კატარი 2022: მეხუთე სათამაშო დღის საინტერესო ამბები

ჯგუფური ეტაპის პირველი ტური გუშინ დასრულდა. საწყისმა თამაშებმა ორი დიდი სენსაცია და ბევრი საინტერესო ამბავი შემოგვთავაზა. გამონაკლისი არც მეხუთე სათამაშო დღის ოთხი მატჩი გამოდგა.

რიგით მესამე შეხვედრაში, პორტუგალიის და განის ნაკრებთა დაპირისპირებაში, კრიშტიანუ რონალდუმ თვალისმომჭრელ კარიერაში მორიგი რეკორდი მიითვალა და თან ისეთი, რომლის გაუმჯობესება კი არა, გამეორებაც ძალიან რთული იქნება – ის გახდა პირველი, რომელმაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატში გაიტანა გოლი!

ზღაპრული მიღწევაა, რადგან რეკორდი თექვსმეტ წელიწადზეა გაშლილი. ამდენი წლის მანძილზე ეროვნულ გუნდში თამაში, თან ძირითად შემადგენლობაში, მხოლოდ ერთზე მიგვანიშნებს – საქმე გვაქვს წარმოუდგენლად მაღალი დონის პროფესიონალთან.

ეს რონალდუს 118-ე გოლი იყო ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 192-ე მატჩში. კრიშტიანუ წელიწადზე მეტია ყველაზე შედეგიანია ნაკრებში შეგდებული ბურთებით, გაისად კი, დიდი ალბათობით, გახდება პირველი ვაჟი, რომელიც ქვეყნის პირველ გუნდში 200-ჯერ ითამაშებს. ამაზე თავის დროზე ვთქვათ, ახლა კი ისიც აღვნიშნოთ, რომ 118 სანაკრებო გოლიდან რონალდუმ 98 ოფიციალურ თამაშებში შეაგდო და მხოლოდ 20 ამხანაგურებში. ესეც მეტყველი ფაქტია.

პორტუგალია-განის თვალსასეირო თამაშის შემდეგ კატარი 2022-ის ბოლო ფავორიტი ვნახეთ, ბრაზილია, რომელმაც მშვენივრად ითამაშა და ჩემი აზრით, პირველ ტურში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რაც შეეხება ნეიმარს, მან, შესაძლოა, მეორე ტური გამოტოვოს, თუმცა ნაკრების თავკაცის ტიტეს თქმით, აუცილებლად ითამაშებს მომდევნო შეხვედრებში.

და ბოლოს: მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის შემდეგ პირველად, მსაჯებმა საწყის ტურში წითელი ბარათი არ გამოიყენეს.

შვეიცარია 1:0 კამერუნი
1: ზედიზედ მეექვსე ჩემპიონატია შვეიცარიის ნაკრები პირველ მატჩს არ აგებს. ბოლოს გახსნის თამაშში შვეიცარიელები მეზობლებმა, გერმანელებმა დაამარცხეს 1966 წელს – 5:0.

2: ვალონ ბეჰრამის შემდეგ (2006, 2010, 2014, 2018) ხერდან შაქირი მხოლოდ მეორე შვეიცარიელია, რომელმაც მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე ითამაშა – 2010, 2014, 2018 და 2022 წლებში.

ურუგვაი 0:0 სამხრეთი კორეა
1: პირველად უდიდესი ტურნირის ისტორიაში, პირველ ტურში მეოთხე შეხვედრა დასრულდა უგოლოდ, დანია-ტუნისის, მექსიკა-პოლონეთის და მაროკო-ხორვატიის შემდეგ.

2: ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფის ზედიზედ მეხუთე თამაშში არ გაუშვა გოლი. ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც სამხრეთამერიკელთა კარი დალაშქრა პირველ ეტაპზე, ინგლისელი უეინ რუნი გახლდათ, 2014 წელს.

3: 36 წლის და 281 დღის დიეგო გოდინი ყველაზე ასაკოვანი ურუგვაელი გახდა, ვინც კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. გამოცდილმა მცველმა ლეგენდარულ ობდულიო ვარელას მიღწევა ორი დღით გააუმჯობესა.

პორტუგალია 3:2 განა
1: მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს მხოლოდ მეოთხე მატჩია, რომლის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი მინიმუმ ხუთი გოლი გავიდა:
1982 – პოლონეთი 5:1 პერუ
1994 – ბრაზილია 3:2 ნიდერლანდები
2018 – ბელგია 3:2 იაპონია

ბრაზილია 2:0 სერბეთი
1: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ზედიზედ მეოცედ არ წააგო ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა! არადა ბრაზილიელები პირველი ორი ჩემპიონატის სტარტზე დამარცხდნენ – 1930 წელს ურუგვაიში იუგოსლავიასთან (1:2) და 1934 წელს იტალიაში ესპანეთთან (1:3).

2: ოთხი წლის წინ, რუსეთში, ბელგიასთან წაგებული მეოთხედფინალის შემდეგ ბრაზილის ნაკრებმა ორმოცდაათჯერ ითამაშა და განვლილ პერიოდში მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდა ევროპულ გუნდს: 2019 წლის მარტში 3:1 სძლია ჩეხეთს.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 25 ნოემბერი)
ფოტოკოლაჟი:
ემილიო სანსოლინი

ka_GEGeorgian