კატარი 2022: პირველი სენსაცია – საუდის არაბეთი 2:1 არგენტინა
მსოფლიო ჩემპიონატის საინტერესო ამბების შეგროვება დილით დავგეგმე. პირველი ორი სათამაშო დღის შემდეგ ასეც მოვიქეცი, მაგრამ 22 ნოემბრის პირველმა მატჩმა იმდენი მნიშვნელოვანი ამბავი ამოატივტივა, რომ ხვალამდე ვერ მოვიცდი.
C ჯგუფის პირველ შეხვედრაში საუდის არაბეთმა 2:1 მოუგო არგენტინას და ეს კატარი 2022-ის პირველი სენსაციაა. არაბების გამარჯვებას ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, მეც მჯეროდა რომ არგენტინა მშვიდად დაიწყებდა თასისკენ სვლას, მით უმეტეს დიდი სათამაშო უპირატესობით, თუმც კი ერთადერთი გოლით მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ. მაგრამ არგენტინა დამარცხდა – ირვ რენარის გაწვრთნილმა არაბებმა შესვენების შემდეგ ჭკვიანურად ითამაშეს, ორი მშვენიერი გოლი გაიტანეს, თავიც კარგად დაიცვეს და ლამის საათს გაგრძელებული ტაიმის დასრულებისთანავე 3 ქულა მოიპოვეს.
აქ არგენტინელთა მარცხის მიზეზებზე არაფერს დავწერ. ამ საქმეში ჩემზე უკეთ ჩახედული უცხოელი სპეციალისტები ჯერ კიდევ არჩევენ თამაშს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და ალბისელესტეს ახალგაზრდა თავკაცს ლეონელ სკალონის რაღაცას თუ უწონებენ, ძალიან, ძალიან ბევრს უწუნებენ.
მე მხოლოდ არაბთა გამარჯვების ფრანგ შემოქმედზე, 54 წლის ივ ჟან-მარი როჟე რენარზე, 37-ე თამაშში შეწყვეტილ არგენტინელთა დაუმარცხებელ სერიაზე და მატჩის საინტერესო ამბებზე დავწერ.
პირველი: რენარს დიდი ფეხბურთი არასდროს უთამაშია, კლუბებსაც წარუმატებლად წვრთნიდა, სამაგიეროდ, აფრიკის სამ ნაკრებში მშვენიერი შედეგი აჩვენა: 2012 წელს ზამბიას, 2015 წელს კი კოტ დივუარს მოაგებინა აფრიკის თასი (ერთადერთია, რომელმაც ეს ტურნირი ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო), 2018 წელს კი მაროკო, ოცწლიანი შესვენების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. საუდის არაბეთის ნაკრები მან 2019 წელს ჩაიბარა.
მეორე: არგენტინა 36-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა 2022 წლის 22 ნოემბერს. ლამის ყველა ფიქრობდა, რომ დღეს სამხრეთამერიკელები იტალიის ნაკრების მსოფლიო მიღწევად გაიმეორებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და სკუადრა აძურაც რეკორდსმენად დარჩა 2018-2021 წლებში წაუგებელი 37 თამაშით. სხვათა შორის, არგენტინელთა გარდა წელს იტალიის რეკორდს ალჟირიც ემუქრებოდა, მაგრამ აფრიკელები ერთით ნაკლებ, 35 თამაშზე შეჩერდნენ.
ფეხბურთის ისტორიაში სულ ხუთი ნაკრებია, რომელსაც 35 ან უფრო ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა: ბრაზილია (35; 1993-1996), ესპანეთი (35; 2007-2009), ალჟირი (35; 2018-2022), არგენტინა (36; 2019-2022) და რეკორდსმენი იტალია (37, 2018-2021).
საუდის არაბეთი-არგენტინის სხვა საინტერესო ამბები კი ასეთია:
1: მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ არგენტინამ პირველად წააგო ფინალურ ეტაპზე თამაში, რომლის პირველი ტაიმი მოიგო.
2: არგენტინამ პირველად გაუშვა ორი გოლი სასტარტო შეხვედრაში 1974 წელს, პოლონეთთან 2:3 მარცხის შემდეგ.
3: ალბისელესტე მეხუთედ შეხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე აზიურ გუნდს და პირველად დამარცხდა: 1986 – სამხრეთი კორეა (3:1), 1998 – იაპონია (1:0), 2010 – სამხრეთი კორეა (4:1), 2014 – ირანი (1:0). საინტერესოა, რომ კატარი 2022-ის მსგავსად, არგენტინელებმა 1986 და 1998 წლების გათამაშებებიც აზიელებთან ჭიდილით დაიწყეს.
4: საუდელების წინააღმდეგ არგენტინელები 7-ჯერ მოხვდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, ოთხი წლით ადრე კი, მსოფლიოს XXI ჩემპიონატზე – საერთო ჯამში 6-ჯერ.
5: არგენტინა პირველი გუნდია ტურნირის ისტორიაში, რომლის ძირითად შემადგენლობაში 34 წელზე ასაკოვანი ოთხი მოთამაშე მოხვდა: ლეო მესი, ანხელ დი მარია, პაპუ გომესი და ნიკოლას ოტამენდი.
6: მესი მეხუთეა, რომელმაც მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე გაიტანა გოლი – 2006, 2014, 2018 და 2022 წლებში. ამით მან ფეხბურთის მეფის პელეს (1958, 1962, 1966, 1970), გერმანელების უვე ზეელერის (1958, 1962, 1966, 1970) და მიროსლავ კლოზეს (2002, 2006, 2010, 2014) და კრიშტიანუ რონალდუს (2006, 2010, 2014, 2018) მიღწევა გაიმეორა.
7: მესიმ პირველი გოლი ფინალურ ეტაპზე 2006 წლის ივნისში შეაგდო, სერბეთ-მონტენეგროს ნაკრების კარში. ამაზე ხანგრძლივი ინტერვალით სხვას გოლი არ გაუტანია.
8: ეს მესის მე-7 გოლი იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე და მან მარიო კემპესს გადაასწრო, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება გილერმო სტაბილეს (რვა), დიეგო მარადონას (რვა) და გაბრიელ ბატისტუტას (ათი). საინტერესოა ისიც, რომ ამ 7 გოლიდან მესიმ პირველი 3 მეორე ტაიმში გაიტანა, ბოლო 4 კი შესვენებამდე.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 22 ნოემბერი)
ფოტო: FIFA.com