივარ. მერწმუნეთ, ეს გულისტკივილის გამო ხდება და არა პროტესტით. აღარ არის ის ინტერესი, რაც ადრე იყო. თანაც, მგონი ყველა დაიღალა წარუმატებლობით. ჩემ დროს, 60-70-იან წლებში ყველაფერი სხვანაირად იყო – დინამოს თამაშებზე ბილეთის შოვნა ჭირდა.

ფირუზ კანთელაძე
დაიბადა 1949 წლის 24 დეკემბერს ბათუმში. გარდაიცვალა 2019 წლის 10 ნოემბერს თბილისში
1967-79 წლებში თბილისის დინამოს მცველი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1969, 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა); სსრკ თასი – 1976, 1979; სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979; ევროპის ჩემპიონი იუნიორთა შორის – 1967; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 2-ჯერ მოხვდა: #3 – 1977, 1978; სსრკ სპორტის ოსტატი – 1967; სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთ სამინისტრო) – 2013

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian