ქარიმ აბდულ-ჯაბარი: ის უფრო დიდი იყო, ვიდრე მხოლოდ მოთამაშე!
„გაოგნებული ვარ! მიჭირს მომხდარის გააზრება და ხანდახან ვფიქრობ, რომ აი, გამეღვიძება და ყველაფერი ცუდი სიზმარი აღმოჩნდება… საშინელებაა რაც მოხდა! მას შემდეგ რაც ეს ამბავი შევიტყვე, უამრავი აზრი მოვისმინე. თითქმის ყველა ამბობს, რომ კობი შეუდარებელი სპორტსმენი იყო, ბიჭი, რომლის თამაშზეც თაობები გაიზარდა. მე კი გეტყვით, რომ ის გაცილებით დიდი და საინტერესო ადამიანი იყო, ვიდრე კალათბურთელი“.
NBA-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდა ქარიმ აბდულ-ჯაბარი ამ სიტყვებით გამოეხმაურა კალიფორნიაში, ქალაქ კალაბასასთან მომხდარ ავიაკატასტროფას.
41 წლის კობი ბრაიანტი 26 იანვარს, დილით გარდაიცვალა. ვერტმფრენი, რომლითაც ის, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი საკალათბურთო მატჩზე მიემგზავრებოდა, ჩამოვარდა.
ლოს ანჯელესის პოლიციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბრაიანტის კუთვნილ ვერტმფრენს ძრავა გაუფუჭდა. გამოძიება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.
აქვე გეტყვით, რომ ლეიკერსის ლეგენდარული კალათბურთელის ხსოვნას ლოს ანჯელესის მერიამ და საერთაშორისო აეროპორტმა, ასევე საკალათბურთო დიდების დარბაზმა ერთნაირად მიაგეს პატივი – შენობები ლეიკერსის ფერებში, ოქროსფრად და იასამნისფრად განათდა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)