კარიერა ფრაზებში #63: ჩავი
2015 წლის 21 მაისს ერთი დიდი და ლამაზი ეპოქა დასრულდა – ბარსელონაში გატარებული მეოთხედი საუკუნის შემდეგ ჩავი ერნანდესმა წასვლის შესახებ განაცხადა.
კატალონიელთა ლეგენდარული მე6 ნომერი იმ ზაფხულიდან კატარის ალ სადში თამაშობს. თავდაპირველად აზიელებთან 3წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ კატარელებს ისე მოეწონათ ჩავი რომ, კონტრაქტი გაუხანგრძლივეს.
ახლო აღმოსავლეთში გატარებული წლების მიუხედავად, ჩავი ფეხბურთის ისტორიას ბარსელონის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად შემორჩება. სხვა თუ არაფერი, მას ყველაზე ხშირად უთამაშია კატალონიური გუნდის მაისურით, ისტორიისთვის კი ესეც საკმარისია.
32 უმაღლესი ტიტული – ასეთია ტანმორჩილი ნახევარმცველის მონაგარი ესპანეთსა და კატარში.
39 წლის სუპერვარსკვლავის კარიერას მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ. ჩავი ხომ პოპულარული საფეხბურთო გამოცემების სასურველი სტუმარია.
…ბავშვობაში ბერნდ შუსტერს ვაღმერთებდი, ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მის შემდეგ კი ყველაზე ძალიან გვარდიოლას თამაში მომწონდა. არ დავმალავ, ვარჯიშის დროს მას ხშირად ვბაძავდი.
…როცა ბარსელონასთან პირველი კონტრაქტი გავაფორმე, კლუბი 11 ათას პესეტას მიხდიდა. იცით ეს რა დრო იყო? ხელფასის ასაღებად კლუბის ოფისში მივდიოდით და თანხას კონვერტით გვაძლევდნენ… იმ დროს ვერც ვიოცნებებდი, რომ წლების შემდეგ კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებას და წელიწადში რამდენიმე მილიონ ევროს შემომთავაზებდა.
…ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არ არის. 18 წლის რომ ვიყავი, მილანი ძალიან კარგ პირობებს მთავაზობდა, მამაჩემი და ძმები მეუბნებოდნენ, დათანხმდი, სანამ გვარდიოლაა ძირითადში, შანსი არ გექნებაო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იტალიელები მართლა დიდ ფულს მთავაზობდნენ, არ წავედი. ყოველთვის ვოცნებობდი ბარსას მაისურით თამაშზე და როცა ოცნებასთან ასე ახლოს ვიყავი, 18 წლისას, არ მსურდა მასზე უარის თქმა. მალე მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი – ცოტა ხანში გვარდიოლა წავიდა და ძირითადში დავწინაურდი.
…ხშირად ამბობდნენ, რომ გვარდიოლას გზის გამგრძელებელი ვარ და ამის გამო მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ალბათ, ასეცაა. ის ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა პირველ გუნდში ფეხს ვიკიდებდი – გვარდიოლა იმ დროს ერთ-ერთი ლიდერი იყო. წლებთან ერთად ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა და მეგობრობაში გადაიზარდა.
…ფრენკ რაიკაარდის ბარსამ ზედიზედ 2ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, 2006 წელს კი ჩემპიონთა თასიც აღმართა. მერე იყო 2წლიანი დაღმართი, რომელსაც, ვიყოთ გულახდილები, არავინ ელოდა. ჩემი აზრით, მან გუნდზე კონტროლი დაკარგა. ზედიზედ ჩატარებულმა წარმატებულმა სეზონმა მწვრთნელი მოადუნა, ეს კი შედეგებშიც აისახა. არადა, რაიკაარდი მართლა კარგი სპეციალისტი იყო.
…გვარდიოლას სადებიუტო სეზონი დიდებული გამოდგა – 2009 წელს ყველა, ექვსივე ტიტული მოვიგეთ! რის ხარჯზე მივაღწიეთ ამ წარმატებას? მწვრთნელმა ყველას მოტივირება მოახერხა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გუნდში წესრიგი დაამყარა. ის ინტელიგენტია, მომთხოვნი, თავდაჯერებული და რაც მთავარია, ღირსეულს აფასებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გვარდიოლამ ბარსელონაში ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნა.
…ჩვენი კლუბის ფილოსოფია შეტევაზეა დაფუძნებული. ბარსელონას ფეხბურთი საინტერესოა, ლამაზი… თამაშის არსი გოლია და ჩვენც ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ბურთი გავიტანოთ.
…ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო საფეხბურთო შეჯიბრია და ბარსელონის მაისურით მასში მონაწილეობა ახდენილი ოცნებაა! ლიგის მოგებაზე რა ვთქვა? ყველა ოცნებობს ამ თასის აწევას, მე კი ძალიან გამიმართლა – 4ჯერ შევძელი!
…ვართ თუ არა დამოკიდებული მესიზე? იცით, როცა ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოა, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ გუნდიც დამოკიდებულია მასზე, თუმცა შეფასებაში არ უნდა შევცდეთ. ლეო ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ მეეჭვება, რომ ბარსელონა მხოლოდ მასზე იყოს აგებული – ჩვენი სიძლიერე გუნდურ ფეხბურთშია და არა ინდივიდუალურად ძლიერ მოთამაშეებში. მოკლედ რომ ვთქვა, ლეო ბარსელონასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდი მხოლოდ მასზე არ დგას.
…ყოველთვის მინდოდა კარგ ბიჭებთან თამაში. წლებია, რაც ჩვენთან, ბარსაში, ზღაპრულმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი თანაგუნდელები რომ მყავს – არაფერია იმაზე დიდებული, როცა მოედანზე საყვარელ ხალხთან ერთად გადიხარ. ასეთ დროს შედეგი თავისთავად მოდის. ბარსელონა ამის ნათელი მაგალითია.
…6:2 სანტიაგო ბერნაბეუზე – ეს ბარსას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მგონია! იმ დღეს ჩვენ 10 გოლის გატანაც შეგვეძლო, ყველაფერი გამოგვდიოდა… ზღაპრული დღე იყო, დიდებული! დაუვიწყარი!
…ყველაზე დიდ სიამოვნებას პასი მანიჭებს! როცა ბურთს ვიღებ, ერთი სული მაქვს თავისუფალი თანაგუნდელი მოვძებნო, დროზე მივაწოდო ბურთი, კომბინაცია წამოვიწყო, მეტოქის დაცვა გავარღვიო… პასი შემოქმედებაა.
…იოჰან კრუიფის საფეხბურთო კარიერაზე მხოლოდ ერთს გეტყვით – მისი თამაში არ მინახავს, თუმცა ვიცი, რომ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. რაც შეეხება მწვრთნელ კრუიფს, დიდებული იყო! მისი გუნდის თამაშებს ხშირად ვესწრებოდი და ჩემი დაკვირვებით, სწორედ მან აჩუქა ბარსელონას ის სტილი, რასაც გუნდი დღემდე მისდევს.
…პრიმერადივიზიონი მსოფლიოს საუკეთესო ლიგად მიმაჩნია, რადგან ჩვენთან 3 ქულას ვერ დაგეგმავ. არ აქვს მნიშვნელობა მდევარს ეთამაშები თუ ბოლო ადგილზე მყოფს, გამარჯვება ძალიან რთულია.
…გვარდიოლა თუ მოურინიო? გვარდიოლა! ის წარუშლელ კვალს დატოვებს ფეხბურთის ისტორიაში, ჟოზე – მხოლოდ ტიტულებს.
…როცა კლუბთან ერთად ვმოგზაურობ, თან მხოლოდ პერსონალური კომპიუტერი დამაქვს: დროდადრო ინტერნეტში შევდივარ, მუსიკას ვუსმენ… მატჩის წინ ვცდილობ ნაკლებად ვისაუბრო. კომპიუტერში ჩემი სამყარო მაქვს შექმნილი და ეს კონცენტრაციაში მეხმარება.
…ხშირად, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, მიფიქრია, რომ მეტოქეებს ფეხბურთის თამაში არ სურთ – ბარსელონას წინააღმდეგ ისინი მხოლოდ თავის დაცვაზე ფიქრობენ, ასეთი მიდგომა კი ჩემთვის მიუღებელია. ბევრი თამაში შემიძლია გავიხსენო, როცა მეტოქეს ჩვენ წინააღმდეგ 6 მცველით და 4 ნახევარმცველით უთამაშია… საშინელებაა!
…ევრო 2008ის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დამასახელეს, თავი სიზმარში მეგონა! ის წუთები, როცა პრიზი ჩავიბარე, ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს კარიერაში. ბაზაზე რომ დავბრუნდი, მთელი გუნდი შევკრიბე და ყველას მადლობა გადავუხადე.
…2008 წლის ევროჩემპიონატი ლუის არაგონესის არაადამიანური მონდომების ხარჯზე მოვიგეთ. ის რამდენიმე წლის მანძილზე ქმნიდა გუნდს, რომელმაც ავსტრია-შვეიცარიაში გაიმარჯვა. იცით როდის მივხვდი, რომ იმ ჩემპიონატის ფავორიტები ვიყავით? ჯგუფური ტურნირის პირველი მატჩის წინ მწვრთნელმა შეგვკრიბა და გვითხრა: „თუ ჩვენ ფინალში ვერ გავალთ, გამოდის, რომ ფეხბურთში არაფერი გამეგება და როგორც მწვრთნელი, არაფრად ვვარგივარ“. მას ბოლომდე სჯეროდა ჩვენი და საკუთარ ძალებშიც დაგვარწმუნა. ამას რაც მოჰყვა, ყველამ ნახა.
…რაულის ნაკრებს მიღმა დატოვების გამო არაგონესს ბევრი აკრიტიკებდა, არც პრესის თავდასხმა იყო უცხო… ჩემი აზრით, რაული იმსახურებდა ევროპის ჩემპიონატზე თამაშს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. ავსტრია-შვეიცარიაში ის ხშირად მირეკავდა და ყველა გამარჯვებას მილოცავდა. რაული ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და შესანიშნავი ადამიანია. მართლა გული მწყდება, რომ ნაკრებმა უდიდეს გამარჯვებებს მის გარეშე მიაღწია. თავის კარიერიდან გამომდინარე, ის სანაკრებო ტიტულებს იმსახურებდა.
…მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატს ორჯერ მივუბრუნდი. ჩვენი ყველა თამაში ვნახე, სულ სხვა თვალით შევხედე მაშინდელ მატჩებს… ამ ცოტა ხნის წინ კიდევ მომინდა იმ ამბების გახსენება, ფინალის ჩანაწერი ჩავრთე, თუმცა მალევე გამოვრთე – ჯერ ერთი, რომ ფინალი მაინცდამაინც კარგი სანახავი არ იყო და მეორეც – მივხვდი, რომ წარსულზე დამოკიდებული ვხდებოდი. ეს რომ გავაცნობიერე, ძალიან არ მესიამოვნა.
…მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ყველანი ვტიროდით. მახსოვს, ჰოლანდიასთან 1:0ის შემდეგ გასახდელში ვიქტორ ვალდესთან და ჩაბი ალონსოსთან ერთად ვიჯექი და სიხარულისგან ვიცრემლებოდი… მალე ინიესტა ჩამოჯდა… ჩავეხუტე, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი, ჩვენ ორივე და საერთოდ, ყველა იქ მყოფი ვგრძნობდით, რომ ძალიან დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ და სიტყვები უადგილო იყო… დიდებული წუთები იყო, დაუვიწყარი! ბაზაზე წასვლის წინ მშობლებს დავურეკე. არ მიპასუხეს. კიდევ ვცადე. ისევ არავინ მიპასუხა. მივხვდი, რომ სახლშიც დიდი ამბავი იყო, არადა, ყველაზე ძალიან მათთან ყოფნა მსურდა. ბოლოს დას, არიადნას დავუკავშირდი და ლამის საათი ვესაუბრე.
…2008-12 წლებში ზედიზედ 2ჯერ მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი, შუაში კი მსოფლიო თასიც აღვმართეთ. რაში მდგომარეობდა ჩვენი საიდუმლო? ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით, ძალიან მაღალ დონეზე ვიყავით მზად, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ურთიერთობები, რაც ნაკრებში სუფევდა. ფეხბურთელებს და ადმინისტრაციას შორის დამოკიდებულებას ვგულისხმობ. ლუის არაგონესმა და ვისენტე დელ ბოსკემ იდეალური ატმოსფერო შექმნეს. ნაკრებში თამაში თითოეული ჩვენგანისთვის ბედნიერება იყო!
…დაუვიწყარი თარიღები? ასეთი რამდენიმეა. მაგალითად 1998 წლის 18 აგვისტო – იმ დღეს პირველად ვითამაშე ბარსას მაისურით. თასზე მაიორკას შევხვდით და გოლიც გავიტანე. მაშინ ჩვენი მწვრთნელი ლუის ვან გაალი იყო… იმავე წლის 3 ოქტომბერს პირველად ვითამაშე ჩემპიონატში – ვალენსიაში 3:1 გავიმარჯვეთ… არც 2000 წლის 15 ნოემბერი დამავიწყდება – ჩემი დებიუტი ნაკრებში, ჰოლანდიასთან… ევრო და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებს განზრახ არ ვახსენებ – ასეთი თამაშები არავის ავიწყდება.
…ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ისაა, რომ ინგლისში არ მითამაშია. სიამოვნებით გავატარებდი 2-3 სეზონს ფეხბურთის სამშობლოში, მაგრამ ახლა გვიანია. პრემიერლიგაზე როგორ არ მიფიქრია, მაგრამ ბარსელონაში იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, რომ… დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებს ინგლისში უფრო კარგად ეპყრობიან, ვიდრე ჩვენთან. ესპანეთში სულ გაკრიტიკებენ, მართლა თავს უნდა გადაახტე, რომ შეგაქონ, იქ კი… ინგლისში სხვა კულტურაა და მასთან შეხება, იქაური საფეხბურთო სულის შეგრძნება მართლა მაკლია.
…არ ვხუმრობ: ბარსელონას ისეთივე გულშემატკივრები რომ ჰყავდეს, როგორც არსენალს, ლივერპულს ან მანჩესტერ იუნაიტედს, ჩემპიონთა ლიგას 10ჯერ მაინც მოიგებდა!
…საუკეთესო კლუბი ბარსელონას გარდა? გლაზგოს სელტიკი! ვთვლი, რომ ბარსას მსგავსად სელტიკიც უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ საფეხბურთო კლუბი. მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშე გლაზგოში და ყველა მატჩი ნამდვილი ზეიმი იყო!
…ფეხბურთის გამო სწავლას 16 წლისამ დავანებე თავი. დილა-საღამოს ვარჯიშზე დავდიოდი და მეცადინეობისთვის დრო აღარ მრჩებოდა. გეოგრაფია ძალიან მიყვარდა და ამ მიმართულებით მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ შევძელი. დღეს ეს ჩემი ჰობია – ზუსტად ისე მსიამოვნებს რუკების და ატლასების დათვალიერება, როგორც იმ დროს, როცა სწავლა ფეხბურთის გამო მივატოვე.
…მიუხედავად იმისა, რომ არასდროს გამისინჯავს ნარკოტიკი, დარწმუნებული ვარ ზუსტად ისეთივე შეგრძნებას იწვევს, როგორც ჩემპიონატის ან თასის მოგება. თუ ერთხელ გაუსინჯავ გემოს, კიდევ გინდა, მეტი გსურს და ვეღარ ჩერდები. მიხარია, რომ ჩემი ნარკოტიკი ფეხბურთია.
…ყველაზე ძალიან მეგობრების მასპინძლობა მიყვარს. თამაშის მეორე დღეს, ხშირად, ჩემთან ვიკრიბებით, მთელ დღეს შინ ვატარებთ და ათასნაირად ვერთობით. ბარსელონაში გასეირნება როგორ არ მიყვარს, მაგრამ გულშემატკივრები მცნობენ და მათი ყურადღების გამო მეგობრებს და ოჯახის წევრებს დისკომფორტი ექმნებათ. თან, ქალაქში დასვენება რთულია… კარგი ხალხით სავსე ჩემი სახლი მოსადუნებლად იდეალურია!
…ზაფხულში ხშირად ვსტუმრობ იბიცას. ჯერ ერთი რომ დიდებული ადგილია, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ იქ უამრავი კინოვარსკვლავი და პოპულარული მუსიკოსი იყრის თავს, მათ გვერდით კი ცნობილი ფეხბურთელები ნაკლებად ჩანან. ასე რომ, იბიცაზე მშვიდად დასვენებაც შეიძლება.
…ჟურნალ-გაზეთებს ყოველთვის ვკითხულობ. განსაკუთრებით მაინტერესებს რას წერს პრესა ჩვენ შესახებ გამარჯვების შემდეგ. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ჟურნალისტებთან ვმეგობრობ. მთელი კარიერის განმავლობაში 90 ათასი კაცის წინ ვთამაშობდი, მაგრამ საკონფერენციო დარბაზში 100 ჟურნალისტისგან უფრო დიდ ზეწოლას ვგრძნობდი, ვიდრე გადაჭედილ კამპ ნოუზე.
…სპორტის სხვა სახეობები არ მიზიდავს. ჩემი ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთთან არის დაკავშირებული და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება.
ჩავი ერნანდეს კრეუსი
დაიბადა 1980 წლის 25 იანვარს ესპანეთის ქალაქ ტერასაში
ბარსელონას საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი
1998-2015 წლებში ბარსელონას, 2015 წლიდან ალ სადის (კატარი) ნახევარმცველი
ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი – 1999, 2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013, 2015; ესპანეთის თასი – 2009, 2012, 2015; ესპანეთის სუპერთასი – 2006, 2007, 2009, 2010, 2011, 2013; ჩემპიონთა თასი – 2006, 2009, 2011, 2015; ევროპის სუპერთასი – 2009, 2011; ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი – 2009, 2011; კატარის ჩემპიონი – 2019; კატარის თასი – 2017; კატარის ემირის თასი – 2017; შეიხ ჯასიმის თასი – 2017; მსოფლიოს ჩემპიონი – 2010; ევროპის ჩემპიონი – 2008, 2012; ფიფას კონფედერაციათა თასის ვიცე-ჩემპიონი – 2013; ფიფას კონფედერაციათა თასის ბრინჯაოს პრიზიორი – 2009; ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი – 2000; მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული – 1999; მსოფლიოს 17წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1997; ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005; ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 1999; მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (უორლდ სოკერი, ინგლისი) – 2010; ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფა) – 2008; ესპანეთის წლის სპორტსმენი – 2009
ესპანეთის ნაკრებში: 133 მატჩი, 13 გოლი (2000-15)
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში 2“; 2020)