კარიერა ფრაზებში #8: თამაზ კოსტავა

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ეცნიკლოპედიაში, რომელიც წლების წინ გამოიცა მოსკოვში, უამრავ საინტერესო ცნობასთან ერთად ქვეყნის პირველი გუნდის მოთამაშეების დახასიათებასაც შეხვდებით.
არაერთი ქართველის მხარდამხარაა თამაზ კოსტავას ფოტოც, რომელსაც ორი აბზაცი ამშვენებს: „ტექნიკური მცველი, პოზიციური თამაშის ოსტატი. ჩინებულად ერთვებოდა შეტევაში. იყო თბილისის დინამოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობის წევრი, თუმცა ხშირმა ტრავმებმა შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშულება არ მისცა“.
კოსტავა ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობის მშვენება გახლდათ, მაგრამ ზედიზედ მიღებულმა მძიმე ტრავმებმა უარყოფითად იმოქმედა – დინამოდან 26 წლისა წავიდა, ორ წელიწადში კი კარიერაც დაასრულა.

…29 თებერვალს დავიბადე და ამის გამო ხშირად მაშაყირებდნენ. დინამოელები ხომ საერთოდ, ოთხ წელიწადში ერთხელ მილოცავდნენ დაბადების დღეს, შენ ჯერ პატარა ხარო, მეხუმრებოდნენ.

…ფეხბურთამდე კალათბურთში ვვარჯიშობდი. ერთხელაც ჩემი მეგობრები ბადრი ფარულავა და თენგიზ ხელაძე მოვიდნენ და მითხრეს, სკოლების პირველობაზე უნდა დაგვეხმარო, ხალხი გვაკლია, ნავარჯიშევი ხარ და გამოგვადგებიო. წავყევი და პირველივე შეხვედრაში 6 თუ 7 გოლი გავიტანე, ჩემპიონატზე კი, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, 40-მდე ბურთი შევაგდე. მოგვიანებით ქუთაისის ნაკრები ჩამოყალიბდა, რომელმაც რესპუბლიკურ სპარტაკიადაზე იასპარეზა. ვახტანგ ერქომაიშვილი გვწვრთნიდა, ჩემთან ერთად კი იმ გუნდში რამაზ შენგელია, რევაზ ბურკაძე, გოგი გაბიჩვაძე და იური კვერნაძე თამაშობდნენ.

…ქალაქის საფეხბურთო ჩემპიონატში კარგი თამაშის შემდეგ სპორტსკოლაში დავიწყე ვარჯიში კორნელი აბდალაძესთან, მალე კი კარლო ხურციძემ შემამჩნია და თავისთან, ქუთაისის ტორპედოს ახალგაზრდულ გუნდში მიხმო. თუ ვინ იყო ხურციძე, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ – ეს კაცი ქალაქის სიამაყე გახლდათ, ჩემი თაობის მართლა მაგარი ფეხბურთელების აღმზრდელი! ხურციძესთან გუნდში მე, შენგელია, სულაქველიძე, გაბიჩვაძე, ძმები კვერნაძეები და სხვა ნიჭიერი ბიჭები ვვარჯიშობდით. კარგი შემადგენლობა გვყავდა, არაერთი შეჯიბრი მოვიგეთ.

…ბატონ კარლოზე ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. გაგრაში ვთამაშობდით შოთა იამანიძის სახელობის ტურნირში. ნახევარფინალში, თბილისის დინამოსთან პირველ ტაიმში ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელი სკამზე დასვა და სათადარიგოები შეუშვა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორეში კი ჩვენ შევედით მინდორზე და ისე ვითამაშეთ, თბილისელებმა ერთხელაც ვერ დაარტყეს კარში! თამაშის შემდეგ დინამოს მთავარი მწვრთნელი ბორის ჭელიძე მივიდა კარლოსთან, გადაეხვია და უთხრა: „გენიოსი რომ ხარ, კი ვიცი, მაგრამ ეშმაკიც თუ იყავი, ეს არ ვიცოდიო“… ძალიან კარგი კაცი იყო ბატონი კარლო.

…საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დონეცკში სიჭაბუკის თასზე გამოვდიოდით. 15-16 წლის ბიჭების ტურნირი იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში რუსებს ვხვდებოდით. 2:0-ს ვიგებდით, როცა კარისკენ წასულ ბურთს თავით შევუვარდი. ამ დროს თავდამსხმელმა სიდოროვმა ფეხი მოიქნია და… საშინელი დარტყმა ვიგრძენი, მაგრამ სასწრაფო დახმარების მანქანამდე მაინც ჩემით მივედი. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ექიმებს ლამის გული წაუვიდათ. საავადმყოფოში მითხრეს, საოპერაციო ხარ, მაგრამ აქ ვერ გაგიკეთებთო და კომპრესები დამადეს. მეორე დილით სარკეში რომ ჩავიხედე, თქვენს მტერს, მე იქ დავინახე: სახე მთლიანად ჩაშავებული მქონდა, ლოყები დასიებული და ნიკაპამდე ჩამოკიდებული… ბიჭებს მადა ეკარგებოდათ მე რომ მხედავდნენ. სასტუმროში ოთახიდან ვერ გამოვდიოდი.

…ორ დღეში ფინალი უნდა გვეთამაშა – ბელარუსის ნაკრებს ვხვდებოდით. ჩემი თამაში არ შეიძლებოდა, მაგრამ ისე მინდოდა მოგება, შევძლებ-მეთქი, ვთქვი. ექიმებმა მთელი სახე ლეიკოპლასტირით დამიფარეს, ლოყები თავის ადგილას „მიმაწებეს“ და მეც მინდორზე გავედი. მეტოქემ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ჩემი ფლანგი „დატვირთა“, მაგრამ არ შევშინებულვარ, თითოეულ ნახტომში ყველაფერს ვდებდი! საბოლოოდ ის ფინალი 2:0 მოვიგეთ, გადამწყვეტი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი მე დამასახელეს!

…1972 წელს ქუთაისის ტორპედოში მიხმეს. 16 წლის ვიყავი მაშინ. ჩემთან ერთად ცხონებული რამაზ შენგელიაც მიიწვიეს – ის ერთი წლით უმცროსი იყო ჩემზე. თავდაპირველად ორივე დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდით.

…იმ წლებში ტორპედოს პირველ გუნდს ბლინკოვი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს და გიგა ნორაკიძე დააწინაურეს. სწორედ მაშინ შეიქმნა სამწლიანი გეგმა, რომელიც პირველ გუნდში ახალგაზრდების ეტაპობრივად დაწინაურებას ითვალისწინებდა. ბატონი გიგა ახალგაზრდებს ყოველთვის კარგი თვალით უყურებდა და ენდობოდა.

…ძირითად შემადგენლობაში ერთი უცნაური ამბის შემდეგ მოვხვდი. თანაგუნდელმა მურად ქუთათელაძემ გოგო მოიტაცა, ამ საქმეში კი 7 ფეხბურთელი დაეხმარა. ის გოგო გავლენიანი ოჯახის შვილი იყო და ბიჭებს დასაჭერად გაუხდათ საქმე. მათ არყოფნაში ჩვენ დაგვაწინაურეს. ასევ შედგა ჩემი დებიუტი დიდ ფეხბურთში.

…თავდაპირველად ცენტრალური მცველი ვიყავი, შემდეგ კი ბატონმა გიგამ მითხრა, შეტევებში კარგად ერთვები, ფლანგზე მეტი სივრცეა, სწრაფი ხარ, იქ უფრო გამოგვადგებიო და მარჯვნივ გადამწია. ტორპედოში თითქმის 4 წელი ვითამაშე ამ პოზიციაზე, მერე კი თბილისიდან შემეხმიანნენ და მეც დედაქალაქში გადავედი.

…დინამოს 1975 წელს სურდა ჩემი გადაბირება, მაგრამ არ ვიჩქარე. ვფიქრობდი, რომ იმ შემადგენლობაში, რომელიც თბილისელებს ჰყავდათ, ვერ მოვხვდებოდი, სათადარიგოთა სკამზე ყოფნა კი არ მსურდა. ნოდარ ახალკაცის მარჯვენა ხელი, ყოფილი ტორპედოელი სერგო კუტივაძე იყო ჩამოსული – მე, ოთარ გაბელიას და რამაზ შენგელიას ერთად გვიწვევდა. სამივემ ვიუარეთ, თუმცა, გავიდა ერთი წელი და ყველა ერთად წავედით თბილისში.

…ვარჯიში არასდროს მითაკილია – რაც მე ქუთაისის ახლოს ტყეებში კროსები მირბენია, ვინ დათვლის? მიუხედავად ამისა, თბილისში გადასული მივხვდი, თუ რამხელა სხვაობა იყო პირველი და უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის. დინამოში პირველი ვარჯიშის შემდეგ ცუდად გავხდი და ქუთაისში დაბრუნებაზე დავფიქრდი, მაგრამ მალე ნოდარ ახალკაცმა კაბინეტში გვიხმო ახალწვეულებს, ცალ-ცალკე გაგვესაუბრა და მეც აზრი ვიცვალე. იმ საუბრის შემდეგ გაათკეცებული ენერგიით ვვარჯიშობდი. მე და შენგელია დამატებით ერთი საათი ვრჩებოდით ბაზაზე და ნაკლის აღმოფხვრას ვცდილობდით. საბედნიეროდ, ამან მალევე გამოიღო ნაყოფი.

თამაზ კოსტავა

70-იანი წლების მიწურულის თბილისის დინამოს ვარსკვლავები: ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია და თამაზ კოსტავა

…პირველ მატჩებში ახალკაცმა მარცხენა მცველად მათამაშა. პირდაპირ გეტყვით – ამ პოზიციაზე ვიტანჯებოდი. მეორე წრის დაწყებამდე, შეკრებაზე, მწვრთნელმა მითხრა, შენს პოზიციაზე გათამაშებ, ოღონდ თავი უნდა მომაწონოო. განახლდა ჩემპიონატი და საწყის 3 შეხვედრაში თავი ვერაფრით გამოვიჩინე, აი, მეოთხე მატჩში კი პირველ ტაიმში 3 საგოლე გადაცემა შევასრულე. და ამ დროს ახალკაცმა შემცვალა! ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ათასმა ეჭვმა გამკრა, მაგრამ როცა ფარსადანოვიჩმა მითხრა, ყოჩაღ, კარგიაო, დავმშვიდდი. ეგ კი არა, იმ შეხვედრის შემდეგ მწვრთნელმა ორი დღით დამასვენა.

…დინამოში სადებიუტო წელს ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. ამბობდნენ ხოლმე, 1977-ში ჩემპიონობა წაგვართვესო, მაგრამ ახლა რთულია ამაზე საუბარი. პირადად მე მგონია, რომ გადამწყვეტ მატჩში მოსკოვის ტორპედოსთან არ გაგვიმართლა. ალბათ, შეგვეძლო მეტი, მაგრამ რაც არის, არის, წარსულს ვერ შეცვლი.

…იმავე წელს პირველად ვითამაშე ოფიციალურ საერთაშორისო მატჩში – უეფას თასზე მილანის ინტერთან შეხვედრას ვგულისხმობ. იცით ეს რამხელა გამოცდილება იყო?! მე და რამაზი გუნდის დებიუტანტები ვიყავით და ვფიქრობდით, რომ ახალკაცი მილანში მაინც გამოცდილებს ათამაშებდა. გავედით ქალაქში, ვსეირნობთ, არ ვნერვიულობთ იმაზე, ვითამაშებთ თუ არა. დავბრუნდით მატჩისწინა შეკრებაზე, მწვრთნელმა მეტოქის ყველა ნაკლი თუ პლუსი აგვიხსნა და ბოლოს ძირითადი შემადგენლობაც გამოაცხადა – თამაშს ვიწყებდი! ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი მატჩი კარიერაში, ვიგრძენი, რომ მწვრთნელს ჩემი სჯეროდა.

…1978 წელს დინამო მეორედ გახდა ჩემპიონი. ეს დიდი წარმატება იყო და მიხარია, რომ ამ გამარჯვებაში მეც მიმიძღვის გარკვეული წილი. იმ სეზონის პირველი ნახევარი ტრავმის გამო გამიცდა. ვნერვიულობდი, მაგრამ საკუთარ თავს ვძლიე და მინდორზე დაბრუნება შევძელი. სეზონის მიწურულს ახალკაცმა მითხრა, თუ ასე გააგრძელებ, ნაკრების უცვლელი მცველი გახდებიო.

…საბჭოთა კავშირის პირველ გუნდში სულ 3-ჯერ ვითამაშე და სამივე შემთხვევაში იაპონიის წინააღმდეგ. ერთ-ერთ მატჩში გოლიც შევაგდე – ეს იყო ჩემი მეორე და უკანასკნელი გოლი. პირველად დნეპროპეტროვსკის დნეპრს შევუგდე… ეტყობა ეს იყო ჩემი ბედი. კი, კლუბების ნაკრებთან ხშირად მითამაშია, მაგრამ ეს არაოფიციალური საწვრთნელი თამაშები იყო.

…1978 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებს იტალიაში, კოვერჩანოში ვახლდი საწვრთნელ შეკრებაზე. მაშინ 5 დინამოელი მოვხვდით გუნდში, მწვრთნელი კი ნიკიტა სიმონიანი იყო. იტალიის მეორე ნაკრებთან შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ შემცვალეს, არადა კარგად ვითამაშე და მატჩის შემდეგ უმაღლესი შეფასება დამიწერეს. მახსოვს, ამ ცვლილების გამო გუნდის უფროსი ლევ იაშინი ძალიან მკაცრად ესაუბრა მწვრთნელებს.

…1979 წლის სეზონიც უიღბლოდ დავიწყე: მე-4 ტურში, ლენინგრადში ზენიტის წინააღმდეგ ფეხი მოვიტეხე. მასპინძელთა თავდამსხმელმა დავიდოვმა ერთ მომენტში ჩემი გაბითურება მოინდომა, ბურთი ერთ მხარეს გაიგდო, თავად კი მეორე მხრიდან მოინდომა გვერდის ავლა, თან ფეხი ტერფზე დამაბიჯა და… საშინელი ტკივილი ვიგრძენი, სტადიონიდან საავადმყოფოში გამაქანეს! დაახლოებით 25-ჯერ გადამიღეს რენტგენი, კოჭიდან ჩაქცეულ სისხლს იქვე მიღებდნენ… საბოლოოდ, სახსარი თაბაშირში ჩამისვეს და თბილისში გამომიშვეს. აქ დაბრუნებულმა ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გავაგრძელე მკურნალობა, რამდენიმე თვეში კი ექიმებმა ვარჯიშის უფლებაც მომცეს. მახსოვს, აკადემიკოსმა ღუდუშაურმა მითხრა, საკუთარ თავს უნდა აჯობო, თორემ სხვანაირად ფეხბურთს ვერ ითამაშებო. ტრავმის გამო ვერც სპარტაკიადაზე ვიასპარეზე და თასის გადამწყვეტი შეხვედრაც გამიცდა. როცა ვარჯიში განვაახლე, ხანდახან ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, სიმწრისგან ვტიროდი, მაგრამ არ გავჩერდი, დატვირთვებს ვზრდიდი და ერთ დღეს ვიგრძენი, რომ ეს ბარიერიც დავძლიე – ტკივილი უკვალოდ გაქრა.

…გუნდს ოქტომბერში დავუბრუნდი. ჩემპიონთა თასზე ლივერპულთან გასვლით შეხვედრაში არ მითამაშია, მაგრამ თბილისში, იმ ლეგენდარულ შეხვედრაში მეც ვმონაწილეობდი. 1979 წლის შემოდგომა დაუვიწყარია ჩემთვის – ლივერპულთან და ჰამბურგთან თამაშებს მშვიდად ვერ ვიხსენებ!

…ჰამბურგი ახალთახალ მერსედესს ჰგავდა – გუნდი საათივით იყო აწყობილი, ყველა ზედმიწევნით კარგად ასრულებდა თავის საქმეს. მანფრედ კალცის, კევინ კიგანის და ფელიქს მაგათის გარდა ჯიმი ჰარტვიგი დამამახსოვრდა, საყრდენი ნახევარმცველი იყო და კედელივით იდგა! ჰამბურგთან თბილისურ მატჩს რომ ვიხსენებ, ყოველთვის ჰრუბეშის გოლი მახსენდება, დღესაც ვთვლი, რომ იმ გოლში მე ვარ მთავარი დამნაშავე – გერმანელი მცველებს შევატოვე.

…1980 წელს, დონეცკის შახტიორთან საკავშირო თასის ფინალის წინ, საბჭოთა ფეხბურთის მესვეურებმა დინამო თასების მფლობელთა თასზე გაუშვეს, შახტიორი კი უეფას თასზე, არადა, ფინალი ცოტა ადრე რომ გამართულიყო, ჩვენ, როგორც დამარცხებულები, უეფას თასზე გადავერთვებოდით, შახტიორი კი ჩვენს ნაცვლად ითამაშებდა თასების თასზე. ძალიან გაგვიმართლა: 1/16-ფინალში დინამოს საბერძნეთის კასტორია შეხვდა, შახტიორს კი ბარსელონა.

…თასების თასის ტრიუმფამდე დინამო რამდენიმე წელი ემზადებოდა. ახლა არ გავიხსენებ იმ უამრავ თამაშს, რომელმაც ფასდაუდებელი გამოცდილება შეგვძინა, მარტო ერთ მაგალითს გეტყვით: ჩვენი გუნდი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო! მაგალითად, სეზონისწინა შეკრებებზე დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით: პირველად დილის 8 საათზე გავდიოდით მინდორზე, 12-ის ნახევარზე – მეორედ, საღამოს, დაახლოებით 5 საათისთვის კი მესამე და უკანასკნელი ვარჯიში გვეწყებოდა. ძირითად შემადგენლობაზე არც უნდა გეფიქრა, თუ დატვირთვას ვერ გაუძლებდი. არ მახსენდება მატჩი, რომელშიც მეტოქემ გამძლეობით გვაჯობა. სხვა საქმეა, რომ საფეხბურთო განათლებით ევროპელები საბჭოელებს ძალიან გვისწრებდნენ.

…ხშირად მსმენია, რომ კარლ ცაისი არ იყო მაღალი დონის კლუბი, რადგან აღმოსავლეთ გერმანიიდან იყო. ასეთი საუბარი ძალიან სასაცილოა, ვინც ამას ამბობს, მას უბრალოდ არ ესმის ფეხბურთი. იმ კარლ ცაისში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების 7 წევრი ირიცხებოდა და სწორედ იმ ბიჭებმა დაამარცხეს საბჭოთა კავშირი ერთი წლით ადრე, მოსკოვის ოლიმპიადაზე. ფინალში ჩემს წინააღმდეგ ებერჰარდ ფოგელი იდგა, 38 წლის იყო მაშინ. მიუხედავად ასაკისა, ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. გაბელიას კარში გატანილი გოლი, გარკვეულწილად, მისი დამსახურებაც იყო.

…დინამოდან 1982 წელს, 26 წლისა წავედი, თუმცა ეს ნაბიჯი ვინმესთან კონფლიქტით არ იყო გამოწვეული. მაშინ ძირითადი შემადგენლობის არაერთი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ პირადად მე მხოლოდ იმიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ ტრავმა მტანჯავდა. კრასნოდარის ყუბანთან შეხვედრაში ჯვარედინი იოგები გამიწყდა და ლამის 7 თვე ვმკურნალობდი, მწვანე მინდორს დაბრუნებული კი ტკივილებს ვერ ვუძლებდი. თითქმის ყველა სეზონში ტრავმა მქონდა, ფსიქოლოგიურადაც ვერ ვიყავი კარგად და… მიხედავად ამისა, კიდევ 2 წელი ვითამაშე ფეხბურთი – მშობლიურ ტორპედოს დავუბრუნდი. უკანასკნელად ქალაქ კემეროვოში ვითამაშე კუზბასის წინააღმდეგ. მახსოვს, ძალიან ციოდა, ჯვარედინი იოგები ისევ ვიტკინე და მივხვდი, რომ მეტი აღარ შემეძლო. 28 წლის ვიყავი.

…ფეხბურთიდან წასულმა გარკვეული დრო შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიმუშავე. ხომ იცით, დინამო ამ სამინისტროს კლუბად ითვლებოდა და დინამოელებს, ვისაც მუშაობა გვსურდა, მინისტრი შოთა გორგოძე ძალიან გვეხმარებოდა. მერე კომერციული საქმიანობა დავიწყე, 1990 წელს კი, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა, ნოდარ ახალკაცმა თავისთან მიმიწვია. ჯერ საშეჯიბრო განყოფილების უფროსად დავინიშნე, შემდეგ კი სამსაჯო-საინსპექტორო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. მოგვიანებით მწვრთნელობა დავიწყე. 2005 წელს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ლინიანოში ოლიმპიური ფესტივალი მოიგო. იმ გუნდში ჩემი აღზრდილები თევდორაძე, ბჟალავა, წინამძღვრიშვილი, ელბაქიძე, გვაძაბია და ნიკოლეიშვილი თამაშობდნენ.

 

თამაზ კოსტავა
დაიბადა 1956 წლის 29 თებერვალს
1973-76, 1983-84 წლებში ქუთაისის ტორპედოს, 1977-82 წლებში თბილისის დინამოს მცველი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1981; სსრკ თასი – 1979; უეფას თასების მფლობელთა თასი – 1981; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ორჯერ მოხვდა: #1 – 1978, #2 – 1977; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1978; სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2011; ღირსების ორდენი
სსრკ ნაკრებში: 3 მატჩი, 1 გოლი (1978)

*-1993-94 წლებში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian