კარიერა ფრაზებში #51: ნიკოლოზ დერიუგინი

17 წლის იყო, როცა მისმა გვარმა პირველად გაიჟღერა საბჭოთა კავშირის მთავარ საინფორმაციო გადაცემაში. მას შემდეგ, კარიერის დასრულებამდე, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის დინამოსთან ერთად დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია (საკავშირო პირველობაზე ერთადერთი მედალი მოიპოვა
), ნაკრების მაისურით უდიდესი მწვერვალები დაიპყრო.
ნიკოლოზ დერიუგინი ქართული კალათბურთის ლეგენდაა და დღეს მის კარიერას, ტრადიციულად, წლების წინ გამოქვეყნებული ინტერვიუებით და ჩანახატებით გავიხსენებთ.

…6 წლისა მამამ კალათბურთზე შემიყვანა. ძალიან პატარა ვიყავი და სპორტზე სერიოზულად არ ვფიქრობდი – მხოლოდ ვერთობოდი. რომ წამოვიზარდე, მივხვდი – კალათბურთის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ჩემი პირველი მწვრთნელი ზაურ ჩარკვიანი იყო, მამა მეგობრობდა მასთან.

…7 წლის რომ გავხდი, ცხონებულმა სულიკო თორთლაძემ მნახა და თავისთან გადამიყვანა. ის ძალიან დიდი მწვრთნელი იყო და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჩემი საკალათბურთო კარიერის საძირკველი სწორედ მან გაჭრა. ამ დიდებული კაცის ხელმძღვანელობით მე-9 კლასამდე ვვარჯიშობდი, მერე კი თბილისის დინამოს მწვრთნელებთან მიშუამდგომლა და მეც დედაქალაქში წამიყვანეს.

…თბილისის დინამოს პირველ ვარჯიშზე რომ მივედი, მიხეილ ქორქიამ დამინახა და საკოს, ზურაბ საკანდელიძეს გასძახა: ნახე ბიჭო, კიდევ ერთი ქუთაისელი ჭიჭიკია მოგვივიდაო. ასეთმა დახვედრამ გამამხიარულა, მაგრამ გუნდთან შეგუება, საერთო ჯამში, მაინც გამიჭირდა – პირველ დღეებში ვარჯიშების შემდეგ რამდენჯერმე ვიტირე კიდეც.

…ქუთაისელი ვიყავი და იმერულ კილოზე ვსაუბრობდი: ისთე, ასთე… მოკლედ, ვარჯიშებზე ერთი სიცილ-ხარხარი იყო! მახსოვს, ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ აყოლებდნენ თბილისელები ლამის ყოველ სიტყვას ტო-ს. სიმართლე გითხრათ, ამას დღემდე ვერ მივმხვდარვარ.

…დებიუტი? ამას რა დამავიწყებს: 1977 წლის 14 იანვარს პირველად ვითამაშე თბილისის დინამოს მაისურით! ჩვენმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა პირველად მანდო ადგილი ძირითად ხუთეულში. სვერდლოვსკის ურალმაშს 81:63 მოვუგეთ – 18 ქულა ჩავაგდე!

…იმ წლების განმავლობაში, რაც თბილისის დინამოში ვითამაშე, ერთადერთხელ გავხდი საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი – 1977 წელს III ადგილი დავიკავეთ. მაშინ 18 წლის ვიყავი და მეგონა წინ დიდი გამარჯვებები მელოდა, მაგრამ ამის შემდეგ ხეირიანს ვერაფერს მივაღწიეთ. ისე, იმ სეზონში ძალიან გაგვიმართლა: III ადგილზე მყოფმა მოსკოვის დინამომ ბოლო 4 შეხვედრა წააგო, ჩვენ კი ყველა მოვიგეთ და მოსკოველებს გადავასწარით. მახსოვს, უკანასკნელ მატჩზე კიევის სტროიტელთან სპორტის სასახლეში ტევა არ იყო!

…როგორ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ დინამო ძლიერი გუნდი არ იყო, რუსეთში წასვლის სურვილი მაინც არ მქონდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველთვის ძალიან ძვირფასი იყო ის ურთიერთობები, რაც ქართველ კაცს გარშემომყოფებთან აქვს. თანაც, გულშემატკივრებისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი და იმ დროს ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

…მოსკოვის ცსკა მაშინ უძლიერესი კლუბი იყო – ზედიზედ იგებდა ჩემპიონატებს! ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკი იყო. მან რამდენჯერმე მნახა, ერთი წელი დამაკვირდა და ერთ მშვენიერ დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში მამაჩემს გაესაუბრა: წავიყვან მოსკოვში, კლასს აიმაღლებს, თან არაქართული გვარი გაქვთ და რუსეთში პრობლემა არ გექნებათო. იცით რა უპასუხა მამამ? კოლიას ბაბუის გარეშე ვერაფერს გადავწყვეტ, მას უნდა ჰკითხოთ, ქუთაისში, საფიჩხიაზე მოიკითხეთო. თამაშის მერე გომელსკი მართლა ჩავიდა ქუთაისში და ბაბუაჩემი იკითხა. გაკვირვებულმა მეზობლებმა მორიდებით უთხრეს, ცხონებული წლებია საფიჩხიის სასაფლაოზე განისვენებსო… მამას ძალიან ეწყინა გომელსკიმ რომ უთხრა არაქართული გვარი გაქვთო. ეს სიტყვები ვერ აპატია.

…1977 წელს 17 წლისამ საკავშირო ჩემპიონატის მატჩში მოსკოვის ცსკა-თან 59 ქულა ჩავაგდე. ეს რეკორდი იყო! მაშინ არმიელთა გუნდში ტკაჩენკო და ბელოსტენი თამაშობდნენ… ვრემია ხომ გახსოვთ, მთავარი საინფორმაციო გადაცემა? მისმა წამყვანმა ნინა ერიომინამ საღამოს გამოშვებაში თქვა, თბილისის დინამოს 17 წლის მოთამაშე ნიკოლოზ დერიუგინმა ცსკა-ს 59 ქულა ჩაუგდო, საბჭოთა კალათბურთს ახალი ვარსკვლავი ეზრდებაო! ეს იყო დერიუგინის პირველი ხსენება საკავშირო ტელევიზიაში. ამ მატჩიდან რამდენიმე დღეში რიგაში ჩავედით – იქ 44 ქულა მოვაგროვე.

…ნაკრებში რომ მიმიწვიეს, იქაც მიხეილ ქორქია დამხვდა, რამაც გუნდთან შეგუება ძალიან გამიადვილა. საერთოდ, მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი – როგორც უმცროს ძმას, ისე მივლიდა. საერთოდ, ქართველებს ნაკრებში არასდროს გვიჭირდა, ყველასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, განსაკუთრებით ბალტიისპირელებთან.

…1980 წელს მოსკოვში ოლიმპიადის მოგების ბრწყინვალე შანსი გვქონდა, ყველა ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები უპრობლემოდ გახდებოდა ჩემპიონი. თანაც, ხომ გახსოვთ, ამერიკელები არ ჩამოვიდნენ… მოკლედ, ჩვენგან ყველა პირველობას ელოდა, ჩვენც გამარჯვებაში დარწმუნებულნი ვიყავით, მაგრამ… იუგოსლავიის და იტალიის ნაკრებ გუნდებს სათვალავში არავინ აგდებდა, არადა სწორედ მათთან დავმარცხდით – იუგებთან 91:101, სკუადრასთან – 85:87. მე 8 შეხვედრაში ვითამაშე და ზუსტად მახსოვს, 67 ქულა დავაგროვე. ყველაზე მეტი – 17 ქულა ინდოეთთან მატჩში ჩავაგდე. ისე, იმ იუგოსლავიის სასტარტო ხუთეული ახლაც მახსოვს: ჩოსიჩი, დელიბაშიჩი, ერკოვი, დალიპაგიჩი და კიჩანოვიჩი.

…80-იან წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის ნაკრები ხშირად აწყობდა ტურნეს ამერიკაში. მაშინ ჩვენ პროფესიონალებად არ ვითვლებოდით და ამიტომ, საუკეთესო საუნივერსიტეტო გუნდებს ვხვდებოდით. სწორედ მაშინ ვითამაშე დომინიკ უილკინსის და კლაიდ დრექსლერის წინააღმდეგ. რამდენიმე წელიწადში ისინი NBA-ის ვარსკვლავები გახდნენ.

დერიუგინი

ნიკოლოზ დერიუგინის გამოსათხოვარ მატჩს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა

…კურიოზი? ასეთი ბევრი იყო, ყველაზე უცნაური ისტორია კი საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად გადამხდა. ჩვენი აეროფლოტის გადამკიდე, იამაიკაზე ჩასვლა დავიგვიანეთ და პუერტო-რიკოს რეისს ჩამოვრჩით. მწვრთნელებმა საიდანღაც ორი პატარა თვითმფრინავი მოიძიეს და ნაკრების წევრებმა ასე ვიმგზავრეთ. უნდა გენახათ რა დღეში ვიყავით! ორმეტრიანი კაცები წელში მოხრილები ვიჯექით რამდენიმე საათს და როცა პუერტო-რიკოში დავჯექით, თვითმფრინავის კარი ლამის ფეხით გავანგრიეთ. მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც დამხვდურთა თვალები იყო – ვერ დაიჯერეს, რომ იმ პაწაწინა თვითმფრინავებში გოლიათები ვიჯექით – ჩვენ დანახვაზე თვალები შუბლზე აუვიდათ!

…ყველაზე უხერხული მეტოქე არვიდას საბონისი იყო. 1982 წელს, კოლუმბიაში მსოფლიო ჩემპიონატზე რომ წამოიყვანა გომელსკიმ, 17 წლის ბიჭი უკვე 2.17 მეტრი იყო! მას იქ ბევრი არ უთამაშია, მაგრამ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მაინც მისცეს.

…ერთხელ ვილნიუსში ვართ სათამაშოდ ჩასული და საღამოს, მატჩის შემდეგ სასტუმროს ნომერში საბონისი დამადგა. არაფერი უთქვამს, მომკიდა ხელი და რესტორანში გამაქანა. ბევრი ვისაუბრეთ და წამოსვლის წინ მეუბნება, იცი, ჯიბეში პორტლენდელთა კონტრაქტი მიდევს, ერთ კვირაში ამერიკაში მივდივარო. მაშინ ის მადრიდის რეალის ლიდერი იყო, ევროპაში საუკეთესოდ ითვლებოდა. ვკითხე, შენი ტრავმების „პატრონს“, NBA-ში რა გინდა-მეთქი, მაგრამ მითხრა: ძლივს იქ თამაშის შანსი მომეცა და რომ არ წავიდე, ვიცი, მთელი ცხოვრება ვინანებო. NBA-ში გადასვლით მხოლოდ მოიგო, თორემ არაფერი წაუგია – მაღალი კლასი იქაც დაამტკიცა… მე თუ მკითხავთ, 80-იანი წლებიდან მოყოლებული ასეთი ცენტრი ევროპაში არც ყოფილა.

…26 წლის ვიყავი, როცა ერთ რიგით შეხვედრაში მუხლი ვიტკინე. ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცუდად – ძვალი არასწორად გაიზარდა. ეს იყო და ეს – იმ ოპერაციის შემდეგ კარგად აღარც მითამაშია. კი გავდიოდი პარკეტზე, მაგრამ ალალად გეტყვით: ის დერიუგინი აღარ ვიყავი.

…2.06 მეტრი ვარ და დინამოში ყველაზე მაღალი ვიყავი, გოლიათად ვითვლებოდი! ახლა 18-19 წლის ბიჭები 2.14-2.15-ები არიან, რაც თავისთავად, ძალიან კარგია. ჩემ დროს 2 მეტრზე მაღალი ქართველი კალათბურთელი ძალიან ცოტა იყო.

…90-იანი წლების დასაწყისში კალათბურთს მეგობრების თხოვნით დავუბრუნდი. ნოდარ ქორქიამ და ვალერი ჯგერენაიამ კლუბი თბილისი ჩამოაყალიბეს და დახმარება მთხოვეს.

…1993-94 წლების სეზონის მიხედვით საქართველოს საუკეთესო კალათბურთელად დამასახელეს. ჟურნალისტთა გამოკითხვაში დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. თუ არ ვცდები, II ადგილზე თბილისის კაქტუსის ლიდერი ვატო ნაცვლიშვილი გავიდა.

…თბილისის შემდეგ სლოვაკეთის სლოვაკოფარმა იყო. ამ გუნდის მესვეურები მოსკოველი ნაცნობების მეშვეობით დამიკავშირდნენ. დიდხანს არ მიფიქრია, თანაც, ძალიან კარგი პირობები შემომთავაზეს და წავედი. ხომ გახსოვთ მაშინ რა ხდებოდა ჩვენთან? იქ კი კალათბურთის კარგად თამაშის გარდა არაფერზე ვფიქრობდი. მაგრამ უცხოეთში დიდხანს მაინც ვერ გავძელი. ასეთი ტიპი ვარ, სამშობლოდან დიდხანს ვერ მივდივარ.

…სლოვაკეთიდან დაბრუნებული სდასუ-ში უნივერსიტეტის პრეზიდენტმა თემურ ქორიძემ მიმიწვია. მითხრა, ახალი გუნდის გაკეთება გვინდა, დაგვეხმარეო. მეც მოთამაშე-მწვრთნელად წავედი. კარგად დავიწყეთ, პრიზიორობასთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ერთ-ერთ მატჩში მძიმე ტრავმა მივიღე – ექიმებმა აქილევსის მყესის გაწყვეტა დამიდასტურეს. სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და მეც კლუბს მივმართე, ქორიძემ კი, ჯერ თანხას ჩაგირიცხავთო-მითხრა, მერე კი ამაზეც უარი თქვა. ოპერაციის ფული თავად შევაგროვე, აი, როცა კლუბში მივედი კუთვნილის მოსათხოვად, ქორიძემ მაგრძნობინა, რომ საერთოდ აღარ ვჭირდებოდი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ამას ნამდვილად არ ვიმსახურებდი.

…კარიერას რომ ვამთავრებდი, სწორედ მაშინ იწყებდა ქართული კალათბურთი დამოუკიდებლად განვითარებას. რა მახსოვს იმ დროიდან? უამრავი პრობლემა და მთავარი, რაც გულს მტკენდა – სრულიად უცნობი, დამწყები ბიჭებისგან წამოსული უაზრო აგრესია. მე რომ თამაშს ვიწყებდი, უფროს თაობასთან კრძალვით ვიქცეოდი, 90-ების დასაწყისში კი, რაც უფრო თავხედურად ითამაშებდი, მით უფრო მაგარ კალათბურთელად ითვლებოდი. ეს სისულელე იყო, ამას ვერ ვეგუებოდი.

…და მაინც, იმ პერიოდიდანაც მაქვს ტკბილად მოსაგონარი: საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე და ამით ოცნება ავისრულე!

…საუკეთესო ქართველი კალათბურთელი? მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ჩვენიანმა NBA-ში ითამაშა, უძლიერესად მაინც მიშა ქორქია მიმაჩნია. ის შეუდარებელი იყო, პირადად ჩემთვის მიშა მხოლოდ თანაგუნდელი არ იყო – ის ადამიანობის, კაცობის იდეალად მიმაჩნდა! ჩვენ უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის და დარბაზს მიღმაც ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა! უცხოელი კალათბურთელებიდან? მაიკლ ჯორდანი! ასეთი სრულყოფილი მოთამაშე არ მინახავს.

…კალათბურთმა ყველაფერი მომცა: ტიტულები, აღიარება, პოპულარობა, უამრავი მეგობარი, მატერიალური კეთილდღეობა… მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ კალათბურთმა ადამიანობა მასწავლა, ძალიან დიდ პიროვნებებს შემახვედრა… საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ ცხოვრებაში გამიმართლა.

ნიკოლოზ დერიუგინი
დაიბადა 1959 წლის 30 აპრილს ქუთაისში
1977-86 წლებში თბილისის დინამოს, 1991-92 წლებში თბილისის თბილისის, 1992-93 წლებში მაფ-ის (უნგრეთი), 1993-94 წლებში თბილისის ვითას, 1994-95 წლებში თბილისის სდასუ-ს, 1995-96 წლებში სლოვაკოფარმას (სლოვაკეთი) კალათბურთელი, ცენტრი
1978-85 წლებში სსრკ ნაკრების ცენტრი
1995-96 წლებში საქართველოს ნაკრების ცენტრი
ტიტულები: ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1980 (მოსკოვი); მსოფლიოს ჩემპიონი – 1982; ევროპის ჩემპიონი – 1981; ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1983; ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) – 1977; საკონტინენტთაშორისო თასი – 1977, 1979; საქართველოს ჩემპიონი – 1996; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1977; საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1993; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1982; საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი – 1993

*-2019 წლის 30 აპრილს, ნიკოლოზ დერიუგინის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა საქართველოს ვეტერანთა ნაკრებს და საკალათბურთო კლუბ მოსკვას (რუსეთი) ვეტერანთა გუნდს შორის. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 80:67.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდანკარიერა ფრაზებში 2; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian