კავკასიის მთების შვილი

გუშინწინ საქართველოს ნაკრებმა გამახარა ჩრდილომაკედონიასთან გამარჯვებით და უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში აღზევებით, გუშინ კი ხატიამ. ის ახლახანს დაბრუნდა იტალიიდან და ჩემი დაჟინებული მოთხოვნით მშვენიერი საჩუქარიც ჩამომიტანა – სპორტული ჟურნალის, გუერინ სპორტივოს ოქტომბრის ნომერი, რომლის გარეკანს ხვიჩა კვარაცხელია ამშვენებს მილანის ბელგიელ ახალწვეულ შარლ დე კეტელაერთან ერთად.

გუერინ სპორტივო ყველაზე ძველი და პოპულარული იტალიური გამოცემაა, 110 წელს ითვლის, ყველა სახეობას მიმოიხილავს, თუმცა მთავარი თემა თითქმის ყოველთვის ფეხბურთია. ახლო წარსულში ყოველკვირეული ჟურნალი იყო, მაგრამ ახლა თვეში ერთხელ გამოდის.

ხატიას საჩუქარს სპეციალური დამატებაც მოჰყვა – 2022-23 სეზონის სერია ა-ს და ბ-ს გზამკვლევი, ყველა კლუბის ყველა ფეხბურთელის ფოტოთი, მოკლე დახასიათებით და სტატისტიკური მონაცემით.

ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებულად დაიწყო იტალიური კარიერა და მეც ვცდილობ ყველა კარგ ამბავზე დავწერო. ოქტომბრის გუერინ სპორტივოში სერია ა-ს პირველი ოთხი ტურია დაჯამებული და სულაც არ მიკვირს, რომ მისი შედეგებით რედაქციამ ნაპოლის ქართველი ვარსკვლავის ფოტო გარეკანზე გაიტანა. ბოლოს და ბოლოს, ხვიჩა საუკეთესოდ აღიარეს აგვისტოში!

გარეკანზე მოხვედრა ხომ ბევრზე მიგვანიშნებს, მაგრამ ისიც მაგარია, კვარაცხელიას ფოტო სამ სხვადასხვა გვერდზე რომ ვნახე. ვიღაცას შეიძლება სასაცილოდ არ ეყოს ასეთი დაწვრილმანება, რა უხარია, მოსცლიაო – ესეც თქვას, მაგრამ მე და ბევრი კოლეგა ძალიან კარგად ვხვდებით, თუ რას ნიშნავს, როცა იტალიური გამოცემა ასეთ ყურადღებას აქცევს სერია ა-ს დებიუტანტს.

პირველ სტატია „მოყვარულები და ოსტატები“ (გვ6-11) ჩემპიონატის საწყის ტურებზეა, ჟურნალისტი რობერტო ბეკანტინი კი აღნიშნავს:

„ბოლო წლებში ნაპოლი ამაოდ უტევდა კალჩოს მწვერვალს, ზაფხულში კი რამდენიმე ლიდერიც მოისაკლისა. მაგრამ კლუბმა მოთმინება გამოიჩინა, K2-ით გაძიერდა – კალიდუ კულიბალის ადგილი კიმმა დაიჭირა, ლორენცო ინსინიეს წასვლით გაჩენილი სიცარიელე კი კვარაცხელიამ შეავსო – და ამ სეზონში, როგორც ჩანს, სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება“.
ჩემი შენიშვნა: 8610 მეტრზე აზიდული K2 მეორე უმაღლესი მთაა ევერესტის შემდეგ და ბეკანტინიმაც ლამაზად გაათამაშა მწვერვალის სახელწოდება და ნაპოლის ორი მთავარი ახალწვეულის, კორეელი კიმის და კვარაცხელიას გვარის პირველი ასოები.

ჩანახატი „ნაპოლი – ჩემპიონატის ცისფერი მეტეორიტი“ (28-31-ე გვერდები) კონკრეტულად ნეაპოლელებს ეთმობათ, ჟურნალისტ მიმო კარატელის სტატიაში კი ეს სიტყვები ამოვიკითხე:

„…კვარა 21 წლის ქართველი ბიჭია, რომელიც ერთფეროვანი სქემებით მკაცრ ჩარჩოებში მოქცეულ თანამედროვე ფეხბურთში სასიამოვნოდ გვაკვირვებს. მისი დრიბლინგი კი დაუნდობელი საწამლავია და ეს უკვე იგემეს ვერონას და მონცას მცველებმა.
…ბიჭი, რომელიც ნაპოლიმ ალპებში კი არა, კავკასიაში იპოვა, სამი გოლით და ჯადოსნური თამაშით, ძალიან მალე იქცა ტიფოზების კერპად.
…თუ ასე თამაში გააგრძელა, დიდი შანსია რომ ინსინიეს ნაპოლი მალე კვარაცხელიას ნაპოლიდ იქცეს“.

ხვიჩას მესამე ფოტო 91-ე გვერდზე ვნახე, სადაც მეორე სათამაშო დღის ყველა თამაშის ოქმია მოცემული. და რადგან ამ ნომერში სხვა სამი ტურიცაა დაჯამებული, ბარემ ჩვენიანის გუერინსპორტივოსეულ შეფასებებსაც შემოგთავაზებთ:

I ტური, 5:2 ვერონაში: 7,5
II ტური, 4:0 შინ, მონცასთან: 8
III ტური, 0:0 ფლორენციაში, ფიორენტინასთან: 5,5
IV ტური, 1:1 ნეაპოლში, ლეჩესთან: 6.
გემახსოვრებათ: პირველ სამ ტურში კვარა მალევე შეცვალა ლუჩანო სპალეტიმ, ლეჩესთან კი სულაც მეორე ტაიმში შეუშვა მინდორზე, 56-ე წუთზე.

მოკლედ, ასეთი ამბავია ოქტომბრის გუერინ სპორტივოში და რატომღაც მგონია, რომ ხვიჩას გარეშე არც ნოემბრის ნომერი გამოიცემა. თუმცა ასე თუ არ მოხდა, ქვეყანა არ დაიქცევა.

მე მხოლოდ ის მინდა, რომ ეს უნიჭიერესი ბიჭი სანაკრებო თამაშების შემდეგ უფრო ძლიერად დაუბრუნდეს ნაპოლის და თუ ასე მოხდა, გუერინ სპორტივო კი არა, მასზე სხვა, არანაკლებ პოპულარული გამოცემებიც დაწერენ.

და ხატიაც გამახარებს იმ ჟურნალებით. ალბათ.

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 25 სექტემბერი)
ფოტო:
Guerin Sportivo

ka_GEGeorgian