კატარი 2022: მეორე სათამაშო დღის საინტერესო ამბები
უმცირესობების, ამა თუ იმ თემის, ზოგადად ადამიანის უფლებები და მასთან დაკავშირებული პოლემიკა ამ მსოფლიო ჩემპიონატის თანამდევი იქნება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გახსნის ცერემონიაზე ფიფას პირველკაცის წარმოთქმულ სიტყვებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ხოლო მას შემდეგ, რაც ფიფა იმ კაპიტნებს დაემუქრა, ცისარტყელის ფერებით მორთული სამკლავურის მორგებას რომ აპირებდნენ, ჯანი ინფანტინო ბევრმა გააკრიტიკა და ლამის მიწასთან გაასწორა.
მეორე დღეა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ჯერ რაც მოვისმინე და წავიკითხე, უმრავლესობა ერთ აზრზე ვართ: ტურნირის კატარში ჩატარება შეცდომაა. სხვა თუ არაფერი, ტრიბუნებზე უამრავი ცარიელი ადგილია ამის დასტური, რომ არაფერი ვთქვა საპატიო სტუმართა ლოჟებზე, რომელთა უმრავლესობა ჩაბნელებულია. გუშინდელ თამაშებში სპეციალურად დავაკვირდი და ამიტომ ვამბობ. მგონი, არც მომდევნო შეხვედრებში შეიცვლება სიტუაცია.
მეორე სათამაშო დღეს კი თორმეტი გოლი გავიდა და ცხადია, ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ყველაფერზე თანმიმდევრობით:
ინგლისი 6:2 ირანი
1: ინგლისელებმა სარეკორდო ანგარიშით მოიგეს დიდი ტურნირის პირველი თამაში (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები), ხოლო ფინალური ეტაპის შეხვედრაში 6 გოლი მხოლოდ მეორედ გაიტანეს. პირველად ოთხი წლის წინ, რუსეთში, როცა პანამას 6:1 სძლიეს.
2: ინგლისის ნაკრებმა მეოთხედ შეაგდო მსოფლიო ჩემპიონატის თამაშის პირველ ტაიმში მინიმუმ სამი გოლი: 1986 წელს პოლონეთთან და 2002 წელს დანიასთან ბრიტანელებმა სამჯერ გაიხარეს, პანამელებს კი ოთხი წლის წინ ხუთჯერ დააწყებინეს ცენტრიდან თამაში.
3: ირანმა გუშინ უფრო მეტი გოლი გაუშვა, ვიდრე ერთად აღებულ ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, 2014 და 2018 წლებში. მეორე მხრივ, კარლოს კეირუშის გუნდმა ფინალურ ეტაპზე მეორედ გაიტანა მატჩში 2 ბურთი. პირველად 24 წლის წინ, 1998 წელს საფრანგეთში ამერიკელებთან 2:1 მოგებულ თამაშში.
4: მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებზე მოგებული თამაშებით – 9 – გარეთ საუთგეიტმა სერ ალფ რემსის გადაასწრო და ახლა ნაკრების ისტორიაში ლიდერია.
5: ჯეკ გრილიშმა თანაგუნდელთა 35-პასიანი გათამაშება დააგვირგვინა გოლით და ეს მსოფლიო ჩემპიონატების ახალი რეკორდია.
6: 21 წლის და 77 დღის ბუკაიო საკა მეორე ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში დებიუტი დუბლით აღნიშნა. რეკორდი ფრანც ბეკენბაუერს ეკუთვნის, რომელმაც 1966 წელს შვეიცარიელებს გაუტანა ორი გოლი, 20 წლის და 304 დღის ასაკში.
7: მარკუს რეშფორდმა შეცვლაზე შესვლიდან 49 წამში გამოიჩინა თავი და ეს მესამე მაჩვენებელია ტურნირის ისტორიაში.
8: მატჩის პირველ ტაიმს არბიტრმა 14:08 წუთი დაამატა, რაც არნახული შემთხვევაა. ფიფა ამ სახის სტატისტიკას 1966 წლიდან აწარმოებს. ცნობისათვის: მეორე ტაიმს 13:08 წუთი დაემატა, რაც მეორე უმაღლესი მაჩვენებელია.
9: ინგლისელებმა შესვენებამდე 366 ზუსტი პასი მიითვალეს და 1966 წლის შემდეგ ეს მეორე ყველაზე მაღალი შედეგია. რეკორდი ესპანეთის ნაკრებმა დაამყარა ოთხი წლის წინ, რუსეთთან მერვედფინალში – 395. იმ თამაშში ესპანელები პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
10: მეჰდი ტარემმა 102:30 წუთზე გაიტანა მეორე გოლი ინგლისელთა კარში და ეს ყველაზე გვიანი ბურთია მსოფლიო ჩემპიონატებზე ძირითად დროში დასრულებულ თამაშებში.
ნიდერლანდები 2:0 სენეგალი
1: ნიდერლანდელებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მე-7 თამაში მოიგეს და ბრაზილიელთა რეკორდს მიუახლოვდნენ. სელესაომ ჯგუფში ზედიზედ 8 თამაში ისტორიაში ორჯერ მოიგო.
2: ლუის ვან გაალმა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 38-ე თამაში მოიგო და რეკორდი დაამყარა. გამოცდილმა სპეციალისტმა დიკ ადვოკაატის მიღწევა გააუმჯობესა.
3: ვირჯილ ვან დაიკმა 50-ედ ითამაშა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად. ნარინჯისფერთა ისტორიაში მასზე გვიან მთავარ საფეხბურთო შეჯიბრებაზე მხოლოდ ხესუს ვან დერ მულენმა ითამაშა – 54-ე მატჩში.
4: მას შემდეგ, რაც ნიდერლანდელებს ვან გაალი წვრთნის, მეკარე ანდრის ნოპერტი 50-ე დებიუტანტია. ამავდროულად, დიკ შოენეკერის შემდეგ (1978) ის მხოლოდ მეორეა, რომელმაც ეროვნულ გუნდში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
აშშ 1:1 უელსი
1: უელსელთა კარში გატანილი გოლით ტიმოთი ვეა ისტორიაში ჩაეწერა: ის პირველია, რომლის მამამ წლების წინ ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთი მოიგო. შვილისგან განსხვავებით, მამამისს, ლიბერიელ ჟორჟ ვეას მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია.
2: უელსის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლი 23 533 დღის შემდეგ გაიტანა. გარეთ ბეილამდე დრაკონების ფანები ტერი მედვინმა გაახარა 1958 წლის 17 ივნისს, უნგრეთთან მატჩში.
3: ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ევროპელ მეტოქესთან ზედიზედ მე-18 შეხვედრაში გაუშვა გოლი. ბოლო ევროპული გუნდი, რომელსაც ამერიკელებმა გოლი არ გაატანინეს, ეს ინგლისია – 1:0 72 წლის წინ, 1950 წელს, ბრაზილიაში.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 22 ნოემბერი)
ფოტო: FIFA.com