კატარი 2022: მესამე სათამაშო დღის საინტერესო ამბები

მესამე სათამაშო დღე იმით გამოირჩა, რომ ერთბაშად ოთხი მატჩი ვნახეთ – C და D ჯგუფების გუნდებმა ითამაშეს. ამდენი მატჩის ნახვა ცოტა დამღლელი კია, მაგრამ სადაც ნოემბერ-დეკემბერში ჩამახუტეს მსოფლიო ჩემპიონატი, როგორმე ამასაც გავუძლებ.
ყველაზე მოსაწყენი დანია-ტუნისი იყო, პოლონეთ-მექსიკას ბევრი არაფერი დაეწუნებოდა, საფრანგეთი-ავსტრალია კი მშვენიერი თამაში გამოდგა. მაგრამ ყველაზე მოულოდნელად პირველივე თამაში დასრულდა: საუდის არაბეთმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი არგენტინა 2:1 დაამარცხა!

ამ თამაშზე გუშინვე დავწერე, რადგან არაბების მოგებამ ბევრი საინტერესო ფაქტი შემოგვთავაზა. დანარჩენი სამი თამაშის გამორჩეული ამბები კი ამ დილით ამოვკრიბე.

დანია 0:0 ტუნისი
1: პირველი უგოლო ფრე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, რიგით მეექვსე შეხვედრაში. საინტერესოა, რომ ოთხი წლით ადრე, 2018 წელს რუსეთში, ერთადერთი თამაში დასრულდა ამ ანგარიშით, კალენდრის მიხედვით 37-ე მატჩში – დანიელებსა და ფრანგებს შორის.

მექსიკა 0:0 პოლონეთი
1: ზედიზედ მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონატია მექსიკის ნაკრები სასტარტო შეხვედრას არ აგებს: 5 გამარჯვება, 2 ფრე. წინა ექვს შემთხვევაში მექსიკა ჯგუფიდან გავიდა.

2: 1966 წლიდან დაწყებული პოლონეთი პირველი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ სამი პენალტი ვერ გაიტანა (მატჩისშემდგომი სერიის გარეშე).
1978 წელს კაზიმერჟ დეინამ ვერ დაამწუხრა არგენტინელები, 2002 წელს მაცეი ზურავსკის მოეცარა ხელი ამერიკელთა წინააღმდეგ, რობერტ ლევანდოვსკის კი მექსიკელთა გოლკიპერმა, მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ აღიარებულმა გილერმო ოჩოამ აჯობა.

3: ოჩოა პირველი მექსიკელი მეკარეა, რომელმაც უდიდეს ტურნირზე თერთმეტმეტრიანი მოიგერია (მატჩისშემდგომი სერიის ჩაუთვლელად). მანამდე მექსიკელებმა სამი პენალტი გაუშვეს: ორი თავად ოჩოამ, ერთიც ოსვალდო სანჩესმა.

საფრანგეთი 4:1 ავსტრალია
1: ბრაზილია 2002-ის შემდეგ საფრანგეთის ეს ნაკრები პირველი მსოფლიოს ჩემპიონია, რომელმაც ტიტულის დაცვა გამარჯვებით დაიწყო. ამავდროულად, მსოფლიოს ჩემპიონთა შორის ფრანგებმა ყველა დიდი ანგარიშით მოიგეს სასტარტო თამაში.

2: ბრაზილიასთან 3:0 მოგებული ფინალის შემდეგ (1998 წელს), საფრანგეთის ნაკრებმა პირველად გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში ორი თავური გოლი. 24 წლის წინ ორივე ბურთი ზინედინ ზიდანმა შეაგდო.

3: ოლივიე ჟირუმ ნაკრების მაისურით 50-ე და 51-ე გოლები გაიტანა (115-ე მატჩში) და რეკორდსმენს, ტიერი ანრის გაუთანაბრდა (123 თამაშში).

4: ავსტრალიელთა კარში შეგდებული გოლებით 36 წლის და 53 დღის ჟირუ მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე ასაკოვანი ფრანგი მეგოლე გახდა. ძველი რეკორდი ზინედინ ზიდანს ეკუთვნოდა, რომელიც 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში, იტალიის წინააღმდეგ, 34 წლის და 16 დღის იყო.

5: კამერუნელი როჟე მილას შემდეგ (1990 წელს; 38 წელი, 34 დღე) ჟირუ ყველაზე ასაკოვანია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე დუბლი შეასრულა.

6: კრისტოფ დიუგარის შემდეგ (1998 წლის ივნისში, სამხრეთი აფრიკასთან მატჩში) ადრიენ რაბიო მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფრანგი დებიუტანტია, რომელმაც პირველივე შეხვედრაში გოლიც შეაგდო და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

7: ინგლისელი ბრაიან რობსონის შემდეგ, რომელმაც ფრანგებს 27-ე წამზე გაუტანა გოლი (1982 წელს, ესპანეთში), კრეიგ გუდვინმა ყველაზე მალე დალაშქრა ფრანგთა კარი – 8:23 წუთზე.

8: ოქროს თასის გათამაშების ისტორიაში მხოლოდ მეორედ შეცვალა ძმამ ძმა: მე-13 წუთზე ფრანგთა შორის ლუკას ერნანდესის ნაცვლად თეო შევიდა მინდორზე.
პირველად ასეთი რამ ოთხი წლის წინ მოხდა: 15 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში, როცა მაროკოსა და ირანის მატჩში (0:1) მაროკოელი ნორდინ ამრაბატი 76-ე წუთზე სოფიან ამრაბატმა შეცვალა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 23 ნოემბერი)
ფოტო:
FIFA.com

ka_GEGeorgian