კარიერა ფრაზებში #58: კობი ბრაიანტი

მსოფლიო სპორტს არაერთი ტრაგედია ახსოვს: სუპერგა და ილ გრანდე ტორინო, მიუნხენის აეროპორტში დაფერფლილი მანჩესტერ იუნაიტედი – ბასბის ჩვილები, ტერორისტების მიერ 1972 წლის ოლიმპიადაზე ისრაელის გუნდის წევრების მკვლელობა, ურუგვაელი მორაგბეები ანდებში, ტაშკენტის ფახთაქორის საშინელი აღსასრული…
დიდი დრო არ გასულა ბრაზილიის შაპეკოენსეს ავიაკატასტროფიდან, ემილიანო სალას და ხოსე ანტონიო რეიესის ამბავზე კი თვეების წინ ვწერდით. ჩვენი, ქართული სპორტის წარსულიდან კი მძიმე ამბებს, თქვენის ნებართვით, აღარ გამოვიხმობ…
სპორტის და გამორჩევით კალათბურთის მოყვარულები 26 იანვარს კიდევ ერთხელ დავიზაფრეთ: კალიფორნიაში მომხდარ ტრაგედიას კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი შეეწირა.
მას შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალება ამ საოცარ მოთამაშეზე და უბედურებაზე წერს. ბრაიანტის ტრაგედიას ათასობით ადამიანი გამოეხმაურა სახელმწიფოთა მეთაურებით დაწყებული კინოვარსკვლავებით დასრულებული. სპორტსმენებზე არაფერს ვამბობ – სპორტის სხვადასხვა სახეობის ლეგენდებმა მიუსამძიმრეს გარდაცვლილთა ოჯახებს.
კობი ბრაიანტი მხოლოდ დიდი კალათბურთელი არ იყო. ის ძალიან დიდი სპორტსმენი გახლდათ და თუ ასეთ დროს ხმამაღლა და უადგილო ნათქვამად არ მოგეჩვენებათ, საკალათბურთო მოდის ერთგვარი კანონმდებელიც იყო – ბევრს შეაყვარა ეს მშვენიერი თამაში, მისი ლეიკერსის ცქერაში კი თაობები გაიზარდა.
2020 წლის 26 იანვარს ძალიან დიდი ათლეტის ცხოვრება დასრულდა. მაგრამ მის სახელს დავიწყება არ უწერია – ის ლეგენდა იყო, ლეგენდა კი, თქვენც კარგად იცით, საუკუნეებს უძლებს.

…არაფრის მეშინოდა: ბნელი ოთახები, ავი ძაღლები, თანატოლებთან ჩხუბი… მორიდებული ნაღდად არ მეთქმოდა. ცელქი ვიყავი და ვერავინ მაჩერებდა! ერთადერთი, ვისიც მეშინოდა, ბებიაჩემი იყო – თუ გავაბრაზებდი, თავის ხელჯოხით მცემდა.

…ბებია ერთადერთხელ მოვიდა ჩემი თამაშის სანახავად, ტორონტო რეპტორსთან და მეც 81 ქულა ჩავაგდე! მერე ბევრჯერ ვთხოვე კიდევ მოსულიყო, მაგრამ დარბაზში ვეღარ შემოვიტყუე.

…13 წლის რომ ვიყავი, ჩვენ თამაშებს 200, მაქსიმუმ 300 კაცი ესწრებოდა. ვთვლიდი, რომ ეს საკმარისი არ იყო – მინდოდა დარბაზი სავსე ყოფილიყო! ხშირად მთელ უბანს მოვივლიდი და ყველა ნაცნობს ვეპატიჟებოდი.

…ლოს ანჯელეს ლეიკერსთან კონტრაქტს დედამ და მამამ მოაწერეს ხელი. მე მხოლოდ პრეზენტაციაზე მივედი და სულელივით ვიკრიჭებოდი.

…მხოლოდ ორი ადამიანი მამხნევებდა და ყოველთვის გვერდში მედგა: დედა და მამა! ისინი ჩემით ამაყობდნენ როცა 40 და მეტ ქულას ვაგროვებდი და მაშინაც, როცა ყველაფერს ვაფლავებდი.

…18 წლის რომ ვიყავი, მაიკლ ჯეკსონმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ. მითხრა, ძალიან კარგად თამაშობ და იცოდე, როცა პოპულარული გახდები, პირველი, რაც უნდა გააკეთო, პირადი ცხოვრების ყველასგან დაფარვააო. პრინციპში, ის მართალი იყო.

…გამიმართლა: იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და თან, ამაში დიდ ფულს მიხდიან. სეზონში 82 მატჩი ჩემთვის არაფერია. თუ გსურთ 182 იყოს! კარიერის დასაწყისში ვცდილობდი მცირე ხნით დამეძინა და დიდხანს მევარჯიშა, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, კარგ ვარჯიშს კარგი დასვენება უნდა შეუთავსოო და მეც მათ დავემორჩილე. თუმცა მომქანცველი ვარჯიში დღესაც ჰაერივით მჭირდება.

…მამა მთხოვდა ყოველი თამაშის წინ კარგად გავხურებულიყავი, სხეული დატვირთვებისთვის მომემზადებინა. ძალიან სწორი მიდგომაა – თუ არ გახურდი და პირდაპირ თამაში დაიწყე, დიდი შანსია მძიმე ტრავმა მიიღო. საბედნიეროდ, ჯერ ასეთი რამ არ მომსვლია.

…ბავშვობაში, როცა ჯერ კიდევ იტალიაში ვცხოვრობდით, ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. ერთ დღეს ვან ბასტენობა მინდოდა, მერე რობერტო ბაჯოს ვბაძავდი… სერია ას თამაშებს ხშირად ვესწრებოდი, მაგრამ ახლა ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატები უფრო მომწონს.

…პირველი შვებულება იტალიაში, სარდინიაზე გავატარე – ძალიან მაგარი იყო! იტალიას ყველას გირჩევთ: ისიამოვნებთ და ბრწყინვალედ დაისვენებთ! მილანშიც კარგად გავერთე. იქ მერეც ბევრჯერ ვიყავი და ყველა შემთხვევაში ძალიან კარგი დრო გავატარე.

…დღეს გრძელი შორტებია მოდაში, მაგრამ მე არ მსიამოვნებს. მოკლე შორტებში უფრო თავისუფალი ვარ.

…რეკორდების დამყარება კარგია, მაგრამ ამაზე არასდროს ვფიქრობ. ჩემი ერთადერთი მიზანი კონკურენტის დაჯაბნაა. თუ სეზონის ბოლოს ვინმეს მიღწევას გავაუმჯობესებ, მიხარია!

…ჩემთვის კალათბურთი თავშესაფარივითაა. როცა ვთამაშობ, ბედნიერი ვარ!

…მატჩის მსვლელობისას ხშირად მიფიქრია, რომ ფლეისთეიშენს ვთამაშობ, მეტოქეებს კი ჯოისტიკებზე მხოლოდ ორი ღილაკი უმუშავებთ.

…ლეგენდებთან პაექრობის სურვილი არასდროს გამჩენია. ვის ავირჩევდი მოწინააღმდეგედ? ალბათ მეჯიქ ჯონსონს. პრინციპში, ბილ რასელიც საინტერესო იქნებოდა – ზოგი ვეტერანი მეუბნება, რომ ბილს ორ ქულასაც ვერ ჩავუგდებდი.

…მილიონობით ადამიანი მხოლოდ ფიცარნაგზე მხედავს და ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი ვარ – ბიჭი, რომელიც წაგებას ვერ იტანს. ასე არაა, ეს კობი ბრაიანტის მხოლოდ ერთი სახეა, მას მეორე, დაფარული მხარეც აქვს. მეორე კობის ერთეულები იცნობენ და ეს მხოლოდ მახარებს.

…ყველაზე ძალიან ფილადელფიელებს არ ვუყვარვარ. არადა, იქ დავიბადე.

…მედისონ სქუერ გარდენში თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ის კოლიზეუმს ჰგავს, მე კი თავი გლადიატორი მგონია… ნუ, სპაიკ ლისთან საუბარიც საინტერესოა – ის ხომ ლეიკერსის ნიუიორკულ თამაშებს თითქმის არ აცდენს.

…საყვარელი მოთამაშე? პო გასოლი! ის თეთრ გედს მაგონებს: უყურებ, ტკბები და ხვდები, რომ ისვენებ. ძალიან კარგი ბიჭია – ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ დავმეგობრდით, როცა პო მემფისში თამაშობდა.

…ერთხელ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გვიმასპინძლა. ის ჩიკაგო ბულზის ფანია და ჩვენი მწვრთნელი ფილ ჯექსონიც მთელი საღამო ათას ისტორიას უყვებოდა. გაუთავებლად იცინოდნენ! იმ წელს ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, არადა პრეზიდენტს წუთითაც ვერ დაველაპარაკე. ფილისთვის ეს დღემდე ვერ მიპატიებია!

…ერთხელ რეკლამაში მიღებდნენ, როცა ვიღაც მოვიდა და მითხრა, ბრიუსს შენთან შეხვედრა უნდაო. ვინ ბრიუსს-მეთქი? უილისსო. რა ჯანდაბა უნდა-მეთქი, ვიყვირე. არადა, იქვე იდგა მეგობართან და შვილთან ერთად და მხოლოდ ფოტოს გადაღება სურდა.

…უდიდესი შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა პრესაში შაკილ ონილის ყველა სისულელის უარყოფა დავიწყე. უნდა გავჩუმებულიყავი და შაკისთვის სრული თავისუფლება მიმეცა – ის მარტოც გაართობდა ჟურნალისტებს.

…რამდენიმე წლის წინ ლეიკერსიდან წასვლა მინდოდა. როცა ამის შესახებ განვაცხადე, იფიქრეს, რომ ვხუმრობდი, მაგრამ როგორ გითხრათ, თუ ვხედავ, რომ გუნდს ჩემპიონობის შანსი არ აქვს, იქ გაჩერება აღარ მსურს. იმ დროს ლეიკერსი მართლა ძალიან ცუდ დღეში იყო.

…არ არსებობს მარცხი, რომლის გამოც გული არ დამწყდება. არის მხოლოდ წაგება და გათავდა, მას ხარისხი არ გააჩნია. ჩემთვის მოგება-წაგების ამბავი ძალიან მარტივადაა – თეთრი და შავი. წერტილი!

…ოლიმპიური ოქრო უფრო ფასეულია, ვიდრე NBAს ჩემპიონობა. როცა პეკინში ოლიმპიადა მოვიგეთ, მედალი ჩიკაგომდე მკერდზე მეკიდა, არადა, 13 საათი ვიფრინეთ.

…ლებრონ ჯეიმსი მრავალმხრივი კალათბურთელია, მეჯიქ ჯონსონივით თამაშობს, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ უშანსოდაა.

…ერთხელ მაიკლ ჯორდანმა თქვა, რომ მე საუკეთესო ათეულში ვარ. ის აბსოლუტურად მართალია! არ აქვს მნიშვნელობა, ათეულში პირველი ვარ თუ მეოთხე. თუ ჯორდანი ჩემზე ფიქრობს, ესე იგი მართლა კარგად ვთამაშობ.

…ჯორდანობა არასდროს მსურდა. ყოველთვის, პირველი დღიდან მხოლოდ კობი ბრაიანტობა მინდოდა.

…ყოველთვის იმისთვის ვთამაშობდი, რომ იდეალური კალათბურთელი გავმხდარიყავი.

…Googleში თუ მიძებნია საკუთარი თავი? როგორ გითხრათ, სიბრიყვე არაა საკუთარ თავზე ინტერნეტში ცნობების ძიება?

…იცით, ჩემთვის მთავარი გამარჯვებაა და მზად ვარ საამისოდ ყველაფერი გავაკეთო. თამაშია საჭირო? გავალ და ვითამაშებ! სკამზე ჯდომით მოვიგებთ? ავდგები და დავჯდები. ეგ კი არა, ოღონდ მოვიგოთ და თუ გინდა თანაგუნდელებისთვის ყავის მოდუღების მეტს არაფერს გავაკეთებ.

…თუ ჩემმა თამაშმა ვინმეს, თუნდაც ერთ ადამიანს საკუთარი თავის რწმენა შემატა, ძალიან გამიხარდება.

…არასდროს მიფიქრია მარცხზე. ვთვლი, რომ თუ ადამიანი დიდხანს ფიქრობს წაგებაზე, ის აუცილებლად ხელმოცარული ტიპი იქნება.

…ჩემთან მეგობრობა გსურთ? მაშინ ერთი რამ გაითვალისწინეთ: პირდაპირი ვარ და ყოველთვის იმას გეტყვით, რასაც ვფიქრობ. ბევრს ურთიერთობის ასეთი ფორმა არ მოეწონა და ჩემთან მეგობრობა გადაიფიქრა.

…კალათბურთი ძალიან მიყვარს. იცით, შობის დილას შვილებთან ერთად ვხსნი ნაძვის ხის ქვეშ დამალულ საჩუქრებს, მერე მათთან ერთად ვგუნდაობ ან ჩემ ოთხ ძაღლს ვასეირნებ, რამდენიმე საათში კი… დარბაზში მივდივარ და ვარჯიშით ვიქანცები.

…ამ ცხოვრებაში მხოლოდ ფუტკრის მეშინია. მეტიც: დასანახად ვერ ვიტან ფუტკრებს.

…ვთვლი, რომ კარგი მწვრთნელი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონი მწვრთნელია. სისულელეა, როცა ვიღაცაზე ამბობენ ძლიერი სპეციალისტიაო და ამ დროს ღირებული ტიტული არ აქვს.

…მწვრთნელობა? გამორიცხულია!

…ცხოვრება ძალიან მოკლეა საიმისოდ, რომ ჩაიკეტო და გული არავის გაუხსნა. ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგი, შემდეგ მეორე… არ გაჩერდე, იმოძრავე და მალე აუცილებლად გაიღიმებ.

…თუ შევძლებ და ჩემი ცხოვრებით, თამაშით ან საქმით ვინმეს თავის პროფესიაში წარმატების მიღწევაში დავეხმარები, ძალიან გამეხარდება.

…ზარმაცებს ვერასდროს გავუგებ! და სიმართლე გითხრათ, არც მინდა, რომ ოდესმე გავუგო. ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდით და ასე იქნება მომავალშიც!

კობი ბრაიანტი
დაიბადა 1978 წლის 23 აგვისტოს ფილადელფიაში. გარდაიცვალა 2020 წლის 26 იანვარს, ქალაქ კალაბასასთან მომხდარ ავიაკატასტროფაში
1996-2016 წლებში ლოს ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელი
ტიტულები: NBAს ჩემპიონი – 2000, 2001, 2002, 2009, 2010; NBAს ფინალების ყველაზე სასარგებლო მოთამაშე – 2009, 2010; NBAს ყველაზე სასარგებლო მოთამაშე – 2008; NBAს ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე – 1998, 2000-16; NBAს ყველა ვარსკვლავის მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე – 2002, 2007, 2009, 2011; NBAს საუკეთესო ბომბარდირი – 2006, 2007; NBAს სეზონის I გუნდის წევრი – 2002-04, 2006- 13; NBAს სეზონის II გუნდის წევრი – 2000-01; NBAს სეზონის III გუნდის წევრი – 1999, 2005; ოლიმპიური ჩემპიონი – 2008 (პეკინი), 2012 (ლონდონი); ამერიკის ქვეყნების ჩემპიონატის გამარჯვებული – 2007 (ლას ვეგასი)

*-20 სეზონი ითამაშა ერთ გუნდში, რაც რეკორდია. მოგვიანებით ეს მიღწევა დირკ ნოვიცკიმ (დალას მევერიქსი) გაიმეორა/გააუმჯობესა.
*-ერთადერთია NBAს ისტორიაში, რომელსაც გუნდმა სამუდამოდ მიაკუთვნა 2 ნომერი – #8 და #24. ტრაგედიის მეორე დღეს დალას მევერიქსის მფლობელმა მარკ ქიუბენმა კობის მის კლუბში სამუდამოდ მიანიჭა 24ე ნომერი. ბრაიანტი პირველია, რომელიც სხვა გუნდმა ასე დააფასა.
*-4ჯერ გახდა NBAს ყველა ვარსკვლავის მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP). ამ შედეგით რეკორდსმენია ბობ პეტიტთან ერთად.
*-ლოს ანჯელეს ლეიკერსის რეკორდსმენი: რეგულარულის მატჩებით – 1 345; ფლეი ოფის მატჩებით – 220; რეგულარულის ქულებით – 33 643; ფლეი ოფის ქულებით – 5 640; სეზონში ქულებით – 2 832 (2005-06); ერთ მატჩში ქულებით – 81 (2006.01.22, ტორონტო რეპტორსთან); ჩაჭრებით – 1 944.
*-18 წლის და 158 დღისა დღემდე ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც NBAს ეგიდით გამართულ შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში ითამაშა.
*-37 წლის და 169 დღისამ NBAს ეგიდით გამართულ მატჩში 60+ ქულა ჩააგდო, რაც ლიგის რეკორდია.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდანკარიერა ფრაზებში 2; 2020)

ka_GEGeorgian