კარიერა ფრაზებში #1: ნოდარ ახალკაცი
1999 წელს, გაზეთ სარბიელის ინიციატივით, გულშემატკივრებმა XX საუკუნის ქართული ფეხბურთი „შეაჯამეს“.
გამორჩეულ მოთამაშეებთან და სიმბოლურ ნაკრებთან ერთად ქომაგებმა ასწლეულის მწვრთნელიც დაასახელეს. ეს პატივი ნოდარ ახალკაცს ერგო.
2001 წელს უკვე სპეციალურმა კომისიამ შეაფასა განვლილი საუკუნე. ახალკაცმა მეორე ვერსიითაც მოიგო საუკუნის მწვრთნელის ტიტული…
ნოდარ ახალკაცი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ფიგურაა. ერთადერთი საერთაშორისო გამარჯვება, რომლითაც დღემდე ვამაყობთ, სწორედ მის სახელს უკავშირდება – ის წვრთნიდა იმ თბილისის დინამოს, 1981 წელს ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი რომ მოიგო.
1998 წლის 31 იანვარს, როცა დიდ მწვრთნელს გულშემატკივრები უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ, სარბიელში გიო ახვლედიანის წერილი გამოქვეყნდა სათაურით „გაუცინარი ხელმწიფე“. იქ ეწერა: „ნოდარ ახალკაცი ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე იყო. ის იცავდა და უვლიდა თავის სამყაროს მთელი ძალითა და ხასიათით, რადგან ეს სამყარო ძვირფასი იყო მისთვის. ის ჭკვიანი და ფიქრიანი კაცი გახლდათ. დღევანდელ ქვეყანაში ალბათ, არავინ იცოდა ბურთის ავანჩავანი ისე, როგორც მან. მას უყვარდა ფეხბურთი. ფეხბურთი ხომ მისი სამყარო იყო. ამ სამყაროში კი ქუდმოუხდელს არავის შეუშვებდა. მისი ფეხბურთი გამარჯვებული იყო. მისი სამყარო რთული და ძლიერი“…
ზუსტი და ლამაზი შეფასებაა. XX საუკუნის საქართველოს უძლიერეს მწვრთნელს და ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ.
…ჩემი კრედო? ნაკლები ლაპარაკი და უკეთესი თამაში.
…მე და ჩემ გუნდს ახალი არაფერი აღმოგვიჩენია. ჩვენ, უბრალოდ, გავაგრძელეთ ქართველ ფეხბურთელთა საუკეთესო ტრადიციები: იმპროვიზაცია, დინამიზმი, მაღალი ესთეტიკურობა… როგორც ამბობენ: არ უნდა დაიწყო თავიდან ის, რაც შეგიძლია რომ დახვეწო და გააგრძელო. ტრადიციები და მისი აყვანა ახალ საფეხურზე ისე, რომ შეინარჩუნო საკუთარი სპეციფიკა და ამავდროულად, გაითვალისწინო დროის მოთხოვნები – აი, ესაა დინამოს ფილოსოფია.
…ფეხბურთი ხელოვნებაა, ხელოვნება კი შეუძლებელია ტალანტების, წარსულის გამოცდილების და შთაგონების გარეშე.
…მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რასაც აუდიტორია ჰყავს და ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს, ხელოვნებაა. აქედან გამომდინარე ფეხბურთიც ხელოვნებაა.
…არ მჯერა შემთხვევითი აღმაფრენისა. ის მოდის მხოლოდ მაშინ, როცა შრომა გამრავლებული ნიჭზე აღწევს პროფესიონალიზმის უმაღლეს დონეს.
…ფეხები არ უნდა უსწრებდნენ აზრს და გონებას.
…ფეხბურთში არ არსებობს წვრილმანები, ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანია. პირველხარისხოვანია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სწორად წარმართული სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, სელექციური მუშაობა, მაყურებლის მხარდაჭერა და მრავალი სხვა.
…საიდუმლო არ მაქვს. წარმატების მისაღწევად საჭიროა კარგად შეისწავლო ფეხბურთელთა ფსიქოლოგია და შესაძლებლობები. როცა ამას მოახერხებ, შემდეგ გულდასმით უნდა აითვისო რეზერვი. მუშაობა, მუშაობა და მუშაობა პლუს ფეხბურთის სიყვარული! ამ გრძნობის გარეშე, რომელიც პატარაობიდანვე უნდა იყოს ჩადებული მოთამაშესა თუ მწვრთნელში, უმაღლესი დონის მიღწევა გამორიცხულია.
…რის ბრალია საბჭოთა კლუბების მუდმივი წარუმატებლობა საერთაშორისო ასპარეზზე? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ, ისაა, რომ მაღალი დონის გუნდებთან ხშირი თამაში გვაკლია. ამავდროულად, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ საუკეთესო მოთამაშეთა აღზრდა. ასეთი ფეხბურთელების გარეშე წარმატება გამორიცხულია!
…ერთხელ ჰემინგუეის ჰკითხეს, რა არის საჭირო მწერალი რომ გახდეო. მან ასე უპასუხა: ტალანტი, ნათელი წარმოდგენა საბოლოო შედეგზე და სინდისი. ეს ყველაფერი ფეხბურთელსაც სჭირდება და კიდევ მაღალ მორალურ თვისებებს და მიზანსწრაფვასაც დავამატებდი. ამით განისაზღვრება მოქცევის მანერები, თამაშის ინტელიგენტურობა და, როგორც ყველა ამ თვისების ჰარმონიული მთლიანობა – შემოქმედებითი სიხარული. ქართული ფეხბურთის სტილი წლების მანძილზე ყალიბდებოდა და ყოველთვის განისაზღვრებოდა ამ შემოქმედებითი სიხარულით.
…გატაცება, შემოქმედებითი თამაში, იმპროვიზაცია – ეს ფეხბურთელისთვის აუცილებელი თვისებებია. მიხარია, რომ თბილისის დინამოს საუკეთესო მოთამაშეები ამ თვისებებს ფლობენ. მაგალითად, გუნდის კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე ფილოსოფიითაა დაინტერესებული და შესანიშნავად თამაშობს ჭადრაკს; დავით ყიფიანი ბრწყინვალედ ფლობს ინგლისურს; ვლადიმერ გუცაევი ბევრს კითხულობს და კარგად ერკვევა ჯაზში… მათი შემხედვარე ვრწმუნდები ჩემს მოსაზრებაში, რომ კარგი თამაშისთვის აუცილებელია მაღალი ინტელექტი.
…ფეხბურთი იმითაცაა საინტერესო, რომ შედეგის გამოცნობა ძალიან რთულია. ყველამ ვიცით თამაშის წესები, თითქოს ძლიერმა აუცილებლად უნდა აჯობოს სუსტს, მაგრამ ასე არაა. 1950 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის ნაკრები გადავსებულ მარაკანაზე ურუგვაის არცთუ ძლიერ გუნდთან დამარცხდა და ოქროს თასი დაკარგა. სწორედ ასეთი მოულოდნელობების გამო უყვართ გულშემატკივრებს ფეხბურთი.
…ყველა ადამიანს აქვს პრინციპები, ჩემი კი ასეთია: თავი ავარიდო არასავალდებულო საუბარს.
…მოედნის ნაპირიდან კარნახი იშვიათადაა სარგებლის მომტანი. თუ მატჩისთვის კარგად არ მოემზადე, თუ თამაშამდე არ დაარიგე ფეხბურთელები და არ შეიმუშავე სტრატეგია, საეჭვოა ამის გამოსწორება უშუალოდ შეხვედრის მსვლელობისას მოხერხდეს. ასეთი რამ უკიდურესად იშვიათად ხდება.
…თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშებაში დინამოსთვის ყველაზე მძიმე როტერდამული შეხვედრა იყო (ფეიენოორდთან 0:2 – ლ.გ.). სამჯერ გავიტანეთ გოლი, მაგრამ მსაჯმა ერთიც არ ჩათვალა. ყოველი ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ მარტო ხასიათი არ გიფუჭდება – ნერვებიც გეშლება, ეს კი თამაშზე ურყოფითად მოქმედებს.
…თასების თასის ფინალში გატანილი მეორე გოლი, ვიტალი დარასელიას ბურთს ვგულისხმობ, ნამდვილი იმპროვიზაცია იყო! გაიხსენეთ ის ეპიზოდი: დარასელიას პარტნიორი ორივე მხრიდან გაეხსნა, თითქოს სიტუაცია კარნახობდა ვიტალის, რომ პასი უნდა მიეცა, მით უმეტეს, რომ მისკენ ერთდროულად ორი მცველი დაიძრა, მესამე კი დაზღვევაზე იდგა, პლუს მეკარე… იმ წამებში ვფიქრობდი, რომ ვიტალი პასს აპირებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ დროს მის გონებაში მოხდა საოცრება, უხილავი და აუხსნელი, რაც საბოლოოდ ულამაზესი და მნიშვნელოვანი დარტყმით დაგვირგვინდა.
…ფინალამდე, როცა კარლ ცაისის ტაქტიკაზე ვფიქრობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ იენელები დათო ყიფიანს კრაუზეს პერსონალურად მიუჩენდნენ. და რომ ყიფიანის უპირატესობა მეორე ტაიმში უფრო თვალშისაცემი გახდებოდა. ასეც მოხდა: რაც უნდა იყოს, ძალიან რთულია მეტოქის დევნა, მისთვის ხელის შეშლა და ინიციატივაზე უარის თქმა. ეს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურადაა მომქანცველი. კრაუზე სწორედ ამის გამო დაიჩაგრა.
…13 მაისს, დიუსელდორფში, ფინალამდე საათნახევრით ადრე ბიჭებს ვესაუბრებოდი, როცა გასახდელის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. კარი გავაღებინე. ვხედავ ჰამბურგის ყოფილი მენეჯერი დგას, მასთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა და ჩვენთან იყო მომაგრებული… დეპეშა გადმოგვცა. კათოლიკოს-პატრიარქის დეპეშა იყო, გუნდს გვლოცავდა და გვამხნევებდა. ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იყო!
…თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ ვფიქრობდი, რომ დაღმასვლა გვექნებოდა. ფსიქოლოგიაში არის ასეთი ცნება – სუპერმოტივაცია. ესაა მწვერვალზე ასული ადამიანისთვის ახალი, უფრო მძლავრი სტიმული, რათა მან სვლა განაგრძოს ან, მინიმუმ, მიღწეული შეინარჩუნოს. სუპერმოტივაცია ქვეცნობიერის სფეროს განეკუთვნება. თქვენ შეგიძლიათ რამდენიც გნებავთ მოუწოდოთ ადამიანებს, ჩვენ შემთხვევაში ფეხბურთელებს, რომ სულ წინ და წინ იარონ, მაგრამ სიტყვები და შეძახილები ამაო იქნება, თუ შინაგანი მოდუნების მექანიზმი ჩაირთო. ჩვენი დაღმასვლა, ჩემი აზრით, სწორედ ამან გამოიწვია.
…სანამ მწვრთნელი გავხდებოდი, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მტანჯავდა. ალბათ იმიტომ, რომ სათანადო დონეზე ვერ ვითამაშე ფეხბურთი. ეს ორი ფაქტორით იყო განპირობებული: ხშირი ტრავმები და მწვრთნელების გადაწყვეტილება – ისინი იშვიათად მათამაშებდნენ.
…არასდროს დამიყვია ფეხბურთი შემტევად და დაცვითად. არიან მწვრთნელები, რომლებიც ბურთს წინდაწინ აძლევენ მოწინააღმდეგეს და უცდიან, როდის დაიწყებს მეტოქე შეტევას. ასეთების ერთადერთი მიზანია, რომ თავდასხმებს გაუძლონ და თუ გაუმართლათ, კონტრშეტევით გაიტანონ გოლი. ჩემი აზრით ეს ფეხბურთი არ არის.
…სამი შვილი მყავს. ეს ბედნიერებაა, მაგრამ სულ ერთია ჰყავს თუ არა მწვრთნელს საკუთარი შვილები. იგი მათ თავის ფეხბურთელებში უნდა ხედავდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
…ძალიან კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს სპორტში ფსიქოლოგია. როცა დინამოში ვმუშაობდი, ჩემი პირველი დამხმარე ძალა ფსიქოლოგთა ჯგუფი იყო: ნორაკიძე, საყვარელიძე, გრიგოლავა, დვალი… ყველა ფეხბურთელზე, ვინც ჩვენთან იყო, ფსიქოლოგიური დახასიათება მაქვს. ეს ისეთი მასალაა, რომელსაც არცერთი ფეხბურთელი პირადად არ იცნობს. რაც იქ წერია, მხოლოდ მე და ფსიქოლოგებმა ვიცით. ეს მასალები რომ შევკრა და წიგნად გამოვცე, მეეჭვება ბევრს ესიამოვნოს.
…თუ გუნდში გამარჯვებულის სული არ ტრიალებს და ვიღაც სულ მცირედით მაინც უშლის საერთო საქმეს ხელს, იქ წარმატება არ იქნება.
…ყოველთვის სამხრეთამერიკული და ევროპული ფეხბურთის სინთეზისკენ ვისწრაფვოდი. ამავდროულად, არც ფიზიკურ მომზადებას ვივიწყებდი. სხვათა შორის, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სპორტის სხვა სახეობებსაც ვადევნებდი თვალს: მაგალითად რაგბს, ჰოკეის, კალათბურთს და რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ვცდილობდი რაღაც კომბინაციები ამ თამაშებიდან ფეხბურთში გადმომეტანა.
…საკუთარ თავში ყოველთვის ბევრ ნაკლს ვხედავდი. ამაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია, მაგრამ ხანდახან ვგრძნობდი, რომ ამის საჭიროებაც დგებოდა. უეცარი აფეთქება მახასიათებს, ხანდახან ბიჭებთან ურთიერთობაში უხეშიც ვარ, ვერასდროს ვეგუები, როცა ვინმე უგულისყუროდ ვარჯიშობს. ასეთი, შესაძლოა, ვარჯიშიდანაც დავითხოვო.
…ტოტალური ფეხბურთი მომავლის ფეხბურთია! ჩვენ ჯერ არ ძალგვიძს მოთამაშის ფუნქციონალურად მომზადება ისე, რომ მან 90 წუთის განმავლობაში ყველა შეხვედრაში ზღვრული პროდუქტიულობით ითამაშოს, მაგრამ მერწმუნეთ, გაივლის 10-15 წელიწადი და ეს შესაძლებელი იქნება.
…ვერცერთი გუნდი, ვერცერთი ნაკრები ვერ მიაღწევს მწვერვალს ვარსკვლავის გარეშე. დიდი შეჯიბრების ბედს ყოველთვის უნივერსალურად მომზადებული მაღალი კლასის მოთამაშეები წყვეტენ. ასეთი ფეხბურთელების ოსტატური და მრავალფეროვანი თამაში მოედნის სხვადასხვა ადგილებზე საგრძნობლად ამდიდრებს გუნდის სათამაშო ტაქტიკას, რადგან მეტოქისთვის ერთიორად რთულია იმის გამოცნობა, თუ რას მოიმოქმედებს უნივერსალი. და ის გუნდი, რომელსაც მეტი ასეთი მოთამაშე ეყოლება, წარმატებისთვის იქნება განწირული.
…1982 წლის გაზაფხულზე დინამოს და ლიეჟის სტანდარდის ნახევარფინალურ მატჩებს იმ კონკრეტული მომენტისთვის საბჭოთა ფეხბურთის მთავარ მოვლენად განვიხილავდი, მაგრამ მოსკოვში, საფეხბურთო კავშირში ასე არ თვლიდნენ – ბელგიელებთან თამაშებამდე შვიდი დინამოელი მიიწვიეს ნაკრებში არგენტინაში დაგეგმილ ამხანაგურ ტურნეში. იმ არაფრისმომცემი შეხვედრებით მხოლოდ დინამო დაზარალდა, თუმცა ცხადია, მხოლოდ არგენტინაში გამოსვლით არ აიხსნება ბელგიელებთან წაგება.
…1982 წლის ჩემპიონატის მიწურულს, კიეველებთან იმ ცნობილი მარცხის შემდეგ (1:5 16 ნოემბერს, თბილისში – ლ.გ.), ბიჭები შინ გავუშვი. ვიფიქრე: რაც დაგვემართა, სჯობს სიმშვიდეში გადაიტანონ, გაიაზრონ-მეთქი. სამწუხაროდ, ჩემი გუნდის სამმა წევრმა სასტუმრო აჭარის რესტორანში მოილხინა. ეს რომ გავიგე, ძალიან გავბრაზდი! ცხადია ისინი დავსაჯე. სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი? მათ ეგონათ, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდათ, ეს კი ასე არაა. გუნდში მერყევი ხასიათები არ მჭირდება. არასაიმედო კაცი მინდორზეც არასაიმედო იქნება, ამას კი არასდროს დავუშვებ!
…კიევის დინამოს წარმატებები ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. მთავარი ისაა, რომ კლუბს სასწავლო-საწვრთნელი პროცესის საუკეთესო პირობები აქვს. ამას გარდა, უმაღლეს დონეზეა სელექცია და გუნდის დაკომპლექტება. და რაც მთავარია, მწვრთნელს რესპუბლიკის ხელმძღვანელების მხრიდან სრული ნდობა აქვს გამოცხადებული.
…თბილისში ჩამოსული ვალენსიას თავკაცმა მილიან მილიანიჩმა ასეთი ამბავი მიამბო. როცა მადრიდის რეალს წვრთნიდა, გუნდმა ერთ-ერთი საერთაშორისო შეხვედრა მოულოდნელად წააგო. მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ ყველა თავისთან მიიწვია ვახშამზე. ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტი მთავარ მწვრთნელს დაითხოვდა და ზოგიერთ ფეხბურთელსაც მიაყოლებდა, ბერნაბეუმ კი თქვა: „დღეს თქვენ წააგეთ მატჩი, მაგრამ ვხედავდი, რომ მოგება გინდოდათ და საამისოდ ყველაფერი გააკეთეთ. სწორედ ამიტომ მჯერა თქვენი. ყველანი პრემიას მიიღებთ და ვიმედოვნებ, რომ ამ მარცხს გააანალიზებთ და მომავალში თქვენს გულშემატკივრებს გულს აღარ ატკენთ“. როცა კიეველებთან თბილისში ჩვენთვის უმაგალითო ანგარიშით წავაგეთ, მეგონა, რომ მომდევნო შეხვედრაში ოდესის ჩერნომორეცთან გულშემატკივრები აღარ მოვიდოდნენ. ძალიან გამიხარდა, რომ იმ თამაშზე დინამოს მხარდასაჭერად თითქმის 40 ათასი კაცი შეიკრიბა. გუნდმაც შეძლო და მადლობა „გადაიხადა“ – ჩვენ ხომ ის თამაში მოვიგეთ.
…იჩქარა თუ არა დავით ყიფიანმა ფეხბურთიდან წასვლა? მე ვერ გავკიცხავ მას. ის საკუთარი თავისადმი ძალზე მომთხოვნია და თამაშის დონის დაქვეითება მისთვის ტანჯვა იქნებოდა. სხვა საქმეა, რომ ფეხნატკენ ყიფიანს მეტი შეუძლია, ვიდრე ზოგიერთ სხვა მოთამაშეს ორივე ფეხით, მაგრამ აბა, წამით დაფიქრდით, თავად დავითი თუ იქნებოდა კმაყოფილი? სახელ-დიდების შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე პოპულარობის მოპოვება. ყიფიანის პიროვნული მასშტაბი იმ ღირსებამ გამოაჩინა, რომლითაც შეძლო და წავიდა. მისი გადაწყვეტილება თითოეული დინამოელისთვის უდიდესი დარტყმა იყო.
…დინამოში მუშაობისას აღრიცხვაზე მყავდა ყველა, ვინც მომწონდა, ისინიც კი, ვინც ამა თუ იმ მიზეზით საქართველოს ფარგლებს გარეთ მიდიოდა, მაგალითად სასწავლებლად ან ჯარში. დიღმის ბაზაზე ყოველთვის ვმასპინძლობდით იმ გუნდებს, რომლებიც სიჭაბუკის ან იმედის თასზე მიემგზავრებოდნენ. ბიჭებს, რომლებიც მომავალ დინამოელებად მოიაზრებოდნენ, ყოველთვის საქმეში ვნახულობდი.
…ფეხბურთში ყოველთვის საჯაროობის მომხრე ვიყავი, ოღონდ გონივრული საჯაროობისა. ვფიქრობ, უმჯობესია ზოგიერთი რამ არ გამოიტანო სააშკარაოზე. ხანდახან უკეთესია გუნდის სამზარეულოში დარჩეს ის, რაც ყველასთვის არაა განკუთვნილი.
…არასდროს ვყოფილვარ პრესასთან ურთიერთობის წინააღმდეგი, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ ის ყოფილიყო სერიოზული და საქმიანი. რაც შეეხება ფეხბურთთან მიტმასნილებთან კავშირს, რომლებიც კორესპონდენტის საშვის წყალობით თავისუფლად შედიან პრესის ლოჟაში ან გასახდელში, მათზე ახლაც იგივე აზრის ვარ: ასეთები არამარტო გუნდს, ჟურნალისტებსაც ხელს უშლიან.
…კრიტიკას ყოველთვის ნორმალურად აღვიქვავ, მაგრამ დაუსაბუთებელ, ჭორებზე აგებულ მონაჩმახზე კომენტარის გაკეთება არასდროს მიმაჩნდა საჭიროდ.
…ტრიბუნების რეაქცია თამაშზეც აისახება, ვინაიდან შეძახილი, პირველ რიგში მოთამაშეზე ახდენს გავლენას. ზოგს ჰგონია, რომ ლანძღვა-გინება კარგი ტონია და რადგან ბილეთში ფული გადაიხადა, საკუთარ თავს ყველაფრის უფლება უნდა მისცეს. იცით, ერთმა როყიო სიტყვამაც კი შეიძლება ისეთ ნოკდაუნში ჩააგდოს რომელიმე ნიჭიერი მოთამაშე, რომ შესაძლებლობები არათუ იმ კონკრეტულ მატჩში, მთელი კარიერის განმავლობაშიც ვერ გამოავლინოს. ამიტომ, ქომაგებს დიდი სიფრთხილე მართებთ. ფეხბურთელს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. თუნდაც იმიტომ, რომ მისი მთავარი საქმე ჩვენთვის სიხარულის მოტანაა. თუ რაღაც არ გამოუვიდა, შეეცადეთ მასში ადამიანი დაინახოთ და გვერდში დაუდგეთ. თუ თამაშის ადამიანურ არსს არ ჩაწვდი, ვერც ფეხბურთში გაერკვევი.
…როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დავაფუძნეთ, რამდენიმე ორგანიზაციამ შემოგვწირა თანხა, ძირითადად მშენებლებმა. მათ შორის, ვინც გვერდში დაგვიდგა, საქართველოს საპატრიარქოც იყო. როცა საბანკო ანგარიში გავხსენით, მივედი პატრიარქთან – მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და ვუთხარი, სიმბოლურად ერთი მანეთი ჩაგვირიცხეთ-მეთქი. გაეღიმა, თანამშრომელს დაუძახა და… ფედერაციას 150 ათასი რუბლი გამოგვიყვეს! მაშინ ეს იმხელა ფული იყო, შეგვეძლო სამი თვე თავი გაგვეტანა! რაც სფფ-ს ვხელმძღვანელობ, იმდენ სასწაულს ვხედავ, დარწმუნებული ვარ ღმერთი ეხმარება ფედერაციას. მინდა, რომ ეს ყველამ იცოდეს.
…1992 წელს, როცა ჩვენი გუნდების ევროტურნირებში ჩართვა გვსურდა, საქართველოში ომი მძვინვარებდა. ჩავედით უეფაში და ვთხოვეთ სამი გუნდის დაშვება. მერე ისე დადგა საკითხი, რომ ერთზეც თანახმა ვიყავით. არც ერთი არ დაუშვეს! ამას ველოდით. აქედან საელჩოების საგარანტიო წერილები წავიღეთ, რომ ჩვენთან სტაბილური მდგომარეობა იყო თამაშების ჩასატარებლად და ასე შემდეგ, იქ, უეფაში კი მაგიდაზე რუკები ელაგათ და ყოველ ჩვენს სიტყვას ტელეფონით და ფაქსით ამოწმებდნენ. ჩვენი ჩატანილი დასკვნებიც გადაამოწმეს, ყალბი ხომ არააო… დიდი ამბები გადავიტანეთ იმ დღეებში, ერთი წლის შემდეგ კი ერთი გუნდის წარდგენის უფლება მაინც მოვიპოვეთ. ეს დიდი გამარჯვება იყო!
…ჩვენი სპორტული პრესისთვის პრიორიტეტული ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს, თორემ იმაზე ადვილი რაა მივუჯდეთ ევროსპორტს და ვწეროთ იმათი რეპორტაჟები. თუ ბიჭი ხარ და თუ ჩვენ ფეხბურთზე გული შეგტკივა, ეროვნულ ჩემპიონატს დაესწრი, წადი სადმე სოფელში, გაიგე რა უჭირთ, რა ულხინთ.
…თბილისში სტუდქალაქის სტადიონზე გაიზარდა ვაკის ახალგაზრდობა. იქვეა სპორტის დეპარტამენტი, მაგრამ დაინტერესდა ვინმე ქალაქის ცენტრში ამხელა სტადიონის ნაცვლად რომ კორპუსებს აშენებენ? ადრე სკოლებსა და ეზოებში ბურთს დასდევდნენ, ახლა სად ითამაშონ ბავშვებმა?
…ზოგს ჰგონია, რომ რადგან დიდი ფეხბურთელი იყო, მისი აზრი ჭეშმარიტებაა. ფეხბურთელობა სხვა პროფესიაა და მწვრთნელობა – სულ სხვა. განცალკევებით დგას საფეხბურთო ფუნქციონერი – სხვანაირი თვისებები და გონებაა საჭირო. ვუყურებ და ვხვდები, რომ ბევრს სურს ქართული ფეხბურთის ისტორია თავის პერსონიდან დაიწეროს. ასეთები ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ.
…გინახავთ სადმე გაზეთში რაგბისტმა რაგბისტს აგინოს, ან მოჭადრაკემ მოჭადრაკეს? მაინცდამაინც ჩვენთან ხდება ასე! ყველას ჰგონია, რომ იყო ბუმბერაზი. სწორედ ამან მიიყვანა ქართული ფეხბურთის საქმე აქამდე!
…ჩვენ ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, რომელმაც სამოქალაქო ომის პერიოდში უცხოელ პარტნიორთან ხელშეკრულების გაფორმება შევძელით. 1993 წლის 16 მარტს, როდესაც შინ თამაშის უფლება არ გვქონდა, მაშინ დაგვიდო კონტრაქტი ტელესპორტმა. იმიტომ კი არა, რომ რაიმე განსაკუთრებული ფირმაა, არა, უბრალოდ, ჩემი მეგობარია გიუნტერ ნეტცერი და დახმარების ხელი გამომიწოდა.
…მჯერა, რომ ნელ-ნელა ცხოვრება დალაგდება, უტვინო ხალხიც ჩამოგვშორდება. აბა როგორ, ბოღმით სავსე ხალხი უნდა მოშორდეს აქაურობას! ქართული სპორტის და ფეხბურთის სათავეში უნდა მოვიდნენ ისეთები, ვისაც მუშაობა შეუძლია და შედეგიც მხოლოდ მაშინ დადგება. თავის დროზე ვისაც არ ეზარებოდა ყველა მაკრიტიკებდა, მიფსუდი და იუჰანსონი რომ ჩამოვიყვანეთ, დაგვცინოდნენ, ესენი ვინ არიანო. არადა, მიფსუდი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო იურისტი იყო, კაცმა სამი წელი იმუშავა უეფას ახალ წესდებაზე, იუჰანსონი კი 51-მა ქვეყანამ წარადგინა უეფას პრეზიდენტის პოსტზე! ჩვენში უვიცი ხალხი მომრავლდა, ზოგი ისეთი კაცი გვარიგებს ჭკუას, საკუთარი საქმისთვის ვერ მოუვლია. ფეხბურთის ფედერაცია არავის მისცემს თავის საქმეში ჩარევის უფლებას. ჩვენ ნელ-ნელა მოვიპოვეთ ავტორიტეტი და არავის არაფერს დავუთმობთ!
ნოდარ ახალკაცი
დაიბადა 1938 წლის 2 იანვარს თბილისში. გარდაიცვალა 1998 წლის 25 იანვარს მოსკოვში
1957-59 წლებში თბილისის არმიის სპორტული კლუბის, 1960-66 წლებში კი თბილისის ლოკომოტივის თავდამსხმელი
1967-71 წლებში თბილისის ლოკომოტივის, 1976-83 და 1985-86 წლებში თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი
ტიტულები: უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი – 1981; სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981; სსრკ თასი – 1976, 1979; სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979; სსრკ სპორტის ოსტატი – 1981; სსრკ დამსახურებული მწვრთნელი – 1981; სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) – 2011 (გარდაცვალების შემდეგ); ღირსების ორდენი – 2018 (გარდაცვალების შემდეგ)
*-1982 წელს, ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელთა ტრიუმვირატის წევრი იყო კონსტანტინ ბესკოვთან და ვალერი ლობანოვსკისთან ერთად.
*-1990-1998 წლებში (გარდაცვალებამდე) იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
*-1999 წელს, გაზეთ სარბიელის გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
*-2008 წლის 10 სექტემბერს ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ნოდარ ახალკაცი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის უმაღლესი ჯილდოთი, ფიფას ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო მის შვილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესამე პრეზიდენტს უმცროს ნოდარ ახალკაცს თბილისში, საქართველო-კვიპროსის მატჩის დაწყებამდე გადაეცა.
*-2018 წლის 14 თებერვალს ლაგოდეხში გახსნილ ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას მისი სახელი მიენიჭა.
*-2018 წლის 15 თებერვალს, განათლების და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, თბილისის მე-9 საჯარო სკოლას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა. სკოლაში მისი ბიუსტიც დაიდგა.
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge