კარიერა ფრაზებში #64: ალფრედო დი სტეფანო

ალფრედო დი სტეფანო ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა. მან 3 ქვეყნის ნაკრების მაისურით ითამაშა, ერთხელაც ვერ იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ საკლუბო დონეზე ყველა ტიტული მოიგო.
იტალიური ფესვების მქონე არგენტინელი დი სტეფანო სამხრეთ ამერიკაში მშვენიერი ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ საყოველთაო აღიარება მხოლოდ ევროპაში მოიპოვა.
ის 1953 წელს, 26 წლისა გამოჩნდა მადრიდის რეალში და წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია – მომდევნო 11 წლის განმავლობაში თეთრი მაისურით საოცრებები მოახდინა და როცა სამეფო კლუბი დატოვა, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ლეგენდა დასრულდა.
ბებერ კონტინენტზე დი სტეფანოს გამოჩენა ჩემპიონთა თასის დაარსებას დაემთხვა. არგენტინელის ლიდერობით მადრიდელებმა 1956-60 წლებში ზედიზედ 5ჯერ მოიგეს ევროპის საუკეთესო კლუბის ტიტული, დი სტეფანომ კი ყველა ფინალში გაიტანა. ის ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ 5 გადამწყვეტ მატჩში შეაგდო გოლი!
ალფრედო დი სტეფანომ რეალი უამრავი რეკორდით დატოვა, ხოლო მის მიერ ჩემპიონთა თასზე შეგდებული 49 გოლი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში აუღებელი მწვერვალი იყო.
ის ერთადერთია, რომელიც ფრანს ფუტბოლმა დიდი ოქროს ბურთით დააჯილდოვა. ფრანგულმა გამოცემამ ასე შეაფასა არგენტინელის წვლილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
XX საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სიმბოლო 2014 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა. თეთრი ისრის კარიერას მისივე მოგონებებით გავიხსენებთ.

…პირველი დი სტეფანო, რომელიც ბუენოს აირესში, ზღვისპირა უბან ლა ბოკაში დასახლდა, ბაბუაჩემი მიგელი იყო. არგენტინაში ჩასვლამდე ამერიკაში შრომობდა, მაგრამ იქ ვერ დამკვიდრდა. იმ დროს ქალაქში ბევრი იტალიელი ცხოვრობდა. გაკოტრებულ ბაბუას ვიზის მიღებაში, ასევე ფინანსურად, სწორედ ისინი დაეხმარნენ… შემდეგ მან რანჩო შეიძინა და ცოტა ხანში მეურნეობასაც მოჰკიდა ხელი.

…მამაჩემის ერთ-ერთი ძმა რივერ პლეიტის და არგენტინის ნაკრების მეკარე გახლდათ და სხვათა შორის, ისტორიაშიც შევიდა – ეროვნულ გუნდში პირველად მან მოიგერია 11მეტმეტრიანი, ურუგვაის ნაკრების ვარსკვლავს ექტორ სკარონეს აჯობა.

…და-ძმა მყავდა: ტულიო და ნორმა. უფროსი მე გახლდით და მამაჩემი თვლიდა, რომ უმცროსებისთვის სამაგალითო უნდა ვყოფილიყავი, რის გამოც გამუდმებით მიხდებოდა მამაჩემის რჩევების მოსმენა. ერთ რამეში მაინც ვერ შევთანხმდით – ფიზიკურად სუსტი ვიყავი, ჭამა არ მიყვარდა, ის კი მიმეორებდა, რომ ასე ვერაფერს მივაღწევდი.

…ბიძის მსგავსად მამაც რივერ პლეიტში გამოდიოდა. ფორვარდი იყო, თუმცა მუხლის მძიმე ტრავმის გამო კარიერა ადრე დაასრულა. მამა მელომანი იყო. გაგიკვირდებათ, მაგრამ ტანგოს ვერ იტანდა, ამბობდა, მდაბიო ხალხის ცეკვააო.

…დედის, ლოლ ჟილმონის წინაპრები საფრანგეთიდან და ირლანდიიდან იყვნენ. ბუენოს აირესში ბაბუამისი ჩავიდა და ქერა ირლანდიელ ლამაზმანზე, ინეს დილ-ჟილმონზე იქორწინა.

…ერთხელ მეზობლები კინოში წავედით. კინოსეანსამდე ლატარეის ბილეთებიც მოგვცეს. ვიღაცას თავის ნომერი არ მოეწონა, გამიცვალა და ასე აღმოჩნდა ჩემს ხელში ნომერი 14. რამდენიმე წუთში ტყავის ბურთი მოვიგე! სიხარულისგან გაგიჟებულმა სცენაზე ავირბინე და კინაღამ გული წამივიდა (მაშინ 10 წლის ვიყავი) – ის ბურთი… რაგბისა აღმოჩნდა! უბანში დაბრუნებულმა უფროს ბიჭებს შევჩივლე, რომლებიც მაშინვე წამომყვნენ და ადმინისტრატორს ბურთი გამოაცვლევინეს. ასე ვიშოვე პირველი ნამდვილი საფეხბურთო ბურთი.

…ჯერ რივერ პლეიტის მეოთხე შემადგენლობაში მოვხვდი. იმ დროს არგენტინაში 6 დივიზიონში ტარდებოდა პირველობა. ჩვენ, IV დივიზიონის გუნდები დილით ვთამაშობდით. კვირაში 2ჯერ ვვარჯიშობდით. გვყავდა მწვრთნელი, რომელიც ფიზიკურად გვამზადებდა და დირექტორი. პირველი დამრიგებელი კარლოს პეუსელია იყო, რომელსაც ყველა „დაბნეულს“ ვეძახდით. ის რენატო ჩეზარინიმ შეცვალა, რომელიც ცოტა ხნის დაბრუნებული იყო იტალიიდან – იუვენტუსში თამაშობდა. გამართული თამაში ჩეზარინიმ გვასწავლა.

…ჯერ მარჯვენა გარემარბი ვიყავი. ჩვენი ცენტრალური ფორვარდი ამავალი იყო და როცა ტრავმას იღებდა, მხოლოდ მაშინ მაყენებდნენ მის ადგილზე. ეს ძალიან მომწონდა, მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ბურთთან ხშირი შეხება, გოლები.

…IV დივიზიონში ვიყავი, როცა პირველ გუნდში ვითამაშე. რივერ პლეიტში ასეთი წესი ჰქონდათ: ყოველი დივიზიონის გუნდი ერთნაირი სისტემით თამაშობდა და თუ უკეთეს შემადგენლობაში ვინმე დაშავდებოდა, ვთქვათ ნომერი 9, ის მხოლოდ მომდევნო გუნდის 9 ნომერს უნდა შეეცვალა. ჩემი დებიუტი 1944 წლის 7 მარტს შედგა სან ლორენსოში, ურაკანთან. სამწუხაროდ, მხოლოდ 20 წუთი ვითამაშე – დავშავდი.

…1946 წელს რივერ პლეიტმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო – ადოლფო პედერნერა ატალანტაში გაყიდა. ის იმ დროის ერთ-ერთ უპირველეს ვარსკვლავად ითვლებოდა, მაგრამ უფროსობასთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა. მეორე მხრივ, კლუბის მესვეურთა ეს გადაწყვეტილება ძალიან წამადგა: ურაკანიდან დავბრუნდი თუ არა, ჩემთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილიც გათავისუფლდა. მთელი სეზონი პირველ გუნდში გავატარე – 30 მატჩიდან 29 სრულად ვითამაშე და თუ არ მეშლება, 28 გოლი გავიტანე. მე ბომბარდირი გავხდი, რივერ პლეიტი კი ჩემპიონი!

ფეხბურთის ლეგენდები: ფერენც პუშკაში, სტენლი მეტიუზი, ალფრედო დი სტეფანო და იოზეფ პასოპუსტი

…სანაკრებო კარიერა მოულოდნელად დავიწყე და ასევე მოულოდნელად დავასრულე. ლეგენდარულმა გილერმო სტაბილემ ეროვნულში სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის წინ მიმიწვია. ქვეყნის პირველ გუნდში სულ 6ჯერ ვითამაშე, თუმცა ეს საკმარისი გამოდგა, რათა ბევრს გაეცნო ახალგაზრდა დი სტეფანო. ეკვადორიდან, სადაც კოპა ამერიკა გაიმართა, ტრიუმფატორებად დავბრუნდით, მაგრამ მალე კოლუმბიაში ამოვყავი თავი! ამის მიზეზი არგენტინაში დაწყებული საყოველთაო გაფიცვა იყო.

…სამხრეთამერიკელები ემოციური ხალხი ვართ, ამიტომ კონფლიქტები ხშირი იყო, თუმცა თამაშის შემდეგ ყველა მეგობრებად ვრჩებოდით. პირადად მე ჩხუბში არასდროს ვერთვებოდი, რადგან ყოველთვის სისულელედ და უზნეობად მიმაჩნდა.

…1949 წლის 11 აგვისტოს მე და ნესტორ პიპო როსი ბოგოტაში ჩავფრინდით. ბუენოს აირესიდან თითქმის ორი დღე ვიფრინეთ! გზად სანტიაგო დე ჩილეში შევჩერდით, ასევე ლიმაში და კალიში. კალიში კლუბ მილიონარიოსის პრეზიდენტი ალფონსო სენიორი შემოგვიერთდა. როგორც ჩანს, შეხვედრა ადრევე დაეგეგმა. სურდა რომ ერთმანეთი კარგად გაგვეცნო და ბოგოტაში ერთად ჩავსულიყავით – იქ ხომ 5 ათასამდე ინჩასი გველოდა!

…მილიონარიოსში გადასული მალევე მივხვდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. შობაზე, როცა ბუენოს აირესში დავბრუნდი, თავი მილიონერი მეგონა! კოლუმბიაში ხელფასსაც დროზე გვიხდიდნენ და პრემიებსაც. ერთ წელიწადში მე და პიპომ მეტი ვიშოვეთ, ვიდრე არგენტინაში გამოვიმუშავებდით 10 სეზონის განმავლობაში!

…1952 წელს პირველად აღმოვჩნდი მადრიდში, რეალის „ოქროს ქორწილზე“: სამეფო კლუბი 1902 წელს დაარსდა, იმ დღეებში კი 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ამ თარიღისადმი მიძღვნილ ტურნირს ყველა მოუთმენლად ელოდა, თამაშები სხვადასხვა ქალაქში იმართებოდა და თითქმის მთელ ესპანეთში საზეიმო განწყობა სუფევდა.

…რეალის წინააღმდეგ მეორე ტურში ვითამაშეთ. მინდორი არ მომეწონა, უსწორმასწორო და სველი იყო, თან გაბრიელ ალონსომ კოჭში ჩამარტყა, ფეხი გამისივდა და პომიდორივით გაწითლდა, თუმცა ის თამაში მაინც კარგად მახსენდება – 4:2 მოვიგეთ, მე კი დუბლი შევასრულე! მეორე გოლი ჩინებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ მატჩში რეალმა შვედები დაამარცხა, I ადგილზე ჩვენ გავედით. საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზიც მე გადმომცეს.

…რეალთან მატჩის შემდეგ გასახდელში დონ სატიაგო ბერნაბეუ გვეწვია, გამარჯვება მოგვილოცა. მერე მე და როსის გვთხოვა, რადიო ნასიონალში ერთად გვესაუბრა ტურნირის შესახებ. უარს როგორ ვეტყოდით?! ასე გავიცანით მადრიდის რეალის ლეგენდარული პრეზიდენტი.

…მადრიდელებმა სახსოვრად ხალვა გაგვატანეს, რამაც ნიუ იორკის აეროპორტში დიდი ეჭვები გამოიწვია – მებაჟეებმა პაკეტები ძალიან ფრთხილად გახსნეს, ჯერ დასუნეს, შემდეგ პატარა ნატეხი გასინჯეს, კარგა ხანს გვამოწმეს და მხოლოდ ამის მერე გაგვიშვეს.

…კოლუმბიაში ჩასულს არც მიფიქრია, რომ ესპანეთში მალე დავბრუნდებოდი. საბაბი არ მქონდა – მილიონარიოსთან კონტრაქტი 1954 წელს მიმთავრდებოდა, მშვენიერ პირობებში ვცხოვრობდი, თან, ოჯახსაც მოსწონდა იქაურობა.

…1952 წლის ივლისში რეალმა „ვალი დაგვიბრუნა“ და გვესტუმრა. ესპანურ პრესაში სულ უფრო ხშირად წერდნენ, რომ მადრიდელები მაკვირდებოდნენ და ჩემ შეძენას ფიქრობდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ვიფიქრე: რატომაც არა? იმ წლის ბოლოს სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა, ნელ-ნელა კი ფინანსური პრობლემებიც გაჩნდა.

…რამდენიმე თვეში დავრწმუნდი, რომ მილიონარიოსი უნდა დამეტოვებინა. წლის ბოლოს გუნდს ჩილეს ტურნეში არ გავყევი და ბუენოს აირესში ჩავედი, მშობლებთან – შობა ერთად აღვნიშნეთ. ახალი წელი მოდიოდა და სულ უფრო არ მინდოდა კოლუმბიაში დაბრუნება.

მადრიდის რეალის ლეგენდარული თავდამსხმელები: ალფრედო დი სტეფანო, ფრასისკო ხენტო და ფერენც პუშკაში

…1954 წლის 23 მაისს მე, სარა და ჩვენი ქალიშვილები მადრიდში ჩავედით, სადაც ბარსელონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ხოსეპ სამიტიერი დაგვხვდა. საოცარი ადამიანი იყო, მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობდა! ყოველდღიური საუბრის დროსაც კი საფეხბურთო ტერმინებს იყენებდა. მაგალითად გეტყოდა: ვფიქრობ, კარგ პასს მომცემ, – ესე იგი მხარს დავუჭერდი. ან: მეგობარო, თამაშგარეში ხარ, – ანუ, არ იყავი მართალი.

…სამიტიერი ცდილობდა ტრანსფერი რაც შეიძლება მალე განხორციელებულიყო, თუმცა ყველაფერი მასზე არ იყო დამოკიდებული. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ცივად შეგვხვდნენ, ხოლო კატალონიაში ჩასულს მხოლოდ ეს მესმოდა – მოითმინეთ. დრო გადიოდა და ვგრძნობდი, რომ ენთუზიაზმიც მიქრებოდა. არსაიდან ისმოდა გადამჭრელი პასუხი. ეგ კი არა, ვარჯიშის საშუალებასაც არ მაძლევდნენ, რამაც კიდევ უფრო მომიშალა ნერვები. ერთ მშვენიერ საღამოს ვთქვი: მორჩა, ბილეთებს ვიღებ და ბუენოს აირესში ვბრუნდები! არადა ვხვდებოდი, რომ ბარსელონა დამნაშავე არ იყო – კლუბი სასტუმროს ხარჯებს ანაზღაურებდა და ჯიბის ფულსაც მაძლევდა.

…ერთ მშვენიერ დღეს ბარსელონაში რაიმუნდო საპორტა გამოჩნდა. ის ჯერ კიდევ არ იყო რეალის ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ დონ ბერნაბეუს მარჯვენა ხელად ითვლებოდა. მას საიდუმლოდ შევხვდი. საპორტამ და სხვა მადრიდელებმა თავიანთი სამოქმედო გეგმა გამაცნეს: სანამ ბარსელონა რივერ პლეიტთან აწარმოებდა მოლაპარაკებას (1954 წლის ოქტომბრიდან არგენტინელებს ვეკუთვნოდი), რეალი მილიონარიოსს დაუკავშირდა და კოლუმბიელთა პრეზიდენტის ალფონსო სენიორის პირობებს დაეთანხმა. ცოტა ხნით ადრე კატალონიელებმა სენიორის პირობები უარყვეს. საბოლოოდ საპორტამ ანუ მადრიდის რეალმა საჭირო 27 ათასი დოლარი გადაიხადა და კონტრაქტის ამოწურვამდე ხელში ჩამიგდო. საერთო ჯამში კი გამოვიდა, რომ ბარსელონამ რივერ პლეიტისგან მიყიდა, ხოლო რეალმა – მილიონარიოსისგან.

…გაურკვევლობა ამით არ დასრულებულა: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფაში განიხილა საკითხი და გადაწყდა, რომ სანამ ბარსელონა და რეალი არ შეთანხმდებოდნენ, თამაშის უფლებას არ მომცემდნენ. ფიფამ შუამავალიც მოგვამაგრა – ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი არმანდო მუნიოს კალერო. მან ასეთი რამ შემოგვთავაზა: 2 სეზონი რეალში მეთამაშა, ორიც ბარსელონაში. ფიქრის დრო აღარ იყო – 24 აგვისტოს სატრანსფერო სეზონი იხურებოდა და ბარსელონის პრეზიდენტი ენრიკე მარტიც დათანხმდა.

…მარტი მართალი იყო – ბარსელონაში არაერთი ვარსკვლავი გამოდიოდა და კლუბიც ყველაფერს იგებდა. 45ათასიანი სტადიონიც ყველა მატჩზე ივსებოდა. ჩემს პოზიციაზე ლადისლაო კუბალა ანათებდა, ბრწყინვალე მოთამაშე, რომელიც მალე კარიერას ასრულებდა. სწორედ ამიტომ უკეთესიც იყო – კუბალა წავიდოდა და 2 სეზონში მეც გამოვჩნდებოდი. თუმცა, მალე სხვა ამბები შევიტყვე – კატალონიელთა პრეზიდენტს პირადი ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ათას სიბინძურეში იყო გახვეული და მადრიდიდან დააშინეს, რომ მის მაქინაციებს ნათელი მოეფინებოდა. ზუსტად რა როგორ იყო, არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე დღეში ბარსელონის ხელმძღვანელებმა გამომიცხადეს: საკითხი მოგვარებულია – მადრიდში მიდიხარ! იმავე საღამოს მატარებელში ჩავჯექი და დილით დედაქალაქში ვიყავი. სამედიცინო შემოწმება მალე გავიარე და ისე, რომ არც მივარჯიშია, პირდაპირ მოედანზე წარმადგინეს – საჩვენებელ მატჩში საფრანგეთის ნანსის შევხვდით.

…26 წლის ვიყავი. მე და სარამ ვისაუბრეთ და მივხვდით, რომ 4 წელი ესპანეთში დიდებული იქნებოდა. ყველაზე კარგ ვარიანტად 2წლიანი კონტრაქტი მიგვაჩნდა. გავიდა 2 თვე და ხელშეკრულება შეასწორეს – რეალმა ბარსელონას ყველაფრის თანხა გადაუხადა და 4 წლით დამისაკუთრა. კარგი სახლის მოძებნის მეტი არაფერი დამრჩენოდა.

…ჩემთვის ფული ყოველთვის მეორე პლანზე იდგა. არასდროს მყოლია დამხმარე, როგორც ახლა ამბობენ – მენეჯერი, ამიტომ ჩემ მოტყუებას ბევრი არაფერი უნდოდა. იშვიათად, მაგრამ ასეც ხდებოდა. და მაინც, რა გამოვიდა? ესპანეთში 2 წლით ჩავედი, ხელი მოვაწერე 4წლიან კონტრაქტს და… ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც აქ ვარ. ასე რომ, თუ ხანდახან ვწუწუნებ, არ ნიშნავს, რომ საქმე ცუდადაა.

…ყველაზე ძალიან სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში მიყვარდა. იმიტომ არა, რომ შინ ვიყავი, მინდვრის საფარი იყო საუკეთესო! მალე მდგომარეობა ბარსელონაშიც გამოსწორდა – ბრწყინვალე კამპ ნოუ აშენდა. ნელ-ნელა სტადიონები სხვაგანაც  კეთილმოეწყო.

…რეალში ჩემთან ერთად გამოჩნდა ფრანსისკო პაკო ხენტო, რომელსაც ტექნიკით და სისწრაფით ბევრი ვერ შეედრებოდა. თავიდანვე თავისთვის იყო, არავის ეკონტაქტებოდა, ხოლო როცა ურთიერთობაში შემოვიდა, მივხვდი, რომ ცხოვრებაშიც სხარტი და ხალისიანი იყო. პაკოს დღემდე მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბად ვთვლი!

…არ შემიძლია არ გავიხსენო ლუის მოლოვნი – მეტოქის საჯარიმოში სასწაულებს ახდენდა! ის კანარიული სკოლის აღზრდილი იყო და ეტყობოდა კიდეც – საოცარი ფინტები, ცრუმოძრაობები ჰქონდა. მაყურებელთა უსაზღვრო სიყვარულით სარგებლობდა.

…ესპანურ ფეხბურთთან შეგუება არ გამჭირვებია, ბევრით ჰგავდა არგენტინულს. მხოლოდ მცველები იყვნენ ცოტათი განსხვავებულები, უფრო უხეშები, ზოგჯერ ბოროტებიც კი. ასეთ მოპყრობას მიჩვეული არ გახლდით, სხვა სტილის დამცველებს ვცემდი პატივს – ელეგანტურებს, ჭკვიანებს, თვითონაც რომ თამაშობენ და შენც გაძლევენ ამის საშუალებას. ასეთები ოსტატობაში გეჯიბრებიან და არ ცდილობენ შენს დაშინებას.

50იანი წლების მიწურულის რეალის პრეზიდენტი და სუპერვარსკვლავები: ალფრედო დი სტეფანო, დონ სანტიაგო ბერნაბეუ და რაიმონ კოპა

…არ დავმალავ: ესპანეთში გადასარევად ვგრძნობდი თავს. სიტყვა დაღლა დავივიწყე – დიდი სიამოვნებით ვვარჯიშობდი. არადა, არიან ფეხბურთელები, რომლებიც წვრთნას ვერ იტანენ, მხოლოდ თამაში და ფული ხიბლავთ. ეს არ არის სწორი: ვარჯიში განსაკუთრებულ მიდგომას ითხოვს, ის უნდა გიყვარდეს, შენი ჰობი უნდა იყოს. როცა ასეა, ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

…ბერნაბეუს უცხოელი, უფრო სამხრეთამერიკელი სპეციალისტები მოსწონდა, თვლიდა, რომ სამხრეთელებს მეტი გამოცდილება და ფანტაზია ჰქონდათ. თუმცა ჩემპიონთა პირველი თასები 1956 და 1957 წლებში ჩვენ ესპანელმა ვილიალონხამ მოგვაგებინა.

…ჩემპიონთა თასის პირველი ფინალის შემდეგ, საზეიმო ვახშაზე ღვინო პირდაპირ თასიდან დავლიეთ! მეორე დღეს ტურნირის ფუძემდებელმა გაბრიელ ანომ ეკიპში დაწერა: „ალფრედო დი სტეფანო ყველაზე დიდი ფეხბურთელია, ვინც კი აქამდე მინახავს! ის დაცვასა და თავდასხმაშიც ერთნაირად ბრწყინავს და მთლიანად დაჩრდილა კოპა“. კოპასთან დაკავშირებით ვერ დავეთანხმები – დონ სანტიაგო ბერნაბეუმ ფრანგს ზუსტად იმ ფინალის შემდეგ დაადგა თვალი და შემდეგ სეზონში კოპა უკვე რეალის საკუთრება გახდა. ეს ტრანსფერი უფრო საპორტამ გაჩარხა – ის ყოველთვის იცნობდა საჭირო ხალხს. რაიმონ კოპა ძალიან მაღალი დონის მოთამაშე იყო: ძლიერი, ტექნიკური და სწრაფი.

…ვისაც ფერენც პუშკაშის თამაში არ უნახავს, ძალიან ბევრი დაკარგა. განუმეორებელი ფორვარდი იყო, უმაღლესი კლასის! უძლიერესად ურტყამდა და ძალიან ჭკვიანურად თამაშობდა. ჩვენთან რომ მოვიდა, 30 წლის იყო და გამოცდილება საკმარისზე მეტი ჰქონდა. შედეგად, ჩამოყალიბდა ხუთეული, რომელმაც სამუდამოდ დაიკავა გამორჩეული ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში: რაიმონ კოპა, ექტორ რიალი, ალფრედო დი სტეფანო, ფერენც პუშკაში და ფრანსისკო ხენტო. როგორია?

…1960 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი გლაზგოში გაიმართა და მას 135 ათასი გულშემატკივარი დაესწრო! უმეტესობა ჩვენი მხარდამჭერი იყო, რადგან ფრანკფურტის აინტრახტმა ნახევარფინალში მასპინძელთა ფავორიტ გლაზგო რეინჯერსს აჯობა… მე10 წუთისთვის 0:1ს ვაგებდით და მალე ძელი რომ არ დაგვხმარებოდა, ძალიან გაგვიჭირდებოდა. მერე ნელ-ნელა დავლაგდით, დავმშვიდდით და ბრწყინვალედ ავთამაშდით. მე 3 გოლი გავიტანე, პუშკაშმა – 4, აინტრახტი კი 7:3 დავამარცხეთ!

…დონ სანტიაგომ მოლხენის ნება არ დაგვრთო. სასტუმროში, გლაზგოდან 80 კილომეტრში, ღამის პირველ საათამდე არ მოგვშორდა. ვახშამზე 4 კაცზე მხოლოდ ერთი ბოთლი შამპანური მოგვართვეს, უკრავდა როიალი… საშინელი მოწყენილობა სუფევდა, ვხუმრობდით: ფინალი ხომ არ წავაგეთო… როგორც კი ვინმე წაიღიღინებდა ან ხმამაღლა გაიცინებდა, სანტიაგო ბერნაბეუ გადმოგვხედავდა და გვეტყოდა: ჩუმად, წყნარად იყავით, ვითომ შვედები ხართ!

…ის პირდაპირი კაცი იყო, სათქმელს ყველას პირში ეუბნებოდა. არ უყვარდა ზურგს უკან საუბარი. კონტაქტში ყველასთან ადვილად შედიოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა სტადიონის დარაჯი იქნებოდა თუ გამორჩეული ინჩასი. მისთვის მთავარი იყო ფეხბურთზე ესაუბრა. განსაკუთრებით მოთამაშეებზე ლაპარაკი უყვარდა, მათ შესახებ ყველაფერი აინტერესებდა: საიდანაა, სად თამაშობდა, დაოჯახებულია თუ არა… მოკლედ, ათასი წვრილმანი… რამდენიმე ფეხბურთელთან სხვა დამოკიდებულება ჰქონდა, მათ შორის ჩემთან და პაკო ხენტოსთან.

…სანტიაგო ბერნაბეუ სადად იცვამდა. არ უყვარდა გადაპრანჭვა. მთელი ცხოვრება ერთი მოძველებული ვოლკსვაგენი ჰყავდა და საჭესთან მეტწილად თავად იჯდა. საღამოობით მეგობრებთან ერთად საყვარელ კლუბში მიდიოდა – იქ საფეხბურთოსთან ერთად კორიდის ამბებსაც არჩევდნენ. ამ სფეროში ძალიან ჩახედული იყო.

…პრეზიდენტი შესანიშნავად ფლობდა ფრანგულს და გერმანულს, მისი საფირმო ნიშანი კი სიგარა იყო. ყველაზე მეტად სიტყვა ცხადია უყვარდა, თითქმის ყველა ენაზე იცოდა მისი შესატყვისი. ამასთან, ძალიან ადამიანური იყო, მუდამ ვგრძნობდით მის თანადგომას. მაგალითად, როცა ცივ ქვეყნებში მივდიოდით, ჩვენთვის თბილ ტანსაცმელს ყიდულობდა… ბერნაბეუმ კარგად უწყოდა, რომ საქმე სიყვარულით უკეთ კეთდება.

…რაც შეეხება ფულს და კონტრაქტებს: ჩვენთან ამაზე საუბარი მიღებული არ იყო, თუმცა ყველამ იცოდა, რომ იმ დროისთვის სოლიდურ თანხას ვიღებდით. და მაინც, გვაღიზიანებდა, რომ მადრიდელ კალათბურთელებს გაცილებით მეტს უხდიდნენ. როგორია: უფრო წარმატებულები ვიყავით, კალათბურთელები კი მილიონერები გახდნენ! მალე ყველაფერი დალაგდა – არასაფეხბურთო გუნდებს ბიუჯეტი შეუმცირეს და ამის ხარჯზე სტადიონის რეკონსტრუქცია წამოიწყეს.

ალფრედო დი სტეფანო ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა თასის ზედიზედ 5 ფინალურ მატჩში გაიტანა გოლი!

…როგორ არ გავიხსენო ჩემი მოტაცება კარაკასში? მე და ხოსე სანტამარია სასტუმრო პოტომაკის ნომერში ვისვენებდით, კარზე დააკაკუნეს, პოლიციელები ვართო და… დამაპატიმრეს! მერე მითხრეს, რომ ვენესუელის გათავისუფლების ეროვნული ფრონტის წევრები იყვნენ, რაღაც პარტიზანული ორგანიზაციის მსგავსი. მათ იმისთვის დავჭირდი, რომ მსოფლიოს ყურადღება მიექციათ. როგორც კი გამიტაცეს, მასმედიას გამოუცხადეს, ალფრედო დი სტეფანოს თითს არავინ დააკარებსო და მართლაც, ტყვეობის 72 სააათის განმავლობაში კარგად მექცეოდნენ. მოგვიანებით შევიტყვე, რომ რუსი კომპოზიტორის იგორ სტრავინსკის გატაცებას გეგმავდნენ, მაგრამ ის ასაკოვანი იყო და ამიტომ განზრახვაზე ხელი აიღეს… მესამე დღეს მათ თავად მოაწყვეს ჩემი „გათავისუფლების ოპერაცია“ და ესპანეთის საელჩოსთან დამტოვეს. რამდენიმე საათში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი დაესწრო. მათ შორის 2 გამტაცებელი ამოვიცანი, შემეშინდა და მომხდარზე მაქსიმალურად რბილად ვისაუბრე. მხოლოდ მას შემდეგ დავწყნარდი, რაც ვენესუელა დავტოვეთ.

…ამ ამბიდან 2 თვეში, 1963 წლის 23 ოქტომბერს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ საუკუნოვანი იუბილე იზეიმა. ფიფამ ეს თარიღი უყურადღებოდ არ დატოვა და საინტერესო თამაში მოაწყო: ინგლისი მსოფლიოს ვარსკვლავთა ნაკრების წინააღმდეგ. ამ უკანასკნელის კაპიტნის სამკლაური მე მანდეს და ვარსკვლავთკრებული მე გავიყვანე მოედანზე. რადგან საფეხბურთო სამყაროზე ვიყავი პასუხისმგებელი, თანაგუნდელების კვებასაც კი ვამოწმებდი: მაგალითად, გერმანელებს იოგურტი და ლორი ერჩივნათ, ესპანელებს სალათები და თევზი.

…ფიფას მსოფლიოს ნაკრები დიდხანს იქმნებოდა. მწვრთნელებმა 70ზე მეტი კანდიდატურა განიხილეს. ყველას სურდა იმ შეხვედრაში მონაწილეობა, თუნდაც სამახსოვროდ. მაგალითად, ეუსებიოს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ლონდონში მაინც ჩამოვიდა. რეალიდან მსოფლიოს ნაკრებში მე, პაკო ხენტო და ფერენც პუშკაში მიგვიწვიეს.

…1964 წლის ჩემპიონთა თასის ფინალის შემდეგ რეალში აღარ მითამაშია. მადრიდიდან ცივად, ოფიციალურად გამაცილეს. რამდენიმე დღეში სელტიკის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მშვენიერი 2წლიანი ხელშეკრულება შემომთავაზეს. მოსაფიქრებლად ერთი კვირა მომცეს, მე კი მივხვდი, რომ ესპანეთიდან ოჯახთან ერთად აბარგება ძალიან გამიჭირდებოდა. მალე ესპანიოლი შემეხმიანა და ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ.

…კარიერა მალე დავასრულე. ხშირად უკითხავთ, შემეძლო თუ არა კიდევ თამაში. ალბათ კი, მაგრამ 39 წლის ვიყავი, ძველებურად ვეღარ ვირჯებოდი და არ მინდოდა ხალხს ცუდად დავმახსოვრებოდი. რა უნდა მექნა? თავიდან ბუენოს აირესში დაბრუნებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ გამიჭირდა ასე უცებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება: 13 წელიწადი სრულდებოდა, რაც ევროპაში ვიყავი, 4 შვილი გავზარდე, ერთი სიტყვით, მივეჩვიე აქაურობას… მერე მწვრთნელობაზე ფიქრმა გამიტაცა, მით უმეტეს, რომ რამდენიმე პროვინციულ გუნდში მეპატიჟებოდნენ. თუმცა, ხშირი გადაადგილების პრესპექტივამ კვლავ დამთრგუნა. ბიზნესი? სახიფათო იყო – გამოჩნებოდა ვინმე კეთილისმსურველი, რამე აფიორას მოიგონებდა და დამტოვებდა მშრალზე.

…გამოსავალი მალევე გამოჩნდა: სააგენტო EFEმ კომენტატორად მუშაობა შემომთავაზა, მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის თამაშები უნდა წამეყვანა. მშვენიერი იდეა იყო – საინტერესო ხალხთან მუშაობა, საყვარელ საქმეში ტრიალი, გამოცდილება… დავთანხმდი და პირველად ვუყურე ფეხბურთს ტრიბუნიდან. არ დაგიმალავთ – ვერ ვისიამოვნე. თან, ორივე ჩემი ნაკრები წარუმატებლად გამოვიდა: ევროპის ჩემპიონი ესპანელები ჯგუფში ჩარჩნენ, არგენტინამ კი 0:1 წააგო მასპინძელ ინგლისთან.

…1970 წელს ბოკა ხუნიორსს ჩავუდექი სათავეში და გუნდი პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდა. მერე ესპანეთში დავბრუნდი და 1971 წელს ვალენსიაც გაჩემპიონდა… ფანტასტიკა იყო! უდიდესი კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, ვირწმუნე, რომ მწვრთნელადაც ვვარგივარ.

…გოლის აღმნიშვნელი რიტუალები მაღიზიანებს: ადრე ასე არავინ იქცეოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც პენალტიდან გაგვქონდა გოლი, მეკარეს ბოდიშსაც კი ვუხდიდით, მისდამი პატივისცემას გამოვხატავდით.

…გოლკიპერი ვახსენე და უნდა ვთქვა: ერთხელ მეც ჩავდექი კარში. ეს ბაირესულ კლასიკოში, რივერ პლეიტის და ბოკა ხუნიორსის მატჩის დროს მოხდა. ჩვენმა მეკარემ ამადეო კარისომ ტრავმა მიიღო და ბოლო 6 წუთით შევცვალე. გოლი არ გავუშვი – 1:0 მოვიგეთ. მეორე დღეს გაზეთებში დაიწერა, რომ დი სტეფანო მართლაც მთელი მოედნის მოთამაშეაო.

…გულახდილად რომ ვთქვა, ხანდახან ვფიქრობ, რომ ფეხბურთს მეტი მივეცი, ვიდრე მისგან მივიღე. ყველაზე დიდ სიამოვნებას გულშემატკივრები მანიჭებდნენ, ხალხი, ვისაც ჩემი თამაში მოსწონდა. მადლობა მათ!

2011 წელი: ალფრედო დი სტეფანო რეალის ვარსკვლავების და ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრთა გარემოცვაში

…ხანდახან მეკითხებიან, რა დამრჩა ცხოვრებაში ამდენი მატჩების, მოგზაურობის, თავგადასავლების შემდეგ… პასუხი მარტივია – ის, რაც სხვა პროფესიის ხალხს რჩება: ოჯახი და მეგობრები. ოჯახი და შვილები ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა: 2000 წლის 5 იანვარს მე და სარამ ოქროს ქორწილი გადავიხადეთ! უზარმაზარი შთამომავლობა გვრჩება – 6 შვილი და 4 შვილიშვილი! ამჟამად ჩვენთან მხოლოდ იგნასიო ცხოვრობს, დანარჩენები მიმოიფანტნენ, თუმცა ხშირად გვნახულობენ.

…კარიერის ყოველ პერიოდში 2 შვილი გვემატებოდა. 1952-53 წლებში, კოლუმბიაში თამაშისას, ნანეტი და სილვანა დაიბადნენ, რეალში ასპარეზობისას, 1955-58 წლებში – ალფრედო და ელენა; ხოლო მწვრთნელად მუშაობისას, 1969-71 წლებში – სოფია და იგნასიო. არც ერთი გაჰყვა ფეხბურთს. მინდოდა, რომ დი სტეფანოები კვლავ ყოფილიყვნენ მოედანზე, თუმცა ეს უმნიშვნელოვანესი არ ყოფილა. მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ შვილები პატიოსანნი ყოფილიყვნენ… ახლო ნათესავებთან არგენტინაში ხშირი მიმოწერა მაქვს. იქ ჩემი ძმის, წლების წინ გარდაცვლილი ტულიოს შვილი ალფრედო ცხოვრობს, რომელმაც სამწუხაროდ, ასევე არ ინება ფეხბურთელობა.

…მართალია სპეციალური საშვი მაქვს და როგორც დირექტორატის წევრს შემიძლია საპატიო სტუმართა ლოჟაში შესვლა, მაგრამ ტრიბუნებზე მირჩევნია ყოფნა, მეგობრებთან ერთად.

…ბიზნესით დაკავებული არ ვარ. ადრე სანტამარიასთან და ისიდროსთან ერთად მეფრინველეობის ფაბრიკას ვფლობდი. ეს დამატებითი შემოსავლისთვის არ გამიკეთებია, უბრალოდ, ქათმის ხორცისგან დამზადებული კერძები უზომოდ მიყვარს. სარამ ეს კარგად იცის და მშვენიერ კერძებსაც მიმზადებს. რამდენიმე წლის წინ იმ ფაბრიკის გაყიდვა გადავწყვიტეთ.

…ჰობი? მუსიკა, ოპერას ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა არგენტინელი ვარ და ტანგოს არაფერი მირჩევნია! ძალიან მსიამოვნებს კინოსა და თეატრში სიარული… იცით, წლების წინ 3 ფილმში ვმონაწილეობდი. პირველი მხატვრული ფილმი იყო, სადაც ეპიზოდური როლი შევასრულე. ის არგენტინაში გადაიღეს, დანარჩენი ორი კი – თეთრი ისარი და საკვირაო ბატალია – ესპანეთში. ეს უკანასკნელი ნახევრადბიოგრაფიული ფილმია, რომლის გადაღებებზეც უზომოდ ვიღლებოდი.

…საყვარელი მსახიობებიც მყავს. მაგალითად კერი გრანტი, ის ხომ ძალიან ელეგანტურია! ლოს ანჯელესში რიტა ჰეიუორტი გამაცნეს, რომელმაც ამხანაგური მატჩის წინ პირველი დარტყმა შეასრულა.

…აპოლიტიკური ვარ, თუმცა ჩემს მეგობართა შორის ბევრია პოლიტიკოსი.

…გულახდილად გეტყვით, წიგნების კითხვა არასდროს მხიბლავდა, გაზეთებს კი ყოველდღიურად ვეცნობოდი. ეგაა მხოლოდ, რომ ხანდახან ჟურნალისტები ნერვებს მიშლიდნენ. მაგალითად, მახსოვს ასეთი წინადადება: დი სტეფანომ მცველების პასიურობის ხარჯზე გაიტანა გოლი… არადა, რაღაც არ მახსოვს მცველს ჩემთვის ეთქვას: მოდი ალფრედო, ბურთი შეაგდე!

…რამდენიმე წლის წინ ჩემი ავტობიოგრაფია გამოვიდა. თუ ვინმე მკითხავს რისთვის დავწერე, ასე ვუპასუხებ: მადლიერება გამოვხატე იმ ხალხის მიმართ, ვისგანაც მხარდაჭერას, სითბოს ვგრძნობდი. წიგნი მშობლებს, ძმას, დას, მეუღლეს, შვილებს და ნათესავებს მივუძღვენი, ასევე ყველა თანაგუნდელს, ვინც წლების განმავლობაში გვერდში მედგა.

…ყველაზე მეტად კი ავტობიოგრაფია იმიტომ დავწერე, რომ საფეხბურთო ბურთისთვის მეთქვა: მადლობა ძმობილო! ბურთმა ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა, ამიტომაც მას მადრიდში, სახლის ეზოში ძეგლიც დავუდგი.

ალფრედო დი სტეფანო
დაიბადა 1926 წლის 4 ივლისს არგენტინის დედაქალაქში ბუენოს აირესში. გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში
თავდამსხმელი
მოთამაშის კარიერა: რივერ პლეიტი (ბუენოს აირესი, არგენტინა; 1944-45; 1947-49), ურაკანი (ბუენოს აირესი, არგენტინა; 1946), მილიონარიოსი (ბოგოტა, კოლუმბია; 1949-52), რეალი (მადრიდი, ესპანეთი; 1953-64), ესპანიოლი (ბარსელონა, ესპანეთი; 1964-66)
ტიტულები: არგენტინის ჩემპიონი – 1945, 1947; კოლუმბიის ჩემპიონი – 1949, 1951, 1952; ესპანეთის ჩემპიონი – 1954, 1955, 1957, 1958, 1961, 1962, 1963, 1964; კოლუმბიის თასი – 1953; ესპანეთის თასი – 1962; ევროპის ჩემპიონთა თასი – 1956, 1957, 1958, 1959, 1960; საკონტინენტთაშორისო თასი – 1960; სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი – 1947; არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1947 (27 გოლი); კოლუმბიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1951 (32), 1952 (19); ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1954 (27), 1956 (24), 1957 (31), 1958 (19), 1959 (23); ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი – 1958 (10), 1962 (7, ოთხ ფეხბურთელთა ერთად); ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ფრანს ფუტბოლი, საფრანგეთი) – 1957, 1959; ესპანეთის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი – 1957, 1959, 1960, 1964
სამწვრთნელო კარიერა: ელჩე (ესპანეთი; 1967-68), ბოკა ხუნიორსი (ბუენოს აირესი, არგენტინა; 1969-70), ვალენსია (ესპანეთი; 1970-74), სპორტინგი (ლისაბონი, პორტუგალია; 1974), რაიო ვალეკანო (მადრიდი, ესპანეთი; 1975-76), კასტელიონი (ვალენსია, ესპანეთი; 1976-77), ვალენსია (ესპანეთი; 1979-80), რივერ პლეიტი (ბუენოს აირესი, არგენტინა; 1981-82), რეალი (მადრიდი, ესპანეთი; 1982-84), ბოკა ხუნიორსი (ბუენოს აირესი, არგენტინა; 1985), ვალენსია (ესპანეთი; 1986-88), რეალი (მადრიდი, ესპანეთი; 1990-91)
ტიტულები: არგენტინის ჩემპიონი – 1969, 1981; ესპანეთის ჩემპიონი – 1971; ესპანეთის მეორე დივიზიონის ჩემპიონი – 1987; არგენტინის თასი – 1969; ესპანეთის სუპერთასი – 1990; თასების მფლობელთა თასი – 1980

*-არგენტინის, კოლუმბიის და ესპანეთის ჩემპიონატებში: 521 მატჩი, 376 გოლი  (1945-66)

*-არგენტინის, კოლუმბიის და ესპანეთის თასებზე: 64 მატჩი, 50 გოლი (1945-66)

*-ჩემპიონთა თასზე: 58 მატჩი, 49 გოლი (1955-64)

*-არგენტინის ნაკრებში: 6 მატჩი, 6 გოლი (1947)

*-კოლუმბიის ნაკრებში: 4 მატჩი (1949)

*-ესპანეთის ნაკრებში: 31 მატჩი, 23 გოლი (1957-61)

*-კარიერის განმავლობაში 698 ოფიციალურ მატჩში 510 გოლი გაიტანა, ამხანაგურების ჩათვლით 897 მატჩში 694 ბურთი (1944-66)

ლაშა გოდუაძე (წიგნიდანკარიერა ფრაზებში 2; 2020)

ka_GEGeorgian