კარიერა ფრაზებში #56: არვიდას საბონისი

არვიდას რომას საბონისი გასული საუკუნის 80-90 წლების მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახლავთ.
კარიერის გამორჩეული წლები ლიეტუველმა გიგანტმა საბჭოთა კავშირის ნაკრებს და ვილნიუსის ჟალგირისს შეალია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ევროპას მიაშურა და მადრიდის რეალის ლიდერად იქცა. 90-იანი წლების მეორე ნახევარში, კარიერის მიწურულს, ის ყველა კალათბურთელისთვის საოცნებო NBA-ში გადავიდა, ბოლოს კი ისევ ჟალგირისი იყო, სადაც დიდი კარიერა დაამთავრა.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ – FIBA – 2010 წლის 20 აგვისტოს არვიდას საბონისი დიდების დარბაზში შეიყვანა, 2011 წლის 4 აპრილს კი ლიეტუველი ჯეიმს ნეისმიტის სახელობის საკალათბურთო დიდების დარბაზის წევრიც გახდა. იმავე წლის 24 ოქტომბერს ის ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
კალათბურთის ქართველ მოყვარულებს არვიდას საბონისის ბრწყინვალე თამაში კარგად ახსოვთ: სხვა შესანიშნავ ჟალგირისელებთან ერთად ის ხშირად აოცებდა თბილისის სპორტის სასახლეში შეკრებილ ქომაგებს.
საბონისი კარიერის დასრულების შემდეგაც ხშირად სტუმრობდა საქართველოს. 2011 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე, ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიეტუველი ლეგენდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
ყველა დროის უდიდესი ევროპელი კალათბურთელის კარიერიას, ტრადიციულად, მისივე ინტერვიუებში ამოკითხული ფრაზებით გავიხსენებთ.

…ბავშვობაში ძალიან დამჯერი ვიყავი. ყოველთვის ვჭამდი იმას, რასაც დედა მაძლევდა. ამიტომაც გავიზარდე ამხელა. განსაკუთრებით რა მიყვარდა? სტაფილო, თუმცა დედის ხათრით ჭარხალსაც მივირთმევდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მიყვარდა.

…სპორტი პატარაობიდანვე მიზიდავდა. კალათბურთამდე მძლეოსნობაში ვვარჯიშობდი: სიგრძეზე ხტომა, ბირთვის კვრა, შუბის ტყორცნა… შემდეგ ცურვა იყო, ფრენბურთიც ვცადე, მაგრამ კალათბურთმა ყველაზე ძალიან მომხიბლა.

…აკადემიის გუნდიდან დავიწყე მოგზაურობა. ჯერ საბჭოთა კავშირის ქალაქები იყო – თითქმის ყველგან ვთამაშობდით, სადაც მეტოქე გვეგულებოდა. ნელ-ნელა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც წავედით: უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა… მახსოვს, ერთხელ კუბაშიც უნდა წავსულიყავით, მაგრამ პატარები ვიყავით და მგონი, ამიტომ აღარ გაგვიშვეს.

…საბჭოთა კავშირში ჩვენი მთავარი მეტოქე მოსკოვის ცსკა იყო. სხვა ქალაქებშიც კარგი გუნდები ჰყავდათ, მაგრამ ჟალგირისის ნომერ პირველი კონკურენტი სწორედ არმიის სპორტული კლუბი გახლდათ. იქ ქვეყნის ნაკრების ბირთვი თამაშობდა, ყველაზე მეტი დაფინანსება ჰქონდა და ყურადღებაც, სხვებთან შედარებით, მეტი ექცეოდა. ასეთი მოდელი მიუღებელი მგონია. ალბათ, ეს იყო იმის მიზეზი, რომ სხვა რესპუბლიკებში, იგივე უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა თუ ბელარუსში კალათბურთის დონე ლიეტუვასთან და რუსეთთან შედარებით, დაბალი იყო.

…ცსკა-ს წინააღმდეგ თამაში რატომაც მიყვარდა, ადვილი მისახვედრია – როცა მთავარ კონკურენტს ეთამაშები, მოტივაცია მეტია. რაც შეეხება ქალაქს, ასეთი ლენინგრადი და თბილისი იყო – იქ ბრწყინვალე გულშემატკივრობა იცოდნენ, თან ორივე ქალაქი ძალიან ლამაზი იყო.

…ლამის 40 წლის ვიყავი, როცა ჟალგირისში დავბრუნდი და ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელი გავხდი. მაშინ წერდნენ, რომ ეს სასწაული იყო, მაგრამ ბევრს არ ახსოვდა, რომ მე და ჩემი თაობის კალათბურთელები მთელი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით, განსხვავებით მომდევნო თაობისგან. არა, მათ კი არ ვაკნინებ, მაგრამ დამიჯერეთ, ვარჯიშის ის მეთოდები, რაც საბჭოთა კავშირში იყო, არსად მინახავს.

…ჩვენ დროს ფულის გამო არ ვთამაშობდით, დღეს კი… ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელი თავიდანვე მაღალ ხელფასს იღებს და შემდეგ ამ გამოცდას ვეღარ უძლებს. 20 წლის ასაკში კარგ კონტრაქტს მიიღებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერს მიაღწიეს. ამ შემთხვევაში რაიმე რჩევის მიცემა უაზრობაა – ეს კონკრეტული ადამიანის შინაგანი მორალური არჩევანის საკითხია. ვიღაც მზად არის მცირედით დაკმაყოფილდეს, სხვას კი პირიქით, სურს თავისი ნიჭის ასი პროცენტით რეალიზაცია მოახდინოს… საქმისადმი დამოკიდებულება – აი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი.

…ოლიმპიადების მხრივ არასდროს მიმართლებდა. 1984 წელს შესანიშნავი გუნდი გვყავდა, მაგრამ ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო, საბჭოთა კავშირის ნაკრები ლოს ანჯელესში არ გაუშვეს. რაც შეეხება სეულის ოლიმპიადას, იქ სრულიად შემთხვევით მოვხვდი. მანამდე წელიწადნახევარი თამაშგარეში ვიყავი – უმძიმესი ტრავმა მივიღე და დიდი დრო გამიცდა. სიმართლეს გეტყვით: სეულში ჩემი წასვლა არც იგეგმებოდა, უბრალოდ, ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ გომელსკიმ ძალიან მკაცრად მითხრა: სეულში წამოხვალ და ითამაშებ კიდეც! ოლიმპიადაზე სწორედ მის გამო მოვხვდი და ვითამაშე, თუმცა ცალი ფეხით.

…ხომ გახსოვთ როგორი პოლიტიკური სიტუაცია იყო საბჭოთა კავშირში 80-იანი წლების ბოლოს? მოსკოვსა და ლიეტუვას შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა, ნაკრებში კი, რუსების მხარდამხარ, მაშინ ძალიან ბევრი ჩემიანი თამაშობდა. ყველაფრის მიუხედავად გომელსკიმ მოახერხა და ჩვენგან ერთი ოჯახი შეკრა! მეტიც, მან იმდენი შეძლო, რომ მოთამაშეებს საზღვარგარეთ წასვლის საშუალება და ფულის შოვნის შანსიც გაგვიჩინა! მეეჭვება ისეთი გუნდი, როგორიც ჩვენი ნაკრები იყო სეულის ოლიმპიადაზე, ვინმემ სადმე შექმნას.

არვიდას საბონისი

1992 წელი, ბარსელონის ოლიმპიადა: არვიდას საბონისი ლიეტუვის ნაკრებში, ამერიკის ოცნების გუნდის და დევიდ „ადმირალ“ რობინსონის წინააღმდეგ

…ოლიმპიადა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ჩვენი გამჩერებელი არავინ იყო. ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი ნახევარფინალში, ამერიკელებთან. გადამწყვეტ შეხვედრაში იუგოსლავიასთან კი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ისინი წინ იყვნენ, ჩემპიონობაში წამითაც არ შემპარვია ეჭვი. საბოლოოდ ასეც მოხდა – ოქრო ჩვენ დაგვრჩა.

…კარიერა იმიტომ დავასრულე, რომ ყველაფრით დაღლილი ვიყავი. თეორიულად კიდევ შემეძლო ერთი-ორი სეზონი უმაღლეს დონეზე თამაში, მაგრამ ათენის ოლიმპიადის შემდეგ მივხვდი, რომ სეზონისწინა შეკრებას და მომქანცველ ვარჯიშებს ვეღარ გადავიტანდი. თან, ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარება მსურდა. ყველაფერი ძალიან მალე გადავწყვიტე.

…მწვრთნელობა არასდროს მსურდა. დასამალი არაფერია – ჟალგირისიც მთავაზობდა გუნდში დარჩენას და რამდენიმე ევროპული კლუბიც, მაგრამ ყველა წინადადებაზე უარი ვთქვი. მოთამაშისგან განსხვავებით, რომელსაც დროდადრო დასვენება შეუძლია, მწვრთნელი წამით არ უნდა მოდუნდეს. პლუს, გუნდის ხელმძღვანელი მუდმივ სტრესშია, კოლოსალურ ძალას ხარჯავს, მე კი ამის სურვილი არ მქონდა.

…სპორტულ ფორმას დღემდე ვინარჩუნებ. ორგანიზმი წლების განმავლობაში ეჩვეოდა დატვირთვას, ამიტომ, ჩემდაუნებურად ვგრძნობდი, რომ თამაში მჭირდებოდა. ახლა კვირაში ერთხელ აუცილებლად ვთამაშობ მეგობრებთან ერთად.

…1995 წელს, როცა მადრიდის რეალის წევრი ვიყავი, კლუბში ფინანსური კრიზისი დაიწყო. ბარსელონაში გადასვლა არ მსურდა, საბერძნეთის ვარიანტიც გამოვრიცხე და სწორედ ამ დროს გამოჩნდა NBA-ში გადასვლის შანსი. ვიფიქრე, რატომაც არა? ცხადია, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამერიკაში 7 წელი დავრჩებოდი, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ იქ წასვლა ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა.

…პორტლენდში ნორმალურად მიმიღეს. საერთოდ, NBA-ის გუნდებში ასეთი წესია – ახალბედებს აშაყირებენ ხოლმე, ჩემთან მიმართებაში კი ასეთი რამ არავის გაუკეთებია. ასაკის გათვალისწინებით, მწვრთნელი ხშირად მაძლევდა სულის მოთქმის საშუალებას. კალათბურთის მხრივ NBA-ში პრობლემა ნაღდად არ მქონდა, სამაგიეროდ, ცხოვრების ამერიკული წესი ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ევროპაში და მითუმეტეს, საბჭოთა კავშირში მივეჩვიე.

…ყველაზე რთული მოწინააღმდეგე? საბჭოთა კავშირში ასეთი ტკაჩენკო იყო, ნამდვილი ადამიანი-მთა! მის ფონზე მოზარდის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. მასთან შეჯახების მერე ხშირად ვეცემოდი პარკეტზე. ცხადია, ასეთ შემთხვევებს ჩემ სასარგებლოდ ვიყენებდი – ვცდილობდი მსაჯისთვის ჯარიმა დამეტყუებინა. რაც შეეხება NBA-ის, იქ ასეთი მეტოქე შაკილ ო’ნილი იყო. მის შესაჩერებლად ბოლომდე ჯანმრთელი უნდა ყოფილიყავი. ერთი ერთზე მისი შეჩერება გამორიცხული იყო. გარდა იმისა, რომ შაკი საოცარი გაბარიტების პატრონია, ძალიან მოქნილიცაა. ერთი სიტყვით, მის წინააღმდეგ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არასდროს ვიყავი – პარტნიორებიც მეხმარებოდნენ.

…საუკეთესო კალათბურთელი? გამორჩეული არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ასეთად მაიკლ ჯორდანი მიმაჩნია. ის სრულყოფილი მოთამაშე იყო: შესანიშნავი ტყორცნა, დაფარული პასი, დიდებული თამაში დაცვაში, საოცარი პლასტიკა… ის ტალანტი იყო! როცა ჯორდანის სიდიადეზე ვსაუბრობთ, მისი თანაკლუბელებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც მართლა მაგარი კალათბურთელები იყვნენ, მაგრამ მაინც – მაიკლი უნაკლოა! ის უდიდეს გავლენას ახდენდა არამარტო გუნდზე, მეტოქეზეც.

…რაიმეს შეცვლა რომ შემეძლოს? ერთის გარდა, ყველაფერს უცვლელს დავტოვებდი – 16 წლისა ერთდროულად 3 ნაკრებში არ ვითამაშებდი. საკუთარ თავს ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევდი, სამმაგ დატვირთვას ვიღებდი და ალბათ, სწორედ იმ პერიოდში დავიზიანე მუხლები, რის გამოც მთელი ცხოვრება ვიტანჯები. ალალად ვამბობ: 1984 წლიდან მოყოლებული მეტოქეებზე უფრო ტრავმებს ვებრძოდი. ტკივილებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი – პარკეტზე ყოველთვის გავდიოდი, მიუხედავად იმისა, შემეძლო ფეხზე დგომა თუ არა.

…სანამ მოთამაშის კარიერას დავასრულებდი, კაუნასში ბავშვთა საკალათბურთო სკოლა გავხსენი, სადაც 8-16 წლის ბავშვები ვარჯიშობენ. მიხარია, რომ იქაურობა ვითარდება. ლიეტუვაში კალათბურთი ნომერ პირველი სპორტია და მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვეკარგება უსახსრობის გამო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი აკადემია მცირედით მაინც ცდილობს ამ პრობლების მოგვარებას. დროდადრო იმედისმომცემ მწვრთნელებს ამერიკაში ვაგზავნით განათლების მისაღებად და გამოცდილების შესაძენად. ამას ფინანსური მოგების მისაღებად არ ვაკეთებ, უბრალოდ ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია.

…ვარ თუ არა პოლიგლოტი? თავად გადაწყვიტეთ: კარიერის მანძილზე ინგლისურად, პოლონურად, ჩეხურად, ესპანურად და რუსულად ნორმალურად საუბარი ვისწავლე. მგონი საკმარისია.

არვიდას საბონისი
დაიბადა 1964 წლის 12 დეკემბერს კაუნასში
1981-1989, 2001-02 და 2003-05 წლებში ვილნიუსის ჟალგირისის, 1989-92 წლებში ვალიადოლიდის ფორუმის (ესპანეთი), 1992-95 წლებში მადრიდის რეალის (ესპანეთი), 1995-2001 და 2002-03 წლებში კი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის (აშშ) კალათბურთელი, ცენტრი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1985, 1986, 1987; ესპანეთის ჩემპიონი – 1993, 1994; ესპანეთის თასი – 1993; მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული – 1986; ოლიმპიური ჩემპიონი – 1988 (სეული); ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი – 1992 (ბარსელონა), 1996 (ატლანტა); მსოფლიოს ჩემპიონი – 1982; მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – 1986; ევროპის ჩემპიონი – 1985; ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 1995; ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1983, 1989; ევროპის ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე – 1985; ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე – 1994, 1995; ესპანეთის სუპერფინალის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე – 1993, 1994; ევროლიგის ფინალის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე – 1995; ევროლიგის რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე – 2004; ევროლიგის TOP16-ის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე – 2004; ევროპის საუკეთესო კალათბურთელი – 1984, 1985, 1988, 1995, 1997, 1999

ლაშა გოდუაძე (წიგნიდანკარიერა ფრაზებში; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian