კარიერა ფრაზებში #67: მაიკლ ჯორდანი

ის ათჯერ გახდა ლიგის ბომბარდირი. ეს რეკორდია.
კარიერა თამაშში საშუალოდ 30 ქულით დაასრულა. ესეც საუკეთესო მაჩვენებელია.
561 შეხვედრაში მიითვალა 30 ან მეტი ქულა. ამ მხრივაც პირველია.
ზედიზედ 866 შეხვედრაში ჩააგდო მინიმუმ 10 ქულა. აქაც ერთადერთია.
უხუცესია, ვინც ლიგის ბომბარდირი გახდა: 1997-98 წლების სეზონში 35 წლის იყო.
40 წლისამ ნიუ ჯერსი ნეთსს 40 ქულა ჩაუგდო. ამ ასაკში მხოლოდ მან შეძლო ეს.
მას კიდევ ათობით რეკორდი ეკუთვნის, მაგრამ მოდით არნახულ მიღწევებს თავი დავანებოთ და უბრალოდ ვთქვათ, რომ მაიკლ ჯორდანი კალათბურთია.

…ერთხელ მამამ მითხრა, რომ მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი ბავშვი ვიყავი. ის ცამდე მართალი იყო. მამა ცდილობდა ჩემს შეცვლას, მაგრამ ამაოდ. 16 წლისა იმ სასტუმროში მიმიყვანა, სადაც თავად მუშაობდა – აუზი უნდა გამესუფთავებინა, ფანჯრები გამეწმინდა… ზუსტად ერთი კვირა გავძელი და წამოვედი.

…კერპი? დედა და მამა! ისინი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძნი იყვნენ. სხვა კერპი არ მყოლია.

…ბავშვობაში დილიდან საღამომდე ქუჩაში ვიყავი – კალათბურთის გარდა არაფერი მაინტერესებდა. ბევრჯერ ძმებისთვის მიმიცია მშობლების დატოვებული ფული, რათა მათ შინ ჩემს ნაცვლად გაეკეთებინათ ყველა საქმე.

…რასიზმს პირველად სკოლაში შევეჩეხე. ერთი გოგო მომწონდა და როცა გავიცანი, პირდაპირ მომახალა: შავკანიანი ხარ და არ მაინტერესებო. ის დღე ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც ძალიან ცუდად მაგონდება.

…ძალიან მოუსვენარი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში თითქმის ყველა საგანში სასურველ ნიშანს ვერ ვიღებდი, იმას მაინც ვახერხებდი, რომ მშობლები ჩემს გამო დირექტორთან არ მისულიყვნენ. ცელქობის მიუხედავად, უზრდელი არ ვყოფილვარ. მასწავლებლები ალბათ ამის გამოც მინდობდნენ.

…მამა რომ მოკლეს, ძალიან განვიცადე – საშინელ ხასიათზე ვიყავი, არავისთან მსურდა ურთიერთობა, ყველაფერი მაღიზიანებდა… ვერ ვხვდებოდი რატომ გაიმეტეს მამა? ვის რაში დასჭირდა მისი სიკვდილი? ან მე რატომ გამიკეთეს ეს?.. დღეს ვთვლი, რომ მაინც ბედნიერი ვარ – მამაჩემი 30 წლის მანძილზე ჩემს გვერდით იყო, არადა, ბევრი მეგობარი საერთოდ უმამოდ გაიზარდა.

…ბავშვობაში NBA ტელევიზორში არ მინახავს. მხოლოდ ორი არხი გვქონდა, იქ კი კალათბურთს არასდროს აჩვენებდნენ. ხანდახან სტუდენტური ლიგის თამაშებს გადმოსცემდნენ და იქედან ვიცნობდი საუკეთესო მოთამაშეებს დევიდ ტომფსონს და უოლტერ დევისს.

…როცა ჩრდილოეთ კაროლინაში მივდიოდი, ნათესავებსაც და მეგობრებსაც ეგონათ, რომ უნივერსიტეტში ოთხი წელი ვისწავლიდი და კვლავ უილმინგტონში დავბრუნდებოდი, სადაც ბენზინგასამართ სადგურზე ნორმალური და მშვიდი სამუშაო მელოდა.

…ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდში მოხვედრაზე ვოცნებობდი! ქარიმ აბდულ-ჯაბარი, ბილ უოლტონი, ჯონ ვუდენი – მათ შემხედვარეს მხოლოდ იქ ასპარეზობა მსურდა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ სახლთან ახლოს თამაში მინდოდა და ჩემი კანდიდატურა არც განიხილეს.

…ჩემი პირველი ავტომობილი 1976 წლის ფორდ გრან-პრი იყო, რომელსაც ეწერა მეჯიქ ჯორდანი. არ ვხუმრობ, მართლა ასე იყო. მერე ეს მეტსახელი ირვინს ერგო. ის მართლა საოცარი კალათბურთელი გახლდათ.

…უნივერსიტეტში ფსევდონიმს ხშირად ვიყენებდი. ყველაზე ხშირად ლი უაით სმიტით ვსარგებლობდი. ბილ ჯონსიც ვყოფილვარ, თუმცა მხოლოდ სკოლაში. ისე, წლების შემდეგ რამდენიმე ცნობარში ჩვენი სკოლის მონაცემებს ჩავხედე და ჯორდანი რომ ვერ ვიპოვე, ჩავთვალე გამომცემლები შეცდნენ-მეთქი, თუმცა მერე ბილ ჯონსი გამახსენდა, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მონაცემებს და ვიპოვე. ეგრევე დავწყნარდი.

…ავტოგრაფი არასდროს მითხოვია. ჩემთვის არ იყო მნიშვნელოვანი. ვერ ვხვდები რატომაა ძვირფასი ფურცელზე ხელმოწერა. ისე, უამრავი ავტოგრაფი მიმიცია, ალბათ ასიათასამდე.

…წარმატებას რომ მიაღწიო, აუცილებლად ეგოისტი უნდა იყო და გარშემომყოფთა აზრს დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციო. თუმცა, არც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნაა კარგი. რაც უფრო ცნობილი ხდები, მით მეტი ადამიანი ჩნდება შენს გვერდით, მაგრამ ყოველთვის უნდა გყავდეს ის 4-5 კაცი, რომელსაც ბოლომდე ენდობი და რომლებიც ყოველთვის, ყველა სიტუაციაში სიმართლეს გეტყვიან.

…ხშირად მიფიქრია, რომ ჩემს ბოტასებს პაწაწინა ფრთები აქვს, რომელიც ახტომაში მეხმარება. ამის შესახებ არავისთვის მითქვამს.

…ცრურწმენა? როგორ გითხრათ, მნიშვნელოვან მატჩებში ბოტასებს ყოველთვის იმ ზონარებით ვიკრავდი, რომელსაც ჯერ კიდევ ჩრდილოეთ კაროლინაში ვიყენებდი. და კიდევ, პარკეტზე გასულს აუცილებლად უნდა მცოდნოდა სად იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები.

…რასისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იყო პერიოდი, როცა თეთრკანიან თანაგუნდელებს ნაკლებად ვენდობოდი: ძალიან ზარმაცები იყვნენ, ნახტომი არ უვარგოდათ, მუდმივად პასს ითხოვდნენ და საერთოდ, თავი მაგარი ტიპები ეგონათ.

…NBAში არაერთი ძლიერი ევროპელი მინახავს, მაგრამ არასდროს მინანია, რომ ევროპაში არ მითამაშია. როცა ტონი კუკოჩს ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ ამერიკაში დარჩენით არაფერი დამიკარგავს. პირიქით, მხოლოდ მოვიგე!

…ვეტერანებიდან ძალიან დიდხანს მხოლოდ ჯერი უესტის წინააღმდეგ თამაში მსურდა, მაგრამ ერთხელ ჯერი კრაუზემ მითხრა, ჯერი სლოუნის დროს რომ გეთამაშა, უშანსოდ იქნებოდიო. მას შემდეგ უესტის გარდა სლოუნის წინააღმდეგ თამაშზეც ხშირად მიფიქრია.

…არასდროს გავუკეთებ რეკლამას იმას, რაც არ მომწონს. თუ მაკდონალდსთან მაქვს კონტრაქტი, ხშირად ვსტუმრობ მის რესტორნებს, თუ გეტორეიდის პლაკატებზე ვარ გამოსახული, მხოლოდ მას ვსვამ… სხვანაირად არ შემიძლია.

…არასდროს მიფიქრია, რომ ბევრი ფული მაქვს. ჩემთვის მთავარია ოჯახს ეყოს. ბიზნესსაც, როგორც საქმეს, ვერ ვუყურებ. ალბათ, ამიტომაც ვერ გამოვდექი კარგი მმართველი.

…დღეს თამაშის არაერთი წესი შეიცვალა, კალათბურთი ნაკლებად კონტაქტური გახდა. ახლა რომ მეთამაშა, ალბათ ყოველ შეხვედრაში 100 ქულას ჩავაგდებდი.

…მიმაჩნია, რომ დიდება ევოლუციური პროცესია, რომელიც ათწლეულებზეა გაშლილი. იულიუს ირვინგის, დევიდ ტომფსონის, უოლტერ დევისის და ელჯინ ბეილორის გარეშე მე მე ვერ ვიქნებოდი. მე, ასე ვთქვათ, მათი მემკვიდრე ვარ.

…შემიძლია ყველას ავუხსნა როგორ ითამაშოს კალათბურთი. ეგაა მხოლოდ, რომ რასაც ავუხსნი, იმას ვერავინ გააკეთებს.

…თუ მიზნისკენ სავალ გზაზე წინააღმდეგობა შეგხვდა, არ გამობრუნდე. ეცადე რამენაირად გადალახო ის: შემოუარე ან თავი აარიდე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამობრუნდე!

…კარიერის მანძილზე თითქმის ცხრაათასჯერ არაზუსტად ვტყორცნე ბურთი, სამასამდე მატჩი წავაგე, ოცდაექვსჯერ ავაცილე გადამწყვეტი სროლა. და სწორედ ამიტომ მივაღწიე ამდენს.

…წაგებას, ჩავარდნას, მარცხს გადავიტან, მაგრამ არასდროს შევეგუები გამარჯვებაზე უარის თქმას!

…არასდროს მიფიქრია, თუ რა მოყვებოდა ვერჩაგდებულ გადამწყვეტ ბურთს. უბრალოდ, საჭიროდ ვთვლიდი და ვისროდი. იცით, თუ იფიქრებ რა მოჰყვება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ვერასდროს იქნები გაბედული.

…ვიღაცას სურს, რომ რაღაც მოხდეს. ბევრი ოცნებობს, რომ რაღაც მოხდეს. სხვა ცდილობს, რომ რაღაც მოხდეს. მე ამ უკანასკნელთ მივეკუთვნები.

…ტალანტის წყალობით შეიძლება მოიგო ერთი მატჩი, მაგრამ მხოლოდ გუნდური თამაშით გაიხარებ ჩემპიონობით.

…ამბობენ, რომ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი ვარ, იდეალური. ასე არ ვფიქრობ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იდეალური არაფერია. მათ შორის არც კალათბურთელი.

…დრო გავა, მოვხუცდები და ალბათ, ვერც სიარულს შევძლებ. ბურთის ხელში დაჭერასა და სროლაზე ხომ არაფერს ვამბობ, მაგრამ ერთში ბოლომდე დარწმუნებული ვარ – კალათბურთი ცხოვრების უკანასკნელ წამამდე მეყვარება!

მაიკლ ჯორდანი
დაიბადა 1963 წლის 17 თებერვალს ნიუ იორკში
კარიერა: 1981-84 წლებში ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის გუნდის წევრი; 1984-93 და 1995-98 წლები – ჩიკაგო ბულზი; 2001-03 ვაშინგტონ უიზარდსი
ტიტულები: NBAს ჩემპიონი – 1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998; NBAს ფინალების ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) – 1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998; NBAს ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) – 1988, 1991, 1992, 1996, 1998; ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე – 1985-93, 1996-98, 2002, 2003; ყველა ვარსკვლავის მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) – 1988, 1996, 1998; საუკეთესო ახალბედა – 1985; საუკეთესო მცველი – 1988; საუკეთესო ბომბარდირი – 1987-93, 1996-98; ოლიმპიური ჩემპიონი – 1984 (ლოს ანჯელესი), 1992 (ბარსელონა); პანამერიკული თამაშების ჩემპიონი – 1983 (კარაკასი, ვენესუელა); წლის სპორტსმენი (ჟურნალი Sports Illustrated) – 1991
რეგულარულ სეზონი: 32 292 ქულა
ფლეი-ოფი: 5 987

1996 წელს NBAს ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელეს.
1998 წელს ჟურნალმა SLAM Magazine ჯორდანს NBAს ყველა დროის საუკეთესო 50 კალათბურთელს შორის პირველი ნომერი მიაკუთვნა.
2000 წელს ტელეკომპანია ESPNმა XX საუკუნის საუკეთესო ჩრდილოამერიკელ სპორტსმენად აღიარა.
2009 წელს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 10 მაისი)

ka_GEGeorgian