კარიერა ფრაზებში #62: ჯანლუიჯი ბუფონი
ეს წერილი 2020 წლის დასაწყისში დაიწერა, როცა ჩემი წიგნისთვის მასალებს ვკრებდი.
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, იუვემ ბარსელონას კამპ ნოუზე 3:0 აჯობა და ჯგუფი მოიგო. ტურინელთა კარს 42 წლის ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა და ამ წერილსაც ამიტომ გთავაზობთ დღეს.
* * *
ფეხბურთის ისტორიას ახსოვს მოთამაშეები, რომლებსაც ასაკი ვერაფერს აკლებდა. მილანის ინტერის არგენტინელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი 40 წლისაც შეუდარებელი იყო, ისევე როგორც მანჩესტერ იუნაიტედის უელსელი სიმბოლო რაიან გიგზი. ახალგაზრდა არც ჯანლუიჯი ბუფონს ეთქმის – 28 იანვარს ის 42 წლის ხდება, თუმცა ისეთ ფორმაშია, ბევრ უმცროსს გაეჯიბრება.
მიმდინარე სეზონი ლეგენდარული მეკარისთვის 25ეა. საფრანგეთის დედაქალაქში გატარებული ერთი წლის შემდეგ ჯიჯი ბუფონი ტურინის იუვენტუსს დაუბრუნდა და დროდადრო ვოიცეხ შჩესნის ცვლის.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 7 მატჩში ითამაშა, უკვე დაამყარა რამდენიმე რეკორდი და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მალე კიდევ არაერთ საინტერესო მიღწევას მიითვლის.
22 დეკემბერს იუვენტუსი იტალიის სუპერთასისთვის ითამაშებს და თუ ტურინელებმა ჯილდო მოიგეს, ბუფონი ამ ტურნირის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი გახდება – მეშვიდედ ჩაიბარებს ჯილდოს.
თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი მეკარის კარიერას მისივე ფრაზებით გავიხსენებთ.
…ბავშვობაში ნახევარმცველი ვიყავი. ყველა ხომ იმიტომ იწყებს ფეხბურთის თამაშს, გოლი რომ გაიტანოს?! მეც ზუსტად ეს მინდოდა – მაშინ ბურთის შეგდება უფრო მსიამოვნებდა, ვიდრე კარში დგომა. მარტო ნახევარდაცვაში არ ვთამაშობდი, ხანდახან ფორვარდიც ვიყავი. ჩვენთან გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მეკარეობა უკეთესი იყო – იმ წელს კამერუნის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა, მე კი მათი მეკარით ტომას ნკონოთი მოვიხიბლე.
…ოჯახში ყველა წარმატებული სპორტსმენი იყო: მამა, დედა და დაც. მამაჩემი ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატზე II ადგილზე გავიდა, დედა ბადროს ტყორცნაში იყო იტალიის ჩემპიონი… სხვათა შორის, თავის დროზე ის ქვეყნის რეკორდსმენი გახლდათ. მათი შემხედვარე მეც მსურდა წარმატებული სპორტსმენი ვყოფილიყავი. ადრეულ ასაკში ისინი მეხმარებოდნენ, მაგრამ როცა გავიზარდე, უკვე თავად ვიცოდი, რა იყო ჩემთვის უკეთესი.
…იყო რამდენიმე სპორტსმენი, ვისთან მსგავსებაც მსურდა. მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ: მაგალითად ჩეხოსლოვაკიელი ჩოგბურთელი ივან ლენდლი ჩემი კერპი იყო, ასევე შვედი სტეფან ედბერგი, პატრიკ რაფტერი… ტომას ნკონოზე უკვე გითხარით. ასევე ძალიან მომწონდა მისი თანაგუნდელი, კამერუნის იმ ნაკრების ლიდერი როჟე მილა. მან იტალია 90ზე მართლა ძალიან მაგრად ითამაშა!
…არასდროს დამავიწყდება დებიუტი პარმაში – მეტოქე ის მილანი იყო, სადაც ჟორჟ ვეა, რობერტო ბაჯო, დეიან სავიჩევიჩი და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები თამაშობდნენ. იცით, იმ დღეს ვგრძნობდი, რომ ოცნება ამისრულდა, რეალობად იქცა ყველაფერი, რისთვისაც ბავშვობიდანვე ვემზადებოდი! სხვათა შორის, მეც და მთელმა გუნდმაც დიდებულად ვითამაშეთ – მატჩი 0:0 დასრულდა. ასეთ მეტოქეებს გოლს რომ არ გაატანინებ, ესე იგი კარგად გითამაშია. ვუყვირე თუ არა მცველებს? შეიძლება კი, შეიძლება – არა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა – მეკარის საქმე დაცვის ხელმძღვანელობაა და თუ საამისოდ ხმის აწევაა საჭირო, არავის უნდა გაუკვირდეს.
…2001 წელს იუვენტუსმა ჩემ სანაცვლოდ 52,8 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს დიდებული იყო! სიმართლე გითხრათ, ამხელა თანხის გამო პრობლემა არ მქონია, თავში ავარდნას და ამდაგვარებს ვგულისხმობ. თუ ფეხბურთელი კარგია, ფასიც შესაბამისია – ამას სატრანსფერო ბაზარი განაპირობებს. ხომ იცით, კარგი მეკარე ისევე მნიშვნელოვანია კლუბისთვის, როგორც ძლიერი თავდამსხმელი, ასე რომ… ალბათ, იუვენტუსის შეფებმა იფიქრეს, რომ მათი გუნდისთვის საჭირო ვიყავი. ადგნენ და ამხელა თანხაც გაიღეს. ტრანსფერი 5 მილიონი რომ ყოფილიყო, დიდი ამბავი არ ატყდებოდა, მაგრამ თითქმის 53მა მილიონმა თავისი გააკეთა… ისე, იუვენტუსში 5 მილიონის სანაცვლოდაც გადავიდოდი, მაგრამ მეეჭვება პარმას ხელმძღვანელობა ბედნიერი ყოფილიყო.
…15 წლის წინ ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა. ვფიქრობდი, რომ ვარჯიში, მგზავრობა, მატჩები, მუდმივად რეჟიმში ყოფნა აღარ შემეძლო და დრო იყო ყველაფერზე უარი მეთქვა, მაგრამ მეორე მხრივ, ვგრძნობდი, რომ ვერ დავაღალატებდი იმ ხალხს, ვინც მენდო და ჩემში ამხელა ინვესტიცია ჩადო, უდიდესი კლუბის კარი მანდო, ქვეყნის პირველ გუნდში მიმიწვია… რთული დღეები გადავიტანე, თან, ევროპის ჩემპიონატი ახლოვდებოდა… ამის შესახებ საჯაროდ არასდროს მისაუბრია, რადგან ვთვლიდი, რომ ეს უაზრობა იქნებოდა. საბედნიეროდ, გარშემო იყო ხალხი, ვინც მხარში დამიდგა – იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებთანაც მართლა ძალიან ახლოს ვიყავი. ცხადია, დახმარებისთვის ფსიქოლოგსაც მივმართე… ერთი სიტყვით, ნელ-ნელა ის პრობლემა დავძლიე.
…დარწმუნებული ვარ არავის ესიამოვნებოდა ის ამბები, რაც 2006 წელს სერია აში მოხდა – კალჩოპოლის ისტორიას ვგულისხმობ. მაშინ ჩვენ, ტურინელებმა ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ: კლუბი სერია ბში დააქვეითეს და თან 2 სკუდეტო ჩამოგვართვეს… ჩვენ, ფეხბურთელები დამნაშავენი არ ვიყავით – მოედანზე გავდიოდით და საქმეს პირნათლად ვასრულებდით, მაგრამ ამით რა?
…იმოქმედა თუ არა კალჩოპოლის სკანდალმა ნაკრებზე? თქვენ როგორ ფიქრობთ? გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულებს, გვსურდა, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც იმ ნეგატიურ ამბავს გადაფარავდა. ყველა ვხვდებოდით, რომ მატჩიდან მატჩამდე გადამწყვეტი მომენტი გვედგა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს კალჩოპოლის გამო შევძელით – უბრალოდ, ძალიან გვინდოდა გამარჯვება და რაც მთავარია, ყველანი მზად ვიყავით ამისთვის.
…ზიდანის ის თავური ფინალში? კი, ძალიან მნიშვნელოვანი წამი იყო, მაგრამ საუკეთესო? არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისაა ყველაზე მაგარი ეპიზოდი, თუმცა უმნიშვნელოვანესი ნამდვილადაა! ისე, ეფექტური ნახტომი კი გამომივიდა… პრინციპში, ზიზუს დარტყმაც ძალიან ლამაზი იყო.
…არჩევანით ფასდება ადამიანი. იმ დროს იუვენტუსში დარჩენა, ეგებ, არ იყო ლოგიკური, მაგრამ მაშინ გულს ვენდე და ვფიქრობ, არ წავაგე. სხვებმა სხვა გზა აირჩიეს – პატრიკ ვიეირა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის ინტერში წავიდნენ, ფაბიო კანავარო და ემერსონი – მადრიდის რეალში, ლილიან ტურამი და ჯანლუკა ძამბროტა ბარსელონაში გადავიდნენ… ეს მათი გადასაწყვეტი იყო.
…იყო თუ არა ადვილი სერია ბში თამაში? ვერ ვიტყვი, რომ ადვილი ან სასიამოვნო იყო. ამას უფრო გამოცდილება ეთქმის, რაც შემდგომში ძალიან გამომადგა.
…რონალდო საუკეთესო მოთამაშეა, ვის წინაშეც ვმდგარვარ – ის შეუდარებელი, ბრწყინვალე, მართლა ფენომენი იყო! იტალიელებიდან? რობერტო ბაჯო! მან ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩვენ ფეხბურთზე.
…როცა ანტონიო კონტე იუვენტუსში თამაშობდა, შეუდარებელი იყო: კარგი ფეხბურთელი, ნაღდი პროფესიონალი, მისაბაძი ბიჭი… მწვრთნელად დაბრუნებულიც უმაღლეს დონეზე იდგა – მისი შემხედვარე იცოდი, რომ პროფესიონალთან, თავის საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე კაცთან მუშაობდი.
…ვინ უფრო მკაცრი იყო, კონტე თუ ფაბიო კაპელო? ერთმნიშვნელოვნად კონტე! ის ახალგაზრდაა, ყოველდღიურად ფეხბურთით ცხოვრობს და ალბათ, ამიტომაცაა კაპელოსთან შედარებით ფიცხი. საერთოდ, მომხრე ვარ, რომ მწვრთნელმა ყველაფერი თქვას რაც საჭიროა. ეს არც კაპელოს ეშლებოდა და არც კონტეს. მგონი, საქმე ასე უკეთესად კეთდება.
…დასამალი რაა, პენალტების დროს ვღელავ. ასეთ დროს შანსები 50/50ზეა და ფეხბურთელის გარდა, მეკარეზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ვცდილობ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო. ვფიქრობ, ამას ვახერხებ. საერთოდ, პენალტების სერია თამაშის ის კომპონენტია, რომელიც ყველაზე მეტად არ მიყვარს.
…ამბობდნენ, რომ ევრო 2012ის ფინალის შემდეგ მარიო ბალოტელიმ ესპანელებთან წაგება ჩვენ, იუვენტუსელებს დაგვაბრალა, ჩვენ კი ვეცით და იატაკზე დავაგდეთ. ეს სისულელეა, ასეთი რამ არ მომხდარა! თანაც, მეეჭვება მარიო ის ბიჭი იყოს, ვინც ამის თქმას გაბედავდა.
…იტალიის პირველ გუნდში თამაშით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყოველთვის, როცა თამაშის წინ ჰიმნს ვისმენდი, ვფიქრობდი, რომ იმ წუთებში იქ, მოედანზე ყოფნით მაგრად გამიმართლა. დაბრუნდება თუ არა ის დრო. არ გიპასუხებთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
…მთელი კარიერის განმავლობაში მოკლე შორტებით ვთამაშობ. როგორ გითხრათ, თავს ასე უკეთესად ვგრძნობ. თან, შორტები ბავშვობიდან მიყვარს.
…ვინ ვიქნებოდი ფეხბურთელი რომ არ ვყოფილიყავი? ამაზე არ მიფიქრია. ისე, ყოველთვის თამაში მსურდა და ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავისრულე. თუ რამეზე ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რაც შეიძლება კარგად ვითამაშო.
…ბოლო წლებში იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაში კარგად ვეღარ თამაშობენ, სერია ას დონეც, ესპანეთის ლა ლიგასთან და ინგლისის პრემიერლიგასთან შედარებით, დაბალია. მიზეზი? პრობლემა მხოლოდ ფეხბურთში არაა: დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა და ეს, ცხადია, თამაშზეც აისახება. დღეს სერია აში არ იდება იმხელა თანხა, რაც 90იან წლებში. შედეგიც შესაბამისია. თუმცა დარწმუნებული ვარ მდგომარეობა მალე გამოსწორდება – ნელ-ნელა გუნდები ფეხზე დგებიან და ვითარებაც უკეთესობისკენ იცვლება. ინვესტორების გამოჩენა ამის დასტურია.
…ჩვენი, მეკარეების შემთხვევაში ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვთამაშობთ 30 წლამდე. ჩემ შემთხვევაში ძალიან მეხმარება ფიზიკური ფორმა და სტაბილურობა, რითაც აქამდეც გამოვირჩეოდი. შესაძლოა ახლა ვერ ვიყო ისეთივე სწრაფი, როგორც ვთქვათ, 10 წლის წინ, მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი პოზიციის შერჩევა, გამოსვლაზე თამაში, რაც მხოლოდ გამოცდილებამ მოიტანა. კარიერის დასრულებას ნამდვილად არ ვჩქარობ. ამას ყოველთვის მოვასწრებ.
…ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებად მე და იკერ კასილიასს გვასახელებდნენ. თანამედროვეებიდან მანუელ ნოიერი და დავიდ დე ხეა მომწონს. დე ხეა ახალგაზრდაა და მიმაჩნია, რომ ყველაფერი წინ აქვს. თუ ასე გააგრძელებს, ის მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება! იგივე შემიძლია ვთქვა ბელგიელ ტიბო კურტუაზეც.
…ტურინიდან წასვლა არასდროს მიფიქრია. გერმანია 2006ის შემდეგ რამდენიმე კლუბმა შემომთავაზა თანამშრომლობა, მათ შორის საუკეთესო კონტრაქტი მილანის იყო, თუმცა იუვენტუსში ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი და დავრჩი.
…პარი სენ-ჟერმენი? მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლით ძალიან დამწყდა გული, ჩემპიონთა ლიგის ფინალების წაგებამაც დამთრგუნა და ჩავთვალე, რომ იტალიიდან ცოტა ხნით აბარგება ცუდი არ იქნებოდა. ახლა რომ ვფიქრობ, ვიჩქარე.
…კატარი 2022? ეს მხოლოდ ოცნებაა. ძალიან მინდოდა რუსეთშიც მეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ არ გამოვიდა. კატარამდე კი ძალიან დიდი დროა. მანამდე სხვა საქმე მაქვს.
ჯანლუიჯი ბუფონი
დაიბადა 1978 წლის 28 იანვარს კარარაში
მეკარე
კლუბები: პარმა (პარმა, იტალია; 1995-2001), იუვენტუსი (ტურინი, იტალია; 2001-18, 2019 წლიდან), პარი სენ-ჟერმენი (პარიზი, საფრანგეთი; 2018-19)
ინდივიდუალური ტიტულები: იტალიის სერია ას საუკეთესო მეკარე – 1999, 2001, 2002, 2003, 2005, 2006, 2008, 2012, 2014, 2015, 2016, 2017; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე (უეფა) – 2002-03, 2016-17; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფა) – 2002-03; ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ბრავო) – 1999; ევროპის საუკეთესო მეკარე (უეფა) – 2003, 2016, 2017; მსოფლიოს საუკეთესო მეკარე (ფისსფ) – 2003, 2004, 2006, 2007, 2017; მსოფლიოს საუკეთესო მეკარე (ფიფა, The Best) – 2017; მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე (ფიფა; ლევ იაშინის სახელობის ჯილდო) – 2006; XXI საუკუნის საუკეთესო მეკარე (ფისსფ) – 2018
გუნდური ტიტულები: იტალიის ჩემპიონი – 2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018; საფრანგეთის ჩემპიონი – 2019; იტალიის სერია ბს ჩემპიონი – 2007; იტალიის თასი – 1999, 2015, 2016, 2017, 2018; იტალიის სუპერთასი – 1999, 2002, 2003, 2012, 2013, 2015; საფრანგეთის სუპერთასი – 2018; უეფას თასი – 1999; მსოფლიოს ჩემპიონი – 2006; ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 2012; ფიფას კონფედერაციათა თასის მესამეადგილოსანი – 2013; ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) – 1996; ევროპის ვიცე-ჩემპიონი (19წლამდელები) – 1995
იტალიის ნაკრებში: 176 მატჩი (1997-2018)
*-მექსიკელი ანტონიო კარბახალის და გერმანელი ლოთარ მათეუსის შემდეგ მესამეა, რომელმაც მსოფლიოს 5 ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა – 1998 (განაცხადში იყო), 2002, 2006, 2010 და 2014. მოგვიანებით ამ სამეულს შეუერთდა რაფაელ მარკესიც (მექსიკა).
*-იტალიის ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების მიხედვით – 176
*-იტალიის ნაკრების რეკორდსმენი კაპიტნის რანგში ჩატარებული მატჩებით – 80
*-იტალიის ნაკრების რეკორდსმენი გოლგაუშვებელი მატჩების მიხედვით – 77
*-იტალიის ნაკრების რეკორდსმენი მოგერიებული პენალტებით – 5
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში 2“; 2020)