კატარი 2022: მეორე სენსაცია – იაპონია 2:1 გერმანია

ღმერთების დაცემა… გერმანიის ჰარაკირი… არავითარი გამართლება… შოკირებული ვარ…
ეს ყველაზე პოპულარული გერმანული ჟურნალის კიკერის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული წერილების და ინტერვიუების სათაურებია. გერმანელებს ვერ დაუჯერებიათ ის, რაც ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე მოხდა: ჰანსი ფლიკის გუნდი, რომელმაც მაღალ დონეზე ჩაატარა პირველი ტაიმი და ტურნირის ერთი რეკორდიც გააუმჯობესა, იაპონიასთან სადებიუტო შეხვედრაში 1:2 დამარცხდა.

გერმანელებმა ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე მიიქციეს საყოველთაო ყურადღება, როცა გუნდური ფოტო გადაიღეს პირზე ხელაფარებულებმა. ბუნდესგუნდმა ასე გამოხატა პროტესტი იმ ყველაფრისადმი, რაც კატარში ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით თუ ფიფას გადაწყვეტილებით ხდება.

ფეხბურთელებს გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ნენსი ფაესერმაც აუბა მხარი – საპატიო სტუმართა ლოჟაში იმ სამკლავურით შეაბიჯა, რომლის მორგების შემთხვევაში ფიფა ევროპის ნაკრებთა კაპიტნებს დასჯით დაემუქრა – OneLove.

ამას გარდა, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაიწყო მოკვლევა ფიფას წინააღმდეგ იმის თაობაზე, აქვს თუ არა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ სახლს ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული სამკლავურის გამოყენების გამო მოთამაშეთა დასჯის უფლება. სხვათა შორის, გერმანიის ეროვნული ნაკრების ტვიტერზე ზემოხსენებული გუნდური ფოტო ასეთი წარწერით დაიდო: „სამკლავურით თუ მის გარეშე, ჩვენ არჩევანის ერთგულნი ვრჩებით“.

მოკლედ, თამაშს საინტერესო ამბები უძღოდა, თუმცა მთავარი მოვლენები მოედანზე განვითარდა, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში, როცა იაპონია გარდაისახა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

როცა ფავორიტი დაწინაურების შემდეგ მარცხდება, ცხადია ბევრი საინტერესო ამბავიც იწერება და გამონაკლისი არც ეს გამოდგა: რამდენიმე მნიშვნელოვანი და ერთი შეხედვით დაუჯერებელი ფაქტიც დაფიქსირდა:

1: იაპონიამ პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატზე ის თამაში, რომელსაც აგებდა. წინა ცხრა ასეთი შეხვედრიდან აზიელებმა მხოლოდ ორი დაასრულეს ფრედ, შვიდჯერ კი დამარცხდნენ.

2: გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე თამაში წააგო აზიურ გუნდთან, ასეთი რამ კი აქამდე არასდროს მომხდარა. რუსეთი 2018 ბუნდესგუნდმა სამხრეთი კორეასთან 0:2-ით დახურა და ჯგუფში ჩარჩა.

3: მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებმა ფინალურ ეტაპზე მხოლოდ მესამედ წააგეს თამაში, რომლის პირველი ტაიმი მოიგეს.
1938 წელს გერმანიამ შესვენებამდე 2:1 მოუგო შვეიცარიას, მაგრამ საბოლოოდ 2:4 დამარცხდა, 1978 წელს კი პირველ 45 წუთში 1:0 აჯობა ავსტრიას, თუმცა მაინც მეტოქემ გაიხარა – 2:3.

4: გერმანიის ნაკრებმა პირველ ტაიმში 422 ზუსტი პასი შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა (ასეთ სტატისტიკას 1966 წლიდან ითვლიან). თუმცა ეს შედეგი ორ საათში გააუმჯობესა გერმანელთა მომდევნო მეტოქემ ესპანეთმა კოსტა რიკასთან პირველ ნახევარში – 537!

5: იაპონიის ნაკრების რვა ფეხბურთელს გერმანულ კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებს, მათ შორის გოლის ავტორებს: რიცუ დოანი ფრაიბურგში თამაშობს, ტაკუმა ასანო კი ბოხუმში.

6: საფეხბურთო კლუბ ტოკიოს 36 წლის მცველი იუტო ნაგატომო პირველი იაპონელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს მეოთხე ჩემპიონატზე ითამაშა. ამავდროულად, გერმანიის ნაკრებთან თამაში მისთვის მე-12 მატჩი იყო ფინალურ ეტაპზე და ეს იაპონიის ახალი რეკორდია. ამ ნაკრებში ნაგატომო ყველაზე გამოცდილიცაა – ბუნდესგუნდის წინააღმდეგ მან 139-ედ ითამაშა ქვეყნის მთავარ გუნდში.

7: ილქაი გიუნდოგანმა მეშვიდედ შეასრულა ნაკრებში პენალტი და კვლავ უნაკლოდ.

8: 18 წლის და 3 დღის იუსუფა მუოკოკო ყველაზე ახალგაზრდაა, რომელიც გერმანიის ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ.

9: მარიო გიოცემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2014 წლის ფინალის შემდეგ პირველად ითამაშა. 3 055 დღის წინ, რიო დე ჟანეიროს მარაკანაზე, მან გამარჯვების გოლი გაუტანა არგენტინის ნაკრებს.

10: მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის შემდეგ არგენტინის და გერმანიის ნაკრები გუნდები პირველად დამარცხდნენ საწყის ტურში. ორმოცი წლის წინ, 1982 წლის 13 ივნისს კამპ ნოუზე არგენტინას ბელგიამ აჯობა – 1:0, 16 ივნისს კი, ხიხონში, ელ მოლინონზე, მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს ალჟირმა აჯობა – 2:1.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 23 ნოემბერი)
ფოტო:
გერმანიის საფეხბურთო კავშირი

ka_GEGeorgian