კატარი 2022: მეექვსე სათამაშო დღის საინტერესო ამბები

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: კატარის ნაკრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მონაწილე გახდა, რომელიც ტურნირს გამოეთიშა.
აზიის ჩემპიონი კატარი მეორე ტურის საწყის მატჩში 1:3 დამარცხდა აფრიკის თასის მფლობელ სენეგალთან და პირველი მასპინძელი გახდა, რომელმაც ორი თამაში წააგო ჯგუფში. ხოლო ფლეი ოფში გასვლის შანსი გუნდმა მოგვიანებით დაკარგა, მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა და ეკვადორმა ქულები გაიყვეს.

მეექვსე სათამაშო დღის საღამოს მატჩები, მეტოქეთა გათვალისწინებით, საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, ორივე დაპირისპირება მოსაწყენი გამოდგა. განსაკუთრებით კი ინგლისელთა და ამერიკელთა ჭიდილი, რაც საუთგეიტის გუნდის ქომაგებისთვის დიდ იმედგაცრუებად იქცა. როგორ ახერხებს ინგლისელთა მწვრთნელი ამ შემადგენლობით ასეთი უსახური ფეხბურთის ჩვენებას, პირადად ჩემთვის გაუგებარია.

კატარი 1:3 სენეგალი

1: კატარი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მასპინძელია, რომლიც ჯგუფში ორჯერ დამარცხდა, თან საწყის მატჩებში.

2: კატარი მიმდინარე ტურნირის პირველი მონაწილეა, რომელიც გათამაშებას გამოეთიშა. ამავდროულად, მხოლოდ მეორე მასპინძელი სამხრეთი აფრიკის შემდეგ (2010), რომელიც ჯგუფში ჩარჩა.

3: სენეგალის ნაკრებმა მხოლოდ მეორედ გაიტანა თამაშში 3 გოლი ფინალურ ეტაპზე. პირველად 2002 წელს, ურუგვაისთან 3:3 დასრულებულ შეხვედრაში. ამავდროულად, სენეგალმა პირველად მოიგო ფინალური ეტაპის თამაში 2 ბურთის სხვაობით.

ირანი 2:0 უელსი

1: მსოფლიო ჩემპიონატზე ირანმა მეათე ცდით დაამარცხა ევროპული გუნდი. წინა 9 დაპირისპირებიდან აზიელებმა 7 წააგეს, 2 კი ფრედ დაასრულეს.

2: უელსელთა გოლკიპერი უეინ ჰენესი პირველია, ვისაც კატარში წითელი ბარათი უჩვენეს. რაც შეეხება ტურნირის ისტორიას, ბრიტანელამდე მხოლოდ ორი მეკარე გააძევეს: სამხრეთაფრიკელი იტუმელენგ ხუნე 2010 წელს, ურუგვაისთან თამაშში, და იტალიელი ჯანლუკა პალიუკა, 1994 წელს, ჯგუფში, ნორვეგიასთან.

ნიდერლანდები 1:1 ეკვადორი

1: მას შემდეგ, რაც ფიფამ მსგავსი სტატისტიკის წარმოება დაიწყო (მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატიდან), ნიდერლანდები პირველი ევროპული გუნდია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე მეტოქის კარის მიმართულებით მთელი თამაშის მანძილზე მხოლოდ ორჯერ დაარტყა.

2: ენერ ვალენსიამ მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ეკვადორის ნაკრების ბოლო ექვსი გოლი გაიტანა (სამი 2014 წელს) და პორტუგალიელი ეუსებიოს (ინგლისი 1966), იტალიელი პაოლო როსის (ესპანეთი 1982) და რუსი ოლეგ სალენკოს (აშშ 1994) რეკორდი გაიმეორა.

3: მემფის დეპაის შემდეგ (2014) კოდი ხაკპო მხოლოდ მეორე ნიდერლანდელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებულ პირველ ორ თამაშში გამოიჩინა თავი.

ინგლისი 0:0 აშშ

1: ინგლისის ნაკრებისთვის ეს მე-12 უგოლო ფრეა ფინალურ ეტაპზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა შორის.

2: ამერიკის ნაკრებისთვის ეს პირველი უგოლო ფრეა 35-ე შეხვედრაში, ამაზე საინტერესო კი ისაა, რომ ევროპული გუნდის წინააღმდეგ ამერიკელებმა პირველად არ გაუშვეს გოლი 1950 წელს ინგლისთან 1:0 გამარჯვების შემდეგ.

3: ფეხბურთის სამშობლოს გუნდი მესამედ დაუპირისპირდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ამ ტურნირზე და კვლავ ვერ დაამარცხა – წაგება და ორი ფრე. ამაზე უარესი შედეგი ინგლისს მხოლოდ ბრაზილიის წინააღმდეგ აქვს – 4 მატჩი გამარჯვების გარეშე.
საინტერესოა, რომ ამერიკელებთან გამართული სხვა ცხრა თამაშიდან ინგლისელებმა რვა თავის სასარგებლოდ დაასრულეს.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 26 ნოემბერი)
ფოტო:
FIFA

ka_GEGeorgian