კარიერა ფრაზებში #59: პელე

დღეს 23 ოქტომბერია და დღეს ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს, პელეს დაბადების დღეა.
ფეხბურთის მეფე, XX საუკუნის უდიდეს მოთამაშედ აღიარებული ბრაზილიელი და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, 80 წლის გახდა.
პელემ ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უდიდესი აღიარება მოიპოვა, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ კი ლამის ყველა მარადიული სპორტული ტიტულიც მოიგო.
ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ნაბიჯი მგონია – სოკმა პელე XX საუკუნის ნომერ პირველ ათლეტად დაასახელა.
ფეხბურთის მეფის კარიერას მისივე ინტერვიუების დახმარებით გავიხსენებთ. წლების განმავლობაში ჩემ არქივში პელეს უამრავი ინტერვიუ თუ მასზე დაწერილი ჩანახატი დაგროვდა და ეს ფრაზებიც, აქ რომ გთავაზობთ, სწორედ ასეთი წერილებიდანაა ამოკრეფილი.

 …ერთ-ერთი პირველი მოგონება მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატი და მარაკანაზოა. 9 წლის ვიყავი მაშინ. ახლაც მახსოვს: მხოლოდ დედ-მამა კი არა, მთელი ბრაზილია განადგურებული იყო ურუგვაისთან წაგებით! მამაჩემი ტიროდა… ვკითხე, რა გატირებს-მეთქი. დონდინიომ მიპასუხა, მსოფლიოს ჩემპიონატი წავაგეთო. მახსოვს, მამას თავზე ხელი გადავუსვი და დავპირდი: რომ გავიზრდები, პირადად შენთვის მოვიგებ ამ თასს-მეთქი.

…6 წლის რომ გავხდი ნაღდ, ტყავის ბურთს პირველად ფეხი იმ დღეს დავარტყი! მამა მაშინ ბაურუს საფეხბურთო კლუბში, ატლეტიკში თამაშობდა და იმ დილით ვარჯიშზე წამიყვანა. მისმა თანაგუნდელმა სოსამ გადმომიგდო ბურთი, მიდი, მანახე რა შეგიძლიაო… თავი სიზმარში მეგონა! ახლაც მახსოვს, რას განვიცდიდი იმ წამს! დაუვიწყარი ამბავია!

…ახლა სხვა დროა და ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გვიჭირდა. მარტო ჩემ ოჯახს კი არა, ზოგადად, გარშემო ცხოვრება ჭირდა… დღეს ბავშვები ტყავის, რეზინის და რა ვიცი რა ბურთით აღარ თამაშობენ, მაშინ კი ასე არ იყო – წინდებში ქაღალდის ნაგლეჯებს ან ძველ ტანსაცმელს ვტენიდით და იმით ვერთობოდით.

…ისიც მახსოვს მე და ჩემი მეგობრები დიდების ვარჯიშის სანახავად რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ მოედანზე რომ მივდიოდით. ფეხბურთელები ხანდახან ძლიერად დაარტყამდნენ, ბურთი შორს გადაუვარდებოდათ და მერე ჩვენ, პატარები, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ პირველი დაუბრუნებდა უფროსებს ნაღდ, ტყავის ბურთს.

…არ მახსოვს ვინ დამარქვა პელე, მაგრამ კარგად კი ჟღერს. მამა ძალიან აფასებდა თომას ედისონს და ედსონი მის საპატივცემულოდ დამანათლა. დონდინიოს სურდა, რომ კარგად მესწავლა და ედისონივით განათლებული ადამიანი დავმდგარიყავი. მეგობრები პელეს რომ მეძახდნენ, ვბრაზობდი, დედასაც ვთხოვე დახმარება – აუხსენი ბიჭებს, ედსონი მქვია-მეთქი… მაგრამ პატარების ამბავი ხომ იცით? აიტაცეს პელე და მერე ყველა ამ სახელით მომმართავდა. ცოტა რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ საწყენი არაფერი იყო.

…პელეს „წარმოშობის“ მეორე ვერსია ასეთია: ბაურუ ატლეტიკის მეკარე გახლდათ ბილე, რომელიც მამასთან მეგობრობდა და ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე. მე და ჩემ მეგობრებს მისი გამოჩენა ძალიან გვიყვარდა, რადგან 2-3 წუთი წაგვეთამაშებოდა და შეგვაქებდა. მეგობრები ამბობენ, რომ სწორედ ამ კაცის პატივსაცემად დამარქვეს ბილე, დროთა განავლობაში კი ბილე პელედ იქცა.

…სანამ სანტოსში სინჯებზე მივიდოდი, ყველასთვის დონდინიოს ბიჭი ვიყავი: აი, დონდინიოს ვაჟი მოვიდა… უყურე შენ, დონდინიოს ბიჭი კარგად თამაშობს… პელე დონდინიოს შვილია?.. ასე გრძელდებოდა 16 წლამდე, მაგრამ მერე მამაჩემის მეგობარმა, ვალდემარ დე ბრიტომ ხელი ჩამკიდა და სანტოსის მწვრთნელებთან წარმადგინა. მათ გამსინჯეს, რამდენიმე ამხანაგურ მატჩში დამაკვირდნენ და: კეთილი, ჩვენ აგიყვანთ, სულაც არ თამაშობ ცუდად – მითხრეს და დამტოვეს. პირველად მაშინ მივხვდი, რომ მამაზე ცუდი ფეხბურთელი არ ვიყავი. ნელ-ნელა დონდინიოს ბიჭიდან პელედ ვიქეცი.

…1956 წელს, როცა სანტოსის პირველ გუნდში დავწინაურდი, ჩვენთან ბევრი კარგი ახალგაზრდა თამაშობდა. საუკეთესოდ კოლსინიუ ითვლებოდა… გსმენიათ მის შესახებ? 17 წლის იყო ნაკრებში რომ უხმეს, მაგრამ მალე მუხლი იტკინა, დიდხანს იმკურნალა და სამწუხაროდ, დიდი ფეხბურთი ვეღარ ითამაშა… ძალიან კარგი იყო ედუც, ისიც 17 წლის მოხვდა ნაკრებში, მაგრამ მასაც არ გაუმართლა – რაღაც ვერ აეწყო ისე, როგორც საჭირო იყო… ზოგადად, ის სანტოსი ახალგაზრდული გუნდი იყო, ბიჭები ძმებივით ვიყავით… რიო დე ჟანეიროს და სან პაულუს რამდენიმე დიდი კლუბი კი მიწვევდა, მაგრამ სანტოსში იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, რომ სხვაგან წასვლა გულშიც არ გამივლია.

…სანტოსში დებიუტიდან მალე ნაკრებშიც მიხმეს და პირველივე შეხვედრაში, მარაკანაზე, არგენტინას გოლი გავუტანე. სამწუხაროდ, ის თამაში 1:2 წავგეთ.

პელე

ფეხბურთის მომავალი მეფე მშობლებთან, ოჯახურ გარემოცვაში. მისგან მარჯვნივ მამა, დონდინიო

…გავიდა კიდევ ცოტა დრო და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე, 17 წლისამ კი ჯერ ნახევარფინალში შევასრულე ჰეთ-თრიქი, მერე ფინალში დუბლი და მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდი!

…შვედეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მაშინ პირველად მოვხვდი სხვა ქვეყანაში. სანტოსთან ერთად ბრაზილიის არაერთი ქალაქი კი ვნახე, მაგრამ სხვა ქვეყანა – პირველად! ყველაფერი ახალი, უცხო იყო ჩემთვის.

…ვთვლი, რომ ნახევარფინალში საფრანგეთთან და ფინალში შვედეთთან ცუდად არ მითამაშია, სხვა თუ არაფერი, 5 გოლი გავიტანე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ 2 მატჩზე მნიშვნელოვანი უელსთან 1/4ფინალი იყო. ფეოლა დიდხანს ფიქრობდა ჩემ შესახებ. საბჭოთა კავშირთან მატჩის შემდეგ, როცა პირველად ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე, ის კვლავ ეჭვის თვალით მიყურებდა, მაგრამ ნაკრების ლიდერებმა – დიდიმ, ჯალმა სანტოსმა, ჟილმარმა, ნილტონ სანტოსმა და ჩვენმა კაპიტანმა ზიტომ მწვრთნელი დაარწმუნეს და ფეოლაც კიდევ ერთხელ მენდო. უელსს ჩემი გოლით მოვუგეთ! ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავი, თამაშის შემდეგ კი დონ ვისენტემ მითხრა, რომ ნახევარფინალს პირველი წუთიდან დავიწყებდი!

…მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოვიგეთ, ერთადერთი რამ მსურდა: შინ, ჩემებთან დარეკვა და საუბარი. ვის არ ვთხოვე, მაგრამ ვერავინ დამეხმარა და მშობლებს მხოლოდ მეორე დილით შევეხმიანე. ეს ახლაა იოლი მატჩის შემდეგ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დარეკვა, იმ დროს კი ახალი ამბები ძალიან ნელა ვრცელდებოდა.

…ოქროს თასის მოგების შემდეგ ცაში დავფრინავდი, ოქტომბერში კი, 18 წლის რომ გავხდი, ჯარში მიხმეს. არ მინდოდა წასვლა, ვფიქრობდი, რომ იქ დიდ დროს დავკარგავდი, ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი, მაგრამ სანტოსშიც და ოჯახშიც მითხრეს, რომ არმიაში აუცილებლად უნდა მემსახურა. თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პოპულარული ვიყავი და ახალგაზრდებისთვის საუკეთესო მაგალითი უნდა მიმეცა. წავედი. არ მინანია, სამხედრო სამსახურმა ბევრი რამ მასწავლა.

…კარიერის განმავლობაში არაერთხელ ვიყავი იმედგაცრუებლი, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ ისეთი გულგატეხილი, როგორც 1966 წელს, ინგლისში, მსოფლიო ჩემპიონატზე. შვედეთსა და ჩილეში გამარჯვების შემდეგ კვლავ თასის მთავარი ფავორიტები ვიყავით, მაგრამ ძალიან არ გაგვიმართლა, მე კი უბრალოდ არ დამინდეს – ფეხი მომტეხეს. იმ წუთებში, როცა ექიმებს მოედნიდან გავყავდი, ვფიქრობდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ვითამაშებდი. არადა, ასეთი დასასრული ნაღდად არ მხიბლავდა.

…იმ ტრავმის მერე დიდი დრო გამიცდა. სანამ მწვანე მინდორს დავუბრუნდებოდი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი – კიდევ რამდენი ხანი ვითამაშებდი. მეგონა, რომ 1968 წელს ფეხბურთიდან წავიდოდი, მაგრამ გავიდა ის 2 წელიც და მივხვდი, რომ კარიერის დასრულება ძალიან ადრე იყო. მერე, როცა მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე თამაშის შანსი გაჩნდა, უკან აღარ დამიხევია.

…1969 წლის შემოდგომით მივხვდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ თამაშს შევძლებდი. საკვალიფიკაციოში ყველა თამაში მოვიგეთ, მე 6 გოლი გავიტანე და მერეც, მექსიკაში ჩასვლამდე ერთხელაც არ წაგვიგია.

გარინჩა და პელე

ბოტაფოგოს და სანტოსის ლიდერები – გარინჩა და პელე. ბრაზილიის ნაკრები მათთან ერთად არასდროს დამარცხებულა

…მსოფლიო ჩემპიონატებზე არაერთი გოლი გავიტანე, მაგრამ ბევრი ხალხს არ ახსოვს. სამაგიეროდ, ყველა დაწვრილებით იგონებს იმ მომენტს, როცა ბენქსმა ჩემი თავური მოიგერია. ამაზე გულიანად ვიცინი ხოლმე… არ დავმალავ: იმ მომენტში მეგონა, რომ გოლი გავიტანე, მაგრამ ინგლისელმა შეუძლებელი შეძლო – მართლა ფანტასტიკური ბურთი მოიგერია!

…ურუგვაისთან იმ მომენტს ბევრი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცრუმოძრაობად ასახელებს. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მართლა ეფექტური გამოდგა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ გოლი ვერ გავიტანე… იცით, ასეთ რამეს წინასწარ ვერ მოიფიქრებ და არც მე დამიგეგმავს ის ფინტი, უბრალოდ, იმ მომენტში, იმ წამს ვიგრძენი, რომ ასე უნდა მეთამაშა… ვერ წარმოიდგენთ როგორ მინდოდა გოლის გატანა! ახლაც გული მწყდება იმ აცილების გამო.

…ფინალში იტალიას გოლი თავით გავუტანე. შეიძლება არ იცით, მაგრამ თავით ძალიან ბევრი ბურთი გამიტანია, ალბათ, ასზე მეტი! დონდინიო თავით ძალიან კარგად თამაშობდა და მეც მისი თხოვნით ვვარჯიშობდი თავით თამაშში… იმ დროს ბრაზილიელები ფეხით გატანას უფრო დიდი მნიშვნელობას ანიჭებდნენ, დონდინიო კი თვლიდა, რომ მაღალი დონის ფორვარდმა ბურთი სხეულის ყველა ნაწილით უნდა შეაგდოს.

…მექსიკა 70ის დაწყებამდე ჟურნალ-გაზეთებში წერდნენ, რომ ჩვენ კატასტროფა გველოდა. ერთი სტატია დამამახსოვრდა, სადაც ავტორი ამტკიცებდა, რომ მე, ტოსტაო, რიველინო და ჟერსონი ვერ გავუგებდით ერთმანეთს, რადგან ჩვენ ყველანი ათიანები ვიყავით. კი, ეს სიმართლე იყო – კლუბებში ყველანი მეათე ნომრით ვთამაშობდით! მაგრამ ასეთი ვარაუდების მიუხედავად, კრიტიკოსებს ყველა მატჩში დავანახეთ, რომ მოედანზე იდეალურად ვუგებდით ერთმანეთს. იმ ბრაზილიას დღეს ბევრი ყველა დროის უდიდეს გუნდად თვლის და ეს, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი, ათიანების დამსახურებაა.

…მექსიკაში ჩვენ, პირველ რიგში, ხალხისთვის ვთამაშობდით. იმ დროს ბრაზილიას სამხედრო ხელისუფლება მართავდა და ეს, გულახდილად ვიტყვი, არავის მოგვწონდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვიყავით თავისუფლები. იმ გუნდის ყველა წევრმა ვიცოდით, რომ ჩვენი გამარჯვებით მხოლოდ ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებს კი არა, უკლებლივ ყველა ბრაზილიელს გავახარებდით, იმის მიუხედავად მოსწონდათ მათ ფეხბურთი თუ არა. ვეტერანები: მე, ბრიტუ და ჟერსონი თანაგუნდელებს ყველა მატჩის წინ ვუმეორებდით, რომ თასი უნდა მოგვეგო, რომ ბრაზილიისთვის უნდა გაგვემარჯვა. ბედნიერი ვარ, როცა იმ დღეებს ვიხსენებ – სამშობლოში ძალიან ამაყები დავბრუნდით!

…მე1000 გოლი პენალტით გავიტანე. იმ პერიოდში დროდადრო ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ის, მე1000 გოლი… და უცბად, პენალტი! ეს ამბავი, როგორც ჩანს, ზეცაში გადაწყდა: ღმერთმა ინება, რომ ამ საიუბილეო დარტყმის წინ თამაში გაჩერებულიყო და მთელ მსოფლიოს ეხილა ეს გოლი. სხვანაირად რომ გამეტანა, ვთქვათ მაკრატელათი, ვფიქრობ, იგივე ეფექტი არ ექნებოდა.

…იმ პენალტის წინ მარაკანაზე შეკრებილი 125 ათასი კაცი ყვიროდა: პელეეე, პელეეე!.. საოცარი მუხტი მოდიოდა ტრიბუნებიდან, არასდროს რომ არ მინერვიულია, იმ დარტყმის წინ ავღელდი! ჩვენ შორის დარჩეს და, ერთ საიდუმლოს გეტყვით: როცა მსოფლიო ჩემპიონატზე ან, ვთქვათ, რომელიმე გადამწყვეტ შეხვედრაში პენალტს ასრულებ, კარი პატარავდება, მეკარე კი, პირიქით, დიდდება. არ ვხუმრობ, მართლა ასეა. იმ დღესაც იგივე მოხდა, უბრალოდ, ძალიან მინდოდა მე1000 გოლის გატანა.

…სხვათა შორის, იმ საიუბილეო გოლამდე რამდენიმე დღით ადრე კარში ჩავდექი – ჩვენი მეკარე დაშავდა, თანაგუნდელთაგან კი ყველაზე კარგად მეკარეობა მე მეხერხებოდა და უკან არ დამიხევია. ზოგადად, ვთვლი, რომ კარიდან სულ სხვანაირად ჩანს თამაში, იმაზე ბევრად საინტერესოა, ვიდრე გულშემატკივარს ჰგონია.

…სანტოსის დატოვება არასდროს მიფიქრია, რადგან კლუბში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ევროპული კლუბები მთავაზობდნენ კონტრაქტებს, უფრო დიდი გასამრჯელოც მელოდა, ვიდრე სანტოსში, მაგრამ არ იყო იმხელა სხვაობა, რომ ბრაზილია დამეტოვებინა. რეალს სურდა ჩემი გადაბირება, იუვენტუსის მფლობელმა ჯანი ანიელიმ კი ფიატის შარფი მაჩუქა ზუსტად იმ დღეს, როცა ბრაზილიაში მისი მორიგი ქარხანა გაიხსნა… იმ დროს ბევრი მიდიოდა ევროპაში: დიდი რეალში გადავიდა, ალტაფინი პალმეირასიდან მილანში, ჟულინიო ბოტელიო პალმეირასიდან ფიორენტინაში… მე კი არ წავედი და არც ვინანე.

…უცხოეთში მხოლოდ მაშინ წავედი, როცა მივხვდი, რომ სანტოსისთვის ყველაფერი გავაკეთე, რაც კი შემეძლო.

…კარიერის მიწურულს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვდი ღმერთს – როცა ამის დრო მოვა, დამეხმარე, რომ ჩემპიონად წავიდე-მეთქი. სულ 3ჯერ მომიწია ამ ნაბიჯის გადადგმა და ყველა შემთხვევაში გულისწადილი ამიხდა. 1970 წელს, მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე რომ წავედი, ვიცოდი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დიდი ტურნირი იქნებოდა. და ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით! 1973 წელს, სანტოსს რომ ვემშვიდობებოდი, კვლავ პირველი ადგილი ავიღეთ, მე კი ყველაზე მეტი გოლი შევაგდე! ჩემპიონი გავხდი კოსმოსში გატარებულ უკანასკნელ სეზონშიც… და ამ ყველაფრისთვის ღმერთის მადლობელი ვარ.

…კოსმოსში მხოლოდ კარგი ანაზღაურების გამო არ გადავსულვარ. გუნდის ხელმძღვანელებმა ამიხსნეს, რომ ჩემი დახმარებით ფეხბურთის პოპულარიზაცია სურდათ. იმ დროს ფეხბურთი სხვა სახეობებს ძალიან ჩამორჩებოდა. თავიდან რთული იყო, ხშირად ვთამაშობდით ბეიზბოლის მოედნებზე, რომელსაც საფეხბურთო მატჩებისთვის იყენებდნენ, მაგრამ ნელ-ნელა კლუბებმა ინვესტიცია მოიზიდეს და ლიგას წინსვლა დაეტყო.

…დალასში, ლოს ანჯელესში, ტამპა ბეიში და სან ხოსეში მატჩებს 40-50 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა, ხანდახან კი ეს რიცხვი 70 ათასამდე იზრდებოდა. ყველას სურდა საკუთარი თვალით ეხილა პელე, ფრანც ბეკენბაუერი, იოჰან ნეესკენსი… მაგრამ ჩვენ შორის ყველაზე პოპულარული იტალიელი ჯორჯო კინალია იყო. ის იმ წლების ამერიკული ფეხბურთის სიმბოლოდ იქცა.

…კოსმოსის ერთ-ერთი დამფუძნებელი უორნერ ქომუნიქეიშენის ხელმძღვენლი სტივ როსი გახლდათ და მისი დახმარებით ნიუ იორკში გამართულ კოსმოსის მატჩებს ბევრი ვარსკვლავი ესწრებოდა: რობერტ რედფორდი, მუჰამელ ალი, მიკ ჯაგერი, ო ჯეი სიმპსონი… ერთი-ორჯერ ენდი უორჰოლს, ელტონ ჯონს და ჰენრი კისინჯერსაც შევხვდი. ასეთების ტრიბუნებზე გამოჩენა ხალხს სტადიონზე წასვლის სურვილს უჩენდა.

…ახლანდელ ფეხბურთელებს ხშირად ვაშაყირებ ხოლმე. გავიხედავ და, ვთქვათ, ჩადიან ესპანეთში. პრეზენტაციაზე იტყვიან: მომწონს აქაურობა, ესპანეთში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი… მეორე წელს უკვე იტალიაში არიან და ამბობენ, რომ რომში ცხოვრებაზე ოცნებობდნენ… ასეთები როგორ არ უნდა აშაყირო?! პატარა ბიჭები ხომ არ არიან? ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოყალიბდნენ და გაარკვიონ რა უყვართ: ფეხბურთი თუ ფული.

…ბევრი ამბობს, რომ მაკრატელა ჩემი მოგონილია, მაგრამ ასე არაა. 30იან წლებში იყო ასეთი ფეხბურთელი – ლეონიდასი, იმ დროს, ალბათ, საუკეთესო ბრაზილიელი… დონდინიოსგან ვიცი, რომ მაკრატელა პირველად მან დაარტყა. ისე, ბრაზილიაში ასეთი ფინტებით და ეფექტური ილეთებით ვერავის გააკვირვებ – ყველა ცდილობს ორიგინალურად თამაშს და მათი შემხედვარე ხშირად მეც კი გაოგნებისგან მეტყველების უნარს ვკარგავ.

…ვერ ვიტყვი, რომ მე და მარადონა ვმეგობრობთ, მაგრამ ჩვენ შორის ნამდვილად არაა ისეთი დაძაბული ურთიერთობა, როგორც პრესა და ჟურნალისტები ცდილობენ რომ იყოს. დიეგო ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, თითქმის იდეალური და ეს რომ ვერ დაინახო, უბრალოდ ბოროტი უნდა იყო. მას ყოველთვის პატივს ვცემდი, ხშირად გვისაუბრია სხვადასხვა ღონისძიებაზე და ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის კარგი და წესიერი იყო, არასდროს გადასულა უტაქტობაში… ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: მარადონას გამო გული მწყდება, უფრო სწორად, გული მტკივა, რომ მისი კარიერა ასე განვითარდა. დიეგოს შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს კიდევ ძალიან დიდხანს უნდა ეთამაშა.

…ბევრი ძლიერი მცველის წინააღმდეგ მითამაშია, რამდენიმემ შეძლო თამაშიდან ჩემი გამოთიშვა, მაგრამ ყველაზე ძალიან ორი დამამახსოვრდა – ფრანც ბეკენბაუერი და ბობი მური. ორივე ძალიან ძლიერი იყო, საკუთარი სტილი ჰქონდათ… და თუ ოდესმე საუკეთესო მცველის დასახელებას მთხოვენ, მხოლოდ ამ ორიდან ავარჩევ.

პელე

ფეხბურთის მეფე ნიუ იორკის კოსმოსში, ფრანც ბეკენბაუერთან და ჯორჯო კინალიასთან ერთად

…დიდ ფეხბურთში 35 წელიწადი გავატარე. მთელი მსოფლიო მოვიარე და იმ პერიოდში ჩემი ცხოვრების თითოეული დღე ფეხბურთთან იყო დაკავშირებული. სულ ბოლოს, როცა კოსმოსში ვთამაშობდი, სხვა როლიც მქონდა – ამერიკაში ფეხბურთის პოპულარიზაციას ვახდენდი და სხვადასხვა აქციაში ვმონაწილეობდი… მოთამაშის კარიერა რომ დავასრულე, ბევრმა მკითხა მწვრთნელობას ხომ არ აპირებო. მაშინვე ვიცოდი, რომ ეს არასდროს მოხდებოდა. მწვრთნელობა უფრო რთულია, ვიდრე ფეხბურთელობა. ეს პროფესია რომ ამერჩია, ვიცი, ბევრი კლუბი შემომთავაზებდა თანამშრომლობას, მაგრამ ისევ 100%ით ფეხბურთში დარჩენა არ მსურდა და ამიტომაც უარი ვთქვი ყველაფერზე. სიმშვიდე მჭირდებოდა, ფეხბურთს მიღმა კი, ძალიანაც რომ მომენდომებინა, ვერ აღმოვჩნდებოდი… ზუსტად იგივე მიზეზით ვთქვი უარი ფიფას პრეზიდენტობაზე. წლების წინ ამასაც მთავაზობდნენ.

…ბევრი თვლის, რომ 1970 წელს ზაგალოს გარეშეც მოვიგებდით. სისულელეა! არავინ დაიჯეროს, რომ თუნდაც 11 ვარსკვლავს მწვრთნელი არ სჭირდება. სწორედ ასეთ დროსაა გონიერი სპეციალისტი საჭირო. თუ ძლიერ ფეხბურთელებს ჭკვიანი კაცი არ უხელმძღვანელებს, ისინი ყოველთვის წააგებენ. 1970 წელს ნაკრებში მართლა საუკეთესოები ვთამაშობდით, მაგრამ იმ გამარჯვებაში ზაგალომ უდიდესი წვლილი შეიტანა. რომ არა მისი გონივრული ნაბიჯები, შესაძლოა, ფინალში ვერც გავსულიყავით.

…17 წლისა მწვერვალზე ვიდექი, მაგრამ არც მაშინ მიფიქრია, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ვიყავი. ყოველთვის მახსოვდა დონდინიოს სიტყვები: ღმერთმა კარგად თამაშის ნიჭი გიბოძა და იცოდე, ყველაფერი თავზე დაგემხობა, თუ ვარჯიშს დაიზარებ და მხოლოდ ნიჭის იმედად იქნებიო… კარიერის განმავლობაში უამრავი თასი მოვიგე, მაგრამ ვარჯიში არასდროს გამიცდენია.

…ხშირად უთქვამთ თუ რას ვურჩევდი ახალგაზრდა, დამწყებ ფეხბურთელებს. ჭკუის დარიგება არ მიყვარს, მაგრამ ამას კი ვიტყოდი: მთავარია იმად დარჩე, რაც ხარ. არ უნდა ეცადო ვინმეს მიბაძვას, არ უნდა იყო დაძაბული და თამაშის ბოლომდე სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო. გოლსაც გაიტან, მეტოქეც იუხეშებს, პენალტსაც ააცილებ… რაც უნდა მოხდეს, საკუთარი თავის კონტროლი უნდა შეძლო. როცა მშვიდად ხარ, ყველაფერი კარგად გამოგივა.

…თავისუფალ დროს მუსიკას ვუსმენ ან გიტარაზე ვუკრავ. ამ დროს საუკეთესოდ ვისვენებ და ასე იყო ჯერ კიდევ მაშინ, ფეხბურთს რომ ვთამაშობდი. წლების შემდეგ, ფეხბურთს რომ ჩამოვშორდი, რამდენიმე ალბომი გამოვუშვი. ვერ ვიტყვი ჰიტების ავტორი ვარ-მეთქი, მაგრამ არ იყო ცუდი კომპოზიციები, ბევრს მოეწონა… ისე, თევზაობაც ძალიან მიყვარს. სან პაულუსთან ახლოს ფერმა მაქვს საკმაოდ დიდი ტბით. იქ ხშირად დავდივარ და ვერთობი… ყველაზე ძალიან პაშუს და ჟაუს დაჭერა მიყვარს… დიდი თევზებია, იოლად ვერ მოიხელთებ.

…ჟურნალისტები ჩემ ნათქვამს ხშირად ამახინჯებენ. მაგალითად, წლების წინ დაიწერა, თითქოს აფრიკის გუნდებს 2000 წლისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ვუწინასწარმეტყველე. არადა, ასე არ არის. უბრალოდ ვთქვი, რომ აფრიკის გუნდები პერსპექტიულები არიან და 2000 წლისთვის სხვაობა ევროპულ გუნდებთან მინიმუმამდე დავა-მეთქი. პრესაში კი ჩემი ნათქვამი სხვანაირად დაიბეჭდა. ეს ცუდია, მაგრამ დიდი ხანია მსგავს შეცდომებზე აღარ ვღიზიანდები… აფრიკული ფეხბურთი კი ძალიან მომწონს! ვფიქრობ, იქაური გუნდები ყველაზე მძაფრ კონკურენციას გაუწევენ ევროპელებს. აფრიკელები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე აზიელები და ჩრდილოამერიკელები.

…ერთხელ მკითხეს, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის მომგები სელესაოდან 1970 წლის ნაკრებში ვის აიყვანდითო, ერთ ფეხბურთელზე იყო საუბარი. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს რონალდო იქნებოდა – 2002ში ის საუკეთესო იყო, მაგრამ რომ დავფიქრდი, მისი ადგილი ჩვენ გუნდში ვერ დავინახე. ასე მივედი მარკოსამდე. ის კარგი მეკარე იყო და ვფიქრობ, იოლად ჩაანაცვლებდა ფელიქსს, რომელიც ძლიერ მეკარედ არ მიმაჩნია.

…ვიაგრას რეკლამაში ჩემი სურვილით გადამიღეს. ერთ მშვენიერ დღეს ექიმები დამიკავშირდნენ და ამიხსნეს: ახალგაზრდა თაობის დახმარება გვსურს, გვინდა ამ სიახლის შესახებ რაც შეიძლება მეტმა შეიტყოს და ვფიქრობთ, თქვენ ყველა მოგისმენთო. ისეთ ამბებს, ათასობით ადამიანს რომ ეხება, გულგრილად ვერ ვუყურებ და ამიტომ დავთანხმდი იმ აქციას. სხვათა შორის, გაამართლა – ვიაგრა ძალიან პოპულარული გახდა და მიხარია, რომ უამრავი მამაკაცის შველა მეც შევძელი.

…ბრაზილიურ და ევროპულ საკლუბო ფეხბურთს შორის დიდი უფსკრულია და სამწუხაროდ, ის მალე, რამდენიმე წელიწადში ვერ აღმოიფხვრება. წლების წინ სპორტის მინისტრი ვიყავი და სწორედ მაშინ დავინახე, რომ ჩვენ კლუბებს არაერთი უცოდინარი ხელმძღვანელობს. რამდენადაც ძლიერები არიან ბრაზილიური კლუბები საფეხბურთო მოედანზე, იმდენად სუსტები არიან კაბინეტებში. მენეჯმენტი – აი მთავარი პრობლემა! ჩვენ კლუბებს ისეთივე ხელმძღვანელები რომ ჰყავდეთ, როგორც ევროპულებს, თამაშს საერთოდ არ წავაგებდით! მაგალითად, ფლამენგოს მილიონობით ქომაგი ჰყავს, კლუბი კი მაინც გაკოტრების პირასაა. არის თუ არა ეს სუსტი ხელმძღვანელის ბრალი?!

…ლამის ყველა ინტერვიუში მთხოვენ საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებას, ვის მივიჩნევ მემკვიდრედ და ასე შემდეგ. არ დავმალავ: არაერთი მოთამაშე მომწონდა და მხიბლავს, იგივე რონალდო, რონალდინიო, მაგრამ ვთვლი, რომ ზინედინ ზიდანი საუკეთესოა და თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, პირველ რიგში მას და შემდეგ სხვებს.

…კერპი? პირველ რიგში ასეთი მამა იყო – მას ლამის ყველაფერში ვბაძავდი. დონდინიოს შემდეგ კი ძალიან მომწონდა ზიზინიო, იყო ასეთი ფეხბურთელი 1950 წლის ნაკრებში. იმ გუნდიდან ადემირს უფრო იცნობენ, მაგრამ ჩემთვის ნომერ პირველი ყოველთვის ზიზინიო იყო.

…ყველა დროის უდიდესი მოთამაშე? ჰმ, მეხუმრებით? პელე! რა თქმა უნდა პელე! მისი თაყვანისმცემელი ვარ და ვიქნები ცხოვრების ბოლომდე!

…ორი ყველაზე დიდი გამარჯვება გაინტერესებთ? მსოფლიო ჩემპიონატის პირველად და მესამედ მოგება! ცხოვრების ბოლომდე ღმერთის მადლობელი ვიქნები, რომ ასეთი სიხარული მარგუნა.

…გაგეცინებათ, მაგრამ არასდროს მიყიდია საფეხბურთო მატჩის ბილეთი. ამაზე ახლახანს დავფიქრდი და გამეცინა… არასდროს, არასდროს შევსულვარ სტადიონზე ბილეთით: როცა პატარა ვიყავი, მამა და მისი მეგობრები მჩუქნიდნენ, კარიერის დასრულების შემდეგ კი, ხომ ხვდებით, ყველაფერი კიდევ უფრო მარტივად იყო.

პელე

პელე (ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ)
დაიბადა 1940 წლის 23 ოქტომბერს ბრაზილიაში, მინას ჟერაისის შტატის ქალაქ ტრეს კორასოესში
1956-74 წლებში სანტოსის (ბრაზილია), 1975-77 წლებში კოსმოსის (ნიუ იორკი, აშშ), 1957-71 წლებში ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი
გუნდური ტიტულები: ბრაზილიის ჩემპიონი (სერია ა) – 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1968; სან პაულუს შტატის (პაულისტაო) ჩემპიონი  – 1958, 1960, 1961, 1962, 1964, 1965, 1967, 1968, 1969, 1973; რიო-სან პაულუს ტურნირის ჩემპიონი – 1959, 1963, 1964, 1966; ამერიკის ჩემპიონი (NASL) – 1977; აღმოსავლეთ (ატლანტიკის) კონფერენციის ჩემპიონი – 1977; ლიბერტადორესის თასი – 1962, 1963; საკონტინენტთაშორისო თასი – 1962, 1963; საკონტინენტთაშორისო სუპერთასი – 1968; მსოფლიოს ჩემპიონი – 1958, 1962, 1970
ინდივიდუალური ტიტულები: ბრაზილიის ჩემპიონატის (სერია ა) საუკეთესო ბომბარდირი – 1961 (7 გოლი), 1963 (8), 1964 (7); სან პაულუს შტატის (პაულისტაო) საუკეთესო ბომბარდირი – 1957 (36), 1958 (58), 1959 (45), 1960 (33), 1961 (47), 1962 (37), 1963 (22), 1964 (34), 1965 (49), 1969 (26), 1973 (11); რიო-სან პაულუს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი – 1963 (14); ლიბერტადორესის თასის საუკეთესო ბომბარდირი – 1965 (8); საკონტინენტთაშორისო თასის საუკეთესო ბომბარდირი – 1962 (5), 1963 (2); სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1959 (8); მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (ფიფა, ოქროს ბურთი) – 1970; მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ფიფა) – 1958; სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 1959; სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი (ელ მუნდო, ვენესუელა) – 1973
ბრაზილიის ნაკრებში: 92 მატჩი, 77 გოლი (1957-71)

10 ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდი
სანტოსის საუკეთესო ბომბარდირი – 643 გოლი (656 მატჩში)
ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი – 77 გოლი (92 მატჩში)
საკონტინენტთაშორისო თასის საუკეთესო ბომბარდირი – 7 გოლი
ერთადერთი მსოფლიოს 3გზის ჩემპიონი – 1958, 1962, 1970
ყველაზე მეტი გოლი კალენდარულ წელიწადში – 127 (1959)
ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი კარიერაში – 92
ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიტანა გოლი
ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჰეთ-თრიქი შეასრულა
ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა მსოფლიო ჩემპიონატებში – 10 (1958-70)
ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ერთ მსოფლიო ჩემპიონატში – 7 (1970)

*-1999 წელს ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) XX საუკუნის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

*-1999 წელს ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

*-1999 წელს ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო როიტერმა (REUTERS) XX საუკუნის უდიდეს სპორტსმენად აღიარა.

*-1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) XX საუკუნის ნომერ პირველ სპორტსმენად აირჩია.

*-2000 წელს ფიფამ XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

*-2006 წელს ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) XX საუკუნის ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 23 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian