კარიერა ფრაზებში #70: შოთა ჩოჩიშვილი

ძიუდო ოლიმპიადის სპორტულ პროგრამაში პირველად 1964 წელს, ტოკიოს თამაშებში მოხვდა. მაშინ მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და მძიმეწონოსანთა ასპარეზობის ორივე ბრინჯაოს მედალი ქართველებმა მოიგეს, ფარნაოზ ჩიკვილაძემ და ანზორ კიკნაძემ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ერთდროულად ორი ჩვენიანი დადგა ოლიმპიურ კვარცხლბეკზე.
1968 წელს, მეხიკოში, ძიუდოში მედლები არ გათამაშდა, თუმცა მომდევნო, მიუნხენის თამაშებიდან ეს მშვენიერი სახეობა სპორტული პროგრამის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი სპორტსმენებიც დროდადრო ოქროს მედლებით გვახარებენ.
ტოკიოს ოლიმპიადის ჩათვლით ქართველების აქტივში 23 ჯილდოა: 7 ოქრო, 7 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.
ბრწყინვალე შვიდეულის პირველი წევრი შოთა ჩოჩიშვილია, რომელმაც 1972 წელს, საბჭოთა კავშირის სახელით მოიგო ოქროს მედალი! ამ გამარჯვებით ის საბჭოთა ძიუდოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.
ბატონმა შოთამ მომდევნო, მონრეალის თამაშებზეც მოიგო მედალი – ბრინჯაო, ეს კი ძიუდოში ურთულესი ამბავი რომაა, ყველა გულშემატკივარმა კარგად იცის. თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართველთაგან ერთზე მეტ ოლიმპიურ მედალს ბატონი შოთას გარდა მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი ფლობს, ნათლად მიგვანიშნებს ამოცანის სირთულეზე…
დიდი სპორტსმენის მშობლიური სოფლის, ღვლევის საყდრის ერთ კედელს ასეთი წარწერა ამშვენებს: „მე ცოდვილმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში, შოთა ჩოჩიშვილმა სოფლის თანადგომით აღვადგინე და მოვახატვინე მშობლიური სოფლის ღვთისმშობლის ბაზილიკა. დიდება შენდა უფალო, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 1998 წლის მკათათვე“.
შოთა ჩოჩიშვილი თერთმეტი წლის შემდეგ, 2009 წლის 27 აგვისტოს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის 59 წლის იყო. ოლიმპიური ჩემპიონი იმავე ეკლესიის ეზოში დაიკრძალა.
ლეგენდარული ძიუდოისტის კარიერას ლელოსა და სარბიელში გამოქვეყნებული ინტერვიუებით, ასევე ნუგზარ შატაიძის ჩანაწერებით გავიხსენებთ.

…ქართლის შუაგულში, პატარა, მაგრამ ულამაზეს სოფელში, ღვლევში დავიბადე. ღვლევი პატარა სოფელია, მთაზე შეფენილი… ბავშვობაში ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა.

…გუშინდელივით მახსოვს ჩემი ბავშვობა: დედა – უსაზღვრო სითბო და სიკეთე; მამა – მფარველი, ყველაზე ძლიერი! ხშირად ჩამესმის ხოლმე დედის ხმა, რომელიც ხშირად გვიკითხავდა წიგნებს საგმირო საქმეებზე, კეთილის და ბოროტის ბრძოლაზე. შრომისგან დაღლილს ალბათ ძილიც ერეოდა, მაგრამ კითხვას თავს არ ანებებდა, ბავშვებს სურვილს გვისრულებდა. შვილები ოთხნი ვყავდით – ორი ძმა და ორი და.

…დედა, რუსუდან ცხოვრებაშვილი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. სოფელში, ნახერხმოყრილ სარბიელზე რომ ვჭიდაობდი, სულ მაქეზებდა და მამხნევებდა, ბიჭო, ამასთან როგორ უნდა წააგოო. როცა ნამდვილი მოჭიდავე გავხდი, იშვიათად ვაგებდი, მაგრამ დედა ყველა მარცხს მწარედ განიცდიდა.

…არ შემიძლია არ მოვიგონო ბებიაჩემიც, მამის დედა – ალექსანდრა დედაბრიშვილი. მკაცრი იყო, კაი სახრეც ჰქონდა, თუმცა უზომოდ მიყვარდა. უმისოდ არ ვიძინებდი! გავქანდებოდი ხოლმე და საწოლში შევუგორდებოდი, ის კი ზღაპრებს მიყვებოდა.

…იმ წლებში არავის ულხინდა და არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი. ამის მიუხედავად, მშობლებმა ადამიანებად გაგვზარდეს, იმ სიყვარულმა, რაც მათგან მივიღე, სიკეთის გზაზე დამაყენა. ალბათ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჩემს სპორტულ მიღწევებსაც.

…მამაჩემი, სამსონ ჩოჩიშვილი ცნობილი მოჭიდავე იყო, მას დიდ პატივს სცემდნენ და ცხოვრებაში ბევრჯერ წინ დამხვედრია მისი სახელი და ღირსება. მისთვის მიუღებელი იყო სიცრუე, ღალატი… შვილებს მუდამ საკუთარი კაცობის მაგალითით გვზრდიდა.

…მერვე კლასში ვიყავი, როცა მშობლებმა სასწავლებლად ბორჯომში გამაგზავნეს. კარგად მახსოვს წასვლის წინა საღამო: დედა ეზოში პურს აცხობდა, ჩუმად ტიროდა და მისი ცრემლები თონეში ცვიოდა. მეც ხელით ვიმშრალებდი თვალებს.

…ბორჯომს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. არასდროს დამავიწყდება ეს საოცარი ქალაქი, რომელმაც გულში ჩამიკრა და დამავაჟკაცა. რა დამავიწყებს ბორჯომის ზღაპრულ პარკს, გოგიას და პავლეს ციხეებს? ლომით მთას! ჩემს ტექნიკუმს და მასწავლებლებს, განსაკუთრებით დირექტორს, ქალბატონ ქსენია ხაჩიძეს და კიდევ თენგიზ გოგრიჭიანს, რომელმაც ჭიდაობას მაზიარა.

…ბორჯომის სატყეო ტექნიკუმის შემდეგ იყო პედაგოგიური ინსტიტუტი. იქ სწავლის პარალელურად დავიწყე ჭიდაობაც და მალე რამდენიმე შეჯიბრებაში გავიმარჯვე, 1967 და 1968 წლებში კი ქარელის რაიონის ჩემპიონი გავხდი.

…მახარებდა პირველი ხარისხის დიპლომები, თუმცა ეს სერიოზული წარმატება არ იყო და ამას მაშინ მივხვდი, როცა გურამ პაპიტაშვილთან ვარჯიში დავიწყე. ის ძიუდოში ავარჯიშებდა ბიჭებს და არაერთი სახელოვანი სპორტსმენიც გაზარდა. ძიუდო ახალი შემოსული იყო ჩვენში, არ იყო ძალიან პოპულარული, თუმცა მე მომწონდა და ადვილად ავუღე ალღო.

…ერთ მშვენიერ დღეს მოსკოვიდან სამბისტთა ტურნირის გამარჯვებულად დავბრუნდი და გურამმაც ჩათვალა, რომ ახალ საფეხურზე გადასვლის დრო იყო – ბიძინა მაზიაშვილთან გამიშვა, რომელიც საქართველოს გუნდს თბილისის საერთაშორისო ტურნირსთვის ამზადებდა. მას გურამის წერილი გადავეცი. ჩვენი ძიუდოს პაპამ ჯერ კარგად ამათვალ-ჩამათვალიერა, მერე კი მითხრა: გუნდში სად დაგაყენო, ნაკრები უკვე დაკომპლექტებული მყავსო. აი რევაზიშვილს და მუზაევს თუ მოუგებ, მაშინ კი ბატონო, ტურნირზე გაგიყვანო. ორივე დავამარცხე, სხვებსაც მოვუგე და გუნდში მოვხვდი. ცხონებული, სიტყვის კაცი იყო!

…თბილისის ტურნირის შემდეგ ერთი თვეც არ იყო გასული, რომ მინსკში, უმაღლესი სასწავლებლების პირველობაზე, რომელსაც ბურევესტნიკის ჩემპიონატსაც ეძახდნენ, ოქროს მედალი მოვიგე. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, საბჭოთა ნაკრების თავკაცმა ვლადლენ ანდრეევმა სწორედ მაშინ შემამჩნია.

…უცხოეთში პირველად ნაკრების შემადგენლობაში წავედი. ავსტრიაში, ქალაქ ლინცში საერთაშორისო შეჯიბრება ჩატარდა ბევრი ძლიერი ძიუდოისტის მონაწილეობით. იქ მსაჯების გამო დავმარცხდი მასპინძელთა ფავორიტთან, ელენთან და ამის გამო საშინლად გავბრაზდი. მეგონა ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მწვრთნელებმა დამამშვიდეს. მხარდაჭერამ ბრძოლისთვის განმაწყო. მერე იყო საფრანგეთი, ინგლისი, პოლონეთი, ნიდერლანდები.

…იაპონელთა ფავორიტ ნაკამურას პირველად პოლონეთში, გდანსკის საერთაშორისო ტურნირზე შევხვდი. ის დიდებული, ტექნიკური მოჭიდავე იყო, ჩემნაირ ახალბედებთან მარჯვენა გარე გადაკრულ სარმას ხმარობდა, მე კი მზად მქონდა ამ ფანდის დამაგვირგვინებელი კონტრილეთი – მკერდზე შემოტრიალებით, მარცხნივ გდება. ნაკამურამ ეს, ცხადია, არ იცოდა. არც მან და არც მისმა მწვრთნელმა კამინაგიმ. ჰოდა როცა მეტოქემ ნაცადი ხერხით სცადა გამარჯვება, ჩემი ილეთი შევაგებე და სუფთა გდებით გავიმარჯვე!

…1972 წლის დასაწყისში ჩემს წონაში ნომერ პირველი ევგენი სოლოდუხინი იყო, მიუნხენის ოლიმპიადაზე გამგზავრებას მას უწინასწარმეტყველებდნენ. ჩვენ თბილისში, საერთაშორისო ტურნირზე შევხვდით ერთმანეთს. გავიმარჯვე და კითხვის ნიშნებიც გაჩნდა – ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მე დამიჭირა მხარი, მაგრამ საკავშირო სპორტკომიტეტის ხელმძღვანელებმა – სოლოდუხინს.

…მიუნხენის საგზურის მფლობელი უკანასკნელ შეკრებაზე, ფეოდოსიაში უნდა გამოვლენილიყო. თავიდან ბევრნი ვიყავით, მაგრამ არაერთი ორთაბრძოლის შემდეგ ყველა წონაში ორ-ორი პრეტენდენტი დავრჩით, ქვემძიმე წონაში მე და სოლოდუხინი, ჩვენ ათ-ათ მეტოქეს ვძლიეთ! იქ ერთმანეთთან არ გვიჭიდავია, თუმცა ანდრეევმა სპორტკომიტეტს მაინც აცნობა, ჩოჩიშვილი უკეთესიაო. ვფიქრობდი, რომ ოლიმპიადაზე მოვხვდი, მაგრამ თავს მშვიდად მაინც ვერ ვგრძნობდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი ეს ბრძოლის დასასრული არ იყო.

…ერთ მშვენიერ დღეს, კიევში, სანაკრებო ბაზაზე ანდრეევი მეძახის და მეუბნება: მოსკოვში სოლოდუხინს დაუჭირეს მხარი. რა ვქნა, ვერაფერს შევცვლი, შენ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ გაქვს და მხოლოდ ერთს გთხოვ, გული არ გაიტეხო, ივარჯიშეო. შინ გამწარებული დავბრუნდი, დანა რომ დაერტყათ, წვეთი სისხლი არ გამომივიდოდა, ისეთ ხასიათზე ვიყავი!

…რა უნდა მექნა? სოფელში ავედი. მახსოვს კვირა დღე იყო და ბიჭებმა საჭიდაოზე გამაქანეს, სადაც შეჯიბრება ტარდებოდა. ბევრს მეხვეწნენ, მაგრამ არ მიჭიდავია, არაფრის თავი არ მქონდა… იმ წუთებში ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. უცბად ვიღაც მომვარდა და მითხრა, სად ხარ ბიჭო, პაპიტაშვილი გეძებსო! მაშინვე გორში გავქანდი და გურამი მოვძებნე. მახარა: ანდრეევი კიევიდან მოსკოვში ჩავიდა და სპორტკომიტეტს დაუსაბუთა, მიუნხენში სოლოდუხინი კი არა, ჩოჩიშვილი უნდა წავიყვანოთო. სასწრაფოდ თბილისში ჩამოვედი, იქ კი თვითმფრინავში ჩამსვეს, სამოცი მანეთი ჩამიკუჭეს და მოსკოვში გადამაფრინეს.

…მიუნხენში გამგზავრებამდე ოცი დღით ადრე, ვარჯიშის დროს სერიოზული ტრავმა მივიღე: კისრულს ვამუშავებდი, როცა პარტნიორი ზურგზე მოვიკიდე, მაგრამ ცოტათი უკან დამრჩა, ამიტომ უფრო ღრმად წამოვიღე, მაგრამ კისერზე დავეცი და მხარქვეშა კუნთები დავიჭიმე, ტკივილისგან გონება დავკარგე! გონზე საავადმყოფოში მოვედი. თვალი რომ გავახილე, გურამ პაპიტაშვილის შეშფოთებული სახე დავინახე და ვიფიქრე, მშვიდობით მიუნხენო-მეთქი.

…მეორე დღეს ანდრეევმა მინახულა. ვკითხე როგორ იქნება ჩემი საქმე, ოლიმპიადაზე ვეღარ ვიჭიდავებ-მეთქი? დამამშვიდა: ყველაფერი კარგად იქნება, იასპარეზებ კი არა, ჩემპიონიც გახდებიო! და დაამატა: ათი წლის წინ ანზორ კიკნაძეც სულ ბოლო ეტაპზე დაშავდა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ევროპის ჩემპიონი გახდაო… ნელ-ნელა მოვმჯობინდი და გერმანიაში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე სრულიად საღ-სალამათი ვიყავი.

…მიუნხენში წილისყრის შედეგები რომ გაიგეს, მწვრთნელებმა ლამის ხელი ჩაიქნიეს – იაპონელთა ლიდერს, სასახარას უკვე მეორე წრეში ვხვდებოდი, მანამდე კი საკმაოდ ძლიერ ჩრდილოკორეელთან უნდა მეჭიდავა. ჩემგან წარმატებას ნაკლებად ელოდნენ.

…ჩრდილოკორეელი არ გამოცხადდა. როგორც მაშინ თქვეს, ავადმყოფობის გამო და მეც უბრძოლველად გავედი მერვედფინალში. აი იქ კი სერიოზული გამოცდა მელოდა – ფუმიო სასახარა იაპონიის ნაკრების ლიდერად ითვლებოდა და მიუნხენში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობდა. ის იმ დროს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახლდათ, 1969 წელს პირველად მოიგო ოქრო, 1971 წელს – მეორედ.

…სასახარა დიდებული ძიუდოისტი იყო, ურთულესი მოწინააღმდეგე! მიუნხენის ოლიმპიადაზეც ის ითვლებოდა ფავორიტად, მაგრამ ასეთ რამეებს ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, ყოველთვის ჩემსას ვცდილობდი და ალბათ ამიტომაც გავიმარჯვე.

…მსაჯმა რომ ხელი შემართა და სუფთა გამარჯვება ჩამითვალა, პირველად გურამ პაპიტაშვილის შეძახილი მომესმა: „შენი ჭირიმე შოთა“! ის ტრიბუნაზე იჯდა ბიძინა მაზიაშვილთან ერთდ, ტატამთან არ უშვებდნენ… იაპონელი ზეზელა კისრულით დავაგდე და ეს იმდენად მოულოდნელი იყო გულშემატკივრებისთვის, რომ რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. გურამმაც სწორედ მაშინ დაიყვირა.

…ვლადლენ ანდრეევს ჩემი გამარჯვება პირველად იაპონელთა თავკაცმა კამინაგიმ მიულოცა. ჩემპიონობის შემდეგ, საღამოს, სოფელში რომ დავბრუნდით, ანდრეევმა მითხრა, კამინაგიმ შენი ტრიუმფი ძიუდოში ახალი ეტაპის დასაწყისად მიიჩნიაო.

…სასახარას შემდეგ ბრიტანელი დევიდ სტარბრუკი მელოდა. არ იყო ძლიერი მოწინააღმდეგე, ყოველ შემთხვევაში მედლის კანდიდატებს შორის არ ასახელებდნენ… მაშინ სხვა წესები მოქმედებდა, რომელიც მწვრთნელის და მისი თამაშემწის, მასლოვის მითითებით, გამოვიყენე კიდეც. ასეთი სიტუაცია იყო: თუ სტარბრუკს მოვუგებდი, ნახევარფინალში გავიდოდი და სასახარაც ბრძოლაში რჩებოდა. ეს არც მე მაწყობდა, არც მწვრთნელს და ამიტომ ბრიტანელთან მძიმე ჭიდაობის შემდეგ დავმარცხდი, თუმცა მხოლოდ მსაჯების გადაწყვეტილებით. შედეგად იაპონელი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა, მე კი სანუგეშო წრეში გადავერთე და ასე ვცადე ნახევარფინალში გასვლა. სარისკო ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ საქმისთვის ასე სჯობდა.

…სანუგეშო ჯგუფი ფრანგ პიერ ალბერტინისთან გამარჯვებით დავიწყე. მერე ამერიკელ ჯეიმს უოლეისაც ვაჯობე, ნახევარფინალში გასულმა კი გერმანელ პოლ ბართის მოვუგე. ამის შემდეგ ფინალში ისევ სტარბრუკს დავეჭიდე.

…ოლიმპიადაზე ილეთები არც კოკათი ფასდებოდა და არც იუკოთი, მხოლოდ ვაზა არი. თუ ორთაბრძოლა ვაზა არის გარეშე სრულდებოდა, გამარჯვებულს მსაჯები ავლენდნენ. ჩვენი ჭიდილი კარგა ხანს გაგრძელდა, რამდენიმე ილეთიც ჩავუტარე ბრიტანელს, მაგრამ მსაჯებისგან ვაზა არი ვერ დავიმსახურე და როცა ისინი გამარჯვებულის გამოსავლენად შეიკრიბნენ, სიმართლე გითხრათ საკუთარ თავზე გავბრაზდი. ჩემდა საბედნიეროდ, სამივე არბიტრმა მე მომაკუთვნა გამარჯვება და შვებით ამოვისუნთქე! იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა!

…შეჯიბრების დღეს მუდმივად ჩემს გვერდით იყო გივი ონაშვილი. მე ვთხოვე არსად წახვიდე-მეთქი. ამხელა ტურნირზე პირველად გამოვდიოდი, ის კი უფრო გამოცდილი იყო და ამიტომ ვთხოვე დარჩენა, მისი რჩევები მჭირდებოდა, მინდოდა იქვე ყოფილიყო ჩემიანი, ვისაც გამოველაპარაკებოდი, ვისთანაც თავს მშვიდად ვიგრძნობდი, ყურადღებას სხვა რამეზე გადავიტანდი… მგონი ბევრმა არც ის იცის, რომ ფინალში გივის კიმონოთი ვიჭიდავე – ჩემი მანამდე გაიხა.

…ჟურნალისტებს ხშირად უკითხავთ, სადებიუტო ოლიმპიადაზე რომელი ადგილის დაკავება გეიმედებოდაო. ყველას ერთნაირად ვპასუხობდი: არაფერს ვგეგმავდი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ტატამზე უნდა გავსულიყავი, მეჭიდავა და არ წამეგო.

…წლის ბოლოს თბილისის სპორტის სასახლეში, სანდრო კანდელაკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქართველოს აბსოლუტური პირველობა მოვიგე. ქართული ჭიდაობა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო!

…1973 წლის თებერვალში კიდევ ერთხელ ვიჭიდავე თბილისში. მაშინ ბევრი ქვეყნის ნაკრები გვეწვია და ის შეჯიბრება სამართლიანად მოინათლა მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად. ფინალში სოლოდუხინს შევხვდი. საყვარელი ქომაგების თვალწინ დამარცხება გამორიცხული იყო და მეც იოლად გავიმარჯვე.

…70იან წლებში ქართველები საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერები ვიყავით. მაგალითად 1975 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა და მონრეალის ოლიმპიადის რეპეტიციად ითვლებოდა, ხუთმა ქართველმა ვიასპარეზეთ: შენგელი ფიცხელაურმა (მსუბუქი წონა), რამაზ ხარშილაძემ (ქვემძიმე), ჯიბილო ნიჟარაძემ (მძიმე), გივი ონაშვილმა და მე, ჩვენ ორმა აბსოლუტურში. ერთი წლის შემდეგ, ოლიმპიადისთვის, ნაკრებში სამნი მოვხვდით: მე და რამაზ ხარშილაძე, ასევე 20 წლის ოლეგ ზურაბიანი, რომელმაც მანამდე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე გამოიჩინა თავი.

…სამწუხაროდ, ოლეგი მალე გამოეთიშა ოლიმპიადას. რამაზი ფინალში გავიდა და ვერცხლს დაეუფლა, მე კი ბრინჯაო მოვიგე, ოღონდ აბსოლუტურში. ნახევარფინალში მთავარ მეტოქეს, ხარუკი უემურას დავეჭიდე. მომგებიანი ილეთი ვერცერთმა შევასრულეთ და საბოლოოდ, მსაჯებმა უპირატესობა იაპონელს მიანიჭეს – ორმა მას დაუჭირა მხარი, ერთმა – მე… საბოლოოდ ის ჩემპიონი გახდა, მე კი ბრინჯაოს მედლისთვის ჟან ლუკ რუჟე მელოდა. რუჟე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო, მაგრამ არ გამიჭირდა და მოვიგე.

…1978 წელს თბილისში პირველად გვეწვია იასუჰირო იამასიტა. მის შესახებ ჩვენმა გულშემატკივრებმა უკვე იცოდნენ და ამიტომაც იყო, რომ სპორტის სასახლის ტრიბუნები ლამის ბოლომდე გაივსო. ყველა ელოდა, რომ ფინალში მე და იამასიტა შევხვდებოდით, მაგრამ დავითარსე – ნახევარფინალში ფეხი მოვიტეხე და ფინალი კი არა, მთელი წელი გამიცდა! იამაისტა კი ფინალშიც გავიდა და ჩემპიონიც გახდა. დასამალი არაფერია – ის მოვლენა იყო.

…საყვარელ საქმეს 28 წლის ასაკში გამოვემშვიდობე. ის მძიმე ტრავმა რომ მოვიშუშე, მივხვდი სრულად აღდგენას ვერ მოვახერხებდი – ძალიან დიდ დროს წაიღებდა, ნახევარი ძალით კონკურენტებთან ჭიდილს კი აზრი არ ჰქონდა.

…ანტონიო ინოკი ძალიან პოპულარული კეტჩისტი იყო, იაპონელების ნამდვილი კერპი! ხანდახან სახელგანთქმულ სპორტსმენებსაც ეჩხუბებოდა – მუჰამედ ალის მაგალითად… რამდენიმე ძიუდოისტი რომ დაამარცხა, თქვა ოლიმპიურ ჩემპიონსაც უნდა ვაჯობოო და მე სწორედ ამის შემდეგ დამიკავშირდნენ. 1989 წლის აპრილი იდგა, უმძიმესი დღეები საქართველოსთვის. მივიღე გამოწვევა, ვიფიქრე რომ ქომაგების გასახარებლად შესანიშნავი მომენტი იყო. ჩვენ სუმოს დარბაზში უნდა გვეჩხუბა, მაგრამ ბრძოლაზე დასწრების სურვილი ათასობით იაპონელმა გამოთქვა და ამიტომ, სანახაობა ტოკიო დოუმში, უდიდეს დარბაზში გადაიტანეს.

…კეტჩი სანახაობაა, სადაც ყველაფერი მოსულა – ძიუდოს მტკივნეული ილეთები, ჭიდაობის მახრჩობელა ფანდები, კარატეს დარტყმები, ჩვეულებრივი მუშტი-კრივიც… ტოკიოში ჩასულმა, ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ვთქვი, მხოლოდ ძიუდოს ვიჭიდავებ-მეთქი. ამის გამო ბევრი იაპონელი მქომაგობდა.

…ჩვენი ბრძოლა 24 აპრილს შედგა. პირველი რაუნდი ინოკიმ მოიგო, მეორეში მე გავიმარჯვე. მესამეში მეტოქემ ხელი იტკინა, მაგრამ დანებება არც უფიქრია. მეხუთე რაუნდის პირველივე წუთზე ბრუნით რინგზე დავანარცხე ინოკი, ვეღარ წამოდგა და მეც გავიმარჯვე. საქართველოში რომ დავბრუნდი, ახლობლებმა მითხრეს, შენი წარმატების ამბავი რამდენიმე საათში მთელმა ქვეყანამ იცოდაო.

…ინოკისთან მოგების შემდეგ იაპონიაში ძალიან პოპულარული გავხდი. წლების შემდეგ არაერთხელ ვეწვიე ამ მშვენიერ ქვეყანას და არ დაიჯერებთ: რამდენიმე პატარა გამაცნეს, რომელსაც მშობლებმა ჩემი სიყვარულის გამო სახელად შოთა დაარქვეს.

…ჭიდაობაზე მთელი ჩემი სანათესაო გიჟდებოდა. მამა, სამსონი, კარგი ფალავანი იყო. დედის ძმა – ვიქტორი, კიდევ უფრო უკეთესი, დეიდაშვილი – კობა კურტანიძე კი სულაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, საკავშირო პირველობა კი ზედიზედ შვიდჯერ მოიგო!

…სპორტული კარიერა ისე დავასრულე, რომ არცერთი ბრძოლა მახრჩობელა ილეთით არ მომიგია. არასდროს შემიბოჭავს მეტოქე და არც მტკივნეულ ილეთზე დამიჭერია ვინმე. ასეთ ილეთებს ვერც ჩემს წინააღმდეგ იყენებდნენ. გორაობით ჭიდაობა არ მიყვარდა, ფონს ქართული ილეთებით გავდიოდი. წელში ვერავინ მივარდებოდა, მეტოქეს ახლოს არ ვუშვებდი… ბრძოლისას ზოგჯერ მაჯებსაც მიკავებდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე როგორც არ უნდა მომდგომოდა, კონტრილეთი მუდამ მზად მქონდა. ქართული ჭიდაობის ელემენტებთან ერთად ფიზიკური ძალაც ძალიან მეხმარებოდა. ზოგჯერ სწორედ მხოლოდ ღონის წყალობით ვიგებდი.

…ყველა ჩემი წარმატება უფალმა ინება. 15 ან 16 წლის ვიყავი, როცა ასეთი რამ დამესიზმრა: თეთრწვერიანმა, თეთრი სამოსით შემოსილმა მოხუცმა საჭიდაო ხალიჩაზე შემიყვანა, დამაჩოქა და თავზე ხელი დამადო. ჩემს წარმატებებს სწორედ იმ მოხუცს ვუმადლი.

…საქართველოს ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენები? ვაჟებში ვიქტორ სანეევი, ლევან თედიაშვილი და გივი კარტოზია, ქალბატონებიდან კი ნონა გაფრინდაშვილი, ქეთევან ლოსაბერიძე და ნინო სალუქვაძე.


შოთა ჩოჩიშვილი
დაიბადა 1950 წლის 10 ივლისს ქარელის რაიონის სოფელ ღვლევში. გარდაიცვალა 2009 წლის 27 აგვისტოს თბილისში
ძიუდოისტი (93, +93, +95კგ და აბსოლუტური წონითი კატეგორიები)
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი – 1972 (93კგ; მიუნხენი); ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1976 (აბსოლუტური; მონრეალი); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1975 (აბსოლუტური; ვენა, ავსტრია); ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 1973 (აბსოლუტური; მადრიდი, ესპანეთი), 1974 (აბსოლუტური; ლონდონი, ინგლისი), 1975 (აბსოლუტური; ლიონი, საფრანგეთი), 1976 (გუნდური; კიევი); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1977 (აბსოლუტური; ლუდვიგსჰაფენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა); სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ვიცე-ჩემპიონი – 1974 (აბსოლუტური; ბრიუსელი, ბელგია); სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1975 (აბსოლუტური); სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1974 (+93კგ; რიგა), 1977 (+95კგ; ბაქო); სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1974 (აბსოლუტური; რიგა); საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში – 1972, 1977; საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი – 1973 (93კგ; თბილისი), 1975 (აბსოლუტური; თბილისი), 1976 (აბსოლუტური; თბილისი), 1976 (93კგ; კერკრადე, ნიდერლანდები); საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი – 1975 (93კგ; თბილისი); საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი – 1973 (93კგ და აბსოლუტური; ფრანკფურტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), 1973 (93კგ; ვარშავა, პოლონეთი)
წოდებები და სახელმწიფო ჯილდოები: ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი – 2003; ღირსების ორდენი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი – 2003; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1972; ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ)

*-შოთა ჩოჩიშვილი პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში საბჭოთა კავშირიდან.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „შოთა ჩოჩიშვილი“.
*-2015 წელს შოთა ჩოჩიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის – IJF – დიდების დარბაზის წევრი გახდა (გარდაცვალების შემდეგ). სპეციალური დიპლომი მის ვაჟს, ასევე ძიუდოისტს რამაზ ჩოჩიშვილს გადაეცა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 1 მარტი)
ფოტო:
ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; sport.gov.ge

ka_GEGeorgian