კარიერა ფრაზებში #69: მზია ჯუღელი

პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი საქართველოდან!
პირველი ორგზის ოლიმპიური მედალოსანი საქართველოდან!
უმაღლესი სპორტული წოდებების მფლობელი!
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ვახტანგ გორგასლის სახელობის და ღირსების ორდენის კავალერი!
თბილისის საპატიო მოქალაქე!
საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი!
ჩვენი ტანვარჯიშის ისტორიაში უდიდესი სპორტსმენის ტიტულების და საპატიო წოდებების სრული ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, სია ძალიან დიდია.
ქალბატონი მზია გასული საუკუნის 50იან წლებში მსოფლიო ტანვარჯიშის ლეგენდა გახლდათ და სამართლიანად იდგა საუკეთესოთა შორის, ბჯენით ხტომებში კი სულაც ნომერ პირველი იყო!
ოჯახური ტრაგედია, აქტიური სპორტული კარიერა და უდიდესი წარმატებები, სამწვრთნელო და სამსაჯო ასპარეზი, ქართული სპორტის პოპულარიზაცია…
ერთი ადამიანის ცხოვრებამ არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა დაიტია, საბოლოოდ კი ლეგენდარულ სახელად შეიკრა.
ქალბატონი მზიას ცხოვრებას და სპორტულ კარიერას ტრადიციულად, ქართულ სპორტულ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებით და მის შესახებ დაწერილი ჩანახატებით გავიხსენებთ.

 

…დედა სტომატოლოგი იყო, მამა – თერაპევტი. პატარა ვიყავი, როცა ქუთაისიდან გურჯაანში გადავედით საცხოვრებლად. მამას ყველა დიდ პატივს სცემდა, რადგან ხშირად უფასოდ წამლობდა. მახსოვს, შემოდგომით ჭირნახულით დატვირთული ურმები ადგებოდა ჩვენ სახლს – გლეხები ასე უხდიდნენ მამას მადლობას.

…თავდაპირველად რკინიგზის სადგურის ბინაში ვცხოვრობდით, შემდეგ კი მამას მიწის პატარა ნაკვეთი გამოუყვეს და პატარა, სამოთახიანი სახლი ააშენა.

…მას ძალიან უყვარდა ჭადრაკი და გვიან ღამემდე თამაშობდა. ყველაზე მეტად რკინიგზის სადგურის უფროსთან პაექრობა სიამოვნებდა, ამბობდა მასზე საინტერესო მოთამაშე მთელ რაიონში არ არისო.

…ზემო გურჯაანში ელექტროსადგურის მიტოვებული შენობა იდგა. ჩვენი სკოლის მასწავლებელმა შალვა ბოსტაშვილმა რაიონის ხელმძღვანელობას იქ ტანვარჯიშის დარბაზის გამართვა სთხოვა, მოგვიანებით თბილისშიც ჩავიდა და საჭირო ინვენტარი წამოიღო. ნელ-ნელა ყველაფერი მოაწყო და ბავშვები შეკრიბა, ჩვენც გვესტუმრა. მამა დიდ პატივს სცემდა მას და ვარჯიშის უფლებაც დამრთო. ისიც მახსოვს, რომ შავლა მასწავლებელს დიდი ულვაშების გამო ბავშვები ბუდიონას ვეძახდით… ასე მოვხვდი ტანვარჯიშში.

…იმ შენობაში დიდხანს არ დავრჩით. მაშინდელ ჯერ კიდევ ებრძოდნენ რელიგიას და როცა ზემო გურჯაანის ეკლესია სპორტულ დარბაზად გადააკეთეს, ტანმოვარჯიშეები იქ გაგვიშვეს.

…მცირე ხანში გურჯაანის ნაკრები საქართველოს პირველობაზე მიგვიწვიეს. თბილისში ჩემთან ერთად იყვნენ ტატიანა გამყრელიძე, ირინა გოჩიტაშვილი და ერთი ბიჭი, ოთარი, რომლის გვარსაც ახლა ვეღარ ვიგონებ. კარგად ვიასპარეზეთ და როგორც ჩანს, ჩემი გამოსვლა მოეწონათ, რადგან გიორგი მერკვილაძემ და არჩილ ბაქრაძემ გასაუბრებაზე დამიბარეს. მაშინ ისინი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებას კურირებდნენ განათლების სისტემაში. მათ სურდათ თბილისში გადავსულიყავი, რადგან გურჯაანში სათანადო პირობები არ იყო.

…1938 წლის 23 თებერვალი ძალიან მძიმედ მაგონდება: ჯერ კიდევ გვეძინა, როცა სამი მამაკაცი გვესტუმრა გურჯაანის ჩეკას უფროსის გოგი გედევანიშვილის მეთაურობით. იმ სამეულიდან მხოლოდ ის ვიცანი, რადგან მამასთან მეგობრობდა, ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე. პატარა ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩვენს თავს რაღაც უბედურება ხდებოდა. დედამ საძინებელში გამიყვანა, მერე კი გავიგე, რომ მამა დააპატიმრეს და სადღაც წაიყვანეს. მახსოვს დედამ მაინც დაასხა მის ჭიქაში ჩაი და მურაბაც ჩაყარა, მამას ხომ მურაბიანი ჩაი უყვარდა. მეორე დღეს დედას მამასთან საჭმლის მიტანა დაავალეს. ის მარტო წავიდა, მაგრამ მამა იქ უკვე აღარ დახვდა.

…მისგან აღარაფერი ისმოდა. თითქოს ეს არ კმაროდა და მალე დედაც დააპატიმრეს – 8 მარტს, პირდაპირ საწოლიდან წამოაგდეს. მე სასტუმროში გადამიყვანეს, თუმცა სტრესისგან აღარაფერი მახსოვდა. გონს რომ მოვედი, შალვა ბოსტაშვილი და მეზობელი, სონია დარაბეგოვა ვიცანი, იმ დღეებში მათ მიპატრონეს.

…სანამ ჩემი ბებია და ბაბუა ჩამოვიდოდა თბილისიდან, შალვამ დამიპირა სახლში წაყვანა, მაგრამ დააშინეს, ტროცკისტის შვილის მფარველობისთვის შენც დაგიჭერენო. ეს ამბავი თავად მან მიამბო წლების შემდეგ. ჩემები რომ ჩამოვიდნენ, დარაბეგოვებს შეხვდნენ. მათ სთხოვეს მზია ერთი წლით ჩვენთან დატოვეთ, ბარემ დაწყებით სკოლას აქ დაასრულებსო. მათი შვილი ირინა ჩემი კლასელი იყო და ვმეგობრობდი. ბებია-ბაბუამ დამტოვა და ახლა რომ ვფიქრობ, სწორად მოიქცნენ – მშობლების შემდეგ მეგობრებთან გამოთხოვება დამატებითი სტრესი იქნებოდა.

…ერთი წლის შემდეგ მათთან გადავედი, თბილისში. ისინი პასტერის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, იქვე იყო მე-6 სკოლა და მეც იქ გავაგრძელე სწავლა. ფიზკულტურაში ოთარ ახობაძე გვავარჯიშებდა. მას სმენოდა, რომ ტანვარჯიშით ვიყავი გატაცებული და ამიტომ მეზობლად, პიშჩევიკის დარბაზში მიმიყვანა არჩილ ბაქრაძესთან. შემდგომ წლებში პირადად ის და გიორგი მერკვილაძე მფარველობდნენ, მათი ხელმძღვანელობით ვვარჯიშობდი და მალე საქართველოს ჩემპიონატიც მოვიგე მრავალჭიდში.

…1939 წელს მოსწავლეთა საკავშირო პირველობაზე ვიასპარეზე. მწვრთნელების თანადგომით შეგულიანებულმა, ძალიან კარგად ვივარჯიშე – ორძელზე და რგოლებში ოქროს მედალი მოვიგე, საერთო ჩათვლაში კი მესამე ადგილზე გავედი.

…გიორგი მერკვილაძემ იცოდა ჩემი მშობლების ამბავი და ყველანაირად გვერდში მედგა, მამხნევებდა. 1945 წელს, მორიგ შეჯიბრებაზე მოსკოვში ჩასულს, განცხადება დამაწერინა და პუშკინის ქუჩაზე, საკავშირო პროკურატურაში მიმყვა. მალე დიდ კაბინეტში შეგვიყვანეს, პროკურორმა ჯერ სპორტის ამბები გამომკითხა, შემდეგ კი მითხრა: მამაშენი დახურულ ბანაკშია, დედა – ღია ბანაკში, მხოლოდ მისამართს მოგცემთო. დედას პირველი წერილი მაშინ გავუგზავნე, ახლაც მახსოვს მისი ბანაკის მისამართი: ვოლოგოდსკის ოლქი, სტანცია შექსნა, სოფელი ნიკოლსკი, ბანაკი. მცირე ხანში დედისგან პასუხი მივიღე. მას შემდეგ, მის გათავისუფლებამდე, ხშირად ვწერდით ერთმანეთს.

…მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის ყველა ტურნირი მოსკოვში ტარდებოდა. ეს უფრო იმით იყო განპირობებული, რომ სხვა ქალაქებში სათანადო სპორტული შენობები არ არსებობდა ან დანგრეული იყო. ტანმოვარჯიშეთა ასპარეზობებს ხშირად ესწრებოდნენ სამხედრო მაღალჩინოსნები და მედლებს მათგან ვიღებდით. ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებაში გამარჯვების შემდეგ სპორტსაზოგადოება დინამოს შეფმა, გენერალმა აბრუშნიკოვმა გადმომცა მედალი და მკითხა, ხომ არაფერს ითხოვო. ძალიან კი დავიბენი, მაგრამ ვუპასუხე, დედის ნახვა მსურს და იქვე დავამატე, მისამართიც ვიცი-მეთქი. გენერალმა იქვე გასცა განკარგულება და რამდენიმე დღეში თანმხლებ პირებთან ერთად დედის სანახავად მატარებლით გავემგზავრე.

…როგორც კი ვოლოგდაში ჩავედი, პატარა მატარებელში გადავჯექით, დაახლოებით ისეთში, ბორჯომიდან ბაკურიანში რომ დადიოდა. შექსნა ბოლო სადგური იყო და საშინლად ყინავდა. თავდაპირველად სადგურის უფროსთან მიმიყვანეს, მეორე დღეს კი მარხილმა მოგვაკითხა და ასე გავემგზავრე სოფელ ნიკოლსკისკენ.

…ბანაკის უფროსმა ხელქვეითებს უხმო და მათ მიმაცილეს ერთ-ერთ კოტეჯთან. შემდეგ დედას დაუძახეს. გამოვიდა და როცა რვა წლის უნახავი შვილი დაინახა, გული წაუვიდა. ამის შემხედვარე მეც ცუდად გავხდი. ჩვენი ამბავი მალე გავრცელდა და უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. იქ სამი დღით დავრჩი, გაცილება კი უფრო ემოციური გამოდგა – მთელი ბანაკი უკან გამომყვა, ყველა ტიროდა!

…დედა 1948 წელს გაათავისუფლეს, მამის შესახებ კი ძალიან დიდხანს არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ის, რომ ერთ-ერთ ბანაკში დაიღუპა ფილტვების ანთებით. მისი ბედის შესახებ მხოლოდ 1998 წელს შევიტყვე, როცა უშიშროების სამინისტროში მიხმეს – მამა, ნიკოლოზ ჯუღელი, 1938 წელს, დაჭერიდან რამდენიმე დღეში დაუხვრეტიათ. მის პირად საქმეში რეაბილიტაციის ფურცელიც იდო.

…დედის დაბრუნებიდან მალე ქართველ ტანმოვარჯიშეებს გამოგვიცხადეს, რომ პარიზში, საჩვენებელ გამოსვლაზე უნდა წავსულიყავით. ასეთი პატივი კოკა თაყაიშვილს, რაისა კოგან-ზაალიშვილს, შურა ჯორჯაძეს და მე მხვდა წილად. მოსკოვში კი ჩავედით, მაგრამ იმავე პერიოდში პარიზის აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ და ყველანი უკან, თბილისში გამოგვაბრუნეს. იმ იმედით, რომ საფრანგეთში ისევ გვიხმობდნენ, ბაკურიანში გაგვიშვეს შეკრებაზე. ის დღეები მძლეოსნებთან ერთად გავატარეთ: ნინო დუმბაძე, ლევან სანაძე, ელენე გოკიელი… ჩვენი ექიმი კოტე მადიჩი და მწვრთნელი გრიშა მამარდაშვილი თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით.

…ჩემი მეუღლე არკადი არხანგელსკი სწორედ მაშინ გავიცანი. ის კარგი მოთხილამურე გახლდათ და ხშირად ერთად ვსრიალებდით. ჩვენი ურთიერთობა თბილისშიც გაგრძელდა და საბოლოოდ ვიქორწინეთ, თუმცა რადგან არკადიც რეპრესირებული ოჯახის შვილი იყო და ბინაც ჩამორთმეული ჰქონდა, ქორწინებამდე უამრავი საბუთი მოგვთხოვეს.

…ჩვენ ჯერ ბათუმში, არკადის ბაბუის ბინაში ვცხოვრობდით, მაგრამ შემდეგ ჩემებმა, ბებიამ და ბაბუამ დაიჟინეს და მათთან დავბრუნდით თბილისში. დედა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა, ჩემი გოგონა, ირინა, 14 დღის იყო.

…საკავშირო ნაკრების წევრი კი ვიყავი, მაგრამ უცხოეთში არ მიშვებდნენ – ბოლო მომენტში ამომშლიდნენ ხოლმე სიიდან, როგორც „ხალხის მტრის“ შვილს. როცა მიზეზს ვიკითხავდი, მპასუხობდნენ საბუთების გაფორმება ვერ მოესწროო. ასე მოხდა ჯერ უნგრეთში წასვლის, შემდეგ კი ახალგაზრდობის მსოფლიოს ფესტივალის წინ. ასეთი დამოკიდებულება ყელში ამომივიდა და პირდაპირ კრემლში მივიტანე განცხადება: ან საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლის უფლება მომეცით, ან ტანვარჯიშს თავს ვანებებ-მეთქი. მალე დეპეშა მივიღე – ნაკრებში დამიბარეს. ამის შემდეგ სიტუაცია ჩემს სასარგებლოდ შეიცვალა.

…1948-51 წლებში სხვადასხვა ტურნირებზე გამოვდიოდი, მათ შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, სპორტსაზოგადოება დინამოს პირველობაზე… 1950 წლის მიწურულს ხმა დაირხა, რომ საბჭოთა კავშირი ჰელსინკიში, ოლიმპიურ თამაშებში მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ დანამდვილებით ჯერ კიდევ არავინ არაფერი იცოდა. წარმატებებს ნამდვილად არ ვუჩიოდი – ყველა სინჯის მედალს ვიგებდი და ერთ-ერთ საუკეთესო ტანმოვარჯიშედ ვითვლებოდი. ნაკრებში მოხვედრის იმედიც მქონდა.

…ჰელსინკის ოლიმპიადის წინა წელს, სულ ბოლო მომენტამდე არავინ იცოდა ზუსტად, თუ რომელი სახეობის წარმომადგენლები გაემგზავრებოდნენ თამაშებზე. ამიტომ სპორტსმენები ყველა ტურნირში ვმონაწილეობდით, რომ ფორმა შეგვენარჩუნებინა.

…1952 წელს, ოლიმპიურ თამაშებამდე თვეებით ადრე პირველად ხარკოვში შევიკრიბეთ. იქ აბსოლუტურ პირველობაში მესამე ადგილი დავიკავე, ცალკეულ იარაღებზე ჩემპიონები არ გამოუვლენიათ. შემდეგ იყო სოჭის და ვიბორგის შეკრებები, სადაც ორ თვეზე მეტი გავატარეთ. თოთხმეტნი ვიყავით, თუმცა ყველამ ვიცოდით, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ რვა ტანმოვარჯიშე წავიდოდა. ჩვენთან ერთად სხვა სახეობის სპორტსმენებიც იყვნენ.

…როცა ნაკრების შემადგენლობის დამტკიცებაზე მიდგა საქმე, ჩემი პირადი მწვრთნელი გრიგოლ მამარდაშვილი არ მიიწვიეს. მიუხედავად ამისა ყველა მოთხოვნა სათანადოდ შევასრულე და ნაკრებში მოვხვდი. იქ უკვე ვიქტორ ჟურავლიოვის და ალექსანდრე ალექსანდროვის ხელმძღვანელობით ვემზადებოდი.

…ოლიმპიადის დღეებში ყველა ტანმოვარჯიშე ერთ დიდ ოთახში ვცხოვრობდით. ლამაზი კოტეჯი იყო, სავარჯიშოდ კი ოდნავ მოშორებით დავდიოდით, ჩვეულებრივ სპორტულ დარბაზში. გვეგონა იქ ვერავინ შემოაღწევდა, მაგრამ კარი სულ ღია იყო, ყველა მსურველს შეეძლო შემოსვლა და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის თვალ-ყურის დევნება. რამდენჯერმე ფოტოკორესპონდენტებიც შემოვიდნენ. ასე, ყველას დასანახად ვარჯიში, თან ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ, ჩვენთვის ძალიან უცნაური იყო.

…პირველად ბჯენით ხტომებში შევეჯიბრეთ ერთმანეთს. ჩვენი ნაკრებიდან პირველი ჩავერთე და საკმაოდ მაღალი შეფასებაც მივიღე – 9,7 ქულა. ეს გახდა ორიენტირი სხვებისთვის. მედლების ბედი მეათედებმა და მეასედებმა კი არა, მეათასედებმა გადაწყვიტა – მეოთხე ადგილზე გავედი. შემდეგ იყო ნაირსიმაღლის ღერძზე ვარჯიში, ამას დვირზე ასპარეზობა მოჰყვა, იყო თავისუფალი ვარჯიშიც… ყველა დისციპლინაში ჩასათვლელი ქულები ავიღე, ჩვენმა გუნდმა კი საბოლოოდ ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა და ოლიმპიადაც მოიგო!

…მარია გოროხოვსკაია, გალინა ურბანოვიჩი, გალინა შამრაი, გალინა მინაიჩევა, ეკატერინა კალინჩუკი, ნინა ბოჩაროვა, პალინა დანილოვა და მე – ამ შემადგენლობით გავხდით ოლიმპიური ჩემპიონები! ერთმა ჟურნალისტმა „ოქროს ქალიშვილები“ შეგვარქვა და ოლიმპიადის დღეებში ხშირად ამ მეტსახელით მოგვიხსენიებდნენ. ჩემპიონობის დღეს ოლიმპიურ სოფელში დაუვიწყარი შეხვედრა მოგვიწყვეს. საკავშირო სპორტკომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლაი რომანოვიც გვეწვია და ყველას გვახარა, რომ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მოგვენიჭა. იმ დროს ეს უმაღლეს სპორტულ ჯილდოდ ითვლებოდა.

…რამდენიმე დღეში რგოლებით ვარჯიშში გათამაშდა მედლები. აქ უკვე მეორე ადგილი დავიკავეთ შვედების შემდეგ, მესამეზე კი უნგრელები გავიდნენ. ოლიმპიური ოქრო-ვერცხლი მშვენიერი შედეგი იყო და ამიტომ, ჩვენი გუნდი სამშობლოში კი არ გამოისტუმრეს, თამაშების დასრულებამდე დაგვტოვეს. ეგ კი არა, დახურვის ცერემონიალშიც მივიღეთ მონაწილეობა! თავისუფალი დროც ბევრი გვქონდა… მაგალითად მე და გოროხოვსკაია ხშირად დავდიოდით სათევზაოდ.

…ოლიმპიურ თამაშებზე ტრიუმფის შემდეგ ხშირად გვიწვევდნენ საჩვენებელი ასპარეზობებისთვის. ასე მოვიარეთ ვარშავა, ვენა, სტეფილდი, სენტ-ელტერი, შტაიერი, ლინცი, კანსბერგი, ბადენ-ბადენი.

…1953 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი სვერდლოვსკში გაიმართა, რის შემდეგაც ალბანეთში წავედით. ოფიციალურად ჩვენ ვიზიტს „ალბანელი ხალხისადმი მეგობრული დახმარება“ ერქვა, რომელიც სპორტსმენთა ასპარეზობის გარდა მწვრთნელებისთვის კონსულტაციის გაწევასაც გულისხმობდა. ალბანეთში გემით გავემგზავრეთ, ექვსი ზღვა და ორი სრუტე გავიარეთ! მახსოვს, გემის კაპიტანი, როგორც კი ახალ ზღვაში შევცურდებოდით, წყალს გვასინჯებდა. ყველაზე მლაშე ხმელთაშუა ზღვის წყალი იყო.

…ალბანეთი ძალიან ღატაკი ქვეყანა აღმოჩნდა. ისიც შევამჩნიე, რომ ჩვენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ხელოვნური იყო – ადგილობრივებს საერთოდ არ ეზეიმებოდათ. მივხვდი, რომ ჩვენი სტუმრობა უფრო საბჭოთა კავშირის პროპაგანდას ემსახურებოდა, ვიდრე რეალურ დახმარებას. იქ გატარებული დღეების განმავლობაში საცოდავი, გაღარიბებული ხალხის და უამრავი სახედრის გარდა სხვა არაფერი მინახავს.

…1953 წელს პირველად ვესტუმრე ჩინეთს. საბჭოთა კავშირის ნაკრების სტუმრობა ჩინეთის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დღესასწაულს დაემთხვა და ამის გამო სამთავრობო რეზიდენციაში მიგვიწვიეს მაო ძედუნთან. მოგვიანებით ჩინეთის კედელიც გვაჩვენეს, აი მენიუ კი თითქმის ყველგან ერთნაირი იყო. ეს ვიზიტი თვენახევარი გაგრძელდა და სიმართლე გითხრათ, ბოლოს უკვე ყველაფერი ძალიან დამღლელი იყო.

…1957 წელს მეორედ ვეწვიე ჩინეთს, თუმცა ამჯერად საქართველოს სპორტული დელეგაციის შემადგენლობაში. ოთხი წლის შემდეგ სულ სხვანაირი ქალაქები ვიხილეთ – სუფთა, გალამაზებული, ევროპულ ყაიდაზე აშენებული… მათ, ვინც მეორედ ჩავედით ჩინეთში, მასპინძლები ნათესავებს გვეძახდნენ. გვითხრეს, ასეთი წესი გვაქვს, მეორედ გამხარებელი შორეული სტუმარი ჩვენთვის უკვე ნათესავიაო.

…მეორე ოლიმპიადაზე ასპარეზობაც ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. 1956 წელს შესანიშნავ სპორტულ ფორმაში ვიყავი, თუმცა მთავარ შესარჩევ ტურნირზე, საბჭოთა კავშირის ხალხთა პირველ სპარტაკიადაზე ცუდად ვიასპარეზე, რამდენიმე დღით ადრე მოვიწამლე, ამის გამო მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავედი და მელბურნის საგზურიც მაშინ დავკარგე. ისინი, ვინც საოლიმპიადო ნაკრებში ვერ მოვხვდით, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში გაგვიშვეს საჩვენებელი ასპარეზობებისთვის. ასე ვთქვათ, ამით გვანუგეშეს.

…1957 წელს ინდოეთში ვიმოგზაურეთ. რაჯ კაპურსაც მაშინ შევხვდი. იმხანად ის ძალიან პოპულარული იყო და რომ გაიგო სტუმრები არიან საქართველოდანო, პირდაპირ გადასაღები მოედნიდან მოვიდა. თავის კაბინეტში მოვერცხლილი ყანწიც გვაჩვენა – ეს თბილისში მაჩუქესო. ვგრძნობდი, რომ საქართველოში გატარებულ დღეებს სიხარულით და დიდი სიამოვნებით იხსენებდა.

…ინდოეთის მორიგი ქალაქისკენ მატარებლით გავემგზავრეთ, მაგრამ რომ გვეგონა ჩავედითო, დილით ფანჯარაში გავიხედეთ და თურმე შუაგულ ტყეში ვართ უპატრონოდ! აღმოჩნდა, რომ ჩვენი ვაგონი მორიგ სადგურზე ჩახსნეს და შემდეგ ახალ შემადგენლობაზე ჩაბმა დაავიწყდათ! საბოლოოდ სხვა ორთქლმავალი გამოაგზავნეს და მისი დახმარებით ჩავედით დანიშნულების ადგილზე.

…ერთ პატარა მდინარეზე ქოქოსის გადამტვრეული ხე იყო გადებული. მასპინძლებმა გვითხრეს, ვინც ამ ხეზე გადავა, დავასაჩუქრებთო, თან შეგვაშინეს – მდინარე ნიანგებითაა სავსეო! ვიყოჩაღე და ქოქოსის ნაყოფიც გადმოვიტანე. ჩემი სითამამით გაკვირვებულმა მასპინძლებმა სპილოს ძვლისგან დამზადებული მძივით დამასაჩუქრეს, რომელიც ორმოცი პატარა სპილოს ნაკეთობისგან იყო აკინძული!

…ადრე თუ გვიან ეს მომენტი აუცილებლად დადგებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი სპორტის სახელმწიფო კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ გიორგი სიხარულიძემ მითხრა, ბევრს მოგზაურობ, დიდი გამოცდილება გაქვს და იქნებ თბილისის რომელიმე სკოლას უხელმძღვანელო, ტანმოვარჯიშეთა ჯგუფი გეყოლება და დიდი სპორტიდან წასული საყვარელი საქმით დაკავდებიო. ეს იდეა მომეწონა და 23-ე სკოლაში ორმოცამდე მოზარდი ჩავიბარე. იმ პერიოდში გვერდიდან არ მშორდებოდა შესანიშნავი პედაგოგი მიხეილ მჭედლიშვილი, რომელიც ჩემი ცხოვრების ამ, ახალ ეტაპზე  ძალიან დამეხმარა.

…1963 წლიდან მსაჯობა დავიწყე და უკვე ამ სტატუსით ვმონაწილეობდი საერთაშორისო შეჯიბრებებში. ყველაზე ძალიან ის მსიამოვნებდა, რომ კვლავ გოგონების გვერდით ვიდექი და მათი ხშირი წარმატებით უშუალოდ დარბაზებში ვხარობდი.

…1964 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმოგზაურეთ: ნიუ იორკი, ჩიკაგო, ვაშინგტონი, ფილადელფია… ბევრი რამ ვნახეთ და არაერთ საინტერესო პიროვნებას შევხვდით, მათ შორის ამერიკაში 30-იან წლებში გადახვეწილ კოლია ქვარიანს, სახელგანთქმულ მსახიობს და პროფესიონალ მოჭიდავეს. მაშინ სხვა დრო იყო და ქვარიანთან შეხვედრის გამო დელეგაციის რამდენიმე წევრმა ინერვიულა კიდეც. თავად ბატონმა კოლიამ გვითხრა, თქვენ არ შეშინდეთ, მე ყველა ქართველს ვხვდები, პრობლემები არ შეგექმნებათო. მას ფრანგი მეუღლე ჰყავდა – სიდონია. ისინი სასტუმროში ცხოვრობდნენ, სადაც გვიმასპინძლეს კიდეც. დამშვიდობებისას, აღელვებულმა ბარათი გვაჩვენა – საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვდა, ბოლოს კი გვთხოვა: თუ სამშობლოში დაბრუნება არ მეღირსა, ძალიან გთხოვთ, იქნებ ჩემი ფერფლი მაინც მიმოაბნიოთ რიონის მიდამოებშიო.

…დონარა ჯანუყაშვილი, მზია ნინოშვილი, რუსუდან სიხარულიძე, ნინა დრონოვა, ეკა აბრამია – ესენი სხვადასხვა თაობის გამორჩეული ქართველი ტანმოვარჯიშეები იყვნენ და ვფიქრობ, ყველას მეტისთვის უნდა მიეღწია.

…კარგა ხანს ქალთა ტანვარჯიში ძალზე ლამაზი სანახაობა იყო და ტერმინი „ტანმოვარჯიშე ქალი“ ლამაზი ქალის სინონიმად აღიქმებოდა. დროთა განმავლობაში ქალური სინატიფის მაგივრად ილეთების ეფექტურობამ იმძლავრა. ეს ოლგა კორბუტის გამოჩენის მერე მოხდა – აქცენტი სირთულეზე გაკეთდა. 1974 წელს, საერთაშორისო ფედერაციის მორიგ კონგრესზე ამაზე ბევრმა ისაუბრა, თუმცა მხოლოდ კულისებში და ამიტომ, არაფერი შეიცვალა. სწორედ ილეთების სირთულით გატაცების ბრალია, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ელენა მუხინა მძიმე ტრავმის შემდეგ საწოლს მიეჯაჭვა.

…ახლა 17 წლის გოგონა ვეტერან ტანმოვარჯიშედ ითვლება, როცა ჩემ დროს ოლიმპიადებზე და დიდ ტურნირებზე ქალები და ქალიშვილები ასპარეზობდნენ. ჩემი აზრით, მაშინ ბევრად უფრო ლამაზი სანახაობა იყო.

…ერთ საღამოს, შინ დაბრუნებულს, მთელი სახლი გადმოტრიალებული დამხვდა – გაგვქურდეს სხვადასხვა შეჯიბრებაზე მოპოვებული მედლები და სახელმწიფო ჯილდოები საწოლზე ეყარა. პირველი, რაც მოვისაკლისე, ოლიმპიური მედლები იყო. როგორც ჩანს, ქურდებმა იცოდნენ რაც უნდა წაეღოთ. როცა ოთახების დალაგება დავიწყე, ოლიმპიური ოქროს მედალი საწოლის ქვეშ ვიპოვე, როგორც ჩანს ხელიდან გაუვარდათ ან სიჩქარეში დაკარგეს. ამ მედლის პოვნა ისე გამიხარდა, თითქოს ის მეორედ მოვიპოვე!

…2002 წელს ჰელსინკის ოლიმპიადის მოგების 50 წლის იუბილე აღინიშნა და საქართველოს ოლიმპიური ფონდის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმა დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა! სწორედ მან დაგვინიშნა 300-300 ლარის ხელფასი ჰელსინკის თამაშების ჩემპიონებს, ამას გარდა ათ-ათი ათასი ლარითაც დაგვასაჩუქრა. ასეთ ადამიანს, რომელიც სპორტს და სპორტსმენებს უანგაროდ ეხმარება, მსურს უღრმესი მადლობა გადავუხადო.

…75 წლის იუბილე ბერიკონში გადამიხადეს. ის დღე არასდროს დამავიწყდება – უახლოესი ადამიანები შევიკრიბეთ და მშვენიერი საღამოც გამოვიდა! ბევრი საჩუქარი მივიღე, უამრავი წერილი თუ სამახსოვრო ნივთი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბო და სიყვარული იყო, რასაც იმ საღამოს მე და ყველა სტუმარი ვგრძნობდით.

მზია ჯუღელი
დაიბადა 1926 წლის 1 აგვისტოს ქუთაისში. გარდაიცვალა 2016 წლის 8 იანვარს თბილისში
სპორტული ტანმოვარჯიშე
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი – 1952 (ჰელსინკი; გუნდური); ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი – 1952 (ჰელსინკი; საგნით ჯგუფური ვარჯიში); მსოფლიოს ახალგაზრდული სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებული – 1951 (ბჯენით ხტომა და გუნდური), 1954 (ჯგუფური ვარჯიში და გუნდური); სსრკ ჩემპიონი – 1946 (ბჯენით ხტომა), 1947 (ბჯენით ხტომა), 1951 (ბჯენით ხტომა), 1952 (ბჯენით ხტომა), 1953 (ბჯენით ხტომა და რგოლები), 1954 (ბჯენით ხტომა), 1955 (ბჯენით ხტომა); სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1952 (მრავალჭიდი); სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1950 (ნაირსიმაღლის ორძელი), 1952 (ნაირსიმაღლის ორძელი და რგოლები); სსრკ ჩემპიონი (სასკოლო ასაკი) – 1939, 1940; საქართველოს ჩემპიონი (სასკოლო ასაკი) – 1939; სპორტსაზოგადოება დინამოს ცენტრალური საბჭოს ჩემპიონატის გამარჯვებული – 1945
წოდებები და სახელმწიფო ჯილდოები: სსრკ სპორტის ოსტატი – 1946; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1952; სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2012; ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი – 2001 (13 ივლისი); ღირსების ორდენი – 1996 (23 აგვისტო); საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი – 2002; საპატიო ნიშნის ორდენი (სსრკ) – 1957; მედალი შრომითი წარჩინებისთვის – 1968

*-პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი საქართველოდან.
*-პირველი ორგზის ოლიმპიური მედალოსანი საქართველოდან.
*-1962-65 წლებში წვრთნიდა საქართველოს ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრებს.
*-1965-70 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრების მწვრთნელი.
*-1971 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელის წოდება.
*-1972-91 წლებში საქართველოს უმაღლესი სპორტული დაოსტატების რესპუბლიკური სკოლის დირექტორი.
*-1973 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება.
*-1991-2005 წლებში იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
*-1998 წელს, თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაისტამბა საფოსტო მარკა „ჰელსინკი 1952“, რომელზეც დატანილია პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების სახელი და გვარი – დავით ციმაკურიძე, რაფაელ ჩიმიშკიანი და მედეა ჯუღელი.
*-1999 წელს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესდა მზია ჯუღელის სახელობის სტიპენდია.
*-2002 წელს მზია ჯუღელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
*-2002 წელს გამოიცა თენგიზ გაჩეჩილაძის წიგნი „პირველი ქართველი ქალი ოლიმპზე“.
*-2005 წელს მიენიჭა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის წოდება.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ გამოიცა თენგიზ გაჩეჩილაძის წიგნი „მზია ჯუღელი“.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 24 თებერვალი)
ფოტო:
ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; sport.gov.ge

ka_GEGeorgian