კარიერა ფრაზებში #53: ვიქტორ სანეევი

2012 წლის ზაფხულში, ლონდონის ოლიმპიური თამაშების დღეებში, მასპინძლებმა ქალაქის მეტროს ქსელის სადგურებს ლეგენდარული სპორტსმენების სახელები მიანიჭეს: სებასტიან კოე, ლასლო პაპი, შუგარ რეი ლეონარდი, ფლოიდ პატერსონი, ემილ ზატოპეკი, ჯორჯ ფორმენი, მარკ სპიცი, როჯერ ფედერერი, ლეო მესი, ლებრონ ჯეიმსი…
ლონდონური მეტროს 361 გაჩერებას დროებით სპორტსმენთა სახელები დაენათლა, 361 რჩეულს შორის კი ვიქტორ სანეევიც მოხვდა: საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად და ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მძლეოსნად აღიარებული სამხტომელი.
სანეევი ლეგენდაა: უამრავი შეჯიბრი მოიგო, 1968, 1972 და 1976 წლებში კი ზედიზედ 3-ჯერ გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებში!
არც მანამდე და არც მას შემდეგ არცერთ სამხტომელს არ დაუმშვენებია მკერდი ზედიზედ 3 ოლიმპიური ოქროთი, ვიქტორ სანეევმა კი შეძლო!
მსოფლიოს 3-გზის რეკორდსმენი ვიქტორ სანეევი დღეს მეუღლესთან და ვაჟთან ერთად მწვანე კონტინენტზე, ავსტრალიაში ცხოვრობს.
ლეგენდარული სპორტსმენის კარიერას მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ.

…მეშვიდე შვილი ვარ, მაგრამ ჩემამდე მშობლებს ერთიც არ შერჩათ. დედაჩემი 40 წლის იყო ჩემზე რომ დაორსულდა. ფიქრობდა, კიდევ ერთი ტრაგედია რატომ უნდა დავიტეხო თავზეო… ბაბუას დაუჟინია, იქნებ გაატანოსო და… სოხუმში დასახლების ინიციატივაც ბაბუისგან მოდიოდა. ჩემი მშობლები სტავროპოლის მხარეში, ქალაქ არმავირთან დაიბადნენ – კაზაკები იყვნენ. სოხუმში 1929 წელს ჩამოვიდნენ. მამისგან მსმენია, რომ იმ მხარეში სანეევების 30-მდე ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ 20-იანი წლების დიდ შიმშილობას თითო-ოროლა გადაურჩა.

…ბავშვობიდანვე ძალიან მოძრავი ვიყავი, სულ დავხტოდი, დავრბოდი, ვცურავდი… ტანი რომ ავიყარე, კალათბურთის თამაშიც დავიწყე, ერთ დღეს კი მეგობარმა, კოტე ნარმანიამ კალათბურთიდან მძლეოსნობაზე გადასვლა მირჩია – მშვენიერი მონაცემები გაქვს, შენი რა მიდის, სცადეო.

…სოხუმის VIII საშუალო სკოლის მოსწავლეები ფეხბურთს კალათბურთის მოედანზე ვთამაშობდით. კარად ფარის ძელებს ვიყენებდით. ერთ მომენტში დავარდნილ მეტოქეს გადავახტი და წამში სკოლის დირექტორის, ტაისია მალიგინას ხმა მომესმა, თავისთან მიხმობდა. მის გვერდით ტანხმელი კაცი იდგა. ქალბატონმა ტაისიამ იმ მამაკაცს ჩემზე მიუთითა და უთხრა: გაიცანით აკოფ სამველიჩ, ეს ვიქტორ სანეევია, ჩვენი ჩემპიონიო… ასე გავიცანი აკოფ კერსელიანი. მან თავის ჯგუფში მიმიწვია და ჩემი მძლეოსნური კარიერაც დაიწყო.

…სამხტომში, სიგრძეზე ხტომასა და 100 მეტრზე სირბილში საკმაოდ კარგი შედეგები მქონდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც სამხტომი ვარჩიე. იცით, ამ სახეობასთან სხვა დისციპლინის შეთავსება ძალიან რთულია, სამხტომში ორგანიზმი უდიდეს დატვირთვას იღებს, მარტო პირველ ნაბიჯზე თითქმის ტონამდე ზეწოლაა! იყო მეორე მიზეზიც – ფრენის შეგრძნება. ის უფრო დიდხანს მიგყვება, ამით კი უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი! დამერწმუნეთ, ასეთ რამეს ვერც სიმაღლეზე და ვერც სიგრძეზე ხტომაში ვერ იგრძნობთ.

…ჩემი პირველი სერიოზული ნახტომი 14.90 მეტრი იყო, საუკეთესო კი 17.44 მეტრი – ეს შედეგი სოხუმში 1972 წელს ვაჩვენე და მსოფლიო რეკორდიც დავამყარე… არ გაინტერესებთ რა შედეგს ვუჩვენებდი ვარჯიშებზე? საშუალოდ 16.95 მეტრი. ეს დიდოსტატური მაჩვენებელი იყო! და როგორ ვაღწევდი ამ ყველაფერს? თითქმის 20 წელიწადი ჯოჯოხეთურად ვშრომობდი! შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მწვრთნელის უპირველესი ამოცანა ჩემი სტადიონზე სავარჯიშოდ მიყვანა კი არ იყო, არამედ სტადიონიდან, ვარჯიშიდან გაგდება!

…მძიმე ბავშვობა შრომას გაჩვევს. ახლაც მახსოვს: დაზგასთან გატარებული სამუშაო დღის შემდეგ სავარჯიშოდ წასვლას რომ ვაძალებდი თავს, როგორ მტკიოდა ყველაფერი და რა ტკბილად მეჩვენებოდა „მხსნელი“ აზრი: რა მოხდა, გააცდინე, მარტო ერთი ვარჯიშის გაცდენით ქვეყანა არ დაიქცევა… ხანდახან ვაცდენდი კიდეც… მეც ხომ ადამიანი ვარ ადამიანური სისუსტეებით.

…1963 წელს მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადას ვოლგოგრადმა უმასპინძლა. იმ დროს უკვე საქართველოს ჩემპიონი ვიყავი და იქაც I ადგილის მთავარ პრეტენდენტად ვითვლებოდი, მაგრამ მესამეზე გავედი. შეჯიბრის დასრულების შემდეგ სათადარიგო მინდორზე განვმარტოვდი და ავტირდი. არც მანამდე და არც მერე წაგების გამო არ მიტირია. ალბათ, ამიტომაც დამამახსოვრდა ის წარუმატებლობა.

…1967 წელს ხალხთა სპარტაკიადაზე სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდსმენ იგორ ტერ-ოვანესიანთან წავაგე და II ადგილზე გავედი – 7.83 მეტრზე გადავხტი. იმ დღეს ჩვენი, სამხტომელთა შეჯიბრი დილით, 11 საათზე დასრულდა, სიგრძეზე ხტომა კი საღამოს 6 საათზე დაიწყო. სპარტაკიადას მოსკოვის ლუჟნიკი მასპინძლობდა, ჩვენი დელეგაცია კი სტადიონიდან ძალიან შორს ცხოვრობდა. სასტუმროში წასვლას აზრი არ ჰქონდა – გზაში დავიღლებოდი, ამიტომ იქვე, სტადიონზევე მოვძებნე სკამი და წამოვწექი, დავიძინე. სწორედ ამან შემიშალა ხელი. ტერ-ოვანესიანი კი მოსკოველი იყო, სახლში მივიდა და დასვენებული დაბრუნდა. დღემდე არ მავიწყდება – მასთან სულ 10 სანტიმეტრი წავაგე.

…სპარტაკიადის შემდეგ კიევში ევროპის თასი გათამაშდა. მაშინ ნაკრებში მეორე ნომერი ვიყავი, მაგრამ მწვრთნელებმა ალექსანდრ ზოლოტარიოვის ნაცვლად მე დამაყენეს. ცოტა კი ვინერვიულე, მაგრამ გავედი და 16.67 მეტრით გავიმარჯვე. ჩემი I ადგილით გუნდმაც მოიგო და ეს ორმაგად სასიხარულო იყო! კიდევ ის გამიხარდა, რომ 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, პოლონელი იოზეფ შმიდტიც დავამარცხე.

…კარიერის პიკი 1975-76 წლები იყო, მაგრამ სტატისტიკურად თუ დავთვლით, ყველაზე კარგი შედეგები 1967-72 წლებში მქონდა: ამ 5 წელიწადში 110 ტურნირზე გავედი და 90 მოვიგე.

აკოფ კერსელიანი

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი და პირადი მწვრთნელი აკოფ კერსელიანი პირველი ოლიმპიური ტრიუმფის შემდეგ

…ყველაზე ტკბილად 1968 წელი, მეხიკოს ოლიმპიური თამაშები მახსენდება – კარიერის განმავლობაში სამხტომელთა ბილიკზე ყველაზე დიდი ბრძოლა სწორედ იქ გადავიტანე! ეს იყო ნამდვილი სპორტული ფოიერვერკი, მარტო ის რად ღირს, რომ იმ პაექრობის დროს 5-ჯერ დამყარდა მსოფლიოს რეკორდი! ოქროც რეკორდით მოვიგე! მიუნხენსა და მოსკოვზე იგივეს ვერ ვიტყვი. ჩემთვის ოლიმპიური თამაშები ზეიმთან ასოცირდება, მიუნხენსა და მოსკოვში კი ზეიმისთვის ზედმეტად ბევრ სამართალდამცველს ვხედავდი, რაც განწყობას მიუფერულებდა.

…ჩემთვის მთავარი ყოველთვის სპორტულ არენაზე გამარჯვება იყო, მაგრამ უყურადღებობის გამო გულიც ხშირად დამწყვეტია. მაგალითად, 1968 წელს, მეხიკოდან ოლიმპიური ოქროთი რომ დავბრუნდი, სოხუმში ბინა არ მომცეს – არ გვაქვს მაგის საშუალებაო… 1972 წელს, მიუნხენში მეორე ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ საქართველოს სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ დამიბარა და თბილისში, დიღმის მასივში ბინა გადმომცა. მართალია 14-სართულიანი კორპუსის ბოლო სართული იყო, მაგრამ იმ დროს უკვე დაოჯახებული ვიყავი და ბინა ჩემთვის დიდი შეღავათი იყო.

…70-იანი წლების მიწურულს, მოსკოვის ოლიმპიადის მოსამზადებელ პერიოდში, საბჭოთა ნაკრებს ვიტოლდ კრეერი ხელმძღვანელობდა. ის ნორმალური მწვრთნელი იყო, მაგრამ ცუდი მასწავლებელი აღმოჩნდა. ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ დავშორდით, რომ მას ჩემი არ სჯეროდა, არადა წლების მანძილზე ვთანამშრომლობდით. პირდაპირ გეტყვით – თამაშების წინ დამაყვედრეს, რომ ოლიმპიადაზე დამიშვეს! გახსოვთ ალბათ, საოლიმპიადოდ შესარჩევ ჩემპიონატზე IV ადგილი დავიკავე – მხოლოდ და მხოლოდ სანტიმეტრი წავაგე საკვალიფიკაციო ტურნირის მესამეადგილოსანთან. IV ადგილი ლიცენზიისთვის საკმარისი იყო, ეს კარგად ვიცოდი და ფეხებს ზედმეტად არ ვტვირთავდი. კრეერმა კი ეს ამბავი დაიხვია ხელზე… იმ დღეებში არაერთი უსიამოვნო საუბრის გადატანა მომიხდა, არ მიყვარს ხოლმე იმ დღეების გახსენება.

…მოსკოვის თამაშები ჩემი მე-4 ოლიმპიადა იყო. არავის სჯეროდა ჩემი, საბჭოთა სპორტის მესვეურები ფიქრობდნენ რომ ასაკის გამო უშანსოდ ვიყავი. სულ მარტო დამტოვეს! ისე, მაღალჩინოსნებს არც გაემტყუნებათ – 35 წლისას მე-4 ოლიმპიურ ოქროზე რომ გქონდეს პრეტენზია, თანაც, ფაქტობრივად ხეიბარ კაცს, ამის წარმოდგენაც კი ძნელია. მითუმეტეს სამხტომში.

…1980 წლის თამაშებში ჩემი მონაწილეობა დიდად განაპირობა იმანაც, რომ საქართველოს წავადგენდი – რესპუბლიკის ყველა დონის ხელმძღვანელი დაინტერესებული იყო თამაშებში ჩემი მონაწილეობით. როცა ჩემი საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი, სკკპ-ის ცენტრალურ კომიტეტში სპორტის მაშინდელი კურატორი, შემდგომში მინისტრი პაველ გრომოვი შემხვდა და მენტორული ტონით მითხრა, გადავწყვიტეთ თამაშებზე გამოხვიდეო. ვუთხარი, წიწილები შემოდგომით დავითვალოთ, ჩვენ ამ თემაზე კიდევ ვისაუბრებთ-მეთქი.

…მოსკოვში II ადგილზე გავედი. იმ თამაშებზე ჩემთვის ყველაფერი უკუღმა აეწყო – ჯერ ფეხის ტრავმა, მერე ქარი… რაც შეეხება იააკ უუდმიაეს, ვინც ოქრო მოიგო, მის მიმართ არავითარი წყენა არ მაქვს. მას ძალიან ვაფასებ! მისი რა ბრალია, რომ ვიღაც უსინდისო მოხელეებმა ნახტომის გაზომვის დროს მას რამდენიმე სანტიმეტრი აჩუქეს… ჩვენ ბოლოს 2004 წელს, ათენში შევხვდით ერთმანეთს. მაშინ ის ესტონეთის მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო… ყველაფერს რომ ხაზი გადავუსვა, იააკს მაინც დავაფასებ, რადგან 3 ვაჟის და 2 ქალიშვილის მამაა!

…მე ორი თვისება აღმომაჩნდა, რომლებმაც ხელი შემიწყვო წარმატებაში. ერთი თანდაყოლილია – გამარჯვების წყურვილი. მეორე კი წლების განმავლობაში გამომიმუშავდა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „წარმატებისგან გაუცხოება“ – დაივიწყე გუშინდელი შედეგი, გვერდზე გადადე უკვე აღებული მედალი და დღეიდანვე შეუდექი ხვალინდელი შეჯიბრისთვის მზადებას! რა თქმა უნდა, ეს არ არის რაღაც ახალი რეცეპტი, მაგრამ უკეთესი ჯერ არავის მოუგონია. ყოველ მომდევნო შეჯიბრზე ვცდილობდი იმ მომენტისთვის მაქსიმუმი მეჩვენებინა. თუ საჭიროება მოითხოვდა, ხანდახან შეუძლებელიც უნდა შემძლებოდა!

…1988 წელს სეულში და 1992 წელს ბარსელონაში საბჭოთა სპორტის მესვეურებს ჩემი წაყვანა არც უფიქირათ, თუმცა სეულის წინ ოლიმპიური ჩირაღდნით ერთი მონაკვეთი კი მარბენინეს… ისე, არც ატლანტაში გახლდით, არადა ძალიან მაინტერესებდა საქართველოს ოლიმპიური გუნდის დებიუტი.

…გაცილებაში ბედი ნამდვილად არ მაქვს – დიდი სპორტიდან არც საქართველოში გავუცილებივარ ვინმეს და არც მოსკოვში.

…სპორტში მეგობრობა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ალბათ, შეუძლებელია. სხვა რა გითხრათ? მეგობრები ჩემი კონკურენტები არასდროს ყოფილან. ისე, ძალიან თბილი ურთიერთობა მაკავშირებდა იგორ ტერ-ოვანესიანთან, საშა ავილოვთან, იური სედიხთან, რობერტ შავლაყაძესთან, ვოვა გუცაევთან…

…დიდ სპორტში მხოლოდ ნიჭის ამარა ვერაფერს გახდები. მხოლოდ უმძიმესი, აუტანელი, ინტენსიური შრომით ყალიბდება კარგი სპორტსმენი. ვარჯიში არ უნდა დაგეზაროს – ის ხომ თვითდაჯერებისა და საკუთარი თავის გაწვრთნის საუკეთესო საშუალებაა. და კიდევ: მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა მძლეოსანმა საკუთარი თავისადმი ჭეშმარიტად პროფესიული დამოკიდებულება უნდა გამოიმუშაოს. ყველგან და ყველაფერში. გარკვეული თვალსაზრისით, ის ასკეტურ ცხოვრებასაც უნდა ეწეოდეს, უნდა ჰქონდეს ანალიზის უნარი, შეცდომებზე დაფიქრების სურვილი, არ უნდა დაკომპლექსდეს მარცხით.

სანეევი

4 ოლიმპიური მედლის მფლობელი ერთადერთი ქართველი ათლეტი – ვიქტორ სანეევი!

…საქართველოში რატომ არ გამიჩნდა მიმდევრები? ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია: თითქოს 3-ჯერ მოგებულ ოლიმპიადას ამ სახეობის ბუმი უნდა გამოეწვია, მაგრამ… იცით, ახალგაზრდებს ოფლისდაუღვრელად სურდათ მიზნის მიღწევა, ასე კი არაფერი ხდება. ალბათ, ესაა ყოველივეს მიზეზი.

…შემიძლია ხატზე დავიფიცო – აკრძალულ პრეპარატებს არ ვიღებდი. ეს ჩემი პრინციპი იყო, თუმცა იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ შემოთავაზება არ ყოფილა. რაც შეეხება ნაკრებში ჩემ კოლეგებს, მათზე ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა ვინმე იჭყიპებოდა კიდეც ანაბოლიკებით.

…სპორტსმენის მზადების სისტემა საბჭოთა კავშირში, აღმოსავლეთ გერმანიაში, კუბაში, ჩინეთსა და ვთქვათ, რუმინეთში, უნიკალური იყო და მისი ხელაღებით უარყოფა, ჩემი აზრით, არ შეიძლება. ავსტრალიაზეც გეტყვით – აქ ყველაფერი აქვთ: სასმელ-საჭმელი, სპორტული ინვენტარი, დარბაზები, სამედიცინო უზრუნველყოფაც, მაგრამ სწორედ სისტემა მოიკოჭლებს. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: სწორედ იმ საბჭოთა სისტემამ დაღუპა ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენი. მაგალითი გნებავთ? არ შემხვედრია უფრო დიდი ტალანტი, ვიდრე სიმაღლეზე მხტომელი ვლადიმერ იაშჩენკო იყო. მაგრამ ის უაზრო ექსპლოატაციით დაღუპეს, ტრავმირებული ტკივილგამაყუჩებლით გაჭყეპილი გაჰყავდათ ხოლმე საასპარეზოდ… ჩემ მიმართაც იგივე მეთოდით მუშაობდნენ, მაგრამ ვუძალიანდებოდი. ალბათ, ამიტომაც შემოვრჩი ბილიკს ასე დიდხანს.

…მწვრთნელი ყველა დონის სპორტსმენისთვის აუცილებელია. ეს ხომ აქსიომაა?! სპორტის ნებისმიერ სახეობაში ვინც კი გაყოყოჩდა და მწვრთნელზე უარი თქვა, ყველამ კისერი წაიტეხა.

…ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სრულად ჯანმრთელი და სტარტისთვის ფიზიკურად სრულფასოვანი არასდროს ვყოფილვარ. მიუხედავად ყველაფრისა, უბედნიერესი კაცი ვარ – საყვარელ სახეობაში ყველა ოცნება ავიხდინე!

…ნებისმიერი შეჯიბრის წინ მკვდარივით მეძინა ხოლმე. აი ტურნირის შემდეგ კი, შედეგის მიუხედავად, 2-3 დღე თვალს ვერ ვხუჭავდი, ვბორგავდი და უაზროდ დავბორიალობდი.

…ჟურნალისტებთან ყოველთვის ნორმალური დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ მათ მაინც ყოველთვის გავურბოდი. გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრებით 2 ჩემოდანი სავსე მქონდა – ცხონებული დედაჩემი აგროვებდა.

…სპორტის სხვა სახეობებიდან ძალიან მიყვარს ფეხბურთი. თბილისში თუ ვიყავი, დინამოს მატჩებს არ ვაცდენდი. სხვათა შორის, სოხუმში ერთ გუნდში ვთამაშობდით მე და სერგეი ბაღაფში, აფხაზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

…ავსტრალიაში 1992 წელს კონტრაქტით წამოვედი, პრესტიჟულ კოლეჯ სენტ-ჯოზეფში დავიწყე მუშაობა. ეს არაა სპორტული კოლეჯი, მაგრამ სპორტში მეცადინეობისთვის იდეალური პირობები შექნეს. საცოდაობაა, რომ იქ მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები არ იზრდებიან. მოკალი თუ გინდა – ვარჯიში არ უნდათ, ცოტაოდენით კმაყოფილდებიან… იმ კოლეჯმა ბინაც მომცა, ჩემი შვილიც კარგად მოეწყო. 5 წლის შემდეგ სიტუაცია აირია – კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, მომთაბარე ცხოვრებაც მაშინ დავიწყე. გაურკვევლობა თითქმის 3 წელიწადი გაგრძელდა.

…ერთი პერიოდი ძალიან გამიჭირდა – უმუშევრობა გამიგრძელდა და ლამის თავის მოკვლაზე დავფიქრდი… იქამდე მივედი, რომ გაზეთში განცხადება გამოვაქვეყნე: მე, ესა და ეს პიროვნება, ჩემი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლებს ვყიდი-მეთქი. მაგრამ უბედურება იცით რა იყო? ყველას მუქთად უნდოდა! ყველაზე მაღალი ფასი, რომელიც შემომთავაზეს, 5 ათასი დოლარი იყო. ავსტრალიაში ეს თანხა მაქსიმუმ 2 თვე გეყოს. კიდევ კარგი ოჯახის წევრებმა და აქაურმა ნაცნობებმა მედლების გაყიდვა გადამაფიქრებინეს.

…გაგეცინებათ, მაგრამ 90-იანი წლების მიწურულს პიცასაც დავატარებდი. ვთქვათ, ვიღაც ლაწირაკს ან მოხუცს ნასადილევს ან ძილის წინ პიცა რომ მოუნდებოდა, დარეკავდა ჩვენთან ოფისში, შეუკვეთავდა და მე, 3 ოლიმპიადის ჩემპიონი ვიქტორ სანეევი მივდიოდი და შინ მივართმევდი პიცას… გიკვირთ? არადა იყო ასეთი დროც. თუმცა მუშაობა არასდროს მითაკილია. ვმუშაობდი, ხომ არ ვიპარავდი? იმ დროს სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა.

სანეევი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ჟურნალის პირველი ნომრის გარეკანი, 1999 წელი

…აქ სპორტსმენის ოჯახის შექმნას რაიმე ფორმით წინ რომ აღუდგე, შეიძლება სასამართლოშიც გიჩივლონ, სამსახურს კი ნამდვილად დაგატოვებინებენ – მოქალაქის პირად ცხოვრებაში ჩარევად ჩაგითვლიან. ჩემ დროს სხვანაირად იყო – საბჭოთა სპორტსმენები უუფლებონი ვიყავით. თუ მწვრთნელს ან უარესი, სპორტის მაღალჩინოსანს არ დაემორჩილებოდი, სერიოზულ შეჯიბრზე ვერც იოცნებებდი.

…ავსტრალიაში სამხტომში წარმატებული ათლეტის გაზრდა ძალიან ძნელია. აქაურები განებივრებულნი არიან, კარგად ცხოვრობენ, ყოფითი პრობლემა თითქმის არ აქვთ, მხოლოდ სიამოვნებისთვის ვარჯიშობენ… როგორ გითხრათ? აი, მსხვერპლის გაღება, რაც წარმატების წინაპირობაა, არ უნდათ. სპორტში ვერ ხედავენ თავიანთი პროფესიული შესაძლებლობის რეალიზაციის საშუალებას. ავსტრალიელებს ყველაფერი უნდათ, ოღონდ მცირე მიღწევაც აკმაყოფილებთ.

…1995 წელს მოსკოვში ვიყავი. მითხრეს, მიდი იური ლუჟკოვთან (მოსკოვის ყოფილი მერი), ახლა ირინა როდნინას უშენებს მისივე სახელობის სპორტულ ცენტრს, შენც აგიშენებს, ამხელა სპორტსმენი ხარ, არ დაგაყვედრისო… არ მივსულვარ. არ ვარ ასეთი ამბების კაცი, ვერ „ვიჩალიჩებ“. ამდენი ხანია წამოსული ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი თვალსაზრისით აწყობილ ქვეყანაში ვცხოვრობ, ელემენტარული პირობები რომ მქონდეს, საქართველოში დაუფიქრებლად დავბრუნდებოდი.

…ცხოვრების მიზანი, ოცნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, იყო და არის აღვზარდო ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მაინც. ჯერჯერობით არაფერი გამომდის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ და დროის სვლასთან ერთად ნელ-ნელა პესიმისტიც ვხდები.

…ვნანობ თუ არა რამეს? არა. დაუფიქრებლად გავივლიდი იგივე გზას. ამბობენ, სანეევი სპორტში გაუმაძღარი იყოო. პრინციპში, ეს სიმართლეა: არ ვოცნებობდი მანქანებზე, არც ბინაზე და არც სხვა რამეზე – ჩემი ცხოვრების მიზანი მხოლოდ სპორტული შედეგი იყო, მეტრები და სანტიმეტრები!

…რა მომცა დიდმა სპორტმა? პირველ რიგში, ალბათ, მოხდა ჩემი, როგორც პიროვნების შესაძლებლობების – ფიზიკურსაც ვგულისხობ და ინტელექტუალურსაც – რეალიზაცია. ჩემი სახელი სამუდამოდ შევიდა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. განა ეს ცოტაა? მაგრამ დიდმა სპორტმა ურთულესი ტრავმებიც მომიტანა, აუტანელი ტკივილები და ავადმყოფობა.

…ვინ მაკლია ყველაზე მეტად? დედა! ხშირად ვიხსენებ, როგორ ვერ ეგუებოდა დედაჩემი ერთადერთი ვაჟის შორეულ მგზავრობებს… მახსენდება, როგორ ზრუნავდა, რომ შინ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო. ინსტიტუტიდან თუ სტადიონიდან დაბრუნებულს, ყველანაირად მიწყობდა ხელს, რომ კარგად დამესვენა… როგორ მიწესრიგებდა სპორტულ ფორმას – დედა ყოველდღე რეცხავდა და მიუთოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არც იყო საჭირო… მას სურდა სტადიონზე მისი შვილი არა მარტო ყველაზე ძლიერი, არამედ ყველაზე მოვლილი, ყველაზე სუფთა და ყველაზე ლამაზი ყოფილიყო! რა ენერგიას ხარჯავდა გემრიელი წვენების, ნახარშების, კომპოტების, მურაბების მომზადებაში! ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ იტანჯებოდა ჩემთან ერთად, როცა ტრავმას ვიშუშებდი. მახსენდება მისი ბალახები, ნაყენები, სველი საფენები, კომპრესები… საათზე დახედვა არ მჭირდებოდა: დედას არასდროს ავიწყდებოდა ჩემთვის სახვევის გამოცვლა, წამლის დალევა, მასაჟის შეხსენება… ერთ მშვენიერ დღეს დედა წავიდა. სამუდამოდ.

…ნოსტალგიური კაცი ვარ: შინ ვზივარ, ვკითხულობ და ვფიქრობ. დღეს ჩემი ცხოვრება მონოტონურია. ძალიან ხშირად მოგონებებში ვიძირები. ამდენი ფიქრისა ხანდახან მეშინია კიდეც.

…იცით, სპორტული კარიერის მანძილზე თითქმის ყველა პუბლიკაციაში მიწოდებდნენ „კენგურუს აფხაზეთიდან“ ან „კენგურუს საქართველოდან“. კენგურუს სამშობლო ავსტრალიაა და ალბათ სიმბოლურია, რომ ცხოვრების მიწურულს სწორედ ავსტრალიაში ვატარებ.

ვიქტორ სანეევი
დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში
მძლეოსანი, სამხტომელი
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი – 1968 (მეხიკო; 17.39სმ – მსოფლიო რეკორდი); 1972 (მიუნხენი; 17.35სმ); 1976 (მონრეალი; 17.29სმ); ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი – 1980 (მოსკოვი; 17.24სმ); მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი – 1970; ევროპის ჩემპიონი – 1969 (ათენი, საბერძნეთი), 1974 (რომი, იტალია); ევროპის ჩემპიონი (ჭერქვეშა) – 1970 (ვენა, ავსტრია), 1971 (სოფია, ბულგარეთი), 1972 (გრენობლი, საფრანგეთი), 1975 (კატოვიცე, პოლონეთი), 1976 (მიუნხენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), 1977 (სან სებასტიანი, ესპანეთი); ევროპის თასი – 1970, 1973, 1974, 1975; სსრკ ჩემპიონი – 1968, 1969, 1970, 1971, 1973, 1974, 1975, 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1967; სსრკ ხალხთა V და VI სპარტაკიადის ჩემპიონი – 1971, 1975; საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) – 1968, 1972, 1976; საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) – 1999; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1968; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2005; ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი – 1999; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი – 2018; ღირსების ორდენი; საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი; საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვერცხლის მედალი – 1982; მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედალი – 2005; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი – 2003; ვ.ი.ლენინის ორდენი (სსრკ) – 1972; ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (სსრკ) – 1980; შრომის წითელი დროშის ორდენი (სსრკ) – 1969; ხალხთა მეგობრობის ორდენი (სსრკ) – 1976

*-ერთადერთი სამმხტომელია, რომელმაც მძლეოსნობის ამ ურთულეს დისციპლინაში ზედიზედ 3 ოლიმპიადაზე გაიმარჯვა.

*-3-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი და ყველა შემთხვევაში ერთსა და იმავე დღეს, 17 ოქტომბერს. 1968 წელს, მეხიკოში, ოლიმპიადაზე ჯერ 17.23სმ-ზე გადახტა, შემდეგ კი გააუმჯობესა მიღწევა და ჩემპიონიც გახდა 17.39სმ-ით. 1972 წლის 17 ოქტომბერს კი სოხუმში დაამყარა მსოფლიო რეკორდი – 17.44სმ საუკეთესო მაჩვენებელია მის კარიერაში.

*-საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში მამაკაცთა შორის XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. სსჟა-ის პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა სპეციალური ჯილდო მას 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადის დღეებში გადასცა, სადაც სანეევი საქართველოს ოლიმპიური გუნდის ატაშე გახლდათ.

*-ვიქტორ სანეევი პირველი სპორტსმენია საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით დაჯილდოვდა.

*-5-ჯერ დაასრულა საშეჯიბრო სეზონი საუკეთესო შედეგით. ეს მიღწევა მოგვიანებით ჯონათან ედვარდსმა (დიდი ბრიტანეთი) და ამერიკელმა კრისტიან ტეილორმა გაიმეორეს. ვიქტორ სანეევის შედეგები: 1968 – 17.39სმ (მეხიკო; ოლიმპიადა); 1969 – 16.94სმ (ათენი; ევროპის ჩემპიონატი); 1970 – 17.34სმ (სოხუმი; სსრკ ჩემპიონატი); 1972 – 17.44სმ (სოხუმი); 1974 – 17.23სმ (რომი; ევროპის ჩემპიონატი).

*-1968 წლის 17 ოქტომბერს, მეხიკოს ოლიმპიადაზე, სამხტომელთა ფინალში 4-ჯერ გაუმჯობესდა მსოფლიო რეკორდი, აქედან 2-ჯერ ვიქტორ სანეევის მიერ.

*-1980 წელს, მოსკოვში, ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ვიქტორ სანეევს ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების პატივი ხვდა წილად. იშვიათი გამონაკლისის გარდა მოქმედი სპორტსმენები ასეთი პატივით არ სარგებლობენ.

*-1992 წლიდან ოჯახთან ერთად ავსტრალიაში ცხოვრობს.

*-2005 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა პაატა ნაცვლიშვილის წიგნი „ვიქტორ სანეევი“.

*-2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადის დღეებში, ქალაქის მეტროს სადგურთა დასახელება დროებით ყველა დროის უძლიერესი სპორტსმენების სახელებით და გვარებით შეიცვალა. ერთ-ერთ სადგურს ვიქტორ სანეევის სახელი ეწოდა.

*-2013 წლის 16 ნოემბრიდან მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის – IAAF – დიდების დარბაზის წევრია.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდანკარიერა ფრაზებში 2; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian