კარიერა ფრაზებში #66: რივალდო

2002 წელს რონალდომ, იგივე ფენომენმა, იგივე ლუის ნაზარიო დე ლიმამ მსოფლიოს ჩემპიონატი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.
კორეა-იაპონიაში ბრაზილიელმა 8 გოლი შეაგდო, მათ შორის 2 ფინალში გერმანიასთან და წლის ბოლოს ყველა ინდივიდუალური ჯილდო ჩაიბარა ფრანს ფუტბოლის, უორლდ სოკერის, BBCის, ფიფას და კიდევ უამრავი ვერსიით. იმ ზამთარში მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ რონალდო ამას იმსახურებდა.
2002 წლის მსოფლიო ბრაზილიამ ერთი ამოსუნთქვით გაიარა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ სელესაომ ყველა, შვიდივე მატჩი მხოლოდ ფენომენის გოლებით მოიგო. ლუის ფელიპე სკოლარის ბრაზილია ძალიან კარგი და მოქნილი გუნდი იყო საიმედო მეკარით, მისაბაძი დაცვით, ძლიერი ნახევარდაცვით და რამდენიმე უნაკლო ინდივიდუალისტით.
იმ ნაკრებში რივალდოც ბრწყინავდა, რომელიც მიუხედავად ჯგუფში თურქეთთან არცთუ მოსაწონი საქციელისა, საერთო ჯამში უნაკლო იყო.
ჯგუფში, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში რივალდომ ყველა, ხუთივე მატჩში გაიტანა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, გახსოვთ რას მოჰყვა რონალდოს ფინალური გოლები?
პირველ მომენტში, როცა ლუის ნაზარიომ დამატებაზე ითამაშა და ანგარიში გახსნა, ოლივერ კანმა სწორედ რივალდოს გასროლილი ბურთი ვერ დაიჭირა. რამდენიმე წუთში კი ბრაზილიელმა კიდევ ერთხელ ითამაშა დიდებულად – მოხდენილად გაატარა ბურთი, კანთან პირისპირ დარჩენილ რონალდოს კი ზუსტად დარტყმა აღარ გასჭირვებია.
რონალდოს დუბლი რივალდოს დამსახურებაცაა და საერთოდ, რივალდო იმ გუნდის დირიჟორი – ათიანი იყო, ხოლო როცა ბრაზილიის მთავარ გუნდში მეათე ნომერს განდობენ, ბევრი ლაპარაკი არ უნდა, ესე იგი ძალიან დიდი ხარ!
რივალდოც ძალიან დიდი იყო, ძალიან დიდი ბრაზილიელი ათიანი.
და ამას ყველა დაგიდასტურებთ, ვისაც 90იანი წლების ბარსელონა ახსოვს. ვიტორ ბორბა ფერეირა კრუიფის შემდგომი ბარსას ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ. ხოლო როგორ ვერ შემართა მისმა ბარსელონამ ჩემპიონთა თასი, ეს დიდი გამოცანაა.
დღეს რივალდოს კარიერას გავიხსენებთ. ტრადიციულად, მის შესახებ გამოქვეყნებული ჩანახატების და ინტერვიუების დახმარებით.

 

…ოქროს ბურთი ადვილად არ მომიგია. ეს იყო უდიდესი შრომის ნაყოფი: რამდენიმე სეზონი ყველა შეხვედრაში ბოლო წამამდე ვიბრძოდი, მერე კი სტრესისგან თავის დაღწევას ვცდილობდი.

…დიდხანს ვიფიქრე როგორ გადამექცია პირადი სიხარული საყოველთაო დღესასწაულად. და ბოლოს ასეთი რამ მოვიფიქრე – ნაცნობ ლაკორუნიელ იუველირს 60 პატარა მედალიონი დავუკვეთე ოქროს ბურთის გამოსახულებით და მადლიერების სიტყვები დავაწერინე იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ წარმატებაში დამეხმარა. ოქროს ბურთის მიღების შემდეგ მედალიონებით ყველა თავად დავაჯილდოვე – ბარსელონის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაციული პერსონალი, მწვრთნელები და თანაგუნდელები.

…მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში კონკურენტებს სოლიდური სხვაობით ვაჯობე: 219 ქულა დავაგროვე, დევიდ ბექემმა 154, ანდრეი შევჩენკომ კი 64. მოუთმენლად ველოდი ფიფას გადაწყვეტილებასაც, რათა გაეგო რამდენად ობიექტური იყო ფრანს ფუტბოლის გამოკითხვის შედეგები: მე – 543 ქულა, ბექემი – 194, გაბრიელ ბატისტუტა – 79!

…დაბრკოლებებით სავსე კარიერის კომპენსირება სწორედ იმ წელს მოხდა. მაშინ ყველა ინდივიდუალური ჯილდო მე მხვდა წილად: გავხდი პლანეტის უძლიერესი მოთამაშე ფიფას ვერსიით, მივიღე ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთი, უორლდ სოკერის ჯილდო, ესპანეთის პრიმერადივიზიონის საუკეთესო სამხრეთამერიკელად მაღიარეს… ვინც მიჩვეულია მსგავს ტიტულებს, ჯილდოებს ჩვეულებრივად იღებს, გეგონება ბუცებს იცვლისო… მე კი პატარა ბავშვივით მიხაროდა, ადგილს ვერ ვპოულობდი… ეს ჩემთვის სრულიად ახალი შეგრძნება იყო, რადგან მანამდე ასეთი რამ არასდროს განმიცდია. 1999 წელი, ალბათ, ყველაზე წარმატებული წელიწადი იყო.

…ბუნებით ძალიან მშვიდი ვარ, ვერიდები პოლემიკას და კონფლიქტს. იმდენად, რომ ბრაზილიაში ჩემს ხასიათსა და შემრიგებლურ გამონათქვამებზე იცინიან კიდეც.

…ბევრჯერ  ვიყავი ბედნიერი, მაგრამ არანაკლებ ხშირად ვგრძნობდი თავს ცუდად.

…იმ მომენტიდან, როცა რესიფეს მოკრძალებულ სამშობიაროში მოვევლინე ქვეყნიერებას, ჩემთვის ბავშვობის თითქმის ყოველი დღე არსებობისთვის ბრძოლა იყო. მყავდა მრავალრიცხოვანი და გაჭირვებული ოჯახი. მამა ადრე გარდაიცვალა, ამიტომ უმცროსებს მე და ჩემი ძმები ვუვლიდით… ალბათ, ამიტომაც ჩამომიყალიბდა რთული ხასიათი.

…ბავშვობის რამდენიმე ფოტო მაქვს. მიზეზი მარტივია: გვიჭირდა და ფოტოაპარატი, ისევე, როგორც ფერადი ტელევიზორი, ჩვენთვის ფუფუნება იყო. ამიტომაც მთელი ესპანური კარიერის მანძილზე მეუღლეს და შვილებს უამრავ ფოტოს ვუღებდი.

…და-ძმები მყავს: რიკარდო, რინალდო, კრისტიანა და სორაია და მათ პატრონად ყოველთვის მე ვითვლებოდი. ასე გადაწყვიტა მამაჩემმა რომილდომ, რომელთანაც სამწუხაროდ, ხანმოკლე ურთიერთობა მქონდა.

…ჩვენი სახლი მატერიალური კეთილდღეობის ატრიბუტებს მოკლებული იყო. არ ვშიმშილობდით, მაგრამ კარგად იშვიათად ვჭამდით. სათამაშოები არ გვქონდა, თუმცა ერთი პლასტმასის ბურთითაც ვკმაყოფილდებოდით – მთელი დღეები მის დევნაში ვიყავით.

…სწორედ ასეთ პირობებში ყალიბდება ფეხბურთი ბრაზილიურ იდეალად. ბურთი ყოველთვის ჩემი იყო – ღარიბი თანამემამულეების ერთადერთი სიხარული და ძმები გამუდმებით ფეხბურთს ვთამაშობდით. ეს ჩემთვის დროსა და სივრცეში მოგზაურობა იყო, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას მავიწყებდა: ასფალტი კარგად მოვლილ, იდეალურ გაზონად მეჩვენებოდა, უვარგისი, დაჟანგული მილები – ნამდვილ, თეთრ ძელებად, ხოლო მანქანების ხმაური, თითქოს მსაჯის სასტვენი და გულშემატკივრების ოვაციები იყო… ფეხშიშველი ვთამაშობდი, სპორტული ფეხსაცმელი არ მქონდა, ამიტომ დღემდე სულერთია, ბურთს ტერფის რომელი ნაწილით დავარტყამ. პლასტმასის ბურთი ჩემი საუკეთესო, ერთგული მეგობარი იყო – ის ცუდის დავიწყებაში მეხმარებოდა. ახლაღა ვხვდები, რომ სწორედ ეს იყო დიდებისკენ მიმავალი ყველაზე მართალი გზა, მაშინ კი, უბრალოდ, განტვირთვას ვცდილობდი.

…ჩვენი სამეულიდან ყველაზე ნაკლებნიჭიერად და ფიზიკურად სუსტად მე მივიჩნეოდი. ეს აზრი, შეიძლება იმიტომაც გაჩნდა, რომ გამუდმებით უფროსებთან ვთამაშობდი, თუმცა ამას დადებითი მხარეც ჰქონდა – მეტი მონდომებით ვვარჯიშობდი.

…მადლობელი ვარ მამაჩემის, რომელიც არჩევანს მიწონებდა. 16 წლამდე ერთნაირი განრიგი მქონდა – სწავლა, მუშაობა, ვარჯიში, თამაში… ხანდახან ძმებთან ერთად პლაჟზე დავიარებოდი მხარზე გადაკიდებული პატარა მაცივრით – გამაგრილებელ სასმელებს ვყიდდი. ყველაზე კარგად კარნავალებზე ვვაჭრობდი. ხშირად ხილით სავსე ურიკებიც დამქონდა… ვასაღებდი ლატარიის ბილეთებს და არც მდიდრების ხელბარგის ტარებას ვთაკილობდი სუპერმარკეტებსა თუ ბაზრობებზე.

…13 წლის რომ გავხდი, პელადასი (ასე ვეძახდით ორმხრივ თამაშს) ორგანიზებულმა წვრთნებმა შეცვალა, სადაც მწვრთნელი კონკრეტულ დავალებას გვაძლევდა. ჩემ გარდა ყველას ამჩნევდნენ, მაგრამ ეს ამბავი პირიქით, მაღიზიანებდა და გაორმაგებული ენერგიით ვვარჯიშობდი – გასახდელის სუნმა და სტადიონზე არსებულმა ატმოსფერომ მომხიბლა, ფეხბურთი ჩემი ცხოვრების აზრი გახდა!

…მათემატიკა მეხერხებოდა და ამიტომ ვითვლიდი კარგად ვარსკვლავების ჰონორარებს. ამავე მიზეზით არ დავბნეულვარ, როცა უზარმაზარი ფული ჩემს ხელში აღმოჩნდა. სხვებივით არც ფსიქოლოგი დამჭირვებია და არც ადამიანი, ვინც ფინანსებს განაგებდა – ამას თავადაც მშვენივრად ვაკეთებდი.

…სტადიონები ჩემში არანაირ ემოციებს აღარ იწვევენ, სულ ერთია, რომელ სარბიელზე გავალ – მარაკანაზე თუ უემბლიზე. ჩემთვის ყველაზე გრანდიოზულ სტადიონად სანტა კრუზი რჩება – მხოლოდ რესიფეში ვნერვიულობ დამწყები ფეხბურთელივით. ამასთან დაკავშირებით, მუდამ ერთ თამაშს ვიხსენებ, რომელიც სანტა კრუზზე გაიმართა. მაშინ 18 წლის ვიყავი და ახალგაზრდულ გუნდში, ეგრეთ წოდებულ ჟუნიორსში გამოვდიოდი. პრინციპულ მეტოქეს ვხვდებოდით, წაგების უფლება არ გვქონდა. თითქმის მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გავატარე და მხოლოდ მატჩის მიწურულს, 2:2ზე გამოვჩნდი. გავედი და გამარჯვების გოლიც გავიტანე – გუნდი შემდეგ წრეში გავიყვანე! ნამატჩევს ჟურნალისტებმაც კი მომძებნეს – არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, დავიბენი და… ცრემლები წამსკდა. მასმედიასთან ურთიერთობა ახლაც მიჭირს.

…დიდი ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში ტელევიზორიდან შემოიჭრა. რეპორტაჟებს ხშირად მეზობლებთან ვუყურებდი. ყველაზე მეტად ფლამენგოს თამაშების ნახვა მიყვარდა: ზიკო, ანდრადე და ლეანდრო ნამდვილი არტისტები იყვნენ… ვუცქერდი მათ და ვოცნებობდი ერთ მშვენიერ დღეს ფლამენგოს მაისური მომერგო!

…სხვა გასართობიც გვქონდა, რომელმაც კინაღამ ცხოვრება დამინგრია. ასეთი თამაში იყო – პირველს უნდა მიგერბინა ორმეტრიან კედელთან და გადამძვრალიყავი. ერთხელაც ბოლომ მივირბინე, ბიჭები უკვე ზევით იყვნენ და ერთ-ერთს აგურები ჩამოუცვივდა. ერთი უზარმაზარი ნატეხი მარჯვენა ფეხზე დამეცა… ნახევარ საათში ექიმმა 16 ნაკერი დამადო და მითხრა: ძალიან გაგიმართლა რომ არ დაკოჭლდი, ძვალიც მთელი გაქვს და ძარღვებიც გადაგირჩაო.

…მამა მუდამ დარჩება ადამიანად, რომელმაც გზაზე დამაყენა და ცხოვრება მასწავლა. რომილდო სერიოზული, კეთილი, კომუნიკაბელური და უზომოდ თავდადებული კაცი იყო. ის ყველაფერზე წავიდოდა, ოღონდ ოჯახი ჰყოლოდა კარგად.

…არასდროს, არც ერთი შვილისთვის არ უყვირია. წონასწორობას მხოლოდ ფეხბურთზე საუბრისას კარგავდა. ჩვენგან, ვაჟებისგან ერთ მთლიანს ქმნიდა – მისთვის ჩვენ ერთი ორგანიზმი ვიყავით. შემთხვევით არ დაურქმევია თავისი ბიჭებისთვის რიკარდო, რინალდო და რივალდო. სამივე სახელი იმავე ასოზე იწყებოდა, რომელზეც მისი.

…არ გადავამეტებ თუ ვიტყვი რომ 1989 წლის 6 იანვარს მამაჩემთან ერთად ჩემი გულის დიდი ნაწილიც მოკვდა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ხალხი რომილდოზე მეკითხება, პასუხს ჩემს თვალებშიც კარგად ხედავს. უკვე დიდები ვიყავით, მაგრამ ისევ ხელს გვკიდებდა და ბავშვებივით სასეირნოდ მივყავდით, გვეხუტებოდა, გვკოცნიდა… ახლა მეც ვცდილობ შვილებს მასავით მოვექცე, არაფერი მოვაკლო, პირველ რიგში კი სიყვარული და ყურადღება.

…ის დღე ნათლად მახსოვს, თითქოს ვიცოდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი: დილით, დაახლოებით 10 საათისთვის გავიდა შინიდან. ქუჩაში შემხვდა, ჩანთაში პროდუქტები ეწყო – უყვარდა საყიდლებზე სიარული… ცოტა ხანს ვისაუბრეთ, ჩამეხუტა, მაკოცა და ჩვენ გზას დავადექით. ის და დედა რესიფეში აპირებდნენ წასვლას რაღაც საქმეზე. როდესაც ადგილზე  მივიდნენ, გრძელი რიგი დახვდათ. მამამ დედა იქვე დატოვა, რიგი დაიკავე, უცბად მოვალო და… ის ისეთი მოწესრიგებული იყო… მიკვირს, რატომ არ მიიხედ-მოიხედა, როცა გზას კვეთდა – პირველს 15 წუთი აკლდა, ავტობუსის მძღოლმა დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო და…

…იმის თქმაც შემიძლია, რომ ფეხბურთელი მისი ხათრით გავხდი. ყოველთვის მიმეორებდა, შენში ნაღდ პროფესიონალს ვხედავო… მამის სიკვდილის შემდეგ ერთი პერიოდი ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი – ოჯახს ძალიან გაუჭირდა და დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ მერე მივხვდი, ამით რომილდოს ვაწყენინებდი და კვლავ დავიწყე ვარჯიში.

…სანტა კრუზის ძირითად შემადგენლობაში შემთხვევით მოვხვდი. 1991 წელს სან პაულუში ტრადიციულად გათამაშდა იუნიორთა თასი. რამდენიმე თანაგუნდელს მეორე დილით პროფესიონალების ვარჯიშზე მისვლა სთხოვეს. ბიჭებს მეც გავყევი, უბალოდ, ინტერესისთვის. მათ ვიღაც კაცი ესაუბრებოდა და უკითხავს, თქვენი ბომბარდირი რივალდო სად არისო. უთხრეს, რომ ტრიბუნაზე ვიჯექი და მანაც მიხმო. დანარჩენებთან ერთად ვივარჯიშე!

…მწვრთნელმა სერჟიუ კოსმემ მითხრა, მომდევნო შეხვედრაში თავდასხმაში დაგაყენებ ვალბერის ნაცვლადო… სიზმარი იყო, მაგრამ „გამოღვიძება“ კოშმარული გამოდგა – ვარჯიშის ბოლო დღეს მუხლი ისე ვიტკინე, რომ მოედნიდან საკაცით გამიყვანეს. ყველა თანამიგრძნობდა.

…სანტა კრუზის შემადგენლობაში ახალი წევრის გამოჩენას არცთუ სასიამოვნო კომენტარები მოჰყვა. კრიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ჩემი ადგილი ქვედა დივიზიონებში იყო და საერთოდ, ფეხბურთში ვერაფერს მივაღწევდი. მალე ჩემით სანტა კრუზზე გაცილებით სახელოვანი მოჟი მირიმი დაინტერესდა და გადამიბირა კიდეც. ასე აღმოვჩნდი ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთ ცენტრში – სან პაულუში, ოჯახისგან ძალიან შორის.

…მე, ჩრდილოელს, ბრაზილიის სამხრეთში ცხოვრება მოსაწყენად მეჩვენა. იქაურები საოცარი მონდომებით იგნორირებენ პროვინციელებს. სხვათა შორის, ასეთივე ურთიერთობები იყო ნაკრებშიც. სამხრეთში ყველაფერზე დაგცინოდნენ – საუბრის მანერაზე, ქცევაზე, ტანსაცმელზე… მოჟი მირიმში ჩრდილოეთიდან სამნი ჩავედით: მე, ვალბერი და ლეტო და იქ არცთუ მოსაწონი მეტსახელი შეგვარქვეს – სამეული სოფლიდან.

…სან პაულუში გავიცანი გოგო, როზი, რომელიც ჩემი მეუღლე გახდა. ყოველდღე ვხვდებოდით საღამოს 8 საათზე, 3 საათი ერთად ვიყავით, მერე კი ბაზაზე მივდიოდი და ტკბილად მეძინა.

…მოჟი მირიმში ჩემმა გადასვლამ კრიტიკოსები სამუდამოდ გააჩუმა. ჩემი სახელი სულ უფრო ხშირად ისმოდა დიდი კლუბების: კორინთიანსის, პალმეირასის და სანტოსის ვარსკვლავების გვერდით. მალე ჩემით კორინთიანსი დაინტერესდა, მაგრამ მოჟი მირიმთან გაფორმებული კონტრაქტი მის უფროსობას დიდ თავსატეხს უჩენდა.

…ახალ გუნდში ისეთი მონდომებული ვიყავი, რომ კორინთიანსის ბოსები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ, თუმცა ერთი პრობლემა იყო – როზის სანახავად თითქმის ყოველდღე 60 კილომეტრს გავდიოდი და ჩემი კვალიფიკაციის მძღოლს ამ მანძილის დასაფარად 2 საათი მაინც სჭირდებოდა… საბოლოოდ, იჯარის ვადა ამოიწურა, კორინთიანსი და მოჟი მირიმი ვერაფერზე შეთანხმდნენ და მეც 6 თვის შემდეგ უკან დავბრუნდი.

…გავიდა ცოტა ხანი და ახალი, უფრო სახელოვანი კლუბი გამოჩნდა – კორინთიანსის ძველი მეტოქე პალმეირასი, რომელმაც 1994 წელს ჩემი კონტრაქტი გამოისყიდა და სიმშვიდე და თავდაჯერებულობა დამიბრუნა. ამ მდიდარმა გუნდმა შესანიშნავი პირობები შემიქმნა და ბოლო წლებში დაგროვილი ვალებიც კი გამისტუმრა.

…ბრაზილიაში კერპებს ხშირად ფეხბურთელებისგან ქმნიან. ასეთად ვიქეცი მეც. დღესაც ვინახავ ფირს, სადაც ჩემი პირველი შვილის, რივალდინოს დაბადებაა აღბეჭდილი. თეთრხალათმორგებული ველოდი ბავშვის გამოჩენას, ხოლო ორი ექიმი, პალმეირასის და კორინთიანსის ქომაგები, იცით რას აკეთებდნენ? იდგნენ და კამათობდნენ, ამ გუნდებიდან რომლის ღირსებას დაიცავდა ახალშობილი.

…პალმეირასში კარგად ვგრძნობდი თავს, ყველაფერი მისაღები იყო, მაგრამ ბოლოს ვიგრძენი, რომ ევროპაში წასვლის დრო დადგა, მივხვდი, რომ ბრაზილიის პირველობაში საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე და იქ გაჩერება ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის დამღუპველი იქნებოდა. თანამემამულეებისგან განსხვავებით ევროპაში გამგზავრება საკმაოდ გამეწელა. მთხოვნელთაგან პირველი პარმა გამოჩნდა, იმ პერიოდისთვის სოლიდური კლუბი. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, კმაყოფილი ვიყავი, თითქოს არაფერი უშლიდა ხელს იტალიაში გადაბარგებას, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

…შემდეგი პსვ ეინდჰოვენი იყო. ნიდერლანდური კლუბის უფროსობასთან ერთად ვისადილე კიდეც, მაგრამ ეს ტრანსფერიც ჩაიშალა – პალმეირასი რაღაცით უკმაყოფილო დარჩა. როდესაც ევროპა „მიყუჩდა“, მშვენიერი წინადადება მივიღე იაპონიის ვერდი კავასაკისგან, თუმცა… ასე მიდიოდა ჩემი ოცნების მატარებელი – არც ერთ სადგურზე არ ჩერდებოდა.

…ხელი მქონდა ჩაქნეული, როცა ესპანეთიდან ლა კორუნიის დეპორტივოს ხელმძღვანელები შემეხმიანნენ. ჩემმა თანამემამულემ, გუნდის ლიდერმა მაურო სილვამ დამირეკა და მიუხედავად იმისა, რომ არ მიცნობდა, დიდხანს მესაუბრა და მიქო დეპორტივო.

…მალე ესპანეთში ჩავედი, სადაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანი და დიდებული ფეხბურთელი ბებეტო შევცვალე. სხვათა შორის ჩემი ტრანსფერი უძვირესი აღმოჩნდა როგორც პალმეირასისთვის, ასევე დეპორტივოსთვის. ბოლოს და ბოლოს მეც გამიმართლა! ყველაფერი ძალზე დროულად მოხდა, ვინაიდან იმავე 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადაზე ბრაზილიის ნაკრები ჩაფლავდა და ეს ამბავი, რატომღაც, მთლიანად მე დამბრალდა. კიდევ კარგი ესპანური ვარიანტი გაიჩარხა, თორემ საშინელი დეპრესია დამეწყებოდა.

…ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულს დეპორტივომ 15დღიანი დასვენების უფლება დამრთო. აქედან მხოლოდ 5 დღე გამოვიყენე და ლა კორუნიაში ჩავედი, სადაც ორ ათასამდე ინჩასი დამხვდა, რიასორზე წარდგენას კი რვა ათასი ქომაგი დაესწრო, რომლებიც უსიამოვნების დავიწყებასა და ახალი ძალების მოკრებაში დამეხმარნენ.

…დეპორტივოში მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა: აღარ ვიყავი პატაპალო – ხისფეხება. ბრაზილიისგან განსხვავებით ევროპაში ვარსკვლავის სტატუსი მომენიჭა და არცთუ უსაფუძვლოდ – პირველი მატჩიდან გუნდის ლიდერად ვიქეცი. ასეთივე როლს ასრულებდნენ სხვა ბრაზილიელებიც – ბარსელონაში რონალდო, რეალში – რობერტო კარლოსი.

…ლა კორუნიაში გატარებული ერთი წლის შემდეგ, ერთ მშვენიერ საღამოს ტელეფონის ზარი გაისმა. ყურმილის მეორე მხრიდან უცნობმა მითხრა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელებზე მიმაგრებული აგენტია და რომ ბარსელონის ბოსების დავალებით დამიკავშირდა. მისი თქმით უმოკლეს ვადებში უნდა მოეგვარებინა კატალონიურ კლუბში ჩემი ტრანსფერი.

…ძილი გადამავიწყდა! წამებში გამახსენდა მსგავსი საუბარი მაურო სილვასთან ერთი წლის წინ, როცა მან პალმეირასის შეკრებაზე მომძებნა. აგენტთან გავარკვიე, რომ ჩემი კანდიდატურა ბარსელონის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლორენსო სერა ფერერმა წამოაყენა და მის წინადადებას კოლეგებთან ერთად კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ ლუის ნუნიესიც დაეთანხმა.

…ტელეფონის ზარმა ძალიან დამაბნია. მოსაფიქრებლად ორი დღე მჭირდება-მეთქი, ვუთხარი იმ აგენტს, პასუხად კი მივიღე, რომ შექმნილ სიტუაციაში უსწრაფესად უნდა გადავწყვიტო, რადგან მალე სატრანსფერო სეზონი დაიხურება. იმ წუთებში გვერდით მაურო სილვაც იყო – ჩვენ ერთ ნომერში ვცხოვრობდით. მირჩია უცნობს დავთანხმებოდი.

…სასწრაფოდ გადავურეკე მეუღლეს. როზი გაოცდა, ნაღდად არ ელოდა ასეთ სერიოზულ ცვლილებას. გადაჭრით არ გაუცია პასუხი, თავად მოიფიქრეო, მითხრა. მოლაპარაკებაში გამოცდილი აგენტი ხოსე მარია მინგელა ჩავრთე. ვყოყმანობდი, ვუხსნიდი, რომ დეპორტივოში მყარად მაქვს ფეხი მოკიდებული, თუმცა არაფერი ჭრიდა, ზეწოლა თანდათან იზრდებოდა. მეორე დღეს ბარსელონიდან ფაქსი მოვიდა, სადაც ყველაფერი დაწვრილებით იყო აღწერილი, მხოლოდ დოკუმენტებზე ხელის მოწერაღა რჩებოდა.

…კატალონიაში ისეთი დახვედრა არ მოუწყვიათ, როგორც ლა კორუნიაში ერთი წლით ადრე. სამედიცინო შემოწმება კლუბის წარმომადგენელთა თანდასწრებით გავიარე, შემდეგ კი კამპ ნოუზე ბარსას ოფისს მივაშურეთ. იქ ჟურნალისტები არ შეუშვეს.

…იმისთვის რომ კარგი და ცუდი არ არეულიყო, დისტანციის დაჭერა მომიხდა – პრეზიდენტთან ფინანსურ საკითხში, მწვრთნელთან კი ტაქტიკასთან დაკავშირებით. კატალონიაში ყოფნის პირველივე დღიდან ცხადი გახდა, რომ მე და ვან გაალს ფეხბურთი აბსოლუტურად სხვაგვარად გვესმოდა. ეს იმდენად აშკარა იყო, ტრიბუნიდანაც შეამჩნევდა დაკვირვებული ადამიანი.

…ნიდერლანდელი ყველას არწმუნებდა, ერთგვარ საზოგადოებრივ აზრსაც ქმნიდა, რომ ცენტრალური ნახევარმცველისთვის არასაკმარისად დისციპლინირებული ვარ, ნაკლებად ვიბრძვი ბურთის ართმევისას და მეტოქის კონტრშეტევების დროს უკან ნელა ვიხევდი. ამაზე პირისპირაც ვკამათობდით და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალები ვართ, ხშირად დისკუსია უხეშ ხასიათს იღებდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მოედანზე არგაყვანით მემუქრებოდა, თუმცა არც ჩემ მაღალ კლასს უარყოფდა – ჩვენ ხომ პირველ წელს ჩემპიონები გავხდით და სამეფო თასიც დავისაკუთრეთ.

…ყველაზე მკაფიოდ კამპ ნოუზე მაიორკასთან შეხვედრის შემდეგ მომხდარი კონფლიქტი დამამახსოვრდა. ვან გაალმა შემცვალა, მე კი შხაპი მივიღე და პირდაპირ შინ წავედი. მეორე დღეს, ვარჯიშზე, მწვრთნელი მომიახლოვდა და ინგლისურ ენაზე ხანგრძლივი ნოტაცია წამიკითხა. იქვე იყო ლუიშ ფიგუც, რათა ყოველივე პორტუგალიურად ეთარგმნა.

…ვან გაალი 1999-2000 წლების სეზონის მიწურულს განცდილი წარუმატებლობისთვის გაათავისუფლეს. ბარსელონამ ერთნაირი ანგარიშით 0:3 წააგო მაიორკასთან და ოვიედოსთან, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვალენსიასთანაც დამარცხდა. ამჯერად უჩემოდ. ისე მოხდა, რომ ვარჯიშზე დავშავდი. ფეხი მანამდეც მტკიოდა, მაგრამ ამჯერად ვეღარ გავუძელი, მოედანი დავტოვე და ექიმს ვუხმე, რომელმაც გასახდელში წასვლა მირჩია, არადა ეს მხოლოდ მწვრთნელის პრეროგატივაა. შემოწმების შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ განსაკუთრებული არაფერი იყო და თავისუფლად შემეძლო 90 წუთი მოედანზე ყოფნა. ტკივილგამაყუჩებლით ადრეც მითამაშია, მაგრამ მაშინ უარი ვთქვი – ტრავმის გართულების შემეშინდა. ვან გაალს კი უნდოდა, რომ განაცხადში მაინც მოვხვედრილიყავი, რათა ვალენსიასთან მარცხის შემთხვევაში ყოველივე სათადარიგოთა სკამზე მჯდომი რივალდოსთვის გადაებრალებინა.

…მასაჟზე არ ვგიჟდები, საუნაში ნებივრობა მირჩევნია – იქ უკეთესად ვისვენებ… წყალი ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. საუნა მიხსნის სტრესს, განსაკუთრებით ხანგრძლივი მგზავრობის, ტემპერატურის და ტენიანობის შეცვლის შემდეგ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში ან სხვა კონტინენტზე მივფრინავ.

…მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ერთი რამ ვისწავლე – მოთმინება, რთულ მომენტებში სიმშვიდის, თუნდაც მოჩვენებითის შენარჩუნება. ზუსტად ასე ვიქცეოდი ყველა კონფლიქტის დროს.

…ბრაზილიური ფეხბურთი ყოველთვის გაიგივებული იყო ლამაზ სპექტაკლთან, უსაზღვრო ფანტაზიასა და ტექნიკასთან. ეს, რასაკვირველია, კარგია, თუმცა ყოველივეს ნეგატიური მხარეც აქვს – მოთამაშეთა ზედმეტი ინდივიდუალურობა, რაც რიგ შემთხვევებში გუნდურ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ხშირად წარუმატებლობის საწინდარიცაა. ბრაზილიის დროშაზე კი წერია „წესრიგი და პროგრესი“, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჩვენ ფეხბურთს ნაკლებად ეხება.

…ახალგაზრდობაში არასდროს მიწვევდნენ ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში, ეროვნულში კი პირველად 21 წლის აღმოვჩნდი, თუმცა კიოლნში გამართულ იმ შეხვედრას დებიუტს ნაღდად ვერ დავარქმევ – გერმანელების წინააღმდეგ წამითაც არ მითამაშია. კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რა ცუდია სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, თან როცა საშინლად ცივა.

…არასდროს მშურდა რომარიოსი და რონალდოსი, ჩვენ ყოველთვის დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა. თუმცა ვერ ვივიწყებ, რომ როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო ჯერ რომარიომ მიიღო, შემდეგ კი რონალდომ, ევროპაში ბრაზილიელ ჟურნალისტთა მოზრდილი ჯგუფი ჩაფრინდა ინტერვიუების ჩასაწერად. ჩემ შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა.

…ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1994 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი ავადსახსენებელი მატჩის გამო ვერ მოვხვდი. მანამდე არაერთხელ დაიწერა, რომ ბრაზილიის ნაკრები ეს არის რივალდო პლუს 21 ფეხბურთელი. ჩემს მიმართ ასეთი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება უიშვიათესი ამბავი იყო და ამიტომაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული მქონდა. ძალიან მიხაროდა, მომავლის მწამდა, ხალხი და სპეციალისტები მხოლოდ იმაზე კამათობდნენ, თუ რა პოზიციაზე ვითამაშებდი. საკონტროლო შეხვედრებმა დამარწმუნა, რომ ჩემი ადგილი ეროვნულში ნამდვილად იყო. განსაკუთრებით კარგად ვითამაშე არგენტინელებთან. ამაში ისიც დამეხმარა, რომ მატჩი ჩემს მშობლიურ რესიფეში გაიმართა და გულშემატკივრები არნახულად მამხნევებდნენ, საპატიო სტუმართა ლოჟაში კი ჩემი ოჯახის წევრები ისხდნენ. ერთი სიტყვით, ყველა გამოცდა ხუთიანზე ჩავაბარე და დიდი ფეხბურთის მოლოდინში ვიყავი, თუმცა მოწმენდილ ცაზე მოულოდნელად დაიქუხა: ეს საფრანგეთის დედაქალაქში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ჩვენ ამხანაგურად გავეჯიბრეთ პარი სენ-ჟერმენს. როგორც წესი, ასეთ მატჩებში ბრაზილიელები ზედმეტად არ იძაბებიან, რადგან ყურადღება ამ დროს ტაქტიკური სქემების დახვეწასა და კანდიდატების შერჩევას ეთმობა. ამიტომ ვერაფრით გავიგე, რატომ დაუბერა ქარმა ჩემს წინააღმდეგ. ფრაზა: ბრაზილიის ნაკრები ეს არის რივალდო პლუს 21 ფეხბურთელი – დილის ნისლივით გაქრა და ნაკრებში გამოთავისუფლებული ადგილები სათადარიგოებმა დაიკავეს, ხოლო მე კიდევ ერთხელ წავაწყდი საშინელ უსამართლობას, ჩემი ცხოვრების მუდმივ მეგზურს.

…შეიძლება იმ მატჩს ცოტა ზერელედ მოვეკიდე, მაგრამ თავი არც არავის მოუკლავს. გვერდს ვერც პოლიტიკურ მანევრებს ავუქცევ, ურომლისოდაც ბრაზილიური ფეხბურთი უბრალოდ წარმოუდგენელია. წმინდა სპორტული პრინციპები გადამწყვეტ როლს იშვიათად თამაშობს. ეს, ცხადია, ძალიან ცუდია. იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემმა წარმომავლობამ მოახდინა უარყოფითი ზეგავლენა, რადგან როგორც აღვნიშნე, ჩრდილოელებს ბრაზილიაში ყოველთვის ალმაცერად უყურებენ. მაშინ კორინთიანსში კი ვთამაშობდი, მაგრამ მოჟი მირიმიდან ვიყავი განათხოვრებული, ამ კლუბის ხელმძღვანელობას კი გავლენიან სამხრეთელებზე ზემოქმედება არ შეეძლოთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, მფარველის გარეშე ვიყავი. ძალიან უცნაური იყო ისიც, რომ ხალხმა, ვინც ნომერ პირველ ფეხბურთელად მთვლიდა, მოულოდნელად ზურგი მაქცია და ფედერაციის ფუნქციონერებს დაუჭირა მხარი.

…ნაკრებში დასაბრუნებლად მთელი წელიწადი დამჭირდა. ოლიმპიური თამაშები ახლოვდებოდა და კრიტიკოსები კვლავ მოლბნენ, ისევ დაიწყეს საუბარი რივალდოს საჭიროებასა და ტალანტზე. მიუხედავად ყველაფრისა, პოლემიკა მაინც გაჩაღდა. ოლიმპიურ ნაკრებში თამაშის უფლება მხოლოდ სამ ისეთ ფეხბურთელს აქვს, ვინც 23 წელზე უფროსია. „ვეტერანთა“ სიაში პირველი ვიყავი და ეს არც იყო გასაკვირი – პალმეირასში ჩინებული სეზონი მქონდა, რის გამოც უყოყმანოდ მაღიარეს ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ. სპეციალისტები მეორე ადგილს ბებეტოს უთმობდნენ, მესამე კი მცველი ალდაირი იყო. ამ უკანასკნელს კონკურენციას რომარიო უწევდა, ხალხი ტრადიციულად, მისკენ იყო და ვარჯიშებზე ფლამენგოს მაისურებში გამოწყობილი მოდიოდა, თუმცა არჩევანი მაინც ალდაირზე შეჩერდა.

…ოლიმპიური გუნდის მთავარი მწვრთნელი მარიო ზაგალო ყველა შეხვედრაში მცვლიდა, რაც, ვფიქრობ, მაღალჩინოსანთა ზეწოლით ხდებოდა – ის ვერც ჩემზე ამბობდა უარს და მათ განაწყენებასაც ერიდებოდა. ნახევარფინალში, ნიგერიელებთან მატჩის წინ კი საერთოდ ვერ მოვხვდი ძირითადში. ზაგალომ მხოლოდ მეორე ტაიმში შემიშვა მინდორზე, როცა 3:1 ვიგებდით და ბურთის დაჭერა დამავალა. სამწუხაროდ, პირველივე შეხებისას ბურთი მოედნის ცენტრში დავკარგე, აფრიკელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და ანგარიში 3:2 გახდა. იმ წუთიდან მოყოლებული ნიგერიის ნაკრებმა მთელ მოედანზე პრესინგი მოგვიწყო, ჩვენ ნახევარს მიგვაჯაჭვა და უკანასკნელ წამებზე მესამე ბურთიც გაქვითა. დამატებით დროს ფსიქოლოგიურად გატეხილები შევხვდით, აფრიკელებმაც მშვენივრად ისარგებლეს ამით და 4:3 მოგვიგეს.

…იმ მატჩის დასრულებისთანავე მილიონობით თანამემამულესთვის ურჩხულად ვიქეცი, რომელმაც მთელი ბრაზილია გაწირა. პრესაში დაიწერა, რომ ნაკრებმა ოქროს მედლები მხოლოდ რივალდოს გამო დაკარგა, ყველა ჩემკენ იშვერდა ხელს. III ადგილზე კი გავედით, მაგრამ თუ ეს ვინმესთვის პატივია, ბრაზილიელთათვის სირცხვილია. მარიო ზაგალომ დაადასტურა, რომ ატლანტაში საუკეთესო ბრაზილიელად წამიყვანა, მაგრამ გაცემული ავანსები ვერ გავამართლე.

…ნიგერიასთან სენსაციური მარცხის შემდეგ პორტუგალიელებს გადავურბინეთ – 5:0, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშის საშუალება საერთოდ არ მომცეს. მატჩის მსვლელობისას ზაგალოსთან მივედი და ნიგერიასთან დაშვებული შეცდომის გამო მოვუბოდიშე. მან მიიღო ჩემი ბოდიში, გამიღიმა და მხარზე ხელი მომითათუნა, თუმცა ნაკრების კარი ჩემთვის კიდევ ერთი წლით დაიხურა. ამ ხნის განმავლობაში მას საერთოდ არ ვახსენებდი ჩემს არსებობას, მაგრამ დღესაც ვთვლი, რომ ზედმეტად მკაცრად დავისაჯე.

…სან პაულუს ერთ-ერთმა პოპულარულმა გაზეთმა ასეთი გამოკითხვა ჩაატარა: ვინ იყო ატლანტის ოლიმპიადაზე ყველაზე ცუდი? გამოკითხულთა 33% მე დამასახელა. მეორე ადგილთან მართლაც სოლიდური სხვაობა მქონდა – ალდაირმა 7 პროცენტი მიიღო, მესამეზე 4 პროცენტით რობერტო კარლოსი (რომელმაც ნიგერიასთან ავტოგოლი გაიტანა), ჟუნინიო და დიდა გავიდნენ.

…1997 წელს, ბოლივიაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე არ წამიყვანეს. და ეს მაშინ, როცა ესპანეთში პრიმერადივიზიონის საუკეთესო ლეგიონერად მაღიარეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის პერიოდია, როცა რონალდო ბარსელონაში დაფრინავდა და 34 გოლი შეაგდო! ლაკორუნიელი ჟურნალისტები გაოცებას ვერ მალავდნენ, სათითაოდ მეკითხებოდნენ, თუ რა დავაშავე ისეთი, რომ ნაკრებში მიწვევის ღირსად არ ჩამთვალეს. მაშინ დაახლოებით 100 მოთამაშე იყო ეროვნული გუნდის კანდიდატი, ბევრი მათგანი დაბალ ლიგებში თამაშობდა, მაგრამ ჩემთვის ადგილი მაინც არ გამოიძებნა. ამბობდნენ, ზაგალო ბინძურ გარიგებაში მონაწილეობსო, თუმცა პირადად მე მის პატიოსნებაში ეჭვი არასდროს შემიტანია.

…საფრანგეთი 98ის წინ ზაგალოს მრისხანება კეთილგანწყობით შეიცვალა – ნაკრებში ხომ კვლავ გამომიძახეს, მე10 ნომერიც დამითმეს! ეს რასაც ნიშნავს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს – პელეს შემდეგ მას განსაკუთრებული ფასი დაედო!

…მე10 ნომერი თან მეხმარებოდა და თან მბოჭავდა. მთლიანობაში იმ ჩემპიონატმა ჩემთვის კარგად ჩაიარა – ყველა შეხვედრაში ვითამაშე და ყოველთვის მაღალ შეფასებას ვიმსახურებდი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ ფინალში ფრანგებისთვის მოგვეგო, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ მაღიარებდნენ. თუმცა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და როცა სეზონის მიწურულს საუკეთესოები დაასახელეს, მხოლოდ მეხუთე ადგილზე აღმოვჩნდი.

…მთელი ილუზიები და ოცნებები ფინალში დაგვემხო თავზე, მატჩის წინ და შეხვედრისას განვითარებული მოვლენები ნამდვილ კოშმარად იქცა! დღემდე ყველა ამტკიცებს, რომ ის სამარცხვინო წაგება რონალდოს უეცარი ავადმყოფობით იყო გამოწვეული… რონალდოს არაფერი რომ არ მოსვლოდა, ზუსტად იგივე სურათი დაიხატებოდა. უბრალოდ, იმ დღეს საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გამხდარიყო და მორჩა!

…ნამდვილად ვერ ავუვლი გვერდს რონალდოს გარშემო დატრიალებულ ამბებს. ის, რაც 1998 წლის 12 ივლისს მისი და რობერტო კარლოსის ნომერში ვნახე, მართლა საშინელება იყო. ის, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი, იწვა და მთელი სხეულით ცახცახებდა, ძალიან ძლიერი კონვულსიები ჰქონდა. ექიმები ნერვიულობდნენ, ფეხბურთელები ტიროდნენ, ისმოდა სხვადასხვა შეძახილები: გამხნევების, ისტერიკის, თანაგრძნობის… მხოლოდ 5 წუთს გავძელი, მერე ნომერში ჩავიკეტე და კარგა ხანს აღარ გამოვსულვარ.

…არანაკლებ დიდ ხელისშემშლელ ფაქტორად ტურნირის წინ რომარიოს განაცხადიდან ამოგდებას მივიჩნევ. ფინალის შემდეგ ერთ-ერთმა ბრაზილიელმა საინტერესო რამ თქვა: ზაგალომ რომარიო შინ დატოვა და მწვრთნელმა იმ წუთასვე გაიფიქრა: ესე იგი, განგებას სურს, რომ ჩვენი ბიჭები უძლიერესნი ვერ გახდნენ!

…პირველი, რაც მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ თავში მომივიდა, ის იყო, რომ ბრწყინვალე შანსი გავუშვი ხელიდან და გაჩემპიონების შესაძლებლობა, ალბათ, აღარასოდეს მომეცემა. გამოჩნდებიან ნიჭიერი ახალგაზრდები და ჩემ ადგილს დაიკავებენ, მათთვის კონკურენციის გაწევა ძალიან გამიჭირდება… მგონი თანაგუნდელთა უმეტესობაც ამაზე ფიქრობდა – ისინი მოედანზე იწვნენ და ტიროდნენ. არ მიტირია, უბრალოდ სათადარიგოთა სკამზე ჩამოვჯექი და არაფრისმომცემი გამამხნევებელი ფრაზების აქეთ-იქით სროლა დავიწყე.

…მოგვიანებით მაინც გავიგე დიდი გამარჯვების გემო – 1999 წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები გავხდით და საკუთარი ძალების რწმენა დავიბრუნეთ. კრიტიკა, განსაკუთრებით ჩემი მისამართით, ქება-დიდებამ შეცვალა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამქვეყნად მარადიული არაფერია.

…ავტობიოგრაფიის დაწერის იდეაც მაშინ დაიბადა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ მე და მეგობარი ჟურნალისტი დავიდ ესპინარა ჩემს ნომერში წავედით. დილის 5 საათამდე გულახდილად ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ დიალოგი შემდგომშიც გაგრძელდებოდა.

…დავაარსე საქველმოქმედო ფონდი, რომლის შესახებ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, ვინაიდან პომპეზური პრეზენტაციისგან თავი შევიკავე. ფონდის მიზანი კატალონიელი და ბრაზილიელი ღარიბი ბავშვების პირველადი დახმარებაა. ამ ფონდის ხელშეწყობით არაერთი გაჭირვებული ოჯახი მარაგდება საკვები პროდუქტებით და სხვათა შორის, ჩემი მშობლიური ქალაქის ღარიბ კვარტლებში ასფალტიც დაიგო. ეს ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რასაც ჩემი ფონდით ვაკეთებ, ზოგადად, არ მიყვარს ასეთი საქმის აფიშირება.

რივალდო
ვიტორ ბორბა ფერეირა
დაიბადა 1972 წლის 19 აპრილს ბრაზილიის ქალაქ რესიფეში
შემტევი ნახევარმცველი, თავდამსხმელი
კარიერა: სანტა კრუზი (რესიფე, ბრაზილია; 1991-92), მოჟი მირიმი (სან პაულუ, ბრაზილია; 1992), კორინთიანსი (სან პაულუ, ბრაზილია; 1993-94), პალმეირასი (სან პაულუ, ბრაზილია; 1994-96), დეპორტივო (ლა კორუნია, ესპანეთი; 1967-97), ბარსელონა (ესპანეთი; 1997-02), მილანი (იტალია; 2002-04), კრუზეირუ (ბელო ორიზონტე, ბრაზილია; 2004), ოლიმპიაკოსი (პირეოსი, საბერძნეთი; 2004-07), აეკ (ათენი, საბერძნეთი; 2007-09), ბუნიოდკორი (ტაშკენტი, უზბეკეთი; 2008-10), სან პაულუ (ბრაზილია; 2011), კაბუსკორპი (ლუანდა, ანგოლა; 2012), სან კაეტანო (ბრაზილია; 2013), მოჟი მირიმი (სან პაულუ, ბრაზილია; 2014-15)
ტიტულები: ბრაზილიის ჩემპიონი – 1994; პაულისტას შტატის ჩემპიონი – 1994, 1996; ესპანეთის ჩემპიონი – 1998, 1999; მინეიროს შტატის ჩემპიონი – 2004; საბერძნეთის ჩემპიონი – 2005, 2006, 2007; უზბეკეთის ჩემპიონი – 2008, 2009, 2010; ესპანეთის თასი – 1998; იტალიის თასი – 2003; საბერძნეთის თასი – 2005, 2006; უზბეკეთის თასი – 2008, 2010; ჩემპიონთა ლიგა – 2003; ევროპის სუპერთასი – 1997, 2003; მსოფლიოს ჩემპიონი – 2002; მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – 1998; სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი – 1999; ფიფას კონფედერაციათა თასი – 1997; ატლანტის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1996; ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (პლაკარი) – 1993, 1994; ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი (დონ ბალონი) – 1997-98; საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი – 2006, 2007; მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (ფიფა) – 1999; მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (უორლდ სოკერი, ინგლისი) – 1999; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ფრანს ფუტბოლი, საფრანგეთი) – 1999; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ონზ მონდიალი, საფრანგეთი) – 1999; სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 1999; სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ბომბარდირი – 1999 (5 გოლი); უზბეკეთის ჩემპიონატის ბომბარდირი – 2009 (22 გოლი)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 19 აპრილი)

ka_GEGeorgian